დაწერილი: 1845 წ. გაზაფხულზე
გამოქვეყნებული: ფ. ენგელსმა 1888 წ. თავისი შრომის "ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრულის" ცალკე გამოცემის დამატებაში.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: თეზისები ფოიერბახის შესახებ, "ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრულის". თბილისი, 1970 წ., გვ. 64-67.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.
“თეზისები ფოიერბახის შესახებ” კ. მარქსმა დაწერა ბრიუსელში 1845 წლის გაზაფხულზე, როცა ძირითადად უკვე დაასრულა თავისი ისტორიის მატერიალისტური თეორიის განვითარება, გაავრცელა მატერიალიზმი ადამიანთა საზოგადოების გაგებაზე. ენგელსის განსაზღვრით — ეს “პირველი დოკუმენტია, სადაც ახალი მსოფლმხედველობის ჩანასახია მოცემული” (იხ. ეს გამოცემა, ტ. 3, წინასიტყვაობა წიგნისათვის “ლუდვიგ ფოიერბახი”)
“თეზისებში ფოიერბახის შესახებ” კ. მარქსი ააშკარავებს როგორც ფოიერბახის, ისე მთელი წინამორბედი მატერიალიზმის ძირეულ ნაკლს — მის პასიურ-მჭვრეტელობითს, ხასიათს, ადამიანის რევოლუციური, “პრაქტიკულ-კრიტიკული” მოღვაწეობის გაუგებლობას. მარქსი ხას უსვამს რევოლუციური პრაქტიკის გადამწყვეტ როლს სამყაროს შემეცნებასა და გარდაქმნაში.
“თეზისები ფოიერბახის შესახებ” მოთავსებულია მარქსის 1844-47 წლების “უბის წიგნაკში” და დასათაურებულია “ფოიერბახისთვის”. 1888 წელს “თეზისების” გამოცემის დროს ენგელსმა მათში ზოგიერთი რედაქციული შესწორება შეიტანა, რათა ეს დოკუმენტი, რომელიც მარქსს გათვალისწინებული არ ჰქონდა დასაბეჭდად, მკითხველისათვის უფრო გასაგები გაეხადა. ამ გამოცემაში, ისევე როგორც კ. მარქსისა და ფ. ენგელსის თხზულებათა მე-2 გამოცემაში, “თეზისები” მოცემულია იმ სახით, როგორც ისინი ენგელსმა გამოაქვეყნა, დამატებით, მარქსის ხელნაწერის საფუწველზე, დაყოფითა და ბრჭყალებით, რომლებიც არ არის 1888 წლის გამოცემაში. სახელწოდება “თეზისები ფოიერბახის შესახებ” მისცა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტმა. [მეორე გამოცემის შენიშვნა]
მთავარი ნაკლი მთელი წინანდელი მატერიალიზმისა — ფოიერბახის მატერიალიზმის ჩათვლით — ისაა, რომ იგი საგანს, სინამდვილეს, გრძნობიერებას მხოლოდ ობიექტის, ანუ განჭვრეტის, ფორმაში განიხილავს და არა როგორც ადამიანის გრძნობად მოქმედებას, პრაქტიკას, არა სუბიექტურად. ამიტომ მოხდა, რომ მოქმედ მხარეს, წინააღმდეგ მატერიალიზმისა, იდეალიზმი ავითარებდა, მაგრამ მხოლოდ აბსტრაქტულად, რადგან იდეალიზმი, რასაკვირველია, ნამდვილ, გრძნობად მოქმედებას როგორც ასეთს არც იცნობს. ფოიერბახი აღიარებს გრძნობად, აზროვნებითი ობიექტებისაგან ნამდვილად განსხვავებულ ობიექტებს, მაგრამ იგი თვით ადამიანის მოქმედებას არ უცქერის როგორც საგნობრივ მოქმედებას. ამიტომ "ქრისტიანობის არსებაში" იგი მხოლოდ თეორიულ მოქმეორებას განიხილავს, როგორც ნამდვილად ადამიანურ მოქმედებას, მაშინ როდესაც პრაქტიკა მხოლოდ მის ბილწვაჭრუკანულ ფორმაშია გაგებული და ფიქსირებული. ამიტომ მას არ ესმის "რევოლუციური", "პრაქტიკულ-კრიტიკული" მოქმედების მნიშვნელობა.
ის საკითხი, ახასიათებს თუ არა ადამიანის აზროვნებას საგნობრივი ჭეშმარიტობა, თეორიის საკითხს კი არ წარმოადგენს, არამედ პრაქტიკულს. პრაქტიკაში ადამიანმა უნდა დაამტკიცოს თავისი აზროვნების ჭეშმარიტობა, ე. ი. ნამდვილობა და ძალა, მისი ამქვეყნიურობა. კამათი პრაქტიკიდან გამოთიშული აზროვნების ნამდვილობისა და არანამდვილობის შესახებ წმინდა სქოლასტიკური საკითხია.
მატერიალისტური მოძღვრება, რომ ადამიანები გარემო პირობებისა და აღზრდის პროდუქტები არიან, მაშასადამე, შეცვლილი ადამიანები სხვაგვარი გარემო პირობებისა და შეცვლილი აღზრდის პროდუქტები არიან, ივიწყებს, რომ გარემო პირობებს სწორედ ადამიანები სცვლიან და რომ აღმზრდელი თვით უნდა აღიზარდოს. ამიტომ ამ მოძღვრებას აუცილებლად საზოგადოების ორ ნაწილად გათიშვისაკენ მივყავართ, რომელთაგან ერთ-ერთი საზოგადოებაზე მაღლა დგას (მაგალითად, რობერტ ოუენთან).
გარემო პირობებისა და ადამიანთა მოქმედების ცვლილების თანამთხვევა შეიძლება წარმოვიდგინოთ და რაციონალურად გავიგოთ მხოლოდ როგორც რევოლუციური პრაქტიკა.
ფოიერბახი გამოდის რელიგიური თვითგასხვისების, სამყაროს გაორების ფაქტიდან რელიგიურ, წარმოდგენაში არსებულ სამყაროდ და ნამდვილ სამყაროდ. მისი მუშაობა იქითაა მიმართული, რომ რელიგიური სამყარო მის მიწიერ საფუძველზე დაიყვანოს. იგი ვერ ამჩნევს, რომ ამ მუშაობის შესრულების შემდეგ მთავარი საქმე მაინც გასაკეთებელი რჩება. სახელდობრ, ის გარემოება, რომ მიწიერი საფუძველი თავის თავს შორდება და დამოუკიდებელი სამეფოს სახით ღრუბლებში მყარდება, შეიძლება აიხსნას სწორედ ამ მიწიერი საფუძვლის თვითგათიშვითა და თვითწინააღმდეგობით. ამრიგად, ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, თვით უნდა იქნეს გაგებული მის თვითწინააღმდეგობაში. ხოლო შემდეგ პრაქტიკულად გარევოლუციურებულ იქნეს ამ წინააღმდეგობის აცილების გზით. მაშასადამე, მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ამქვეყნიურ ოჯახში აღმოვაჩინეთ წმინდა ოჯახის საიდუმლოება, იგი, ე. ი. ამქვეყნიური ოჯახი, თეორიულად უნდა გავაკრიტიკოთ და პრაქტიკულად რევოლუციურად გარდავქმნათ.
განყენებული აზროვნებით უკმაყოფილო ფოიერბახი გრძნობად განჭვრეტას მიმართავს; მაგრამ იგი გრძნობადობას არ განიხილავს როგორც პრაქტიკულ, ადამიანურ-გრძნობად მოღვაწეობას.
ფოიერბახს რელიგიური არსება ადამიანურ არსებაზე დაჰყავს. მაგრამ ადამიანური არსება როდია აბსტრაქტი, რომელიც ცალკე ინდივიდში ცხოვრობს. თავის სინამდვილეში იგი საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობაა.
ამიტომ ფოიერბახი, რომელიც ამ ნამდვილი არსების კრიტიკას არ აწარმოებს, იძულებულია:
1. აბსტრაჰირება მოახდინოს ისტორიული მსვლელობისაგან, ფიქსაცია უყოს რელიგიურ გრძნობას (Gemüt) თავისთავად და ადამიანური ინდივიდი იგულისხმოს აბსტრაქტულად, იზოლირებულად;
2. ამიტომ ადამიანური არსება, მისი აზრით, შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ როგორც "მოდგმა", როგორც შინაგანი, მუნჯი ერთობლიობა, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად აკავშირებს მრავალ ინდივიდს.
ამიტომ ფოიერბახი ვერ ხედავს, რომ თვით "რელიგიური გრძნობა" საზოგადოებრივი პროდუქტია და რომ განყენებული პიროვნება, რომელსაც იგი ანალიზს უკეთებს, სინამდვილეში საზოგადოების განსაზღვრულ ფორმას ეკუთვნის.
საზოგადოებრივი ცხოვრება არსებითად პრაქტიკულია. ყველა მისტერია, რომლებსაც თეორია მისტიციზმისაკენ მიჰყავს, თავის რაციონალურ ახსნას პოულობს ადამიანის პრაქტიკასა და ამ პრაქტიკის გაგებაში.
უმაღლესი პუნქტი, რომელსაც მჭვრეტელობითი მატერიალიზმი აღწევს, ე. ი. მატერიალიზმი, რომელსაც გრძნობადობა არ ესმის როგორც პრაქტიკული მოქმედება, ესაა ცალკე ინდივიდთა განჭვრეტა "სამოქალაქო საზოგადოებაში".
ძველი მატერიალიზმის თვალსაზრისი "სამოქალაქო" საზოგადოებაა; ახალი მატერიალიზმის თვალსაზრისია ადამიანთა საზოგადოება, ანუ განსაზოგადოებული კაცობრიობა.
ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილ იქნეს.