გამოქვეყნებული: პირველად გამოქვეყნდა „Neue Rheinische Zeitung“-ში 1849 წლის 5-8 და 11 აპრილს. ცალკე ბროშურის სახით ენგელსის წინასიტყვაობით და რედაქციით გამოვიდა 1891 წელს ბერლინში.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი I, 1950 წ. [იბეჭდება 1891 წელს გამოცემული ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
სხვადასხვა მხრიდან გვისაყვედურეს, რომ ჩვენ არ დავხატეთ ის ეკონომიური დამოკიდებულებანი, რომელნიც თანამედროვე კლასობრივი და ეროვნული ბრძოლის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენენ. ჩვენ ეს დამოკიდებულებანი გეგმაშეწონილად მხოლოდ იქ აღვნიშნეთ, სადაც ისინი უშუალოდ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში ისახებოდნენ.
უწინარეს ყოვლისა საჭირო იყო, რომ ყოველდღიურ კლასთა ბრძოლისათვის თვალი გვედევნებია მიმდინარე ისტორიაში და არსებული და ყოველდღიურად ახლად შექმნილი ისტორიული მასალით ემპირიულად დაგვემტკიცებია, რომ იმ მუშათა კლასის დამორჩილებასთან ერთად, რომელმაც თებერვლის და მარტის[1] რევოლუციები მოაწყო, მისი მოწინააღმდეგენიც დამარცხდნენ — ბურჟუაზიული რესპუბლიკელები საფრანგეთში, ფეოდალური აბსოლუტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ბურჟუაზიული და გლეხური კლასები ევროპის კონტინენტზე; რომ „პატიოსანი რესპუბლიკის“ გამარჯვება საფრანგეთში ამავე დროს იმ ერთა დამარცხება იყო, რომლებმაც თებერვლის რევოლუციას უპასუხეს დამოუკიდებლობისათვის გმირული განმათავისუფლებელი ომებით; რომ, დაბოლოს, ევროპა რევოლუციური მუშების დამარცხების გამო ჩავარდა ძველ ორმაგ მონობაში, ინგლის-რუსეთის მონობაში. ივნისის ბრძოლა პარიზში, ვენის დაცემა, 1848 წლის ნოემბრის ტრაგიკომედია ბერლინში, პოლონეთისა, იტალიისა და უნგრეთის სასოწარკვეთილი თავგანწირულება, ირლანდიის დამშევა — აი მთავარი მომენტები, რომელშიც მკვეთრად გამოიხატა ევროპის კლასობრივი ბრძოლა ბურჟუაზიასა და მუშათა კლასს შორის; ამ მომენტების მიხედვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყოველი რევოლუციური აჯანყება, რარიგ დაშორებულიც არ უნდა იყოს მისი მიზანი გარეგნულად კლასთა ბრძოლას, აუცილებლად უნდა დამარცხდეს, სანამ რევოლუციური მუშათა კლასი არ გაიმარჯვებს; რომ ყოველი სოციალური რეფორმა უტოპიად რჩება, სანამ პროლეტარული რევოლუცია და ფეოდალური კონტრრევოლუცია მსოფლიო ომში ერთმანეთს იარაღით არ გამოცდიან. ჩვენ გადმოცემაში ისევე, როგორც სინამდვილეში, ბელგია და შვეიცარია ტრაგიკომიკური კარიკატურული ჟანრის სურათები იყო დიდი ისტორიული მხატვრობის ფონზე; პირველი მათგანი ბურჟუაზიული მონარქიის სანიმუშო სახელმწიფოს წარმოადგენდა, ხოლო მეორე — ბურჟუაზიული რესპუბლიკისას; ორივე ამ სახელმწიფოს წარმოდგენილი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი ვარ როგორც კლასთა ბრძოლისა, ისე ევროპის რევოლუციისაგანო.
ახლა, როდესაც მკითხველმა დაინახა, თუ როგორ უზარმაზარ პოლიტიკურ ფორმებში განვითარდა 1848 წ. კლასთა ბრძოლა, დროა უფრო ახლო განვიხილოთ ის ეკონომიური დამოკიდებულებანი, რომლებზედაც დამყარებულია როგორც ბურჟუაზიის არსებობა და მისი კლასობრივი ბატონობა, ისე მუშების მონობა.
ჩვენ სამ დიდ განყოფილებაში გადმოვცემთ: 1) დაქირავებული შრომის დამოკიდებულებას კაპიტალთან, მუშის მონობას, კაპიტალისტის ბატონობას; 2) საშუალო ბურჟუაზიული კლასებისა და ე. წ. გლეხური წოდების დაღუპვის აუცილებლობას ახლანდელი სისტემის დროს; 3) ევროპის სხვადასხვა ერის ბურჟუაზიული კლასების კომერციულად დამორჩილებას და ექსპლოატირებას მსოფლიო ბაზრის დესპოტის — ინგლისის მიერ.
შევეცდებით ჩვენი აზრი რაც შეიძლება მარტივად და პოპულარულად გადმოვცეთ და პოლიტიკური ეკონომიის თვით ელემენტარული ცნებანიც კი განვმარტოთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გადმოცემა მუშებისათვის გასაგები იყოს. ამას გარდა გერმანიაში ყველაზე მარტივ ეკონომიურ ურთიერთობათა შესახებ გასაოცარი უმეცრება და ცნებათა არევდარევა მეფობს. და ეს ყველას ეტყობა არსებული წესწყობილების პატენტიან დამცველებიდან სოციალისტურ ჯადოქრებსა და საეჭვო პოლიტიკურ გენიოსებამდე, რომლებითაც დაქსაქსული გერმანია უფრო მდიდარია, ვიდრე ქვეყნის ჭირისუფლებით.
ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ პირველი საკითხი: რა არის ხელფასი, რით განისაზღვრება იგი?
მუშებს რომ ვკითხოთ: „როგორია თქვენი ხელფასი?“, ერთი მათგანი გიპასუხებს: „მე სამუშაო დღეში ერთ მარკას ვღებულობ ჩემი ბურჟუასაგან“; მეორე გეტყვის: „მე ორ მარკას ვღებულობ“ და სხვ. შრომის სხვადასხვა დარგის მიხედვით, სადაც ისინი მუშაობენ, სხვადასხვა რაოდენობის თანხას დაგვისახელებენ, რომელსაც ისინი ღებულობენ თავიანთ ბურჟუასაგან განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის, მაგალითად, ერთი არშინი ტილოს მოქსოვისა ან ერთი საბეჭდი ფურცლის აწყობისათვის. მიუხედავად მათ მიერ მოცემული ცნობების სხვადასხვაობისა, ისინი ყველანი ერთ მუხლში შეთანხმებული იქნებიან: ხელფასი ფულის ის თანხაა, რომელსაც იხდის ბურჟუა განსაზღვრული სამუშაო დროსა ანუ განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის.
ამრიგად, ბურჟუა თითქოს მათ შრომას ფულით ყიდულობს, ხოლო მუშები თავიანთ შრომას ფულზე ყიდიან. მაგრამ ეს უბრალო მოჩვენებაა. ის, რასაც ისინი სინამდვილეში ყიდიან კაპიტალისტზე ფულად, არის მათი სამუშაო ძალა. კაპიტალისტი ყიდულობს სამუშაო ძალას ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით და სხვ. ყიდვის შემდეგ ხმარობს მას, ე. ი. აიძულებს მუშებს დაწესებული დროის განმავლობაში იმუშაონ. ფულის ამავე თანხით, რომლითაც ბურჟუამ მათი შრომა, სამუშაო ძალა, იყიდა, მაგალითად, ორ მარკად, მას შეეძლო ეყიდა 2 გირვანქა შაქარი ან სხვა რაიმე საქონელი. 2 მარკა, რომლითაც მან ორი გირვანქა შაქარი იყიდა, არის 2 გირვანქა შაქრის ფასი. 2 მარკა, რომლითაც მან თორმეტი საათით სამუშაო ძალის მოხმარება იყიდა, არის თორმეტი საათის შრომის ფასი. ამრიგად, სამუშაო ძალა ისეთივე საქონელია, როგორც შაქარი და მეტი არაფერი. პირველს ზომავენ საათით, ხოლო მეორეს სასწორით.
მუშები თავიანთ საქონელს — სამუშაო ძალას — ცვლიან კაპიტალისტის საქონელზე, ფულზე. ამასთანავე ეს გაცვლა ხდება გარკვეული პროპორციით: ამდენი ფული სამუშაო ძალის ამდენი ხნის მოხმარებაში. თორმეტი საათის ქსოვაში — 2 მარკა. და განა ეს ორი მარკა არ წარმოადგენს ყველა იმ საქონელს, რომლებიც 2 მარკად შემიძლია ვიყიდო? მაშასადამე, ნამდვილად მუშამ საქონელი, სამუშაო ძალა, სხვადასხვაგვარ საქონელში გასცვალა განსაზღვრული პროპორციით. როდესაც ბურჟუამ მას 2 მარკა მისცა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაო დღის ნაცვლად ამდენი ხორცი, ამდენი ტანისამოსი, ამდენი შეშა, სინათლე და სხვა მისცა. ამრიგად, 2 მარკა გამოხატავს პროპორციას, რომელშიაც სამუშაო ძალა იცვლება სხვა საქონელზე, ე. ი. სამუშაო ძალის საცვლელ ღირებულებას. საქონლის საცვლელ ღირებულებას, რომელიც გამოხატულია ფულში, ჰქვია ფასი. ამრიგად, შრომის ხელფასი მხოლოდ განსაკუთრებული სახელწოდებაა სამუშაო ძალის ფასისა, რომელსაც ჩვეულებრივ შრომის ფასს უწოდებენ, იმ თავისებური საქონლის ფასისა, რომელსაც არა აქვს სხვა ჭურჭელი, გარდა ადამიანის ხორცისა და სისხლისა.
ავიღოთ რომელიმე მუშა, მაგალითად, ფეიქარი. ბურჟუა მას აწვდის საქსოვ დაზგას და ნართს. ფეიქარი იწყებს მუშაობას და ნართისაგან გამოდის ტილო. ბურჟუა ეპატრონება ამ ტილოს და ყიდის, მაგალითად, 20 მარკად. განა ფეიქრის შრომის ხელფასი ტილოს ნაჭერის, 20 მარკის, მისი შრომის პროდუქტის ნაწილია? სრულიადაც არა. გაცილებით ადრე, სანამ ტილო გაიყიდებოდა, შეიძლება გაცილებით ადრე, სანამ იგი მომზადდებოდა, ფეიქარმა უკვე მიიღო თავისი ხელფასი. მაშასადამე, კაპიტალისტი იხდის ამ ხელფასს არა იმ ფულიდან, რომელსაც ტილოს გაყიდვით მიიღებს, არამედ სათადარიგო ფულიდან. როგორც საქსოვი დაზგა და ნართი არ არის პროდუქტი ფეიქრისა, რომელსაც ესენი ბურჟუამ მიაწოდა, მისი პროდუქტი არაა არც ის საქონელი, რომელსაც იგი ღებულობს თავისი საქონლის, სამუშაო ძალის გაცვლაში. შესაძლებელია, ბურჟუამ სრულიად ვერ იპოვოს მყიდველი თავის ტილოსათვის. შესაძლებელია მისი გაყიდვით შრომის ხელფასიც ვერ გაინაღდოს. შესაძლებელია ფეიქრის ხელფასთან შეფარდებით, კარგი მოგებითაც გაყიდოს. ყოველივე ეს ფეიქარს სრულებითაც არ ეხება. კაპიტალისტი თავისი ნაღდი ქონების, თავისი კაპიტალის ერთი ნაწილით ყიდულობს ფეიქრის სამუშაო ძალას სწორედ ისე, როგორც თავისი ქონების მეორე ნაწილით ნედლ მასალას — ნართს და სამუშაო იარაღს, საქსოვ დაზგას ყიდულობს. იყიდა რა ესენი, — და მათ რიცხვში კი შედის ტილოს წარმოებისათვის აუცილებელი საჭირო სამუშაო ძალა, — იგი იწყებს წარმოებას მხოლოდ მისდამი კუთვნილი ნედლი მასალით და შრომის იარაღებით. რასაკვირველია, ამ უკანასკნელთა რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე ჩვენი კარგი ნაცნობი ფეიქარიც, რომელსაც პროდუქტში ან პროდუქტის ფასში ისევე ნაკლებად აქვს წილი, როგორც საქსოვ დაზგას.
ამრიგად, ხელფასი არ არის მუშის წილი მის მიერ ნაწარმოებ საქონელში. ხელფასი უკვე არსებული საქონლის ნაწილია, რომლითაც კაპიტალისტი თავისთვის ყიდულობს მწარმოებელი სამუშაო ძალის განსაზღვრულ რაოდენობას.
მაშასადამე, სამუშაო ძალა არის საქონელი, რომელსაც მისი პატრონი, დაქირავებული მუშა, კაპიტალზე ყიდის. რატომ ყიდის მუშა მას? — რათა იცხოვროს.
მაგრამ სამუშაო ძალის მოქმედება, შრომა, არის მუშის საკუთარი სასიცოცხლო მოქმედება, მისი საკუთარი სიცოცხლის გამოაშკარავება. და იგი ამ სასიცოცხლო მოქმედებას ყიდის, რათა აუცილებელი საარსებო საშუალებანი შეიძინოს. მაშასადამე, მისი სასიცოცხლო მოქმედება მისთვის მხოლოდ საშუალებაა, რომელიც შეძლებას აძლევს მას იარსებოს. იგი მუშაობს, რათა იცხოვროს. შრომას იგი არც კი თვლის თავის სიცოცხლედ; უფრო შეიძლება ითქვას, რომ შრომა მისთვის სიცოცხლის განწირვას ნიშნავს. ეს არის საქონელი, რომელიც მან სხვას მიყიდა. ამიტომაც მისი მოქმედების პროდუქტი არ არის მისი მოქმედების მიზანი. იგი თავისთვის აწარმოებს არა აბრეშუმს, რომელსაც ქსოვს, არა ოქროს, რომელსაც მადნიდან იღებს, არა სასახლეს, რომელსაც აშენებს. იგი თავისთვის აწარმოებს ხელფასს, ხოლო აბრეშუმი, ოქრო, სასახლე მისთვის იქცევა საარსებო საშუალებათა განსაზღვრულ რაოდენობად, შეიძლება ჩითის პერანგის, სპილენძის გროშის ან სარდაფის ოთახის სახით. განა მუშას, რომელიც თორმეტი საათის განმავლობაში რთავს, ქსოვს, ბურღავს, ბორბალს ატრიალებს, სახლს აშენებს, მიწას თხრის, ქვას ამტვრევს, ტვირთს ზიდავს და სხვ. — ეს თორმეტი საათის რთვა, ქსოვა, ბურღვა, ბორბლის ტრიალი, სახლის შენება, მიწის თხრა, ქვის მტვრევა, ტვირთის ზიდვა თავისი სიცოცხლის გამოაშკარავებად, სიცოცხლედ მიაჩნია? პირიქით. ცხოვრება მისთვის იქ იწყება, სადაც ეს მოქმედება წყდება, ე. ი. სუფრასთან, სამიკიტნოს დახლთან, ლოგინში. თორმეტი საათის შრომას მისთვის აზრი აქვს არა როგორც ქსოვას, რთვას, ბურღვას და სხვ., არამედ როგორც შემოსავლის წყაროს, რომელიც შეძლებას აძლევს სუფრას მიუჯდეს, სამიკიტნოში წავიდეს, ლოგინში მოისვენოს. აბრეშუმის ჭია რომ იმისთვის ახვევდეს ყაჭს, რათა თავისი ჭიისებური არსებობა უზრუნველეყო, იგი ნამდვილი დაქირავებული მუშა იქნებოდა. სამუშაო ძალა ყოველთვის არ ყოფილა საქონელი. შრომა ყოველთვის არ ყოფილა დაქირავებული, ე. ი. თავისუფალი შრომა. მონა არ ყიდდა თავის სამუშაო ძალას მონათმფლობელზე, როგორც ხარი არ ყიდის თავის მუშაობას გლეხზე. მონა თავის სამუშაო ძალითურთ ერთხელ და სამუდამოდ გაყიდულია მის პატრონზე. იგი არის საქონელი, რომელიც შეიძლება ერთი მესაკუთრის ხელიდან გადავიდეს მეორე მესაკუთრის ხელში. თვითონ იგი — საქონელია, მაგრამ სამუშაო ძალა არ არის მისი საქონელი. ყმა მხოლოდ თავის სამუშაო ძალის ერთ ნაწილს ყიდის. ის კი არ ღებულობს ქირას ადგილ-მამულის მესაკუთრისაგან: პირიქით, ადგილ-მამულის მესაკუთრე ღებულობს მისგან ბეგარას.
ყმა ადგილ-მამულის დამატებაა და მემამულისთვის მოაქვს ნაყოფი. წინააღმდეგ ამისა თავისუფალი მუშა თავის-თავს ყიდის და ისიც ნაწილ-ნაწილად. იგი ყოველთვის თავის ცხოვრების 8, 10, 12, 15 საათს ასაღებს იმაზე, ვინც მეტს მისცემს, ასაღებს ნედლი მასალის, სამუშაო იარაღის და საარსებო საშუალებათა მესაკუთრეზე, ე. ი. კაპიტალისტზე. მუშა არც რომელიმე მესაკუთრეს ეკუთვნის და არც მამულის დამატებას წარმოადგენს, მაგრამ მისი ყოველდღიური ცხოვრების 8, 10, 12, 15 საათი იმას ეკუთვნის, ვინც მას ყიდულობს. როდესაც კი მუშა მოისურვებს, იგი ტოვებს კაპიტალისტს, რომელსაც მიექირავა, კაპიტალისტიც ითხოვს მას, როცა საჭიროდ მიაჩნია, როცა რწმუნდება, რომ არავითარ სარგებლობას ან ნავარაუდევ სარგებლობას ვეღარ პოულობს. მაგრამ მუშას, რომლისთვისაც შეძენის ერთადერთი წყარო სამუშაო ძალის გაყიდვაა, არ შეუძლია მყიდველების მთელი კლასი, ე. ი. კაპიტალისტების კლასი დატოვოს, თუ არ უნდა, რომ უარი თქვას არსებობაზე. იგი ეკუთვნის არა ამა თუ იმ კაპიტალისტს, არამედ კაპიტალისტთა კლასს; და მისი საქმეა დამქირავებელი, ე. ი. მყიდველი იპოვოს კაპიტალისტთა ამ კლასში.
ახლა, სანამ ჩვენ კაპიტალსა და დაქირავებულ შრომას შორის არსებულ დამოკიდებულებას ახლო განვიხილავდეთ, უნდა შევეცადოთ მოკლედ გადმოვცეთ ის საერთო პირობები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ შრომის ხელფასის განსაზღვრის დროს.
როგორც დავინახეთ, ხელფასი არის განსაზღვრული საქონლის, სამუშაო ძალის ფასი. ამრიგად, ხელფასი იმავე კანონებით განისაზღვრება, რომლებიც ყოველ სხვა საქონლის ფასს განსაზღვრავს. მაშასადამე, ისმება საკითხი, რითი განისაზღვრება საქონლის ფასი?
რითი განისაზღვრება საქონლის ფასი?
კონკურენციით მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, დამოკიდებულებით მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მოთხოვნილებასა და დაკმაყოფილებას შორის. კონკურენცია, რომლითაც საქონლის ფასი განისაზღვრება, სამმხრივია.
ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე გამყიდველს გამოაქვს გასაყიდად. ცხადია, ვინც ერთი და იმავე ღირსების საქონელს უფრო იაფად ყიდის, იგი აუცილებლად დაამარცხებს დანარჩენ გამყიდველებს და უზრუნველყოფს თავისთვის რაც შეიძლება მეტის გასაღებას. მაშასადამე, გამყიდველები ებრძვიან ერთიმეორეს გასაღებისათვის, ბაზრისთვის. ყოველ მათგანს სურს რაც შეიძლება მეტი გაყიდოს და, თუ შესაძლებელია, მარტო გაყიდოს, სხვა გამყიდველები თავიდან მოიცილოს. ამიტომ ერთი ყიდის უფრო იაფად, ვიდრე მეორე. ამრიგად, ხდება კონკურენცია გამყიდველებს შორის, რაც მათ მიერ მიწოდებული საქონლის ფასს ძირს სცემს.
მაგრამ კონკურენცია ხდება აგრეთვე მყიდველებს შორისაც, რაც, თავის მხრით, მონაწოდები საქონლის ფასს ზრდის.
დაბოლოს, კონკურენცია წარმოებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის; პირველთ სურთ რაც შეიძლება იაფად იყიდონ, მეორეთ — რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ. შედეგი ამ კონკურენციისა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია კონკურენციის ზემოაღნიშნული ორი მხარე, ე. ი. სად არის კონკურენცია უფრო ძლიერი; მყიდველების თუ გამყიდველების ბანაკში. მრეწველობას გამოჰყავს ბრძოლის ველზე ორი მოწინააღმდეგე არმია, ამავე დროს თვითეულ ამ არმიის რიგებში, თავის მხრით, ბრძოლა წარმოებს ცალკე რაზმებს შორის. მოწინააღმდეგეზე იმარჯვებს ის არმია, რომლის რაზმებს შორის შინაგან შეჯახებას ნაკლებად აქვს ადგილი.
წარმოვიდგინოთ, ბაზარზე ასი ბარდანა ბამბაა გამოტანილი, ამავე დროს კი ათასი ბარდანას მყიდველია. ამ შემთხვევაში მოთხოვნა ათჯერ მეტია მიწოდებაზე. მაშასადამე, კონკურენცია მყიდველებს შორის მეტად ძლიერი იქნება, თვითეული მათგანი მოისურვებს ერთი, და თუ შესაძლებელი იქნება, ყველა ასი ბარდანა ხელში ჩაიგდოს. ეს მაგალითი უბრალოდ აღებული როდია. ვაჭრობის ისტორიაში ჩვენ განვიცადეთ ბამბის მოუსავლობის ისეთი პერიოდები, როდესაც რამდენიმე ერთად შეკავშირებული კაპიტალისტი ცდილობდა არა თუ ასი ბარდანის, არამედ მთელ დედამიწაზე მომარაგებული ბამბის შესყიდვას. ამგვარად, ამ შემთხვევაში ერთი მყიდველი შეეცდება გააძევოს ასპარეზიდან მეორე იმით, რომ ბამბაში შედარებით უფრო მაღალი ფასი შეაძლიოს. ბამბის გამყიდველები, რომლებიც დაინახავენ, რომ მტრული არმიის რაზმები ერთმანეთს ცხარედ ებრძვიან და, მაშასადამე, ასი ბარდანის გასაღება სავსებით უზრუნველყოფილია, ფრთხილად მოიქცევიან, რათა ერთმანეთს საქმე არ გაუფუჭონ და ბამბის ფასი არ დასცენ იმ დროს, როცა მათი მოწინააღმდეგენი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა ის ზევით ასწიონ. გამყიდველების არმიაში უცებ მშვიდობიანობა მყარდება. ისინი, როგორც ერთი კაცი, ისე უპირდაპირდებიან მყიდველებს, გულზე ხელს იკრეფენ ფილოსოფიურად, და მათი მოთხოვნა უსაზღვრო იქნებოდა, რომ თვით დაჟინებული მყიდველების წინადადებას გარკვეული საზღვრები არ ჰქონოდა.
ამრიგად, თუ ამა თუ იმ საქონლის მიწოდება უფრო სუსტია, ვიდრე მოთხოვნა, კონკურენცია გამყიდველებს შორის უმნიშვნელოა ან მას სრულებითაც არა აქვს ადგილი. იმავე პროპორციით, როგორითაც ეს კონკურენცია გამყიდველებს შორის კლებულობს, იზრდება კონკურენცია მყიდველებს შორის. ამის შედეგია საქონლის ფასების ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ზრდა.
ცნობილია, რომ უფრო ხშირად ხდება საწინააღმდეგო შემთხვევა საწინააღმდეგო შედეგით, ე. ი. მიწოდება მნიშვნელოვნად ჭარბობს მოთხოვნას. გააფთრებული კონკურენცია წარმოებს გამყიდველებს შორის: მყიდველები ნაკლებია; საქონელი ჩალის ფასად საღდება.
მაგრამ რას ჰქვია ფასის აწევა, დაწევა, რას ჰქვია მაღალი ფასი, დაბალი ფასი? მიკროსკოპში მღილიც კი დიდად გვეჩვენება, ხოლო მთასთან შედარებით კოშკიც კი დაბალი მოჩანს. თუ ფასი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეფარდებით განისაზღვრება, რითღა განისაზღვრება თვით ეს შეფარდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის?
მივმართოთ რომელ ბურჟუასაც გნებავთ, იგი ერთ წუთსაც არ დაფიქრდება და, ვითომ მეორე ალექსანდრე მაკედონელი იყოს, ამ მეტაფიზიკურ ხლართს ერთი დაკვრით გადაჭრის. თუ საქონლის დამზადება, რომელსაც ვყიდი, 100 მარკა დამიჯდა, გვეტყვის იგი, ხოლო 110 მარკად გავასაღე (რასაკვირველია, ერთი წლის ბოლოს), ეს იქნება სრულიად პატიოსანი, კანონიერი მოგება. ხოლო თუ გაცვლაში ავიღე 120, 130 მარკა, ეს იქნება მაღალი მოგება; მაგრამ, თუ 200 მარკა ავიღე, ეს არაჩვეულებრივად უზარმაზარი მოგება იქნება. მაშასადამე, რა არის ბურჟუასათვის მოგების საზომი? მისი საქონლის წარმოების ხარჯები. თუ ამ საქონლის გაცვლაში მან აიღო ერთგვარი რაოდენობა მეორე საქონლისა, რომლის დამზადება ნაკლები დაჯდა, იგი წაგებულია. მაგრამ, თუ თავის საქონლის გაცვლაში აიღო ისეთი რაოდენობა სხვა საქონლისა, რომლის დამზადება მეტი დაჯდა, იგი მოგებულია. მოგების დაწევას და აწევას იგი იმის მიხედვით ზომავს, რამდენად დაბლა ან მაღლა დგას მისი საქონლის საცვლელი ღირებულება ნულზე, რამდენად დაბლა თუ მაღლა დგას წარმოების ხარჯებზე.
ჩვენ უკვე დავინახეთ, თუ როგორ იწვევს ცვალებადი შეფარდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ფასის ხან აწევას, ხან დაწევას, ხან მაღალ, ხან დაბალ ფასებს. თუ მიწოდების ნაკლებობისა ან მოთხოვნის არაპროპორციულად გაზრდის გამო საქონლის ფასი საგრძნობლად მაღლა იწევს, აუცილებლად შესაფერისად დაეცემა რომელიმე სხვა საქონლის ფასი: რადგანაც საქონლის ფასი ხომ მხოლოდ ფულში გამოხატავს იმ პროპორციას, რომლის მიხედვით ეს საქონელი სხვა საქონელზე იცვლება. მაგალითად, თუ ერთი არშინი აბრეშუმის ქსოვილის ფასმა ხუთი მარკიდან ექვს მარკამდე აიწია, ვერცხლის ფასი, აბრეშუმის ქსოვილთან შედარებით, დაეცემა, და სწორედ ასევე დაეცემა, აბრეშუმის ქსოვილთან შედარებით, ყველა სხვა საქონლის ფასი, თუმცა მათი ძველი ფასი უცვლელი დარჩება. აბრეშუმის საქონლის წინანდელი რაოდენობის მისაღებად ახლა საჭირო იქნება სხვა საქონელთა უფრო მეტი რაოდენობა. რა მოჰყვება შედეგად ამა თუ იმ საქონლის ფასის აწევას? კაპიტალების დიდი მასა მრეწველობის აყვავებულ დარგს მიაწყდება, და მათი ეს გადასვლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს დარგი ჩვეულებრივი მოგების მომტანი გახდება, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, სანამ მისი პროდუქტების ფასი, ჭარბი წარმოების გამო, წარმოების ხარჯებზე ქვევით არ დაიწევს.
პირიქით, თუ ამა თუ იმ საქონლის ფასი წარმოების ხარჯებზე დაბლა დაეცა, კაპიტალები გადავლენ წარმოების ამ დარგიდან. იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა მრეწველობის ესა თუ ის დარგი დროის მოთხოვნილებას აღარ შეეფერება და, მაშასადამე, იგი უნდა მოისპოს. კაპიტალების ასეთი გაქცევა შეამცირებს დასახელებული საქონლის წარმოებას, ე. ი. მის მიწოდებას, სანამ ის მოთხოვნას არ შეესაბამება, მაშასადამე, სანამ მისი ფასი არ ავა მისი წარმოების ხარჯების სიმაღლემდე, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, სანამ მიწოდება მოთხოვნაზე დაბლა არ დაეცემა, ე. ი. სანამ მისი ფასი წარმოების ხარჯებზე მაღლა არ აიწევს, რადგანაც ამა თუ იმ საქონლის საბაზრო ფასი ყოველთვის მეტია ან ნაკლები მისი წარმოების ხარჯებზე.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეუჩერებლად გადადის და გადმოდის კაპიტალი მრეწველობის ერთი დარგიდან მეორეში. მაღალი ფასი იწვევს კაპიტალის ძლიერ მიზიდვას, დაბალი ფასი კი კაპიტალის ძლიერ უკუქცევას.
შეგვეძლო სხვა თვალსაზრისითაც გვეჩვენებია, თუ როგორ განისაზღვრება წარმოების ხარჯებით არა მარტო მიწოდება, არამედ მოთხოვნაც, მაგრამ ეს მეტად დაგვაშორებდა საგანს.
ზემოთ დავინახეთ, რომ მიწოდებისა და მოთხოვნის რყევას საქონლის ფასი მუდამ წარმოების ხარჯებზე დაყავს. მართალია, საქონლის ნამდვილი ფასი ყოველთვის წარმოების ხარჯებზე ზევით ან ქვევით იწევს, მაგრამ აწევა და დაწევა ერთმანეთს ფარავს, — ასე რომ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ მრეწველობის მიქცევას და მოქცევას ერთად ვიანგარიშებთ, საქონელი წარმოების ხარჯების მიხედვით გაიცვლება, მაშასადამე, მისი ფასი მისივე წარმოების ხარჯებით განისაზღვრება.
ფასის ეს განსაზღვრა წარმოების ხარჯებით ისე კი არ უნდა გავიგოთ, როგორც ეს ეკონომისტებს ესმით. ეკონომისტები ამბობენ, საქონლის საშუალო ფასი მის წარმოების ხარჯებს უდრისო; ეს კანონი არისო. ისინი შემთხვევით მოვლენად თვლიან ფასების ანარქიულ მოძრაობას, რომელშიაც აწევას ასწორებს დაწევა და დაწევას აწევა. მაგრამ შეიძლებოდა ისეთივე უფლებით, როგორც ეს სხვა ეკონომისტებმა მოიმოქმედეს, რყევა კანონად ჩაგვეთვალა, ხოლო წარმოების ხარჯებით განსაზღვრა — შემთხვევით მოვლენად. მაგრამ მხოლოდ ამ რყევებს, რომელიც, როგორც უფრო ახლო განხილვიდან ჩანს, საშინელ განადგურებას იწვევენ და მიწისძვრის მსგავსად აზანზარებენ ბურჟუაზიული საზოგადოების საძირკვლებს, მხოლოდ ამ რყევებს მივყავართ თავის მსვლელობაში ფასის წარმოების ხარჯებით განსაზღვრამდე. ამ უწესრიგობის ერთობლივი მოძრაობა არის მისი წესრიგი. ამ სამრეწველო ანარქიის მსვლელობაში, ამ ორომტრიალში კონკურენცია, ასე ვთქვათ, ერთ გადახრას მეორეთი ასწორებს.
ამგვარად ჩვენ ვხედავთ შემდეგს: საქონლის ფასი განსაზღვრულია მისი წარმოების ხარჯებით, ისე რომ ის პერიოდები, როცა საქონლის ფასი წარმოების ხარჯებზე ზევით იწევს, სწორდება იმ პერიოდებით, როცა ის წარმოების ხარჯებზე დაბლა იწევს, და პირიქით. ეს, რასაკვირველია, შეეხება არა ამა თუ იმ სამრეწველო პროდუქტს, არამედ მხოლოდ მრეწველობის მთელ დარგს. მაშასადამე, ეს შეეხება აგრეთვე არა ცალკე მრეწველებს, არამედ მხოლოდ მრეწველთა მთელ კლასს.
ფასის განსაზღვრა წარმოების ხარჯებით იგივეა, რაც ფასის განსაზღვრა სამუშაო დროით, რომელიც საჭიროა საქონლის დასამზადებლად, რადგანაც წარმოების ხარჯები შედგება: 1) ნედლი მასალისა და იარაღების გაცვეთილი ნაწილისაგან, ე. ი. სამრეწველო პროდუქტებისაგან, რომელთა დამზადება განსაზღვრული რაოდენობის სამუშაო დღე ჯდება, რომელნიც, მაშასადამე, განსაზღვრული რაოდენობის სამუშაო დროს წარმოადგენენ, და 2) უშუალო შრომისაგან, რომლის საზომიც აგრეთვე დრო არის.
იგივე ზოგადი კანონები, რომელნიც საერთოდ საქონლის ფასს აწესრიგებენ, აწესრიგებენ, რასაკვირველია, აგრეთვე ხელფასსაც, შრომის ფასს.
ხელფასი ხან აიწევს და ხან დაიწევს იმისდა მიხედვით, თუ როგორია შეფარდება მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, იმისდა მიხედვით, თუ როგორ სახეს მიიღებს კონკურენცია სამუშაო ძალის მყიდველებსა, კაპიტალისტებსა, და სამუშაო ძალის გამყიდველებს, მუშებს, შორის. საქონლის ფასების რყევას საზოგადოდ შეეფერება ხელფასის რყევა. ხოლო ამ რყევის ფარგლებში შრომის ფასი განისაზღვრება იმ წარმოების ხარჯებით, იმ სამუშაო დროთი, რომელიც საჭიროა ამ საქონლის — სამუშაო ძალის — შესაქმნელად.
მაგრამ რა არის თვით სამუშაო ძალის წარმოების ხარჯები?
ეს ის ხარჯებია, რომლებიც აუცილებლად საჭიროა მუშის შესანახად, როგორც მუშისა, და მისგან მუშად მოსამზადებლად.
ამიტომ, რამდენადაც ნაკლებ დროს საჭიროებს მოსამზადებლად რომელიმე შრომა, იმდენად ნაკლებია მუშის საწარმოო ხარჯები, იმდენად დაბალია მისი შრომის ფასი, მისი ხელფასი. იმ სამრეწველო დარგებში, სადაც თითქმის სრულიად არაა საჭირო დრო საქმის შესასწავლად და საკმაოა მუშის უბრალო ფიზიკური არსებობა, მის შესაქმნელად საჭირო წარმოების ხარჯები თითქმის მხოლოდ იმ საქონლით ისაზღვრება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მან მუშაობის უნარი და სიცოცხლე შეინარჩუნოს. ამიტომ მისი შრომის ფასი განისაზღვრება აუცილებელ საარსებო საშუალებათა ფასით.
მაგრამ ამას კიდევ ერთი გარემოება ემატება. ფაბრიკანტი, რომელიც თავის წარმოების ხარჯებს და მის მიხედვით ნაწარმოების ფასს ანგარიშობს, სათვალავში აგდებს აგრეთვე სამუშაო იარაღების გაცვეთასაც. თუ, მაგალითად, მანქანა 1000 მარკა ღირს და ათი წლის განმავლობაში იცვითება, ფაბრიკანტი ყოველწლიურად საქონლის ფასს 100 მარკას უმატებს, რათა ათი წლის შემდეგ გაცვეთილი მანქანა ახალი მანქანით შეცვალოს. სწორედ ამგვარადვე უბრალო სამუშაო ძალის საწარმოო ხარჯებში მისი გამრავლების ხარჯებიც უნდა ჩაითვალოს, რითაც მუშის მოდგმას შეძლება უნდა მიეცეს გამრავლდეს და გაცვეთილი მუშები ახალით შეცვალოს. მაშასადამე, მუშის გაცვეთა ისევე შედის ანგარიშში, როგორც მანქანის გაცვეთა.
ამგვარად, მარტივი სამუშაო ძალის საწარმოო ხარჯები შედგება მუშის არსებობისა და გამრავლების ხარჯებისაგან. ამ არსებობისა და გამრავლების ხარჯების ფასი შეადგენს ხელფასს. ამგვარად განსაზღვრულ ხელფასს ხელფასის მინიმუმი ეწოდება. ხელფასის ამ მინიმუმს, ისევე როგორც საქონლის ფასის განსაზღვრას წარმოების ხარჯებით, საზოგადოდ ძალა აქვს არა ცალკე პირისათვის, არამედ მთელი მოდგმისათვის. ცალკე მუშა, მილიონი მუშაც არ ღებულობს საკმაოს იმისათვის, რომ იარსებოს და გამრავლდეს; მაგრამ მთელი მუშათა კლასის შრომის ხელფასი თავისი რყევის ფარგლებში ამ მინიმუმზე დაიყვანება.
ახლა, როცა ჩვენ შევთანხმდით იმ საზოგადო კანონების შესახებ, რომლებიც აწესრიგებს ხელფასს, როგორც ყოველ სხვა საქონლის ფასს, შეგვიძლია უფრო სპეციალურად შევეხოთ ჩვენს საგანს.
კაპიტალი შედგება ნედლი მასალისა, სამუშაო იარაღებისა და სხვადასხვაგვარ საარსებო საშუალებათაგან, რომლებიც იხმარება ახალი ნედლი მასალისა, ახალი სამუშაო იარაღებისა და ახალ საარსებო საშუალებათა შესაქმნელად. ყველა ეს მისი შემადგენელი ნაწილი შრომის ქმნილებაა, შრომის პროდუქტია, დაგროვილი შრომაა. დაგროვილი შრომა კი, რომელიც ახალი წარმოების საშუალებას წარმოადგენს, არის კაპიტალი.
ასე ამბობენ ეკონომისტები.
რა არის ზანგი-მონა? — შავი რასის ადამიანი. ერთი განმარტება იმდენი ღირს, რამდენიც მეორე.
ზანგი ზანგია. მხოლოდ განსაზღვრულ ურთიერთობაში იქცევა მონად. ბამბის სართავი მანქანა არის მანქანა ბამბის სართავად. მხოლოდ განსაზღვრულ ურთიერთობაში იქცევა ის კაპიტალად. ამ პირობების გარეშე ის ისევე არ არის კაპიტალი, როგორც ოქრო თავისთავად ფული არაა, ხოლო შაქარი — შაქრის ფასი.
წარმოების დროს ადამიანები გავლენას ახდენენ არა მარტო ბუნებაზე, არამედ ერთიმეორეზედაც. ისინი აწარმოებენ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც განსაზღვრული წესით ერთად მოქმედებენ და თავიანთ საქმიანობას ერთიმეორეზე ცვლიან; რათა აწარმოონ, ისინი შედიან განსაზღვრულ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში, და მხოლოდ ამ საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ფარგლებში ხდება მათი გავლენა ბუნებაზე, ხდება წარმოება.
წარმოების საშუალებათა ხასიათის მიხედვით, რასაკვირველია, სხვადასხვანაირია ეს საზოგადოებრივი ურთიერთობანი, რომელთაც მწარმოებლები ურთიერთშორის ამყარებენ, სხვადასხვანაირია პირობები, რომლებშიც ისინი ერთიმეორეზე ცვლიან თავიანთ საქმიანობას და მონაწილეობას იღებენ წარმოების საერთო აქტში. ახალი საომარი იარაღის, ცეცხლის მსროლელი თოფის გამოგონებით, აუცილებლად შეიცვალა ჯარის მთელი შინაგანი ორგანიზაცია, გარდაიქმნა ის ურთიერთობა, რომელშიც ცალკე პირები შეადგენენ ჯარს და ჯარივით შეუძლიათ იმოქმედონ. შეიცვალა აგრეთვე სხვადასხვა ჯარის ურთიერთდამოკიდებულებაც.
ამრიგად, საზოგადოებრივი ურთიერთობანი, რომლებშიაც აწარმოებენ ცალკე პირები, ე. ი. საზოგადოებრივი წარმოებითი ურთიერთობანი, იცვლებიან, გარდაიქმნებიან მატერიალური წარმოების საშუალებათა საწარმოო ძალთა ცვლილებასა და განვითარებასთან ერთად. წარმოებითი ურთიერთობანი, მთლიანად აღებული, შეადგენენ იმას, რასაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს, საზოგადოებას უწოდებენ და სახელდობრ ისტორიული განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე მდგომ საზოგადოებას, თავისებური განსხვავებული ხასიათის საზოგადოებას. ანტიური საზოგადოება, ფეოდალური საზოგადოება, ბურჟუაზიული საზოგადოება წარმოებით ურთიერთობათა ისეთ მთლიან შეერთებას წარმოადგენს, რომ თვითეული მათგანი განსაკუთრებული საფეხურია კაცობრიობის ისტორიულ განვითარებაში.
კაპიტალიც საზოგადოებრივი წარმოებითი ურთიერთობაა. ის ბურჟუაზიული საზოგადოების, ბურჟუაზიული წარმოებითი დამოკიდებულებაა. განა საარსებო საშუალებანი, სამუშაო იარაღები, ნედლი მასალა, რომლებისგანაც შედგება კაპიტალი, გარკვეულ საზოგადოებრივ პირობებში, განსაზღვრულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში არ შეიქმნა და დაგროვდა? განა ისინი გარკვეულ საზოგადოებრივ პირობებში, განსაზღვრულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში არ იხმარებიან ახალი წარმოებესათვის? და განა სწორედ ეს განსაზღვრული საზოგადოებრივი ხასიათი არ აქცევს ახალი წარმოებისათვის საჭირო პროდუქტებს კაპიტალად?
კაპიტალი შედგება არა მარტო საარსებო საშუალებებისა, სამუშაო იარაღებისა და ნედლი მასალისაგან, არა მარტო მატერიალური პროდუქტებისაგან; იგი შედგება აგრეთვე საცვლელ ღირებულებისგანაც; ყველა პროდუქტი, რომლისგანაც კაპიტალი შედგება, საქონელია. ასე რომ, კაპიტალი არის არა უბრალო მატერიალური პროდუქტების ჯამი, ის არის საქონელთა, საცვლელ ღირებულებათა, საზოგადოებრივ სიდიდეთა ჯამი.
კაპიტალი უცვლელად დარჩება, თუნდაც ჩვენ მატყლის ადგილას ბამბა, ხორბლის ადგილას ბრინჯი, რკინიგზის ადგილას ორთქლმავალი გემი დავსვათ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბამბას, ბრინჯს, გემს, ე. ი. კაპიტალის სხეულს იგივე საცვლელი ღირებულება, იგივე ფასი ექნეს, როგორც მატყლს, ხორბალს, რკინიგზას, რომელშიაც ის წინათ იყო განხორციელებული. კაპიტალის სხეული შეიძლება შეუჩერებლად იცვლებოდეს, ხოლო თვით კაპიტალი კი ოდნავადაც არ შეიცვალოს.
მაგრამ თუ ყოველი კაპიტალი საქონლის, ე. ი. საცვლელ ღირებულებათა ჯამია, მეორე მხრით, საქონლის, ე. ი. საცვლელ ღირებულებათა ყოველი ჯამი როდია კაპიტალი.
საცვლელ ღირებულებათა ყოველი ჯამი საცვლელი ღირებულებაა. ყოველი ცალკე საცვლელი ღირებულება საცვლელ ღირებულებათა ჯამია. მაგალითად, სახლი, რომელიც 1 000 მარკა ღირს, 1 000 მარკის საცვლელი ღირებულებაა. ქაღალდის ფურცელი, რომელიც 1 პფენიგი ღირს, ¹⁰⁰⁄₁₀₀ პფენიგის საცვლელი ღირებულების ჯამია. პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სხვა პროდუქტზე გასაცვლელად, საქონელია. განსაზღვრული შეფარდება, რომელშიაც ის იცვლება, წარმოადგენს მის საცვლელ ღირებულებას, ანუ, თუ ფულში გამოვხატავთ, მის ფასს. ამ პროდუქტების მასას არ ძალუძს შეცვალოს მისი დანიშნულება — იყოს საქონელი ანუ წარმოადგენდეს საცვლელ ღირებულებას, ანუ ჰქონდეს განსაზღვრული ფასი. ხე — სულერთია, დიდია ის თუ პატარა — მაინც ხეა. განა რკინა, თუ ის სხვა ნაწარმოებზე ლოტობით კი არა ცენტნერობით გადავცვალეთ, შეცვლის თავის ხასიათს, როგორც საქონლისას, როგორც საცვლელი ღირებულებისას? მასის მიხედვით საქონელი მხოლოდ მეტ ან ნაკლებ ღირებულებას, მაღალ ან დაბალ ფასს წარმოადგენს.
ახლა ვიკითხოთ, როგორ იქცევა საქონლის საცვლელ ღირებულებათა განსაზღვრული ჯამი კაპიტალად?
იმით, რომ ის როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ძალა, ე. ი. როგორც საზოგადოების ერთი ნაწილის ძალა, შეინახება და მრავლდება უშუალო ცოცხალ სამუშაო ძალაზე გადაცვლით. ისეთი კლასის არსებობა, რომელსაც არაფერი გააჩნია გარდა მუშაობის უნარისა, წარმოადგენს კაპიტალის აუცილებელ წინასწარ პირობას.
მხოლოდ დაგროვილი, წარსული, განივთიერებული შრომის ბატონობა უშუალო ცოცხალ შრომაზე ხდის დაგროვილ შრომას კაპიტალად.
კაპიტალი იმით კი არ ხასიათდება, რომ დაგროვილი შრომა ცოცხალ შრომას ემსახურება, როგორც საშუალება ახალი წარმოებისათვის. ის მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალი შრომა დაგროვილი შრომის საშუალებაა მისი საცვლელი ღირებულების შესანარჩუნებლად და გასადიდებლად.
რა ხდება გაცვლა-გამოცვლის დროს კაპიტალისტსა და დაქირავებულ მუშას შორის?
სამუშაო ძალის სანაცვლოდ მუშა ღებულობს საარსებო საშუალებას, ხოლო კაპიტალისტი თავის საარსებო საშუალების სანაცვალოდ — შრომას, მუშის საწარმოო მოქმედებას, შემოქმედებით ძალას, რომლის შემწეობით მუშა არა მარტო ანაზღაურებს იმას, რაც მოიხმარა, არამედ დაგროვილ შრომას მეტ ღირებულებას აძლევს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. მუშა კაპიტალისტისაგან არსებულ საარსებო საშუალებათა ნაწილს ღებულობს. რისთვის ესაჭიროება მას ეს საარსებო საშუალებანი? — უშუალო მოხმარებისათვის; ხოლო როცა მე საარსებო საშუალებებს ვხმარობ, ამით მათ საბოლოოდ ვკარგავ, თუ რომ იმ დროს, რომლის განმავლობაშიც ეს საშუალებანი ცხოვრების სახსარს მაძლევს, არ ვიყენებ ახალი საარსებო საშუალებების საწარმოებლად, მოხმარებაში დახარჯული ღირებულების მაგივრად ახალი ღირებულების შესაქმნელად. მაგრამ სწორედ ამ კეთილშობილ საწარმოო ძალას უთმობს მუშა კაპიტალს მისგან მიღებულ საარსებო საშუალებათა ნაცვლად. ასე რომ, პირადად მისთვის იგი დაკარგულია.
ავიღოთ მაგალითი: ვთქვათ, ფერმერი თავის დღიურ მუშას დღეში 5 ზილბერგროშს აძლევს. ამ 5 ზილბერგროშად მუშა მთელ დღეს მუშაობს ფერმერის ყანაში და მას 10 ზილბერგროშის შემოსავალს აძლევს. ფერმერი არა თუ ინაზღაურებს დღიურ მუშაზე გაცემულ ღირებულებას, არამედ აორკეცებს მას. მაშასადამე, მან 5 ზილბერგროში, რომელიც დღიურ მუშას მისცა, ნაყოფიერად, პროდუქტიულად მოიხმარა, დახარჯა. მან 5 ზილბერგროშად იყიდა დღიური მუშის შრომა და ძალა, რომელიც ორმაგი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ამზადებს და 5 ზილბერგროშიდან 10 ზილბერგროშს აკეთებს. დღიურმა მუშამ, პირიქით, თავის საწარმოო ძალის მაგივრად, რომლის მოქმედება ფერმერს დაუთმო, 5 ზილბერგროში მიიღო, რომელსაც საარსებო საშუალებაში სცვლის და ადრე თუ გვიან მოიხმარს. მაშასადამე, 5 ზილბერგროში ორნაირად დაიხარჯა: რეპროდუქტიულად კაპიტალისთვის, ვინაიდან სამუშაო ძალაში[2] გაიცვალა, რომელმაც 10 ზილბერგროში მოიტანა, და არაპროდუქტიულად მუშისთვის, ვინაიდან საარსებო საშუალებებში გაიცვალა, რაც სამუდამოდ დაიკარგა და რისი ღირებულების მიღება მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ფერმერთან იმავე გაცვლა-გამოცვლას გაიმეორებს. ამრიგად კაპიტალი დაქირავებულ შრომას გულისხმობს, ხოლო დაქირავებული შრომა კაპიტალს. ისინი ერთიმეორის აუცილებელ პირობას წარმოადგენენ; ისინი ერთიმეორეს ქმნიან.
განა ბამბეულობის ფაბრიკის მუშა მხოლოდ ბამბის ქსოვილს აწარმოებს? არა, იგი კაპიტალს აწარმოებს; იგი ღირებულებას აწარმოებს, რომელიც ხელახლა იმორჩილებს მის შრომას, რათა მისი საშუალებით ახალი ღირებულება შექმნას.
კაპიტალი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიზარდოს, როცა სამუშაო ძალაზე გაიცვლება, როცა დაქირავებულ შრომას წარმოშობს. დაქირავებული მუშის სამუშაო ძალა შეიძლება კაპიტალზე გაიცვალოს მხოლოდ იმ პირობით, თუ კაპიტალს გაამრავლებს, თუ იმ ძალას გაზრდის, რომლის მონა თვითონ არის. ამიტომ კაპიტალის გამრავლება პროლეტარიატის, ე. ი. მუშათა კლასის გამრავლებაა.
მაშასადამე, კაპიტალისტის და მუშის ინტერესი ერთიდაიგივეა — ამტკიცებენ ბურჟუები და მათი ეკონომისტები. და, მართლაც, მუშა დაიღუპება, თუ კაპიტალმა სამუშაო არ მისცა. კაპიტალი დაიღუპება, თუ სამუშაო ძალის ექსპლოატაციას არ ეწევა, ხოლო ექსპლოატაციისთვის მისი ყიდვაა საჭირო. რამდენადაც უფრო სწრაფად მრავლდება წარმოებაში დაბანდებული კაპიტალი, საწარმოო კაპიტალი, რამდენადაც უფრო აყვავებულია მრეწველობა, რამდენადაც უფრო მდიდრდება ბურჟუაზია და მისი საქმე უკეთ მიდის, მით მეტი მუშა სჭირია კაპიტალისტს, მით უფრო ძვირად ყიდის მუშა თავის-თავს.
მაშასადამე, საწარმოო კაპიტალის რაც შეიძლება ჩქარი ზრდა მუშის ცოტად თუ ბევრად რიგიანი მდგომარეობის აუცილებელი პირობაა.
მაგრამ რა არის საწარმოო კაპიტალის ზრდა? ეს არის დაგროვილი შრომის ბატონობის ზრდა ცოცხალ შრომაზე. ეს არის ბურჟუაზიის ბატონობის ზრდა მუშათა კლასზე. როცა დაქირავებული შრომა აწარმოებს მასზე გაბატონებულ უცხო სიმდიდრეს, თავის მტრულ ძალას, კაპიტალს, იგი მისგან ღებულობს მუშაობის საშუალებას, ე. ი. საარსებო საშუალებას იმ პირობით, რომ ხელახლა გახდება კაპიტალის ნაწილი, ბერკეტი, რომელსაც კაპიტალი ჩქარი ნაბიჯით შეჰყავს ზრდის პროცესში.
კაპიტალის ინტერესები და მუშების ინტერესები ერთნაირია, — ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კაპიტალი და დაქირავებული შრომა ორი მხარეა ერთი და იმავე ურთიერთობისა. ერთი მათგანი მეორის აუცილებელ პირობას შეადგენს სწორედ ისევე, როგორც მევახშე და მფლანგავი ერთიმეორის პირობას წარმოადგენენ.
სანამ დაქირავებული მუშა დაქირავებული მუშაა, მისი ბედი კაპიტალზე ჰკიდია. ესაა მუშისა და კაპიტალისტის ინტერესის სანაქებო მთლიანობა!
როცა კაპიტალი იზრდება, დაქირავებული შრომის მასაც იზრდება, ე. ი. დაქირავებული მუშების რიცხვი მატულობს; ერთი სიტყვით, კაპიტალის ბატონობა უფრო მრავალ პირთა მასაზე ვრცელდება. წარმოვიდგინოთ საუკეთესო შემთხვევა: როცა საწარმოო კაპიტალი იზრდება, მატულობს მოთხოვნა შრომაზედაც, მაშასადამე, იზრდება შრომის ფასი, ხელფასი.
სახლი, დიდია ის თუ პატარა, ბინის მხრივ აკმაყოფილებს ყველა საზოგადოებრივ მოთხოვნას, სანამ მის გარშემო არსებული სახლები პატარებია. მაგრამ, თუ პატარა სახლის გვერდით სასახლე აიმართა, თვით პატარა სახლი საცოდავ ქოხად გადაიქცევა. ახლა პატარა სახლი გვიმტკიცებს, რომ მისი პატრონი ან სულ არ ადგენს მოთხოვნებს, ანდა ძლიერ უმნიშვნელოს, და რამდენადაც არ უნდა ამაღლდეს ეს სახლი ცივილიზაციის მსვლელობაში, თუ მეზობელი სახლებიც იმდენივე ან კიდევ მეტი პროპორციით ამაღლდა, პატარა სახლის მცხოვრები თავს საკუთარ ოთხ კედელში ყოველთვის მოუსვენრად, დაუკმაყოფილებლად, დამცირებულად იგრძნობს.
ხელფასის მნიშვნელოვანი მომატება საწარმოო კაპიტალის ჩქარ ზრდას გულისხმობს. საწარმოო კაპიტალის ჩქარი ზრდა იწვევს სიმდიდრის, ფუფუნების, საზოგადოებრივი მოთხოვნილების და საზოგადოებრივ სიამოვნებათა ჩქარ ზრდას. მაშასადამე, თუმცა მუშის სიამოვნება გაიზარდა, მაგრამ საზოგადოებრივი დაკმაყოფილება, რომელსაც ეს სიამოვნება ქმნის, დაეცა კაპიტალისტების გადიდებულ სიამოვნებასთან შედარებით, რომელიც მიუწვდომელია მუშებისათვის, დაეცა საერთოდ საზოგადოების განვითარების საფეხურთან შედარებით. ჩვენი მოთხოვნილებანი და სიამოვნებანი საზოგადოებისაგან წარმოსდგებიან; ამიტომ მათ ვზომავთ საზოგადოების მიხედვით და არა მათი დაკმაყოფილების საგნების მიხედვით. ვინაიდან მათ საზოგადოებრივი ხასიათი აქვთ, ამიტომ შედარებითი ბუნების არიან.
ხელფასი საერთოდ განისაზღვრება არა მარტო იმ საქონლის მასით, რომელშიც შემიძლია მე ის გავცვალო. ის შეიცავს სხვადასხვა დამოკიდებულებას.
ის, რასაც მუშა უწინარეს ყოვლისა თავის სამუშაო ძალაში ღებულობს, არის ფულის განსაზღვრული თანხა. განისაზღვრება თუ არა ხელფასი მხოლოდ ამ ფულადი ფასით?
მეთექვსმეტე საუკუნეში ევროპაში გამრავლდა მიმოქცევის პროცესში მყოფი ოქრო და ვერცხლი, ვინაიდან ამერიკაში მდიდარი და ადვილად დასამუშავებელი მადნები აღმოაჩინეს. ამიტომ ოქროს და ვერცხლის ღირებულება დაეცა სხვა საქონელთან შედარებით. მუშები კი თავიანთ სამუშაო ძალაში ფულის სახით ღებულობდნენ იმდენივე ვერცხლს, როგორც წინათ. მათი შრომის ფულადი ფასი იგივე დარჩა, მაგრამ შრომის ხელფასი მაინც დაეცა, ვინაიდან გაცვლის დროს იმავე რაოდენობის ვერცხლში ისინი ნაკლები რაოდენობის საქონელს ღებულობდნენ. ეს იყო ერთი იმ პირობათაგანი, რომელმაც ხელი შეუწყო კაპიტალის ზრდას, ბურჟუაზიის აღორძინებას მეთექვსმეტე საუკუნეში.
ავიღოთ სხვა შემთხვევა. 1847 წლის ზამთარში, მოუსავლობის გამო, პირველი მოთხოვნილების საარსებო საშუალებანი: პური, ხორცი, კარაქი, ყველი და სხვა საგრძნობლად გაძვირდა. წარმოვიდგინოთ, რომ მუშები თავიანთ სამუშაო ძალაში ფულის იმავე თანხას ღებულობდნენ, რასაც წინათ. დაეცა თუ არა მათი შრომის ხელფასი? რასაკვირველია, დაეცა. იმავე ფულში ისინი გაცვლის დროს ნაკლებ პურს, ხორცს და სხვას ღებულობდნენ. მათი შრომის ხელფასი დაეცა იმიტომ კი არა, რომ ვერცხლის ღირებულება შემცირდა, არამედ იმიტომ, რომ საარსებო საშუალებათა ღირებულებამ მოიმატა.
დაბოლოს, წარმოვიდგინოთ, რომ შრომის ფულადი ფასი წინანდელი რჩება, ხოლო ყველა სამიწათმოქმედო და სამანუფაქტურო საქონლის ფასი ახალი მანქანების გამოყენებისა, ხელსაყრელი სეზონისა და სხვათა გამო ეცემა. იმავე ფულით ახლა მუშებს შეუძლიათ ყოველგვარი საქონელი მეტი იყიდონ. მაშასადამე, მათი შრომის ხელფასი გაიზარდა, იმიტომ რომ მისი ფულადი ღირებულება უცვლელი დარჩა.
ამგვარად, შრომის ფულადი ფასი, ნომინალური ხელფასი არ ეთანხმება რეალურ ხელფასს, ე. ი. იმ საქონლის რაოდენობას, რომელსაც ნამდვილად აძლევენ გაცვლის დროს შრომის ხელფასში. ამიტომ, როცა შრომის ხელფასის აწევაზე ანუ დაწევაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში მარტო შრომის ფულადი ფასი, მარტო ნომინალური ხელფასი როდი უნდა გვქონდეს.
მაგრამ ვერც ნომინალური ხელფასი, ე. ი. ფულის ის თანხა, რომლისთვისაც მუშა თავის-თავს ჰყიდის კაპიტალისტზე, ვერც რეალური ხელფასი, ე. ი. საქონლის რაოდენობა, რომელიც შეუძლია ამ ფულით იყიდოს, ვერ ამოწურავს იმ ურთიერთობას, რომელიც ხელფასის ცნებაში იგულისხმება.
ხელფასი უწინარეს ყოვლისა განისაზღვრება თავის შეფარდებით კაპიტალის მოგებასთან, სარგებელთან: ესაა შეფარდებითი, შედარებითი ხელფასი.
რეალური ხელფასი გამოხატავს შრომის ფასს სხვა საქონლის ფასთან შედარებით; შედარებითი ხელფასი კი, პირიქით, გამოხატავს უშუალო შრომის წილს მის მიერ ახლად შექმნილ ღირებულებაში, იმ წილთან შედარებით, რომელიც დაგროვილ შრომას, კაპიტალს ერგება.
ზემოთ ჩვენ ვამბობდით: „ხელფასი არ არის მუშის წილი მის მიერ ნაწარმოებ საქონელში. ხელფასი უკვე არსებული საქონლის ნაწილია, რომლითაც კაპიტალისტი ყიდულობს თავისთვის მწარმოებელი სამუშაო ძალის განსაზღვრულ რაოდენობას“. მაგრამ კაპიტალისტმა ეს ხელფასი ხელახლა უნდა აანაზღაუროს იმ ფასიდან, რომელსაც მუშის მიერ დამზადებული ნაწარმოების გაყიდვიდან ღებულობს; ისე უნდა შეავსოს, რომ მას, საერთო წესით გაწეულ წარმოების ხარჯებს გარდა, მოგებაც დარჩეს. კაპიტალისტისთვის მუშის მიერ დამზადებული საქონლის გასაყიდი ფასი სამ ნაწილად იყოფა: პირველი, დახარჯული ნედლი მასალის ფასი და საწარმოო იარაღებისა, მანქანებისა და შრომის სხვა საშუალებათა გაცვეთის ანაზღაურება; მეორე, დახარჯული ხელფასის ანაზღაურება და, მესამე, გარდამეტი ამაზე ზევით, კაპიტალისტის მოგება. მაშინ როცა პირველი ნაწილი ანაზღაურებს მხოლოდ წინათ არსებულ ღირებულებას, ცხადია, როგორც ხელფასის ანაზღაურება, ისე კაპიტალისტის ზედმეტი მოგებაც საერთოდ მუშის შრომით შექმნილი და ნედლ მასალაზე მიმატებული ახალი ღირებულებისაგან წარმოდგება. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია როგორც ხელფასი, ისე მოგებაც ერთმანეთს შევადაროთ და ისინი მუშის შრომის პროდუქტის ნაწილებად მივიჩნიოთ.
შეიძლება რეალური ხელფასი უცვლელად დარჩეს, შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა შეფარდებითი ხელფასი დაეცეს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა საარსებო საშუალების ფასი ორი მესამედით დაეცა, ხოლო დღიური ხელფასი ერთი მესამედით, ასე რომ, ვთქვათ, სამი მარკიდან ორ მარკაზე ჩამოვიდა. თუმცა მუშა ამ ორი მარკით ახლა მეტ საქონელს შეიძენს, ვიდრე წინათ სამი მარკით იძენდა, მაგრამ მისი შრომის ხელფასი, კაპიტალისტის მოგებასთან შედარებით, მაინც შემცირებულია. კაპიტალისტის (მაგალითად, ფაბრიკანტის) მოგება ერთი მარკით გაიზარდა, რადგან საცვლელი ღირებულების ნაკლები რაოდენობით, რომელსაც ის მუშას აძლევს, მუშამ საცვლელი ღირებულების უფრო მეტი რაოდენობა უნდა დაამზადოს, ვიდრე წინათ ამზადებდა. კაპიტალის წილი შრომის წილთან შედარებით გაიზარდა. საზოგადოებრივი სიმდიდრის განაწილება კაპიტალსა და შრომას შორის კიდევ უფრო უთანასწორო გახდა. კაპიტალისტი იმავე კაპიტალით შრომის მეტ რაოდენობას განაგებს. კაპიტალისტების კლასის ძალა მუშათა კლასზე გაიზარდა, მუშის საზოგადოებრივი მდგომარეობა გაუარესდა, იგი ერთი საფეხურით ქვემოთ დაეშვა კაპიტალისტთან შედარებით.
მაშ როგორია ის საერთო კანონი, რომელიც ხელფასისა და მოგების აწევასა და დაწევას განსაზღვრავს მათს ურთიერთდამოკიდებულებაში?
ხელფასი და მოგება შებრუნებით დამოკიდებულებაშია ერთიმეორესთან. კაპიტალის წილი, მოგება — მატულობს იმავე პროპორციით, როგორითაც კლებულობს შრომის წილი, დღიური ხელფასი, — და პირიქით. მოგება მატულობს იმდენად, რამდენადაც კლებულობს ხელფასი, მოგება კლებულობს იმდენად, რამდენადაც მატულობს ხელფასი.
შეიძლება გვითხრან, რომ კაპიტალისტს შეუძლია მოიგოს, თუ თავისი პროდუქტი ხელსაყრელად გაუცვალა სხვა კაპიტალისტს, თუ მოთხოვნა მის საქონელზე გაძლიერდა ან ახალი ბაზრის გახსნის გამო, ან იმის გამო, რომ ძველ ბაზარზე მოთხოვნილება სწრაფად გაიზარდა და სხვ.; რომ, ამრიგად, კაპიტალისტის მოგება შეიძლება გაიზარდოს სხვა, გაცვლის დროს მოტყუებულ კაპიტალისტების მოგების ხარჯზე, შეიძლება გაიზარდოს დამოუკიდებლად ხელფასის, სამუშაო ძალის საცვლელი ღირებულების აწევისა და დაწევისაგან; ანდა კიდევ კაპიტალისტის მოგება შეიძლება გაიზარდოს შრომის იარაღების გაუმჯობესების, ბუნების ძალების ახალი გამოყენების და სხვათა წყალობით.
უწინარეს ყოვლისა აღიარებულ უნდა იქნას, რომ შედეგი ერთი და იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო გზით არის მიღწეული. მოგებამ მოიმატა არა იმიტომ, რომ ხელფასი დაეცა; თვით შრომის ხელფასი დაეცა იმიტომ, რომ მოგებამ მოიმატა. კაპიტალისტმა სხვისი შრომის იმავე რაოდენობით საცვლელი ღირებულების მეტი რაოდენობა იყიდა, ხოლო შრომაში მეტი ფასი არ მიუცია; ე. ი. შრომა უფრო ნაკლებად ფასდება იმ წმინდა მოგებასთან შედარებით, რომელსაც ის კაპიტალისტს აძლევს.
ამასთანავე გავიხსენოთ, რომ, მიუხედავად საქონლის ფასის რყევისა, ყოველი საქონლის საშუალო ფასი, ის პროპორცია, რომლის მიხედვით იგი სხვა საქონელზე იცვლება, განისაზღვრება მისი წარმოების ხარჯებით; ამიტომ ერთის მოგება მეორის ხარჯზე აუცილებლად ფარავს ერთმანეთს მთელი კაპიტალისტების კლასისათვის. მანქანების გაუმჯობესება, ბუნების ძალთა ახალი გამოყენება წარმოებაში შესაძლებლად ხდის იმავე სამუშაო დროის განმავლობაში შრომისა და კაპიტალის იმავე რაოდენობის გამოყენებით დამზადებულ იქნას პროდუქტთა მეტი მასა, მაგრამ სრულებითაც არა მეტი მასა საცვლელი ღირებულებისა. თუ სართავი მანქანით საათში ორჯერ მეტ ძაფს დავართავ, ვიდრე წინათ ვართავდი, მაგ., ას გირვანქას ორმოცდაათის მაგივრად, ამ ას გირვანქაში (თუ ხანგრძლივ დროის განმავლობას ავიღებთ) იმაზე მეტ საქონელს ვერ ავიღებ, რამდენსაც წინათ ორმოცდაათში ვიღებდი, ვინაიდან წარმოების ხარჯები განახევრდა, ე. ი. იმავე ხარჯით შემიძლია ორჯერ მეტი პროდუქტი დავამზადო.
დაბოლოს, როგორი პროპორციითაც არ უნდა ანაწილებდეს ერთმანეთს შორის კაპიტალისტების კლასი, ბურჟუაზია, სულერთია ერთი ქვეყნისაა იგი თუ მთელი მსოფლიო ბაზრისა, წარმოების წმინდა შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში ამ წმინდა შემოსავლის საერთო ჯამი იმ ჯამს უდრის, რომელსაც საერთოდ უშუალო შრომა დაგროვილ შრომას უმატებს. მაშასადამე, ეს საერთო ჯამი იზრდება იმდენად, რამდენადაც შრომა კაპიტალს ადიდებს, ე. ი. იმდენად, რამდენადაც მატულობს მოგება ხელფასთან შედარებით.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ როცა კაპიტალისა და დაქირავებული შრომის დამოკიდებულების ფარგლებში ვრჩებით, კაპიტალის ინტერესები და დაქირავებული შრომის ინტერესები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
კაპიტალის ჩქარი ზრდა მოასწავებს მოგების ჩქარ ზრდას. მოგება შეიძლება ჩქარა გაიზარდოს მხოლოდ მაშინ, თუ შრომის ფასი, შეფარდებითი ხელფასი, ასევე ჩქარა დაეცემა. შეიძლება შეფარდებითი ხელფასი დაეცეს, თუმცა ამავე დროს რეალურმა ხელფასმა ნომინალურ ხელფასთან, შრომის ფულად ღირებულებასთან ერთად მოიმატოს, მაგრამ არა იმავე პროპორციით, როგორითაც მოგებამ მოიმატა. თუ, მაგალითად, მრეწველობის აყვავების დროს ხელფასმა 5% მოიმატა, ხოლო მოგებამ — 30%, შედარებითი, შეფარდებითი შრომის ხელფასი მომატებული კი არა, დაკლებული იქნება.
ამრიგად, თუ კაპიტალის ჩქარ ზრდასთან ერთად მუშის შემოსავალიც იზრდება, იზრდება ამასთანავე ის საზოგადოებრივი უფსკრულიც, რომელიც ჰყოფს მუშებს კაპიტალისტებისაგან, იზრდება აგრეთვე კაპიტალის ბატონობა შრომაზე, შრომის დამოკიდებულება კაპიტალისაგან.
ამიტომ, როცა ამბობენ, მუშა დაინტერესებულია კაპიტალის ჩქარ ზრდაში, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რამდენადაც უფრო ჩქარა ზრდის მუშა სხვის სიმდიდრეს, მით უფრო მსუქანი ნამცეცები უცვივა მას კალთაში, მით უფრო მეტი მუშა ებმება წარმოებაში, მით უფრო მრავლდება კაპიტალისაგან დამოკიდებული მონების რიცხვი.
ამრიგად, ჩვენ დავინახეთ:
მუშათა კლასისათვის თვით ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობაც კი, კაპტალის რაც შეიძლება ჩქარი ზრდა, თუნდაც იგი მუშის მატერიალურ ცხოვრებას დიდად აუმჯობესებდეს, არ სპობს წინააღმდეგობას მის ინტერესებსა და ბურჟუაზიის ანუ კაპიტალისტების ინტერესებს შორის. მოგება და ხელფასი შემდეგშიც, როგორც წინათ, შებრუნებით შეფარდებაში იმყოფებიან ერთიმეორესთან.
თუ კაპიტალი ჩქარი ზრდის პროცესში იმყოფება, შეიძლება ხელფასმა იმატოს; მაგრამ შეუდარებლად უფრო ჩქარა კაპიტალის მოგება იზრდება. ამრიგად, მუშის მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მისი საზოგადოებრივი მდგომარეობის ხარჯზე. საზოგადოებრივი უფსკრული, რომელიც მას კაპიტალისტისაგან ჰყოფს, ღრმავდება.
დაბოლოს:
როცა ამბობენ, დაქირავებული შრომის ხელსაყრელი პირობა არის საწარმოო კაპიტალის რაც შეიძლება ჩქარი ზრდაო, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რამდენადაც უფრო ჩქარა ზრდის და ამრავლებს მუშათა კლასი თავის მტრულ ძალას, მასზე გაბატონებულ სხვის სიმდიდრეს, მით უფრო ხელსაყრელ პირობებში უხდება მას ხელახლა ბურჟუაზიული სიმდიდრის გამრავლებაზე, კაპიტალის სიძლიერის ზრდაზე მუშაობა, ხოლო თვით უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ ოქროს ჯაჭვი, რომლითაც მას ბურჟუაზია უკან მიათრევს, მის მიერვე იჭედება.
მაგრამ განა საწარმოო კაპიტალის ზრდა და ხელფასის მომატება მართლაც ისე განუყრელად არის ერთი მეორესთან დაკავშირებული, როგორც ბურჟუაზიული ეკონომისტები ამტკიცებენ? ჩვენ მათი ლიტონი სიტყვა როდი უნდა დავიჯეროთ. არც ის უნდა დავიჯეროთ, რომ, რამდენადაც უფრო მსუქანია კაპიტალი, მით უფრო კარგად კვებავს იგი თავის მონასო. ბურჟუაზია მეტად განათლებულია, კარგად ანგარიშობს და ფეოდალების ცრურწმენებით არ არის გამსჭვალული, რომ ბრწყინვალე ამალის ყოლით იამაყოს. ბურჟუაზიას არსებობის პირობები აიძულებს ანგარიში აწარმოოს.
ამიტომ უფრო ახლოს უნდა განვიხილოთ საკითხი:
როგორ მოქმედებს საწარმოო კაპიტალის ზრდა ხელფასზე?
თუ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში საწარმოო კაპიტალი საერთოდ იზრდება, შრომის დაგროვება უფრო მრავალმხრივი ხდება. კაპიტალისტების რიცხვი და მათი კაპიტალის მოცულობა იზრდება. კაპიტალების გადიდება აძლიერებს კონკურენციას კაპიტალისტებს შორის. კაპიტალების სიდიდის ზრდა საშუალებას იძლევა სამრეწველო ბრძოლის ველზე გამოყვანილი იქნან უზარმაზარი საომარი იარაღებით აღჭურვილი ძლიერი მუშათა არმიები.
ერთ კაპიტალისტს მეორე კაპიტალისტის დამარცხება და მისი კაპიტალის დაპყრობა მხოლოდ ერთი გზით შეუძლია: საქონლის იაფად გაყიდვით. რათა მან იაფად გაყიდვა შეძლოს, ისე რომ თვითონ არ გაკოტრდეს, უნდა იაფად აწარმოოს, ე. ი. რაც შეიძლება დიდად უნდა გაზარდოს შრომის საწარმოო ძალა. შრომის საწარმოო ძალა კი უწინარეს ყოვლისა გაიზრდება შრომის მეტი დანაწილებით, მანქანების ყოველმხრივი გამოყენებით და შეუჩერებელი გაუმჯობესებით. რამდენადაც უფრო მრავალრიცხოვანია მუშათა არმია, რომლის წევრებს შორისაც შრომა დანაწილებულია, რამდენადაც უფრო ფართოდ არის შემოღებული მანქანები, მით უფრო ჩქარა კლებულობს შედარებით საწარმოო ხარჯები, მით უფრო ნაყოფიერი ხდება შრომა. ამიტომ კაპიტალისტებს შორის თავს იჩენს ყოველმხრივი მეტოქეობა შრომის დანაწილების და მანქანების შემოღების გასაძლიერებლად და მათი ექსპლოატაციის რაც შეიძლება დიდი მასშტაბით საწარმოებლად.
მაგრამ როგორ იმოქმედებს კაპიტალისტი, თუ მან შრომის მეტი დანაწილებით, ახალი მანქანების გამოყენებით და გაუმჯობესებით, ბუნების ძალების უფრო ხელსაყრელი და მასობრივი მოხმარებით აღმოაჩინა საშუალება, რომ იმავე რაოდენობის შრომით, ან დაგროვილი შრომით მეტი პროდუქტი, მეტი საქონელი დაამზადოს, ვიდრე მისი კონკურენტები ამზადებენ, რომ, მაგალითად, იმავე სამუშაო დროის განმავლობაში, რომელშიაც მისი კონკურენტები ნახევარ არშინ ტილოს ამზადებენ, მან მთელი არშინი ტილო მოამზადოს?
მას შეუძლია ნახევარი არშინი ტილო ადრინდელ საბაზრო ფასში გაყიდოს, მაგრამ ეს მოწინააღმდეგის დასამარცხებელი და მუშტრის დასაპყრობი საშუალება როდი იქნება. ხოლო რამდენადაც მისი წარმოება გაფართოვდა, იმდენად მისთვის საქონლის განაღდების მოთხოვნილებაც გაფართოვდება. მართალია, ძლიერი და ძვირფასი საწარმოო საშუალებანი, რომელნიც მან შემოიღო, შეძლებას აძლევენ საქონელი უფრო იაფად გაყიდოს, მაგრამ იმავდროულად აიძულებენ მას მეტი საქონელი გაყიდოს, თავის საქონლისათვის რაც შეიძლება ფართო ბაზარი დაიპყროს; ამიტომ ჩვენი კაპიტალისტი ნახევარ არშინ ტილოს უფრო იაფად გაყიდის, ვიდრე მისი კონკურენტები.
მაგრამ კაპიტალისტი მთელ არშინ ტილოს ისე იაფად ვერ გაყიდის, როგორც მისი კონკურენტები ნახევარ არშინს ყიდიან, თუმცა მას მთელი არშინი უფრო ძვირად არ უჯდება, ვიდრე სხვებს ნახევარი. ამ შემთხვევაში ის ვერავითარ დამატებითს მოგებას ვერ ნახავდა და გაცვლის შემწეობით მხოლოდ წარმოების ხარჯებს დაიბრუნებდა. მეტი შემოსავალი, რომელიც მაინც შესაძლებელია, რომ მან მიიღოს, ამ შემთხვევაში იქიდან წარმოდგებოდა, რომ მან უფრო დიდი კაპიტალი მოიყვანა მოძრაობაში, ვიდრე სხვებმა, და არა იქიდან, რომ მას კაპიტალმა მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე სხვებს. გარდა ამისა, ის მიაღწევს იმ მიზანს, რომლისკენაც მიისწრაფის, თუ საქონელს ორიოდე პროცენტით გააიაფებს თავის კონკურენტებთან შედარებით. იგი მათ დაამარცხებს, მუშტრების ერთ ნაწილს მაინც წაართმევს, რაკი საქონელს მათზე უფრო იაფად გაყიდის. დაბოლოს, გავიხსენოთ, რომ საბაზრო ფასი ყოველთვის წარმოების ხარჯებზე მაღლა ან დაბლა დგას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხელსაყრელი სეზონი უდგას მრეწველობას. იმისდა მიხედვით, დგას ერთი არშინი ტილოს საბაზრო ფასი დღემდე არსებულ ჩვეულებრივ საწარმოო ხარჯებზე მაღლა თუ დაბლა, შეიცვლება პროცენტები, რომელსაც კაპიტალისტი თავის საქონლის გაყიდვისაგან მოიგებს: ლაპარაკია კაპიტალისტზე, რომელმაც ახალი, უფრო ნაყოფიერი საწარმოო საშუალებანი გამოიყენა.
მაგრამ ჩვენი კაპიტალისტი ხანგრძლივად ვერ შეინარჩუნებს პრივილეგიურ მდგომარეობას; სხვა მოქიშპე კაპიტალისტები იმავე მანქანებს და შრომის დანაწილებას შემოიღებენ, ეს მოხდება ან იმავე მასშტაბით, ან კიდევ უფრო ფართოდ, სანამ ტილოს ფასი ბოლოს არა თუ ძველი წარმოების ხარჯებზე, არამედ ახალ საწარმოო ხარჯებზე დაბლა არ დაეცემა.
ამგვარად კაპიტალისტები ახლა საერთოდ იმავე მდგომარეობაში ჩავარდებიან, რომელშიც ახალი საწარმოო საშუალებების შემოღებამდე იმყოფებოდნენ; და თუ იმათ ამ საშუალებებით წინანდელ ფასში ორჯერ მეტი პროდუქტის მიწოდება შეეძლოთ, ახლა იძულებული არიან ძველზე უფრო დაბალ ფასებში ორჯერ მეტი ნაწარმოები დაამზადონ. ამ ახალი წარმოების ხარჯების დონეზე ხელახლა იგივე თამაშობა იწყება: შრომის უფრო მეტი დანაწილება, უფრო მეტი მანქანების გამოყენება და ყოველივე ამის უფრო ფართო მასშტაბით მოწყობა. ხოლო კონკურენცია იმავ საწინააღმდეგო ზეგავლენას ახდენს ამ შედეგებზე.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოების წესში, საწარმოო საშუალებებში მუდმივი გადატრიალება, მუდმივი რევოლუცია ხდება, რომ შრომის დანაწილება აუცილებლად შრომის უფრო მეტ დანაწილებას, მანქანების გამოყენება — მათს უფრო მეტ გამოყენებას, წარმოების გაფართოება — მის უფრო მეტ გაფართოებას იწვევს.
ეს არის კანონი, რომელიც ბურჟუაზიულ წარმოებას მისი ძველი კალაპოტიდან აგდებს გამუდმებით და კაპიტალს აიძულებს დაჭიმოს შრომის საწარმოო ძალები, ვინაიდან მან წინათ უკვე დაჭიმა ისინი; ეს კანონი ერთი წუთითაც მოსვენებას არ აძლევს მას და მუდამ ჩასჩიჩინებს: წინ, წინ გასწი!
ეს იგივე კანონია, რომელიც ვაჭრობის პერიოდული რყევის დროს საქონლის ფასებს აუცილებლად მის წარმოების ხარჯებს უთანაბრებს.
როგორი ძლიერი საწარმოო საშუალებებიც არ უნდა შემოიღოს კაპიტალისტმა, კონკურენცია საყოველთაოდ ხდის მის გამოყენებას, და იმ მომენტიდან, როცა ეს გამოყენება საყოველთაო გახდება, კაპიტალის მეტი ნაყოფიერების ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ კაპიტალისტმა წინანდელ ფასში ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ მეტი საქონელი უნდა მიაწოდოს, ვიდრე უწინ. ხოლო, რადგან მან ხშირად ასჯერ მეტი საქონელი უნდა გაასაღოს, რათა ამრიგად გასასაღებელ პროდუქტთა რაოდენობის გადიდებით დაბალი ფასები აინაზღაუროს, რადგან მასობრივი გასაღება ახლა საჭიროა არა მარტო იმისთვის, რომ მეტი მოიგოს, არამედ იმისთვისაც, რომ წარმოების ხარჯები აანაზღაუროს, — თვით საწარმოო იარაღი კი, როგორც დავინახეთ, თანდათან ძვირდება, — რადგან ეს მასობრივი განაღდება არსებობის საკითხად იქცა არა მარტო მისთვის, არამედ მისი მეტოქეებისთვისაც, ამიტომ იწყება ძველი ბრძოლა და მით უფრო მწვავე ხასიათს იღებს ის, რამდენადაც უფრო ნაყოფიერია გამოგონილი საწარმოო საშუალებები. ამრიგად, შრომის დანაწილება და მანქანების გამოყენება ხელახლა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით წავა წინ.
როგორიც უნდა იყოს ძალა ახლად შემოღებული საწარმოო საშუალებებისა, კონკურენცია ცდილობს წაართვას კაპიტალს ამ ძალის ოქროს ნაყოფი, რამდენადაც მას საქონლის ფასი წარმოების ხარჯებზე დაჰყავს; იმდენად, რამდენადაც წარმოება იაფდება, ე. ი. წინანდელი შრომის რაოდენობით მეტი პროდუქტი იქმნება, წარმოების გაიაფება, იმავე ფასებში პროდუქტების მეტი მასის გასაღება გარდუვალ კანონად იქცევა. ამრიგად აშკარავდება, რომ კაპიტალისტი თავის საკუთარი გულმოდგინეობით ვერაფერს იძენს გარდა აუცილებლობისა, რომ იმავე დროის განმავლობაში მეტი აწარმოოს, ე. ი. თავისი კაპიტალის ზრდისათვის უფრო მძიმე პირობები შექმნას. ამიტომ იმ დროს, როცა კონკურენცია მუდამ დევნის კაპიტალისტს თავისი წარმოების ხარჯების კანონით და ყოველი იარაღი, რომელსაც ის თავის მეტოქეების წინააღმდეგ სჭედს, მის წინააღმდეგ ბრუნდება, კაპიტალისტი მუდამ ცდილობს კონკურენცია მოატყუოს და განუწყვეტლივ ახალი, ძვირფასი, მაგრამ ამასთანავე წარმოების გამაიაფებელი მანქანები და შრომის დანაწილება შემოიტანოს ძველის ადგილას და არ დაუცადოს იმ მომენტს, როდესაც კონკურენცია ახალ საწარმოო საშუალებებსაც მოაძველებს.
წარმოვიდგინოთ, ამ ციებ-ცხელებამ და მღელვარებამ მთელი მსოფლიო ბაზარი მოიცვა და გასაგები გახდება, რომ კაპიტალის ზრდას, დაგროვებას და კონცენტრაციას შედეგად მოსდევს განუწყვეტელი, თავბრუდამხვევი და სულ უფრო და უფრო უზარმაზარი მასშტაბით წარმოებული შრომის დანაწილება, ახალი მანქანების შემოღება და ძველი მანქანების გაუმჯობესება.
როგორ მოქმედებს შრომის ხელფასის განსაზღვრაზე ეს პირობები, რომელიც საწარმოო კაპიტალის ზრდასთან განუყრელადაა დაკავშირებული?
შრომის დიდი დანაწილება თვითეულ მუშას შეძლებას აძლევს ხუთი, ათი, ოცი კაცის საქმე გააკეთოს; ამრიგად, ის ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ აძლიერებს კონკურენციას მუშებს შორის. მუშები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ არა მარტო იმით, რომ ერთი თავის-თავს უფრო იაფად ყიდის, ვიდრე მეორე; ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ იმითაც, რომ ერთი მუშა 5, 10, 20 მუშის საქმეს აკეთებს; და კაპიტალის მიერ შემოღებული და თანდათან გაძლიერებული შრომის დანაწილება მუშებს აიძულებს ამგვარი კონკურენცია აწარმოონ.
შემდეგ. იმავე ზომით, რა ზომითაც მატულობს შრომის დანაწილება, შრომა მარტივდება. მუშის განსაკუთრებული დახელოვნება კარგავს თავის მნიშვნელობას. მუშა უბრალო ერთფეროვან საწარმოო ძალად იქცევა, რომელსაც არც კი სჭირდება განსაკუთრებული ხორციელი და სულიერი მოქნილობის გამოყენება. მისი შრომა ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამიტომ მას ყოველი მხრიდან კონკურენტები ესხმიან თავს; ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ რამდენადაც უფრო მარტივი და ადვილი შესასწავლია სამუშაო, რამდენადაც ნაკლებ წარმოების ხარჯებს მოითხოვს მისი შეთვისება, მით უფრო მეტად ეცემა შრომის ხელფასი, ვინაიდან ყოველი სხვა საქონლის ფასის მსგავსად მისი ფასიც წარმოების ხარჯებით განისაზღვრება.
მაშასადამე, რამდენადაც შრომა ნაკლებად დამაკმაყოფილებელი, უხამსი ხდება, კონკურენცია მატულობს, ხოლო ხელფასი კლებულობს. მუშა ცდილობს თავისი ხელფასის დონე შეინარჩუნოს იმით, რომ მეტ ხანს მუშაობს, ან თვითეულ საათში მეტს აკეთებს. მაშასადამე, გაჭირვების გამო ის აძლიერებს შრომის დანაწილების დამღუპველ გავლენას. ამის შედეგი ისაა, რომ რამდენსაც იგი მეტს მუშაობს, იმდენად ნაკლებ ხელფასს ღებულობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რამდენადაც მეტს მუშაობს, იმდენად მეტ კონკურენციას უწევს თავის ამხანაგებს და თავის ამხანაგებშიაც ისეთ კონკურენტებს იძენს, რომლებიც მზად არიან მასავით ცუდ პირობებში იმუშაონ; ამრიგად, საბოლოო ანგარიშში, მუშა კონკურენციას უწევს თავის თავს, როგორც მუშათა კლასის წევრს.
მანქანებსაც ასეთივე შედეგები მოაქვს, მხოლოდ შეუდარებლად უფრო დიდი მასშტაბით, რადგან ისინი დახელოვნებულ მუშებს გაუწვრთნელი მუშებით ცვლიან, მამაკაცებს — დედაკაცებით, მოზრდილებს — ბავშვებით; სადაც მანქანა ახლად შემოღებულია, ის ხელოსნებს მასობრივად ისვრის ქუჩაში, ხოლო სადაც მანქანა უმჯობესდება, უფრო სრული და ნაყოფიერი ხდება, მუშებს შედარებით პატარა ჯგუფობით ითხოვენ. ჩვენ ზემოთ საერთოდ დავხატეთ კაპიტალისტების სამრეწველო ომი ურთიერთშორის: ამ ომის თავისებურება იმაშია, რომ ბრძოლას აქ უფრო მუშების ჯარიდან დათხოვნით იგებენ, ვიდრე მათი გაწვევით. მხედართმთავრები — კაპიტალისტები — ერთმანეთს ექიშპებიან, თუ ვინ დაითხოვს მრეწველობის მეტ ჯარისკაცს.
მართალია, ეკონომისტები მოგვითხრობენ, რომ მუშები, რომელნიც მანქანების შემწეობით ზედმეტი გახდნენ, მრეწველობის ახალ დარგს პოულობენო.
ისინი ვერ ბედავენ პირდაპირ დაამტკიცონ, რომ სწორედ ის მუშები, რომელნიც დაითხოვეს, შრომის ახალ დარგში ეწყობიან. ფაქტები ხმამაღლა ღაღადებენ ამ ტყუილის წინააღმდეგ. ისინი ამბობენ მხოლოდ, რომ მუშათა კლასის სხვა შემადგენელი ნაწილებისათვის, მაგალითად, ახალი თაობისთვის, რომელიც უკვე მზად იყო დაცემულ სამრეწველო დარგში შესასვლელად, ახალი სამოქმედო ასპარეზი იხსნებაო. რასაკვირველია, ეს დიდი ნუგეშია დათხოვნილი მუშებისთვის! ბატონ კაპიტალისტებს საექსპლოატაციო ხორცი და სისხლი არ მოაკლდებათ, მათ შეუძლიათ ნება დართონ მიცვალებულებს თვითონ დამარხონ თავიანთი მიცვალებულები. მაგრამ ეს ისეთი ნუგეშია, რომელსაც ბურჟუა უფრო თავის-თავს აძლევს, ვიდრე მუშებს. რა უბედურება იქნებოდა კაპიტალისთვის, რომელიც დაქირავებული შრომის გარეშე კაპიტალი არ არის, რომ დაქირავებული მუშების მთელი კლასი მანქანებს მოესპო!
მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მანქანების მიერ გაძევებული მუშები და ახალი თაობის მთელი ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოს უთვალთვალებდა, ახალ საქმეს პოულობს. განა დასაჯერებელია, რომ ეს ახალი სამუშაო ისევე კარგად დაჯილდოვდეს, როგორც დაკარგული სამუშაო ჯილდოვდებოდა? ეს ხომ ყველა ეკონომიური კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე მრეწველობის წყალობით მარტივი, მეორეხარისხოვანი შრომა მუდამ ცვლის რთულსა და პირველხარისხოვან შრომას.
როგორ შეუძლია, მაშასადამე, მუშათა მასას, რომელიც მანქანების წყალობით ერთი რომელიმე სამრეწველო დარგიდანაა გამოძევებული, მეორე დარგში იპოვოს თავშესაფარი, თუ ნაკლებ, უარეს ხელფასს არ დასჯერდა?
როგორც გამონაკლისი, იმ მუშების მაგალითი მოიყვანეს, რომლებიც თვით მანქანების წარმოებაში მუშაობენ. რაკი მრეწველობა მანქანებს მოითხოვს და ცვეთს, მანქანების რიცხვმა აუცილებლად უნდა მოიმატოს. ამასთან ერთად უნდა გაიზარდოს მანქანების წარმოებაში ჩაბმული მუშების რიცხვიო; ისინი კი გაწვრთნილი და, წარმოიდგინეთ, ნასწავლი მუშებიც კი არიანო.
1840 წლის შემდეგ ამ დებულებამ, რომელიც იმ დროისთვისაც მხოლოდ სანახევროდ იყო მართალი, ყოველი აზრი დაჰკარგა, ვინაიდან დღეს მანქანების საწარმოებლადაც ისეთივე მრავალგვარი მანქანები იხმარება, როგორც ბამბის ნართის საწარმოებლად, — და მანქანების წარმოებაში ჩაბმული მუშებიც ურთულეს მანქანებთან შედარებით უმარტივესი მანქანების როლს ასრულებენ.
მაგრამ მანქანის მიერ გაძევებული ერთი მამაკაცის მაგიერ შეიძლება ფაბრიკა სამ ბავშვს და ერთ ქალს ამუშავებდეს! და განა ერთი მამაკაცის ხელფასი საკმაო არ იყო სამი ბავშვისა და ცოლისათვის? განა ხელფასის მინიმუმი საკმაო არ უნდა იყოს მუშათა კლასის შესანახავად და გასამრავლებლად? რას ამტკიცებს, მაშასადამე, ეს ბურჟუაზიული ფრაზეოლოგია? მხოლოდ იმას, რომ ერთი მუშის ოჯახის შესანახად ახლა ოთხჯერ მეტი ადამიანის სიცოცხლე უნდა დაიხარჯოს, ვიდრე წინათ იხარჯებოდა.
დასკვნა შემდეგია: რამდენადაც უფრო იზრდება საწარმოო კაპიტალი, იმდენად უფრო ფართოვდება შრომის დანაწილება და მანქანების გამოყენება. რამდენადაც უფრო ფართოვდება შრომის დანაწილება და მანქანების გამოყენება, იმდენად უფრო მატულობს კონკურენცია მუშებს შორის, იმდენად უფრო მცირდება მათი ხელფასი.
ამას გარდა, მუშათა კლასის რაზმების შევსება ხდება საზოგადოების უფრო მაღალი წრეებიდანაც; პროლეტარდება მთელი მასა წვრილი მრეწველებისა და წვრილი რანტიებისა, რომელთაც არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მუშების ხელებთან ერთად თავიანთი ხელებიც ასწიონ მაღლა. ამრიგად, ეს ტყე ზევით ამართული მუშაობის მთხოვნელი ხელებისა თანდათან უფრო ხშირი ხდება, მხოლოდ თვით ხელები თანდათან უფრო მჭლევდებიან.
თავისთავად იგულისხმება, რომ წვრილ მრეწველს არ შეუძლია იმ ომის ატანა, რომელშიაც ერთი უპირველესი პირობათაგანია წარმოება სულ უფრო და უფრო გაფართოებული მასშტაბით, ე. ი. ის, რომ იყო სწორედ მსხვილი მრეწველი და არა წვრილი.
არც იმას სჭირდება დიდი ახსნა-განმარტება, რომ პროცენტი კაპიტალზე კლებულობს იმდენად, რამდენადაც კაპიტალების მასა და რიცხვი იზრდება, და წვრილ რანტიეს აღარ შეუძლია თავისი რენტით ცხოვრება. ამიტომ იგიც მრეწველობაში ებმება და წვრილი მრეწველების, და ამასთანავე პროლეტარიატის კანდიდატების რიცხვსაც ამრავლებს.
ბოლოს, იმავე ზომით, რა ზომითაც კაპიტალისტები, ზემოთ დახატული მოძრაობის წყალობით, იძულებული არიან არსებული უზარმაზარი საწარმოო საშუალებანი უფრო დიდი მასშტაბით გამოიყენონ და იმისთვის კრედიტის ყველა ძაფი აამოძრაონ, ხშირდება სამრეწველო მიწისძვრა, რომლის დროს მთელი სავაჭრო ქვეყანა მხოლოდ იმით ინარჩუნებს არსებობას, რომ სიმდიდრის, პროდუქტების და თვით საწარმოო ძალების ერთ ნაწილს ქვესკნელის ღმერთებს წირავს მსხვერპლად; ერთი სიტყვით, კრიზისები ხშირდება, ისინი უფრო ხშირი და მძაფრი ხდებიან იმის გამოც, რომ პროდუქტების მასის და გაფართოებული ბაზრის მოთხოვნილების ზრდასთან ერთად მსოფლიო ბაზარი თანდათან ვიწროვდება და ახალი საექსპლოატაციო ბაზრების რიცხვი კლებულობს, ვინაიდან თვითეულმა წინანდელმა კრიზისმა მანამდე დაუპყრობელი ანდა ზერელედ გამოყენებული ბაზრები მსოფლიო ბაზარს დაუმორჩილა. მაგრამ კაპიტალი მარტო შრომით როდი ცოცხლობს: როგორც კეთილშობილ და იმავდროულად ბარბაროს-მონათმფლობელს შეეფერება, ის საფლავშიაც იყოლებს თავისი მონების გვამებს — მუშათა მთელ ჰეკატომბებს, რომლებიც კრიზისების დროს იღუპებიან. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ: კაპიტალის ჩქარ ზრდასთან ერთად შეუდარებლად უფრო ჩქარა იზრდება კონკურენცია მუშებს შორის, ე. ი. მუშათა კლასისათვის მით უფრო მეტად კლებულობს შეფარდებით, როგორც შემოსავლის წყაროები, ისე საარსებო საშუალებანი; მაგრამ კაპიტალის ჩქარი ზრდა მაინც ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობაა დაქირავებული შრომისათვის.
[1] ე. ი. 1848 წ. 23-24 თებერვლის რევოლუცია პარიზში, 13 მარტისა — ვენაში და 18 მარტისა — ბერლინში. [რედაქცია].
[2] აქ ტერმინი „სამუშაო ძალა“ არაა ჩამატებული ენგელსის მიერ. იგი მოყვანილია ტექსტში, რომელიც მარქსმა „ახალი რაინის გაზეთში“ გამოაქვეყნა. [რედაქცია].