ფ. ენგელსი

ფ. ენგელსის შესავალი


დაწერილი: ლონდონი, 1891 წ. 30 აპრილი.
გამოქვეყნებული: 1891 წელს გამოცემული ბერლინში გამოსულ კ. მარქსის შრომის „დაქირავებული შრომა და კაპიტალის” ცალკე გამოცემისათვის.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი I, 1950 წ. [იბეჭდება 1891 წელს გამოცემული ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


წინამდებარე შრომა იბეჭდებოდა 1849 წლის 4 აპრილიდან ახალ რაინის გაზეთში[1] მთელი რიგი მოწინავე სტატიების სახით. მას საფუძვლად უდევს ის ლექციები, რომლებიც მარქსმა 1847 წელს ბრიუსელის გერმანელ მუშათა კავშირში წაიკითხა. მისი ბეჭდვა არ დამთავრებულა; გაზეთის N269-ში სტატიის დასასრულს ეწერა: „შემდეგი იქნებაო“, მაგრამ ეს შეუსრულებელი დარჩა სწრაფად განვითარებული ამბების გამო: უნგრეთში რუსები შეიჭრნენ, დრეზდენსა, იზერლონსა, ელბერფელდსა, პფალცსა და ბადენში აჯანყება მოხდა; ამ ამბებმა თვით გაზეთის დახურვაც გამოიწვია (1849 წლის 19 მაისს). მარქსის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაში ამ გაგრძელების ხელნაწერი არ აღმოჩნდა.

„დაქირავებული შრომა და კაპიტალი“ რამდენიმეჯერ გამოიცა ცალკე ანაბეჭდად, ბროშურის სახით, უკანასკნელად — 1884 წ., ჰეტინგენ-ციურიხს, „შვეიცარიის კოოპერატიულ სტამბაში“. ეს წინანდელი გამოცემები იძლეოდა ორიგინალის ზედმიწევნით სწორ ტექსტს. წინამდებარე ახალი გამოცემა, როგორც პროპაგანდისტული შრომა, უნდა გავრცელდეს არანაკლებ ათი ათასი ცალისა, და აი აქ ჩემს წინაშე დგება საკითხი, ცნობდა თუ არა თვით მარქსი მიზანშეწონილად ასეთ პირობებში ტექსტის უცვლელად გადმოღებას.

ორმოციან წლებში მარქსს ჯერ კიდევ არ ჰქონია დამთავრებული თავისი კრიტიკა პოლიტიკური ეკონომიისა. ეს მხოლოდ ორმოცდაათიან წლების ბოლოში მოხდა. ამიტომ ის ნაწერები, რომლებიც მისი შრომის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ პირველი რვეულის გამოსვლამდე (1859 წ.) დაიბეჭდა, ცალკეულ პუნქტებში განსხვავდება იმ ნაწერებისაგან, რომლებიც 1859 წ. შემდეგ გამოქვეყნდა, და ამასთანავე ისეთ გამოთქმებსა და მთელ წინადადებებს შეიცავს, რომლებიც ახლა მრუდედ და შემცდარადაც გვეჩვენება. თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვეულებრივს, ფართო მკითხველ საზოგადოებისათვის დანიშნულ გამოცემებში ამ წინანდელ თვალსაზრისს, რომელიც ავტორის გონებრივი განვითარების ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს, თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ როგორც ავტორს, ისე საზოგადოებას აუცილებლად უფლება აქვთ ამ ძველი ნაწერების უცვლელი გამოცემა იხილონ. მე სიზმარშიც არ მომივიდოდა აზრად, რომ ასეთ გამოცემისას აქ თუნდაც ერთი სიტყვა შემეცვალა.

სულ სხვაა, როცა ახალი გამოცემა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის მიზნებს უნდა ემსახუროს მუშათა წრეებში. ასეთ შემთხვევაში თვით მარქსი 1849 წელში დაბეჭდილ შრომას უსათუოდ თავის ახალ თვალსაზრისს შეუთანხმებდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სურვილის მიხედვით ვმოქმედებ, რომ ამ გამოცემაში ცოტაოდენი ცვლილებები და დამატებები შემაქვს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად ყველა არსებით მუხლში. ამიტომ მკითხველს წინდაწინვე ვეუბნები: ეს ბროშურა არაა სავსებით ისეთი, როგორიც მარქსმა 1849 წელს დაწერა, არამედ ისეთია, როგორსაც იგი დაახლოებით 1891 წ. დაწერდა. ამას გარდა ნამდვილი დედანი იმდენ ეგზემპლარად გავრცელდა, რომ ის სრულიად საკმაოა, სანამ შესაძლებლობა მექნება მომავალ სრულ გამოცემაში მას კიდევ უცვლელად დავბეჭდავდე.

ჩემ მიერ შეტანილი ყველა ცვლილება ერთიდაიმავე მუხლის გარშემო ტრიალებს. დედნის მიხედვით მუშა ჰყიდის კაპიტალისტზე თავის შრომას და მის ნაცვლად ღებულობს ხელფასს. ახლანდელი ტექსტის მიხედვით კი ის ჰყიდის თავის სამუშაო ძალას. მე ვალდებული ვარ ეს ცვლილება განვმარტო. უნდა განვუმარტო ეს მუშებს, რათა მათ დაინახონ, რომ აქ სიტყვის უბრალო თამაში კი არ არის, არამედ საქმე შეეხება მთელი პოლიტიკური ეკონომიის ერთ უმნიშვნელოვანეს მუხლს. განმარტება უნდა მივცე ბურჟუებს, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ გაუნათლებელი მუშები, რომელთათვისაც შეიძლება ძალიან ადვილად გასაგები გახადო უძნელესი ეკონომიური საკითხები, შეუდარებლად სჯობნიან ჩვენს კადნიერ „განათლებულებს“, რომელთათვის ეს რთული საკითხები მთელ სიცოცხლეში აუხსნელი რჩება.

კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ[2] სამრეწველო პრაქტიკიდან შეითვისა ფაბრიკანტის ზერელე წარმოდგენა, თითქო ის თავის მუშებისაგან ყიდულობდეს შრომას. ეს წარმოდგენა სრულიად საკმაო იყო ფაბრიკანტის წარმოების საჭიროებისათვის, ბუხჰალტერიისა და ფასების კალკულაციისათვის. მაგრამ, როცა ის გულუბრყვილოდ პოლიტიკურ ეკონომიაში გადაიტანეს, იქ უცნაური არევ-დარევა და შეცდომები გამოიწვია.

პოლიტიკურმა ეკონომიამ უპირველეს ყოვლისა შეამჩნია ის ფაქტი, რომ ყველა საქონლის ფასი და მათ შორის იმ საქონლის ფასიც, რომელსაც იგი „შრომას“ უწოდებს, შეუჩერებლივ იცვლება. ფასები იზრდებიან და ეცემიან მრავალი გარემოების გამო, რომელსაც თვით საქონლის წარმოებასთან ხშირად არავითარი კავშირი არ აქვს, და ისინი ჩვეულებრივად თითქო წმინდა შემთხვევაზე არიან დამოკიდებული. როგორც კი ეკონომია მეცნიერებად[3] გადაიქცა, მისი უპირველესი ამოცანა გახდა გამონახვა იმ კანონისა, რომელიც ერთი შეხედვით თითქო იმალებოდა საქონლის ფასებზე გაბატონებული შემთხვევის უკან, ხოლო ნამდვილად კი თვით ამ შემთხვევას განაგებს. საქონლის ფასების მუდმივ რყევაში და ხან ზევით და ხან ქვევით მოძრაობაში იგი ეძებდა მტკიცე ცენტრს, რომლის გარშემოც ხდებოდა ეს აწევ-დაწევა და რყევა. ერთი სიტყვით, ის გამოდიოდა საქონლის ფასებიდან, რათა მათი მომწესრიგებელი კანონი მოეძებნა საქონლის ღირებულებაში, რომლითაც შეიძლებოდა ახსნა ფასის ყველა რყევისა და რომელზედაც შეიძლებოდა ბოლოს მათი დაყვანა.

და აი კლასიკურმა ეკონომიამ აღმოაჩინა, რომ საქონლის ღირებულება მასში მოქცეული და მისი წარმოებისათვის საჭირო შრომით განისაზღვრება. იგი დაკმაყოფილდა ამ ახსნით, და ჩვენც შეგვიძლია ჯერჯერობით აქ შევჩერდეთ. მაგრამ მარტოოდენ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით უნდა განვაცხადო, რომ ეს ახსნა დღეს სრულებითაც არ არის საკმარისი. პირველად მხოლოდ მარქსმა გამოიკვლია საფუძვლიანად ღირებულების შემქმნელი შრომის თვისება და აღმოაჩინა, რომ არა ყოველი შრომა, რომელიც ერთი შეხედვით ანდა ნამდვილად აუცილებელია საქონლის წარმოებისათვის, უმატებს ყველა პირობებში ამ უკანასკნელს იმდენ ღირებულებას, რამდენიც დახარჯული შრომის რაოდენობას შეესაბამება. მაშასადამე, თუ დღეს ისეთ ეკონომისტებთან ერთად, როგორიც რიკარდოა, მოკლედ ვამბობთ, რომ საქონლის ღირებულება განისაზღვრება მის საწარმოებლად საჭირო აუცილებელი შრომით, ამ დროს ყოველთვის მარქსის მიერ გაკეთებულ შესწორებასაც ვგულისხმობთ. აქ ეს საკმარისია: ამ საგნის განხილვას მკითხველი უფრო ვრცლად იპოვის მარქსის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ (1859 წ.) და „კაპიტალის“ პირველ ტომში.

მაგრამ, როცა ეკონომისტებმა ღირებულების შრომით განსაზღვრა გამოიყენეს საქონელ „შრომაზე“, ისინი მთელ რიგ წინააღმდეგობათა ქსელში გაებნენ. რითი განისაზღვრება „შრომის“ ღირებულება? მასში მოქცეული აუცილებელი შრომით. მაგრამ რამდენი შრომაა მოქცეული მუშის ერთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, ერთი წლის შრომაში? ერთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, ერთი წლის შრომა. თუ შრომა ყველა ღირებულების საზომია, „შრომის ღირებულებაც“ მხოლოდ შრომაში შეგვიძლია გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ სრულებით არაფერი არ ვიცით ერთი საათის შრომის ღირებულების შესახებ, თუ ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ერთი საათის შრომას უდრის. ამრიგად ეს ოდნავადაც არ გვაახლოებს მიზანს. მხოლოდ მოჯადოებულ წრეშე ვტრიალებთ.

მაშინ კლასიკური ეკონომია შეეცადა საკითხი ცოტათი შეებრუნებია. მან სთქვა: საქონლის ღირებულება უდრის მისი წარმოების ხარჯებს. მაგრამ რა არის შრომის წარმოების ხარჯები? რათა ამ კითხვაზე პასუხი გაეცათ, ეკონომისტებს მცირეოდენი ძალდატანება უნდა ეხმარათ ლოგიკის წინააღმდეგ. თვით შრომის წარმოების ხარჯების მაგივრად, რომელთა მოძებნა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ისინი იკვლევდნენ მუშის საწარმოო ხარჯებს. ხოლო ამის გამორკვევა კი შესაძლებელია. ეს ხარჯები იცვლება დროსა და გარემოების მიხედვით, მაგრამ განსაზღვრული საზოგადოებრივი მდგომარეობისა, განსაზღვრული ადგილისა, განსაზღვრული წარმოების დარგისთვის ისინიც განსაზღვრული არიან, ყოველ შემთხვევაში მოცემულ საკმაოდ ვიწრო ფარგლებში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კაპიტალისტური წარმოების ბატონობის ქვეშ: მოსახლეობის ერთ დიდ კლასს, რომელიც შეუჩერებლად იზრდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია არსებობა, თუ იგი იმუშავებს ხელფასის მიღების მიზნით წარმოების საშუალებების, ე. ი. იარაღების, მანქანების, ნედლი მასალის და საარსებო საშუალებათა მეპატრონეებისათვის. ამ წარმოების წესის საფუძველზე მუშის საწარმოო ხარჯები საარსებო საშუალებათა იმ ჯამს ანუ მათ იმ ფულად ფასს უდრის, რომელიც საშუალოდ საჭიროა იმისთვის, რომ ის შრომის უნარიანი გახდეს, რომ მან შრომის უნარი შეინარჩუნოს, ხოლო თუ დაავადმყოფდა, დაბერდა ან მოკვდა, სხვა მუშამ შეცვალოს; ერთი სიტყვით, მუშათა კლასის საჭირო რიცხვის არსებობა და გამრავლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. წარმოვიდგინოთ, რომ ამ საარსებო საშუალებათა ფულადი ფასი საშუალოდ დღეში 3 მარკას უდრის.

ამგვარად, ჩვენი მუშა თავის დამქირავებელი კაპიტალისტისაგან ქირად 3 მარკას ღებულობს დღეში; ხოლო კაპიტალისტი ამისათვის მას, ვთქვათ, დღეში თორმეტ საათს ამუშავებს. ეს კაპიტალისტი დაახლოებით შემდეგნაირად ანგარიშობს:

დავუშვათ, რომ ჩვენი მუშა — მექანიკოს-ზეინკალი მანქანის ერთ ნაწილს ამზადებს დღეში. ნედლი მასალა — რკინა და თითბერი — აუცილებელი წინასწარ მომზადებული სახით — 20 მარკა ღირს. ორთქლის მანქანის მიერ დახარჯული ნახშირი, გაცვეთა თვით ამ მანქანისა, დაზგისა და სხვა იარაღებისა, რომლებითაც მუშაობს ჩვენი მუშა, დღეში ერთი მარკის ღირებულებას წარმოადგენს, ერთი დღის ხელფასი, ჩვენი ვარაუდით, 3 მარკას უდრის. მაშასადამე, მანქანის ნაწილი მთლიანად 24 მარკა ჯდება. მაგრამ კაპიტალისტი ანგარიშობს, რომ მასში თავისი მუშტრისაგან საშუალოდ 27 მარკას მიიღებს, ე. ი. გაწეულ ხარჯზე 3 მარკით მეტს.

საიდან წარმოდგება ეს 3 მარკა, რომელსაც კაპიტალისტი იჯიბავს? კლასიკური ეკონომია ამტკიცებს: საქონელი საშუალოდ მისი ღირებულების მიხედვით იყიდება, ე. ი. იმ ფასად, რომელიც ამ საქონელში მოთავსებულ აუცილებელ შრომის რაოდენობას შეესაბამებაო. ამრიგად, ჩვენი მანქანის ნაწილის საშუალო ფასი (27 მარკა) მისი ღირებულების თანაბარი, მასში მოქცეული შრომის თანაბარი იქნებოდა. მაგრამ ამ 27 მარკიდან 21 მარკა წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელიც უკვე არსებობდა, სანამ ჩვენი მემანქანე-ზეინკალი დაიწყებდა მუშაობას. 20 მარკა მოქცეულია ნედლ მასალაში, 1 მარკაც იმ ნახშირში, რომელიც მუშაობის დროს დაიწვა, ან იმ მანქანებსა და იარაღებში, რომელნიც ამ დროის განმავლობაში მოხმარებულ იქნენ და რომელთა მოქმედების უნარიანობა შემცირდა აღნიშნული ღირებულების ოდენობით. რჩება 6 მარკა, რომელიც ნედლი მასალის ღირებულებას მიემატა. მაგრამ ეს 6 მარკა ჩვენი ეკონომისტების მიხედვით შეიძლება წარმომდგარიყო მხოლოდ იმ შრომიდან, რომელიც ჩვენმა მუშამ ნედლ მასალას მიუმატა. ამრიგად, მისმა თორმეტი საათის შრომამ შექმნა ახალი ღირებულება, 6 მარკის თანაბარი. მაშასადამე, მისი თორმეტი საათის შრომის ღირებულება 6 მარკის თანაბარი იქნებოდა, და ამგვარად, ჩვენ, ბოლოს, აღმოვაჩენდით, თუ რა არის „შრომის ღირებულება“.

„შესდეგ!“ — იძახის ჩვენი მექანიკოს-ზეინკალი. — „ექვსი მარკა? მე ხომ მხოლოდ სამი მარკა მივიღე! ჩემი კაპიტალისტი ფიცულობს, რომ ჩემი თორმეტი საათის მუშაობის ღირებულება სამი მარკაა, და სასაცილოდ ამიგდებს, თუ ექვსი მარკა მოვთხოვე. როგორ უნდა შევათანხმოთ ეს?“

თუ წინათ ჩვენ შრომის ღირებულებით მოჯადოებულ წრეში შევედით, ახლა პირდაპირ გადაუჭრელ წინააღმდეგობათა ხლართში ვვარდებით. შრომის ღირებულებას ვეძებდით და იმაზე მეტი ვიპოვეთ, რაც გვესაჭიროებოდა. მუშისთვის 12-საათიანი შრომის ღირებულება სამი მარკაა, კაპიტალისტისთვის კი ექვსი მარკა, საიდანაც სამ მარკას მუშას აძლევს ხელფასის სახით, ხოლო სამს ჯიბეში იდებს. ასე რომ შრომას ერთი კი არა, ორი და მასთანავე სრულიად განსხვავებული ღირებულება ჰქონია!

წინააღმდეგობა კიდევ უფრო უაზრო გახდება, თუ ფულში გამოხატულ ღირებულებას სამუშაო დროში გამოვხატავთ. შრომა თორმეტი საათის განმავლობაში ექვსი მარკის ახალ ღირებულებას ქმნის. მაშასადამე ექვს საათში შექმნის სამ მარკას, ე. ი. იმ თანხას, რომელსაც მუშა თორმეტი საათის შრომისათვის იღებს. თორმეტი საათის შრომისათვის მუშა, ექვივალენტის სახით, ექვსი საათის შრომის ნაწარმოებს ღებულობს. ამრიგად, ორში ერთი: ან შრომას ორი ღირებულება ჰქონია და ერთი მათგანი ორჯერ მეტია მეორეზე, ანდა თორმეტი უდრის ექვსს — ორივე შემთხვევაში სრული უაზრობა გამოდის.

რამდენიც არ უნდა ვიტრიალოთ და ვიხტუნოთ, ჩვენ ამ წინააღმდეგობას თავს ვერ დავაღწევთ, სანამ ლაპარაკი გვექნება შრომის ყიდვა-გაყიდვასა და შრომის ღირებულებაზე. ასე დაემართათ ეკონომისტებსაც. კლასიკური ეკონომიის უკანასკნელი შტო, რიკარდოს სკოლა, უმთავრესად ამ წინააღმდეგობის გადაუჭრელობის წყალობით დამარცხდა. კლასიკური ეკონომია ჩიხში მოექცა. ადამიანი, რომელმაც გამოსავალი გზა უჩვენა ამ ჩიხიდან, კარლ მარქსი იყო.

ის, რასაც ეკონომისტები „შრომის“ საწარმოო ხარჯებად თვლიდნენ, იყო საწარმოო ხარჯები არა შრომისა, არამედ თვით ცოცხალი მუშისა. ის, რასაც მუშა კაპიტალისტზე ჰყიდდა, მისი შრომა როდი იყო. „როგორც კი მუშის შრომა ნამდვილად იწყება, — ამბობს მარქსი, — იგი მას აღარ ეკუთვნის და, მაშასადამე, აღარც შეუძლია გაჰყიდოს“. ასე რომ მას, უკეთეს შემთხვევაში, შეუძლია თავისი მომავალი შრომა გაჰყიდოს, ე. ი. ვალდებულება იკისროს, რომ განსაზღვრულ დროში განსაზღვრულ მუშაობას შეასრულებს. მაგრამ ამით იგი თავის შრომას კი არ ჰყიდის (რომელიც უნდა დაიწყოს მხოლოდ მომავალში), არამედ კაპიტალისტს განსაზღვრული დროთი (დღიური ხელფასის დროს), ან განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად (სანაჭრო ხელფასის დროს) თავის სამუშაო ძალას აძლევს. ის აქირავებს ანუ ჰყიდის თავის სამუშაო ძალას. სამუშაო ძალა კი მის პიროვნებასთან არის შედუღებული და მისგან გამოყოფა შეუძლებელია. ამიტომ სამუშაო ძალისა და მისი პიროვნების საწარმოო ხარჯები ერთი და იგივეა; ის, რასაც ეკონომისტები შრომის წარმოების ხარჯებს უწოდებენ, ნამდვილად სწორედ მუშისა და მისი სამუშაო ძალის საწარმოო ხარჯებია. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ძალის საწარმოო ხარჯებიდან სამუშაო ძალის ღირებულებაზე გადავიდეთ და გამოვარკვიოთ, თუ რამდენი საზოგადოებრივად აუცილებელი შრომაა საჭირო განსაზღვრული თვისების სამუშაო ძალის აღსადგენად, როგორც ეს მარქსმა მოიმოქმედა იმ განყოფილებაში, რომელიც სამუშაო ძალის ყიდვასა და გაყიდვას შეეხება (“კაპიტალი”, ტომი I, განყოფილება 3, თავი 4).

რაღა ხდება მაშინ, როცა მუშა კაპიტალისტზე თავის სამუშაო ძალას ყიდის, ე. ი. მის განკარგულებაში გადასცემს მას წინდაწინვე შეთანხმებული ხელფასის მიხედვით, დღიური იქნება ის თუ სანაჭრო? კაპიტალისტს მიჰყავს მუშა თავის სახელოსნოსა ან ფაბრიკაში, სადაც ყველა საჭირო საგანი მოიპოვება: ნედლი მასალა, დამხმარე მასალა (ნახშირი, საღებავები და სხვ.), იარაღები, მანქანები. აქ მუშა სამუშაოს ჰკიდებს ხელს. მისი დღიური ხელფასი, როგორც ვთქვით, სამ მარკას უდრის; ამასთანავე სულერთია, დღიურად მუშაობს იგი თუ ნაჭრობით. ჩვენ ვგულისხმობთ აგრეთვე იმასაც, რომ მუშა თორმეტი საათის განმავლობაში გამოყენებულ ნედლ მასალას 6 მარკის ახალ ღირებულებას უმატებს, რომელსაც კაპიტალისტი დამზადებული ნაწარმოების გაყიდვის დროს ანაღდებს. აქედან მუშას მის სამ მარკას აძლევს, ხოლო დანარჩენ სამ მარკას თვითონ ინარჩუნებს. ხოლო თუ მუშა თორმეტი საათის განმავლობაში 6 მარკის ღირებულებას ქმნის, ექვს საათში 3 მარკისას შექმნის. მაშასადამე, გამოდის, რომ მან კაპიტალისტს ექვსი საათის განმავლობაში კიდეც აუნაზღაურა ღირებულება, რომელიც უდრის სამ მარკას, ე. ი. ხელფასს. ექვსი საათის მუშაობის შემდეგ მუშა და კაპიტალისტი გაქვითული არიან, ერთიმეორესი გროშიც აღარ მართებთ.

„შესდეგ!“ — იძახის ახლა კაპიტალისტი. — „მე მუშა მთელი დღით, თორმეტი საათით, ვიქირავე. ექვსი საათი მხოლოდ ნახევარი დღეა. მაშ, კიდევ იმუშავე, სანამ მეორე ექვსი საათიც არ გავა, მხოლოდ მაშინ ვიქნებით გაქვითული“.

და მუშა მართლაც იძულებულია თავის „ნებაყოფლობით“ დადებული ხელშეკრულება შეასრულოს, რომლის მიხედვითაც მან ვალდებულება აიღო შრომის პროდუქტისათვის, რომელიც ექვსი სამუშაო საათი ღირს, სრული თორმეტი იმუშაოს.

ნაჭრობით მუშაობის დროს პირდაპირ ასე ხდება. დავუშვათ, რომ ჩვენი მუშა თორმეტ საათში თორმეტ ნაჭერ საქონელს ამზადებს. თვითეული ნაჭერი, ნედლი მასალის ხარჯებისა და მანქანების გაცვეთის ჩათვლით, 2 მარკა ჯდება, ხოლო იყიდება 2½ მარკად. მაშასადამე, ამ შემთხვევაში კაპიტალისტი მუშას ნაჭერში 25 პფენიგს აძლევს, რაც თორმეტ ნაჭერზე სამ მარკას შეადგენს, რის მისაღებადაც მუშას თორმეტი საათი სჭირდება. კაპიტალისტი თორმეტ ნაჭერს 30 მარკად ჰყიდის. თუ 24 მარკა მანქანების გაცვეთის და ნედლი მასალის ხარჯად გამოვედით, 6 მარკა დაგვრჩება, საიდანაც კაპიტალისტი 3 მარკას მუშას მისცემს, ხოლო 3 მარკას ჯიბეში ჩაიდებს, სწორედ ისევე, როგორც ზევით იყო. აქაც მუშა ექვს საათს თავისთვის მუშაობს, ე. ი. თავის ხელფასს ანაზღაურებს (თვითეულ საათში ნახევარ საათს), ხოლო ექვს საათს კაპიტალისტისთვის.

ის სიძნელე, რომელზედაც საუკეთესო ეკონომისტები მარცხდებოდნენ, სანამ „შრომის“ ღირებულებიდან გამოდიოდნენ, მაშინვე ქრება, როგორც კი მის ადგილას გამოსავალ წერტილად „სამუშაო ძალის“ ღირებულებას მივიღებთ. ჩვენს თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში სამუშაო ძალა ისეთივე საქონელია, როგორც ყოველი სხვა საქონელი, თუმცა იგი მაინც განსაკუთრებული საქონელია: სახელდობრ, მას აქვს განსაკუთრებული თვისება, ღირებულების შემქმნელი ძალა. იგი ღირებულების წყაროა და სათანადო გამოყენებაა საჭირო, რომ მეტი ღირებულება შექმნას, ვიდრე თვით მას აქვს. წარმოების დღევანდელ პირობებში ადამიანის სამუშაო ძალა ერთი დღის განმავლობაში არა მარტო მეტ ღირებულებას ქმნის, ვიდრე თვით მას აქვს, და ვიდრე იგი ღირს; ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ყოველი ახალი ტექნიკური გამოგონება ზრდის ამ მისი დღიური ნაწარმოების სიჭარბეს სამუშაო ძალის აღსადგენ ხარჯებთან შედარებით, ამცირებს სამუშაო დღის იმ ნაწილს, რომლის განმავლობაში მუშა თავისი დღიური ხელფასის სანაზღაუროს ქმნის, და აგრძელებს იმ ნაწილს, რომლის განმავლობაში მან კაპიტალისტს თავისი შრომა უნდა აჩუქოს, ისე რომ არავითარი სანაზღაურო არ მიიღოს.

და ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ეკონომიური წესწყობილება. მხოლოდ მუშათა კლასი ქმნის ყოველგვარ ღირებულებას. ვინაიდან ღირებულება მხოლოდ სხვა გამოთქმაა შრომის გამოსახატავად, ის გამოთქმა, რომლის შემწეობით ჩვენს დღევანდელ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ამა თუ იმ საქონელში მოთავსებული საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის რაოდენობა იხატება. მაგრამ მუშების მიერ შექმნილი ღირებულება მუშებს როდი ეკუთვნის. ის ეკუთვნის ნედლი მასალის, მანქანების და იარაღებისა და თავისუფალი თანხების პატრონებს, რაც საშუალებას აძლევს ამ მესაკუთრეებს იყიდონ მუშათა კლასის სამუშაო ძალა. ამრიგად, მის მიერ შექმნილ ნაწარმოებთა მასიდან მუშათა კლასი მხოლოდ ერთ ნაწილს ღებულობს. და როგორც ზემოთ დავინახეთ, მეორე ნაწილი, რომელსაც კაპიტალისტების კლასი თავისთვის ინარჩუნებს და, უკიდურეს შემთხვევაში, მემამულეების კლასს უნაწილებს, ყოველი ახალი გამოგონებისა და აღმოჩენის წყალობით იზრდება, მაშინ როცა მუშათა კლასის კუთვნილი ნაწილი (თუ სულზე ვიანგარიშებთ) ან მეტად ნელა და უმნიშვნელოდ იზრდება, ან სულაც არ იზრდება და განსაზღვრულ პირობებში შეიძლება კიდეც შემცირდეს.

მაგრამ ეს აღმოჩენანი და გამოგონებანი, რომელნიც სულ უფრო აჩქარებულად იკავებენ ერთიმეორის ადგილს, ადამიანის შრომის ეს დღემდე წარმოუდგენელი ნაყოფიერება ბოლოს ისეთ კონფლიქტს ქმნის, რომ დღევანდელი კაპიტალისტური მეურნეობა უნდა დაემხოს. ერთი მხრით ვხედავთ განუზომელ სიმდიდრეს და სიჭარბეს პროდუქტთა, რომელთაც მყიდველები ვერც კი ერევიან. მეორე მხრით საზოგადოების დიდი ნაწილი პროლეტარდება, დაქირავებულ მუშებად იქცევა და სწორედ ამიტომ ჰკარგავს შესაძლებლობას ეს უამრავი პროდუქტი შეიძინოს. ხდება საზოგადოების დაყოფა ორ ნაწილად: ერთი, პატარა ნაწილი, არაჩვეულებრივად მდიდარია, ხოლო მეორე, დიდი ნაწილი, არაფრის მქონე დაქირავებული მუშების კლასს წარმოადგენს; ეს საზოგადოება საკუთარ ნივთიერ სიჭარბის გამო იხრჩობა მაშინ, როცა მისი წევრების უმრავლესობა მხოლოდ ოდნავად არის ან სავსებით არ არის დაცული უკიდურესი გაჭირვებისაგან. ასეთი მდგომარეობა თანდათან უფრო უაზრო და ზედმეტი ხდება. იგი უნდა მოისპოს, იგი შესაძლებელია მოისპოს. შესაძლებელია ახალი საზოგადოებრივი წესწყობილება, რომელშიც დღევანდელი კლასობრივი განსხვავება გაქრება, და სადაც — შესაძლოა მოკლე, ცოტა არ იყოს შეჭირვებულ, მაგრამ ზნეობრივად მეტად სასარგებლო გარდამავალი ხანის შემდეგ — ადამიანები გეგმის მიხედვით გამოიყენებენ და განავითარებენ უკვე არსებული საზოგადოების ყველა წევრთა უზარმაზარ საწარმოო ძალებს; ასე რომ, თუ მუშაობა საზოგადოების ყველა წევრისთვის სავალდებულო იქნება, სამაგიეროდ ყველას თანასწორად და თანდათანობით გადიდებული რაოდენობით მიეცემა საშუალება ცხოვრებისა, დატკბობისა, ხორციელი და სულიერი ნიჭის განვითარებისა და ამოძრავებისათვის. ხოლო იმის მოწმობას, რომ მუშებს გადაწყვეტილი აქვთ ეს ახალი წესწყობილება ბრძოლით მოიპოვონ, ოკეანის ორივე ნაპირზე ხვალინდელი პირველი მაისი და კვირა დღე, 3 მაისი მოგვცემს[4].

ფრიდრიხ ენგელსი.


[1] „Neue Rheinische Zeitung“ — გამოდიოდა კელნში 1848 წლის 1 ივნისიდან 1849 წლის 14 აგვისტომდე. მისი მთავარი რედაქტორი იყო მარქსი. [რედაქცია].

[2] „კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიად, — წერს მარქსი „კაპიტალში“ — მე ვგულისხმობ მთელ იმ პოლიტიკურ ეკონომიას, რომელიც, დაწყებული უ. პეტით, იკვლევს ბურჟუაზიული წარმოებითი ურთიერთობის შინაგან კავშირს, წინააღმდეგ ვულგარული ეკონომიისა“. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის უდიდესი წარმომადგენლები ინგლისში იყვნენ ა. სმიტი და დ. რიკარდო. [რედაქცია].

[3] პოლიტიკური ეკონომია, ამ ცნების ვიწრო გაგებით, რამდენიმე გენიოსი ადამიანის თავში წარმოიშვა XVII საუკუნის დასასრულს, მაგრამ რადგან მისი პოზიტიური ჩამოყალიბება დემოკრატებისა და ადამ სმიტის წყალობით მოხდა, იგი მაინც არსებითად XVIII საუკუნის ქმნილებაა (ფ. ენგელსი, ანტი-დიურინგი, 1933, გვ. 120). [რედაქცია].

[4] ინგლისის ტრედ-უნიონები დღესასწაულობდნენ საერთაშორისო პროლეტარიატის დღეს პირველი მაისის შემდგომ უახლოეს კვირას, რომელიც 1891 წელს 3 მაისს დაემთხვა. [რედაქცია].