კარლ მარქსი

ბურჟუაზია და კონტრრევოლუცია

სტატია მეორე


დაწერილი: 11 დეკემბერი, 1848 წ.
გამოქვეყნებული: 15 დეკემბერს, 1848 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: ბურჟუაზია და კონტრრევოლუცია, Neue Rheinische Zeitung, ხელმოუწერლად, 1848 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


როდესაც მარტის წარღვნამ — ამ მინიატურულმა წარღვნამ გადაიარა, ბერლინის მიწის ზედაპირზე მან დატოვა არა ბუმბერაზები, არა რევოლუციური ტიტანები, არამედ ძველი ყაიდის ქმნილებანი, ჯუჯა ბურჟუაზიული ფიგურები — შეერთებული ლანდტაგის ლიბერალები, პრუსიის შეგნებული ბურჟუაზიის წარმომადგენლები. პროვინციებმა, რომელთაც ყველაზე უფრო განვითარებული ბურჟუაზია გააჩნდა, — რაინის პროვინციამ და სილეზიამ, — შესძლო ახალ სამინისტროებში მთავარი კონტინგენტის წარგზავნა. მათ მისდევდა მთელი წყება რაინის იურისტებისა. იმდენად, რამდენადაც ფეოდალები უკანა რიგში სწევდნენ ბურუჟუაზიას, რაინის პროვინციამ და სილეზიამ ძველ პრუსიულ პროვინციებს დაუთმო ადგილი სამინისტროებში. ბრანდენბურგის სამინისტრო მარტოოდენ ერთი ელბერფელდელი ტორის მეშვეობითღა არის რაინის პროვინციასთან დაკავშირებული. ჰანზემანი და ფონ დერ ჰაიდტი! ამ ორ სახელშია პრუსიის ბურჟუაზიისთვის მთელი განსხვავება 1848 წლის მარტსა და დეკემბერს შორის!

პრუსის ბურჟუაზია სახელმწიფოებრივი ხელისუფლების მწვერვალებზე იქნა ატყორცნილი, მაგრამ არა ისე, როგორც მას სურდა: გვირგვინთან მშვიდობიანი გარიგების გზით, არამედ რევოლუციის მიერ. ამიერიდან მას თავისი საკუთარი ინტერესები კი არ უნდა დაეცვა გვირგვინისაგან, ე. ი. თავისთავისაგან, რადგან გვირგვინი ბურჟუაზიის თვალში წარმოადგენდა იმ ღვთაებრივ საბურველს, რომლის უკან მას უნდა დაემალა თავისი მიწიერი ინტერესები, — არამედ თავისთავისაგან, რადგან სახალხო მოძრაობამ გაუკვლია მას გზა ხელისუფლებისაკენ. შეუვალობა ბურჟუაზიის საკუთარი ინტერესებისა, და ამ ინტერესების შესაბამის პოლიტიკური ფორმებისა კონსტიტუციურ ენაზე გადმოთარგმნით ნიშნავდა გვირგვინის შეუვალობას. აქედან გერმანელი და განსაკუთრებით კი პრუსიის ბურჟუაზიის ოცნება კონსტიტუციურ მონარქიაზე. ამიტომ, თუმცა თებერვლის რევოლუცია თავისი გამოძახილითურთ გერმანიაში მეტად ხელსაყრელი იყო პრუსიის ბურჟუაზიისათვის, რადგან მისი წყალობით პრუსიის ბურჟუაზიას ჩაუვარდა ხელთ სახელმწიფო საჭე, მაგრამ ამასთანავე ამ რევოლუციამ აურ-დაურია მას ანგარიშები, რადგან ამიერიდან პრუსიის ბურჟუაზიის ბატონობა დაკავშირებული იყო ისეთ პირობებთან, რომელთა შესრულება მას არც უნდოდა და არც შეეძლო.

ბურჟუაზიას ხელი არ გაუნძრევია. მისთვის ბრძოლა მან ხალხს მიანება. ამიტომ ძალაუფლება, რომელიც მას მიართვეს, იყო არა მტერზე გამარჯვებული სარდლის ძალაუფლება, არამედ ძალაუფლება უშიშროების კომიტეტისა, რომელსაც ძლევამოსილმა ხალხმა თავისი ინტერესების დაცვა მიანდო.

კამპჰაუზენი კიდევ გრძნობდა ამგვარი მდგომარეობის მთელ უხერხულობას და მისი სამინისტროს მთელი სისუსტეც გამომდინარეობს სწორედ ამ გრძნობისა და აგრეთვე იმ პირობებისაგან, რომლებმაც იგი გამოიწვიეს. ამიტომ სირცხვილის ერთგვარი სიწითლე გადაჰკრავს მისი მთავრობის ყველაზე უტიფარ აქტებს. აშკარა ურცხვობა და თავხედობა წარმოადგენდა ჰანზემანის პრივილეგიას. წითელი ელფერი ქმნის ერთადერთ განსხვავებას ორივე ამ მხატვარს შორის.

არ უნდა ავურიოთ მარტის რევოლუცია პრუსიაში არც ინგლისის 1648 წლისა და არც საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციებში.

1648 წლის რევოლუციაში ბურჟუაზია ახალ თავადაზნაურობასთან კავშირში იბრძოდა მონარქიის, ფეოდალური თავადაზნაურობისა და გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ.

1789 წლის რევოლუციაში ბურჟუაზია ხალხთან კავშირში იბრძოდა მონარქიის, თავადაზნაურობის და გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ.

1789 წლის რევოლუციას თავის პირველსახედ (ყოველ შემთხვევაში ევროპაში) მარტოოდენ 1648 წლის რევოლუცია ჰქონდა. 1648 წლის რევოლუციას — მხოლოდ ნიდერლანდების აჯანყება ესპანეთის წინააღმდეგ. ორივე რევოლუციამ მთელი საუკუნით გაუსწრო თავის პირველსახეს არა მარტო დროის, არამედ შინაარსის მიხედვითაც.

ორივე რევოლუციაში ბურჟუაზია იყო ის კლასი რომელიც ნამდვილად ედგა მოძრაობას სათავეში. პროლეტარიატს და ქალაქის მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ ბურჟუაზიას, ან არ გააჩნდათ ჯერჯერობით ბურჟუაზიისაგან განცალკევებული ინტერესები, ანდა ისინი არ შეადგენდნენ დამოუკიდებლად განვითარებულ კლასებსა თუ კლასთა ნაწილს. ამიტომ იქაც კი, სადაც ისინი ბურჟუაზიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგალითად, 1793 და 1794 წწ. საფრანგეთში, ისინი იბრძოდნენ მხოლოდ ბურჟუაზიის ინტერესების განხორციელებისათვის, თუმცა არაბურჟუაზიული წესებით. საფრანგეთის მთელი ტერორიზმი სხვა არა იყო რა, თუ არ ბურჟუაზიის მტრებთან, აბსოლუტიზმთან, ფეოდალიზმთან და მეშჩანობასთან პლებეური საშუალებით გასწორება.

1648 წლის და 1789 წლის რევოლუციები არ იყო ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციები, ისინი ევროპული ყაიდის რევოლუციები იყვნენ. ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოების გარკვეული კლასის გამარჯვებას ძველ პოლიტიკურ წყობილებაზე: ისინი აცხადებდნენ პოლიტიკურ წყობილებას ევროპის ახალი საზოგადოებისათვის. ბურჟუაზიამ გაიმარჯვა ამ რევოლუციებში; მაგრამ ბურჟუაზიის გამარჯვება ნიშნავდა მაშინ ახალი საზოგადოებრივი წყობილების გამარჯვებას, ბურჟუაზიული საკუთრების გამარჯვებას ფეოდალურზე, ერის გამარჯვებას პროვინციალიზმზე, გამარჯვებას კონკურენციისა — ამქრებზე, საკუთრების განაწილებისა — მაიორატზე, მესაკუთრისადმი მიწის დამორჩილებისა — მიწისა მესაკუთრის დამორჩილებაზე, განათლებისა — ცრუმორწმუნეობაზე, ოჯახისა — გვარზე, მრეწველობისა — გმირულ სიზარმაცეზე, ბურჟუაზული სამართლისა — შუასაუკუნეობრივ პრივილეგიებზე. 1648 წლის რევოლუცია იყო მე-17 საუკუნის გამარჯვება მე-16 საუკუნეზე, 1789 წლის რევოლუცია იყო მე-18 საუკუნის გამარჯვება მე-17-ზე. ეს რევოლუციები მთელი იმდროინდელი მსოფლიოს მოთხოვნილებებს უფრო გამოხატავდნენ, ვიდრე სამყაროს იმ ნაწილებისას, სადაც ისინი მიმდინარეობდნენ, ე. ი. ინგლისისა და საფრანგეთისა.

პრუსიის მარტის რევოლუციაში მსგავსი არაფერი ყოფილა. — თუ თებერვლის რევოლუციამ გააუქმა კონსტიტუციური მონარქია საქმით, ხოლო ბურჟუაზიის ბატონობა იდეაში, მარტის რევოლუციას პრუსიაში უნდა დაემყარებინა კონსტიტუციური მონარქია იდეაში, და ბურჟუაზიის ბატონობა საქმით. მეტად დაშორებული იმას, რომ ყოფილიყო ევროპის რევოლუცია, იგი წარმოადგენდა ევროპის რევოლუციის მარტოოდენ უბადრუკ გამოძახილს ჩამორჩენილ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ წინ გაესწრო თავისი საუკუნისათვის, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტით ჩამორჩებოდა თავის ეპოქას. იგი იმთავითვე მეორადი მოვლენა იყო, მაგრამ ცნობილია, რომ შებრუნებული ავადმყოფობანი უფრო ძნელად განსაკურნავია და ამავე დროს უფრო მეტად არღვევენ ორგანიზმს, ვიდრე პირველი დაავადება. საქმე ეხებოდა არა ახალი საზოგადოების შექმნას, არამედ ბერლინში იმ საზოგადოების აღდგენას, რომელიც პარიზში გარდაიცვალა. მარტის რევოლუცია პრუსიაში ნაციონალურიც, გერმანულიც კი არ ყოფილა. იგი იმთავითვე პროვინციალური, პრუსიული იყო. ვენის, კასელის, მიუნხენის და ყველა სხვა ჯურის პროვინციალური აჯანყებები მასთან ერთად მიმდინარეობდნენ და პირველობასაც ეცილებოდნენ მას.

იმ დროს, როდესაც 1648 და 1789 წლების რევოლუციები აღსავსე იყვნენ საკუთარი ღირსების უსაზღვრო გრძნობით, რადგანაც ისინი შემოქმედების გვირგვინს წარმოადგენდნენ, ბერლინელთა პატივმოყვარეობა 1848 წელს იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ანაქრონიზმს წარმოადგენდნენ. მათი შუქი ემსგავსებოდა შორეულ ვარსკვლავთა სინათლეს, რომელიც ჩვენამდე, დედამიწის მცხოვრებლებამდე, აღწევს მისი გამომსხივებელი ვარსკვლავის ჩაქრობიდან 100 000 წლის შემდეგ. მარტის რევოლუცია პრუსიაში წარმოადგენდა ასეთ მცირე, — როგორც საერთოდ ყოველივეს მცირე ზომით წარმოგვიდგენდა იგი, — ვარსკვლავს ევროპისათვის; მისი სინათლე იყო უკვე დიდი ხნის გახრწნილი საზოგადოების მიერ გამოსხივებული სინათლე.

გერმანული ბურჟუაზია ისე დუნედ, ისე ლაჩრულად და ნელა ვითარდებოდა, რომ, იმ მომენტში, როდესაც იგი მტრულად უპირისპირდებოდა ფეოდალიზმსა და აბსოლუტიზმს, ასევე მტრულად დაპირისპირებული აღმოჩნდა პროლეტარიატისა და ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის მიმართაც, რომელთა ინტერესები და იდეები პროლეტარიატს ენათესავებოდნენ. პრუსიის ბურჟუაზიამ არა მარტო მის უკან დაინახა მტრულად განწყობილი კლასი, არამედ თავის წინაშეც მთელი ევროპა. პრუსიის ბურჟუაზია არ ჰგავდა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟუაზიას, იგი არ იყო ისეთი კლასი, რომ მთელი ახალი საზოგადოების სახელით დაპირისპირებოდა ძველი საზოგადოების წარმომადგენლებს — მონარქიასა და თავადაზნაურობას. იგი რაღაც ისეთი წოდების დონემდე ჩამოქვეითდა, რომ განკერძოებული იყო გვირგვინისაგანაც და ხალხისაგანაც, ორივესადმი ოპოზიციურად იყო განწყობილი და ცალ-ცალკე თვითეული თავისი მტრის წინააღმდეგ გაუბედავად მოქმედებდა, რადგან ყოველთვის ორივეს ან ზურგში ხედავდა ან თავის წინაშე. იგი თავიდანვე მზად იყო ხალხისათვის ეღალატნა და ძველი საზოგადოების გვირგვინოსან წარმომადგენელს მორიგებოდა, რადგან იგი უკვე თვითონ ეკუთვნოდა ძველ საზოგადოებას. ბურჟუაზია ატარებდა არა ახალი საზოგადოების ინტერესებს ძველი საზოგადოების წინააღმდეგ, არამედ გაახლებულ ინტერესებს დრომოჭმულ საზოგადოებაში; მას ხელთ ეპყრა რევოლუციის საჭე, არა იმიტომ, რომ მის უკან ხალხი იდგა, არამედ იმიტომ, რომ ხალხი უბიძგებდა მას; იგი სათავეში იდგა არა როგორც ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელი, არამედ როგორც ძველი საზოგადოებრივი ეპოქის უკმაყოფილების გამომხატველი. ეს იყო ძველი სახელმწიფოს ქანი, რომელმაც თვითონ კი არ გაიკვლია გზა, არამედ რომელიც მიწისძვრამ ამოაგდო ახალი სახელმწიფოს ზედაპირზე. ურწმუნო თავისი თავის მიმართ, ურწმუნო ხალხის მიმართ, გაუბედავად მდრტვინავი მაღალი ფენის წინააღმდეგ და მძრწოლი დაბალი ფენის წინაშე, ეგოისტური როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ და თავისი ეგოიზმის შემგნები, რევოლუციური — კონსერვატორების მიმართ და კონსერვატიული რევოლუციონერების მიმართ, თავისი საკუთარი ლოზუნგებისადმი უნდობლობით გამჭვალული, ფრაზებით იდეების მაგიერ, მსოფლიო ქარიშხლით დამფრთხალი და ამავე ქარიშხლის ექსპლოატაციის გამწევი, — ყოველგვარ ენერგიას მოკლებული, პლაგიატი ყოველი მხრით, უხამსი, რადგან იგი არ იყო ორიგინალური, ხოლო ორიგინალური თავის უხამსობაში, — თავისი საკუთარი სურვილებით მოვაჭრე, უინიციატივო, ურწმუნო ხალხის მიმართ, მსოფლიო-ისტორიულ მოწოდებას მოკლებული, — შეჩვენებული მოხუცი, რომელიც განწირულია თავისი ბებრული ინტერესების შესაბამისად წარმართოს და შერყვნას სიცოცხლით სავსე ხალხის პირველი ახალგაზრდული სწრაფვანი. ბრმა, ყრუ, უკბილო, ყოვლად დაძაბუნებული, — ასეთი აღმოჩნდა პრუსიის ბურჟუაზია, როდესაც ის, მარტის რევოლუციის შემდეგ, პრუსიის სახელმწიფოს სათავეში მოექცა.