დაწერილი: მარქსისა და ენგელსის მიერ. ლონდონი, მარტი 1850 წ.
გამოქვეყნებული: ენგელსმა მარქსის წიგნში “მხილებანი კომუნისტთა კელნის პროცესის შესახებ”, რომელიც გამოიცა ციურიხში 1885 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ძმებო, ორივე რევოლუციური — 1848/1849 — წლის განმავლობაში კომუნისტთა კავშირმა ორგვარად გაამართლა თავისი არსებობა; ჯერ-ერთი, იმით, რომ მისი წევრები ყველგან ენერგიულად მონაწილეობდნენ მოძრაობაში, რომ ისინი პრესაშიც, ბარიკადებზეც, ბრძოლის ველებზეც იდგნენ ერთადერთი გადაჭრით რევოლუციური კლასის, პროლეტარიატის, პირველ რიგებში. შემდეგ, კავშირმა გაამართლა თავისი არსებობა იმ აზრითაც, რომ მისი შეხედულება მოძრაობაზე, როგორც იგი გადმოცემულია კონგრესების და ცენტრალური კომიტეტის ცირკულარებში 1847 წელს და "კომუნისტურ მანიფესტში", აღმოჩნდა ერთადერთი სწორი შეხედულება და რომ ამ დოკუმენტებში გამოთქმული მოლოდინი სავსებით გამართლდა, ხოლო დღევანდელი საზოგადოებრივი მდგომარეობის ის გაგება, წინათ რომ მხოლოდ ფარულად ავრცელებდა კავშირი, ახლა ენაზე აკერიათ ხალხებს და მას საჯაროდ ქადაგებენ მოედნებზე. იმავე დროს კავშირის წინანდელი მტკიცე ორგანიზაცია ახლა მნიშვნელოვნად შესუსტდა. წევრთა დიდმა ნაწილმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იფიქრა, რომ ფარულ საზოგადოებათა დრომ განვლო და რომ საკმარისია მარტო აშკარა მოქმედება. ცალკეულმა ოლქებმა და თემებმა შეასუსტეს თავიანთი კავშირი ცენტრალურ კომიტეტთან და თანდათან სულაც შეწყვიტეს. ამგვარად, იმ დროს, როდესაც დემოკრატიული პარტია, წვრილი ბურჟუაზიის პარტია, სულ უფრო და უფრო ორგანიზებული ხდებოდა გერმანიაში, მუშათა პარტიამ დაჰკარგა თავისი ერთადერთი მტკიცე დასაყრდენი, დარჩა იგი ორგანიზებული სახით — დიდი-დიდი — ცალკეულ ადგილებში ადგილობრივი მიზნებისათვის და ამიტომ საერთო მოძრაობაში სავსებით წვრილბურჟუაზიული დემოკრატების ბატონობისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოხვდა. ასეთ მდგომარეობას ბოლო უნდა მოეღოს; მუშების დამოუკიდებლობა აღდგენილ უნდა იქნეს. ცენტრალურმა კომიტეტმა შეიგნო ეს საჭიროება და ამიტომ უკვე 1848 — 1849 წლის ზამთარში ემისარი იოსებ მოლი გაგზავნა გერმანიაში კავშირის სარეორგანიზაციოდ. მაგრამ მოლის მისიას არ მოჰყვა ხანგრძლივი შედეგი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მაშინ გერმანიის მუშებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკმაო გამოცდილება, ნაწილობრივაც იმიტომ, რომ ეს მისია შეწყვიტა აჯანყებამ წარსული წლის მაისში. თვითონ მოლმა თოფი აიღო ხელში, შევიდა ბადენ-პფალცის არმიაში და 19 ივლისს მოკლულ იქნა შეტაკებაში მურგთან. კავშირმა მისი სახით დაჰკარგა ერთ-ერთი თავისი უძველესი, ფრიად მომქმედი და უაღრესად საიმედო წევრი, რომელიც მონაწილეობდა ყველა კონგრესში და ცენტრალურ კომიტეტში და რომელმაც უკვე წინათ დიდის წარმატებით შეასრულა მთელი რიგი მგზავრობა გარკვეული დავალებებით. გერმანიისა და საფრანგეთის რევოლუციური პარტიების დამარცხების შემდეგ 1849 წლის ივლისში ცენტრალური კომიტეტის თითქმის ყველა წევრი კვლავ შეიკრიბა ლონდონში, შეავსო თავისი შემადგენლობა ახალი რევოლუციური ძალებით და განახლებული გულმოდგინებით შეუდგნენ კავშირის რეორგანიზაციას.
კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება გატარებულ იქნეს მხოლოდ ემისარის მეშვეობით, და ცენტრალური კომიტეტი უაღრესად მნიშვნელოვნად თვლის, რომ ემისარი გაემგზავროს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ახალი რევოლუცია კარს არის მომდგარი, როდესაც, მაშასადამე, მუშათა პარტია უნდა გამოვიდეს შეძლებისამებრ ორგანიზებულად, შეძლებისამებრ ერთსულოვნად და შეძლებისამებრ დამოუკიდებლად, უკეთუ მას არ სურს, რომ, როგორც 1848 წელს, ბურჟუაზიამ ექსპლოატაცია გაუწიოს და იგი ბუქსირზე აიყვანოს.
ჩვენ გეუბნებოდით, ძმებო, უკვე 1848 წელს, — გერმანელი ლიბერალური ბურჟუები მალე გაბატონდებიან და თავიანთ ახლად დაპყრობილ ძალაუფლებას მყისვე მუშების წინააღმდეგ მიმართავენთქო, თქვენ ნახეთ, როგორ ასრულდა ეს. მართლაც, სწორედ ბურჟუებმა 1848 წლის მარტის მოძრაობის შემდეგ დაუყოვნებლივ იგდეს ხელთ სახელმწიფოებრივი ძალაუფლება და გამოიყენეს ეს ძალაუფლება იმისათვის, რომ მუშები, ეს მათი მოკავშირეები ბრძოლაში, ხელად უკუეგდოთ წინანდელ ჩაგრულ მდგომარეობაში. თუ ბურჟუაზიამ ვერ შეძლო ამის შესრულება უიმისოდ, რომ არ დაკავშირებოდა მარტში დამარცხებულ ფეოდალურ პარტიას, ვერ შეძლო უიმისოდ, რომ ამ ფეოდალური აბსოლუტისტური პარტიისთვის არ დაეთმო ბოლოს და ბოლოს კვლავ ბატონობა, — მან მაინც უზრუნველჰყო თავისთვის პირობები, რომელნიც, მთავრობის ფინანსური გაჭირვების გამო, მას ხელში მისცემდნენ დიდი ხნით ბატონობას და უზრუნველჰყოფდნენ ყველა მის ინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ ვინიცობაა შესაძლებელი აღმოჩნდებოდა, რომ რევოლუციური მოძრაობა უკვე ახლა ეგრეთწოდებული მშვიდობიანი განვითარების გზაზე შედგებოდა. თავისი ბატონობის უზრუნველსაყოფად ბურჟუაზიას არც ჭირდებოდა თავის წინააღმდეგ სიძულვილის გამოწვევა ძალადობითი ღონისძიებებით ხალხის წინააღმდეგ, ვინაიდან ყველა ეს ძალადობითი ნაბიჯები უკვე შეასრულა ფეოდალურმა კონტრრევოლუციამ. მაგრამ განვითარება არ წავა ასეთი მშვიდობიანი გზით. პირიქით, ახლოვდება რევოლუცია, რომელიც დააჩქარებს განვითარებას, გამოწვეული იქნება ეს რევოლუცია საფრანგეთის პროლეტარიატის დამოუკიდებელი აჯანყებით თუ სამღვთო კავშირის შეჭრით რევოლუციურ ბაბილონში[1].
და როლს, რომელიც გერმანიის ლიბერალურმა ბურჟუებმა შეასრულეს 1848 წელს ხალხის მიმართ, — ამ ესოდენ გამცემლურ როლს მომავალ რევოლუციაში იკისრებენ დემოკრატიული წვრილი ბურჟუები, რომლებსაც ახლა ოპოზიციაში ისეთივე მდგომარეობა უკავიათ, როგორიც ლიბერალურ ბურჟუებს ეჭირათ 1848 წლამდე. ეს დემოკრატიული პარტია, რომელიც გაცილებით უფრო საშიშია მუშებისთვის, ვიდრე წინანდელი ლიბერალები, სამგვარი ელემენტისგან შედგება:
I. მსხვილი ბურჟუაზიის ყველაზე უფრო პროგრესული ნაწილებისაგან, რომელნიც მიზნად ისახავენ ფეოდალიზმის და აბსოლუტიზმის დაუყოვნებლივ სრულ დამხობას. ამ ფრაქციის წარმომადგენლები არიან წინანდელი ბერლინელი შემთანხმებლები, გადასახადთა უარისმყოფელნი.
II. დემოკრატიულ-კონსტიტუციური წვრილი ბურჟუებისგან, რომელთა მთავარ მიზანს წინანდელ მოძრაობაში შეადგენდა შექმნა მეტნაკლებ დემოკრატიული საკავშირო სახელმწიფოსი, როგორის დამყარებასაც ცდილობდნენ მათი წარმომადგენლები, — ფრანკფურტის კრების მარცხენა ფრთა, ხოლო შემდეგ შტუტგარტის პარლამენტი და თვით ისინი, როდესაც საიმპერიო კონსტიტუციისთვის იბრძოდნენ.
III. რესპუბლიკელი წვრილი ბურჟუებისგან რომელთა იდეალს შეადგენს შვეიცარიის მაგვარი გერმანიის ფედერატიული რესპუბლიკა და რომელნიც ახლა თავიანთ თავს "წითლებს" და "სოციალ-დემოკრატებს" უწოდებენ იმიტომ, რომ გულში სათნო სურვილი უღვივით — მოსპონ დიდი კაპიტალის წნევა მცირეზე და მსხვილი ბურჟუასი წვრილზე. ამ ფრაქციის წარმომადგენლები იყვნენ დემოკრატიული კონგრესების და კომიტეტების წევრები, — დემოკრატიული კავშირების ხელმძღვანელები, — დემოკრატიული გაზეთების რედაქტორები.
ყველა ეს ფრაქციები ახლა, მათი დამარცხების შემდეგ, თავიანთ თავს უწოდებენ "რესპუბლიკელებს" ანუ "წითლებს”, სწორედ ისე, როგორც ამჟამად საფრანგეთში რესპუბლიკელი წვრილი ბურჟუები თავიანთ თავს სოციალისტებს უწოდებენ. სადაც ისინი, როგორც ვიურტემბერგში, ბავარიაში და სხვ., კიდევ პოულობენ შესაძლებლობას თავიანთ მიზნებს მიჰყვნენ კონსტიტუციური გზით, შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ რომ შეინარჩუნონ თავიანთი ძველი ფრაზები და დაამტკიცონ საქმით, რომ ისინი სრულიადაც არ გამოცვლილან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ პარტიის შეცვლილი სახელწოდება სრულიადაც არ ცვლის მის დამოკიდებულებას მუშების მიმართ; იგი ამტკიცებს მხოლოდ, რომ ეს პარტია უნდა გამოვიდეს აბსოლუტიზმთან შეერთებული ბურჟუაზიის წინააღმდეგ და დაეყრდნოს პროლეტარიატს.
წვრილბურჟუაზიული დემოკრატიული პარტია გერმანიაში ძალიან ძლიერია. იგი მოიცავს არა მარტო ქალაქების ბურჟუაზიული მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, წვრილ ვაჭარ-მრეწველებს და ხელოსან–ოსტატებს; მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან გლეხები და სოფლის პროლეტარიატი, ვიდრე ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია დასაყრდენი ქალაქების დამოუკიდებელ პროლეტარიატში.
რევოლუციური მუშათა პარტიის განწყობილება წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის მიმართ ასეთია: მუშათა პარტია მასთან ერთად იბრძვის იმ ფრაქციის წინააღმდეგ რომლის დამხობას იგი ცდილობს; იგი გამოდის წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის წინააღმდეგ ყოველთვის, როდესაც თავისი ინტერესებისათვის წვრილ
ბურჟუაზიას თვითონ უნდა განმტკიცდეს.
დემოკრატიულ წვრილ ბურჟუებს სრულიადაც არ სურთ, რასაკვირველია, მთელ საზოგადოებაში გადატრიალება მოახდინონ რევოლუციური პროლეტარების სასარგებლოდ; ისინი მიისწრაფიან საზოგადოებრივი წყობილების ისეთი ცვლილებისადმი, რომელიც შეძლებისამებრ უფრო ასატანს და გამოსადეგს გახდის მათთვის არსებულ საზოგადოებას. ამიტომ ისინი მოითხოვენ, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ბიუროკრატიის შეზღუდვის გზით და მთავარი გადასახადების გადატანას მსხვილ მემამულეებსა და ბურჟუებზე. შემდეგ, ისინი მოითხოვენ მსხვილი კაპიტალის წვრილ კაპიტალზე წნევის მოსპობას სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულებების შექმნისა და მევახშეობის წინააღმდეგ გამოცემული კანონების გზით, რის მეოხებით მათთვის და გლეხებისთვის შესაძლებელი გახდება სესხის მიღება არა კაპიტალისტებისაგან, არამედ სახელმწიფოსაგან, და ამასთან უფრო შეღავათიანი პირობებით; ისინი მოითხოვენ, შემდეგ, ბურჟუაზიულ საკუთრების ურთიერთობათა შემოღებას სოფლად ფეოდალიზმის სრული მოსპობის გზით. ყველა ამის ცხოვრებაში გასატარებლად მათ ესაჭიროებათ დემოკრატიული სახელმწიფო წყობილება, — იქნება იგი კონსტიტუციური თუ რესპუბლიკური, — რომელიც მათ და მათ მოკავშირეებს — გლეხებს — მისცემდა უმრავლესობას, და დემოკრატიული თემური წყობილება, რომელიც მათ ხელში მისცემდა უშუალო კონტროლს სათემო საკუთრებაზე და მთელ რიგ ფუნქციებს, რომლებსაც ამჟამად ბიუროკრატები ასრულებენ.
კაპიტალის ბატონობას და სწრაფ გადიდებას, მათი აზრით, წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს ნაწილობრივ მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის გზით, ნაწილობრივაც სახელმწიფოსთვის რაც შეიძლება ბევრ სამუშაოთა გადაცემით. რაც შეეხება მუშებს, ისინი — უეჭველია უწინარეს ყოვლისა, როგორც აქამდე, დაქირავებულ მუშებად უნდა დარჩნენ, მაგრამ ამასთან დემოკრატიულ წვრილ ბურჟუებს სურთ, რომ მუშებს ჰქონდეთ უკეთესი ხელფასი და უფრო უზრუნველყოფილი არსებობა; მათ იმედი აქვთ, რომ ამას მიაღწევენ ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ სამუშაოს მიცემის გზით, ნაწილობრივაც საქველმოქმედო ღონისძიებებით, — ერთის სიტყვით, ისინი იმედოვნებენ მუშები მოიყიდონ მეტნაკლებ ნიღაბაფარებული სამოწყალოთი და მოტეხონ მათი რევოლუციური ძალა მათი მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესების საშუალებით. წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის ყველა ფრაქცია როდი ემხრობა იმავდროულ ამ დემოკრატიის ყველა აქ აღნიშნულ მოთხოვნას; ყველა ეს მოთხოვნა ამ დემოკრატიის მცირეოდენ წარმომადგენელთ აქვთ გარკვეულ მიზნად დასახული. რაც უფრო შორს მიდიან წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის ცალკეული პირნი ან ფრაქციები, მით უფრო ამ მოთხოვნათა დიდ ნაწილს აქცევენ ისინი თავის მოთხოვნად, და ის მცირეოდენნი, რომელნიც ზემოაღნიშნულში ხედავენ თავის პროგრამას, შეიძლება ფიქრობდნენ კიდეც, რომ იქ წამოყენებულია მაქსიმალური მოთხოვნები, რომელნიც კი შესაძლებელია საზოგადოდ წარედგინოს რევოლუციას. მაგრამ ეს მოთხოვნები ვერას გზით ვერ დააკმაყოფილებს პროლეტარიატის პარტიას. იმ დროს, როდესაც დემოკრატიულ ბურჟუებს სურთ რაც შეიძლება სწრაფად და, უკეთეს შემთხვევაში, მარტო ამ მოთხოვნების ცხოვრებაში გატარებით დაასრულონ რევოლუცია, ჩვენი ამოცანა და ჩვენი ინტერესები იმაში მდგომარეობს, რომ რევოლუცია განუწყვეტელი გავხადოთ მანამდე, ვიდრე ყველა მეტნაკლებ მქონებელი კლასი განდევნილი არ იქნება ბატონობის ასპარეზიდან, ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება არ იქნება პროლეტარიატის მიერ დაპყრობილი, ვიდრე პროლეტართა კავშირი არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ყველა ძლიერ ქვეყანაში, არ განვითარდება იმდენად, რომ კონკურენცია ამ ქვეყნების პროლეტარებს შორის შეწყდება, და ვიდრე, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საწარმოო ძალები თავმოყრილი არ იქნება პროლეტარების ხელში. ჩვენთვის საქმე შეეხება არა კერძო საკუთრების შეცვლას, არამედ მის მოსპობას, არა კლასობრივ წინააღმდეგობათა მიჩქმალვას, არამედ კლასების მოსპობას, არა არსებული საზოგადოების გაუმჯობესებას, არამედ ახალი საზოგადოების დაარსებას. რომ წვრილბურჟუაზიული დემოკრატია რევოლუციის შემდგომი განვითარების პერიოდში დროებით მოიპოვებს გერმანიაში უპირატეს გავლენას, — ეს ყოველ ეჭვს გარეშეა. მაშასადამე, საკითხავია, როგორი იქნება პროლეტარიატის და, კერძოდ, კავშირის პოზიცია ამ დემოკრატიის მიმართ:
1) როდესაც განაგრძობს არსებობას დღევანდელი ურთიერთობა, სადაც წვრილბურჟუაზიული დემოკრატებიც დაჩაგრულნი არიან;
2) ახლობელ რევოლუციურ ბრძოლაში, რომელიც მათ უპირატესობას მიანიჭებს;
3) ამ ბრძოლის შემდეგ იმ დროის განმავლობაში, როდესაც მათ უპირატესობა ექნებათ დამხობილ კლასებსა და პროლეტარიატზე.
1) ამ მომენტში, როდესაც დემოკრატიული წვრილი ბურჟუები ყველგან დაჩაგრული არიან, ისინი საერთოდ პროლეტარიატს უქადაგებენ შეერთებას და შერიგებას; ისინი ხელს უწვდიან მას და მიისწრაფიან შეჰქმნან ერთი დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც მომცველი იქნება ყველა იერისა დემოკრატიულ პარტიაში, ე. ი. ისინი მიისწრაფიან, რომ მუშები ჩაითრიონ პარტიულ ორგანიზაციაში, სადაც გაბატონებულია ზოგადი სოციალ-დემოკრატიული ფრაზები, რომელთა უკან დაფარულია მუშების სპეციალური ინტერესები და სადაც პროლეტარიატის გარკვეული მოთხოვნები არ შეიძლება წამოყენებულ იქნეს ამ სასურველი ზავის გამოისობით. ამგვარი შეერთება მხოლოდ და მხოლოდ მათი სასარგებლო იქნებოდა და პროლეტარიატისთვის — სავსებით საზიანო. პროლეტარიატი სრულიად დაჰკარგავდა თავის დამოუკიდებელ, ესოდენი ჯაფით მოპოვებულ პოზიციას და ისევ ოფიციალური ბურჟუაზიული დემოკრატიის მაჩანჩალობამდე დაეშვებოდა. მაშასადამე, ამ შეერთებაზე გადაჭრით უარი უნდა ითქვას. ნაცვლად იმისა, რომ ერთხელ კიდევ ჩამოქვეითდნენ ბურჟუაზიული დემოკრატებისთვის მოწონების ტაშის დამკვრელ ხოროს მდგომარეობამდე, მუშებმა და უწინარეს ყოვლისა, კავშირმა უნდა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ ოფიციალური დემოკრატების გვერდით შეჰქმნან მუშათა პარტიის დამოუკიდებელი ფარული და აშკარა ორგანიზაცია და ყოველი თემი გადააქციონ ცენტრად და ბირთვად მუშათა კავშირებისა, სადაც შესაძლებელი იქნება პროლეტარიატის პოზიციის და ინტერესების განსჯა ბურჟუაზიული გავლენისგან დამოუკიდებლად. თუ რაოდენ არასერიოზულად ფიქრობენ ბურჟუაზიული დემოკრატები პროლეტარებთან კავშირზე, რომელშიაც უკანასკნელთ ისეთივე ძალა და ისეთივე უფლებები ექნებოდათ, როგორც მათ, ამას გვიჩვენებენ, მაგალითად, ბრესლავლის დემოკრატები: გაშმაგებით სდევნიან თავიანთ ორგანოში, "Neue Oderzeitung”-ში[2] დამოუკიდებლად ორგანიზებულ მუშებს, რომელთაც ისინი სოციალისტებს უწოდებენ. საერთო მტრის წინააღმღეგ ბრძოლის შემთხვევისათვის არავითარი განსაკუთრებული შეერთება არაა საჭირო. რაკი ასეთი მოწინააღმდეგის მიმართ აუცილებელი ხდება პირდაპირი ბრძოლა, ორივე პარტიის ინტერესები დროებით თანაემთხვევა ერთიმეორეს, და როგორც დღემდე ყოფილა, ისევე მერმისშიც თავისთავად წარმოდგება ამ განსაზღვრული მომენტისთვის ნავარაუდევი შეერთება. თავისთავად გასაგებია, რომ მომავალ სისხლიან კონფლიქტებში, ისე როგორც ყველა წინანდელში, უმთავრესად მუშებს მოუხდებათ გამარჯვების მოპოვება თავისი მამაცობით, გაბედულობით და თავგანწირვით. ამ ბრძოლაში წვრილი ბურჟუების მასა, ისე როგორც წინათ, რაც შეიძლება დიდხანს განაგრძობს ფეხისთრევას, ყოყმანს და უმოქმედოდ იქნება, რათა შემდეგ, როცა გამარჯვება იქნება მოპოვებული, ეს გამარჯვება თავისთვის გამოიყენოს, მუშებს მოუწოდოს სიმშვიდისა და მათ სამუშაოზე დაბრუნებისადმი, აიცილოს ეგრეთწოდებული ექსცესები და მუშებს გამოაცალოს გამარჯვების ნაყოფი. მუშებს არ ძალუძთ ხელი შეუშალონ ამაში წვრილბურჟუაზიულ დემოკრატებს, მაგრამ მათ შეუძლიათ გააძნელონ მათი გაძლიერება შეიარაღებული პროლეტარიატის პირისპირ და მათ ისეთი პირობები უკარნახონ, რომ ბურჟუაზიული დემოკრატების ბატონობაში იმთავითვე გამჯდარი იყოს მოსპობის ჩანასახი და მათი შემდგომი განდევნა პროლეტარიატის ხელისუფლების, მიერ მნიშვნელოვნად გაადვილებულ იქნეს. კონფლიქტის დროს და უშუალოდ ბრძოლის დასრულების შემდეგ მუშებმა, უწინარეს ყოვლისა, რამდენადაც კი შეიძლება, წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ დამშვიდების შემოტანის ცდას ბურჟუაზიის მიერ და აიძულონ დემოკრატები, რათა მათ მათი ახლანდელი ტერორისტული ფრაზები განახორციელონ. მათ უნდა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ უშუალო რევოლუციური აღტყინება არ იქნეს გამარჯვების შემდეგ კვლავ ხელად ჩახშობილი. პირიქით, მათ იგი უნდა შეინარჩუნონ, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია. ისინი არა თუ არ უნდა გამოვიდნენ წინააღმდეგ ეგრეთწოდებული ექსცესებისა, წინააღმდეგ ხალხური შურისძიების შემთხვევებისა საძულველ პიროვნებათა ან ოფიციალურ დაწესებულებათა მიმართ, რომლებთანაც მარტოოდენ სიძულვილის მოგონებებია დაკავშირებული, მათ არა თუ უნდა მოითმინონ ეს გამოსვლები, არამედ თვითონ უნდა აიღონ ხელში მათი ხელმძღვანელობა ბრძოლის დროს და მის შემდეგ მუშებმა ყოველ შემთხვევისას ბურჟუაზიული დემოკრატების მოთხოვნათა გვერდით უნდა წამოაყენონ თავიანთი საკუთარი მოთხოვნები. მათ უნდა მოითხოვონ გარანტიები მუშებისთვის, როგორც კი დემოკრატიული ბურჟუები მართვაგამგეობის თავის ხელში აღებას დაიწყებენ. საჭიროების შემთხვევაში მათ იძულებით უნდა გამოიტანონ ეს გარანტიები და საზოგადოდ იზრუნონ იმაზე, რომ ახალმა მმართველებმა იკისრონ ყოველგვარი შესაძლებელ დათმობებზე და დაპირებებზე წასვლის ვალდებულება; ეს ყველაზე ნამდვილი საშუალებაა მათი სახელის გასაწბილებლად. გამარჯვებით დათრობა და აღტაცება ახალი მდგომარეობის გამოისობით, რასაც ადგილი აქვს ყოველი ძლევამოსილი, ქუჩაში წარმოებული ბრძოლის შემდეგ, მუშებმა საზოგადოდ, რამდენადაც კი შესაძლებელია, უნდა შეაკავონ მოვლენათა წყნარი და გულგრილი გაგებით და დაუფარავი უნდობლობით ახალი მთავრობის მიმართ. ახალი ოფიციალური მთავრობების გვერდით მათ დაუყოვნებლივ უნდა დააწესონ თავიანთი საკუთარი, რევოლუციური მუშათა მთავრობები, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის სახით, თუ მუნიციპალური საბჭოებისა, მუშათა კლუბებისა ან მუშათა კომიტეტების სახით, ასე რომ ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა მთავრობებმა არა თუ დაუყოვნებლივ დაჰკარგონ დასაყრდენი მუშებში, არამედ დაინახონ კიდეც, რომ იმთავითვე იმყოფებიან ისეთ ხელისუფლებათა კონტროლისა და მუქარის ქვეშ, რომლების უკან მთელი მუშათა მასა დგას. ერთის სიტყვით, გამარჯვების პირველი მომენტიდანვე საჭიროა უნდობლობის მიმართვა არა უკვე დამარცხებული რეაქციული პარტიის წინააღმდეგ, არამედ თავისი წინანდელი მოკავშირეების წინააღმდეგ, იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის სურს გამოიყენოს საერთო გამარჯვება.
2) მაგრამ, რათა შესაძლებელი იყოს ენერგიულად და მრისხანედ გამოსვლა ამ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც გამარჯვების პირველი საათიდანვე დაიწყებს მუშების გამცემლობას, ეს უკანასკნელნი შეიარაღებული და ორგანიზებული უნდა იყვნენ. მთელი პროლეტარიატის შეიარაღება თოფებით, შაშხანებით, ზარბაზნებით და ამუნიციით დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატარებული; წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს მუშების წინააღმდეგ მიმართული ძველი სამოქალაქო გვარდიის აღორძინებას. მაგრამ იქ, სადაც ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდება, მუშები უნდა შეეცადონ თვითონ შეჰქმნან თავისი ორგანიზაცია დამოუკიდებელი პროლეტარული გვარდიის სახით, მათ მიერვე არჩეული მეთაურებით და გენერალური შტაბით, და დადგნენ არა სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანებლობის ქვეშ, არამედ მუშების მიერ შექმნილი რევოლუციური მუნიციპალური საბჭოების განკარგულებაში. სადაც მუშები სახელმწიფო საწარმოებში მუშაობენ, იქ მათ უნდა მოახერხონ შეიარაღება და ორგანიზაცია ცალკეული კორპუსის სახით მათ მიერვე არჩეული მეთაურებით ანდა პროლეტარული გვარდიის ნაწილის სახით. იარაღი და საბრძოლო მასალა არავითარი საბაბით არ უნდა იქნეს ხელიდან გაშვებული, განიარაღების ყოველი ცდა საჭიროების შემთხვევაში შეიარაღებული ძალით უნდა იქნეს უკუგდებული. მუშებზე ბურჟუაზიული დემოკრატების გავლენის მოსპობა, მუშების დამოუკიდებელი და შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა დაუყოვნებლივ და ბურჟუაზიული დემოკრატიის დროებითი და აუცილებელი ბატონობისთვის შეძლებისამებრ უაღრესად მძიმე და მისი გამწბილებელი პირობების შექმნა, — ასეთია მთავარი პუნქტები რომლებიც პროლეტარიატს, და მასთან ერთად კავშირსაც, უნდა ჰქონდეს მხედველობაში მომავალი აჯანყების დროს და მის შემდეგ.
3) როგორც ახალი მთავრობები რაოდენადმე განმტკიცდებიან, დაუყოვნებლივ დაიწყება მათი ბრძოლა მუშების წინააღმდეგ. რათა შესაძლებელი იყოს აქ ძალოვანად გამოსვლა დემოკრატიული წვრილი ბურჟუების წინააღმდეგ, საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, რომ მუშები იყვნენ კლუბებში დამოუკიდებლად ორგანიზებული და ცენტრალიზებული. არსებული მთავრობების დამხობის შემდეგ, როგორც კი ეს როგორმე შესაძლებელი გახდება, ცენტრალური კომიტეტი გადატანილი იქნება გერმანიაში, იგი მაშინვე მოიწვევს კონგრესს და შეიტანს მის მიერ განსახილველად საჭირო წინადადებებს მუშათა კლუბების ცენტრალიზაციის შესახებ მოძრაობის მთავარ ცენტრში არსებული გამგეობის ხელმძღვანელობის ქვეშ. მუშათა კლუბების, ყოველ შემთხვევაში, საოლქო გაერთიანების სწრაფი ორგანიზაცია, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ღონისძიებას მუშათა პარტიის გასაძლიერებლად და გასავითარებლად; არსებულ მთავრობათა დამხობის უახლობელესი შედეგი იქნება ეროვნული კრების არჩევა. აქ პროლეტარიატს დასჭირდება ზრუნვა იმაზე:
I. რომ არავითარი ხრიკები ადგილობრივი ხელისუფლების მხრივ ან მთავრობის კომისრების მხრივ არ გახდეს იმის საბაბი, რომ მუშების რაიმე რაოდენობა გარიცხულ იქნეს კრებიდან.
II. რომ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული კანდიდატების გვერდით ყველგან წამოყენებულ იყვნენ მუშების კანდიდატები, შეძლებისამებრ კავშირის წევრებიდან, და რომ მათ ასარჩევად გამოყენებულ იქნეს ყველა შესაძლებელი საშუალება. იქაც კი, სადაც არავითარი იმედი არაა მათი გაყვანის, მუშებმა უნდა წამოაყენონ თავიანთი საკუთარი კანდიდატები, რათა შეინარჩუნონ თავისი დამოუკიდებლობა, დათვალონ თავიანთი ძალები და აშკარად აჩვენონ ყველას თავისი რევოლუციური პოზიცია და თავისი პარტიული თვალსაზრისი. ამასთან მუშებმა არ უნდა მოატყუილებინონ თავი დემოკრატებს ფრაზებით, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ამით დემოკრატიული პარტია იქსაქსება და რეაქციას გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევა. ყველა ეს ფრაზები ბოლოს და ბოლოს იმას მოასწავებს, რომ პროლეტარიატი გაბრიყვებული უნდა იქნეს. ის წარმატება, რომელსაც პროლეტარულმა პარტიამ უნდა მიაღწიოს ასეთი დამოუკიდებელი გამოსვლით, უსასრულოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ზიანი, რომლის მოტანა შეუძლია რამდენიმე რეაქციონერის ყოფნას წარმომადგენლობით კრებაში. თუ დემოკრატია იმთავითვე ენერგიულად და ტერორისტულად გამოვა რეაქციის წინააღმდეგ, უკანასკნელის გავლენა არჩევნებზე წინდაწინვე იქნება გაქარწყლებული.
პირველი საკითხი, რომლის გამო წარმოსდგება კონფლიქტი ბურჟუაზიულ დემოკრატებსა და მუშებს შორის, იქნება ფეოდალიზმის მოსპობა. როგორც საფრანგეთის პირველ რევოლუციაში, წვრილი ბურჟუები ფეოდალურ მამულებს მისცემენ გლეხებს თავისუფალი საკუთრების სახით, ე. ი. მოინდომებენ სოფლის პროლეტარიატის შენარჩუნებას და წვრილბურუუაზიული გლეხთა კლასის შექმნას, რომელმაც უნდა განვლოს ის წრებრუნვა გაღარიბებისა და მზარდი დავალიანების, რაშიაც დღესაც კიდევ იმყოფება საფრანგეთის გლეხი.
მუშები უნდა წინააღუდგნენ ამ გეგმას სოფლის პროლეტარიატის ინტერესებისა და თავიანთი საკუთარი ინტერესების გულისთვის. მათ უნდა მოითხოვონ, რომ კონფისკაციაქმნილი ფეოდალური საკუთრება გახდეს სახელმწიფოს ქონება და გადაქცეულ იქნეს მუშათა კოლონიებად, რომლებსაც შეამხანაგებული სოფლის პროლეტარიატი დაამუშავებს და ისარგებლებს ყველა იმ უპირატესობით, რაც მსხვილ მიწათმოქმედებას ახლავს; და ამით საზოგადოებრივი საკუთრების პრინციპი მერყევ ბურჟუაზიულ საკუთრების ურთიერთობაში დაუყოვნებლივ მტკიცე ნიადაგს მოიპოვებს. როგორც დემოკრატები უერთდებიან გლეხებს, ისევე მუშებიც უნდა შეუერთდნენ სოფლის პროლეტარიატს. შემდეგ, დემოკრატები ან პირდაპირ შეეცდებიან ფედერატიული რესპუბლიკის დაწესებას, ანდა, თუ მათ ერთიანი და განუყოფელი რესპუბლიკის თავიდან აცილება ვერ მოუხერხდათ, ეცდებიან ყოველ შემთხვევაში ცენტრალური მთავრობის დასუსტებას თემებისა[3] და ოლქებისთვის რაც შეიძლება მეტი თავისთავადობის და დამოუკიდებლობის მინიჭების გზით. წინააღმდეგ ამ გეგმისა, მუშებმა მხარი უნდა დაუჭირონ არა თუ გერმანიის ერთიან და განუყოფელ რესპუბლიკას, არამედ — მასში ძალაუფლების მკვეთრ ცენტრალიზაციასაც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში. მათ თავი არ უნდა შეაყვანინონ შეცდომაში დემოკრატიული ყბედობით თემების თავისუფლებაზე, თვითმმართველობაზე და სხვ. ისეთ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, სადაც ჯერ კიდევ მოსასპობია საშუალო საუკუნეების ესოდენ მრავალი ნაშთი, სადაც ესოდენ მრავალი ადგილობრივი და პროვინციული თავნებობაა მოსატეხი, არავითარ გარემოებაში არ შეიძლება მოთმენილ იქნეს, რომ თვითეული სოფელი, თვითეული ქალაქი და თვითეული პროვინცია ახალ დაბრკოლებას უქმნიდეს გზაზე რევოლუციურ მოქმედებას, რომელიც მთელი თავისი ძალით მხოლოდ ცენტრიდან შეიძლება მომდინარეობდეს. არ შეიძლება ამის დაშვება: რომ კვლავ განახლდეს ახლანდელი მდგომარეობა, რომლის მეოხებით წინ ერთიდაიმავე ნაბიჯის გადასადგმელად გერმანელებს ესაჭიროებათ განსაკუთრებითი ბრძოლა ყოველ ქალაქში და ყოველ ოლქში. ყველაზე ნაკლებ შეიძლება იმის დაშვება, რომ ეგრეთწოდებული თავისუფალი სათემო მმართველობის დახმარებით გამარადისებული იქნეს სათემო საკუთრება, — საკუთრების ფორმა, რომელიც კიდევ თანამედროვე კერძო საკუთრების უკან დგას და ყველგან, ირღვევა რა, აუცილებლად გადადის ამ უკანასკნელში, და რომ მასთან ერთად გამარადისებული იქნეს იქიდან წარმომდგარი დავა ღარიბ და მდიდარ თემებს შორის, აგრეთვე სახელმწიფოებრივი სამოქალაქო სამართლის გვერდით არსებული სათემო სამოქალაქო სამართალი მისი ხრიკებითურთ მუშების წინააღმდეგ. როგორც საფრანგეთში 1793 წელს, ისე ახლა გერმანიაში უსასტიკესი ცენტრალიზაციის გატარება ნამდვილი რევოლუციური პარტიის ამოცანას შეადგენს[4].
ჩვენ ვნახეთ, როგორ მიაღწევენ დემოკრატები უახლოეს მოძრაობაში ბატონობას და როგორ იქნებიან იძულებული გამოვიდნენ მეტნაკლებ სოციალისტური ღონისძიებებით. წარმოდგება საკითხი: რა ღონისძიებები უნდა წამოაყენონ მუშებმა ამის პირისპირ? რასაკვირველია, მუშებს არ შეუძლიათ მოძრაობის დასაწყისშივე წმინდა კომუნისტური ღონისძიებების წამოყენება. მაგრამ, მათ შეუძლიათ:
1) დემოკრატები აიძულონ, რომ ჩაერიონ არსებული საზოგადოებრივი წყობილების რაც შეიძლება მრავალ დარგში, დაარღვიონ ამ წყობილების ნორმალური მსვლელობა, გაიტეხონ სახელი, აგრეთვე თავი მოუყარონ სახელმწიფოს ხელში რაც შეიძლება ბევრ საწარმოო ძალას, ტრანსპორტის საშუალებებს, ფაბრიკებს, რკინიგზებს და სხვ.
2) მათ უკიდურესობამდე უნდა მიიყვანონ წინადადებები დემოკრატების, რომელნიც, რასაკვირველია, გამოვლენ არა რევოლუციურად, არამედ — როგორც რეფორმისტები; მათ ეს წინადადებები უნდა გადააქციონ პირდაპირ თავდასხმად კერძო საკუთრებაზე. ასე, მაგალითად, თუ წვრილი ბურჟუები რკინიგზების და ფაბრიკების გამოყიდვის წინადადებას აკეთებენ, მუშებმა უნდა მოითხოვონ, რომ ამ რკინიგზებს და ფაბრიკებს, როგორც რეაქციონერთა საკუთრებას, პირდაპირ კონფისკაცია ეყოს სახელმწიფოს მიერ ყოველი ანაზღაურების გარეშე. თუ დემოკრატები პროპორციული გადასახადების წინადადებას იძლევიან, მუშებმა უნდა მოითხოვონ პროგრესიული გადასახადი; თუ თვითონ დემოკრატების წინადადებაა ზომიერ-პროგრესიული გადასახადი, მუშებმა უნდა მოითხოვონ გადასახადი, რომლის განაკვეთები ისე სწრაფად იზრდება, რომ მსხვილი კაპიტალი ამ შემთხვევაში განადგურდება; თუ დემოკრატები მოითხოვენ სახელმწიფოს ვალების მოწესრიგებას, მუშებმა უნდა მოითხოვონ სახელმწიფოს გაკოტრება. მაშასადამე, მუშების მოთხოვნები ყველგან შეფარდებული უნდა იყოს დემოკრატების დათმობებსა და ღონისძიებებთან.
თუ გერმანიის მუშებს არ შეუძლიათ მიაღწიონ ბატონობას და მათი კლასობრივი ინტერესების განხორციელებას, რევოლუციური განვითარების უფრო გრძელი გზის სავსებით გაუვლელად, აქ მათ მაინც აქვთ ის მტკიცე რწმენა, რომ ამ მომავალი რევოლუციური დრამის პირველი აქტი თანამთხვევია მათი საკუთარი კლასის გამარჯვებისა საფრანგეთში და მით იგი ძალიან დაჩქარდება.
მაგრამ მათი საბოლოო გამარჯვებისათვის ისინი ყველაზე უფრო მეტს გააკეთებენ მით, რომ გაირკვევენ თავიანთ კლასობრივ ინტერესებს, რაც შეიძლება ჩქარა დაიკავებენ თავის დამოუკიდებელ პარტიულ პოზიციას და დემოკრატიული წვრილი ბურჟუების ფარისევლურ ფრაზებს ერთი წუთითაც არ ააცდენინებენ თავს პროლეტარიატის პარტიის დამოუკიდებელი ორგანიზაციის გზიდან. მათი საბრძოლო ლოზუნგი უნდა იყოს: "განუწყვეტელი რევოლუცია".
[1] რევოლუციური ბაბილონი — იგულისხმება საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ (XVIII საუკუნის დასასრული) რევოლუციის კერად ითვლებოდა. — რედაქცია.
[2] "Neue Oderzeituug" ("ახალი ოდერის გაზეთი") ყოველდღიურად გამოდიოდა ბრესლავლში 1849 წლიდან 1855 წლამდე. რედაქცია.
[3] ტერმინი თემი აქ იხმარება ფართო გაგებით, როგორც საქალაქო მუნიციპალიტეტების, ისე სასოფლო თემების მიმართ. რედაქცია.
[4] ამჟამად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადგილი გაუგებრობაზეა დამყარებული. ისტორიის ბონაპრტისტული და ლიბერალური ფალსიფიკატორების წყალობით, მაშინ დადგენილად ითვლებოდა, რომ საფრანგეთის ცენტრალიზებული საგამგებლო მანქანა შემოღებულ იყო დიდი რევოლუციის მიერ და რომ კონვენტი სარგებლობდა მით როგორც აუცილებელი და მკვეთრი იარაღით როიალისტურ და ფედერალისტურ რეაქციაზე და საგარეო მტერზე გასამარჯვებლად. მაგრამ ახლა ცნობილია ის ფაქტი, რომ დეპარტამენტების, ოლქების და თემების გამგებლობა მთელი რევოლუციის განმავლობაში 18 ბრიუმერამდე თვით იმათგან არჩეული ხელისუფლებისაგან შედგებოდა, ვისაც განაგებდნენ და ამ ხელისუფლებას მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდა საერთო სახელმწიფო კანონების ფარგალში; რომ ეს, ამერიკულის მსგავსი, პროვინციული და ადგილობრივი თვითმმართველობა შეიქმნა სწორედ უძლიერესი ბერკეტი რევოლუციის, იმდენად, რომ ნაპოლეონმა უშუალოდ 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სწრაფად შეცვალა ეს თვითმმართველობა პრეფექტების ნავარდობით, როზელიც დარჩენილი არის დღემდე და რომელიც, ამგვარად, იმთავითვე რეაქციის წმინდა იარაღი იყო. მაგრამ რამდენადაც ადგილობრივი და პროვინციული თვითმმართველობა არ ეწინააღმდეგება პოლიტიკურ და ეროვნულ ცენტრალიზაციას, იმდენადვე იგი არაა აუცილებლად მისი დაკავშირება იმ შეზღუდულ კანტონურ და კომუნალურ ეგოიზმთან, რომელიც ესოდენ საზიზღარი სახით წარმოგვიდგება შვეიცარიაში და რომელიც სამხრეთგერმანის ფედერატიულ რესპუბლიკელებს უნდოდათ წესად გაეხადათ გერმანიისთვის. (ენგელსის შენიშვნა 1885 წლის გამოცემისათვის.)