დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ, პირველი ნაწილი 1870 წელს, მეორე ნაწილი 1874 წლის 1 ივლისს.
გამოქვეყნებული: დაბეჭდილია შრომის “გლეხთა ომი გერმანიაში” მეორე და მესამე გამოცემებში, რომლებიც ლაიფციგში გამოვიდა 1870 და 1875 წ. წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქსენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [მესამე გამოცემის ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ეს შრომა ლონდონში დაიწერა 1850 წლის ზაფხულში, ახლად დამთავრებული კონტრრევოლუციის უშუალო შთაბეჭდილების ქვეშ, იგი გამოქვეყნდა პოლიტიკურ-ეკონომიურ მიმოხილვაში, რომელსაც კარლ მარქსი რედაქტორობდა, “ახალ რაინის გაზეთში”, მე-5 და მე-6 რვეულებში, ჰამბურგი 1850 წ. ჩემმა პოლიტიკურმა მეგობრებმა გერმანიაში მისი ხელახლა გამოცემა მოისურვეს და მეც ვასრულებ მათს სურვილს, რადგან ჩემდა სამწუხაროდ, იგი დღესაც დროულად შეიძლება ჩაითვალოს.
ამ წიგნს იმის პრეტენზია არა აქვს, რომ ახალი, დამოუკიდებელი კვლევა-ძიების მასალა გადმოსცეს. პირიქით, მთელი მასალა, რომელიც გლეხთა აჯანყებებსა და ტომას მიუნცერს ეხება, ციმერმანიდანაა ამოღებული. თუმცა მისი წიგნნი ალაგ-ალაგ ნაკლოვანია, მაგრამ დღემდე მაინც ფაქტების საუკეთესო დალაგებას წარმოადგენს. ამას გარდა მოხუცი ციმერმანი ხალისით ეპყრობოდა თავის საგანს. იმავე რევოლუციურმა ალღომ, რომელიც მას უკარნახებდა, რომ თავის წიგნში ყველგან ჩაგრული კლასის მხარეზე გამოსულიყო, იგი შემდეგ უკიდურესი მემარცხენეების საუკეთესო წარმომადგენლად გახადა ფრანკფურტში. თუმცა, შემდეგ მისი შეხედულებანი რამდენადმე მოძველდა.
თუ, მეორე მხრივ, ციმერმანი მოთხრობას შინაგანი კავშირი აკლია; თუ იგი ვერ ახერხებს იმ ეპოქის რელიგიურ-პოლიტიკური საკამათო საკითხები იმდროინდელივე კლასობრივი ბრძოლის ასახვად წარმოგვიდგინოს; თუ იგი ამ კლასობრივ ბრძოლებში მხოლოდ მჩაგვრელებსა და დაჩაგრულებს, ბოროტებასა და სიკეთეს და ბოროტების საბოლოო გამარჯვებას ხედავს; თუ მისი გაგება იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა, რომელთაც განსაზღვრეს როგორც დასაწყისი, ისე დასასრული ბრძოლისა, მეტად ნაკლოვანია, ეს იმ დროის ნაკლი იყო, რომელშიც ეს წიგნი წარმოიშვა.[1] პირიქით, თავის დროისთვის იგი მეტად რეალისტურადაა დაწერილი და სასიქადულო გამონაკლისს წარმოადგენს გერმანულ იდეალისტურ ისტორიულ ნაწარმოებთა შორის.
ჩემს გადმოცემაში, რომელიც ბრძოლის ისტორიული მსვლელობის მხოლოდ ზოგად ნარკვევს წარმოადგენს, მე შევეცადე გლეხთა ომის წარმოშობა, მისი მონაწილე სხვადასხვა პარტიების მდგომარეობა, პოლიტიკური და რელიგიური თეორიები, რომელშიც ეს პარტიები თავიანთ მდგომარეობის გარკვევასს ცდილობენ, ბოლოს თვით ბრძოლის შედეგი ამეხსნა როგორც ამ კლასთა საზოგადოებრივი ცხოვრების იმდროინდელი ისტორიული პირობების აუცილებელი შედეგი. მაშასადამე, მე შევეცადე დამენახვებინა, რომ გერმანიის იმდროინდელი პოლიტიკური წესწყობილება, აჯანყებანი მის წინააღმდეგ, იმ დროის პოლიტიკური და რელიგიური თეორიები არა მიზეზებს, არამედ იმ განვითარების საფეხურის შედეგებს წარმოადგენენ, რომელზედაც მაშინ გერმანიაში სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სახმელეთო და საზღვაო გზები, საქონლისა და ფულის ტრიალი იმყოფებოდა. ეს ერთადერთი მატერიალისტური გაგება ისტორიისა გამომდინარეობს არა ჩემგან, არამედ მარქსიდან და იგი საფუძვლად უდევს აგრეთვე იმავე მიმოხილვაში დაბეჭდილ მის შრომებს 1848 — 1849 წლის საფრანგეთის რევოლუციაზე და “ლუი ბონაპარტის თვრამეტ ბრიუმერს”.
მსგავსება 1525 წლის გერმანიის რევოლუციასა და 1848-49 წლების რევოლუციას შორის იმდენად აშკარა, რომ შეუძლებელი იყო იმ დროს იგი არ გამომეყენებინა. მაგრამ მსვლელობის ერთგვაროვნების მიუხედავად, იმისდა მიუხედავად, რომ იქაც და აქაც მთავრობის ჯარებმა სხვადასხვა ადგილობრივი ამბოხებანი ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხეს, იმისდა მიუხედავად, რომ ორივე შემთხვევაში მოქალაქეებმა ხშირად სასაცილო მსგავსება გამოააშკარავეს თავიანთ ყოფაქცევაში, განსხვავება მაინც ნათლად და აშკარად ჩანდა:
“ვინ ნახა სარგებლობა 1525 წლის რევოლუციაში? მთავრებმა — ვინ ნახა სარგებლობა 1848 წლის რევოლუციაში? დიდმა მთავრებმა, ავსტრიამ და პრუსიამ. 1525 წელს პატარა მთავრების უკან წვრილი ბურჟუები იდგნენ, რომელნიც მათ ბოჭავდნენ გადასახადების შემწეობით. 1850 წელს დიდი მთავრების, ავსტრიის და პრუსიის უკან თანამედროვე მსხვილი ბურჟუები დგანან, რომელნიც მათ ჩქარა იმორჩილებენ სახელმწიფოებრივი ვალების შემწეობით. ხოლო მსხვილი ბურჟუების უკან პროლეტარები დგანან”.[2]
სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ამ სიტყვებით გერმანელ ბურჟუაზიას ზედმეტი პატივისცემა მივუძღვენი. მას შემთხვევა ჰქონდა “სახელმწიფოებრივი ვალების შემწეობით მონარქია ჩქარა დაემორჩილებინა” როგორც ავსტრიასა, ისე პრუსიაში, მაგრამ არსად და არასოდეს არ გამოუყენებია ეს შემთხვევა.
ბატონობა ავსტრიაში ბურჟუაზიას საჩუქრად ერგო 1866 წლის ომის წყალობით. მაგრამ მას არ ძალუძს ბატონობა, იგი ყოვლად უილაჯო და უნიჭოა, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მუშებს შეუტიოს გააფთრებით, როგორც კი ისინი თავს ასწევენ. ავსტრიაში ბურჟუაზიას მხოლოდ იმიტომ უჭირავს საჭე, რომ ეს უნგრელებისთვისაა საჭირო.
რაღა ითქმის პრუსიაზე? მართალია, სახელმწიფოს ვალმა უზომოდ იმატა, დეფიციტი მუდმივ მოვლენადაა გამოცხადებული, სახელმწიფოს გასავალი წლიდან წლამდე იზრდება, ბურჟუაზიას უმრავლესობა ჰყავს პალატაში, უმისოდ შეუძლებელია როგორც გადასახადების გადიდება, ისე სესხის მიღება, მაგრამ სადაა მისი ბატონობა სახელმწიფოზე? ამ ორიოდე თვის წინათ, როცა ახალი დეფიციტი იყო მოსალოდნელი, ბურჟუაზიას საუკეთესო პოზიცია ჰქონდა. მას შეეძლო მნიშვნელოვანი დათმობანი მიეღო თუ ცოტაოდენ გამძლეობას გამოიჩენდა. რა ქმნა მან? მან საკმაო დათმობად მიიჩნია ის, რომ მთავრობამ ნება მისცა მის ფეხთ ქვეშ ცხრა მილიონი დაედო არა ერთი წლით, არამედ ყოველწლიურად მთელი მომავალი დროისთვის.
მე არ მსურს უფრო მეტად გავკიცხო პალატაში მსხდომარე საბრალო ნაციონალ-ლიბერალები, ვიდრე ეს მათ აქვთ დამსახურებული. ვიცი, რომ მათ უმუხთლა ბურჟუაზიის მასამ, რომელიც მათ უკან დგას. ამ მასას არ სურს ბატონობა. მას ჯერ კიდევ 1848 წლის ამბები აქვს ძვლასა და რბილში გამჯდარი.
თუ რად იჩენს გერმანელი ბურჟუაზია ასეთ გასაოცარ სიმხდალეს, ამის შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.
რაც შეეხება დანარჩენს, ზემოთმოყვანილი დებულება სავსებით დადასტურდა. 1850 წლის შემდეგ პატარა სახელმწიფოები თანდათან იჩქმალება, ისინი მხოლოდ ბერკეტს წარმოადგენენ პრუსიის და ავსტრიის ინტრიგებისთვის, ავსტრიასა და პრუსიას შორის თანდათან მწვავდება ბრძოლა ჰეგემონიისთვის, ბოლოს 1866 წ. ხდება ანგარიშის გასწორება ძალმომრეობის შემწეობით, ავსტრია ინარჩუნებს თავის საკუთარ პროვინციებს, პრუსია პირდაპირ ან არაპირდაპირ მთელს ჩრდილოეთს იმორჩილებს, ხოლო სამი სამხრეთ დასავლეთი სახელმწიფო ჯერჯერობით ჰაერში რჩება ჩამოკიდებული.
გერმანელი მუშათა კლასისთვის მთელ ამ მთავარ სახელმწიფოებრივ აქტში მხოლოდ შემდეგს აქვს მნიშვნელობა:
ერთი იმას, რომ მუშებმა საყოველთაო კენჭის ყრის უფლებით შესაძლებლობა მიიღეს უშუალო წარმომადგენლობა იყოლიონ საკანონმდებლო კრებაში.
მეორე იმას, რომ პრუსიამ კარგი მაგალითი გვიჩვენა და გადაყლაპა სამი სხვა გვირგვინი წყალობითა ღვთისათა. მას რომ ამ პროცედურის შემდეგაც იგივე წყალობითა ღვთისათა შეუბილწავი გვირგვინი ჰქონდეს, რომელსაც წინათ იჩემებდა, ეს თვით ნაციონალ-ლიბერალებსაც კი არ სწამთ.
მესამე იმას, რომ გერმანიაში რევოლუციას მხოლოდ ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს — პრუსიის მთავრობა.
და მეოთხე იმას, რომ ავსტრიის გერმანელებმა ახლა ბოლოს ეს საკითხი უნდა დასვან და გადაწყვიტონ, რა სურთ მათ, გერმანელობა თუ ავსტრიელობა? რომელ მხარეზე ურჩევნიათ მათ ყოფნა — გერმანიისა თუ გერმანიის გარეშე მყოფი ტრანსლეიტანური მაჩანჩალების მხარეზე? მათ რომ ან ერთი უნდა დასთმონ ან მეორე, ეს დიდიხანია თავისთავად იგულისხმებოდა, მაგრამ წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის მიერ იგი მუდამ იჩქმალებოდა.
რაც შეეხება 1866 წელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკამათო საკითხებს, რომელთაც მას შემდეგ დაუსრულებლად იხილავენ, ერთი მხრივ, ”ნაციონალ-ლიბერალები”, ხოლო, მეორე მხრივ, “სახალხო პარტია”, უახლოესი წლების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ეს თვალსაზრისები იმიტომ ებრძვიან ერთმანეთს ასე მძაფრად, რომ ისინი ერთი და იმავე შეზღუდულობის ერთიმეორის მოპირდაპირე პოლუსებს წარმოადგენენ.
გერმანიის საზოგადოებრივ ურთიერთობაში 1866 წელს თითქმის არაფერი შეუცვლია. ორიოდე ბურჟუაზიული რეფორმა, — ზომა-წონის ერთიანი სისტემა, მიმოსვლის თავისუფლება, სარეწაოების თავისუფლება და სხვ., და ეს ყოველივე ბიუროკრატიისთვის შესაფერ ჩარჩოებში გატარებული, — იმასაც კი ვერ აღწევს, რაც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ბურჟუაზიას უკვე დიდი ხანია აქვს და ხელუხლებლად ტოვებს მთავარ ბოროტებას, ბიუროკრატიული მეურვეობის სისტემას. პროლეტარიატისთვის ყველა ეს კანონი მიმოსვლის თავისუფლებისა, ქვეშევრდომობის, პასპორტის მოსპობის და სხვ. შესახებ სრულიად ილუზორული ხდება მოარული პოლიციური პრაქტიკის წყალობით.
ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე 1886 წლის სახელმწიფოებრივ აქტს, გერმანიაში 1848 წლის შემდეგ მრეწველობისა და ვაჭრობის, რკინიგზების, ტელეგრაფისა და ოკეანური ორთქლმავალი ნავოსნობის განვითარებას ჰქონდა. თუმცა ეს პროგრესი უკან რჩება იმავე დროს ინგლისში, თვით საფრანგეთში მიღწეულ პროგრესს, გერმანიაში იგი მაინც უბადლო მოვლენას წარმოადგენს და ოც წელიწადში მან მეტი მოგვცა, ვიდრე სხვა დროს მთელ საუკუნეს მოუცია. გერმანია მხოლოდ ახლა ჩაება სერიოზულად და უკანდაუხევლად მსოფლიო ვაჭრობაში. მრეწველთა კაპიტალები ჩქარა იზრდება, ხოლო ამის შესატყვისად ბურჟუაზიის საზოგადოებრივი მდგომარეობაც სათანადოდ ძლიერდება. ინდუსტრიული აყვავების უტყუარი ნიშანი, სპეკულცია, ფართოდ გაიშალა და გრაფები და ჰერცოგები მიაბა თავის სატრიუმფო ეტლს. გერმანული კაპიტალი დღეს რუსეთის და რუმინიის რკინიგზებს აგებს — დაე მისთვის დედამიწა მსუბუქი იყოს! — მაშინ როცა ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინათ გერმანული რკინიგზები ინგლისელ მწარმოებლებს მოწყალებას სთხოვდნენ. როგორაა შესაძლებელი, რომ ბურჟუაზიმ პოლიტიკურადაც არ დაიპყრო ხელისუფლება, რომ იგი ასეთ სიმხდალეს იჩენს მთავრობის მიმართ?
გერმანელი ბურჟუაზიის უბედურება ისაა, რომ ჩვეულებრივი გერმანული მანერის მიხედვით მეტად იგვიანებს. მისი აყვავება იმ ხანაში მოხდა, როცა დასავლეთ ევროპის სხვა ერების ბურჟუაზია უკვე პოლიტიკური დაქვეითების გზას ადგას. ინგლისში ბურჟუაზიამ მხოლოდ მას შემდეგ შესძლო მთავრობაში თავისი ნამდვილი წარმომადგენლის, ბრაიტის შეყვანა, როცა ხმის უფლება გააფართოვა, რასაც შედეგად მთელი ბურჟუაზიის ბატონობის დამხობა უნდა მოჰყვეს. საფრანგეთში, სადაც ბურჟუაზიამ როგორც ასეთმა, როგორც მთლიანმა კლასმა რესპუბლიკაში მხოლოდ ორი წელიწადი, 1849 და 1850 წლები იბატონა, თავისი სოციალური არსებობა მხოლოდ იმით გაიხანგრძლივა, რომ თავისი პოლიტიკური ბატონობა ლუი ბონაპარტსა და ჯარს გადასცა. ხოლო სამ ყველაზე დაწინაურებულ ქვეყანას შორის დაუსრულებლივ მზარდ ურთიერთ ზემოქმედების პირობებში დღეს უკვე შეუძლებელია, რომ გერმანიაში ბურჟუაზიამ შეუშფოთებლად ამართოს თავისი პოლიტიკური ბატონობა იმ დროს, როცა ინგლისსა და საფრანგეთში ეს ბატონობა უკვე დრომოჭმული მოვლენაა.
ბურჟუაზიის განსაკუთრებული თავისებურება ყველა წინადროინდელ გაბატონებულ კლასთან შედარებით სწორედ იმაშია, რომ მის განვითარებაში არსებობს ერთი გარდატეხის პუნქტი, რომლის იქით ყოველი შემდგომი გაზრდა მისი ძლიერების საშუალებათა, მაშასადამე, უწინარეს ყოვლისა მისი კაპიტალებისა მხოლოდ იმას იწვევს, რომ იგი თანდათან ჰკარგავს პოლიტიკური ბატონობის უნარს. “მსხვილი ბურჟუუაზიის უკან პროლეტარები დგანან”. იმდენად, რამდენადაც ბურჟუაზია თავის მრეწველობას, თავის ვაჭრობას და თავის მიმოსვლის საშუალებათ ანვითარებს, იმდენად იგი პროლეტარიატსაც ჰქმნის. და განსაზღვრულ წერტილზე, არა ყველგან ერთსა და იმავე დროს და ერთი და იმავე განვითარების საფეხურზე, იგი ამჩნევს, რომ ეს მისი პროლეტარული ორეული მას წინ უსწრებს ზრდაში. ამ მომენტიდან იგი ჰკარგავს ძალას, მარტოდმარტო იბატონოს პოლიტიკურად; იგი მოკავშირეების ძებნას იწყებს, რომელთაც გარემოების მიხედვით ან თავის ბატონობას გაუნაწილებს ან სრულიად დაუთმობს.
გერმანიაში ამ გარდატეხის პუნქტს ბურჟუაზიამ უკვე 1848 წელს მიაღწია. მაშინ გერმანელ ბურჟუაზიას იმდენად გერმანელი პროლეტარიატისა არ შეშინებია, რამდენიც ფრანგი პროლეტარიატის შეეშინდა. პარიზში 1848 წლის ივნისში მომხდარმა ბრძოლამ მას დაანახვა, რის მოლოდინი უხდა ჰქონოდა მომავალში; გერმანელი პროლეტარიატი საკმაოდ აღელვებული იყო, რათა იმისთვის დაემტკიცებინა, აქაც მიწაზე თესლია გაბნეული იმავე სამკალის მისაღებადო; ამ დღიდან გერმანიის ბურჟუაზიის პოლიტიკურ მოქმედებას სიმძაფრე მოაკლდა. იგი მოკავშირეებს ეძებდა, იგი მათზე თავის თავს ჰყიდდა რა ფასადაც გსურთ და დღემდე ერთი ნაბიჯით ვერ წასულა წინ.
ეს მოკავშირეები ყველანი რეაქციონური ბუნებისა არიან. აქაა მეფის ხელისუფლება თავისი ჯარითა და თავისი ბიუროკრატიით, აქაა მსხვილი ფეოდალური თავადაზნაურობა, აქ არიან წვრილი სოფლის აზნაურები და თვით ხუცები. ყველა მათ ბურჟუაზია უთანხმდებოდა და უკავშირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ტყავი შეენარჩუნებია, სანამ მას ბოლოს არაფერი დარჩა გასაყიდი. და რამდენადაც უფრო ვითარდებოდა პროლეტარიატი, რამდენადაც უფრო კლასად გრძნობდა იგი თავის თავს და კლასივით მოქმედებდა, მით უფრო სულმოკლე ხდებოდნენ ბურჟუები. როცა სადოვასთან პრუსიელების გასაოცრად ცუდმა სტრატეგიამ ავსტრიელების კიდევ უფრო საოცრად ცუდი სტრატეგია დაამარცხა, ძნელი სათქმელი იყო, ვინ ამოისუნთქა უფრო თავისუფლად — პრუსიელმა ბურჟუამ, რომელიც აგრეთვე დამარცხებულ იქნა სადოვასთან, თუ ავსტრიელმა.
ჩვენი მსხვილი ბურჟუები 1870 წელს სწორედ ისე მოქმედებენ, როგორც საშუალო ბურგერები 1525 წელს მოქმედებდნენ. რაც შეეხება წვრილ ბურჟუებსა, ხელოსნებსა და მედუქნეებს, ისინი ყოველთვის უცვლელი დარჩებიან. იმათ იმედი აქვთ სხვადასხვა ოინებით მსხვილ ბურჟუაზიაში შევძვრებითო, მათ ეშინიათ პროლეტარიატში არ გადაგვაგდონო. ამ ქანაობაში შიშსა და იმედს შორის ისინი თავიანთ ძვირფას ტყავს იცავენ ბრძოლის დროს, ხოლო ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულს ემხრობიან. ასეთია მათი ბუნება.
მრეწველობის აყვავებას 1848 წლიდან ფეხდაფეხ მისდევდა პროლეტარიატის სოციალური და პოლიტიკური მოქმედება. მარტო ის როლი, რომელსაც გერმანელი მუშები დღეს თავიანთ პროფესიონალურ კავშირებსა, კოოპერატივებსა, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და კრებებსა, არჩევნებსა და ეგრეთწოდებულ რაიხსტაგში ასრულებენ, ამჟღავნებს, რა გადატრიალება განიცადა გერმანიამ შეუმჩნევლად უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. ეს დიდად სასახელოა გერმანელი მუშებისათვის, რომ მარტოდმარტო მათ შეძლეს მუშები და მუშათა წარმომადგენელები გაეგზავნათ პარლამენტში, მაშინ როცა ეს დღემდე ვერც ფრანგებმა მოახერხეს და ვერც ინგლისელებმა.
მაგრამ არც პროლეტარიატი გაზრდილა იმდენად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შედარება 1525 წელთან. კლასი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ შრომის ხელფასით არსებობს, ჯერ კიდევ სრულიადაც არ წარმოადგენს გერმანელი ხალხის უმრავლესობას. მაშასადამე, იგიც მოკავშირეებისაგანაა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთა მოძებნა კი შეიძლება მხოლოდ წვრილ ბურჟუებსა, ქალაქების ლუმპენპროლეტარიატსა, წვრილ გლეხებსა და სოფლის მოჯამაგირეებს შორის.
წვრილი ბურჟუების შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ისინი მეტად არასაიმედონი არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ მაშინ მათგან ყურთა სმენა აღარაა ლუდხანებში. ამისდა მიუხედავად მათ შორის ძლიერ კარგი ელემენტებიც მოიპოვებიან, რომელნიც თავისთავად ემხრობიან მუშებს.
ლუმპენპროლეტარიატი, ეს ყველა კლასის ნაძირალების ხროვა, რომელიც თავის უმთავრეს ბანაკს დიდ ქალაქებში შლის, ყველაზე უარესია შესაძლებელ მოკავშირეთა შორის. ეს ხროვა აბსოლუტურად გამყიდავი და აბსბოლუტურად აბეზარია. თუ ფრანგი მუშები ყოველი რევოლუციის დროს სახლებზე წერდნენ: — Mort aux voleurs! — სიკვდილი ქურდებსო, და ზოგიერთს კიდეც ხვრეტდნენ, ეს ხდებოდა არა საკუთრების სიყვარულის შთაგონებით, არამედ იმ სწორი შეგნების ზეგავლენით, რომ უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ ბანდის თავიდან მოშორებაა საჭირო. ყოველი მუშათა ბელადი, რომელიც ამ გარეწარებს გვარდიად იყენებს ან მათ ეყრდნობა, ამით უკვე ამტკიცებს, რომ იგი მოძრაობის მოღალატეა.
წვრილი გლეხები — მსხვილები ხომ ბურჟუახიას ეკუთვნიან — სხვადასხვა გვარისანი არიან.
ისინი ან ფეოდალური გლეხები არიან და ბეგარას უხდიან ბატონებს. რაკი ბურჟუაზიას დააგვიანდა ეს ადამიანები ბატონყმური ბეგარისაგან გაენთავისუფლებინა, რაც მისი ვალდებულება იყო, ძნელი არაა მათი დაჯერება, რომ მათი ხსნა მხოლოდ მუშათა კლასს შეუძლია.
ან კიდევ — მოიჯარეები არიან. ამ შემთხვევაში უმეტეს ნაწილად იგივე ურთიერთობა არსებობს, როგორიც ირლანდიაში. საიჯარო გადასახადი ისეთი მაღალია, რომ გლეხს თავისი ოჯახით საშუალო მოსავლის დროს მხოლოდ გაჭირვებით შეუძლია თავის გატანა, ცუდი მოსავლის დროს თითქმის დამშეულია, იჯარის გადახდა არ შეუძლია და ამიტომ სავსებით მემამულის მოწყალებაზეა დამოკიდებული. ასეთი ადამიანებისთვის ბურჟუაზია მხოლოდ იძულებით თუ აკეთებს რამეს. მაშ ვისგან უნდა ელოდნენ ისინი ხსნას, თუ არ მუშებისგან.
გვრჩებიან გლეხები, რომელნიც თავიანთ საკუთარ პატარა მამულებს ამუშავებენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში ისე დატვირთული არიან იპოთეკებით, რომ ჩარჩებისაგან არიან დამოკიდებული სწორედ ისე, როგორც მოიჯარეები მემამულეებისაგან. მათაც მხოლოდ მცირე და ცუდი და კარგი მოსავლის მიხედვით მეტად არასაიმედო შრომის ხელფასი რჩებათ. მათ ყველაზე ნაკლებ უნდა ჰქონდეთ ბურჟუაზიის იმედი, იმიტომ რომ სწორედ ბურჟუები, ჩარჩი კაპიტალისტები სწოვენ სისხლს. მაგრამ ისინი უმეტეს ნაწილად ძალიან ებღაუჭებიან თავიანთ საკუთრებას, თუმცა სინამდვილეში იგი მათ კი არ ეკუთვნის, არამედ ჩარჩს. ამისდა მიუხედავად მათ ის აზრი უნდა ჩაენერგოს, რომ მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებიან ჩარჩებისაგან, თუ ხალხისგან დამოკიდებული მთავრობა ყველა იპოთეკურ ვალს სახელმწიფოსადმი ვალად გადააქცევს და ამით პროცენტებს შეამცირებს. ამის განხორციელება კი მხოლოდ მუშათა კლასს შეუძლია.
ყველგან, სადაც საშუალო და მსხვილი მიწათმფლობელობა ბატონობს, სოფლის მეურნეობის მუშები ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს შეადგენენ სოფლად. ასეა მთელ ჩრდილო და აღმოსავლეთ გერმანიაში და აქ ქალაქის ინდუსტრიულ მუშებს ყველაზე მეტი და ყველაზე ბუნებრივი მოკავშირეები ჰყავთ. როგორც კაპიტალისტი ინდუსტრიული მუშის წინააღმდეგ, ისე მიწათმფლობელი ან მსხვილი მოიჯარე სოფლის მეურნეობის მუშის წინააღმდეგ დგას. იმავე ღონისძიებებმა, რომელნიც პირველთ შველიან, მეორეთაც უნდა უშველონ. ინდუსტრიულ მუშებს შეუძლიათ განთავისუფლდნენ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ბურჟუების კაპიტალს, ე. ი. ნედლ მასალას, მანქანებს, ხელსაწყოებს და საარსებო საშუალებებს, რომელნიც წარმოებისთვის არიან საჭირო, საზოგადოების ე. ი. თავიანთ საკუთრებად აქცევენ და საერთოდ გამოიყენებენ. აგრეთვე სოფლის მეურნეობის მუშებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ თავი დააღწიონ შემაძრწუნებელ სიღატაკეს, თუ უწინარეს ყოვლისა მათი შრომის მთავარი საგანი, თვით მიწა მსხვილ გლეხებისა და კიდევ უფრო მსხვილ ფეოდალ მებატონეების საკუთრებიდან საზოგადოებრივ საკუთრებად იქცევა და სოფლის მეურნეობის მუშების ამხანაგობათა მიერ დამუშავდება მათს საერთო ანგარიშზე. აქ ჩვენ ვადგებით ბაზელის საერთაშორისო მუშათა კონგრესის ცნობილ გადაწყვეტილებას: საზოგადოების ინტერესი მოითხოვს, რომ მიწა საერთო, ნაციონალურ საკუთრებად იქცეს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმთავრესად იმ ქვეყნებისთვის, სადაც მსხვილი მიწათმფლობელობა არსებობს და მასთან დაკავშირებით მსხვილი მამულების დამუშავება ხდება, ხოლო ამ მსხვილ მამულებში ერთი პატრონი და მრავალი დაქირავებული მუშაა. მაგრამ ასეთი მდგომარეობა საერთოდ დღემდე გერმანიაშია ჯერ კიდევ გაბატონებული და ამიტომ ეს გადაწყვეტილება ინგლისის შემდეგ სწორედ გერმანიისთვის უაღრესად დროს შესაფერი იყო. მიწათმოქმედი პროლეტარიატი, სოფლელი დღიური მუშები სწორედ ის კლასია, საიდანაც მეფეების დიდი ჯარები იკრიფება. ეს ის კლასია, რომელიც ამჟამად საყოველთაო ხმის უფლების ძალით მრავლ ფეოდალ მებატონეს და იუნკერს გზავნს პარლამენტში; მაგრამ იგი აგრეთვე ის კლასია, რომელიც ყველაზე ახლო დგას ქალაქის ინდუსტრიულ მუშებთან, რომელიც მისი ცხოვრების პირობებს იზიარებს და მასზე კიდევ უფრო ღრმადაა ჩაფლული სიღარიბეში. ეს კლასი უილაჯოა, იმიტომ რომ გაფანტული და დაქსაქსულია; მის ფარულ ძალას მთავრობა და თავადაზნაურობა ისე კარგად იცნობს, რომ სკოლების საქმეს განზრახ აფერხებს, რათა იგი უმეცარი დარჩეს. გერმანიის მუშათა მოძრაობის უახლოესი და უსაჭიროესი ამოცანაა ეს კლასი გამოაცოცხლოს და მოძრაობაში ჩააბას. იმ დღიდან, როცა სოფლის მეურნეობის მუშათა მასა თავისი საკუთარი ინტერესების გაგებას ისწავლის, გერმანიაში შეუძლებელი გახდება ყოველგვარი რეაქციული მთავრობა, იქნება ის ფეოდალური, ბიუროკრატიული თუ ბურჟუაზიული.
ოთხ წელზე მეტია, რაც ზემოთ მოყვანილი სტრიქონები დაიწერა. მათ დღემდე არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა. რაც სადოვასა და გერმანიის დანაწილების შემდეგ სწორი იყო, დასტურდება სედანისა და პრუსიის ერის საღმთო გერმანული იმპერიის შექმნის შემდეგაც. ასე ნაკლებ შეუძლიათ ეგრეთწოდებული დიდი შექმნის შემდეგაც. ასე ნაკლებ შეუძლიათ ეგრეთწოდებული დიდი პოლიტიკის “მსოფლიოს შემაზანზარებელ” სახელმწიფოებრივ მოქმედებათ ისტორიული მოძრაობის მიმართულება შესცვალონ.
მათ შეუძლიათ მხოლოდ დააჩქარონ ამ მოძრაობის მსვლელობა. ამ მხრივ ზემოაღნიშნული “მსოფლიოს შემაზანზარებელი მოვლენების” შემქმნელებმა ძალაუნებურად წარმატება მოიპოვეს, რაც თვით მათთვის უეჭველად მეტად არასასურველია, მაგრამ რასაც ისინი ასე თუ ისე უნდა შეურიგდნენ.
ჯერ კიდევ 1866 წლის ომმა შეარყია ძველი პრუსიის დედაბოძნი. დიდი ძალღონის დახარჯვა გახდა საჭირო, რომ 1848 წლის შემდეგ ხელახლა დაეთრგუნათ დასავლეთი პროვინციების აჯანყებული ინდუსტრიული ბურჟუაზიული და პროლეტარული ელემენტები; მაგრამ ეს მაინც მოხერხდა და სახელმწიფოში ხელახლა აღმოსავლეთ პროვინციების იუნკრების და აგრეთვე არმიის ინტერესები გაბატონდა. 1866 წელს თითქმის მთელი ჩრდილო დასავლეთი გერმანია პრუსიული გახდა გარდა იმ გამოუსწორებელი ზნეობრივი ზoანისა, რომელიც თავის თავს შეწევნითა ღვთისათა პრუსიის გვირგვინმა მიაყენა იმით, რომ შეწევნითა ღვთისათა სამი სხვა გვირგვინი გადაყლაპა, ახლა მონარქიის სიმძიმის ცენტრმა შესამჩნევად დასავლეთისაკენ გადაინაცვლა. ხუთ მილიონ რაინისმხარელ და ვესტფალელ გერმანელს ჯერ პირდაპირ ანექსიით ოთხი მილიონი მიემატა, ხოლო შემდეგ ექვსი მილიონი, რომელთა ანექსია არაპირდაპირ მოხდა ჩრდილო გერმანიის კავშირის შემწეობით. 1870 წელს კი ამას ზედ დაემატა რვა მილიონი სამხრეთ დასავლეთელი გერმანელი, ისე რომ “ახალ იმპერიაში” თოთხმეტ მილიონ ნახევარ ძველ პრუსიელს (ექვსი ოსტელბური პროვინციიდან, მათ შორის ორი მილიონი პოლონელიც ურევია) დაუპირდაპირდა ოცდახუთი მილიონი სული, რომელიც დიდი ხანია გამოსული იყო ძველი პრუსიული იუნკერთა ფეოდალიზმის არტახებიდან. ამრიგად, სწორედ პრუსიის არმიის გამარჯვებამ სრულიად შეცვალა პრუსიის სახელმწიფოს შენობის საფუძველი; იუნკერთა ბატონობა თანდათან აუტანელი გახდა თვით მთავრობისათვის. მაგრამ ამავე დროს სწრაფად მოხეთქილმა ინდუსტრიულმა განვითარებამ იუნკრების და ბურჟუების ბრძოლა განდევნა ბურჟუების და მუშების ბრძოლით, ისე რომ შიგნითაც ძველი სახელმწიფოს საზოგადოებრივმა საფუძვლებმა სრული გადატრიალება განიცადა. იმ მონარქიის ძირითად პირობას, რომელიც 1840 წლის შემდეგ ნელა იხრწნებოდა, წარმოადგენდა ბრძოლა თავადაზნაურობასა და ბურჟუაზიას შორის, ამ ბრძოლაში მონარქია წონასწორობას იცავდა; მაგრამ იმ წუთიდან, როცა საჭირო გახდა უკვე არა თავადაზნაურობის დაცვა ბურჟუაზიის შეტევისაგან, არამედ ყველა შეძლებული კლასის დაცვა მუშათა კლასის შეტევისაგან, ძველი აბსოლუტური მონარქია სავსებით უნდა გადასულიყო საკუთრივ ამ მიზნით შემუშავებულ სახელმწიფოს ფორმაში — ბონაპარტისტულ მონარქიაში. პრუსიის ეს გადასვლა ბონაპარტიზმში მე უკვე განვიხილე სხვა ადგილას (“ბინის საკითხისათვის”, მეორე განყოფილება, გვ. 26 და შემდ)[3]. მაგრამ მე იქ შემეძლო ხაზგასმით არ აღმენიშნა ერთი ფაქტი, აქ კი მას არსებითი მნიშვნელობა აქვს; სახელდობრ ის, რომ ეს გადასვლა უდიდესი ნაბიჯი იყო, რომელიც პრუსიამ წინ გადადგა 1848 წლის შემდეგ, იმდენად ჩამორჩენილი იყო ეს სახელმწიფო თანამედროვე განვითარებას. იგი მანამდე ნახევრად ფეოდალური სახელმწიფო იყო, ბონაპარტიზმი კი ყოველ შემთხვევაში თანამედროვე სახელმწიფოებრივი ფორმაა, რომლის წინასწარ პირობას ფეოდალიზმის მოსპობა წარმოადგენს. მაშასადამე, პრუსია იძულებულია გაანადგუროს მრავალი ფეოდალური ნაშთი, მოსპოს იუნკრობა როგორც ასეთი. რასაკვირველია, ეს ურბილეს ფორმაში ხდება, საყვარელი მელოდიის მიხედვით: “Immer langsam voran”[4]. ეს ითქმის, მაგალითად, ცნობილ საოლქო განრიგებაზე. იგი სპობს ცალკე იუნკერის პრივილეგიებს მათს მამულში, მაგრამ მხოლოდ ამისთვის, რომ ხელახლა აღადგინოს მსხვილი მიწათმფლობელების პრეროგატივები მთელს ოლქში. საქმე არსებითად უცვლელი რჩება, მხოლოდ იგი ფეოდალური დიალექტიდან ბურჟუაზიულად ითარგმნება. ძველი პრუსიელი იუნკერი ძალდატანებით რაღაც ინგლისელი სკვაირის მსგავს არსებად იქცევა, და მას არაფერი უნდა ჰქონოდა ამის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ერთიც ისევე სულელია, როგორც მეორე.
ამრიგად, პრუსიას უცნაური ბედი ეწვია, თავისი ბურჟუაზიული რევოლუცია, რომელიც მან 1808-1813 წელს დაიწყო და 1848 წელს რამდენიმედ წინ წასწია, ამ საუკუნის დამლევს ბონაპარტიზმის სასიამოვნო ფორმაში დაესრულებინა. და თუ საქმე კარგად წავიდა, ქვეყნიერებაზე მშვიდობა იქნა და ჩვენ ყველანი უდროოდ არ დავიხოცენით, შეიძლება 1900 წელს მოვესწროთ, რომ მთავრობამ პრუსიაში მართლაც ყველა ფეოდალური დაწესებულება მოსპოს, რომ პრუსიამ ბოლოს იმ პუნქტს მიაღწიოს, სადაც საფრანგეთი 1792 წელს იმყოფებოდა.
ფეოდალიზმის მოსპობა, პოზიტიურად რომ ვთქვათ, ბურჟუაზიული წყობის დამყარებას ნიშნავს. იმდენად, რამდენადაც თავადაზნაურობის პრივილეგიები ნადგურდება, კანოხმდებლობა ბურჟუაზიული ხდება. და აქ ჩვენ ვეჯახებით მთავრობისადმი გერმანელი ბურჟუაზიის დამოკიდებულების ძირითად პუნქტს. ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობა იძულებულია ეს ნელი და უბადრუკი რეფორმები შემოიღოს. მაგრამ ბურჟუაზიას იგი თვითეულ დათმობას ისე აჩვენებს, თითქოს იგი ბურჟუებისადმი მიძღვნილი მსხვერპლი იყოს, მეფის ხელიდან ტანჯვა-წვალებით გამოგლეჯილი დათმობა, რისთვისაც ბურჟუებმაც მთავრობას რაიმე უნდა დაუთმონ. და თუმცა ბურჟუები საკმაოდ იცნობენ საქმის ვითარებას, მაინც იტყუებენ თავს. აქედან წარმოდგა ის მდუმარე შეთანხმება, რომელიც რაიხსტაგის და პრუსიის პალატის კამათის ფარულ საფუძველს წარმოადგენს ბერლინში. ერთი მხრივ, მთავრობა ბურჟუაზიის ინტერესებისათვის კანონების რეფორმას ახდენს კუს ნაბიჯით, სპობს ინდუსტრიის ფეოდალურ და სახელმწიფოს დაქუცმაცებიდან წარმომდგარ დაბრკოლებათ, ახდენს ფულის, ზომის და წონის ერთიანობას, სარეწაოების თავისუფლებას და სხვ., მიმოსვლის თავისუფლებას აწესებს და კაპიტალის შეუზღუდველ განკარგულებაში აძლევს გერმანიის სამუშაო ძალას, ხელს უწყობს ვაჭრობას და სპეკულაციას; მეორე მხრივ, ბურჟუაზია მთავრობას უთმობს მთელ ნამდვილ პოლიტიკურ ძალას, ხმას აძლევს გადასახადების გაღებას, სესხის აღებას და ჯარისკაცების გაწვევას და ხელს უწყობს ახალი სარეფორმო კანონების ისე შედგენას, რომ ძველმა პოლიციურმა ხელისუფლებამ მთელი ძალა შეინარჩუნოს მისთვის არასასურველი პირების მიმართ. თავის თანდათანობითს საზოგადოებრივ განთავისუფლებას ბურჟუაზია ყიდულობს იმით, რომ ახლავე უარს ამბობს საკუთარ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. რასაკვირველია, მთავარი მამოძრავებელი მოტივი, რომლის გამოც ბურჟუაზიისათვის ასეთი შეთანხმება მისაღები ხდება, არ არის შიში მთავრობის წინაშე, არამედ შიში პროლეტარიატის წინაშე.
მაგრამ რა რიგ უბადრუკადაც უნდა გამოდიოდეს ჩვენი ბურჟუაზია პოლიტიკურ ასპარეზზე, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ იგი მრეწველობასა და ვაჭრობაში ბოლოს თავის ვალდებულებას ასრულებს. მრეწველობის და ვაჭრობის აყვავებამ, რომელზეც მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში მივუთითე, შემდეგ კიდევ მეტი სიძლიერით იჩინა თავი. რაც ამ მხრივ 1869 წლის თვის პირდაპირ უბადლო მოვლენას წარმოადგენს და იმ აყვავებას მოგვაგონებს, რომელიც XIX საუკუნის დამდეგს ინგლისის საფაბრიკო ოლქებში მოხდა. იგივე მოხდება საქსონიასა და ზემოსილეზიაში, ბერლინსა, ჰანოვერსა და ზღვისპირა ქალაქებში. ჩვენ ბოლოს მსოფლიო ვაჭრობა, ნამდვილი მსხვილი მრეწველობა გვაქვს, ნამდვილი თანამედროვე ბურჟუაზია გვყავს; მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილი კრახიც[5] გვქონდა და აგრეთვე ნამდვილი, ძალოვანი პროლეტარიატიც გაგვიჩნდა.
მომავალი ისტორიკოსისათვის გერმანიის მატიანეში 1869 წლიდან 1874 წლამდე შპიხერნის, მარს ლატურის და სედანის თოფზარბაზნების გრგვინვას და ყოველივეს, რაც ამასთანაა დაკავშირებული, ბევრად ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე გერმანელი პროლეტარიატის უპრეტენზიო, წყნარი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მუდამ წინ მიმავალ განვითარებას. უკვე 1870 წელს გერმანელმა მუშებმა მძიმე გამოცდა ჩააბარეს. ეს იყო ბონაპარტისტული ომის პროვოკაცია და მისი ბუნებრივი შედეგი — საყოველთაო ნაციონალური აღფრთოვანება გერმანიაში. გერმანელი სოციალისტი მუშები ერთი წუთითაც არ მოტყუებულან. მათ ნაციონალური შოვინიზმის ნატამალიც არ გამოუჩენიათ. გამარჯვებით გამოწვეულ შმაგ ღრიანცელში მათ გულგრილობა შეინარჩუნეს, მოითხოვდნენ “სამართლიან ზავს საფრანგეთის რესპუბლიკასთან და ანექსიების უარყოფას”, და თვით საალყო წესების შემოღებას არ შეეძლო მათი დაჩუმება. ისინი არ გაუტაცნია არც სამხედრო სახელს, არც ფრაზებს “გერმანიის იმპერიის დიდებაზე”; მათი ერთადერთი მიზანი მთელი ევროპის პროლეტარიატის განთავისუფლება იყო. თამამად შეიძლება ვთქვათ: ასეთი მძიმე გამოცდის ასე ბრწყინვალედ ჩაბარება დღემდე არც ერთი სხვა ქვეყნის მუშებს არ რგებია წილად.
ომის დროის საალყო მდგომარეობას მოჰყვა მშვიდობიანობის დროის პროცესები სახელმწიფოს ღალატსა, მეფის და მოხელეების შეურაცხყოფაზე, მშვიდობიანობის დროის პოლიციის გაბოროტებული აბეზარობა, რომელიც თანდათან მატულობდა. “Volksstaat”-ის რედაქციიდან ჩვეულებრივ სამი-ოთხი კაცი იჯდა სატუსაღოში, სხვა გაზეთებიდან შესაფერი რიცხვი. ყოველი მეტად თუ ნაკლებად ცნობილი პარტიული ორატორი იძულებული იყო ერთხელ მაინც წელიწადში სასამართლოს წინაშე წამდგარიყო, სადაც მას თითქმის ყოველთვის სასჯელს გადაუწყვეტდნენ ხოლმე. სეტყვასავით გახშირდა გაძევება, კონფისკაცია, კრებების დაშლა. მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა. თვითეული გაძევებულის ან დატუსაღებულის ადგილს მაშინვე მეორე იჭერდა; თვითეული დაშლილი კრების მაგივრად ორ ახალს იწვევდნენ და პოლიციის თვითნებობას გამძლეობითა და კანონების ზედმიწევნით დაცვით თანდათან ღლიდნენ. ყოველი დევნა განზრახული მიზნის საწინააღმდეგო შედეგს იწვევდა; იმის მაგივრად, რომ მას მუშათა პარტია გაეტეხა ან თუნდაც მოედრიკა, იგი მას მხოლოდ ახალ მიმდევრებს უძენდა და ორგანიზაციას უმაგრებდა. თავიანთ ბრძოლაში ხელისუფალთა და ცალკე ბურჟუების წინააღმდეგ: მუშებმა ყველგან გონებრივი და ზნეობრივი უპირატესობა გამოიჩინეს და განსაკუთრებით თავიანთ კონფლიქტში ეგრეთწოდებულ “სამუშაოს მიმწოდებლებთან” დაამტკიცეს, რომ დღეს მუშები განათლებული ადამიანები არიან, ხოლო კაპიტალისტები უმეცრები. ამასთანავე ისინი ბრძოლას უმეტეს შეძთხვევაში ჰუმორით აწარმოებენ, რაც იმის საუკეთესო დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს, რომ მათ სწამთ თავიანთი საქმე და შეგნებული აქვთ თავიანთი უპირატესობა. ასე წარმოებულმა ბრძოლამ ისტორიულად მომზადებულ ნიადაგზე კარგი ნაყოფი უნდა მოგვცეს. იანვრის არჩევნების შედეგები ჯერჯერობით უბადლო მოვლენას წარმოადგენს თანამედროვე მუშათა მოძრაობის ისტორიაში, და განცვიფრება, რომელიც მან მთელს ევროპაში გამოიწვია, სავსებით გამართლებულია.
გერმანელ მუშებს დანარჩენი ევროპის მუშების წინაშე ორი არსებითი უპირატესობა აქვთ. პირველი — ის, რომ ისინი ევროპის ყველაზე უფრო თეორეტიკოს ერს ეკუთვნიან და შენარჩუნებული აქვთ ის თეორიული გულისყური, რომელიც ეგრეთწოდებულ “განათლებულ” კლასებს სრულიად დახშული აქვთ გერმანიაში. გერმანული მეცნიერული სოციალიზმი, — ერთადერთი მეცნიერული სოციალიზმი, რომელიც კი ოდესმე არსებულა, ვერასოდეს ვერ შეიქმნებოდა, თუ მას წინამორბედად გერმანული ფილოსოფია, განსაკუთრებით ჰეგელის ფილოსოფია არ ჰქონებოდა. მუშებს რომ თეორიული გულისყური არ ჰქონოდათ, ეს მეცნიერული სოციალიზმი ვერასოდეს ვერ შეესისხლხორცებოდა მათ იმ ზომამდე, როგორც ამას ახლა ვხედავთ. ხოლო თუ რა განუზომლად დიდია ეს უპირატესობა, ამას გვიჩვენებს, ერთი მხრივ, ის გულგრილობა ყოველგვარი თეორიისადმი, რომელიც ერთი მთავარ მიზეზთაგანია იმისა, თუ ინგლისური მუშათა მოძრაობა რისთვის მიდის წინ ასე ნელა, მიუხედავად ცალკე პროფესიათა საუცხოვო ორგანიზაციისა ხოლო მეორე მხრივ, ამას გვიჩვენებს ის არევდარევა და მერყეობა, რომელიც პრუდონიზმმა დათესა თავისი პირვანდელი ფორმით ფრანგებსა და ბელგიელებს შორის, ხოლო ბაკუნინის მიერ გაკარიკატურებული ფორმით — ესპანელებსა და იტალიელებს შორის.
მეორე უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანელები. მუშათა მოძრაობაში თითქმის ყველაზე გვიან ჩაებნენ. როგორც გერმანული თეორიული სოციალიზმი ვერასოდეს ვერ დაივიწყებს, რომ იგი სენ-სიმონის, ფურიეს და ოუენის მხრებზე დგას, იმ სამი მოაზროვნის მხრებზე, რომელნიც მიუხედავად მათ მოძღვრებათა მთელი ფანტასტიურობისა და მთელი უტოპიზმისა, ყველა დროის უდიდეს მოაზროვნეებს ეკუთვნიან და რომელთაც გენიალურად წინასწარ განჭვრიტეს მრავალი ისეთი ჭეშმარიტება, რომელთა სისწორეს ჩვენ ახლა მეცნიერულად ვამტკიცებთ, — ისევე გერმანიის პრაქტიკულმა მუშათა მოძრაობამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, რომ იგი განვითარდა ინგლისისა და საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მხრებზე, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა უბრალოდ გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ ის გამოცდილება, რომელიც ასე ძვირად დაუჯდა ფრანგებსა და ინგლისელებს, და თავიდან აეცილებინა ახლა მათი შეცდომები, რომელთა აცილება უმეტეს შემთხვევაში მაშინ არ შეიძლებოდა. სად ვიქნებოდით ჩვენ ახლა, რომ ინგლისის ტრედუნიონთა და საფრანგეთის მუშათა პოლიტიკური ბრძოლის ნიმუშით არ გვესარგებლნა და ის კოლოსალური ბიძგი არ მიგვეღო, რომელიც განსაკუთრებით პარიზის კომუნამ მოგვცა!
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გერმანელმა მუშებმა იშვიათი ოსტატობით გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობის უპირატესობანი. პირველად მას შემდეგ, რაც მუშათა მოძრაობა არსებობს, ბრძოლა გეგმაშეწონილად წარმოებს სამივე მიმართულებით, ერთმანეთთან შეთანხმებულად და შეკავშირებულად: თეორიული, პოლიტიკური და პრაქტიკულ-ეკონომიური მიმართულებით (წინააღმდეგობა კაპიტალისტებისადმი). სწორედ ამ, ასე ვთქვათ, კონცენტრიულ თავდასხმაში მდგომარეობს გერმანიის მუშათა მოძრაობის სიძლიერე და უძლეველობა.
ერთი მხრივ, მათი ამ ხელსაყრელი მდგომარეობის გამო, და, მეორე მხრივ, ინგლისის მუშათა მოძრაობის კუნძულებრივ თავისებურებათა და საფრანგეთის მუშათა მოძრაობის ძალადობით დათრგუნვის გამო, გერმანელი მუშები ამჟამად პროლეტარული ბრძოლის სათავეში არიან მოქცეული. შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, რამდენს ხანს დატოვებს მათ მოვლენათა განვითარება ამ საპატიო პოსტზე. მაგრამ სანამ მათ იგი უჭირავთ, იმედი უნდა ვიქონიოთ, ღირსეულად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, ამისთვის საჭიროა ძალღონის გაორკეცებული დაძაბვა ბრძოლისა და აგიტაციის ყოველ სფეროში. განსაკუთრებით ბელადების მოვალეობა იქნება სულ უფრო და უფრო გათვითცნობიერდნენ ყველა თეორიულ საკითხში, სულ უფრო და უფრო განთავისუფლდნენ ძველი მსოფლმხედველობის ტრადიციული ფრაზების გავლენისაგან და მუდამ მხედველობაში იქონიონ, რომ სოციალიზმი მას შემდეგ, რაც ის მეცნიერებად იქცა, მოითხოვს, რომ მას სწორედ ისე უნდა მოექცნენ, როგორც მეცნიერებას, ე. ი. შეისწავლონ იგი. საჭიროა, რომ ამრიგად შეძენილი და სულ უფრო და უფრო გამორკვეული ცნობიერება სულ უფრო მეტი გულმოდგინებით გავავრცელოთ მუშათა მასებში და როგორც პარტიის, ისე პროფკავშირების ორგანიზაცია უფრო და უფრო მტკიცედ დავრაზმოთ… თუ იანვრის არჩევნებში სოციალისტების სასარგებლოდ მიცემული ხმები უკვე მოზრდილ არმიას წარმოადგენენ, ისინი მაინც გერმანიის მუშათა კლასის უმრავლესობას არ გამოხატავენ; და რა რიგ გამამხნევებელიც არ უნდა იყოს იმ პროპაგანდის შედეგები, რომელიც სოფლის მოსახლეობაში სწარმოებს, აქ მაინც უსაზღვროდ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. მაშასადამე, უნდა შევეცადოთ, რომ ბრძოლაში არ დავიქანცოთ, მტერს ერთი ქალაქი, ერთი საარჩევნო ოლქი წავართვათ მეორის მიყოლებით; მაგრამ უწინარეს ყოვლისა საჭიროა, რომ შევინარჩუნოთ ნამდვილი ინტერნაციონალური შეგნება, რომელიც ხელს უშლის ყოველივე შოვინისტური პატრიოტიზმის განვითარებას და სიხარულით მიესალმება ხოლმე ყოველივე ახალ ნაბიჯს პროლეტარულ მოძრაობაში, სულ ერთია რომელი ერიც უნდა სდგამდეს მას, თუ გერმანელი მუშები განაგრძობენ ასე წინსვლას, ისინი არამც თუ მოძრაობის სათავეში იქნებიან, — მოძრაობის ინტერესი სრულიად არ მოითხოვს, რომ ერთი რომელიმე ერის მუშები მის სათავეში მოხვდნენ, — არამედ საპატიო ადგილს დაიჭერენ მებრძოლთა მწკრივებში და ისინიც თავით ფეხებამდე შეიარაღებული იქნებიან, თუ მოულოდნელად მძიმე განსაცდელმა ან დიდმა ამბებმა მათგან უფრო დიდი ვაჟკაცობა, უფრო დიდი გამბედაობა და ენერგია მოითხოვა.
[1] ვ. ციმერმანის სამ ტომიანი შრომა “დიდი გლეხთა ომის ისტორია” პირელად 1840 — 1844 წ.წ. გამოიცა. I ვ. ციმერმანის სამ ტომიანი შრომა "დიდი გლეხთა ომის ისტორია" პირელად 1840 — 1844 წ.წ. გამოიცა. [რედაქცია].
[2] ფ. ენგელსი, გლეხთა ომი გერმანიაში იხ. კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზ., ტ. VIII, გვ. 198. [რედაქცია]
[3] იხ. ამ ტომის გვ. 702. [რედაქცია]
[4] სულ წინ ნელი ნაბიჯით. [რედაქცია]
[5] იგულისხმება 1873 — 1874 წ. კრიზისი. [რედაქცია]