კარლ მარქსი

ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში


დაწერილი: 10 ივნისი, 1853 წ.
გამოქვეყნებული: 25 ივნისი, 1853 წ.
თარგმანი: ინგლისურიდან
წყარო: ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში, New-York Daily Tribune, 1853
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


ინდოსტანი აზიური მასშტაბის იტალიაა. იქ ალპების ნაცვლად ჰიმალაის მთებია, ლომბარდიის დაბლობის ნაცვლად — ბენგალიის დაბლობი, დეკჰანი — აპენინების ნაცვლად და კუნძული ცეილონი კუნძულ სიცილიის ნაცვლად. იგივე მდიდარი მრავალფეროვნება მიწის ნაყოფთა და იგივე დაფლეთილობა პოლიტიკური ფორმების მხრივ. და როგორც იტალიაში დროგამოშვებით დამპყრობლის ხმალი ძალად აიძულებდა სხვადასხვა ნაციონალურ მასებს გაერთიანებულიყვნენ, ისევე ჩვენ ვხედავთ ინდოსტანს, — იმ პერიოდებში, როდესაც იგი არ იმყოფებოდა მაჰმადიანების, მოღოლების ან ბრიტანელების უღელქვეშ, იმდენსავე დამოუკიდებელ და ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ სახელმწიფოებად დანაწილებულს, რამდენიც მასში ქალაქები ან თვით სოფლებიც ითვლება. მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით, ინდოსტანი წარმოადგენს არა იტალიას, არამედ აღმოსავლეთის ირლანდიას. და ეს უცნაური დაკავშირება იტალიის და ირლანდიისა, ხორციელი სიტკბოების ქვეყნის და ჭმუნვის ქვეყნისა, წინასწარ მოცემულია ინდოსტანის რელიგიის ძველ ტრადიციებში. ეს რელიგია ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ხორციელ სიტკბოებათა სიჭარბის რელიგიას და თავმაწამებელი ასკეტიზმის რელიგიას, ლინგამის რელიგიას[1] და ჯაგერნაუტის[2] რელიგიას; მონაზონის რელიგიას და ბაიადერას რელიგიას.

მე არ ვიზიარებ იმათ აზრს, რომელთაც სწამთ ინდოსტანის ოქროს ხანის არსებობა, თუმცა ჩემი აზრის დასადასტურებლად არც ხული-ხანის ბატონობის პერიოდს დავიმოწმებ, როგორც ამას სერ ჩარლზ-ვუდი სჩადის. გავიხსენოთ, მაგალითად, აურენგზების ხანა; ანდა ეპოქა, როდესაც მოღოლები გამოჩნდნენ ჩრდილოეთში და პორტუგალელები სამხრეთში; ან მაჰმადიანთა შესევის ეპოქა. და ეპოქა ჰეპტარქიისა[3] სამხრეთ ინდოეთში, ან, თუ კიდევ უფრო ძველი დროისკენ წასვლა გნებავთ, აიღეთ თვით ბრამინების მითოლოგიური ქრონოლოგია, რომელიც ინდოეთის უბედურების დასაწყისს უფრო შორეულ ეპოქას მიაკუთვნებს, ვიდრე იმ ეპოქას, რომელსაც ქრისტიანობა ქვეყნის გაჩენას უკავშირებს.

მაგრამ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ უბედურება, რომელიც ბრიტანელებმა თავს დაატეხეს ინდოსტანს, არსებითად სხვაგვარი და შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე ყველა ის უბედურება, რომელიც ინდოსტანს წინათ განუცდია. მე არ ვლაპარაკობ აქ ევროპულ დესპოტიზმზე, რაც ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ[4], აზიურ დესპოტიზმის ნიადაგს დაამყნა, რომელთა შეერთება უფრო საზარელ რამეს იძლევა, ვიდრე ის წმინდანი ურჩხულები, ჩვენ რომ სალსეტის[5] ტაძარში გვაფრთხობენ. ეს არაა კოლონიების მმართველობის ინგლისური სისტემის სპეციფიკური ნიშანი, არამედ მხოლოდ ჰოლანდიური სისტემისადმი წაბაძვაა, და ეს იმდენად სწორია, რომ ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის მოქმედების დასახასიათებლად საკმარისია მოვიყვანოთ სიტყვასიტყვით ის, რაც სერ სტამფორდ რაფლსმა, იავის ინგლისელმა გუბერნატორმა, ჰოლანდიის ძველ ოსტ-ინდოეთის კომპანიაზე თქვა:

"ჰოლანდიის კომპანიამ, რომელიც გატაცებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოგების ძიებით და თავის ქვეშევრდომებს ნაკლებ ზოგავდა, ვიდრე ოდესმე ვესტ-ინდოეთის პლანტატორი მის პლანტაციაზე მომუშავე მონებს, ვინაიდან ამ უკანასკნელს ფული ჰქონდა გადახდილი მის მიერ საკუთრებად შეძენილ ადამიანებში, მაშინ როდესაც პირველს არაფერი არ გადაუხდია, — ამ კომპანიამ დესპოტიზმის მთელი არსებული აპარატი გამოიყენა, რათა მოსახლეობიდან გადასახადებით უკანასკნელი კაპიკი გამოეწურა და იგი უკანასკნელი ძალღონის გამოლევამდე ემუშავებინა. ამგვარად, მან გააძლიერა ბოროტება, რომელსაც უქმნის ქვეყანას თვითნება და ნახევრად ბარბაროსული მთავრობა, როდესაც მან თავის მოქმედებაში პოლიტიკოსის მთელი პრაქტიკული დახელოვნება ვაჭრის მთელ მონოპოლისტურ ეგოიზმს შეუერთა".

სამოქალაქო ომები, შესევები, რევოლუციები, დაპყრობები, შიმშილი, — ყველა ეს ერთიმეორის მიმდევნო უბედურება, რაგინდ რთულად, სწრაფად მიმდინარედ და გამანადგურებლად გვეჩვენებოდეს ისინი ინდოსტანისთვის, მაინც მხოლოდ მის ზედაპირს შეეხებოდა. ინგლისმა კი დაარღვია თვით საფუძველი ინდოეთის საზოგადოებისა, და დღემდე არ გამოუჩენია არავითარი ცდამის ახლად აღსადგენად. ძველი ქვეყნის დაკარგვა ახლის მოუპოებლად, განსაკუთრებულ ტრაგიკულ ელფერს დებს ინდოეთის ახლანდელ უბედურებათ და ბრიტანეთის ბატონობის ქვეშ მყოფ ინდოსტანს სწყვეტს ყველა მისი ტრადიციისაგან, მთელი მისი წარსული ისტორიისაგან.

აზიაში საერთოდ უხსოვარი დროიდან არსებობდა მართვა-გამგეობის მხოლოდ სამი დარგი: საფინანსო უწყება ანუ შინაგანი ძარცვის უწყება, სამხედრო უწყება ანუ სხვა ხალხთა ძარცვის უწყება, დასასრულ, საჯარო სამუშაოთა უწყება. ჰავის და ნიადაგის თავისებურებამ, განსაკუთრებით ვრცელ უდაბნო ადგილებში, რომლებიც საჰარიდან დაწყებული ვრცელდება არაბეთში, სპარსეთში, ინდოეთსა და სათათრეში აზიის ზეგანამდე, აღმოსავლეთის სასოფლო მეურნეობის საფუძვლად გახადა ხელოვნური მორწყვის სისტემა არხებისა და ირიგაციულ ნაგებობათა გზით. როგორც ეგვიპტეში და ინდოეთში, ისე მესოპოტამიაში, სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში წყალდიდობით სარგებლობენ მინდვრების გასანოყიერებლად, აგრეთვე წყლის მაღალ დონეს იყენებენ სარწყავ არხებში წყლის მისაცემად. წყლის ეკონომიურად და კოლექტიურად გამოყენების ეს ელემენტარული აუცილებლობა, რომელმაც დასავლეთში კერძო მესარეწეები აიძულა, მაგალითად, ფლანდრიაში და იტალიაში, ნებაყოფლობითს ასოციაციებში შეერთებულიყვნენ, აღმოსავლეთში, სადაც ცივილიზაცია მეტად დაბალ დონეზე იდგა და ტერიტორიების ფართობი მეტად დიდი იყო, რათა ნებაყოფლობითი ასოციაციების გაჩენა გამოეწვია, მოითხოვდა ცენტრალიზაციის მომხდენი მთავრობის ძალის ჩარევას. აქედან — ის ეკონომიური ფუნქცია, რომელიც იძულებული იყო შეესრულებინა ყველა აზიურ მთავრობას, სახელდობრ — საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზაციის ფუნქცია. ნიადაგის ხელოვნურად განაყოფიერების ეს სისტემა, რომელიც ცენტრალურ მთავრობაზე იყო დამოკიდებული და დაუყოვნებლივ დაეცემოდა, როგორც კი ეს მთავრობა მორწყვის და გაშრობის სამუშაოებს დაუდევრად მოეპყრობოდა, გვიხსნის იმ — სხვაგვარად აუხსნელ — ფაქტს, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ უნაყოფო და უდაბნო მთელ ტერიტორიებს, რომლებიც ოდესღაც საუცხოოდ იყო დამუშავებული, მაგალითად, პალმირას, პეტრას, იემენის ნანგრევებს და ეგვიპტის, სპარსეთის და ინდოსტანის ვეებერთელა პროვინციებს. ამით აიხსნება აგრეთვე ის ფაქტი, რომ ერთადერთი გამანადგურებელი ომი კმაროდა იმისათვის, რომ უკაცური გაეხადა ქვეყანა მთელი საუკუნეების განმავლობაში და მოესპო მისთვის მთელი მისი ცივილიზაცია.

და აი, ბრიტანელებმა გადაიღეს ოსტ-ინდოეთში მათი წინამორბედებისაგან საფინანსო უწყება და სამხდრო უწყება, მაგრამ სრულიად უყურადღებოდ დატოვეს საჯარო სამუშაოთა უწყება. აქედან –– დაცემა სასოფლო მეურნეობისა, რომელსაც არ შეეძლო განვითარება თავისუფალი კონკურენციის ბრიტანული პრინციპის თანახმად, თანახმად პრინციპისა laissez faire, laissez aller[6]. მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივ ვხედავთ აზიის სახელმწიფოებში, რომ სასოფლო მეურნეობა ეცემა ერთი მთავრობის მმართველობის დროს და ისევ აღორძინებას განიცდის რომელიმე სხვა მთავრობის მმართველობის დროს. აქ მოსავალიც კარგ თუ ცუდ მთავრობაზეა დამოკიდებული, ისე როგორც იგი ევროპაში დამოკიდებულია კარგ თუ ცუდ ამინდზე. ამგვარად, სასოფლო მეურნეობის მოთხოვნილებათა უგულებელყოფა, რაგინდ ცუდი იყოს იგი, თავისთავად ვერ იქნებოდა საკმარისი მიზეზი ინდუსთა საზოგადოების დაცემისა, რომელიც ბრიტანელი დამპყრობელის მიერ იყო გამოწვეული, ამ უგულებელყოფას რომ თან არ ხლებოდა უფრო დიდი მნიშვნელობის გარემოება, რომელიც ახალ რამეს წარმოადგენს მთელი აზიური ქვეყნის მატიანეში. რაგინდ დიდი ყოფილიყო პოლიტიკური ცვლილებები ინდოეთის წარსულში, მისი სოციალური პირობები უცვლელი დარჩა უძველესი დროიდან დაწყებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე. ხელის საფეიქრო დაზგა და ხელის ჯარა, რომლებიც წარმოშობენ ფეიქრების და მრთველების ურიცხვ არმიას, შეადგენდა ინდუსთა საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს. უხსოვარი დროიდან ევროპა იღებდა ინდური საფეიქრო შრომის უმშვენიერეს ნაწარმოებს, რომელთა სამაგიეროდ იგი აძლევდა თავის ძვირფას ლითონებს და მით — მასალას ოქრომჭედლისთვის, ამ აუცილებელ წევრისთვის ინდუსთა საზოგადოებისა რომლის სიყვარული სამკაულისადმი ისე დიდია, რომ თვით უდაბლესი კლასის წარმომადგენლებიც კი, რომელნიც თითქმის ტიტვლები დადიან, ჩვეულებრივ ატარებენ წყვილ ოქროს საყურეს და რაიმე ოქროს სამკაულს ყელზე. საყოველთაოდ გავრცელებული იყო აგრეთვე ბეჭდები ხელფეხის თითებზე. ქალები, აგრეთვე ბავშვები, ატარებდნენ ხშირად ოქროს ან ვერცხლის მძიმე სამაჯურებს ხელებზე და ფეხებზე, და მათ სახლებში ადამიანი ხვდებოდა ღმერთების პაწია ვერცხლის ქანდაკებებს. ბრიტანეთის მიერ დაპყრობამ დაამსხვრია ინდუსთა ხელის საფეიქრო დაზგა და ჯარა. ინგლისმა საქმე იმით დაიწყო, რომ ევროპის ბაზრებიდან განდევნა ინდოეთის ბამბეულის ნაწარმოები, შემდეგ იწყო ნართის შეზიდვა ინდოეთში და დაასრულა მით, რომ ყელამდე გაავსო ბამბეული საქონლით ბამბეულ ნაწარმთა სამშობლო. 1818 წლიდან 1836-მდე. ნართის ექსპორტი დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთში გაიზარდა შეფარდებით: 1:5200. 1824 წელს ინგლისური მუსლინის იმპორტი ინდოეთში თითქმის არც კი აღწევდა 1 000 000 იარდს, მაშინ, როდესაც 1857 წელს იგი აღემატებოდა 64 000 000 იარდს. ამავე დროს დაკას მოსახლეობა 150 000 მცხოვრებიდან 20 000-მდე შემცირდა. მაგრამ ეს დაცემა ინდოეთის ქალაქებისა, რომელნიც წინათ განთქმული იყვნენ თავიანთი ქსოვილებით, არ წარმოადგენდა კიდევ ინგლისის ბატონობის უცუდეს შედეგს. ბრიტანეთის ორთქლმა და ბრიტანეთის მეცნიერებამ ძირშივე მოსპო ინდოსტანის მთელს ტერიტორიაზე კავშირი სამიწათმოქმედო და სამანუფაქტურო მრეწველობას შორის.

ამ ორმა გარემოებამ, ერთი მხრიე, იმან, რომ ინდოელები, ყველა აღმოსავლეთის ხალხის მსგავსად, ცენტრალურ მთავრობას მიაკუთვნებდნენ ზრუნვას დიდი საზოგადოებრივი სამუშაოებისათვის, რომელნიც მათი მიწათმოქმედებისა და ვაჭრობის ძირითადი საფუძველს შეადგენდნენ, და მეორე მხრივ, იმან, რომ ინდოეთის მოსახლეობა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაფანტული, შეჯგუფებული არიან პატარა ცენტრებში, რომელნიც სამიწათმოქმედო და სამრეწველო შრომას შორის პატრიარქალური კავშირის საფუძველზე არსებობდნენ, –– ამ ორმა გარემოებამ უხსოვარი დროიდან გამოიწვია განსაკუთრებული სოციალური სისტემა, — ეგრეთწოდებულ სათემო სისტემა (village system), რომელიც თვითეულ იმ პატარა ერთეულს დამოუკიდებელ ორგანიზაციის ხასიათს და თავისებურ განცალკევებულ არსებობას აძლევდა. ამ სისტემის თავისებურ ხასიათს გვაცნობს შემდეგი აღწერილობა, რომელიც მოიპოვება ინგლისის ქვემო პალატის ერთ ძველ ოფიციალურ ანგარიშში ინდოეთის საქმეების შესახებ:

"სოფელი, გეოგრაფიულად თუ განვიხილავთ, წარმოადგენს ტერიტორიის ფართობს, რომელიც რამდენსამე ას ან ათას აკრ დამუშავებულ და დაუმუშავებელ მიწას შეიცავს; პოლიტიკური თვალსაზრისით იგი ემსგავსება ქალაქის კორპორაციას. ჩვეულებრივ სოფელს შემდეგი სახის მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა შტატი აქვს: პოტელი ანუ მამასახლისი ეწევა საერთო ზედამხედველობას სოფლის საქმეებზე, აგვარებს დავას მცხოვრებლებს შორის, განაგებს პოლიციას და ასრულებს გადასახადთა ამკრეფის მოვალეობას თავის სოფელში, — მოვალეობას, რომლის შესასრულებლად ის ყველაზე უფრო შესაფერი არის — იმ პირადი გავლენისა და მცხოვრებთა მდგომარეობის და საქმეების ცოდნის გამო, რომელიც მას აქვს. კარნუმი თვალყურს ადევნებს მიწათმოქმედებას და აღნიშნავს ყველაფერს, რაც ამას შეეხება. შემდეგ ტალარი და ტოტი: პირველის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ შეჰკრიბოს ცნობები ბოროტმოქმედებათა და კანონის დარღვევის შემთხვევების შესახებ, გაჰყვეს და დაიცვას ის ადამიანები, რომელნიც ერთი სოფლიდან მეორეში გადადიან; მეორის მოვალეობანი, როგორც ეტყობა, უფრო სოფლის ფარგლითაა შემოზღუდული და მდგომარეობს, სხვა მოვალეობათა შორის, იმაშიც, რომ მოსავალი დაიცვას და ხელი შეუწყოს მის აღრიცხვას. საზღვრის მცველი მეთვალყურეობს სოფლის საზღვრებს ან ცნობას იძლევა, როდესაც საზღვრების შესახებ დავა წარმოიშობა. წყლის აუზების და რუების მეთვალყურე, ანაწილებს წყალს მიწათმოქმედების საჭიროებისთვის. განსაკუთრებული ბრამინი განაგებს სოფელში კულტის საქმეებს. სკოლის მასწავლებელი ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლის ქვიშაზე. მეკალენდარე ბრამინი ანუ ასტროლოგი და სხვ… ეს მაღალი და დაბალი თანამდებობის პირნი შეადგენენ სოფლის ადმინისტრაციას, მაგრამ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილებში მათი შტატი ნაკლებია, რადგან ზემოაღწერილი მოვალეობებიდან და ფუნქციებიდან ზოგიერთები ერთი და იმავე პირის ხელშია შეერთებული, სხვა ნაწილებში კი, პირიქით, მათი შტატი უფრო ფართოა, ვიდრე ზემოთ არის აღნიშნული. უხსოვარ დროიდან ცხოვრობდა მოსახლეობა სათემო მართვა-გამგეობის ამ მარტივი ფორმით. სოფლების საზღვრები იშვიათად იცვლებოდა; და თუმცა თვით სოფლები ზოგჯერ ნადგურდებოდნენ ომის, შიმშილის და სენის გამო, მაგრამ მაინც იგივე სახელწოდებები, იგივე ინტერესები და იგივე ოჯახებიც კი განაგრძობდნენ არსებობას მთელი საუკუნეების განმავლობაში. ამ სოფლების მცხოვრებნი სრულიადაც არ წუხდნენ მონარქიათა დამხობისა და დანაწილების, გამო, რამდენადაც მათი სოფელი უვნებელი რჩებოდა; ისინი თავს არ იტეხდნენ იმაზე, თუ რომელი სახელმწიფოს ფარგალში მოხვდა ან რომელ მეფეს დაექვემდებარა მათი სოფელი, ვინაიდან მათი შინაგანი მეურნეობის საფუძველი უცვლელი რჩებოდა. პოტელი ისევ და ისევ თემის მამასახლისი იყო და მოქმედებდა როგორც მომრიგებელი მოსამართლე და ხარჯთამკრეფი".

სოციალური ორგანიზმის ეს პატარა დამყარებული ფორმები დაიშალა და გაჰქრა არა იმდენად ბრიტანეთის გადასახადთა ამკრეფების და ბრიტანეთის ჯარისკაცთა უხეში ჩარევის გამო, რამდენადაც ინგლისის ორთქლის მანქანებისა და ინგლისის თავისუფალი ვაჭრობის გამო. ეს ოჯახური თემები დამყარებული იყვნენ საოჯახო მრეწველობაზე, ხელით ფეიქრობის, ხელით რთვის და ხელით მიწის დამუშავების სპეციფიკურ კომბინაციაზე, რომელიც თვითკმარი ხასიათის მიმცემი იყო ამ თემებისთვის. ინგლისის ჩარევამ, რამაც მრთველები ლანკაშირში და ფეიქრები ბენგალიაში მოათავსა, ანდა, როგორც ინდოელი მრთველები, ისე ინდოელი ფეიქრები დედამიწის ზედაპირიდან აღგავა, დაანგრია ეს ნახევრად ბარბაროსული, ნახევრად ცივილიზებული თემები იმით, რომ დაარღვია მათი ეკონომიური საფუძველი, და ამგვარად მოახდინა უდიდესი და, მართალი უნდა ითქვას, ერთადერთი სოციალური რევოლუცია, რომელიც კი ოდესმე განუცდია აზიას.

მაგრამ, რაგინდ ბუნებრივი იყოს ის, რომ ჩვენ მოგვიცავს ჭმუნვა, როდესაც ვხედავთ ამ ათი ათასობით შმრომისმოყვარე, პატრიარქალური და მშვიდი სოციალური ჯგუფების დეზორგანიზაციას და დაშლას, რაგინდ სამწუხარო იყოს ის, რომ ისინი ტანჯვის მორევში არიან გადასროლილი, რომ თვითეულმა მისმა წევრმა დაჰკარგა ერთდროულად როგორც თავისი ცივილიზაციის ძველი ფორმები, ისე არსებობის ძველისძველი წყაროები, ჩვენ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იდილიური სასოფლო თემები, რაგინდ უმანკოდ გვეჩვენებოდნენ ისინი ერთი შეხედვით, ყოველთვის შეადგენდნენ აღმოსავლეთის დესპოტიზმის მტკიცე საფუძველს, რომ ისინი ადამიანის გონებას ზღუდავდნენ უაღრესად ვიწრო ფარგალში, ვინაიდან მას ხდიდნენ ცრურწმენის მორჩილ იარაღად, ტრადიციულ ჩვეულებათა მონად და აცლიდნენ მას ყოველ სიდიადეს და ისტორიულ ინიციატივას. არ უნდა დაგვავიწყდეს ეგოიზმი ბარბაროსთა, რომელნიც, მიწის ერთ უმნიშვნელო ნაწილზე თავმოყრილნი, გულმშვიდად უცქეროდნენ, როგორ იმხობოდა იმპერიები, როგორ სრულდებოდა ენით გამოუთქმელი სისასტიკე, როგორ წყდებოდა დიდი ქალაქების მოსახლეობა, –– გულმშვიდად უცქეროდნენ ყველა ამას, და მეტ ყურადღებას არ აქცევდნენ, ვიდრე ბუნების მოვლენებს, თვითონ ხდებოდნენ უმწეო დავლად ყოველი მოძალადისა, რომელიც ინებებდა მათზე ყურადღების მიქცევას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უღირსი უმოძრაო და მცენარეული სიცოცხლე, რომ არსებობის ეს პასიური ფორმა, მეორე მხრივ, იწვევდა რეაქციის სახით ველურ, ბრმა და შეუკავებელ დამქცეველ ძალებს, რომელნიც ინდოსტანში თვითმკვლელობასაც რელიგიურ რიტუალად აქცევდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პაწია თემები დაჭიანებული იყვნენ კასტური დაცალკევებით და მონობით, რომ ისინი ადამიანს გარეშე გარემოებებს უმორჩილებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ იგი გარემოებათა მბრძანებლის სიმაღლეზე აეყვანათ, რომ დამოუკიდებლად განვითარებული საზოგადოებრივი წყობილება მათ გადააქციეს უცვლელ ბუნებრივ ბედისწერად და მით შეჰქმნეს ბუნების უხეში თაყვანისცემა, რომლის უღირსობა იმ ფაქტში გამოისახება, რომ ადამიანი, ბუნების ეს მეუფე, მოწიწებით მუხლს იყრიდა მაიმუნი ჰანუმანის და ძროხა საბალას წინ.

ინგლისმა რომ სოციალური რევოლუცია მოახდინა ინდოსტანში, იგი, რასაკვირველია, ყოვლად მდაბალი ინტერესით ხელმძღვანელობდა და ამ რევოლუციის გატარების წესში გონებადახშულობაც გამოიჩინა. მაგრამ საქმე ამაში როდია. საკითხი იმაშია, შეუძლია თუ არა კაცობრიობას თავისი დანიშნულება შეასრულოს საფუძვლიანი რევოლუციის მოუხდენლად აზიის სოციალურ მდგომარეობაში? თუ არა, მაშინ ინგლისი, ყველა მის ბოროტმოქმედებათა მიუხედავად, ამ რევოლუციის შესრულებაში ისტორიის შეუგნებელი იარაღი იყო.

თუ ეს ასეა, მაშინ, რაგინდ სამწუხარო იყოს ჩვენთვის პირადად ძველი ქვეყნის დაქცევის სანახაობა, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით ჩვენ უფლება გვაქვს გოეთესთან ერთად წამოვიძახოთ:

იმ წამებამ რათ გვაწუხოს,
თუ ამრავლებს სიტკბოს ისა,
განა კაცთ მირიადები
თემურლენგმა არ გასრისა?[7].


[1] ლინგამის რელიგია — ღვთაება შივას კულტი; გავრცელებულია განსაკუთრებით სამხრეთ-ინდოეთის ლინგაიატების სექტაში.

[2] ჯაგერნაუტი — ერთი განსახიერებათაგანია ვიშნუ ღმერთისა, რომლის ტაძარი იდგა ქ. პურიში, ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში. რედაქცია.

[3] ჰეპტარქია — (“შვიდხელისუფლებიანობა") — ტერმინი, მიღებული ინგლისის ისტორიაში, შვიდი საქსონური სამეფოს (VI-VIII საუკუნის) აღსანიშნავად, მარქსი ანალოგიით ხმარობს აქ ამ ტერმინს მაჰმადიანთა დაპყრობამდე დეკჰანის ფეოდალური დაქსაქსულობის აღსანიშნავად. რედაქცია.

[4] ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაარსდა 1600 წელს ინდოეთთან მონოპოლიური ვაჭრობისათვის. კომპანიის "სავაჭრო" ოპერაციების საფარით ინგლისელმა კაპიტალისტებმა დაიპყრეს ინდოეთი და ათეული წლების განმავლობაში მმართველობდნენ მას. ინდოელთა აჯანყების შემდეგ 1857 წ. კომპანია გაუქმდა, ხოლო ინდოეთის მართვა-გამგეობა ინგლისის მთავრობამ უშუალოდ თავის ხელში აიღო. რედაქცია.

[5] სალსეტის ტაძარი — ტაძარი გამოქვაბულში, მდებარეობს იმავე სახელწოდების კუნძულზე ინდოეთის ბომბეის საპრეზიდენტოში; შეიცავს უამრავ გამოსახულებას, რომლებიც, ისე როგორც თვით ტაძარი, ქვიდანაა გამოკვეთილი. –– რედაქცია.

[6] "მოგვეცით მოქმედების თავისუფლება" — ეს არის ფორმულა ბურჟუაზიული ეკონომისტებისა ლიბერალიზმის წარმომადგენლებისა, რომლებიც იცავდნენ ვაჭრობის თავისუფლებას და სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიურ ურთიერთობათა სფეროში. რედაქცია.

[7] გოეთეს ლექსიდან “ზულაიკას" ("დასავლეთ-აღზოსავლჯთის დივანი").