დაწერილი: 22 ივლისი, 1853 წ.
გამოქვეყნებული: 8 აგვისტო, 1853 წ.
თარგმანი: ინგლისურიდან
წყარო: მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში, New-York Daily Tribune, 1853
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.
…როგორ დამყარდა ინგლისის უზენაესობა ინდოეთში? დიდი მოღოლის[1] შეუზღუდველი ძალაუფლება დაამხეს მისმა მოადგილეებმა, მოადგილეების ძლიერება დაამსხვრიეს მარატებმა[2], მარატების ძლიერება დაამსხვრიეს ავღანელებმა, და როდესაც ასე ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძოდა, მოვარდა ბრიტანელი და ყველას დაპყრობა შესძლო. ქვეყანა, სადაც არა მარტო მაჰმადიანებს და ინდუსებს შორისაა ბრძოლა, არამედ აგრეთვე ტომსა და ტომს და კასტასა და კასტას შორისაც; საზოგადოება, რომელსაც თავის დასაყრდენად ჰქონდა ერთგვარი წონასწორობა, რაც წარმოდგებოდა ყველა მის წევრთა საყოველთაო ურთიერთ უკუგდებიდან და თანდაყოლილი განცალკევებიდან — განა ასეთი ქვეყანა და ასეთი საზოგადოება განწირული არ იყო რათა დამპყრობელის ლუკმად ქცეულიყო? ჩვენ კიდეც რომ არაფერი ვიცოდეთ ინდოსტანის წარსული ისტორიის შესახებ, განა ჩვენთვის საკმარისი არ იქნებოდა ის დიდი და უცილობელი ფაქტი, რომ ამჟამადაც ინდოეთი მონობაში უჭირავს ინგლისს ინდოეთის ჯარის დახმარებით, რომელიც ინდოეთის ხარჯზე ინახება? ინდოეთს, ამგვარად, არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ბედისწერა: დაპყრობილი ყოფილიყო, და მთელი მისი წარსული ისტორია, რამდენადაც მას საზოგადოდ ჰქონდა ისტორია, წარმოადგენს ისტორიას თანამიმდევნო დაპყრობთა, რომელთა ობიექტს იგი შეადგენდა. ინდოეთის საზოგადოებას არა აქვს არავითარი ისტორია, ყოველ შემთხვევაში, არავითარი ცნობილი ისტორია. ის, რასაც ჩვენ მის ისტორიას ვუწოდებთ, არის მარტოოდენ ისტორია ერთი მეორის შემცვლელ დამპყრობელთა, რომელნიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აფუძნებდნენ თავიანთ იმპერიებს ამ პასიური და უმოძრაო საზოგადოების საფუძველზე. საკითხი მდგომარეობს ამიტომ არა იმაში, ჰქონდა თუ არა ინგლისს ინდოეთის დაპყრობის უფლება, არამედ იმაში, ვარჩევდით თუ არა, რომ ინდოეთი დაეპყროთ თურქებს, სპარსელებს, რუსებს და არა ბრიტანელებს.
ვთქვათ, სოციალურმა რევოლუციამ დაამხო კაპიტალისტები, რომელთაც დღესდღეობით წარმოება და სიმდიდრეთა მიმოქცევა ექვემდებარება. დავდგეთ სავსებით ანტიავტორიტარისტების თვალსაზრისზე და ვთქვათ, რომ მიწა და სამუშაო იარაღები იმ მუშათა კოლექტიურ საკუთრებაში გადავიდა, რომლებიც მას ხმარობენ. ისმება კითხვა, ამ შემთხვევაში ავტორიტეტის ხსენება სრულიად გაქრება თუ იგი მხოლოდ თავის ფორმას იცვლის? ვნახოთ.
ინგლისს ორგვარი მისია აქვს ინდოეთში შესასრულებელი: დამრღვევი და შემოქმედებითი; ერთი მხრივ, ძველი აზიური საზოგადოების დარღვევა, მეორე მხრივ, დასავლეთის საზოგადოების მატერიალური საფუძვლის ჩაყრა აზიაში.
არაბები, თურქები, თათრები, მოღოლები, რომელნიც ერთიმეორის შემდეგ იპყრობდნენ ინდოეთს, მალე ინდოელდებოდნენ, რადგან, ისტორიის გარდუვალი კანონის თანახმად, ბარბაროსი დამპყრობლები თვითონ ხდებიან დაპყრობილნი დაპყრობილ ხალხთა მაღალი ცივილიზაციის მიერ. ბრიტანელები პირველნი იყვნენ უფრო მაღალი კულტურის მქონე დამპყრობლები, და ამიტომ ისინი მიუწვდომი აღმოჩდნენ ინდოეთის ცივილიზაციის ზემოქმედებისათვის. მათ გაანადგურეს ეს ცივილიზაცია მით, რომ დაანგრიეს ადგილობრივი თემები, გაანადგურეს ადგილობრივი მრეწველობა და გაათანაბრეს ყველაფერი, რაც საერთო დონეზე მაღლა იდგა ადგილობრივ საზოგადოებაში. ინდოეთში ინგლისელების ბატონობის ისტორიის კაბადონები სხვას თითქმის არას გვეუბნება, გარდა ამ განადგურებისა; მათი შემოქმედებითი მუშაობა ძლივს ჩანს ნანგრევებს შორის. მაგრამ ეს შემოქმედებითი მუშაობა მაინც დაწყებულია.
ინდოეთის პოლიტიკური ერთიანობა, დღეს უფრო გამაგრებული და სივრცებრივად უფრო გაფართოებული, ვიდრე ოდესმე დიდი მონღოლების დროს, პირველი წინაპრობა იყო მისი აღდგენისათვის. ეს ერთიანობა, ინგლისის ხმლით დამყარებული, ახლა განმტკიცებულ და გამარადიულებული იქნება ელექტრონის ტელეგრაფით. მკვიდრთაგან შემდგარი არმია, ბრიტანეთის უნტერ-ოფიცრის მიერ ორგანიზებული და გაწვრთნილი, აუცილებელი პირობაა ინდოეთის თვითგანთავისუფლებისა, — ისეთი ინდოეთისა, რომელიც აღარაა პირველი უცხო დამპყრობლის ლუკმა, ბეჭდვის თავისუფლება, რომელიც პირველადაა შეტანილი აზიურ საზოგადოებაში და რომელსაც უმთავრესად ხელმძღვანელობენ ერთად ინდუსთა და ევროპელთა ჩამომავალნი, წარმოადგენს რეკონსტრუქციის ახალ და ძალუმ ფაქტორს. თვით ზემინდარობა[3] და რაიოტვარი[4] , რაგინდ საზიზღარი არ უნდა იყვნენ ისინი, წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ფორმას მიწაზე კერძო საკუთრებისა, ე. ი. იმისა, რისადმი ესოდენ მიისწრაფის აზიური საზოგადოება. ინდოეთის მკვიდრთაგან, რომელნიც ინგლისელთა ზედამხედველობის ქვეშ უხალისოდ და უაღრესად მცირე ზომით იღებენ განათლებას კალკუტაში, იქმნება ახალი კლასი, რომელსაც მართვა-გამგეობისთვის საჭირო თვისებები აქვს და ევროპული მეცნიერებითაა გაჟღენთილი. ორთქლმა დაამყარა რეგულარული და სწრაფი მიმოსვლა ინდოეთსა და ევროპას შორის, დაუკავშირა ინდოეთის ყველა მთავარი ნავსადგური სამხრეთ-აღმოსავლეთის ოკეანის ყველა ნავსადგურს და ამგვარად გამოიყვანა ინდოეთი იმ განცალკევებული მდგომარეობიდან, რომელიც მთავარი საფუძველი იყო მისი უმოძრაობისა. შორს აღარაა ის დღე, როდესაც რკინიგზების და გემების შეერთების მეოხებით მანძილი ინგლისსა და ინდოეთს შორის, დროით გაზომილი, რვა დღემდე შემცირდება, და ამგვარად ეს ოდესღაც საზღაპრო ქვეყანა ნამდღვილად შეერთებული იქნება დასავლეთის ქვეყანასთან.
დიდი ბრიტანეთის გაბატონებული კლასები დღემდე მხოლოდ შემთხვევით, დროებით და გამონაკლისის სახით იყვნენ დაინტერესებული ინდოეთის განვითარებაში, არისტოკრატიას სურდა მისი დაპყრობა, ფინანსურ პლუტოკრატიას უნდოდა მისი გაძარცვა, ხოლო სამრეწველო ბურჟუაზიის მისწრაფება იყო — დაეპყრო იგი თავის საქონელთა დიდი სიიაფით. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა. სამრეწველო ბურჟუაზიამ აღმოაჩინა, რომ მისი სასიცოცხლო ინტერესები ინდოეთის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას მოითხოვს და რომ ამისთვის უწინარეს ყოვლისა საჭიროა ინდოეთი შეიარაღებულ იქნეს ხელოვნური მორწყვის საშუალებებით და შინაგანი სამიმოსვლო გზებით. მრეწველებს განზრახვა აქვს რკინიგზების ქსელით მოჰფინონ ინდოეთი. ისინი ამას შეასრულებენ. და ამის შედეგები განუზომელი უნდა იქნეს.
ცნობილია, რომ ინდოეთის საწარმოო ძალები მოდუნებულია ტრანსპორტის საშუალებების და ქვეყნის სხვადასხვა ნაწარმოებთა გაცვლა-გამოცვლისათვის საჭირო საშუალებების მეტისმეტი ნაკლებობის გამო. არსად არ ვხედავთ ამ ზომით, როგორც ინდოეთში, ესოდენ ძლიერ სოციალურ გაჭირვებას ბუნებრივი სიუხვის გვერდით, გაჭირვებას რომელიც გაცვლა-გამოცვლის საშუალებების უქონლობითაა გამოწვეული. 1848 წელს ინგლისის ქვემო პალატის კომისიაში დამტკიცებული იყო, რომ "მაშინ როდესაც კვარტერი ხორბალი კანდეიშში 6-8 შილინგად იყიდებოდა, იგი 64-70 შილინგად იყიდებოდა პუნაში, სადაც ხალხი შიმშილისგან ქუჩებში იხოცებოდა, რადგან შეუძლებელი იყო სურსათის მიზიდვა კანდეიშიდან, იმიტომ რომ თიხნარი გზები გაუვალი იყო".
რკინიგზების გაყვანა ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწათმოქმედების მიზნებისათვის, სახელდობრ წყალსაცავების გასამართავად იქ, სადაც საჭიროა მიწის ამოთხრა რკინიგზის მიწაყრილის გასაკეთებლად და აგრეთვე რკინიგზის გასწვრივ სხვა და სხვა მიმართულებით წყლის გადასაცემად. ამ გზით შეიძლება ძალიან გაფართოებულ იქნეს სისტემა ხელოვნური მორწყვისა, რომელიც აუცილებელ პირობას შეადგენს მიწათმოქმედებისთვის აღმოსავლეთში და იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ადგილობრივი დამშევა მოუსავლობის გამო, რაც წყლის ნაკლებობით არის ხოლმე გამოწვეული. რკინიგზების ვეება მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ იმ რაიონებშიც კი, რომელნიც მთის ფერდობებს აკრავენ, მორწყული მიწისათვის სამჯერ მეტ გადასახადებს იხდიან, ათჯერ და თორმეტჯერ მეტი მუშახელი მუშაობს და ათჯერ ან თხუთმეტჯერ მეტ მოგებას იძლევა, ვიდრე იმავე ფართობის მოურწყავი მიწა.
რკინიგზები შესაძლებელს გახდის შემცირებულ იქნეს ჯარების რიცხვი და სამხედრო ხარჯები. პოლკოვნიკ უორენმა, სენ-უილიამის სიმაგრის უფროსმა, ასე გამოთქვა თავისი აზრი ქვემო პალატის სპეციალური კომისიის წინაშე:
"შესაძლებლობა ცნობების მიღებისა ქვეყნის შორეული ნაწილებიდან იმდენი საათის შემდეგ, რამდენი დღე და კვირაც კი ჭირდება ახლა ამას, შესაძლებლობა, რომ ინსტრუქციები ჯარის ნაწილებსა და სურსათთან ერთად უსწრაფესი გზით იქნეს გადაგზავნილი, — ამ ფაქტორთა დიდი მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია. გარნიზონები შეიძლებოდა დაბანაკებული ყოფილიყო უფრო დაშორებულ და უფრო ჯანსაღ ადგილებში, ვიდრე ამჟამად, და ამით დაზოგვილი იქნებოდა ბევრი სიცოცხლე, რომელიც ახლა ავადმყოფობის გამო იღუპება, აგრეთვე საჭირო არ იქნებოდა ისე ბევრი სურსათის მომარაგება საწყობებში, და ამით შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა დანაკარგი ლპობისა და ჰავის გამანადგურებელი ზეგავლენის გამო. ხოლო ჯარების რიცხვის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა პირდაპირ იმ ზომით, რა ზომითაც შესაძლებელი გახდებოდა მათი უფრო სწრაფად გამოყენება".
ჩვენ ვიცით, რომ მუნიციპალური ორგანიზაცია და სასოფლო თემების ეკონომიური საფუძველი დარღვეულ იქნა, მაგრამ მათი უცუდესი ნიშანი, სახელდობრ საზოგადოების დაშლა ერთგვაროვან, ერთმანეთთან შეუკავშირებელ ატომებად, ამის შემდეგაც ცოცხალი დარჩა. თემების განცალკევებულობამ წარმოშვა გზების უქონლობა ინდოეთში, ხოლო გზების უქონლობა სიმტკიცეს აძლევდა თემების განცალკევებულობას. ამ საფუძვლით თემი არსებობდა მოცემული ცხოვრების დაბალ დონეზე, თითქმის სხვა თემებთან ურთიერთობის გარეშე იმ მოთხოვნილებებისა და აქტივობის გარეშე, რაც სოციალური პროგრესისათვის აუცილებელი არის. ახლა როდესაც ბრიტანელებმა მოტეხეს სოფლების თვითკმარი ინერცია, რკინიგზებს შეუძლიათ დააკმაყკოფილონ კავშირურთიერთობისა და გაცვლა-გამოცვლის მოთხოვნილება. გარდა ამისა, "სარკინიგზო სისტემის ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ ეს სისტემა ყოველ სოფელში, რომელსაც იგი შეეხება, გაუმჯობესებათა და პრაქტიკულ მოწყობილობათა ისეთ ცოდნას შეიტანს, რაც სხვა ქვეყნებშია შემოღებული, და ისე გააადვილებს მათ შემოღებას, რომ შესაძლებელი გახდება, ჯერ ერთი, შემოწმებულ იქნეს მემკვიდრეობით და დაქირავებული ხელოსნების მიერ მიღწეული დახელოვნების ხარისხი და, მეორე, შევსებულ იქნეს ამ დახელოვნების ხარვეზები" (ჩემპენი, "ბამბა და ვაჭრობა ინდოეთში")[5]."
მე ვიცი, რომ ინგლისის სამრეწველო ბურჟუაზია, როდესაც იგი მიისწრაფის რკინიგზებით მოჰფინოს ინდოეთი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით ხელმძღვანელობს, რომ გაიაფდეს მისი ფაბრიკებისთვის საჭირო ბამბის და სხვა ნედლი მასალების მოზიდვა. მაგრამ თუ თქვენ შეიტანეთ მანქანა მიმოსვლა-მიმოზიდვის სამუალების სახით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს რკინა და ნახშირი, თქვენ აღარ შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ, რომ ამ ქვეყანამ თვითონ იწყოს ამ მანქანის წარმოება. თქვენ არ შეგიძლიათ იქონიოთ რკინიგზები ასეთ ვეება სიდიდის ქვეყანაში მრეწველობის იმ დარგების უორგანიზაციოდ, რომლებიც საჭიროა სარკინიგზო მოძრაობის უშუალო და მიმდინარე მოთხოვინილებათა დასაკმაყოფილბლად, და ეს კი გამოიწვევს მანქანების გამოყენებას მრეწველობის იმ დარგებშიც, რომელნიც უშუალოდ დაკავშირებული არ არიან რკინიგზასთან. რკინიგზები, ამგვარად, ინდოეთში თანამედროვე მრეწველობის ნამდვილ წინამორბედად გახდებიან. ეს მით უფრო მართალია, რომ ინდოელებს, როგორც ამას თვით ინგლისური ხელისუფლება აღიარებს, აქვთ განსაკუთრებული უნარი შრომის სრულიად ახალ პირობებთან შეგუებისა და იმ ცოდნის შეთვისებისაც, რომელიც საჭიროა მანქანის გამოსაყენებლად. დამარწმუნებელ დადასტურებას ამ ფაქტისა წარმოადგენს ის უნარი და საქმის ცოდნა, რასაც იჩენენ კალკუტის ზარაფხანაში მომუშავე ადგილობრივი მემანქანეები, რომელნიც მრავალი წლის განმავლობაში ორთქლის მანქანებთან მუშაობდნენ, აგრეთვე იმ მკვიდრთა მოსაქმეობა, რომელნიც მუშაობდნენ სხვადასხვა ორთქლის მანქანებთან ჰარდუორის სანახშირო ოლქში, და სხვა მაგალითები. თვით ბ-ნი კემპბელი, თუმცა იგი ოსტ-ინდოეთის კომპანიის ცრურწმენების გავლენის ქვეშ ასე ძალიანაა მოქცეული, იძულებულია აღიაროს, რომ "ინდოელი ხალხის ფართო მასებს ავთ დიდი სამრეწველო ენერგია, უნარი აქვთ კაპიტალის დაგროვების და საკვირველი ნიჭი მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებისა". "მათი ინტელექტი, — ამბობს იგი,–– შესანიშნავია". თანამედროვე მრეწველობა, რომელიც რკინიგზებთან ერთად შევა ინდოეთში, დაშლის ტრადიციულ შრომის დანაწილების სისტემას, რომელზედაც დამყარებულია ინდოეთის კასტები, ეს ძირითადი დაბრკოლება ინდოეთის პროგრესისა და ძლიერებისა.
ყველაფერი, რაც იძულებული იქნება გააკეთოს ინგლისის ბურჟუაზიამ, არ გაანთავისუფლებს ინდოელი ხალხის მასას, არც არსებითად გააუმჯობესებს მის სოციალურ მდგომარეობას, რომელიც არა მარტო საწარმოო ძალების განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, დაეუფლება ხალხი ამ ძალებს თუ არა. მაგრამ რასაც იგი ყოველ შემთხვევაში გააკეთებს, ეს იქნება მატერიალური წინაპირობების შექმნა იმ ორივე მიზნის განსახორციელებლად. განა ბურჟუაზიას ოდესმე გაუკეთებია მეტი? განა ბურჟუაზიას ოდესმე განუხორციელებია პროგრესი უიმისოდ, რომ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე მთელი ხალხები სისხლისა და ჭუჭყის, უბედურებისა და დაცემის გზით არ გამოეწრთო?
ინდოელები ვერ მოიმკიან ახალი სახოგადოების იმ ელემენტების ნაყოფს, რომლებიც ბრიტანეთის ბურჟუაზიამ გააბნია მათ შორის, მანამდე, ვიდრე თვით დიდ ბრიტანეთში ახლანდელი გაბატონებული კლასი არ იქნება განდევნილი სამრეწველო პროლეტარიატის მიერ, ან სანამ თვით ინდუსები არ გახდებიან საკმაოდ ძლიერნი, რომ საბოლოოდ მოიხსნან კისრიდან ინგლისური უღელი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია, მეტნაკლებ შორეულ მომავალში, მოველოდეთ ამ დიადი და საინტერესო ქვეყნის აღორძინებას, –– ქვეყნის, რომლის კეთილშობილი მოსახლეობა მის უდაბლეს კლასებშიც კი, თავად სალტიკოვის თქმით "უფრო აზიზი და უფრო დახელოვნებულია, ვიდრე იტალიელები"[6] ,— ქვეყნის რომლის მცხოვრებნი თავის მორჩილებასაც კი რაღაცნაირი მშვიდი კეთილშობილობით აწონასწორებენ და, მათი ბუნებრივი მომთმენობის მიუხედავად, ინგლისელ ოფიცრებს ანცვიფრებდნენ თავისი სიმამაცით, — ქვეყნის, რომელიც აკვანი იყო ჩვენი ენების, ჩვენი რელიგიების და რომელიც ჯატში[7] გვაძლევს ძველი გერმანელის ტიპს და ბრამინში — ძველი ბერძენის ტიპს.
მე არ შემიძლია გამოვეთხოვო თემას ინდოეთის შესახებ რამდენიმე ბოლო შენიშვნების მიუცემლად.
ღრმა ფარისევლობა და ბურჟუაზიული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ბარბაროსობა დაუფარავად ჩანს ჩვენს თვალწინ, როდესაც ჩვენ ამ ცივილიზაციას ვუცქერით არა შინ, სადაც მას საპატიო ფორმები აქვს მიღებული, არამედ კოლონიებში, სადაც იგი სრულიად გამიშვლებული გამოდის. ბურჟუაზიას საკუთრების დამცველად მოაქვს თავი, მაგრამ განა რომელიმე რევოლუციურ პარტიას შეუსრულებია ოდესმე ისეთი აგრარული რევოლუციები, როგორიც ბენგალიაში, მადრასში და ბომბეიში მოხდენილი რევოლუციები იყო? განა ინდოეთში ბურჟუაზია არ მიმართავდა, — თუ თვით ლორდ კლავის, ამ დიდი მძარცველის, გამოთქმას ვიხმართ, –– სასტიკ ძალადობას იქ, სადაც უბრალო მოსყიდვა არ კმაროდა მისი მძარცველური მიზნების მისაღწევად? განა იმ დროს, როდესაც ეს ბურჟუაზია ნაციონალური ვალის დაურღვეველი სიწმინდის შესახებ ლაქლაქებდა ევროპაში, იგი არ ახდენდა იმ რაჯების დივიდენდების კონფისკაციას, რომელთაც თავისი კერძო დანაზოგი თვით კომპანიის აქციებში ჰქონდათ მოთავსებული? განა იმ დროს, როდესაც იგი იბრძოდა საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ "ჩვენი წმინდა რელიგიის" დაცვის საბაბით, მან არ აკრძალა ქრისტიანობის პროპაგანდა ინდოეთში, და განა მან იმ მიზნით, რომ შემოსავალი მიეღო მლოცველებისგან, რომელნიც ორისის და ბენგალიის ტაძრებს აწყდებოდნენ, ხელობად არ გახადა მკვლელობა და პროსტიტუცია ჯაგერნაუტის ტაძარში? აი, როგორი არიან ეს "საკუთრების, წესრიგის, ოჯახის და რელიგიის" დამცველები?
ინგლისის მრეწველობის გამანადგურებელი მოქმედება ინდოეთის მიმართ — ისეთი ქვეყნის მიმართ, რომელიც თავისი მოცულობით ევროპაზე ნაკლები არაა და 150 ათას აკრს მოიცავს, სრულიად ცხადია. იგი საშინელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოქმედება მხოლოდ ორგანული შედეგია მთელი ამჟამად არსებული საწარმოო სისტემისა. ეს წარმოება კაპიტალის ყოვლად ძლიერ ბატონობაზეა დამყარებული. კაპიტალის ცენტრალიზაცია განუყრელად დაკავშირებულია კაპიტალის, როგორც დამოუკიდებელი ძალის, არსებობასთან. ამ ცენტრალიზაციის დამრღვევი გავლენა მსოფლიოს ბაზრებზე ააშკარავებს მხოლოდ გიგანტური ზომით პოლიტიკური ეკონომიის იმანენტურ ორგანულ კანონებს, რომელნიც, ამჟამად ცივილიზებული ქვეყნიერების ყოველ ქალაქში ცხადჰყოფენ თავის მოქმედებას. ისტორიის ბურჟუაზიული პერიოდი მოწოდებულია შეჰქმნას ახალი მსოფლიოს მატერიალური საფუძველი: ერთი მხრივ, მსოფლიო ურთიერთობა, ხალხთა ურთიერთ-დამოკიდებულებაზე დამყარებული, და ამ ურთიერთობის საშუალებები; მეორე მხრივ, ადამიანის საწარმოო ძალების განვითარება და მეცნიერების დახმარებით მატერიალური წარმოების გარდაქმნა ბუნების ძალებზე ბატონობად. ბურჟუაზიული მრეწველობა და ვაჭრობა ჰქმნის ახალი მსოფლიოს მატერიალურ პირობებს, ისე როგორც გეოლოგიურმა რევოლუციებმა შეჰქმნეს დედამიწის ზედაპირი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი სოციალური რევოლუცია დაეუფლება ბურჟუაზიული ეპოქის მიღწევებს, მსოფლიო ბაზარს და თანადროულ საწარმოო ძალებს და ყველაზე უფრო პროგრესული ხალხების საერთო კონტროლს დაუქვემდებარებს მათ, — მხოლოდ მაშინ აღარ იქნება კაცობრიობის პროგრესი იმ საზიზღარი კერპის მსგავსი, რომელსაც არ სურდა ნექტარი სხვაგვარად შეესვა, თუ არ მოკლულის თავის ქალიდან.
[1] დიდი მოღოლი — სახელწოდება ინდოეთის მაჰმადიან იმპერატორთა, ბაბურების თურქთა დინასტიიდან, რომელნიც განაგებდნენ ქვეყანას 1525 წლიდან. რედაქცია.
[2] მარატები — ცენტრალურ ინდოეთის ხალხთა ჯგუფი, რომელიც აჯანყდა მუსულმანთა წინააღმდეგ და XVIII საუკუნის დასაწყისში შექმნა ფეოდალურ სამთავროთა კონფედერაცია. რედაქცია.
[3] ზემინდარები — ახალი მემამულეები, რომლებიც შექმნეს ინგლისელებმა წინანდელ გადასახადთა ამკრეფებისაგან და ვაჭარ-მევახშეებისაგან ინდოეთის გლეხობის ექსპროპრიაციის ანგარიშზე. ზემინდარობა გავრცელებული იყო ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რედაქცია.
[4] რაიოტვარი — უდავო საიჯარო სისტემა, რომელიც ინგლისელებმა შემოიღეს ინდოეთის (სამხრეთში მადრასის და ბომბეის საპრეზიდენტოები.) ამ სისტემის საფუძველზე ინგლისის ხელისუფლების ორგანოები მიწებს აძლევდნენ სასარგებლოდ ცალკეულ გლეხ-მოიჯარადრეებს ფრიად მძიმე პირობებით. — რედაქცია.
[5] Chapman J., Cotton and Commerce of India. London, 1851. რედაქცია.
[6] მარქსს მოჰყავს ციტატა ა. დ. სალტიკოვის წიგნიდან "წერილები ინდოეთის შესახებ", რომელიც გამოვიდა პარიზში 1848 წ. ფრანგულ ენაზე. რედაქცია.
[7] ჯატი — ტომი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. რედაქცია.