კარლ მარქსი

სიტყვა "სახალხო გაზეთის" იუბილეზე


წარმოთქმული: 14 აპრილი, 1856 წ.
გამოქვეყნებული: 1856 წ.
თარგმანი: ინგლისურიდან
წყარო: სიტყვა "სახალხო გაზეთის" იუბილეზე, The People’s Paper, 19 აპრილი, 1856 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


ეგრეთწოდებული რევოლუციები 1848 წლისა მარტოოდენ უმნიშვნელო ეპიზოდები იყო, — პატარა ხვრელები და ნაპრალები ევროპის საზოგადოების მაგარ ქერქში. მაგრამ მათ გამოააშკარავეს მის ქვეშ უფსკრული. ზედაპირის ქვეშ, რომელიც მაგარი ჩანდა, თხევადი მასის ოკეანე აღმოჩნდა, რომელიც საკმარისია მოძრაობაში მოვიდეს, რომ ნამსხვრევებად აქციოს მაგარი კლდეების მთელი მატერიკები. მათ ხმაურით და არეულად გამოაცხადეს პროლეტარიატის განთავისუფლება, — ეს საიდუმლოება XIX საუკუნის და მისი რევოლუციისა.

მართალია, ეს სოციალური რევოლუცია არ წარმოადგენდა 1848 წლის გამოგონებას. ორთქლი, ელექტრონი და ავტომატური დაზგები გაცილებით უფრო საშიში ხასიათის რევოლუციონერები იყვნენ, ვიდრე თვით მოქალაქენი ბარბესი, რასპაილი და ბლანკი. თუმცა ატმოსფერო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, 20.000 გირვანქის სიმძიმით აწვება თვითეულ ჩვენგანს, მაგრამ განა ვგრძნობთ ჩვენ ამას? ისევე ნაკლებ ვგრძნობთ, როგორც ევროპის საზოგადოება 1848 წლამდე რევოლუციურ ატმოსფეროს, რომელიც მას გარს ერტყა და აწვებოდა ყველა მხრიდან.

ჩვენს წინ არის დიადი, ამ ჩეენი XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი ფაქტი, რომლის უარყოფას ვერ გაბედავს ვერც ერთი პარტია. ერთი მხრიე, სიცოცხლე აქვს შთაბერილი ისეთ სამრეწველო და სამეცნიერო ძალებს, რომელთა შესახებ ფიქრიც კი არ შეეძლო კაცობრიობის წინანდელი ისტორიის რომელიმე ეპოქას. მეორე მხრივ, აშკარავდება დაცემის ნიშნები, რომლებიც გაცილებით აღემატება ყველა საშინელებებს, რაც რომის იმპერიის უკანასკნელი დროიდან ისტორიის მატიანეში ჩაუწერიათ.

ჩვენს დროში ყოველი საგანი თითქოს თავისი საწინააღმდეგო მოვლენის მატარებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანა, რომელსაც აქვს საკვირველი ძალა შეამციროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს ადამიანის შრომა, წარმოშობს შიმშილს და უძლურებას. სიმდიდრის ახლად გამოგონილი წყაროები, რაღაც საბედისწერო თილისმის მეოხებით, გაჭირვების წყაროებად ხდება. ხელოვნების გამარჯვებები, თითქოს, მორალის დაკარგვის გზითაა მოპოვებული. იმ ზომით, რა ზომითაც კაცობრიობა ბუნების უფალი ხდება, ადამიანი, თითქოს, მეორე ადამიანის მონობაში ვარდება ანდა თავისი საკუთარი სისაძაგლის მონა ხდება. მეცნიერების წმინდა სინათლეც კი, თითქოს, არ შეუძლია სხვაგვარი განათება, თუ არ უვიცობის ბნელ გარემოცვაში. ყველა ჩვენ გამოგონებათა და მთელი ჩვენი პროგრესის შედეგი, თითქოს, მხოლოდ ის არის, რომ მატერიალურ ძალებს სულიერი სიცოცხლე ენიჭება, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მატერიალური ძალის დონემდეა დაჩლუნგებული. ეს ანტაგონიზმი, ერთი მხრივ, თანამედროვე მრეწველობასა და მეცნიერებასა და, მეორე მხრივ, თანამედროვე სიღატაკეს და დაცემას შორის, — ეს ანტაგონიზმი ჩვენი ეპოქის საწარმოო ძალებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა შორის კონკრეტული, ხელშესახები და უცილობელი ფაქტია. დაე, ზოგიერთი პარტია დასტიროდეს ამას, დაე, სხვებს კიდევ სურდეთ ხელი აიღონ თანამედროვე ტექნიკურ წარმატებებზე, რათა ამით განთავისუფლდნენ თანამედროვე კონფლიქტებისაგან; ანდა დაე, მათ ჯეროდეთ, რომ მრეწველობაში ესოდენ მნიშვნელოვანი პროგრესიის შემავსებელი უეჭველად უნდა იყოს ასევე უეჭველი რეგრესი პოლიტიკაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეუცდომლად ვცნობთ ამაში იმ მზაკვარი სულის ბეჭედს, რომელიც მუდამ ცხადდება ყველა ამ წინააღმდეგობაში. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების ახალი ძალების წასამართავად საჭიროა, რათა მათ ახალი ადამიანები დაეუფლონ — და ეს ადამიანები მუშები არიან.

მუშები ახალი დროის ისეთსავე პროდუქტს შეადგენენ, როგორც თვით მანქანები. იმ მოვლენებში რომელნიც დავთარს ურევენ ბურჟუაზიას, თავადაზნაურობას და რეგრესიის ბედკრულ წინასწარმეტყველებს, ჩვენ ვცნობთ ჩვენს მამაც მეგობარს რობინ გუდფელოუს , ძველ თხუნელას, რომელმაც ესოდენ მარდად იცის მიწაში მუშაობა, ვცნობთ ღირსეულ პიონერს — რევოლუციას. ინგლისის: მუშები თანამედროვე მრეწველობის პირმშონი არიან, და ისინი, რასაკვირველია, არ იქნებიან უკანასკნელნი, რომელნიც დაეხმარებიან ამ მრეწველობით წარმოშობილ სოციალურ რევოლუციას, — რევოლუციას, რომელიც ნიშნავს მათი კლასის განთავისუფლებას მთელ მსოფლიოში go რომელიც ისევე უნივერსალურია, როგორც კაპიტალის ბატონობა და დაქირავებული მონობა. მე ვიცნობ იმ გმირულ ბრძოლას, რომელსაც ინგლისის მუშები აწარმოებდნენ წარსული საუკუნის შუა წლებიდან დაწყებული, ბრძოლას, რომელიც ნაკლებ სახელოვანი არაა იმიტომ, რომ ბნელშია გახვეული და ბურჟუაზიული ისტორიკოსები მას დუმილით გვერდს აუვლიან ხოლმე. შუა საუკუნეებში არსებობდა გერმანიაში ფარული სასამართლო, "ფემის სასამართლოდ" წოდებული, რომელიც მმართველი კლასების ბოროტმოქმედებისთვის შურისძიებას აწარმოებდა თუ რომელიმე სახლზე ნახავდნენ წითელ ჯვარს დახატულს, უკვე ყველამ იცოდა, რომ იმ სახლის პატრონი მსჯავრდადებული იყო ფემის მიერ. ახლა ევროპის ყველა სახლზე იდუმალი წითელი ჯვარია დახატული. ახლა თვით ისტორიაა მოსამართლე, ხოლო განაჩენის ამსრულებელია პროლეტარიატი.