კარლ მარქსი

წინასიტყვაობა "პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის"


დაწერილი: იანვარი, 1859 წ.
გამოქვეყნებული: 1859 წ.
თარგმანი:გერმანულიდან
წყარო: პირველად დაიბჭდა წიგნში “Zur Kritik der politischen Oekonomie von Karl Marx” Erstes Heft, Berlin. 1859.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


ბურჟუაზიული ეკონომიის სისტემას მე განვიხილავ შემდეგი თანამიმდევრობით: კაპიტალი, მიწის საკუთრება. დაქირავებული შრომა; სახელმწიფო, საგარეო ვაჭრობა, მსოფლიო ბაზარი. პირველ სამ ნაწილში მე ვიკვლევ ეკონომიური ცხოვრების პირობებს იმ სამი დიდი კლასისა, რომლებადაც ნაწილდება თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება; დანარჩენი სამი ნაწილის ურთიერთკავშირი თავისთავად ეცემა თვალში ადამიანს. კაპიტალის შესახებ პირველი წიგნის პირველი განყოფილება შემდეგი თავებისაგან შედგება: 1. საქონელი; 2. ფული ანუ მარტივი მიმოქცევა; 3. კაპიტალი საზოგადოდ. პირველი ორი თავი შეადგენს ამ რვეულის შინაარსს. მთელი მასალა ჩემს წინაა მონოგრაფიების სახით, რომლებიც სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დაშორებულ პერიოდებში იყო დაწერილი, — დაწერილი ჩემთვის საკითხების გასარკვევად და არა დასაბეჭდად; ზემოაღნიშნული გეგმის მიხედვით მათი სისტემატური დამუშავება გარეშე გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.

ზოგადი შესავალი, რომელიც მე ჯერ ჩამოვწერე, აქ არ შემაქვს, ვინაიდან, გულდასმით მოფიქრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყოველი წინასწარ აღნიშვნა შედეგებისა, რომლებიც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, მხოლოდ ხელშემშლელია; და მკითხველმა, რომელიც საზოგადოდ ისურვებს მიჰყვეს ჩემს გადმოცემას, უნდა გადაწყვიტოს კერძოდან ზოგადზე გადასვლა. სამაგიეროდ, აქ შეიძლება უადგილო არ იყოს ზოგიერთი შენიშვნა ჩემი საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიური მეცადინეობის მსვლელობის შესახებ.

ჩემი სპეციალური სასწავლო საგანი იყო იურისპრუდენცია, რომელსაც მე, მხოლოდ როგორც მეორეხარისხოვან დისციპლინას, ფილოსოფიასთან და ისტორიასთან ერთად ვსწავლობდი. 1842-43 წელში, როდესაც მე "რაინის გაზეთს"[1] ვრედაქტორობდი, პირველად ჩავვარდი გასაჭირში იმის გამო, რომ აზრი უნდა გამომეთქვა ეგრეთწოდებული მატერიალური ინტერესების შესახებ. ხე-ტყის ქურდობისა და მიწის საკუთრების დაქუცმაცვბის გამო რაინის ლანდტაგში წარმოებულმა ბჭობამ, ოფიციალურმა პოლემიკამ, რომელიც რაინის პროვინციის მაშინდელმა ობერ პრეზიდენტმა ბ-ნმა ფონ-შაპერმა დაიწყო "რაინის გაზეთთან" მოზელის გლეხების მდგომარეობის შესახებ, დასასრულ, კამათმა თავისუფალი ვაჭრობისა და მფარველობითი ბაჟების შესახებ, — მომცა პირველი საბაბი ხელი მიმეყო ეკონომიური საკითხების შესწავლისათვის. მეორე მხრივ, იმ ხანაში, როდესაც კეთილი სურვილი “უფრო შორს წასვლისა” საგნის ცოდნის მაგიერობას წევდა, "რაინის გაზეთში" საფრანგეთის სოციალიზმისა და კომუნიზმის ოდნავ ფილოსოფიურად შეფერადებული გამოძახილი გაისმა. მე გამოვედი ამ მდარე პუბლიცისტიკის წისააღმდეგ, მაგრამ იმავე დროს დაუფარავად ვაღიარე აუგსბურგის "Allgemeine Zeitung"[2] გამართულ პოლემიკაში, რომ საგნის ის ცოდნა, რომელიც მე აქამდე მქონდა, ნებას არ მაძლევს რაიმე მსჯავრის გამოთქმა გავბედო თვით ფრანგულ მიმართულიბათა შინაარსის შესახებ მეთქი. მით უფრო დიდი სიამოვნებით გამოვიყენე ილუზია, "რაინის გაზეთის" გამომცემელთა, რომელნიც ფიქრობდნენ, გაზეთის რბილი ყოფაქცევით მასზე დადებული სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას გამოვიწეევთო, და საზოგადოებრივი ასპარეზიდან სასწავლო კაბინეტში გადავიბარგე.

პირველი შრომა, რომელსაც მე ხელი მოვკიდე ჩემი მომცველი ეჭვების გადასაჭრელად, იყო ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკული გადასინჯვა — შრომა, რომლის შესავალი 1844 წელს პარიზში გამოცემულ “გერმანულ-ფრანგულ ყოველწლიური კრებულებში” დაიბეჭდა. ჩემმა გამოკვლევამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სამართლებრივი ურთიერთობანი, ისევე როგორც სახელმწიფოს ფორმები, ვერც თვით მათგან გაიგებიან, ვერც ადამიანის გონების ეგრეთწოდებული საერთო განეითარებიდან, რომ, პირიქით, ისინი ფესვგაბმულნი არიან ცხოვრების მატერიალურ პირობებში, რომელთა ერთობლიობას ჰეგელი, ინგლისელებისა და XVIII საუკუნის ფრანგების მაგალითის მიხედვით, "სამოქალაქო საზოგადოებას" უწოდებს, და რომ ამ სამოქალაქო საზოგადოების ანატომია პოლიტიკურ ეკონომიაში უნდა ვეძიოთ. ამ უკანასკნელის შესწავლას, რაც პარიზში დავიწყე, მე განვაგრძობდი ბრიუსელში, სადაც გადავსახლდი ბ–ნ გიზოს მიერ პარიზიდან ჩემი გაძევების შესახებ გამოცემული ბრძანების გამო. იმ საერთო შედეგს, რომელსაც მე მივაღწიე და რომელიც, რაკი ერთხელ მოვიპოვე, სახელმძღვანელო ძაფი გახდა ყველა ჩემს შემდგომ გამოკვლევაში, შეიძლება მოკლედ ასეთი ფორმულირება მიეცეს: თავიანთი ცხოვრების საზოგადოებრივი წარმოებისას ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ განსაზღვრულ, აუცილებელ, მათი ნებისაგან დამოუკიდებელ ურთიერთობას, — წარმოებითს ურთიერთობას, რომელიც მათ მატერიალურ მწარმოებლურ ძალთა განვითარების განსაზღვრულ საფეხურს შეესაბამება. ამ წარმოებითს ურთიერთობათა ერთობლიობა შეადგენს საზოგადოების ეკონომიურ სტრუქტურას, რეალურ ბაზისს, რომელზედაც იურიდიული და პოლიტიკური ზედნაშენი აღიმართება და რომელსაც საზოგადოებრივი ცნობიერების განსახღვრული ფორმები შეესაბამება. მატერიალური ცხოვრების წარმოების წესი განაპირობებს საერთოდ ცხოვრების სოციალურ, პოლიტიკურ და გონებრივ პროცესს. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათს ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათს ცნობიერებას. საზოგადოების მატერიალური მწარმოებლური ძალები ვარდებიან წინააღმდეგობაში არსებულ წარმოებითს ურთიერთობასთან ანუ, –– რაც ამის მხოლოდ იურიდიულ გამოსახულებას წარმოადგენს, –– საკუთრების ურთიერთობასთან, რომლის შიგნითაც ისინი აქამდე ვითარდებოდნენ. მწარმოებლურ ძალთა განვითარების ფორმიდან ეს ურთიერთობა მათ ბორკილად იქცევა. მაშინ დგება სოციალური რევოლუციის ეპოქა. ეკონომიური საფუძვლის ცვლილებასთან ერთად მთელი უზარმაზარი ზედნაშენიც მეტი თუ ნაკლები სისწრაფით გადატრიალდება. ამგვარ გადატრიალებათა განხილვისას წარმოების ეკონომიურ პირობებში მომხდარი მატერიალური გადატრიალება, რომლის დადგენაც ბუნებისმეცნიერული სიზუსტით არის შესაძლებელი, ყოველთვის უნდა განვასხვაოთ იმ იურიდიული, პოლიტიკური, რელიგიური, ხელოენებითი ან ფილოსოფიური, მოკლედ: იდეოლოგიური ფორმებისაგან რომლებითაც ადამიანები შეიცნობენ ამ კონფლიქტს და იბრძვიან მის გადასაწყვეტად. როგორც არ შეიძლება ამა თუ იმ ინდივიდუუმის შესახებ ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს თვით იგი თავის თავზე, ისევე არ შეიძლება ვიმსჯელოთ ამგვარი გადატრიალების ეპოქის შესახებ მისი ცნობიერების მიხედვით; პირიქით, ეს ცნობიერება უნდა ავხსნათ მატერიალური ცხოვრების წინააღმდეგობებით, არსებული კონფლიქტით საზოგადოებრივ მწარმოებლურ ძალებსა და წარწოებითს ურთიერთობათა შორის. არც ერთი საზოგადოებრივი ფორმაცია არ ისპობა მანამდე, ვიდრე არ განვითარებულა, ყველა მწარმოებლური ძალა, რომლისათვის იგი საკმაო გასაქანს იძლევა, და ახალი უმაღლესი წარმოებითი ურთიერთობანი არასოდეს არ იჭერენ იმათ ადიგილს, სანამ მათი არსებობის მატერიალური პირობები თვით ძველი საზოგადოების წიაღში არ მომწიფდება. ამიტომ კაცობრიობა ყოველთვის მხოლოდ ისეთ ამოცანებს ისახავს, რომელთა გადაჭრა მას შეუძლია, ვინაიდან, თუ სისწორით დავუკვირდებით, ყოველთვის ვნახავთ, რომ თვით ამოცანა მხოლოდ მაშინ წარმოდგება, როდესაც მატერიალური პირობები მისი გადაჭრისათვის უკვე არსებობს ან, ყოველ შემთხვევაში, წარმოშობის პროცესში იმყოფება. ფართო მოხაზულობით, შესაძლებელია აზიურ, ანტიკურ, ფეოდალურ და თანამედროვე, ბურჟუაზიულ წარმოების წესს ეკონომიური საზოგადოებრივი ფორმაციის პროგრესული ებოქები ეწოდოს. ბურჟუაზიული წარმოებითი ურთიერთობანი წარმოადგენენ საზოგადოებრივი წარმოების პროცესის უკანასკნელ ანტაგონისტურ ფორმას, ანტაგონისტურს არა ინდივიდუალური ანტაგონიზმის აზრით, არამედ ინდივიდუუმთა საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებიდან აღმოცენებული ანტაგონიზმის აზრით; მაგრამ ის მწარმოებლური ძალები, რომლებიც ბურჟუაზიული საზოგადოების წიაღში ვითარდება, ქმნის აგრეთვე მატერიალურ პირობებს, ამ ანტაგონიზმის გადასაჭრელად. ამიტომ ამ საზოგადოებრივი ფორმაციით მთავრდება ადამიანთა საზოგადოების წინა ისტორია.

ფრიდრიხ ენგელსმა, რომელთანაც მე, ეკონომიური კატეგორიების კრიტიკის შესახებ[3] მისი გენიალური ნარკვევის ("გერმანულ-ფრანგულ ყოველწლიურ კრებულებში") გამოქვეყნების შემდეგ, განუწყვეტლივ წერილობითი აზრთა გაზიარება მქონდა, ჩემსავით ამავე შედეგს მიაღწია სხვა გზით (შეადარე მისი "მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში"); და როდესაც იგიც, 1845 წლის გაზაფხულს, ბრიუსელში დაბინავდა, გადავწყვიტეთ ერთად შეგვემუშავებინა ჩვენი შეხედულება საწინააღმდეგოდ იმ იდეოლოგიური შეხედულებებისა, რომელნიც არსებობდნენ გერმანულ ფილოსოფიაში, ნამთეილად კი ანგარიში, გაგვესწორეზინსა ჩვეს წინანდელ ფილოსოფიურ სინდისთან. ეს განზრახვა შესრულებულ იქნა ჰეგელის შემდგომი ფილოსოფიის[4] კრიტიკის სახით. ხელნაწერი, ორი სქელი ტომი, უკვე დიდი ხანია მისული იყო გამოცემის ადგილას ვესტფალიაში, როცა ცნობა მივიღეთ — შეცვლილი გარემოებანი მისი დაბეჭდვის ნებას არ იძლევიანო. ჩვენ მით უფრო ადვილად დავუტოვეთ ხელნაწერი რაგვების მღრღნელ კრიტიკას, რომ ჩვენს მთავარ მიზანს — გაგვერკვია საკითხი ჩვენთვის — მივაღწიეთ. იმ ცალკეულ ნაშრომთაგან, რომლებშიაც ჩვენ მაშინ ჩვენი შეხედულება ამა თუ იმ მხრივ საზოგადოებას გავუზიარეთ, აღვნიშნავთ მხოლოდ ენგელსისა და ჩემ მიერ ერთად შეთხზულს "კომუნისტური პარტიის მანიფესტს", და ჩემ მიერ გამოქვეყნებულ "სიტყვას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ”[5]. ჩვენი შეხედულების ძირითადი პუნქტები პირველად იყო მეცნიერულად, თუმცა კი პოლემიკურ ფორმაში, აღნიშნული ჩემს 1847 წელს გამოცემულ და პრუდონის წინააღმდეგ მიმართულ ნაწარმოებში: "ფილოსოფიის სიღატაკე". ერთი გერმანულად დაწერილი გამოკვლევა "დაქირავებული შრომის" შესახებ, რომელშიაც მე თავი მოვუყარე ამ საგნის შესახებ ჩემ მიერ ბრიუსელის გერმანელ მუშათა კავშირში წაკითხულ ლექციებს, ვეღარ დაიბეჭდა, — ბეჭდვა შეწყდა თებერვლის რევოლუციისა და მის გამო ბელგიიდან ჩემი ძალად განდევნის მიზეზით.

"ახალი რაინის გაზეთის” გამოცემამ 1848 და 1849 წლებში და შემდგომ მოძხდარმა ამბებმა შემაწყვეტინა სამეცნიერო ეკონომიური მუშაობა, რომლის კვლავ განგრძობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1850 წელს ლონდონში. პოლიტიკური ეკონომიის ისტორიის იმ აუარებელმა მასალამ, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაგროვილი, იმ ხელსაყრელმა მდგომარეობამ, რომელსაც ლონდონი წარმოადგენს ბურჟუაზიულ საზოგადოებაზე დაკვირვების საწარმოებლად, დასასრულ, განვითარების იმ ახალმა სტადიამი რომელშიაც, ეტყობოდა, ეს საზოგადოება შევიდა კალიფორნიისა და ავსტრალიის ოქროს აღმოჩენასთან დაკავშირებით, აღმიძრა სურვილი, რომ თავიდანვე დამეწყო საგნის შესწავლა და კრიტიკულად გადამემუშავებინა ახალი მასალა. ამ შესწავლას ნაწილობრივ თავისთავად გადავყავდი გარეგნულად სრულიად გარეშე დისციპლინაზე, სადაც მე მეტნაკლებ დიდ ხანს გაჩერება მიხდებოდა. მაგრამ ჩემს განკარგულებაში არსებულ დროს განსაკუთრებით ამცირებდა თავის რჩენისათვის მუშაობის აუცილებლობა. ჩემმა ამჟამად უკვე რვა წლის თანამშრომლობამ პირველ ინგლისურ-ამერიკულ გაზეთ "New-York Daily Tribune"-ში, — რადგან მე ნამდვილ საგაზეთო კორესპონდენციებს მხოლოდ გამონაკლისის სახით ვწერ, — ჩემი მეცნიერული მუშაობის მეტისმეტი დაქსაქსულობა გამოიწვია. მაგრამ სტატიები ინგლისისა და კონტინენტის საყურადღებო ეკონომიური მოვლენების შესახებ იმდენად მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ჩემს საგაზეთო ნაწერებში რომ მე იძულებული ვიყავი გავცნობოდი პრაქტიკულ დეტალებს, რომლებიც საკუთრივ პოლიტიკური ეკონომიის მეცნიერების ფარგალს გარეშე მდგომარეობს.

ეს მოკლე მიმოხილვა პოლიტიკური ეკონომიის დარგში ჩემი მუშაობის მსვლელობის შესახებ მხოლოდ იმის დამამტკიცებელი უნდა იყოს, რომ ჩემი შეხედულება, როგორც უნდა განსაჯონ იგი და რაგინდ ნაკლებ ეთანხმებოდეს იგი გაბატონებულ კლასთა დაინტერესებულ ცრურწმენას, კეთილსინდისიერი და მრავალწლოვანი კვლევა-ძიების შედეგს წარმოადგენს. მეცნიერების შესავალთან, როგორც ჯოჯოხეთის კარებთან შემდეგი მოთხოვნა უნდა იყოს გამოკრული:

Qui si convien lasciare ogni sospetto:
Ogni villa convien che qui sia morta.
[შენ აქ უთუოდ უნდა დასთმო ყოველი შიში,
არ უნდა ექმნეს აქ ადგილი სრულიად ყოყმანს]. (დანტე, ღვთაებრივი კომედია).


[1] Rheinische Zeitung” — ყოველდღიური რადიკალური გაზეთი, 1842-1843 წ.წ. გამოდიოდა კელნში. 1842 წ. 15 ოქტომბრიდან 1843 წლის 18 მარტამდე მისი რედაქტორი მარქსი იყო. რედაქცია.

[2] მარქსს მხედველობაში აქვს თავისი სტატია “კომუნიზმი და “აუგსბურგის საყოველთაო გაზეთი”, იხ. К. Маркс и Ф. Энгельс. Соч. т. 1, eтp. 217-220. რედაქცია.

[3] ფ. ენგელსი, “ნარკვევები პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”, თბ. 1949, გვ. 5-38. რედაქცია.

[4] კ. მარქსი და ფ. ენგელსი. "გერმანული იდეოლოგია" რედაქცია.

[5] იხ, К. Марксн и Ф. Энгельс. Соч., изд. 2, т. 4, стр. 404—418. რედაქცია.