ფრიდრიხ ენგელსი

კ. მარქსის "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის"


დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1859 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში.
გამოქვეყნებული: დაბეჭდილია გაზეთ "Das Volk"-ის 1859 წლის 6 და 20 აგვისტოს ნომრებში.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


I

მეცნიერების ყველა დარგში გერმანელებმა დიდი ხანია დაამიცეს, რომ ისინი დანარჩენი განათლებული ხალხების თანასწორი არიან; მეტწილ დარგებში კი მათ თავიანთი უპირატესობაც უჩვენეს. მხოლოდ ერთ მეცნიერებას არ მოეპოვებოდა გერმანელის სახელი თავის კორიფეებს შორის; ეს მეცნიერებაა პოლიტიკური ეკონომია. ამის მიზეზი ადვილი გასაგებია. პოლიტიკური ეკონომია წარმოადგენს თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოების თეორიულ ანალიზს, და ამასთან იგი განვითარებულ ბურჟუაზიულ ურთიერთობას გულისხმობს, ურთიერთობას, რომელიც რეფორმაციულმა და გლეხთა ომებმა, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანმა ომმა, შეუძლებელი გახადა გერმანიაში მთელი საუკუნეების მანძილზე. იმპერიისაგან ჰოლანდიის განცალკევებამ გერმანია დააშორა მსოფლიო ვაჭრობას და იმთავითვე მისი სამრეწველო განვითარება უმნიშვნელო ურთიერთობამდე დაიყვანა. და ვიდრე გერმანელები ისეთი გაჭირვებით და ისე მძიმედ იმართებოდნენ წელში სამოქალაქო ომებით გამოწვეულ განადგურებათაგან; ვიდრე ისინი მთელ თავიანთ სამოქალაქო ენერგიას, რომელიც ძალიან დიდი არასოდეს არ ყოფილა, ხარჯავდნენ უნაყოფო ბრძოლაში საბაჟო ზღუდეებისა და უაზრო სავაჭრო წესდებების წინააღმდეგ, რომლებსაც თვითეული პაწაწა თავადი და იმპერიის თვითეული ბარონი თავის ქვეშევრდომთა მრეწველობას უმორჩილებდა; ვიდრე იმპერიის ქალაქები იღუპებოდნენ ამქართა და პატრიციატის წვრილმან ჩხუბში, — ამ დროის განმავლობაში ჰოლანდიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა მსოფლიო ვაჭრობაში პირველი ადგილები დაიპყრეს, კოლონიები კოლონიებზე დააარსეს, მანუფაქტურული მრეწველობა უაღრეს აყვავებამდე განავითარეს, სანამ დასასრულ, ინგლისი, ორთქლის აღმოჩენის წყალობით, რამაც პირველად მისცა ღირებულება მისი ნახშირისა და რკინის საბადოებს, თანამედროვე ბურჟუაზიული განვითარების სათავეში არ მოექცა. და ვიდრე მიმდინარეობდა ბრძოლა შუა საუკუნეების ისეთი სასაცილოდ მოძველებული ნაშთების წინააღმდეგ, რომელნიც 1830 წლამდე გერმანიის მატერიალურ ბურჟუაზიულ განვითარებას ბორკავდნენ, — არავითარი გერმანული პოლიტიკური ეკონომია არ იყო შესაძლებელი. მხოლოდ საბაჟო კავშირის დაარსებისას[1] მიაღწიეს გერმანელებმა ისეთ მდგომარეობას, როდესაც მათ საზოგადოდ შეეძლოთ პოლიტიკური ეკონომიის გაგება. ამ დროიდან მართლაც დაიწყო ინგლისური და ფრანგული პოლიტიკური ეკონომიის იმპორტი გერმანიის ბურჟუაზიის საჭიროებისათვის. მალე სწავლულები და ბიუროკრატები დაეუფლნენ შემოზიდულ მასალას და დაუწყეს მას ისეთი დამუშავება, რომელიც მაინცდამაინც სასახელო არაა “გერმანული სულისთვის”. მჯღაბნელთა ჭრელმა კრებულმა აფერისტთა, ვაჭართა, კლასის დამრიგებელთა და ბიუროკრატთა წრიდან ისეთი გერმანული ეკონომიური ლიტერატურა შექმნა, რომელსაც უხამსობის, დილეტნატიზმის, უშინაარსობის, მრავალსიტყვაობისა და სხვისი აზრების მითვისების მოურიდებლობის მხრივ, ანალოგია მხოლოდ გერმანულ რომანში მოეპოვება. პრაქტიკული მიმართულების ადამიანთა წრეებში თავდაპირველად განვითარდა მრეწველთა პროტექციონისტული სკოლა, რომელთა ავტორიტეტის, ლისტის ნაწარმოებები, დღესაც კიდევ უმნიმვნელოვანესია ყველა იმათგან, რაც წარმოშვა გერმანიის ბურჟუაზიულმა ეკონომიურმა ლიტერატურამ, თუმცა ყველა მისი ნაქებ-ნადიდები შრომები გადმოწერილია ფრანგი ფერიესაგან, რომელიც კონტინენტალური სისტემის[2] თეორიის მამამთავარია. ამ მიმართულების საწინააღმდეგოდ 40-იან წლებში წარმოდგა ბალტიის მხარის პროვინციების ვაჭართა სკოლა, — თავისუფალი ვაჭრობის სკოლა, რომელიც ბავშვური, მაგრამ არა უანგარო, დანდობით იმეორებდა ინგლისელი ფრიტრედერების არგუმენტებს. დასასრულ, კლასის დამრიგებლებსა და ბიუროკრატებში, რომლებიც მეცნიერების თეორიულ მხარეს ამუშავებდნენ, იყვნენ მშრალი, ფაქტების უკრიტიკო მომგროვებლები, როგორც ბ-ნი რაუ, მობრძნო სპეკულანტები, ფილოსოფოსები, რომელნიც უცხო ავტორთა წინადადებებს მოუნელებელ ჰეგელის ენაზე თარგმნიდნენ, როგორც ბ-ნი შტაინი, ანდა სხვისი ნასუფრალის მომგროვებელი ბელეტრისტები “კულტურულ-ისტორიულ” დარგში, როგორც ბ-ნი რილი. ყველა აქედან, ბოლოს და ბოლოს შესდგა კამერალისტიკა[3], რაღაც ნარევი ყველაფრისა, ეკლექტიკურ-ეკონომიური წვენით მოსხმული, მსგავსი იმისა, რის ცოდნაც სასრგებლოა ადამიანისათვის, რომელიც აბარებს სახელმწიფო გამოცდას მთავრობის მოხელეს თანამდებობაზე.

იმ დროს, როდესაც ბურჟუაზია, კლასის დამრიგებლები და ბიუროკრატია გერმანიაში ჭაპანწყვეტაში იყვნენ იმისათვის, რომ რამდენადმე გაეგოთ და გაეზეპირებინათ, ხელშეუხებელი დოგმების სახით, ინგლისურ-ფრანგული პოლიტიკური ეკონომიის ელემენტები, ისტორიულ სარბიელზე გამოვიდა გერმანიის პროლეტარული პარტია. მთელი მისი თეორიული არსება პოლიტიკური ეკონომიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა, და მისი გამოსვლის მომენტიდან იწყება აგრეთვე მეცნიერული, დამოუკიდებელი, გერმანული პოლიტიკური ეკონომია. ეს გერმანული პოლიტიკური ეკონომია ემყარება არსებითად ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, რომლის ძირითადი ნიშნები მოკლედ გადმოცემულია ზემოაღნიშნული ნაწარმოების წინასიტყვაობაში. ეს წინასიტყვაობა[4], მის ძირითად ნაწილში უკვე იყო დაბეჭდილი "Das Volk"-ში[5], ამიტომ ჩვენ მივუთითებთ მასზე ჩვენს მკითხველს. არა მარტო პოლიტიკური ეკონომიისათვის, არამედ ყველა ისტორიული მეცნიერებისათვის (და ყველა მეცნიერება, რომელიც ბუნებისმეტყველებას არ ეკუთვნის, ისტორიულ მეცნიერებას წარმოადგენს) რევოლუციის მომხდენი აღმოჩნდა ეს დებულება: რომ "მატერიალური ცხოვრების წარმოების წესი განსაზღვრავს სოციალური, პოლიტიკური და გონებრივი ცხოვრების პროცესს საზოგადოდ", და რომ ყველა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ურთიერთობანი, ყველა რელიგიური და სამართლის სისტემანი, ყველა თეორიული შეხედულებანი რომელთაც ადგილი აქვთ ისტორიის მსვლელობაში, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგებულ იქნენ, როდესაც გაგებული იქნება თვითეული სათანადო ეპოქის ცხოვრების მატერიალური პირობები და პირველნი ამ მატერიალური პირობებიდან იქნებიან გამოყვანილნი. "ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას". ეს დებულება იმდენად მარტივია, რომ იგი თითქოს თავისთავად გასაგები უნდა იყოს ყველასათვის, ვინც მოცული არაა იდეალისტური სიყალბით. მაგრამ მისგან ფრიად რევოლუციური დასკვნები გამომდინარეობს არა მარტო თეორიისათვის, არამედ პრაქტიკისათვისაც. "საზოგადოების მატერიალური საწარმოო ძალები მათი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ვარდება წინააღმდეგობაში არსებულ წარმოებითი ურთიერთობასთან ანუ, რაც მის მხოლოდ იურიდიულ გამოსახულებას წარმოადგენს, საკუთრების ურთიერთობასთან, რომლის შიგნითაც ისინი აქამდე ვითარდებოდნენ. საწარმოო ძალთა განვითარების ფორმიდან ეს ურთიერთობა მათ ბორკილად იქცევა. მაშინ დგება სოციალური რევოლუციის ეპოქა. ეკონომიური საფუძვლის ცვლილებასთან ერთად მთელი უზარმაზარი ზედნაშენიც მეტნაკლები სისწრაფით გადატრიალდება… ბურჟუაზიული წარმოებითი ურთერთობანი წარმოადგენენ საზოგადოებრივი წარმოების პროცესის უკანასკნელ ანტაგონისტურ ფორმას, ანტაგონისტურს არა ინდივიდუალური ანტაგონიზმის აზრით, არამედ ინდივიდუუმთა საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებიდან აღმოცენებული ანტაგონიზმის აზრით, მაგრამ ის საწარმოო ძალები, რომლებიც ბურჟუაზიულ საზოგადოების წიაღში ვითარდება, ქმნის აგრეთვე მატერიალურ პირობებს ამ ანტაგონიზმის გადასაჭრელად". ჩვენი მატერიალისტური თეზისის შემდგომი განვითარებისას და თანადროულობისათვის მისი გამოყენებისას ჩვენ თვალწინ გვეშლება, ამგვარად, ყველა დროის დიდი, უდიადესი რევოლუციის პერსპექტივა.

მაგრამ უფრო ყურადღებით განხილვისას დაუყოვნებლივ მჟღავნდება, რომ ის, ერთი შეხედვით მარტივი, აზრი, რომ ადამიანთა ცნობიერებას მათი ყოფიერება განსაზღვრავს, და არა პირიქით, უკვე უბრალოდ მისგან გამომდინარე დასკვნებით სასიკვდილო ლახვარს ცემს ყოველგვარ იდეალიზმს, თვით უაღრესად ნიღაბაფარებულსაც კი. ამ დებულებით უარიყოფა ყველა ჩვეულებრივი და ტრადიციული შეხედულება ისტორიულ მოვლენებზე. მისი საშუალებით გადაყირავდება ყველა ტრადიციული წესი პოლიტიკური აზროვნებისა. პატრიოტული კეთილშობილება აღშფოთებით უგულებელჰყოფს ასეთ უხეშ შეხედულებას. ახალი მსოფლმხედველობა, ამიტომ, აუცილებლობით ეჯახება წინააღმდეგობას არა მარტო ბურჟუაზიის წარმომადგენელთა მხრივ, არამედ ფრანგ სოციალისტთა მასასაც, რომელთაც მისნური ფორმულის: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობას საშუალებით სწადიათ გადაატრიალონ ქვეყნიერება. მაგრამ განსაკუთრებით დიდი აღშფოთება გამოიწვია ამ თეორიამ გერმანელი ვულგარულ-დემოკრატიული მყვირალების წრეში. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელნი გულმოდგინედ ცდილობდნენ პლაგიატორულად ესარგებლნათ ახალი იდეებით, თუმცა ამასთანავე ყოველთვის თავიანთ მხრივ ამ იდეების იშვიათ გაუგებლობას ამჟღავნებდნენ.

მატერიალისტური გაგების განვითარება თუნდაც მარტოოდენ ერთადერთ ისტორიულ მაგალითზე, წარმოადგენდა ისეთ სამეცნიერო სამუშაოს, რომლის შესასრულებლად მრავალწლოვანი მშვიდად წარმოებული გამოკვლევა იქნებოდა საჭირო, ვინაიდან ცხადია, რომ მარტო ფრაზით აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება და რომ მხოლოდ მასიური, კრიტიკულად შემოწმებული, სავსებით დაძლეული ისტორიული მასალის საშუალებით არის შესაძლებელი ასეთი ამოცანის წარმატებით შესრულება. თებერვლის რევოლუციამ ჩვენი პარტია პოლიტიკურ სარბიელზე გადაისროლა და, ამგვარად, შეუძლებელი გახადა მისთვის წმინდა-სამეცნიერო მიზნებს გაჰყოლოდა; მაგრამ მაინც ძირითადი შეხედულება წითელი ძაფივით არის გატარებული პარტიის ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებში. მათში, თვითეულ ცალკე შემთხვევასთან დაკავშირებით მოცემულია იმის დამტკიცება, რომ პოლიტიკური გამოსვლა ყოველთვის შედეგი იყო მატერიალური იმპულსების, და არა იმ ფრაზების, რომლებიც მას ახლავს, — პირიქით, პოლიტიკური და იურიდიული ფრაზები ისევე მატერიალური იმპულსების შედეგს წარმოადგენდა, როგორც პოლიტიკური მოქმედება და მისი შედეგები.

1848-1849 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ დადგა დრო როდესაც უფრო და უფრო შეუძლებელი გახდა უცხოეთიდან გავლენის მოხდენა გერმანიაში; მაშინ ჩვენმა პარტიამ ვულგარულ დემოკრატიას დაუთმო ემიგრანტული კრტიმალობის ასპარეზი, ვინაიდან პრაქტიკული მოქმედების სფეროში მხოლოდ ეს დარჩა შესაძლებელი. და, აი, იმ დროს, როდესაც ეს დემოკრატია ეწეოდა ამ კრტიმალობას, დღეს ერთიმეორეს თმით ათრევდა, რათა ხვალ დაძმობილებოდა, ხოლო ზეგ კვლავ ქვეყნიერების წინაშე დაეწყო მთელი თავისი ჭუჭყიანი სარეცხის რეცხა; იმ დროს, როდესაც ეს დემოკრატია მთელს ამერიკაში ღოღავდა სამათხოვროდ, რათა შემდგომ ახალი სკანდალი დაეწყო რამდენიმე მოპოვებული ტალერის განაწილების გამო, — ჩვენი პარტია მოხარული იყო ესარგებლნა ჩამოვარდნილი მყუდრეობით, რომ კვლავ ხელი მოეკიდნა თავისი სამეცნიერო კვლევა-ძიებისათვის. მისი დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მას თეორიულ საფუძვლად ჰქონოდა ახალი მეცნიერული მსოფლმხედველობა, რომლის დამუშავება მას საკმაო საქმეს უქმნიდა. უკვე მარტო ამიტომ მას არ შეეძლო. ისე დაბლა დაშვებულიყო, როგორც დაეშვნენ ემიგრაციის "დიდი ადამიანები".

ჩვენს წინ მდებარე წიგნი პირველი ნაყოფია ამ კვლევა-ძიებისა.

II

ისეთ თხზულებაში, როგორიც ჩვენს წინ მდებარე წიგნი არის, ლაპარაკიც კი არ შეიძლება პოლიტიკური ეკონომიის ცალკე თავების არამეთოდურ კრიტიკაზე, ამა თუ იმ პოლიტიკურ-ეკონომიური სადავო საკითხის არასისტემატურ განხლივაზე. პირიქით, ეს თხზულება თავიდანვე ეკონომიურ მეცნიერებათა მთელი კომპლექსის სისტემატურ გადმოცემაზე, ბურჟუაზიული წარმოებისა და ბურჟუაზიული გაცვლა-გამოცვლის კანონების დაკავშირებულ განვითარებაზეა აგებული. და რადგან ეკონომისტები სხვა არ არიან რა, თუ არ ამ კანონების განმმარტებელნი და აპოლოგეტები, ამიტომ ეს გამოკვლევა იმავე დროს წარმოადგენს მთელი ეკონომიური ლიტერატურის კრიტიკას.

ჰეგელის სიკვდილის შემდეგ ძნელად რომ ყოფილიყოს ცდა რომელიმე მეცნიერების განვითარებისა მის საკუთარ, შინაგან კავშირში. ოფიციალურმა ჰეგელის სკოლამ მასწავლებლის დიალექტიკიდან შეითვისა მხოლოდ მეტად მარტივი ხერხების მანიპულაცია, რომელსაც ყველგან და ყოველთვის იყენებდა და ხშირად ისე უხერხულად, რომ პირდაპირ სასაცილო იყო. ჰეგელის მთელი მემკვიდრეობა ამ სკოლისათვის მხოლოდ უბრალო შაბლონი გახდა, რომლის დახმარებით მუშავდებოდა ყოველი თემა, როგორიც უნდა ყოფილიყო იგი, და რომელიც გახდა სიტყვების და ენაჭახრაკობის რეგისტრი, რომელთა ერთადერთი დანიშნულება იმაში მდგომარეობდა, რომ შეევსოთ, საჭიროებისამებრ, აზრებისა და დადებითი ცოდნის ნაკლებობა. ამიტომ იყო, რომ, როგორც ერთმა ბონელმა პროფესორმა თქვა, ამ ჰეგელიანელებს "არაფერზე" ცოტა რამ გაეგებოდათ, მაგრამ ყველაფერზე წერა კი შეეძლოთ. რასაკვირველია, მათ ნაშრომთა ღირებულება მათი გაგების დონეს შეესაბამებოდა. მაგრამ ეს ბატონები, თავიანთი ამაყობის მიუხედავად, იმდენად გრძნობდნენ გულში თავიანთ სისუსტეს, რომ მაინცდამაინც ხელს არ კიდებდნენ დიდ ამოცანას; ძველ რუტინულ მეცნიერებას შერჩა მისი პოზიციები იმ უპირატესობის გამო, რომელიც მას ჰქონდა დადებითი ცოდნის მხრივ. და მხოლოდ როდესაც ფოიერბახმა შემმუსვრელად დაჰკრა თავისი კრიტიკით სპეკულატურ იდეას, — ჰეგელიანობა თანდათან ჩაქრა, და მაშინ ადამიანს შეიძლება ჩვენებოდა, რომ მეცნიერებაში თითქოს ხელახლა დაიწყო ძველი მეტაფიზიკის აღორძინება მისი ურყევი კატეგორიებითურთ.

ამ მოვლენას თავისი ბუნებრივი საფუძველი ჰქონდა. ჰეგელის დიადოხების[6] რეჟიმის შემდეგ, რაც უაზრო ფრაზის მეფობას წარმოადგენდა, ბუნებრივია, რომ დადგა ეპოქა, როდესაც მეცნიერების დადებითი შინაარსი ხელახლა ჭარბობდა მის ფორმალურ მხარეს, მაგრამ იმავე დროს გერმანია სრულიად არაჩვეულებრივი ენერგიით დაეწაფა აგრეთვე ბუნებისმეცნიერებას, შესაბამისად მისი ძალოვანი ბურჟუაზიული განვითარებისა 1848 წელს შემდეგ; და რამდენადაც ეს მეცნიერებანი, რომლებშიაც სპეკულატურ მიმართულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არასოდეს არ ჰქონია, მოდად იქცეოდნენ, იმდენადვე ხელახლა გზას იკაფავდა აზროვნების ძველი მეტაფიზიკური მეთოდი, ვოლფის უკიდურესად ტრივიალურ რაციონალიზმამდეც კი. ჰეგელი დავიწყებულ იქნა, განვითარდა ახალი საბუნებისმეტყველო მატერიალიზმი, რაც თეორიულად თითქმის არაფრით არ განირჩევა XVIII საუკუნის მატერიალიზმისაგან, რომლის წინაშე უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ის უპირატესობა აქვს, რომ იგი უფრო მდიდარ საბუნებისმეტყველო, სახელდობრ ქიმიურ და ფიზიოლოგიურ, მასალას გამოიყენებს. კანტის წინადროინდელი პერიოდის აზროვნების ამ შეზღუდულ ფილისტერულ წესს ჩვენ ვპოულობთ აღდგენილს მისი უაღრესად ტრივიალური ფორმებით ბიუხნერთან და ფოგტთან, და მოლეშოტთანაც კი, რომელიც ფოიერბახზე ფიცულობს და ყოველ წამს სწორედ სასაცილოდ იხლართება მეტისმეტად მარტივ კატეგორიებში. ჩვეულებრივი ბურჟუაზიული გონების უხეში ჯაგლაგი ცხენი, რასაკვირველია, ჩერდება აზრდაბნეული, თხრილის წინ, რომელიც ჰყოფს არსს მოვლენისაგან, მიზეზს შედეგისაგან. მაგრამ ვინც აბსტრაქტული აზროვნების ოღრო-ჩოღრო ნიადაგზე აპირებს ნადირობას, ის ჯაგლაგ ცხენზე არ უნდა შეჯდეს.

ამგვარად, აქ გადასაჭრელი იყო სხვა საკითხი, რომელსაც დამოკიდებულება არა აქვს პოლიტიკურ ეკონომიასთან როგორც ასეთთან. მეცნიერული კვლევა-ძიების რომელი მეთოდი უნდა ყოფილიყო არჩეული? ერთი მხრივ, არსებობდა ჰეგელის დიალექტიკა სრულიად აბსტრაქტული, "სპეკულატური" ფორმით, როგორც იგი ჰეგელმა დატოვა; მეორე მხრივ, არსებობდა ჩვეულებრივი, არსებითად ვოლფისებურ-მეტაფიზიკური მეთოდი, ახლა ისევ მოდურ მეთოდად გადაქცეული, რასაც ადგნენ კიდეც ბურჟუაზიის ეკონომისტები თავიანთ სქელ, სისტემას მოკლებულ წიგნებში, ეს უკანასკნელი მეთოდი ისე შემუსვრილი იყო თეორიულად კანტის და განსაკუთრებით ჰეგელის მიერ, რომ მხოლოდ გონებრივი სიზანტე და სხვა მარტივი მეთოდის უქონლობა ხდიდა შესაძლებლად განეგრძო მას პრაქტიკული არსებობა. მეორე მხრივ, ჰეგელის მეთოდი მის არსებულ ფორმაში აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. იგი იყო არსებითად იდეალისტური, აქ კი საქმე შეეხებოდა ისეთ მსოფლმხედველობის განვითარებას, რომელიც უფრო მატერიალისტური იყო, ვიდრე ყველა სხვა წინანდელი. იგი წმინდა აზროვნებიდან გამოდიოდა, აქ კი ადგილი უნდა ჰქონოდა ჯიუტ ფაქტებიდან გამოსვლას. მეთოდი, რომელიც ჰეგელის საკუთარი აღიარებით, "არაფრიდან არაფრის გზით არაფრამდე მივიდა", ამ ფორმით აქ სრულიად უადგილო იყო. მიუხედავად ამისა, არსებული ლოგიკური მასალიდან ყოველ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი რამ, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა. ამ მეთოდის კრიტიკა არ ყოფილა გაწეული, იგი ვერავინ დაძლია: დიდი დიალექტიკოსის მოწინააღმდეგეთაგან ვერავინ შესძლო გაენგრია მისი ამაყი შენობის კედელი. ეს მეთოდი დავიწყებულ იქნა იმიტომ, რომ ჰეგელის სკოლამ არ იცოდა მისი გამოყენება. უპირველეს ყოვლისა ამიტომ იყო საჭირო ჰეგელის მეთოდის საფუძვლიანი კრიტიკა.

ჰეგელის აზროვნების წესი ყველა სხვა ფილოსოფოსთა აზროვნების წესისაგან განსხვავდებოდა ვეება ისტორიული ალღოთი, რომელიც საფუძვლად დაედო პირველს. რაგინდ აბსტრაქტული და იდეალისტური იყოს ფორმა, მისი აზრების განვითარება ყოველთვის მიდიოდა პარალელურად მსოფლიო ისტორიის განვითარებასთან, და უკანასკნელი მხოლოდ შემმოწმებელი უნდა ყოფილიყო პირველისა. თუ, ერთი მხრივ, ნამდვილი დამოკიდებულება აზროვნებასა და სინამდვილეს შორის უკუღმა იყო წარმოდგენილი და თავდაყირა დაყენებული, მეორე მხრივ, მაინც ასეთი გზით შევიდა რეალური შინაარსი ფილოსოფიის ყველა დარგში, მით უფრო, რომ ჰეგელი, განსხვავებით მის მოწაფეთაგან, სათნოებად არ სახავდა უმეცრებას, არამედ თვითონ იყო ერთი უაღრესად განათლებული ადამიანთაგანი ყველა დროისა. იგი პირველად შეეცადა დაემტკიცებინა განვითარება და შინაგანი კავშირი ისტორიულ პროცესში, და რაგინდ უცნაურად გვეჩვენებოდეს ჩვენ ახლა მისი ისტორიის ფილოსოფიის ზოგი აზრი, ამ ნაწარმოების ძირითადი კონცეპცია თავისი დიადობით დღესაც გაკვირვების ღირსია, განსაკუთრებით თუ ჰეგელს შევადარებთ მის წინამორბედებს ან იმათ, რომელნიც მის შემდეგ ნებას აძლევდნენ თავიანთ თავს ზოგადი მსჯელობა გაემართათ ისტორიის შესახებ. მის "ფენომენოლოგიაში", "ესთეტიკაში", "ფილოსოფიის ისტორიაში" — ყველგან წითელი ძაფივით გატარებულია ისტორიის ეს გრანდიოზული გაგება, ყველგან საკითხები განიხილება ისტორიულად, განსაზღვრულ, თუმცა აბსტრაქტულად გადაყირავებულ, კავშირში ისტორიულ სინამდვილესთან.

ეს ეპოქის შემქმნელი გაგება ისტორიისა გახდა ისტორიის ახალი მატერიალისტური გაგების უშუალო თეორიული წანამძღვარი, და უკვე ამის წყალობით მოცემულ იქნა გამოსავალი წერტილი ლოგიკური მეთოდისათვის. თუ ამ დავიწყებულ დიალექტიკას უკვე "წმინდა აზროვნების" თვალსაზრისის ნიადაგზე შეეძლო ასეთ შედეგებამდე მიყვანა, თუ მან, ამასთან, თითქოს თამაშით გაუსწორა ანგარიში მთელ ძველ ლოგიკასა და მეტაფიზიკას, მაშ იგი, ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მარტოოდენ სოფისტიკა და პედანტიზმი. მაგრამ ამ მეთოდის კრიტიკა, რომლის წინაშე უკან იხევდა და ახლაც იხევს მთელი ოფიციალური ფილოსოფია, არ იყო ადვილი ამოცანა.

მარქსი იყო და არის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც შესძლო ეკისრნა ეს ამოცანა: გამოეცალკევებინა ჰეგელის ლოგიკიდან ის გული, რომელიც შეიცავს ჰეგელის ნამდვილ აღმოჩენას ამ დარგში, და აღედგინა დიალექტიკური მეთოდი, მისი იდეალისტური გარსისაგან განთავისუფლებული, იმ მარტივი ფორმით, რომელშიაც მარტოოდენ იქმნება იგი აზრთა განვითარების ერთადერთ სწორ ფორმად. იმ მეთოდის გამომუშავება, რომელიც პოლიტიკური ეკონომიის მარქსისეულ კრიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენ მიგვაჩნია ისეთ შედეგად, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს, ვიდრე ძირითად მატერიალისტურ შეხედულებას.

პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა, მეთოდის მოპოვების შემდეგაც, შეიძლებოდა აგებული ყოფილიყო ორგვარად: ისტორიულად ან ლოგიკურად. რადგან ისტორიაში, ისე როგორც მის ლიტერატურულ ასახულობაში, განვითარება საერთოდ და მთლიანად მიმდინარეობს უფრო მარტივიდან უფრო რთული ურთიერთობისაკენ ამიტომ პოლიტიკური ეკონომიის ლიტერატურულ-ისტორიული განვითარება იძლეოდა ბუნებრივ სახელმძღვანელო ძაფს, რომელსაც კრიტიკა შეიძლება მიჰყოლოდა, ასე რომ აქ ეკონომიური კატეგორიები საერთოდ და მთლიანად ისეთივე თანმიმდევრობით გამოვლინდებოდნენ, როგორც ლოგიკურ განვითარებაში. ამ ფორმას ერთი შეხედვით. მეტი სიცხადის უპირატესობა აქვს, ვინაიდან აქ მსჯელობა მიჰყვება ნამდვილ განვითარებას; ნამდვილად კი ასეთი კონსტრუქცია, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ უფრო პოპულარული იქნებოდა. ისტორიული განვითარება ხშირად, ნახტომისებრ და მიხვევ-მოხვევით მიმდინარეობს და საჭირო იქნებოდა მისი განხილვა ყველა მის ეპიზოდში, რის გამო ძალიან ხშირად საჭირო იქნებოდა არა თუ ბევრი მცირემნიშვნელოვანი მასალისათვის ადგილის დათმობა, არამედ ხშირად აზრთა მსვლელობის გაწყვეტაც; ამასთან, პოლიტიკური ეკონომიის ისტორია ვერ დაიწერება ბურჟუაზიული საზოგადოების ისტორიის გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი უსასრულოდ გააგრძელებდა სამუშაოს, ვინაიდან ამ დარგში არავითარი წინასწარი ნაშრომი არ მოიპოვება. ამიტომ კვლევა-ძიების ლოგიკური მეთოდი ერთადერთ შესაფერის მეთოდს წარმოადგენს. არსებითად ეს მეთოდი იგივე ისტორიული მეთოდია, მხოლოდ მისი ისტორიული ფორმისაგან და იმ შემთხვევითობათაგან განთავისუფლებული, რომელნიც არღვევენ გადმოცემის სიმწყობრეს. საიდანაც ისტორია იწყებს, იქიდანვე უნდა დაიწყოს აზრთა ლოგიკურმა მსვლელობამ, და ამის შემდგომი განვითარება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ისტორიული პროცესის ასახვა განყენებული და თეორიულად თანმიმდევრული ფორმით; ასახვა შესწორებული, მაგრამ შესწორებული იმ კანონების შესაბამისად, რომელთაც ხელთ გვაწვდის თვით ისტორიული სინამდვილე, ამასთანავე ყოველი მომენტი შეიძლება განხილულ იქნეს განვითარების იმ წერტილში, სადაც პროცესი სრულიად მომწიფებულია და კლასიკურ ფორმებს აღწევს.

ამ მეთოდის, გამოყენებისას ჩვენ გამოვდივართ პირველი და ყველაზე მარტივი ურთიერთობიდან, რომელიც ჩვენ მოცემული გვაქვს ისტორიულად, ფაქტიურად, — მაშასადამე, პირველი ეკონომიური ურთიერთობიდან, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანაწევრებთ. ის გარემოება, რომ არის ურთიერთობა, უკვე გვეუბნება იმას, რომ მას ორი მხარე აქვს, რომელთაც ერთმანეთთან დამოკიდებულება აქვთ. ამ მხარეთაგან თვითეულს ჩვენ განვიხილავთ განცალკევებულად; აქედან გამომდინარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულების, ურთიერთქმედების ხასიათი. ამასთან აღმოჩნდება წინააღმდეგობანი, რომელნიც გადაჭრას მოითხოვენ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ განვიხილავთ არა აზრის აბსტრაქტულ პროცესს, რომელსაც მხოლოდ ჩვენს თავში აქვს ადგილი, არამედ ნამდვილ პროცესს, რომელიც სრულდებოდა განსაზღვრულ ისტორიულ მომენტში ან განაგრძობს კიდევ შესრულებას ამჟამად, — ამიტომ ეს წინააღმდეგობანიც განვითარებას განიცდიან პრაქტიკაში და, ალბათ, მიიღებენ გადაჭრას. ჩვენ განვიხილავთ ამ გადაჭრის წესს და ვპოვებთ, რომ იგი გამოწვეულია დამყარებით ახალი ურთიერთობისა, რომლის ორი მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ უნდა გავარკვიოთ, და ასე შემდეგ.

პოლიტიკური ეკონომია იწყებს საქონლიდან, იმ მომენტიდან, როდესაც ინდივიდუუმებისა თუ პირველყოფილი თემების მიერ პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა ხდება ერთიმეორეზე. პროდუქტი, რომელიც გაცვლა-გამოცვლაში შედის, საქონელს წარმოადგენს. მაგრამ იგი წარმოადგენს საქონელს მხოლოდ იმიტომ, რომ ნივთში, პროდუქტში, ხორციელდება ორი პირის ან თემის ურთიერთობა, ურთიერთობა მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რომელნიც აქ ერთ პირს აღარ შეადგენენ. ჩვენ აქ თვალწინ გვაქვს მაგალითი თავისებური მოვლენის, რომელიც წითელი ძაფივით გადის მთელ პოლიტიკურ ეკონომიაში და რომელმაც საშინელი არევდარევა წარმოშვა ბურჟუაზიული ეკონომისტების თავში: პოლიტიკურ ეკონომიაში საქმე შეეხება არა ნივთებს, არამედ ურთიერთობას პიროვნებათა შორის, საბოლოო ანგარიშით — კლასებს შორის, მაგრამ ეს ურთიერთობა ყოველთვის ნივთებთანაა დაკავშირებული და აშკარავდება ნივთების სახით. ეს კავშირი, რომელზედაც, რასაკვირველია, ცალკე შემთხვევებში ზოგიერთ ეკონომისტს გუმანი ჰქონდა, პირველად მარქსმა გამოამჟღავნა მისი მნიშვნელობით მთელი პოლიტიკური ეკონომიისათვის და მით უძნელესი საკითხები ისე მარტივი და ნათელი გახადა, რომ ახლა ბურჟუაზიული ეკონომისტებიც, კი შესძლებენ მათ გაგებას.

თუ ჩვენ განვიხილავთ საქონელს მისი სხვადასხვა მხრიდან, და ამასთანავე საქონელს მის სრულიად განვითარებულ ფორმაში და არა მისი განვითარების ძნელი გზის დასაწყისში, ორ პირველყოფილ თემს შორის თავდაპირველი გაცვლითი ვაჭრობის სტადიაში, — ჩვენ იგი წარმოგვიდგება ორი თვალსაზრისის მიხედვით: როგორც, სახმარი ღირებულება და როგორც საცვლელი ღირებულება. და აქ ჩვენ დაუყოვნებლივ შევდივართ ეკონომიური დებატების სფეროში. თუ ვინმეს უნდა ცხად მაგალითზე დარწმუნდეს იმაში, რომ გერმანული დიალექტიკური მეთოდი მის ახლანდელ განვითარების საფეხურზე, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც აღემატება ძველ, ტრივიალურ-ყბედ, მეტაფიზიკურ მეთოდს, რამდენადაც თანამედროვე რკინიგზა აღემატება შუა საუკუნეების მიმოსვლის საშუალებებს, — მან წაიკითხოს ადამ სმიტის ან სხვა ოფიციალურად ცნობილი ეკონომისტის ნაწერში სათანადო ადგილები, და იგი ნახავს, თუ როგორ ტანჯავდა ამ ეკონომისტებს სახმარი და საცვლელი ღირებულება და როგორ ძნელია მათთვის ამათი გამიჯვნა ერთიმეორისაგან და თვითეული მათგანის გაგება მის სპეციფიკურ განსაზღვრულობაში; შემდეგ მან შეადაროს ამას ამ პრობლემების ნათელი, მარტივი გადმოცემა მარქსის მიერ.

მას შემდეგ, რაც სახმარი და საცვლელი ღირებულების ანალიზი გაკეთებულია, საქონელი წარმოგვიდგება როგორც უშუალო ერთიანობა ორივესი, — მაშასადამე საქონელი იმ ფორმაში, რომლითაც იგი შედის გაცვლის პროცესში. თუ, რა წინააღმდეგობანი წარმოიშობა აქ, ამას მკითხველი იხილავს 20 და 21 გვერდზე[7]. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ წინააღმდეგობებს აქვთ არა მარტო აბსტრაქტულ-თეორიული ინტერესი, არამედ ამავე დროს ისინი ასახავენ იმ სიძნელეებსაც, რომელნიც წარმოიშობიან უშუალო გაცვლითი ურთიერთობის ბუნებიდან, უბრალო გაცვლითი ვაჭრობიდან, ასახავენ იმ შეუძლებლობას, რომელსაც აუცილებლობის გზით აწყდება გაცვლის ეს პრიმიტიული ფორმა. ამ შეუძლებლობათა გადაჭრა ხდება იმ გარემოებაში, რომ ყველა სხვა საქონელთა საცვლელი ღირებულების წარმომადგენლობის თვისება სპეციალურ საქონელზე — ფულზე — გადაიტანება. ფული ანუ მარტივი მიმოქცევა განიხილება შემდეგ მეორე თავში, სახელდობრ, ფული 1) როგორც ღირებულების საზომი, და იქვე პოულობს თავის უფრო ზედმიწევნით განსაზღვრას ფულით გაზომილი ღირებულება, ფასი, 2) როგორც მიმოქცევის საშუალება და 3) როგორც ორივე განსაზღვრის ერთიანობა, როგორც რეალური ფული, როგორც მთელი მატერიალური ბურჟუაზიული სიმდიდრის წარმომადგენელი. ამით თავდება პირველი რვეული, რომელიც მეორე რვეულისათვის ტოვებს ფულის კაპიტალად გარდაქმნის საკითხს.

ჩვენ ვხედავთ, რომ, ამ მეთოდით ხელმძღვანელობისას, ლოგიკური განვითარება სრულიად არაა ვალდებული წმინდა აბსტრაქციის სფეროში იყოს მოქცეული. პირიქით, იგი მოითხოვს ისტორიულ ილუსტრაციებს, მუდმივ კონტაქტს სინამდვილესთან. ეს ილუსტრაციები აქ მოცემულია კიდეც უამრავი რაოდენობით, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე საგანთა ნამდვილი ისტორიული მსვლელობის შესახებ მითითებების სახით, მეორე მხრივ, ეკონომიურ ლიტერატურაზე მითითებების სახით, რომელთა მიზანს თავიდანვე ეკონომიური ურთიერთობის ნათელ განსაზღვრათა შემუშავების პროცესის გათვალისწინება შეადგენს. ცალკე, მეტნაკლებ ცალმხრივ ან უთანამიმდევნო შეხედულებათა კრიტიკა მოცემულია უკვე ლოგიკური კონცეპციის განვითარებისას და შეიძლება მხოლოდ მოკლედ იქნეს გადმოცემული.

მესამე სტატიაში ჩვენ გადავალთ თვით წიგნის ეკონომიურ შინაარსზე[8].


[1] გერმანიის საბაჟო კავშირი შეკრულ იქნა 1843 წლის 1 იანვარს პრუსიასა და გერმანიის სხვა სახელმწიფოთა შორის; ავსტრია კავშირის გარეშე დარჩა. რედაქცია.

[2] კონტინენტალური სისტემა — ნაპოლეონ პირეელის პოლიტიკა, რომელმაც აკრძალა ევროპის კონტინენტზე ინგლისური საქონლის შემოზიდვა: კონტინენტალური სისტემა შემოღებულ იქნა დეკრეტით 1806 წ. კონტინენტალური სისტემის გატარებაში მონაწილეობას იღებდნენ: ესპანეთი, ნეაპოლია, ჰოლანდია; უფრო გვიან პრუსია, დანია, რუსეთი, ავსტრია და სხვა ქვეყნები. რედაქცია.

[3] კამერალისტიკა — ციკლი ადმინისტრაციულ, სამეურნეო დი ეკონომიურ მეცნიერებათა, რომელსაც ასწავლიდნენ ბურჟუაზიულ უნივერსიტეტებში. რედაქცია.

[4] იხ. ამ ტომის გვ. 405—410. რედაქცია.

[5] გერმანული გაზეთი “Das Volk” (“ხალხი”), მარქსის უახლოესი მონაწილეობით გამოდიოდა ლონდონში 1859 წლის მაისიდან აგვისტომდე. რედაქცია.

[6] დიადოხები — ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრენი, რომელნიც მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ერთმანეთს შორის აწარმოებდნენ ბრძოლას. დიადოხთა ურთიერთშორის ბრძოლამ იმპერიის დამხობა გამოიწვია, ენგელსი ირონიულად ხმარობს ამ გამოთქმას ჰეგელის სკოლის ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ გერმანიის უნივერსიტეტებში. რედაქცია.

[7] См. К. Маркес и Ф. Энгельс. соч. т. XII, ч. I, стр. 29 — 30. რედაქცია.

[8] ეს მესამე სტატია არ გამოქვეყნებულა და არც მისი ხელნაწერია აღმოჩენილი. რედაქცია.