კარლ მარქსი

დამფუძნებელი მანიფესტი მუშათა საერთაშორისო ასოციაციისა


დაწერილი: 21-27 ოქტომბერი, 1863 წ.
გამოქვეყნებული: დაბეჭდილია ცალკე ბროშურის სახით ინგლისურ ენაზე 1864 წლის ნოემბერს ლონდონში. ამავე დროს დაბეჭდილია გერმანულ ენაზე გაზეთ “Social-Demokrat”-ის 1864 წლის 21 და 30 დეკემბრის ნომრებში.
თარგმანი: ინგლისურიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


მუშებო!

უცილობელი ფაქტია, რომ მუშათა კლასის სიღატაკე 1848 წლიდან 1864-მდე არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდს მრეწველობის განვითარების და ვაჭრობის ზრდის მხრივ ბადალი არ მოეპოვება. 1850 წელს ინგლისის ბურჟუაზიის ერთი ზომიერი ორგანო, რომელიც საუკეთესო ინფორმაციის მქონე ორგანოთა რიცხვს ეკუთვნის, წინასწარმეტყველობდა, რომ თუ ინგლისის ექსპორტი და იმპორტი 50%-ით გაიზრდება, პაუპერიზმი ამ ქვეყანაში ნულზე დავაო. მაგრამ ვაი რომ არა! 1864 წლის 7 აპრილს ხაზინის კანცლერმა აღტაცებაში მოიყვანა პარლამენტის აუდიტორია იმ განცხადებით, რომ ინგლისის ერთობლივი საიმპორტო და საექსპორტო ვაჭრობა 1863 წელს “443 955 000 გირვ. სტერლინგამდე გაიზარდა, — ეს საოცარი თანხა თითქმის სამჯერ აღემატება შედარებით ახლობელი ეპოქის — 1843 წლის — ვაჭრობის თანხასო”. და ამავე დროს იგი სიტყვებს არ ზოგავდა "სიღარიბის" შესახებ. "იფიქრეთ", — იძახდა იგი, — "იმათზე, რომელნიც პაუპერიზმის მიჯნაზე იმყოფებიან", "ხელფასზე, რომელიც... არ აწეულა", "ადამიანთა ცხოვრებაზე, რომელიც ათიდან ცხრა შემთხვევაში წარმოადგენს ბრძოლას მარტოოდენ არსებობისათვის". მას არა უთქვამს რა ირლანდიის ხალხის შესახებ, რომლის თანდათან განდევნას ეწევა ჩრდილოეთში მანქანა და სამხრეთში ცხვრების ფარები; თუმცა უბედურ ქვეყანაში ცხვრების რიცხვიც კი კლებულობს, მართალია, არა ისე სწრაფად, როგორც ადამიანებისა. მას არ გაუმეორებია ის, რაც სწორედ მაშინ უეცარი შიშმოცულობის მოშენტში არისტოკრატიის უმაღლესმა წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს. როდესაც "მახრჩობელებით"[1] გამოწვეული პანიკა გაძლიერდა, ლორდთა პალატამ დაადგინა გამოკვლევის მოხდენა გადასახლებისა და საკატორღო სასჯელის შესახებ და შედეგის ანგარიშის სახით გამოქვეყნება. სქელმა ლურჯმა წიგნმა, რომელიც 1863 წელს გამოქვეყნდა, სინათლეზე გამოიტანა ჭეშმარიტება და ოფიციალური ფაქტებით და ციფრებით დამტკიცებულ იქნა, რომ უცუდესნი სისხლის სამართლის ბოროტმოქმედთაგან — კატორღელები ინგლისსა და შოტლანდიაში — გაცილებით ნაკლებს მუშაობენ და გაცილებით უკეთესად იკვებებიან, ვიდრე ინგლისის და შოტლანდიის სასოფლო-სამეურნეო მუშები. მაგრამ ეს კიდევ არაა ყველაფერი. როდესაც, ამერიკაში წარმოებული სამოქალაქო ომის შედეგად, ლანკაშირის და ჩეშირის საფაბრიკო მუშები გაყრილ იქნენ ქუჩაში, იმავე ლორდთა პალატამ გაგზავნა სამრეწველო ოლქებში ექიმი და დაავალა გამოეკვლია ნახშირბადის და აზოტის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც, უიაფესად და უმარტივესი ფორმით მიწოდებული, აუცილებელია, საშუალოდ, ადამიანის დასაცავად "შიმშილით წარმომდგარ ავადმყოფობათაგან". დ-რ სმიტმა, რომელსაც ეს ჰქონდა მინდობილი, გამოიანგარიშა, რომ 28 000 გრანი ნახშირბადი და 1330 გრანი აზოტი კვირაში საკმარისია, რომ საშუალო ასაკოვან ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს... სწორედ იმ მიჯნაზე, რომლის ქვევითაც შიმშილით წარმოშობილი ავადმყოფობა იწყება. გარდა ამისა, მან გამოიკვლია, რომ ეს რაოდენობა თითქმის ზუსტად შეესაბამება იმ ღარიბულ ულუფას, რომლითაც დიდი გაჭირვების გამო იძულებული არიან დაკმაყოფილდნენ ბამბეულის ფაბრიკების მუშები[2]. მაგრამ ახლა მიაქციეთ ყურადღება შემდეგს: იგივე სწავლული ექიმი რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გაგზავნილ იქნა საიდუმლო საბჭოს სამედიცინო განყოფილების მიერ მუშათა კლასის უღარიბესი ნაწილის კვების გამოსაკვლევად. მისი გამოკვლევის შედეგები მოთხრობილია "მეექვსე სანიტარულ ანგარიშში", რომელიც პარლამენტის განკარგულებით წელს გამოქვეყნდა. რა აღმოაჩინა ამ ექიმმა? ის, რომ აბრეშუმეულის ფეიქრებს, მკერავ ქალებს, მეხელთათმანეებს, წინდის მქსოველებს და სხვ. ის მინიმალური საკვებიც კი არა აქვთ, რომელიც ეძლევათ ბამბეულის ფაბრიკის უმუშევარ მუშებს, ნახშირბადის და აზოტის იმ რაოდენობასაც კი არ იღებენ საშუალოდ, რომელიც "საკმარისია სწორედ შიმშილით გამოწვეულ ავადმყოფობათა თავიდან ასაცილებლად".

"კიდევ მეტი, — ვკითხულობთ ანგარიშში, — რაც შეეხება მიწათმოქმედ მოსახლეობას, აღმოჩნდა, რომ გამოკვლეულ ოჯახებში ერთ მეხუთედზე მეტი ვერ იღებს ნახშირბადოვანი საჭმლის აღნიშნულ მინიმუმს, რომ ერთ მესამედზე მეტი იძულებულია აზოტოვანი საჭმლის აღნიშნულ მინიმუმზე ნაკლებს დაკმაყოფილდეს და რომ სამ საგრაფოში (ბერკშირს, ოქსფორდშირსა და სომერსეტშირში) აზოტურ ნივთიერებათა ნაკლებობა საჭმელში საშუალოდ საყოველთაო მოვლენაა მთელ მიდამოებში". "უნდა გვახსოვდეს", –– დასძენს ოფიციალური ანგარიში, — "რომ ადამიანები ძალიან ძნელად იტანენ ნაკლებობას კვებაში და რომ, საშიმშილო ულუფაზე, როგორც წესი, მხოლოდ ყოველგვარი სხვა ნაკლებობის გავლის შემდეგ გადადიან... ამ შემთხვევაში სისუფთავის დაცვაც კი ძვირად ღირებულ და საძნელო საქმედ ითვლება, და თუ მაინც საკუთარი ღირსების გრძნობა აიძულებს მათ მის დაცვას, ყოველი ასეთი ცდა მატებს მათ შიმშილით წარმომდგარ ტანჯვას". "ეს აღგვიძრავს მტკივნეულ აზრებს, განსაკუთრებით თუ მოვიგონებთ, რომ სიღარიბე, რომელზედაც აქ ლაპარაკია, არის არა დამსახურებული სიღარიბე უსაქმურ ადამიანთა; არა, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ეს არის სიღარიბე მოსახლეობის მშრომელი ფენებისა. სინამდვილეში ის შრომა, რომელიც საჭიროა ამ საშიმშილო ულუფის მოსაპოვებლად, მეტწილ შემთხვევაში ზომაზე მეტად ხანგრძლივი არის". ანგარიშში მოყვანილია უცნაური და მეტად მოულოდნელი ფაქტი, "რომ შეერთებული სამეფოს" — ინგლისის, უელსის, შოტლანდიის და ირლანდიის — "ყველა ნაწილიდან მიწათმოქმედი მოსახლეობა ინგლისში" — სამეფოს, უმდიდრეს ნაწილში — "გაცილებით უფრო ცუდად იკვებება", ვიდრე დანარჩენ ნაწილებში; რომ ბერკშირის, ოქსფორდშირის და სომერსეტშირის სასოფლო-სამეურნეო მუშებიც კი უკეთ იკვებებიან, ვიდრე უამრავი კვალიფიციური შინამრეწველი მუშები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში.

ასეთია ოფიციალური ცნობები, რომლებიც პარლამენტის განკარგულებითაა გამოქვეყნებული 1864 წელს, თავისუფალი ვაჭრობის "ოქროს ხანის სუფევის" დროს, იმ დროს, როდესაც ხაზინის კანცლერი თემთა პალატას მოახსენებდა, რომ, "ბრიტანეთის მუშის მდგომარეობაში საშუალოდ სრულიად განსაკუთრებული და უმაგალითო გაუმჯობესება დადგა, როგორიც არ სცოდნია არც ერთი ქვეყნის ისტორიას არც ერთ ეპოქაშიო". ამ ოფიციალურ ტრაბახობას გადაჭრით ეწინააღმდეგება ოფიციალური სანიტარული ანგარიშის მშრალი შენიშვნა: ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში იგულისხმება მისი მოსახლეობის მასების ჯანმრთელობა, ხოლო ეს მასები საეჭვოა ჯანმრთელნი იყვნენ, თუ მოსახლეობის თვით უდაბლესი ფენებისათვის არ იქნება უზრუნველყოფილი ერთგვარი კეთილდღეობა მაინც.

დაბრმავებული მის თვალწინ მხტუნავი სტატისტიკური ციფრებით, რომელნიც “ერის პროგრესს” ადასტურებენ, ხაზინის კანცლერი უზომო აღფრთოვანებით გაიძახოდა: "1842 წლიდან 1852-ამდე ქვეყნის დასაბეგრავი შემოსავალი გადიდდა 6%-ით; რვა წელიწადში, 1853-დან 1861-ამდე, იგი გადიდდა, 1853 წელთან შედარებით, 20%-ით! ეს ფაქტები იმდენად საოცარია, რომ თითქმის დაუჯერებლად გვეჩვენება!.. ეს დამათრობელი ზრდა სიმდიდრის და ძლიერებისა, დასძენდა ბ-ნი გლადსტონი, მხოლოდ დამხოლოდ მქონებელი კლასებით შემოიფარგლებაო".

თუ თქვენ გინდათ იცოდეთ ის პირობები, რომელნიც იწვევენ ჯანმრთელობის დაკარგვას, ზნეობის დაცემას და გონების გაჩანაგებას, და, რომლებშიაც იქმნებოდა და იქმნება მუშათა კლასის მიერ ეს "დამათრობელი ზრდა სიმდიდრის და ძლიერებისა, მხოლოდ და მხოლოდ მქონებელი კლასებით რომ არის შემოფარგლული", — მიაპყარით თვალი მამაკაცთა და ქალთა ტანსაცმლის სანიტარულ ანგარიშს. შეადარეთ ზემოაღნიშნულ მტკიცებას 1863 წელს გამოცემული "ანგარიში კომისიისა ბავშვთა შრომის შესახებ", რომელშიაც, მაგალითად, მოიპოვება ასეთი განცხადება, რომ "მეჭურჭლეები, როგორც ქალები ისე მამაკაცები, წარმოადგენენ ფიზიკურად და გონებრივად დიდად დაცემულ მოსახლეობის ჯგუფს", რომ "არაჯანსაღი ბავშვები, თავის მხრივ, არაჯანსაღი მშობლები ხდებიან", რომ "პროგრესიული გადაგვარება რასისა აუცილებელია" და რომ "სტაფორდშირის მოსახლეობის გადაგვარება გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, ეს მოსახლეობა რომ მუდამ განახლებას არ იღებდეს ახლობელი სასოფლო ადგილების ხარჯზე და მოსახლეობის უფრო ჯანსაღ ფენებთან დაქორწინების გზით". გადაავლეთ თვალი ლურჯ წიგნს ბ-ნი ტრემენჰირის მოხსენებით, "მეპურეთა ქარგლების ჩივილის შესახებ"-ს და ვინ არ შეძრწუნებულა საფაბრიკო ინსპექტორების პარადოქსალური განცხადების წინაშე, რომელიც სამოქალაქო მდგომარეობის სარეგისტრაციო ორგანოების მიერაა დადასტურებული, რომ ლანკაშირის საფაბრიკო მუშები, როდესაც მათ, ბამბის სიმცირის გამო, მოუხდათ დროებით ბამბეულის ფაბრიკებისთვის თავის დანებება და ამიტომ საშიმშილო კერძით კვებვა, — უფრო ჯანსაღები გახდნენ, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა ამ პერიოდში შემცირდა, რადგან დედებს, ბოლოს, შესაძლებლობა მიეცათ, გოდფრეის ოპიუმ-პრეპარატის მიცემის ნაცვლად, ძუძუ ეწოვებინათ მათთვის.

და, აი, კიდევ უკანა მხარე მედალისა. ანგარიში საშემოსავლო და ქონებისკვალობითი გადასახადის შესახებ, რომელიც თემთა პალატას 1864 წლის 20 ივლისს წარედგინა, გვაუწყებს, რომ იმ პირთა რიცხვი, რომელთა წლიური შემოსავალი, გადასახადთა ამკრეფის შეფასებით, 50 000 გირვ. სტერლინგს და მეტს უდრის, 1862 წლის 5 აპრილიდან 1863 წლის 5 აპრილამდე გადიდდა 13-ით; ე. ი, ამ პირთა რიცხვი ამ ერთ წელიწადში 67-იდან გაიზარდა 80-ამდე. იგივე ანგარიში აამკარავებს იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 3 000 ადამიანი იყოფს ურთიერთ შორის 25 000 000 გირვ. სტერლინგის ოდენობის წლიურ შემოსავალს, ე. ი. იმაზე მეტს, რაც ინგლისის და უელსის სასოფლო-სამეურნეო მუშების მთელ მასას უწევს. გადაშალეთ 1861 წლის აღწერა და თქვენ ნახავთ, რომ მამრობითი სქესის მიწისმფლობელთა რიცხვი ინგლისსა და უელსში 16934-დან 1851 წელს შემცირებული იყო 15066-ამდე 1861 წელს, ე. ი. ათი წლის განმავლობაში მოხდა მიწის საკუთრების კონცენტრაციის გაძლიერება 11%-ით. თუ ქვეყნის მიწის საკუთრების კონცენტრაცია მცირეოდენთა ხელში ასეთი ტემპით წავიდა წინ, მიწის საკითხი მეტისმეტად გამარტივდება. ასე იყო რომის იმპერიაშიც; ნერონმა დამცინავად გაიღიმა როდესაც გაიგო, რომ აფრიკის პროვინციის ნახევარი ექვს მებატონეს ეკუთვნოდა.

ჩვენ ასე დიდხანს გავჩერდით ამ "იმდენად უცნაურ ფაქტებზე, რომ ისინი დაუჯერებლად გვეჩვენებიან", იმიტომ რომ ინგლისს ევროპის ვაჭრობასა და მრეწველობაში პირველი ადგილი უჭირავს. მოიგონეთ, რომ რამდენიმე თვის წინათ ლუი ფილიპეს ერთ-ერთი ემიგრაციაში მყოფი შვილი საჯაროდ ულოცავდა ინგლისის მუშას მის მდგომარეობას, რომელიც ვითომ უკეთესია, ვიდრე მისი ნაკლებ ბედნიერი თანამოძმისა რომელიც ლამანშის გაღმა ცხოვრობს. სინამდვილეში კი ინგლისური ფაქტები მეორდება კონტინენტის ყველა სამრეწველო და მოწინავე ქვეყანაში ადგილობრივ პირობებთან შეფარდებული ცვლილებით და რამდენადმე ნაკლები მასშტაბით. ყველა ამ ქვეყნებში 1848 წლიდან ადგილი ჰქონდა მრეწველობის გაუგონარ განვითარებას და იმპორტის და ექსპორტის წარმოუდგენელ გაფართოებას. ყველა ამ ქვეყნებში "სიმდიდრისა და ძლიერების ზრდა, რომელიც მქონებელი კლასებითაა შემოფარგლული", მართლაც "დამათრობელი" იყო. ყველა ამ ქვეყნებში, ისე როგორც ინგლისში, მუშათა კლასის მხოლოდ უმცირესობის რეალურმა ხელფასმა აიწია ცოტაოდნად მაღლა, მაშინ როდესაც უმრავლეს შემთხვევებში ხელფასის ნომინალური აწევა სრულიადაც არ მოასწავებდა რეალური კეთილდღეობის გადიდებას, ისე როგორც, მაგალითად, ლონდონის ღარიბთა სახლებში ან ობოლთა თავშესაფარებში მცხოვრები სრულიადაც არ გაბედნიერებულა მით, რომ მისთვის უპირველესი საჭიროების პროდუქტები 1861 წელს 9 გირვ. სტერლინგი 15 შილინგი და 9 პენსი ღირდა ნაცვლად 7 გირვ. სტერლინგის 7 შილინგის და 4 პენსისა 1852 წელს. ყველგან მუშათა კლასის ფართო მასები იწევდნენ უფრო და უფრო დაბლა, — ყოველ შემთხვევაში იმ ზომით, რა ზომითაც მათზე მაღლა მდგომი კლასები მაღლა ადიოდნენ საზოგადოებრივ საფეხურებზე. არც მანქანების გაუმჯობესებას, არც მეცნიერების გამოყენებას წარმოებაში, არც კავშირურთიერთობის საშუალებათა გაუმჯობესებას, არც ახალ კოლონიებს, არც ემიგრაციას, არც ახალ ბაზრებს, არც თავისუფალ ვაჭრობას, არც ყველა ამას, ერთად აღებულს, არ ძალუძს მშრომელი მასების სიღატაკის მოსპობა; ახლანდელ ყალბ საფუძველზე შრომის საწარმოო ძალების ყოველი ახალი განვითარება აუცილებლად აღრმავებს სოციალურ განსხვავებებს და ამწვავებს სოციალურ წინააღმდეგობებს. ევროპის ყველა ქვეყანაში ეს ახლა ცხად ჭეშმარიტებად იქცა ყოველი ადამიანისათვის, რომლის გონება ცრურწმენით არაა შეპყრობილი, და მას უარყოფენ მხოლოდ ისინი, ვინც დაინტერესებული არიან იმაში, რომ ეს ჭეშმარიტება დღის სინათლეზე არ გამოვიდეს. ეკონომიური პროგრესის ამ "დამათრობელ" ეპოქაში შიმშილით სიკვდილი თითქმის წესად იქცა ბრიტანეთის იმპერიის მეტროპოლიაში. მსოფლიოს მატიანეში ეს ეპოქა ნიშანდებულია იმ სოციალური ჭირის უფრო ხშირი, უფრო ფართო ზომით და უფრო დამღუპველი შედეგების განმეორებით, რომელსაც სავაჭრო და სამრეწველო კრიზისი ეწოდება.

1848 წლის რევოლუციების დამარცხების შემდეგ მუშათა კლასის ყველა პარტიული ორგანიზაცია და პარტიული გაზეთი კონტინენტზე განადგურებულ იქნა უხეში ძალმომრეობით, მუშათა კლასის უფრო მოწინავე ძალები სასოწარკვეთილნი გაიქცნენ ატლანტის ოკეანეს იქითა რესპუბლიკაში, და ხანმოკლე ოცნება განთავისუფლების შესახებ გაჰქრა სამრეწველო ციებცხელების, ზნეობრივი დაცემისა და პოლიტიკური რეაქციის დადგომასთან ერთად. მუშათა კლასის დამარცხებამ კონტინენტზე, რასაც ნაწილობრივ ხელს უწყობდა ინგლისის მთავრობის დიპლომატია, რომელიც მაშინ, ისე როგორც დღესაც, სანკტ-პეტერბურგის კაბინეტთან ძმური სოლიდარობით მოქმედებდა, თავისი გადამდები ზემოქმედება გაავრცელა ინგლისზედაც. კლასობრივი ძმების დამარცხებამ კონტინენტზე შეშფოთება შეიტანა ინგლისის მუშათა კლასში და წაართვა მას რწმენა თავისი საკუთარი საქმის მიმართ, ხოლო მემამულეებს და კაპიტალისტებს დაუბრუნა მათი რამდენადმე შერყეული გულდაჯერებულობა. მათ უტიფრად წაიღეს უკან უკვე გამოცხადებული დათმობები. ოქროს ახალი საბადოების შემცველი ქვეყნების აღმოჩენამ გამოიწვია ვეება ემიგრაცია, რომელმაც ამოუვსებელი ნაპრალები შეჰქმნა ბრიტანეთის პროლეტარიატის რიგებში. ზოგი წინანდელი მისი აქტიური წევრები წამოეგნენ სამუშაოს და ხელფასის დროებითი გადიდების ანკესზე და "პოლიტიკურ შტრეიკბრეხერებად" გადაიქცნენ. ჩარტისტული მოძრაობისთვის მხარის დაჭერის ან მისთვის სხვა ფორმის მიცემის ყველა ცდა უნაყოფო გამოდგა. მუშათა კლასის პრესის ორგანოები მოისპო ერთი მეორის მიყოლებით მასების გულგრილობის გამო; და მართლაც თითქოს ინგლისის მუშათა კლასი არასოდეს წინათ ასე არ შერიგებია პოლიტიკური არარაობის მდგომარეობას. თუ წინათ ბრიტანეთის პროლეტარიატსა და კონტინენტის მუშათა კლასს შორის არ არსებობდა სოლიდარობა მოქმედებაში, ახლა მათ შორის არსებობდა ყოველ შემთხვევაში, სოლიდარობა დამარცხებაში.

და 1848 წლის რევოლუციების შემდგომდროინდელ ხანას მაინც ჰქონდა ზოგი ნათელი მხარეები. აღვნიშნავთ აქ მხოლოდ ორ მნიშვნელოვან ფაქტს.

ოცდაათწლიანი ბრძოლის შემდეგ, რომელსაც საოცარი მედგრობით ეწეოდა ინგლისის მუშათა კლასი მან გამოიყენა თავის სასარგებლოდ დროებითი გათიშვა მემამულეებსა და კაპიტალისტებს შორის, რათა მოეპოვებინა კანონი ათსაათიანი სამუშაო დღის შესახებ. ამ კანონის მეტისმეტად კეთილი შედეგები საფაბრიკო მუშებისთვის ფიზიკური, ზნეობრივი და გონებრივი მიმართულებით, რაც ყოველ ნახევარ წელიწადში აღნიშნულია ხოლმე საფაბრიკო ინსპექტორების ანგარიშებში, ამჟამად ყველას მიერ აღიარებულია. კონტინენტის მეტი წილი მთავრობები იძულებული იყვნენ შემოეღოთ ინგლისური საფაბრიკო კანონი მეტნაკლებ შეცვლილი ფორმით, და თვით ინგლისის პარლამენტიც იძულებულია ყოველ წელს გააფართოვოს ამ კანონის მოქმედების სფერო. მაგრამ ამ ღონისძიებაში მუშებისთვის, გარდა მისი პრაქტიკული მნიშვნელობისა, იყო კიდევ სხვა რამეც, რაც ადიდებდა მის საოცარ წარმატებას. თავისი დიდად ცნობილი სწავლულების პირით, როგორიც არიან დ-რ იური, პროფესორი სენიორი და სხვა მათივე ჯურის ბრძენნი, ბურჟუაზია წინასწარმეტყველებდა და თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ სამუშაო დღის ყოველი კანონმდებლობითი შეზღუდვა აღსასრულის ზარის ხმა იქნება ბრიტანეთის მრეწველობისათვისო, რომელსაც ვამპირის მსგავსად მხოლოდ მაშინ შეუძლია არსებობა, როდესაც იკვებება სისხლით, და ამასთან — ბავშვების სისხლით. ძველად ბავშვების ხოცვა იდუმალი რიტუალი იყო მოლოხის რელიგიისა, და მას ადგილი ჰქონდა მხოლოდ განსაკუთრებულ საზეიმო შემთხვევებში, იქნებ ერთხელ წელიწადში, და ამასთან მაშინ მოლოხს არ ჰქონდა განსაკუთრებული მიდრეკილება ღარიბების ბავშვებისადმი. ეს ბრძოლა სამუშაო დღის საკანონმდებლო გზით შეზღუდვის ირგვლივ მით უფრო მწვავედ წარმოებდა, რომ იგი, ხარბი ბურჟუაზიის დაფრთხობა რომ მხედველობაში არ მივიღოთ, გადადიოდა დიად ბრძოლაში ბურჟუაზიის მთელი პოლიტიკური ეკონომიის შემადგენელი მოთხოვნის და მიწოდების კანონის ბრმა ბატონობასა და წინასწარგანჭვრეტილი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ დაყენებულ საზოგადოებრივ წარმოებას შორის, რაც მუშათა კლასის პოლიტიკურ ეკონომიას შეადგენს. ამიტომ კანონი ათსაათიანი სამუშაო დღის შესახებ წარმოადგენდა არა მარტო პოლიტიკურ წარმატებას, არამედ პრინციპის გამარჯვებასაც; პირველად იყო, რომ ბურჟუაზიის პოლიტიკურ ეკონომიას აშკარად სძლია მუშათა კლასის პოლიტიკურმა ეკონომიამ.

მაგრამ წინ იყო კიდევ მუშათა კლასის პოლიტიკური ეკონომიის ერთი უფრო დიდი გამარჯვება საკუთრების პოლიტიკურ ეკონომიაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ კოოპერაციულ მოძრაობაზე, განსაკუთრებით კოოპერაციულ ფაბრიკებზე, რომელნიც, ყოველი დახმარების, გარეშე, რამდენიმე გაბედული "ხელის" ("hands")[3] ცდებს წარმოადგენდნენ. ამ დიდი სოციალური ცდების მნიშვნელობა შეუძლებელია გადაჭარბებით იქნეს შეფასებული. საქმით და არა სიტყვებით დაამტკიცეს მუშებმა, რომ დიდი მასშტაბით წარმოება, და ამასთან თანამედროვე მეცნიერების თანახმად წარმოებული, შეიძლება განხორციელებულ იქნეს მქონებელი კლასის არსებობის გარეშე, რომელნიც დაქირავებულ მუშათა კლასს ამუშავებენ; დაამტკიცა, რომ წარმოების წარმატებისათვის საჭირო არაა, რომ შრომის იარაღები მონოპოლიზებულ იყოს როგორც იარაღი თვით მშრომელ ადამიანზე ბატონობისა და მისი გაძარცვისა, და რომ დაქირავებული შრომა, მონური და ბატონყმური შრომის მსგავსად, მარტოოდენ გარდამავალი და უფრო დაბალი ფორმა არის, რამაც ადგილი უნდა დაუთმოს ასოციაციურ შრომას, რომელიც გაწეული იქნება ნებაყოფლობით, ხალისით და სიხარულით. ინგლისში კოოპერაციული სისტემის თესლი მოაპნია რობერტ ოუენმა; ცდები, რომლებიც მუშებმა მოახდინეს კონტინენტზე, წარმოადგენს პრაქტიკულ დასკვნას თეორიებიდან, რომლებიც, გამოგონილი კი არ იყო, არამედ ხმამაღლა გამოცხადებული იყო 1848 წელს.

ამავე დროს 1848 — 1864 წლების პერიოდის გამოცდილებამ უეჭველად დაამტკიცა, რომ რაგინდ ჩინებული იყოს პრინციპში და სასარგებლო პრაქტიკაში კოოპერაციული შრომა, იგი ვერასოდეს ვერ შეაფერხებს გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარე ზრდას მონოპოლიისას, ვერც გაანთავისუფლებს მასებს, შესამჩნევად ვერც კი შეამსუბუქებს სიღატაკის ტვირთს, სანამ კოოპერაციული შრომა ცალკეულ მუშათა შემთხვევითი ცდების ვიწრო წრით არის შემოფარგლული. სწორედ ამიტომ იყო, ალბათ, რომ გულკეთილმა არისტოკრატებმა მოლაყბე ბურჟუა-ფილანტროპებმა და პედანტმა ეკონომისტებმაც იწყეს უცებ გულისამრევი ქება-დიდება იმ კოოპერაციული შრომის სისტემის მიმართ, რომლის ჩახშობას ჩანასახშივე ისინი უნაყოფოდ ცდილობდნენ, რომელსაც დასცინოდნენ როგორც მეოცნებეთა უტოპიას ანდა შანთავდნენ როგორც სოციალისტების მკრეხელობას. მშრომელთა მასის განთავისუფლებისათვის საჭიროა კოოპერაციული შრომა საერთო ნაციონალური მასშტაბით განვითარდეს და, მაშასადამე, საერთო ნაციონალური სახსრებით გაზრდილ იქნეს. მაგრამ მემამულეები და კაპიტალისტები ყოველთვის გამოიყენებენ თავიანთ პოლიტიკურ პრივილეგიებს თავიანთი ეკონომიური მონოპოლიების დასაცავად და გასამარადებლად. ისინი არა თუ ხელს შეუწყობენ, არამედ, პირიქით, ყოველგვარ დაბრკოლებებს შეუქმნიან გზაზე მუშათა კლასის განთავისუფლებას. გაიხსენეთ ის დაცინვა, რომლითაც ლორდი პალმერსტონი უკანასკნელი საპარლამენტო სესიის დროს გაუმასპინძლდა ირლანდიის ფერმერების უფლებათა შესახებ კანონპროექტის დამცველებს: "თემთა პალატა მემამულეების პალატა არისო", განაცხადა მან.

ამიტომ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა მუშათა კლასის დიადი ამოცანა გახდა. მუშები, როგორც ეტყობა, მიხვდნენ ამას, რადგან ინგლისში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში ერთსა და იმავე დროს დაიწყო გამოცოცხლება და იმავე დროულად იქნა მიღებული ზომები მუშათა პარტიის პოლიტიკური რეორგანიზაციის მოსახდენად.

მათ ხელში უკვე არის წარმატების ერთი ელემენტი, — მათი რიცხვი; მაგრამ რიცხვს მხოლოდ მაშინ აქვს წონა, როდესაც იგი გაერთიანებულია ორგანიზაციით და როცა მას ცოდნა ხელმძღვანელობს. წარსულის გამოცდილებამ გვასწავლა, თუ როგორ ისჯება უგულებელყოფა ძმური კავშირის, რომელიც უნდა არსებობდეს სხვადასხვა ქვეყნების მუშებს შორის და ამხნევებდეს მათ ურთიერთ მხარის დასაჭერად განთავისუფლებისათვის ბრძოლაში, როგორ შეუბრალებლად ისჯება მათი შეუკავშირებელი ძალდაჭიმვა საერთო დამარცხებით. ამ გარემოების შეცნობიდან წარმოდგა ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების მუშებმა, რომელნიც 1864 წლის 28 სექტემბერს შეიკრიბნენ ღია მიტინგზე სენტ-მარტინს ჰოლში, დაარსეს მუშათა საერთაშორისო ასოციაცია.

კიდევ ერთი რწმენა აღაფრთოვანებდა ამ მიტინგის მონაწილეებს.

თუ მუშათა კლასის განთავისუფლება მოითხოვს მუშების ძმურ ერთობას და თანამშრომლობას, როგორ შეუძლიათ მათ ამ დიადი მისიის შესრულება იმ საგარეო პოლიტიკის არსებობისას, რომელიც, მიჰყვება რა დანაშაულებრივ მიზნებს, აღვივებს ეროვნულ ცრურწმენას და მძარცველურ ომებში ღვრის ხალხის სისხლს და ფლანგავს, მის სიმდიდრეს? არა გაბატონებული კლასების სიბრძნემ, არამედ ინგლისის მუშათა კლასის გმირულმა წინააღმდეგობამ მათი დანაშაულებრივი უგუნურობის მიმართ იხსნა დასავლეთ ევროპა სამარცხვინო ჯვაროსნული ლაშქრობის ავანტურისაგან ატლანტის ოკეანეს იქითა მხარეზე მონობის გასამარადებლად და გასავრცელებლად. უსირცხვილო მოწონებამ, მლიქვნელურმა თანაგრძნობამ ან იდიოტურმა გულგრილობამ, რომლითაც ევროპის უმაღლესი კლასები უცქეროდნენ იმას თუ როგორ დაიპყრო რუსეთმა კავკასიის მთიანი სიმაგრეები, როგორ ჩაჰკლა მან გმირული პოლონეთი; უზომო, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩარევამ სხვის საქმეებში ამ ბარბაროსული სახელმწიფოს მხრივ, რომელსაც თავი სანკტ-პეტერბურგში აქვს და ხელები კი ევროპის ყველა კაბინეტში, — დაანახვა მუშათა კლასს, რომ მისი მოვალეობაა: დაეუფლოს საერთაშორისო პოლიტიკის საიდუმლოებებს, კონტროლი გაუწიოს თავისი მთავრობების დიპლომატიურ მოქმედებას და საჭიროების შემთხვევებში წინააღმდეგობა გაუწიოს მათ ყველა იმ საშუალებით, რომლებიც მის განკარგულებაში მოიპოვება; და იმ შემთხვევაში, თუ მას მათი დაბრკოლების შესაძლებლობა არ ექნება, გაერთიანდეს, ამ საიდუმლოებათა იმავდროულად გამოსააშკარავებლად და ეცადოს, რომ ზნეობისა და სამართლიანობის მარტივმა კანონებმა, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ თავიანთ ურთიერთობაში კერძო პირები, უზენაესი კანონების მნიშვნელობა მოიპოვონ, აგრეთვე ერთა ურთიერთობაშიც.

ასეთი საგარეო პოლიტიკისათვის ბრძოლა შეადგენს მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის საერთო ბრძოლის ნაწილს.

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!


[1] მახრჩობელები (garroters) — ასე უწოდებდნენ მძარცველებს, რომელნიც მსხვერპლს ყელში წაუჭერდნენ ხელს და ახრჩობდნენ. მათი თავდასხმა ლონდონში მე-60 წლების დასაწყისში ისე ხშირი შეიქნა, რომ პანიკა გამოიწვია და პარლამენტის განხილვის საგანი გახდა. რედაქცია.

[2] არც კია საჭირო მოვაგონოთ მკითხველს რომ ნახშირბადი და აზოტი წყალთან და ზოგიერთ არაორგანულ ნივთიერებებთან ერთად შეადგენს ადამიანის საჭმლის ნედლეულს. მაგრამ ადამიანის ორგანიზმის საკვებად საჭიროა, რომ ეს მარტივი ქიმიური შემადგენელი ნაწილები მას მიეცეს მცენარეულ ან ცხოველურ ნივთიერებათა სახით, კარტოფილი, მაგალითად, შეიცავს უმთავრესად ნახშირბადს, მაშინ როდესაც ხორბლის პური შეიცას სათანადო პროპორციით ნახშირბადოვან და აზოტურ ნივთიერებათ. (მარქსის შენიშვნა).

[3] Hands — ხელები, იხმარება აგრეთეე მუშა-ხელის მნიშვნელობითაც. რედაქცია.