კარლ მარქსი
მუშათა საერთაშორისო ასოციაციის საერთო წესდება[1]
დაწერილი: თავდაპირველი ტექსტი შედგენილია კ. მარქსის მიერ 1864 წლის 21-27 ოქტომბერს.
გამოქვეყნებული: საბოლოო ტექსტი ცალკე ბროშურის სახით დაბეჭდილია ლონდონში 1871 წ.
თარგმანი: ინგლისურიდან
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.
ვიღებთ რა მხედველობაში:
რომ მუშათა კლასის განთავისუფლება მოპოვებული უნდა იქნეს ბრძოლით თვით მუშათა კლასის მიერ; რომ ბრძოლა მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის მოასწავებს არა ბრძოლას კლასობრივი პრივილეგიებისა და მონოპოლიებისათვის, არამედ თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისათვის და ყოველგვარი კლასობრივი ბატონობის მოსპობისათვის;
რომ ეკონომიური დამორჩილება მუშისა შრომის საშუალებათა, ე. ი. სიცოცხლის წყაროთა მონოპოლისტის მიერ საფუძვლად უდევს მონობას ყველა მის ფორმაში, ყველა სოციალურ სიბეჩავეს, გონებრივ დეგრადაციას და პოლიტიკურ დამოკიდებულებას;
რომ მუშათა კლასის ეკონომიური განთავისუფლება, ამიტომ, არის დიადი მიზანი, რომელსაც ყოველი პოლიტიკური მოძრაობა უნდა დაუქვემდებარდეს როგორც საშუალება;
რომ ყოველგვარი ცდა ამ დიადი მიზნის მისაღწევად დღემდე მარცხით თავდებოდა სოლიდარობის ნაკლებობის გამო თვითეული ქვეყნის შრომის სხვადასხვა დარგის მუშებს შორის და ძმური კავშირის არარსებობის გამო სხვადასხვა ქვეყნის მუშათა კლასებს შორის;
რომ შრომის განთავისუფლება არა ადგილობრივი და არა ნაციონალური პრობლემა არის, არამედ — სოციალური, რომელიც მოიცავს ყველა ქვეყანას, სადაც არსებობს თანამედროვე საზოგადოება, და რომ მისი გადაჭრა ყველაზე უფრო მოწინავე ქვეყნების პრაქტიკულ და თეორიულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული;
ამ მოსაზრებების გამო დაარსებულ იქნა მუშათა საერთაშორისო ასოციაცია.
ეს ასოციაცია აცხადებს, რომ ყველა მასში შემავალი საზოგადოებანი და ცალკეული პირნი ჭეშმარიტებას, სამართლიანობას და ზნეობას ცნობენ საფუძვლად მათი ყოფაქცევისა მათს ურთიერთობაში ერთი მეორისა და ყველა ადამიანთა მიმართ, განურჩევლად მათი ფერისა, სარწმუნოებისა ან ეროვნებისა, —
ასოციაცია ცნობს, რომ არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე და მოვალეობა უფლების გარეშე;
ამ პრინციპების საფუძველზე შედგენილ იქნა შემდეგი წესდება:
- ეს ასოციაცია დაარსებულ იქნა კავშირის და საერთო მუშაობის ცენტრის შესაქმნელად სხვადასხვა მუშათა საზოგადოებებს შორის, რომელნიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობენ და მიისწრაფიან ერთი და იმავე მიზნისაკენ, სახელდობრ, მუშათა კლასის დაცვისა, განვითარებისა და სრული განთავისუფლებისაკენ.
- საზოგადოების სახელწოდება იქნება: "მუშათა საერთაშორისო ასოციაცია".
- ყოველ წელს იკრიბება მუშათა საერთო კონგრესი, რომელიც შედგება ასოციაციის სექციების დელეგატებისაგან. კონგრესის ამოცანას შეადგენს: მუშათა კლასის საერთო მისწრაფებათა გამოცხადება, საერთაშორისო ასოციაციის ნაყოფიერი მოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების მიღება და საზოგადოების გენერალური საბჭოს დანიშვნა.
- ყოველი კონგრესი განსაზღვრავს შემდეგი კონგრესის შეკრების დროს და ადგილს. დელეგატები იკრიბებიან დანიშნულ დროს და დანიშნულ ადგილას განსაკუთრებული მიწვევის გარეშე. გენერალურ საბჭოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, შესცვალოს კონგრესის შეკრების ადგილი, მაგრამ არა აქვს უფლება გადადოს შეკრების დრო. კონგრესი ყოველწლიურად განსაზღვრავს გენერალური საბჭოს ადგილსამყოფელს და ირჩევს მის წევრებს. ამგვარად არჩეული გენერალური საბჭო უფლებამოსილია თავის წევრთა რიცხვი ახალი წევრებით შეავსოს.
გენერალურმა საბჭომ უნდა წარუდგინოს საერთო კონგრესს წლიურ კრებაზე საჯარო ანგარიში მის მიერ საქმეების წარმართვის შესახებ წლის განმავლობაში. გენერალურ საბჭოს შეუძლია, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, საერთო კონგრესი მოიწვიოს დაწესებულ წლიურ ვადაზე ადრე.
- გენერალური საბჭო შედგება ასოციაციაში წარმოდგენილი ქვეყნების მუშებისაგან. იგი ირჩევს თავისი საკუთარი წევრებიდან საჭირო თანამდებობის პირთ საქმეების საწარმოებლად, სახელდობრ: მოლარეს, გენერალურ მდივანს, მდივან-კორესპონდენტებს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ა. შ.
- გენერალური საბჭო მოქმედებს, როგორც ასოციაციის სხვადასხვა ნაციონალური და ლოკალური ჯგუფების საერთაშორისო წარმომადგენლობა და ცდილობს, რათა ერთი ქვეყნის მუშებს მუდმივ ეძლეოდეს ინფორმაცია მათი კლასის მოძრაობის შესახებ ყოველ სხვა ქვეყანაში; რათა გატარებულ იქნეს ერთდროულად და საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სოციალური მდგომარეობის გამოკვლევა; რათა საკითხები, რომლებიც აღიძვრის ერთ საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადო ინტერესის შემცველი არის, განხილულ იქნეს ყველას მიერ; და რათა მაშინ, როდესაც უშუალოდ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მაგალითად, საერთაშორისო კონფლიქტების შემთხვევაში, გაერთიანებულ საზოგადოებათა მოქმედება წარმოებდეს ერთდროულად და შეთანხმებულად. ყოველთვის, როცა კი ეს საჭირო აღმოჩნდება, გენერალურმა საბჭომ უნდა აიღოს ინიციატივა წინადადებათა გამომუშავებისა, რომლებიც უნდა შეტანილ იქნეს სხვადასხვა ნაციონალურ ან აღგილობრივ საზოგადოებებში. დაკავშირების გასაადვილებლად გენერალური საბჭო აქვეყნებს პერიოდულ ანგარიშებს.
- რადგან მუშათა მოძრაობის წარმატება თვითეულ ქვეყანაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ კავშირებითა და მათი გაერთიანებებით, და, მეორე მხრივ, საერთაშორისო გენერალური საბჭოს სარგებლიანობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, ექნება მას საქმე მუშათა ასოციაციების მცირეოდენ რიცხვთან თუ მცირე მნიშვნელოვან და დაქსაქსულ ადგილობრივ საზოგადოებათა დიდ რიცხვთან, ამიტომ საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა, თვითეულმა თავის ქვეყანაში, უნდა მოიხმარონ მთელი თავისი ძალა დაუკავშირებელი მუშათა საზოგადოებების გასაერთიანებლად ნაციონალურ ორგანიზაციებში, რომელნიც წარმოდგენილი იქნებიან ნაციონალური ცენტრალური ორგანოებით. ამასთან თავისთავად იგულისხმება, რომ წესდების ამ მუხლის გამოყენება დამოკიდებული იქნება თვითეული ქვეყნის სპეციალურ კანონებზე და რომ, კანონებით შექმნილი დაბრკოლებების გამოკლებით, არც ერთი დამოუკიდებელი ადგილობრივი საზოგადოება არ იქნება შესაძლებლობას მოკლებული, უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს გენერალურ საბჭოსთან.
7ა. თავის ბრძოლაში მქონებელ კლასთა გაერთიანებული ძალაუფლების წინააღმდეგ პროლეტარიატს შეუძლია იმოქმედოს, როგორც კლასმა მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი ჩამოაყალიბებს თავის განსაკუთრებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დაპირისპირებულ იქნება მქონებელ კლასთა მიერ შექმნილ ყველა ძველი პარტიისადმი.
პროლეტარიატის ეს ორგანიზება პოლიტიკურ პარტიაში აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური რევოლუციის და ამ რევოლუციის საბოლოო მიზნის — კლასთა მოსპობის — გამარჯვება.
თავის ძალთა გაერთიანება, რომელსაც უკვე მიაღწია მუშათა კლასმა ეკონომიური ბრძოლების შედეგად, უნდა გამოიყენოს მან ბერკეტად აგრეთვე მის ექსპლოატატორთა პოლიტიკური ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
რადგან მემამულეები და კაპიტალისტები თავიანთ პოლიტიკურ პრივილეგიებს ყოველთვის თავიანთი ეკონომიური მონოპოლიისა და შრომის დამონების დასაცავად და გასამარადებლად იყენებენ, ამიტომ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა გახდა პროლეტარიატის უდიდეს მოვალეობად[2].
- ყოველ სექციას აქვს უფლება თავისი საკუთარი მდივანკორესპონდენტი დანიშნოს გენერალურ საბჭოსთან მიწერ-მოწერის საწარმოებლად.
- ყველას, ვინც მუშათა საერთაშორისო ასოციაციის პრინციპებს აღიარებს, შეუძლია მასში წევრად შევიდეს. ყოველი სექცია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული წევრების კეთილზნეობისთვის.
- საერთაშორისო ასოციაციის ყოველი წევრი, რომელიც ერთი ქვეყნიდან გადადის საცხოვრებლად მეორეში, მიიღებს ძმურ დახმარებას ასოციაციაში გაერთიანებული მუშების მხრივ.
- მიუხედავად ძმური თანამშრომლობის მუდმივ კავშირში მათი გაერთიანებისა, საერთაშორისო ასოციაციაში შემსვლელ მუშათა კავშირებს ხელუხლებელი რჩებათ მათი არსებული ორგანიზაციები.
- ყოველ კონგრესს შეუძლია წინამდებარე წესდება გადასინჯოს, უკეთუ დამსწრე დელეგატების ორი მესამედი ამ გადასინჯვის მომხრე იქნება.
- ყველაფერი, რაც ამ წესდებაში არაა წინასწარ გათვალისწინებული, დამატებული იქნება სპეციალური რეგლამენტებით, რომლებიც ექვემდებარება თვითეული კონგრესის რევიზიას.
[1] ეს წესდება მიღებულ იქნა 1871 წლის სექტემბერში მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის ლონდონის კონფერენციაზე. ამ წესდებას საფუძვლად დაედო "დროებითი წესდება", რომელიც შედგენილი იყო მარქსის მიერ 1864 წელს, პირველი ინტერნაციონალის დაარსების დროს.
[2] მუხლი 7ა, რომელიც 1871 წლის ლონდონის კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციის შემოკლებულ გადმოცემას წარმოადგენს, წესდებაში დამატებით იქნა შეტანილი პირველი ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესის გადაწყვეტილებით (1872 წლის სექტემბერი). რედაქცია