კარლ მარქსი

პრუდონის შესახებ


დაწერილი: 24 იანვარი, 1865 წ.
გამოქვეყნებული: 1, 3, 5 თებერვალი, 1865 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: პრუდონის შესახებ, Social-Demokrat-ის 1865 წლის 1, 3 და 5 თებერვლის ნომრებში.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


მოწყალეო ხელმწიფევ!

მე გუშინ მივიღე წერილი, რომელშიაც თქვენ ჩემგან მოითხოვთ პრუდონის დაწვრილებით შეფასებას. დროის უქონლობა ნებას არ მაძლევს თქვენი სურვილი დავაკმაყოფილო. გარდა ამისა, მე ხელთ არ მაქვს მისი არც ერთი ნაწარმოები. მაგრამ მაინც იმისათვის, რომ ჩემი თქვენდამი კეთილი სურვილები დაგიმტკიცოთ, სასწრაფოდ ვადგენ მოკლე მონასახს. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იგი შეავსოთ, დაურთოთ რამე, გამოტოვოთ, ერთი სიტყვით, რაც გნებავდეთ, ის უქენით.

პრუდონის პირველი ცდები უკვე აღარ მახსოვს. მისი მოწაფური შრომა "საყოველთაო ენის" შესახებ გვიჩვენებს, თუ რა მოურიდებლად გაბედა და მოჰკიდა ხელი ისეთ პრობლემებს, რომელთა გადასაწყვეტად მას ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნდა.

მისი პირველი ნაწარმოები "რა არის საკუთრება?" უსათუოდ მისი საუკეთესო ნაწარმოებია. იგი ეპოქის შემქმნელია, შინაარსის სიახლით თუ არა, ყველაფრის ახალ და თამამ ყაიდაზე თქმით მაინც. მისთვის ცნობილ ფრანგ სოციალისტთა და კომუნისტთა წარმოებებში "საკუთრება", რასაკვირველია, არა მარტო მრავალმხრივ გაკრიტიკებულია, არამედ უტოპისტურად "გაუქმებელიც" იქნა. ამ ნაწარმოებში პრუდონი დაახლოებით იმავე დამოკიდებულებაშია სენ-სიმონისა და ფურიეს მიმართ, როგორც ფოიერბახი ჰეგელის მიმართ. ჰეგელთან შედარებით ფოიერბახი უაღრესად ღარიბია. მაგრამ ფოიერბახმა ჰეგელის შემდეგ მაინც ეპოქა შექმნა, ვინაიდან მან მკვეთრად გაუსვა ხაზი და პირველ რიგში წამოსწია გარკვეული, ქრისტიანული ცნობიერებისათვის არასასიამოვნო და კრიტიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც ჰეგელმა მისტიკურ ბინდბუნდში დატოვა.

თუ შეიძლება ასე ითქვას, პრუდონის ამ ნაწარმოებში ჯერ კიდევ ჭარბობს სტილის ღონიერი კუნთოვანება. ეს სტილი მე მიმაჩნია მის მთავარ დამსახურებად. ჩანს, რომ პრუდონს დამოუკიდებელი ჰგონია თავი იქაც კი, სადაც მხოლოდ ძველს აღადგენს; რასაც ის ამბობს, თვითონ მისთვის ახალი იყო და ამიტომ ახლად თვლის იგი. გამომწვევი შეუდრეკელობა და სითამამე, რომლითაც იგი პოლიტიკური ეკონომიის "წმინდათა წმინდას" ეხება, მახვილგონივრული პარადოქსები, რომლითაც იგი უმსგავს ბურჟუაზიულ ჭკუას დასცინის, გამანადგურებელი მსჯელობა, მწარე ირონია, არსებულის სისაძაგლის გამო აღშფოთების ღრმა და ჭეშმარიტი გრძნობა, რომელიც ხანდახან მოჩანს მასში, რევოლუციური სერიოზულობა — ყველა ამით "რა არის საკუთრება?" მკითხველს აღაგზნებდა და თავისი პირველი გამოჩენის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პოლიტიკური ეკონომიის მკაცრ მეცნიერულ ისტორიაში ეს თხზულება ძნელად თუ გახდებოდა ხსენების ღირსი. მაგრამ ამგვარი სენსაციური თხზულებები მეცნიერებაში ისევ ასრულებენ თავიანთ როლს, როგორც მხატვრულ ლიტერატურაში. ავიღოთ, მაგალითად, მალთუსის თხზულება "მოსახლეობის" შესახებ. თავის პირველ გამოცემაში ეს წიგნი "სენსაციური პამფლეტი" იყო და მეტი არაფერი, ამასთან პლაგიატი თავიდან ბოლომდე. და მაინც რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პასკვილმა ადამიანთა მოდგმაზე!

პრუდონის წიგნი რომ ხელთ მქონდეს, რამდენიმე მაგალითით ადვილად ვაჩვენებდით მისი წერის პირველ მანერას. იმ პარაგრაფებში, რომელნიც მას უმნიშვნელოვანეს პარაგრაფებად მიაჩნდა, ის ბაძავს კანტის ანტინომიების განხილვას — ეს ერთადერთი გერმანელი ფილოსოფოსი იყო, რომელსაც იგი მაშინ თარგმანებით იცნობდა, — და გარკვეულ მტკიცე შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისთვისაც ისე, როგორც კანტისთვის, ანტინომიის გადაწყვეტა ისეთ რამედ ითვლება, რაც ადამიანის განსჯის "მიღმა" იმყოფება ე. ი. რაც თვით მისი საკუთარი განსჯისათვის ბუნდოვანი რჩება.

მიუხედავად ყოველგვარი მოჩვენებითი არქირევოლუციურობისა თვით "რა არის საკუთრება"-შიც უკვე გვხვდება წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, პრუდონი საზოგადოებას აკრიტიკებს ფრანგი პარცელარული გლეხის (უფრო გვიან წვრილი ბურჟუას) შეხედულებათა თვალსაზრისით, მეორე მხრივ, სოციალისტებისაგან გადმოღებულ მასშტაბს უყენებს მას.

თვით სათაურშივე ჩანს ამ წიგნის ნაკლი. საკითხი ისე ყალბად იყო დასმული, რომ მასზე სწორი პასუხის გაცემა არ შეიძლებოდა. ანტიკური საკუთრების ურთიერთობანი ფეოდალური ურთიერთობებისაგან მოისპო, ფეოდალური კი ბურჟუაზიულისაგან. მაშასადამე, თვითონ ისტორიამ გააკრიტის წარსულის საკუთრების ურთიერთობანი. ის, რაზეც არსებითად პრუდონი ლაპარაკობდა, თანამედროვე ბურჟუაზიული საკუთრება იყო. იმ საკითხზე, თუ რა არის ეს საკუთრება, პასუხის გაცემა შეიძლებოდა მხოლოდ პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკული ანალიზით, პოლიტიკური ეკონომიისა, რომელიც მოიცავს საკუთრების ამ ურთიერთობათა მთელ ერთობლიობას არა მათს იურიდიულ გამოხატულებაში როგორც ნებისყოფის ურთიერთობების ერთობლიობას, არამედ მათს რეალურ ფორმაში როგორც წარმოებით ურთიერთობათა ერთობლიობას. მაგრამ რადგანაც პრუდონი ამ ეკონომიურ ურთიერთობათა ერთობლიობას "საკუთრების" "la propriete" ზოგად იურიდიულ წარმოდგენაში ჩააწნავდა, ამიტომ ის ვერც გამოვიდოდა იმ პასუხის ფარგლებიდან, რომელიც ბრისომ მოგვცა ჯერ კიდევ 1789 წლამდე მსგავს თხზულებაში იმავე სიტყვებით: "საკუთრება ქურდობაა"

უკეთეს შემთხვევაში აქედან მხოლოდ ის გამომდინარეობს, რომ ბურჟუაზიული იურიდიული წარმოდგენები "ქურდობის" შესახებ თვითონ ბურჟუას საკუთარ "პატიოსან" შემოსავალსაც მიუდგება. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ “ქურდობა” როგორც საკუთრების ძალდატანებითი დარღვევა საკუთრებას გულისხმობს, პრუდონი ჭეშმარიტი ბურჟუაზიული საკუთრების საკითხში მრავალნაირ, თვითონ მისთვისაც აუხსნელ ბუნდოვან ილუზიებში გაიხლართა.

ჩემი პარიზში ყოფნის დროს 1844 წ., მე პრუდონთან პირადი ურთიერთობა დავამყარე. მე ამას აქ იმიტომ ვიგონებ, რომ მეც რამდენადმე დამნაშავე ვარ მის "სოფისტიკაციაში" ("Sophistication”, როგორც ინგლისელები საქონლის ფალსიფიკაციას უწოდებენ). გრძელი, ხშირად მთელი ღამეების კამათების დროს მე, მისდა საზიანოდ, მას გადავდე ჰეგელიანიზმი, რომლის რიგიანად შესწავლა მან გერმანული ენის უცოდინრობის გამო ვერ შესძლო. ჩემი პარიზიდან გასახლების შემდეგ ის, რაც მე დავიწყე, განაგრძო ბატონმა კარლ გრიუნმა, რომელსაც როგორც გერმანული ფილოსოფიის მასწავლებელს კიდევ ის უპირატესობა ჰქონდა ჩემთან შედარებით, რომ თვითონ მას გერმანული ფილოსოფიისა არა გაეგებოდა რა.

თავისი მეორე მნიშვნელოვანი ნაწარმოების: "სიღატაკის ფილოსოფია და ა. შ." გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პრუდონმა თვითონვე შემატყობინა მის შესახებ ერთ ძალიან დაწვრილებით წერილში; ამ წერილში, სხვათა შორის, ასეთი სიტყვები ეწერა: "მე მოველი თქვენს მკაცრ კრიტიკას". მართლაც მალე თავს დაატყდა მას ეს კრიტიკა (ჩემს თხზულებაში "ფილოსოფიის სიღატაკე და ა. შ." პარიზი, 1847) იმ სახით, რომ ჩვენს მეგობრობას სამუდამოდ ბოლო მოუღო.

აქ ნათქვამიდან თქვენ ხედავთ, რომ პრუდონის წიგნში: "სიღატაკის ფილოსოფია ანუ ეკონომიურ წინააღმდეგობათა სისტემა" არსებითად პირველად იყო მის მიერ გაცემული პასუხი იმ კითხვაზე, თუ "რა არის საკუთრება?". ნამდვილად მან მხოლოდ ამ თხზულების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო თავისი ეკონომიური შტუდიები; მან აღმოაჩინა, რომ მის მიერ დასმულ კითხვაზე გინებით ვერ შესძლებდა პასუხის გაცემას, და მასზე იგი პასუხს მხოლოდ თანამედროვე "პოლიტიკური ეკონომიის" ანალიზით მიიღებდა. ამავე დროს ის შეეცადა ეკონომიური კატეგორიების სისტემის დიალექტიკურად გადმოცემას. კანტის გადაუწყვეტელი "ანტინომიების" ადგილი უნდა დაეჭირა ჰეგელის "წინააღმდეგობას", როგორც განვითარების საშუალებას.

მისი ორტომიანი, სქელტანიანი ნაწარმოების შეფასებასა და კრიტიკას თქვენ ნახავთ ჩემს საპასუხო თხზულებაში. მე, სხვათა შორის, ამ თხზულებაში ვაჩვენე ის, თუ რა ნაკლებად შეიჭრა პრუდონი მეცნიერული დიალექტიკის საიდუმლოებაში; მეორე მხრივ, მე ვაჩვენე აგრეთვე ის, თუ როგორ იზიარებს იგი სპეკულატური ფილოსოფიის ილუზიებს, როდესაც, იმის ნაცვლად, რომ ეკონომიურ კატეგორიებში დაინახოს ისტორიული, მატერიალური წარმოების განვითარების გარკვეული საფეხურის შესაბამი, წარმოებითი ურთიერთობების თეორიული გამოხატულება, ის უგუნურად გარდაქმნის ამ ეკონომიურ კატეგორიებს იმთავითვე საუკუნოდ არსებულ, მარადიულ იდეებად, და ამ შემოვლილი გზით როგორ უბრუნდება იგი კვლავად ბურჟუაზიული ეკონომიის თვალსაზრისს[1].

შემდეგ, მე ვაჩვენებ, თუ როგორ არასაკმარისად და ნაწილობრივ მოწაფურად იცის მან "პოლიტიკური ეკონომია", რომლის კრიტიკას იგი შეუდგა; თუ როგორ გამოჰკიდებია იგი უტოპისტებთან ერთად ეგრეთწოდებულ "მეცნიერებას", რომლის საშუალებითაც а priori შეიძლება გამოგონილი იქნეს "სოციალური საკითხის გადაწყვეტა", იმის მაგიერ, რომ მეცნიერების წყაროდ ისტორიული მოძრაობის კრიტიკული შემეცნება აქციოს, მოძრაობისა, რომელიც თვითონ ჰქმნის განთავისუფლების მატერიალურ პირობებს. სახელდობრ კი ნაჩვენებია, თუ რამდენად ბუნდოვანია ყალბი და ორჭოფი პრუდონის შეხედულებანი მთლიანის საფუძვლის — საცვლელი ღირებულების შესახებ; გარდა ამისა, რიკარდოს ღირებულების თეორიის უტოპისტურ განმარტებაში ის ახალი მეცნიერების საფუძველს ხედავს. ჩემს მსჯელობას მისი საერთო შეხედულების შესახებ მე შემდეგნაირად ვაჯამებ:

"ყოველ ეკონომიურ ურთიერთობას კარგი და ცუდი მხარე აქვს; ეს არის ერთადერთი პუნქტი, სადაც ბატონი პრუდონი თავის თავს არ ღალატობს. კარგი მხარე, მისი აზრით, აღნიშნულია უკონომისტების მიერ, ცუდი მხარე ნამხილებია სოციალისტების მიერ. ეკონომისტებისაგან იგი სესხულობს მარადიულ ურთიერთობათა აუცილებლობას; ხოლო სოციალისტებისაგან სესხულობს იმ ილუზიას, რომლის ძალითაც სიღატაკეში მხოლოდ სიღატაკეა დასანახი (იმის ნაცვლად, რომ მასში ის რევოლუციური, დამანგრეველი მხარე დაინახოს, რომელიც ძველ საზოგადოებას დაამხობს). ორივესთან იგი თანხმობაშია. ამასთანავე ცდილობს მეცნიერების ავტორიტეტს დაეყრდნოს. მისთვის მეცნიერება დაიყვანება მეცნიერული ფორმულის პაწია და ჩია მოცულობაზე; იგი ფორმულების მაძიებელი კაცია. ამის გამო ბატონი პრუდონი თავს იიმედებს იმით, რომ მან მოგვცა როგორც პოლიტიკური ეკონომიის, ისე კომუნიზმის კრიტიკა; ნამდვილად კი ორივეზე დაბლა დგას. ეკონომისტებზე დაბლა დგას, ვინაიდან მას, როგორც ფილოსოფოსს რომელსაც ხელთ უპყრია მისნური ფორმულა, ჰგონია, რომ ეპატიება, თუ წმინდა ეკონომიურ დეტალებს არ გამოეკიდება; იგი სოციალისტებზე დაბლა დგას, ვინაიდან მას არც საკმაო გამბედაობა და არც საკმაო გამჭრიახობა გააჩნია იმისათვის, რომ აიწიოს ბურჟუაზიის ჰორიზონტზე მაღლა თუნდაც მარტოოდენ სპეკულატურად… მასროგორც მეცნიერების კაცს სურს, რომ ბურჟუებსა და პროლეტარებზი მაღლა ნავარდობდეს, მაგრამ იგი წვრილი ბურჟუაა მხოლოდ, რომელიც მუდამ მერყეობს, აქეთ-იქით აწყდება კაპიტალსა და შრომას შორის, პოლიტიკურ ეკონომიასა და კომუნიზმს შორის"[2].

რაგინდ მკაცრად გაისმოდეს ეს მსჯავრი, მე დღესაც ხელს ვაწერ მის თვითეულ სიტყვას. მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ როდესაც პრუდონის წიგნი მე წვრილბურჟუაზიული სოციალიზმის კოდექსად გამოვაცხადე და თეორიულად ეს დავამტკიცე, ეკონომისტებმა და სოციალისტებმა პრუდონი იმავე დროს შეაჩვენეს როგორც ულტრარევოლუციონერი. ამიტომაც შემდეგშიაც მე არასოდეს არ შემიერთებია ხმა იმ ღრიანცელისათვის, რომ პრუდონმა რევოლუციას "უღალატაო". მისი ბრალი როდია, რომ მან, რომელსაც თავიდან სხვამაცა და თვითონაც თავის თავს ცუდად გაუგო, ვერ შეასრულა უსაფუძვლო იმედები.

წინააღმდეგ "რა არის საკუთრება?"-სი, "სიღატაკის ფილოსოფია"-ში პრუდონის გადმოცემის წესის ყველა ნაკლი ძალიან არახელსაყრელად გეცემათ თვალში. სტილი, როგორც ფრანგები იტყვიან ხშირად ampoulé (მაღალფარდოვანია). მაღალფარდოვანი სპეკულატური აბდაუბდა, რომელსაც გერმანულ ფილოსოფიად ასაღებს, როგორც წესი თავს იჩენს ყველგან, სადაც კი გალური ჭკუამახვილობა შემოაკლდება. ყურში განუწყვეტლად და მკვეთრად გაისმის მისი თაღლითური, მატყუარა, მყვირალა, ტრაბახა და მკვეხარა ტონი, სახელდობრ კი, მუდმივი არასასიამოვნო ყოყლოჩინობა "მეცნიერებით", ყალბი ამპარტავნობა მის გამო. ის ნამდვილი სითბო, რომლითაც მისი პირველი ნაწარმოები იყო გამსჭვალული, აქ გარკვეულ ადგილებში სისტემატურად შეცვლილია დეკლამაციისს ციებ-ცხელებით. ამასთან უმწეო და საძაგელი ცდა თვითნასწავლისა თავი გამოიჩინოს თავისი განსწავლულობით, თვითნასწავლისა, რომელსაც თანდაყოლილი სიამაყე თავისი ახროვნების დამოუკიდებლობისა და ორიგინალობის შესახებ უკვე გაჰქრობია, და რომელსაც ახლა როგორც მეტიჩარას მეცნიერებაში ჰგონია, რომ უნდა გაიბღინძოს და იყოყლოჩინოს იმით, რაც მას არ გააჩნია და რაც თვით არ არის. შემდეგ, განწყობილება წვრილბურჟუასი, რომელიც თავს ესხმის არასაკადრისად, უხეშად, არაგონებამახვილურად, არაღრმააზროვანად, არასამართლიანადაც კი, ისეთ ადამიანს როგორიც კაბეა, რომელიც პატივისცემისს ღირსია პროლეტარიატის მიმართ თავისი პრაქტიკული მდგომარეობის გამო; სამაგიეროდ თავაზიანად ეპყრობა, მაგალითად, დიუნაიეს (ასეა თუ ისეა "სახელმწიფო მრჩეველია"!), თუმცა ამ დიუნაიეს მთელი მნიშვნელობა იმ კომიკურ სერიოზულობაში მდგომარეობს, რომლითაც იგი სამი სქელი, აუტანელად მოსაწყენი ტომის მანძილზე რიგორიზმს ქადაგებს, რომელსაც ჰელვეციუსი ასე ახასიათებდა. "უბედურთაგან სრულქმნილებას მოითხოვენ".

თებერვლის რევოლუცია პრუდონისათვის მართლაც უდროოდ მოხდა, რადგან ის სწორედ რამდენიმე კვირის წინ ურყევად ამტკიცებდა, რომ "რევოლუციების ერამ" სამუდამოდ ჩაიარაო. მისი გამოსვლა ნაციონალურ კრებაზე ყოველგვარ ქებას იმსახურებს, თუმცა ამ გამოსვლამ ისიც დაამტკიცა, თუ რა ცოტა რამ გაეგებოდა მას მომხდარ ამბებში. ივნისის აჯანყების შემდეგ ეს უდიდესი ვაჟკაცური მოქმედება იყო. გარდა ამისა, ამ გამოსვლას ის ხელსაყრელი შედეგი მოჰყვა, რომ ბატონმა ტიერმა პრუდონის წინადადებათა წინააღმდეგ მიმართულ თავის სიტყვაში, რომელიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მთელ ევროპას დაუმტკიცა, თუ რა საცოდავი ბალღური კატეხიზმო ემსახურებოდა პიედესტალად ფრანგი ბურჟუაზიის ამ სულიერ ბურჯს. ბატონ ტიერთან შედარებით პრუდონი მართლაც წარღვნის წინადროინდელი გოლიათის ზომამდე გაიზარდა.

პრუდონის მიერ "უპროცენტო კრედიტის" და მასზე დამყარებული "სახალხო ბანკის" გამოგონება მისი უკანასკნელი ეკონომიური "ღვაწლი" გახლავთ. ჩემს თხზულებაში "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის", გამოშ. I, ბერლინი, 1859 წ. (გვ. 59-64)[3]., დამტკიცებულია რომ მისი შეხედულებების თეორიული საფუძველი წარმოდგება ბურჟუაზიული "პოლიტიკური ეკონომიის" პირველ ელემენტთა, სახელდობრ, საქონელთა ფულისადმი შეფარდების არცოდნიდან, მაშინ როდესაც პრაქტიკული ზედნაშენი უფრო ძველი და ბევრად უფრო უკეთესად დამუშავებული გეგმების უბრალო რეპროდუქცია იყო. სულ უმცირეს ეჭესაც არ იწვევს და თავისთავად გასაგებია, რომ კრედიტმა, სრულიად ისე, როგორც ეს, მაგალითად ჯერ მე-18 საუკუნის დამდეგს, ხოლო შემდეგ ხელახლა მე-19 საუკუნის დამდეგს ინგლისში, ხელი შეუწყო ქონების გადასვლას ერთი კლასის ხელიდან მეორე კლასის ხელში, რომ გარკვეულ ეკონომიურ და პოლიტიკურ გარემოებებში შეიძლება ხელი შეუწყოს მუშათა კლასის განთავისუფლების დაჩქარებას. მაგრამ სარგებელის მომტანი კაპიტალის მიჩნევა კაპიტალის მთავარ ფორმად, კრედიტის განსაკუთრებული გამოყენების, სარგებელის მოჩვენებით გაუქმების, საზოგადოებრივი გარდაქმნის ბაზისად გადაქცევის სურვილი, — მთლიანად მეშჩანური ფანტაზიაა. მართლაც ამ ფანტაზიას, უფრო ფართოდ განვითარებულს, ჩვენ უკვე ვხვდებით მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი წვრილი ბურჟუაზიის ეკონომისტ იდეოლოგებთან. პრუდონის პოლემიკა ბასტიასთან (1850 წ.) სარგებელის მომტანი კაპიტალის შესახებ ბევრად დაბლა დგას "სიღატაკის ფილოსოფიასთან" შედარებით. ის იქამდე მიდის, რომ ბასტიაც კი ახერხებს მის დამარცხებას, და კომიკურად ბორგავს ყოველთვის, როცა კი მოწინააღმდეგე მას მაგრად მოსცხებს.

რამდენიმე წლის წინ პრუდონმა დაწერა, მგონია, ლოზანის მთავრობის მიერ გამოცხადებული საკონკურსო თხზულება "გადასახადების" შესახებ. აქ გენიალობის უკანასკნელი კვალიც კი გამქრალია და ხელთ გვრჩება სრულიად წმინდა წყლის წვრილი ბურჟუა.

რაც შეეხება პრუდონის პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თხზულებებს, ყველა მათგანში ჩანს იგივე წინააღმდეგობრივი, ორმაგი ხასიათი, რაც ეკონომიურ შრომებში. ამასთანავე მათ მხოლოდ ადგილობრივი — ფრანგული ღირებულება აქვთ. მაგრამ მის თავდასხმებს რელიგიაზე, ეკლესიაზე და ა. შ. მაინც დიდი ადგილობრივი დამსახურება მიუძღვით იმ ეპოქაში, როდესაც ფრანგი სოციალისტები შესაფერად თვლიდნენ რელიგიურობაში დაენახათ თავიანთი უპირატესობა მე-18 საუკუნის ბურჟუაზიულ ვოლტერიანობასთან და მე-19 საუკუნის გერმანულ უღმერთობასთან შედარებით. თუ პეტრე დიდმა რუსული ბარბაროსობა ბარბაროსობით დაამარცხა, პრუდონმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო იმისათვის, რომ ფრანგული ფრაზერობა ფრაზებითვე დაემარცხებინა.

მისი თხზულება "სახელმწიფო გადატრიალების" შესახებ განხილული უნდა იქნეს არა მარტო როგორც ცუდი ნაწარმოები, არამედ როგორც სისაძაგლე, ოღონდ წვრილბურჟუაზიული თვალსაზრისის შესაფერი სისაძაგლე; ამ წიგნში ის ლუი ბონაპარტს ეკეკლუცება და ცდილობს, რომ ის ნამდვილად ფრანგი მუშებისათვის მოსაწონი გახადოს; ასეთივეა მისი უკანასკნელთ თხზულება პოლონეთის წინააღმდეგ, რომელშიაც იგი რუსეთის მეფის პატივსაცემად და საამებლად კრეტინის ცინიზმს იჩენს.

პრუდონი ხშირად შეუდარებიათ რუსოსათვის. ამაზე უფრო შემცდარი არაფერი არ შეიძლება იყოს. ის უფრო ჰგავს ნიკ. ლენგეს, თუმცა ამ უკანასკნელის "სამოქალაქო კანონების თეორია" გენიალური წიგნია.

პრუდონი ბუნებით დიალექტიკისაკენ იხრებოდა, მაგრამ რადგან ნამდვილი მეცნიერული დიალექტიკა მან ვერასოდეს ვერ გაიგო, ამიტომ მხოლოდ სოფისტიკამდე მიიყვანა მან დიალექტიკა. სინამდვილეში ეს გარემოება მის წვრილბურჟუაზიულ თვალსაზრისთან იყო დაკავშირებული. წვრილი ბურჟუა, ისევევ როგორც ისტორიკოსი რაუმერი, შედგენილია "ერთი მხრივ" და "მეორე მხრივ". ასეთია ის თავისი ეკონომიური ინტერესებით, და ამიტომ ასეთია იგი თავისი პოლიტიკით, თავისი რელიგიური, მეცნიერული და მხატვრული შეხედულებებით. ასეთია ის თავისი მორალით, ასეთია ის ყველაფრის მიმართ. ის ცოცხალი წინააღმდეგობაა. ამასთანავე თუ იგი, მსგავსად პრუდონისა, გონებამახვილი კაცია, მაშინ სწრაფად ეუფლება თავისი წინააღმდეგობებით თამაშს და ისწავლის მათს გადაკეთებას გარემოებათა მიხედვით მოულოდნელ, უცნაურ, ხმაურა, ხან სკანდალურ, ხან კი ბრწყინვალე პარადოქსებად. მეცნიერული თაღლითობა და პოლიტიკური შემგუებლობა განუყრელადაა დაკავშირებული ასეთ თვალსაზრისთან. ამგვარ სუბიექტებს მხოლოდ ერთი მამოძრავებელი მოტივი დარჩენიათ — ამაო დიდების მოყვარულობა და ყოველი დიდების მოყვარული ადამიანის მსგავსად ისინი მხოლოდ წუთიერ წარმატებაზე, სენსაციაზე, ხალხის ყურადღების მიპყრობაზე ზრუნავენ. ამასთანავე, აუცილებლად ჰქრება ის უბრალო ზნეობრივი ტაქტი, რომელიც, მაგალითად, რუსოს არსებულ ხელისუფლებასთან თვით ყოველგვარი მოჩვენებითი კომპრომისისაგანაც კი მუდამ იცავდა.

შესაძლებელია შთამომავლობამ საფრანგეთის ისტორიის ეს ახალი ფაზა იმით დაახასიათოს, რომ თქვას: ლუი ბონაპარტი მისი ნაპოლეონი იყო, ხოლო პრუდონი — მისი რუსო-ვოლტერიო.

თქვენი პატივისმცემელი კ. მარქსი.


[1] "როდესაც ეკონომისტები ამბობენ, თანამედროვე ურთივრთობანი, ბურუუაზიული წარმოების ურთიერთობანი, — ბუნებრივი არიანო, ისინი ამით გვამცნობენ, რომ ისინი ისეთი ურთიერთობანი არიან, რომლებშიაც სიმდიდრის შექმნა და საწარმოო ძალების განვითარება ბუნების კანონების თანახმად ხდება. მაშასადამე, თვით ეს ურთიერთობანი დროის გავლენისაგან დამოუკიდებელი ბუნებრივი კანონებია. ისინი მარადიული კანონებია, რომენიც მუდამ განაგებენ საზოგადოებას. ამგვარად, წინათ კი იყო ისტორია, მაგრამ დღეს იგი აღარ არის" (გვ. 113 ჩემი შრომისა). (მარქსის შენიშენა). იხ. К. Маркс и Ф. Энгельс, соч., т. V, стр. 373-374.რედაქცია.

[2] იქვე, გვ. 119, 120. (მარქსის შენიშვნა), ის, К. Маркс и. Ф. Энгельс. соч., т. У, стр. 378. რედაქცია.

[3] იხ. К. Маркс и Ф. Энгельс, соч., т. XII, ч. I. стр. 67-72. რედაქცია.