ხელფასი, ფასი და მოგება

მოხსენება, წაკითხული კ. მარქსის მიერ
მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური საბჭოს სხდომებზე, 1865 წლის 20 და 27 ივნისს.


წყარო: ხელფასი, ფასი და მოგება. სახელგამი, 1955;
დაწერილი: მაისი-ივნისი, 1865;
გამოქვეყნებული: პირველად გამოქვეყნებულ იქნა ცალკე სათაურით “ხელფასი, ფასი და მოგება” ბროშურის სახით ლონდონში 1898 წ.;
თარგმანი: ინგლისურიდან
HTML:ჟერმინალი


[წინასწარი შენიშვნები]
1. [წარმოება და ხელფასი]
2. [წარმოება, ხელფასი, მოგება]
3. [ხელფასი და ფული]
4. [მიწოდება და მოთხოვნა]
5. [ხელფასი და ფასები]
6. [ღირებულება და შრომა]
7. სამუშაო ძალა
8. ზედმეტი ღირებულების წარმოება
9. შრომის ღირებულება
10. მოგება მიიღება, როდესაც საქონელი მისი ღირებულების მიხედვით იყიდება
11. ზედმეტი ღირებულების სხვადასხვა ნაწილი
12. მოგების, ხელფასისა და ფასების საერთოდ თანაფარდობა
13. უმნიშვნელოვანესი შემთხვევები, როცა მოითხოვენ ხელფასის მომატებას ან ებრძვიან მის შემცირებას
14. ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის და მისი შედეგები

 



 

 

 

ხელფასი, ფასი და მოგება

[წინასწარი შენიშვნები]

მოქალაქენო!

სანამ ჩემი მოხსენების ძირითად საგანს შევუდგებოდე, ნება მიბოძეთ გავაკეთო რამდენიმე წინასწარი შენიშვნა.

დღეს კონტინენტზე მოდებულია გაფიცვების ნამდვილი ეპიდემია და გაისმის საყოველთაო მოთხოვნა ხელფასის მომატებისა. ეს საკითხი დაისმება ჩვენს კონგრესზედაც. თქვენ, ვინც საერთაშორისო ასოციაციის სათავეში დგახართ, მტკიცე შეხედულება უნდა გქონდეთ ამ დიდმნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ ჩემ მოვალეობად ვთვლი საფუძვლიანად განვიხილო იგი, თუნდაც ამით თქვენს მოთმინებას მკაცრი გამოცდის საფრთხე მოელოდეს.

მეორე წინასწარი შენიშვნა მე უნდა გავაკეთო მოქალაქე უესტონის შესახებ. უესტონმა არა მარტო გამოთქვა თქვენს წინაშე, არამედ საჯაროდაც დაიცვა შეხედულება, რომელიც როგორც მან თვითონაც იცის, მეტისმეტად არაპოპულარულია მუშათა კლასში, მაგრამ რომელსაც იგი მუშების ინტერესების შესაფერად თვლის.[1] თვითეული ჩვენგანი დიდად უნდა აფასებდეს ასეთ ზნეობრივ გამბედაობას. მე იმედი მაქვს, ჩემი მოხსენების მოურიდებელი ტონის მიუხედავად, უესტონი დაინახავს ბოლოს, რომ მე ვეთანხმები ამ სწორ იდეას, რაც, ჩემი აზრით, საფუძვლად აქვს მის დებულებებს; მაგრამ ახლანდელი მათი სახით ეს დებულებები, მე ვფიქრობ, თეორიულად ყალბი და პრაქტიკულად საშიშარი არიან.

ახლა კი უშუალოდ გადავალ განსახილველ საგანზე.

I. [წარმოება და ხელფასი]

მოქალაქე უესტონის არგუმენტაცია ფაქტიურად ორ წინასწარ მოსაზრებას ემყარება:

  1. რომ ნაციონალური პროდუქციის რაოდენობა არის უცვლელი რაღაც, მუდმივი რაოდენობა ანუ სიდიდე, როგორც მათემატიკოსი იტყოდა.
  2. რომ რეალური ხელფასის საერთო ჯამი, ესე იგი ხელფასი, გაზომილი იმ საქონლის რაოდენობით, რომლის ყიდვაც მით შეიძლება, უცვლელი ჯამია, მუდმივი სიდიდეა.

მისი პირველი მოსაზრება აშკარა შეცდომაა. თქვენ დაინახავთ, რომ პროდუქციის ღირებულება და რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, რომ ნაციონალური შრომის საწარმოო ძალები იზრდებიან და ფულის რაოდენობა, რომელიც გაფართოებული პროდუქციის საბრუნავად არის საჭირო, მუდმივ იცვლება. რაც მთელი წლისთვის ან სხვადასხვა ერთმანეთთან შესადარებელი წლებისთვის არის სწორი, ის სწორია აგრეთვე საშუალოდ წლის ყოველი დღისთვისაც. ნაციონალური პროდუქციის რაოდენობა ანუ სიდიდე მუდმივ იცვლება; ის წარმოადგენს არა უცვლელ, არამედ ცვალებად სიდიდეს. ის ასეთიც უნდა იყოს, მოსახლეობის მოძრაობასაც რომ სრულიად თავი დავანებოთ, კაპიტალის დაგროვების პროცესსა და შრომის საწარმოო ძალაში მომხდარი მუდმივი ცვლილებების გავლენით. სრული ჭეშმარიტებაა, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ხელფასის საერთო დონე გაიზარდა, ეს ზრდა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შემდგომი შედეგები, პროდუქციის რაოდენობაში თავისთავად უშუალო ცვლილებას არ გამოიწვევს. პირველად ის შეეგუება არსებულ მდგომარეობას. მაგრამ თუ ნაციონალური პროდუქცია ხელფასის მომატებამდე ცვალებადი და არა უძრავი იყო, ხელფასის მომატების შემდეგაც იგი ასეთივე დარჩება.

წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ნაციონალური პროდუქცია მუდმივი სიდიდეა და არა ცვალებადი. თვით ამ შემთხვევაშიც კი დაუსაბუთებელი იქნებოდა ის, რასაც ჩვენი მეგობარი უესტონი ლოგიკურ დასკვნად თვლის. თუ ავიღებთ განსაზღვრულ რიცხვს, მაგალითად, რვას, ამ რიცხვის აბსოლუტური საზღვრები სრულიადაც არ შემიშლის ხელს მისი ნაწილების შეფარდებითი საზღვრები შევცვალო. თუ მოგება ექვსს უდრის, ხოლო ხელფასი — ორს, ხელფასი შეიძლება ექვსამდე ავიდეს, ხოლო მოგება ორამდე დაეცეს, საერთო ჯამი მაინც რვა დარჩება. ამგვარად, შეიძლება პროდუქციის მოცულობა არ იცვლებოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცვლელი რჩებოდეს ხელფასის საერთო ჯამი. მაშ როგორ ამტკიცებს ხელფასის ჯამის ამ უცვლელობას ჩვენი მეგობარი უესტონი? ის უბრალოდ ადასტურებს, რომ ეს ასეაო.

წარმოვიდგინოთ მაინც, რომ მისი მსჯელობა სწორია; მაშინ ხელფასის მუდმივობა უნდა მოქმედებდეს ორი მიმართულებით, უესტონი კი მას მხოლოდ ერთი მიმართულებით ამოქმედებს. თუ ხელფასის ჯამი მუდმივი სიდიდეა, არ შეიძლება მისი არც მომატება და არც შემცირება, მაშასადამე, თუ მუშები უგუნურად იქცევიან, როცა აიძულებენ ხელფასის დროებით მომატებას, კაპიტალისტებიც არანაკლებ უგუნურად იქცევიან, როცა დროებით ხელფასის შემცირებას აღწევენ. ჩვენი მეგობარი უესტონი არ უარყოფს, რომ ზოგიერთ პირობებში მუშებს შეუძლიათ ხელფასის მომატებას მიაღწიონ; მაგრამ რადგან ხელფასის საერთო ჯამი მყარია, როგორც ბუნების კანონი, ასეთ მომატებას რეაქცია უნდა მოჰყვესო. მეორე მხრივ, მან ისიც იცის, რომ კაპიტალისტებს შეუძლიათ ძალით ხელფასის შემცირება გამოიწვიონ და ფაქტიურად მუდამ ამას ცდილობენ კიდეც. ხელფასის საერთო ჯამის უცვლელობის პრინციპის თანახმად ამ შემთხვევამ, არა ნაკლებ, ვიდრე პირველმა, რეაქცია უნდა გამოიწვიოს. მაშასადამე, მუშები მართალნი იქნებიან, თუ წინააღმდეგობას გაუწევენ ხელფასის შემცირების განზრახვას ან ფაქტიურ შემცირებას. ისინი მაშასადამე, მართებულად იქცევიან, მაშინაც, როცა ხელფასის მომატებას ცდილობენ, იმიტომ რომ ყოველი წინააღმდეგობა ხელფასის შემცირებისა არის ამასთანავე მოქმედება მისი მომატების სასარგებლოდ. ამიტომ თვით მოქალაქე უესტონის პრინციპის მიხედვით ხელფასის მუდმივობის შესახებ, მუშებმა განსაზღვრულ გარემოებაში კავშირი უნდა შეკრან და იბრძოლონ ხელფასის მომატებისათვის.

თუ ის უარყოფს ამ დასკვნას, უნდა უარყოს აგრეთვე წანამძღვარი დებულება, საიდანაც ეს დასკვნა გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში ის არ უნდა ამბობდეს, რომ ხელფასის ჯამი მუდმივი სიდიდეაო, — მაშინ უნდა თქვას, რომ, თუმცა ის არ შეიძლება გაიზარდოს და არც უნდა იზრდებოდეს, მაგრამ შეიძლება მისი შემცირება და კიდეც უნდა შემცირდეს, როცა ეს კაპიტალს მოეპრიანებაო. თუ კაპიტალისტს მოეპრიანება, რომ თქვენ ხორცის მაგივრად კარტოფილით გკვებოს, ხორბლის მაგივრად — შვრიით, მისი ნებისყოფა უნდა სცნოთ, როგორც პოლიტიკური ეკონომიის კანონი, და დაემორჩილოთ კიდეც. თუ ერთს ქვეყანაში ხელფასის დონე უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეორეში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში უფრო მაღლა, ვიდრე ინგლისში, ხელფასის ეს განსხვავება ინგლისელი და ამერიკელი კაპიტალისტების სურვილის განსხვავებით უნდა ავხსნათ; ასეთი მეთოდი, საგრძნობლად გაამარტივებდა არა მარტო ეკონომიურ, არამედ ყველა სხვა მოვლენის შესწავლას.

მაგრამ თვით ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვეძლო კითხვა დაგვესვა: რატომ განსხვავდება ამერიკელი კაპიტალისტის სურვილი ინგლისელი კაპიტალისტის სურვილისაგან? რათა ამ საკითხს პასუხი გავცეთ, სურვილების სფეროდან უნდა გამოვიდეთ. ხუცესმა შეიძლება მითხრას, რომ ღმერთს საფრანგეთისთვის ერთი სურს, ხოლო ინგლისისათვის — მეორეო. თუ ამ სურვილის გაორების ახსნას მოვითხოვდი, ის ურცხვად მიპასუხებდა, რომ ღმერთს საფრანგეთში ერთი ნება აქვს, ხოლო ინგლისში მეორეო. მაგრამ ჩვენი მეგობარი უესტონი, რასაკვირველია, არ მიმართავს ასეთ საბუთს, რომელიც ყოველ გონიერ აზროვნებას ეწინააღმდეგება.

უეჭველია რომ კაპიტალისტის სურვილია, რაც შეიძლება მეტი აიღოს, ჩვენ კი უნდა განვიხილოთ არა კაპიტალისტთა სურვილები, არამედ მათი ძალა, ამ ძალის საზღვრები და ამ საზღვრების ხასიათი.


II. [წარმოება, ხელფასი, მოგება]

მოხსენება, რომელიც აქ მოქალაქე უესტონმა წაიკითხა, თავისუფლად დაეტეოდა კაკლის ნაჭუჭში.

მთელი მისი მსჯელობა ასეთია: თუ მუშათა კლასი კაპიტალისტთა კლასს აიძულებს მას ფულადი ხელფასის სახით ოთხი შილინგის მაგივრად ხუთი მისცეს, კაპიტალისტი, თავის მხრივ, მას საქონლის სახით ოთხშილინგიან ღირებულებას დაუბრუნებს, ხუთი შილინგის ნაცვლად. მუშათა კლასი ხუთ შილინგს გადაიხდის იმაში, რასაც ხელფასის აწევამდე ოთხ შილინგად ყიდულობდა. მაგრამ რატომ მოხდება ეს? რატომ მისცემს კაპიტალისტი 4 შილინგის ღირებულებას 5 შილინგში? ეს მოხდება იმიტომ, რომ ხელფასის ჯამი მტკიცედაა განსაზღვრული. მაგრამ რატომ განისაზღვრება ეს უკანასკნელი იმ საქონლის ღირებულებით, რომლის ღირებულება ოთხი შილინგია? რატომ არ განისაზღვრება ის სამით, ორით, ან სხვა რომელიმე ჯამით? თუ ხელფასის ჯამის დონე განსაზღვრულია რომელიმე ეკონომიური კანონით, რომელიც არაა დამოკიდებული არც კაპიტალისტების და არც მუშების სურვილზე, მოქალაქე უესტონს, უპირველეს ყოვლისა, ეს კანონი უნდა გადმოეცა და დაემტკიცებინა. ამას გარდა მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ყოველ განსაზღვრულ მომენტში ფაქტიურად გაცემული ხელფასის ჯამი ყოველთვის ზედმიწევნით უდგება ხელფასის აუცილებელ ჯამს და რასოდეს არ შორდება ამ უკანასკნელს. ხოლო თუ ხელფასის ჯამის საზღვრები მარტო კაპიტალისტის სურვილზე ან სიხარბეზეა დამოკიდებული, მაშინ ეს თვითნებური საზღვრები იქნებოდა, თავისთავად ისინი არ წარმოადგენენ რაიმე აუცილებელს. ისინი შეიძლება კაპიტალისტის სურვილისამებრ შეიცვალონ, მაშასადამე, შეიძლება შეიცვალონ მისი სურვილის წინააღმდეგაც.

მოქალაქე უესტონი თავის თეორიას შემდეგი მაგალითით ასურათებს. თუ მათლაფაში განსაზღვრული რაოდენობის წვენია, რომელიც განსაზღვრულ რაოდენობის პირებისათვის არის დანიშნული, კოვზების სიდიდის გადიდება წვენის მომატებას არ გამოიწვევს. ნება მიბოძოს მოქალაქე უესტონმა ეს ილუსტრაცია უხამსად[2] ჩავთვალო. მან მე რამდენადმე მენენიუს აგრიპას შედარება მომაგონა. როცა რომაელი პლებეები რომაელი პატრიცების წინააღმდეგ გაიფიცნენ, პატრიცი აგრიპა მათ ეუბნებოდა, რომ პატრიციული სტომაქი სახელმწიფო სხეულის პლებეურ ასოებს კვებავსო. აგრიპამ ერთი რამ ვერ დაამტკიცა მხოლოდ: როგორ შეიძლება იკვებებოდეს ერთი ადამიანის ასოები, როცა მეორე ადამიანის სტომაქი ივსება. მოქალაქე უესტონს, თავის მხრივ, სრულიად ავიწყდება, რომ მათლაფა, საიდანაც მუშები სჭამენ, ეროვნული შრომის ნაწარმოებითაა სავსე, და თუ ისინი მეტის ამოღებას ვერ ახერხებენ იქიდან, ეს იმიტომ კი არა, რომ მათლაფა პატარაა ან შიგ ცოტაა წვენი, ამის მიზეზია მხოლოდ კოვზების სიპატარავე.

რა თვალთმაქცობით შეუძლია კაპიტალისტს 5 შილინგად გაჰყიდოს ოთხ შილინგად ღირებული? შეუძლია იმით, რომ ფასებს ასწევს გასაყიდ საქონელზე. მაგრამ განა საქონლის ფასების აწევა, ან ზოგადად რომ ვთქვათ, ფასების შეცვლა, საქონლის ფასი საერთოდ, თვით კაპიტალისტის სურვილზეა მხოლოდ დამოკიდებული? თუ, პირიქით, განსაზღვრული გარემოებებია საჭირო, რომ ამ სურვილს ნამდვილი ძალა მიეცეს? თუ ეს არაა საჭირო, მაშინ საბაზრო ფასების აწევ-დაწევა, მათი მუდმივი ცვალებადობა აუხსნელი ამოცანა იქნება.

რადგან ჩვენ ვგულისხმობთ, რომ არავითარი ცვლილება არ მომხდარა არც შრომის საწარმოო ძალაში, არც წარმოებაში დაბანდებულ კაპიტალის და შრომის რაოდენობაში ან იმ ფულის ღირებულებაში, რომლის საშუალებითაც გამოხატულია პროდუქტთა ღირებულება, არამედ შეიცვალა მარტოდმარტო ხელფასის დონე, როგორ შეეძლო ხელფასის ამ მომატებას მოეხდინა გავლენა საქონლის ფასზე? მხოლოდ იმით, რომ ის გავლენას მოახდენს ამ საქონელთა მიწოდება-მოთხოვნის ფაქტიურ თანაფარდობაზე.

სრული ჭეშმარიტებაა, რომ მუშათა კლასი, მთლიანად აღებული, იძულებულია თავისი შემოსავალი პირველ მოთხოვნილების საგნებზე დახარჯოს, და ხარჯავს კიდეც. ხელფასის დონის საყოველთაო გადიდება ჩვეულებრივ პირველ მოთხოვნილების საგანზე მოთხოვნის ზრდასა, და, მაშასადამე, მათ საბაზრო ფასის ზრდასაც გამოიწვევდა. კაპიტალისტები, რომლებიც ამ აუცილებელი მოხმარების საგნებს ამზადებენ, ხელფასის მომატებას მათი საქონლის საბაზრო ფასების ზრდით აინაზღაურებდნენ. მაგრამ როგორ არის სხვა კაპიტალისტების საქმე, რომლებიც პირველი მოთხოვნილების საგნებს არა აწარმოებენ? არ იფიქროთ, რომ ასეთი კაპიტალისტების რიცხვი უმნიშვნელოა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ნაციონალური პროდუქციის ორ მესამედს მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედი ხმარობს, — ან ერთი მეშვიდედი, როგორც ამ ცოტა ხნის წინათ თემთა პალატის ერთმა წევრმა აღნიშნა, — თქვენ გაიგებთ, რომ ნაციონალური პროდუქციის ვეებერთელა ნაწილი ფუფუნების საგნების სახით მზადდება ან ფუფუნების საგნებზე იცვლება და, ბოლოს, პირველი მოთხოვნილების საგნების დიდი ნაწილი ლაქიებზე, ცხენებზე, კატებზე და სხვ. იხარჯება. ესაა ფლანგვა, რომელიც, როგორც გამოცდილებით ვიცით, საარსებო საშუალებათა გაძვირებასთან ერთად ყოველთვის საგრძნობლად მცირდება.

ვნახოთ ახლა, როგორი იქნებოდა იმ კაპიტალისტების მდგომარეობა, რომელნიც აუცილებელი მოთხოვნილების საგნებს არ აწარმოებენ? მოგების ნორმის დაწევას, რომელიც ხელფასის საერთო ზრდას მოსდევს, ისინი ვერ აინაზღაურებდნენ თავიანთი საქონლის გაძვირებით, რადგან ამ საქონელზე მოთხოვნა არ გაიზრდებოდა. მათი შემოსავალი იკლებდა, და ამ დაკლებულ შემოსავლიდან ისინი იძულებული იქნებოდნენ იმავე რაოდენობის ფასაწეულ პირველ მოხმარების საგნებში ადრინდელზე მეტი მიეცათ. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა, რადგან მათი შემოსავალი შემცირდებოდა, ისინი იძულებული იქნებოდნენ ნაკლები დაეხარჯათ ფუფუნების საგნებზე, და ამგვარად, მათი ურთიერთი მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ საქონელზე შემცირდებოდა. მოთხოვნის შემცირებას შედეგად მათი საქონლის ფასების დაცემა მოჰყვებოდა. ამგვარად, წარმოების ამ დარგებში მოგების ნორმა დაეცემოდა არა მხოლოდ უბრალო შეფარდებით ხელფასის საზოგადო მომატებასთან, — დაცემა მოხდებოდა ხელფასის საერთო მომატებისა, აუცილებელი მოთხოვნილების საგნების გაძვირებისა და ფუფუნების საგნების გაიაფების ერთობლივი მოქმედების საფუძველზე.

რა შედეგი მოჰყვებოდა მოგების ნორმის ამ სხვადასხვაობას წარმოების სხვადასხვა დარგში დაბანდებულ კაპიტალისტებისთვის? ცხადია, იგივე შედეგი, რომელსაც მუდამ ადგილი აქვს, როცა ამათუიმ მიზეზით იცვლება მოგების საშუალო ნორმა წარმოების სხვადასხვა დარგში. კაპიტალი და შრომა ნაკლებადმომგებიანი დარგებიდან უფრო მომგებიან დარგებში გადავიდოდნენ და ეს გადასვლა იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ წარმოების ერთ დარგში მიწოდების ზრდა არ დაეწეოდა გაზრდილი მოთხოვნის დონეს, ხოლო მეორეში შემცირება არ შეეგუებოდა დაწეულ მოთხოვნას. როცა ასეთი გადანაცვლების პროცესი თავის გზას გაივლის, მოგების საერთო ნორმა წარმოების ყველა დარგში ხელახლა გათანასწორდებოდა. რადგან მთელი გადანაცვლება თავდაპირველად მხოლოდ სხვადასხვა საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის მიმართების ცვლილებითაა გამოწვეული, მიზეზის მოსპობით შედეგიც მოისპობა და ფასები თავიანთ პირვანდელ დონეს და წონასწორობას დაუბრუნდებიან. მოგების ნორმების დაწევა, ხელფასის ზრდით გამოწვეული, არ შეჩერდებოდა ერთი წარმოების დარგში, არამედ საყოველთაო გახდებოდა. ჩვენი დაშვების თანახმად, არც შრომის საწარმოო ძალებსა და არც წარმოების საერთო რაოდენობაში ცვლილება არ მოხდებოდა, არამედ პროდუქტების მოცემული რაოდენობა შეიცვლიდა თავის ფორმას. პროდუქტების უდიდესი ნაწილი პირველ მოთხოვნილების საგნების სახეს მიიღებდა, უმცირესი — ფუფუნების საგნებისას, ან, რაც ერთიდაიგივეა, უმცირესი ნაწილი საზღვარგარეთულ ფუფუნების საგნებში გაიცვლებოდა და თავის პირვანდელი სახით იქნებოდა მოხმარებული, ან, რაც აგრეთვე ერთიდაიგივეა, ადგილობრივი პროდუქტების უდიდესი ნაწილი უცხოეთის პირველ მოთხოვნილების საგნებში გაიცვლებოდა ნაცვლად ფუფუნების საგნებზე გადაცვლისა. ამგვარად, ხელფასის დონის საერთო აწევა, საბაზრო ფასების ხანმოკლე არევდარევის შემდეგ, მხოლოდ მოგების საერთო დონის შემცირებას გამოიწვევდა, საქონლის ფასებში კი ხანგრძლივი ცვლილება არ მოხდებოდა.

თუ მეტყვიან, რომ ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში მე ვიგულისხმე, თითქოს ხელფასის მთელი ნამატი პირველი მოთხოვნილების საგნებზე იხარჯება, მე ვუპასუხებ, რომ მე ავიღე მოქალაქე უესტონის შეხედულებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი დებულება. ხელფასის ნამატი რომ ისეთ საგნებზე იხარჯებოდეს, რომელსაც წინათ მუშები არ ხმარობდნენ, არავითარი მტკიცება აღარ დასჭირდებოდა იმას, რომ მუშების ყიდვითი ძალა მართლაც იზრდება; ხოლო რადგან მისი გადიდება მაინც მხოლოდ ხელფასის გადიდების გამო ხდება, მუშების სყიდვითი ძალის გადიდება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კაპიტალისტების სყიდვითი ძალის შემცირებას. ამგვარად, საერთო მოთხოვნა საქონელზე არ გაიზრდებოდა, მხოლოდ მისი შემადგენელი ელემენტები შეიცვლებოდა. ერთი მხარის გაზრდილ მოთხოვნას მეორის შემცირებული მოთხოვნა გააწონასწორებდა, და რადგან მთელი მოთხოვნა უცვლელი დარჩებოდა, საბაზრო ფასებში არავითარი ცვლილებები არ მოხდებოდა.

ამრიგად, ჩვენ შემდეგი დილემის წინაშე ვდგევართ: ან ხელფასის ნამატი თანასწორად იხარჯება სხვადასხვა მოსახმარ საგნებზე — ამ შემთხვევაში მოთხოვნის გაფართოებას მუშათა კლასის მხრივ მოყვება მოთხოვნის შემცირება კაპიტალისტთა კლასის მხრივ; ან ხელფასის ეს ნამატი დაიხარჯება მხოლოდ ზოგიერთ საგნებზე, რომელთა საბაზრო ფასი დროებით აიწევს. მაშინ მოგების დონე წარმოების ზოგიერთ დარგში აიწევს, ზოგიერთში კი დაეცემა, რაც გამოიწვევს შრომის და კაპიტალის გადანაცვლებას, და ეს გაგრძელდება, სანამ მიწოდება წარმოების ერთ დარგში გაძლიერებული მოთხოვნის სიმაღლეს მიაღწევს, ხოლო სხვა დარგებში მიწოდება შემცირდება შემცირებული მოთხოვნის მიხედვით.

პირველ შემთხვევაში საქონლის ფასებში არავითარი ცვლილება არ მოხდება, მეორეში კი, საბაზრო ფასების ერთგვარი ქანაობის შემდეგ, საქონლის საცვლელი ღირებულება წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ორსავე შემთხვევაში ხელფასის დონის საერთო აწევას არავითარი სხვა შედეგი არ მოჰყვება, გარდა მოგების დონის საერთო შემცირებისა.

თქვენი ფანტაზიის გასაძლიერებლად მოქალაქე უესტონი წინადადებას იძლევა დაფიქრდეთ იმ სიძნელეზე, რომელსაც გამოიწვევს ინგლისელი სოფლის მუშების ხელფასის საერთო მომატება ცხრა შილინგიდან თვრამეტამდე. წარმოიდგინეთო, — ამბობს ის, — აუცილებელი საარსებო პროდუქტების მოთხოვნის უჩვეულო ზრდა და ამის გამო გამოწვეული მათი ფასების საშინელი აწევა! მაგრამ თქვენ ხომ ყველამ იცით, რომ ამერიკელი სოფლის მუშების საშუალო ხელფასი ორჯერ მეტია, ვიდრე ინგლისელი სოფლის მუშებისა, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები შეერთებულ შტატებში უფრო დაბალია, ვიდრე ინგლისში, თუმცა შრომასა და კაპიტალს შორის შეერთებულ შტატებშიც ისეთივე ურთიერთობაა გაბატონებული, როგორიც ინგლისში, თუმცა წლიური პროდუქტციის სიდიდე შეერთებულ შტატებში, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ინგლისში. რისთვისღა სცემს ჩვენი მეგობარი უესტონი ბუკსა და ნაღარას? მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიოს ამ საკითხს, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. ხელფასის მოულოდნელი გადიდება ცხრა შილინგიდან თვრამეტ შილინგამდე გამოიწვევდა მისი ჯამის მოულოდნელ მომატებს ასი პროცენტით. მაგრამ ჩვენ სრულიადაც არ ვიხილავთ საკითხს, შეიძლება თუ არა ინგლისში ხელფასის დონემ უცბად ასი პროცენტით აიწიოს. ჩვენ სრულიადაც საქმე გვაქვს მომატების სიდიდესთან, რომელიც ყოველ პრაქტიკულ შემთხვევაში მოცემულ გარემოებაზე უნდა იყოს დამოკიდებული და მათ შეესატყვისებოდეს. ჩვენ მხოლოდ იმის გამორკვევა გვჭირდება, რა გავლენას მოახდენს ხელფასის საერთო მომატება თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მომატება მხოლოდ ერთ პროცენტს უდრის.

ამიტომ მე განზე ვტოვებ ხელფასის ფანტასტიკურ მომატებას ასი პროცენტით, რომელიც ჩვენმა მეგობარმა უესტონმა მოიგონა, და თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ხელფასის რეალურ მომატებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში 1849 წლიდან 1859 წლამდე.

თქვენ ყველამ იცით კანონი ათი საათის ან, უკეთ, ათსაათნახევრის სამუშაო დღის შესახებ, რომელიც 1848 წლიდან არის შემოღებული. ეს იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიური გარდატეხა, რომელიც ჩვენ განვიხადეთ. ეს კანონი ნიშნავდა ხელფასის მოულოდნელ და იძულებით მომატებას არა მარტო ზოგიერთ ადგილობრივ წარმოებაში, არამედ მრეწველობის წამყვან დარგებში, რომელთა საშუალებეით ინგლისი მსოფლიო ბაზარზე ბატონობს. ეს იყო მომატება არაჩვეულებრივად მძიმე პირობებში. დოქტორი იური, პროფესორი სენიორი და ყველა დანარჩენი ეკონომისტები, რომლებიც ბურჟუაზიის ინტერესების ოფიციალური დამცველები არიან, “ამტკიცებდნენ”, უნდა ვაღიაროთ, მეტი დასაბუთებით, ვიდრე ჩვენი მეგობარი უესტონი, რომ ეს კანონი ინგლისის მრეწველობის სიკვდილის მაუწყებელი ზარის რეკააო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს არაა უბრალო მომატება ხელფასისა, ეს მომატება გამოწვეულია გამოყენებული შრომის რაოდენობის შემცირებით და ამ შემცირებაზეა დამოკიდებული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მეთორმეტე საათი, რომელიც თქვენ კაპიტალისტს გინდათ წაართვათ, სწორედ ის ერთადერთი საათია, საიდანაც ის თავის მოგებას ღებულობს. ისინი იმუქრებოდნენ დაგროვების შემცირებით, ფასების ზრდით, ბაზრების დაკარგვით, წარმოების შევიწროებით, — ამას კი მოჰყვება ხელფასის დაცემა და საბოლოო გაკოტრებაო. მაქსიმილიანე რობესპიერის კანონი მაქსიმალური ფასების შესახებ[3] მათ უმნიშვნელო წვრილმანად მიაჩნდათ ამ კანონთან შედარებით, და ერთი მხრით ისინი მართალი იყვნენ. მაგრამ როგორი იყო ამ კანონის შედეგი სინამდვილეში? ფაბრიკის მუშების ფულადი ხელფასის მომატება, სამუშაო დღის შემცირების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზრდა ფაბრიკებში ჩაბმულ მუშების რიცხვისა, შეუჩერებელი დაწევა ფასებისა საფაბრიკო საქონელზე, შრომის საწარმოო ძალის საოცარი განვითარება, არაჩვეულებრივი პროგრესიული გაფართოება საფაბრიკო საქონლის გამსაღებელი ბაზრებისა. მე თვითონ გამიგონია მეცნიერებათა წამქეზებელი საზოგადოების კონგრესზე მანჩესტერში, 1860 წელს, როგორ გამოტყდა მისტერი ნიუმენი, რომ ისიც, დოქტორი იურიც, სენიორიც და ეკონომიური მეცნიერების ყველა ოფიციალური წარმომადგენლები ცდებოდნენ, ხოლო მართალი აღმოჩნდა ხალხის ინსტინქტი. მე ვლაპარაკობ არა პროფესორ ფრენსის ნიუმენზე, არამედ მისტერ ვ. ნიუმენზე,[4] რომელსაც გამოჩენილი ადგილი უჭირავს ეკონომიურ მეცნიერებაში, როგორც თანამშრომელს და გამომცემელს ტომას ტუკის “ფასების ისტორიისა”, ამ შესანიშნავი შრომისა, რომელიც ფასების ისტორიას გადმოგვცემს 1873 წლიდან 1856 წლამდე. სწორი რომ ყოფილიყო ჩვენი მეგობრის უესტონის აკვიატებული იდეები[5] ხელფასის უცვლელი ჯამის და პროდუქციის უცვლელი რაოდენობის, შრომის საწარმოო ძალის უცვლელი დონის, კაპიტალისტების გაბატონებული და უცვლელი სურვილებისა და ყველა სხვა უცვლელობათა შესახებ, მაშინ სწორი იქნებოდა პროფესორ სენიორის ყველა უნუგეშო წინასწარმეტყველებაც, და მართალი იქნებოდა რობერტ ოუენი, რომელიც ჯერ კიდევ 1816 წელს ამბობდა, რომ სამუშაო დღის ხანგრძლივობის საერთო შემცირება მუშების განთავისუფლების პირველი მოსამზადებელი ნაბიჯია, და რომელმაც, საზოგადო ცრურწმენათა მიუხედავად, თავისი საკუთარი რისკით შემოკლებული სამუშაო დღე შემოიღო საკუთარ ძაფისმრთველ ფაბრიკაში ნიუ-ლენარკში.

10 საათის სამუშაო დღის კანონის შემორებისა და მის შედეგად ხელფასის აწევასთან ერთად დიდ ბრიტანეთში სოფლის მუშების ხელფასმაც საერთოდ იმატა განსაზღვრული მიზეზების გამო, რომელთა ჩამოთვლა აქ უადგილო იქნებოდა.

რომ თქვენ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, აქ რამდენიმე წინასწარ შენიშვნას გავაკეთებ, თუმცა ჩემი პირდაპირი მიზნისათვის ეს საჭირო არ არის.

თუ კაცი წინათ კვირაში ორ შილინგს ღებულობდა და ახლა ოთხ შილინგს ღებულობს, ხელფასის დონეს ასი პროცენტით მოუმატია. ხელფასის ზრდის თვალსაზრისით ეს საუცხოვო რამედ მოგვეჩვენებოდა. მაგრამ ფაქტიური ჯამი ხელფასისა, ოთხი შილინგი კვირაში, მაინც უაღრესად მცირე, ღარიბული შემოსავალია, რომლითაც ადამიანი თავს ვერ დააღწევდა დამშეულ არსებობას. ამიტომ თავს ნუ მოიტყუებთ ხელფასის ნორმის პროცენტული მომატების მაღალხმოვანი ციფრებით. ყოველთვის იკითხეთ, როგორი იყო მისი პირვანდელი ჯამი?

ამას გარდა, ცხადია, რომ თუ ათი კაცი კვირაში ორ-ორ შილინგს იღებს, ხუთი კაცი ხუთ-ხუთ შილინგს და ხუთი კიდევ — თერთმეთ-თერთმეტს, ყველა ოცს ერთად კვირაში ასი შილინგი, ანუ ხუთი გირვანქა სტერლინგი შეხვდება; თუ შემდეგ მათი კვირეული ხელფასის საერთო ჯამი, ვთქვათ, ოც პროცენტს მოიმატებს, მივიღებთ ზრდას ხუთი გირვანქიდან ექვს გირვანქა სტერლინგამდე. თუ მხედველობაში საშუალო შედეგს მივიღებდით, ჩვენ შეგვეძლო გვექთქვა, რომ ხელფასის საერთო დონემ ოცი პროცენტით იმატა, თუმცა ათი მუშის ხელფასი სინამდვილეში უცვლელი რჩება, ხუთი კაცის ხელფასი ხუთი შილინგიდან მხოლოდ ექვსამდე აიწევს, ხოლო მეორე ხუთი კაცისა — 55-დან 70 შილინგზე ავა. მუშების ერთი ნახევარი ნაწილის მდგომარეობა სრულიად არ გაუმჯობესებულა, ერთი მეოთხედის სრულიად უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, და ნამდვილად მხოლოდ დანარჩენი მეოთხედის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის მიუხედავად საშუალოდ ამ ოცი კაცის ხელფასის საერთო ჯამი ოცი პროცენტით გაიზარდა, ხოლო, რაც შეეხება მთლიანად იმ კაპიტალს, რომელიც მათ სამუშაოს აძლევს, და ფასებს იმს საქონლისას, რომელსაც ისინი აწარმოებენ, აქ არაფერი არ გამოიცვლებოდა არც იმ შემთხვევაში, რომ ყველა მათგანს თანასწორად შეხებოდა ხელფასის საშუალო დონის მომატება. სოფლის მუშებისათვის, რომლებსაც ინგლისის და შოტლანდიის სხვადასხვა საგრაფოში ნორმალური ხელფასის სხვადასხვანაირი დონე ჰქონდათ, მომატება ძალიან უსწორმასწოროდ ხდებოდა.

ბოლოს, ხელფასის მომატების დროს მომხდარი ისეთი ფაქტები, როგორიც იყო, მაგალითად, რუსეთთან ომის გამო ახალი გადასახადების შემოღება, სოფლის მუშების ბინების მასობრივი ნგრევა და სხვ., საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებდნენ მასზე.

ამ გრძელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ მე ვაგრძელებ გამოკვლევას და ვამბობ, რომ 1849 წლიდან 1859 წლამდე სოფლის მუშების ხელფასის საშუალო დონემ დიდ ბრიტანეთში დაახლოვებით 40% მოიმატა. შემეძლო ამ ჩემი განცხადების დასამტკიცებლად მრავალი ფაქტი მომეყვანა, მაგრამ ჩემი ახლანდელი მიზნისთვის საკმაოდ მიმაჩნია მოვიხსენიო ერთი კეთილსინდისიერი და კრიტიკული რეფერატი, სახელდობრ, “სოფლის მეურნეობაში მოქმედი ძალები”, რომელიც განსვენებულმა ჯონ კ. მარტონმა 1860 წელს ლონდონის ხელოვნებათა საზოგადოებაში წაიკითხა. ბ-ნ მორტონს მოჰყავს ციფრები იმ ანგარიშებიდან და სხვა სარწმუნო საბუთებიდან, რომელიც მან თითქმის ას ფერმერს გამოართვა შოტლანდიის 12 და ინგლისის 35 საგრაფოში.

ჩვენი მეგობრის უესტონის აზრით, საფაბრიკო მუშების ხელფასის ერთდროული მომატების გამო, 1849 — 1859 წლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საშინელი გაძვირება უნდა მომხდარიყო. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? რუსეთთან ომისა და 1854 — 1856 წლების მოუსავლობის მიუეხედავად, ინგლისის მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ხორბალი, რომლის კვატერი 1838 — 1848 წლებში სამი გირვანქა სტერლინგი ღირდა, 1849 — 1859 წლებში ორ გირვანქასა და ათ შილინგზე ჩამოვიდა. ეს წარმოადგენს ხორბლის ფასის დაცემას 16%-ზე მეტით იმ დროს, როცა სოფლის მუშების ხელფასის მომატება საშუალოდ 40% უდრიდა. თუ ამ პერიოდის დასასრულს მის დასაწყისს შევადარებთ 1859 და 1849 წელს, შევამჩნევთ, რომ ოფიციალურად აღნუსხული პაუპერიზმი 934419 კაციდან 860470-მდე ჩამოვიდა, რაც 73949 კაცის განსხვავებას წარმოადგენს; ვაღიარებ, რომ ეს უმნიშვნელო შემცირებაა, ამასთანავე იგი შემდეგ წლებში ისევ გაჰქრა, მაგრამ ეს მაინც შემცირებაა.

შეიძლება მითხრან, რომ პურის კანონების გაუქმების გამო საზღვარგარეთის პურის შემოზიდვამ 1849 — 1859 წლებში წინანდელ ათი წლის 1838 — 1848 პერიოდთან შედარებით უფრო იმატა, ვიდრე ორჯერ. მაგრამ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას? მოქალაქე უესტონის თვალსაზრისით მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ასეთ უეცარ უზარმაზარ და თანდათან გაძლიერებულ მოთხოვნას საზღვარგარეთის ბაზრებზე საშინლად უნდა აეწია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები იქ, რადგან გავლენა გაძლიერებული მოთხოვნისა ერთიდაიგივეა მუდამ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის ის: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ორიოდე მოუსავლიანი წლის გარდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საფრანგეთში განუწყვეტელი ჩივილი გაისმოდა პურის ფასების საშინელი დაცემის გამო. ამერიკელები არაერთხელ იძულებული იყვნენ თავიანთი ზედმეტი პროდუქტები დაეწვათ, ხოლო რუსეთი, თუ ბ-ნ ურკარტს დავუჯერებთ, სამოქალაქო ომს აღვივებდა შეერთებულ შტატებში იმიტომ, რომ იანკების კონკურენციამ მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოზიდვას ევროპის ბაზარზე დაბლა დასცა.

მოქალაქე უესტონის მტკიცება, მის აბსტაქტულ ფორმაზე უკანდაყვანილი, ნიშნავს შემდეგს: მოთხოვნის ყოველი ზრდა ხდება მუდამ წარმოების მოცემული სიდიდის საფუძველზე, და ამიტომ მას არასოდეს არ შეუძლია გაადიდოს მოთხოვნილი საგნების მიწოდება, მას შეუძლია გაადიდოს მხოლოდ მათი ფულადი ფასი. მაგრამ ყოველდღიური დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომატებული მოთხოვნის დროს საქონლის საბაზრო ფასები სრულიად უცვლელი რჩება, ზოგჯერ კი ხდება საბაზრო ფასების მხოლოდ დროებითი აწევა, რასაც თან სდევს გაძლიერებული მიწოდება; ამ გაძლიერებულ მიწოდებას მოსდევს ისევ ფასების დაწევა წინანდელ დონემდე და ბევრ შემთხვევაში უფრო დაბლაც. ხდება მოთხოვნის გაძლიერება ხელფასის გადიდების გამო, თუ სხვა რაიმე მიზეზით, ეს, რასაკვირველია, სრულიადაც არ ცვლის საქმის ვითარებას. მოქალაქე უესტონის თვალსაზრისით ისევე ძნელია ამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების ახსნა, როგორც ხელფასის გადიდებისა, რომელსაც განსაკუთრებულ პირობებში აქვს ადგილი. ამიტომ მის არგუმენტს სრულიად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საკითხისათვის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. როცა ის ცდილობს იმ კანონების ახსნას, რომელთა ძალით გაძლიერებული მოთხოვნა გაძლიერებულ მიწოდებას ქმნის და არა საბაზრო ფასები საბოლოო აწევას, ის მხოლოდ დაბნეულობას ააშკარავებს.


III. [ხელფასი და ფული]

დამატების მეორე დღეს ჩვენმა მეგობარმა უესტონმა თავის ძველ დებულებებს ახალი ფორმა მისცა. მან თქვა: თუ ფულში გამოხატული ხელფასის საერთო მომატება ხდება, მეტი ნაღდი ფულია საჭირო იმისათვის, რომ ეს მომატებული ხელფასი გადახდილ იქნესო. როცა მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობა ერთხელვე მოცემულია, როგორ შეგიძლია თქვენ მიმოქცევაში მყოფი ამ უცვლელი ჯამით გადაიხადოთ ფულადი ხელფასის უფრო დიდი რაოდენობა? ჯერ სიძნელე იქიდან გამომდინარეობდა, რომ ხელფასის მომატებას თან არ ახლდა მატება საქონლისა, რომელიც მუშას უნდა რგებოდა. ახლა სიძნელე იმაშია, რომ საქონლის რაოდენობა უცვლელი რჩვება, ფულში გამოხატული ხელფასი კი მატულობს. თავისთავად იგულისხმება, რომ თუ უარყოფილ იქნება თავდაპირველი დოგმა, მოიხსნება მისგან წარმოებული სიძნელენიც.

მაგრამ მე მაინც გიჩვენებთ, რომ საკითხს მიმოქცევაში მყოფი ფულის შესახებ სრულიად არაფერი საერთო არა აქვს საგანთან, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს.

თქვენს ქვეყანაში ანგარიშების გასწორების მექანიზმი უფრო მეტი სისრულითაა განვითარებული, ვიდრე ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში. საბანკო სისტემის გაფართოებისა და კონცენტრაციის საშუალებით აქ ერთიდაიმავე ღირებულებათა ჯამის საბრუნავად და ისეთივე ან უფრო მრავალრიცხოვან სავაჭრო გარიგებათა საწარმოებლად გაცილებით ნაკლები ფულია საჭირო. თუ, მაგალითად, ხელფასს ავიღებთ, ინგლისელი ქარხნის მუშა ყოველკვირეულად თავის ხელფასს აძლევს მედუქნეს, რომელიც ყოველკვირეულად მას ბანკირს უგზავნის; ბანკირი, თავის მხრივ, ყოველკვირეულად ამ ფულს კვლავ მეფაბრიკეს უბრუნებს, რომელიც მუშებს ხელახლა უხდის ხელფასს და სხვ. ასეთი მექანიზმის საშუალებით შესაძლებელია, რომ მუშის წლიური ხელფასი, რომელიც, ვთქვათ, 52 გირვანქა სტერლინგს უდრის, გადახდილი იქნება მხოლოდ ერთი სოვერენის საშუალებით, რომელიც ყოველკვირეულად ასეთ წრებრუნვას გააკეთებს. მაგრამ ეს მექანიზმი თვით ინგლისშიც კი უფრო ნაკლებადაა განვითარებული, ვიდრე შოტლანდიაში, მაგრამ იქაც ის ყველგან ერთნაირი არ არის; ამიტომ ჩვენ ვამჩნევთ, რომ, მაგალითად, ზოგიერთ სასოფლო ოლქში წმინდა საფაბრიკო ოლქებთან შედარებით ბევრად მეტი ნაღდი ფული იხმარება, ბევრად უფრო ნაკლებ ღირებულებათა მასის საბრუნავად.

თუ თქვენ არხს გადალახავთ, დაინახავთ, რომ იქ ფულადი ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე ინგლისში, მაგრამ გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მისი გადახდა ბევრად მეტი ნაღდი ფულის ბრუნვას მოითხოვს. იგივე სოვერენი ისე ჩქარა არ გადავა ბანკირთან და არ დაბრუნდება მრეწველ კაპიტალისტთან; ამიტომ შეიძლება კონტინენტზე 25 გირვ. სტერლინგი ხელფასის საბრუნავად საჭირო იქნეს სამი სოვერენი ერთ სოვერნის მაგივრად, რაც ინგლისში საკმაოა 52 გირვ. სტერლინგის ხელფასის საბრუნავად. ამგვარად, თუ კონტინენტის ქვეყნებს ინგლისს შევადარებთ, მაშინვე შევამჩნევთ, რომ დაბალმა ხელფასმა შეიძლება საბრუნავად ბევრად უფრო მეტი ნაღდი ფულის რაოდენობა მოითხოვოს, ვიდრე მაღალმა; სინამდვილეში ეს წმინდა-ტექნიკურ პირობებზეა დამოკიდებული, და ეს არ შედის ჩვენი გამოკვლევის ფარგლებში.

იმ საუკეთესო გამოანგარიშებათა მიხედვით, რომელსაც კი ვიცნობ, მუშათა კლასის წლიური შემოსავალი ინგლისში 250 მილიონ გირვანქა სტერლინგს უნდა უდრიდეს. ეს ვეებერთელა თანხა დაახლოებით 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის საშუალებით ბრუნავს. წარმოვიდგინოთ, რომ ხელფასმა 50% მოიმატა, მაშინ 3 მილიონი ნაღდი ფულის მაგივრად საჭირო იქნება 4.5 მილიონი. რადგან მუშა ყოველდღიური ხარჯების მეტად მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებს ვერცხლით და სპილენძით, ე. ი. უბრალო ლითონის ნიშნებით, ხოლო ამ ნიშნების რელატიური ღირებულება, ისევე როგორც ჩვეულებრივი ქაღალდის ფულისა, ოქროს მიმართ, კანონის მიერ თვითნებურად წესდება, ამიტომ ფულში გამოხატული ხელფასის 50%-ით მომატება უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვდა ბრუნვის გადიდებას, ვთქვათ, ერთი მილიონი სოვერენით. 1 მილიონი, რომელიც ახლა ინგლისის ბანკის ან კერძო ბანკირების სარდაფებში ძევს მოჭრილი თუ მოუჭრელი ოქროს სახით, ბრუნვაში გადავიდოდა. მაგრამ თვით ის უმნიშვნელო ხარჯები, რომელსაც ამ მილიონის დამატებითი მოჭრა ან გაცვეთა გამოიწვევდა, შეიძლება დაზოგვილ იქნას და მართლაც იზოგება, როცა დამატებითი საბრუნავი ფულის მოთხოვნილება რაიმე სიძნელეს წარმოადგენს. ყველა თქვენთაგანმა იცის, რომ ინგლისში საბრუნავი საშუალებები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთი მათგანი შედგება სხვადასხვა სახის საბანკო ბილეთებისაგან, ის ხმარდება მსხვილი ვაჭრების ურთიერთგარიგებებს ან მსხვილი ანგარიშების გასწორებას მომხმარებელთა და გამყიდველთა შორის. ხოლო მეორე ფორმა ლითონის ფულია, რომელიც ცალობით ვაჭრობაში ბრუნავს. განსხვავების მიუხედავად ორივე სახის საბრუნავი საშუალება პრაქტიკაში ერთიმეორეს მონაცვლეა; მაგალითად, თვით დიდი გადახდებისთვისაც ფართო ბრუნვაშია ოქროს ფული, რომლითაც სწორდება ყველა დარჩენილი წვრილი ანგარიშები 5 გირვ. სტერლინაგმდე. ხვალ რომ ოთხი ან სამი და ორგირვანქიანი საბანკო ნიშნები გამოიშვას, ოქრო, რომელიც ამ ბრუნვის არხებს ავსებს, მაშინვე გამოდევნილი იქნება და იქიდან სხვა არხებში გადავა, სადაც ხელფასის მომატებით გამოწვეული ბრუნვისთვის იქნება მოხმარებული. ამგვარად, ახალი მილიონი, რომელიც აუცილებელია ხელფასის 50%-ით მომატების გამო, აღმოჩენილი იქნება თუნდ ერთი სოვერენის მიუმატებლად. ამავე შედეგის მიღწევა შეიძლებოდა საბანკო ბილეთების რაოდენობის მოუმატებლად, თუ თამასუქების ბრუნვა გაიზრდებოდა; ასეთ შემთხვევას კარგა ხანს ჰქონდა ადგილი ლანკაშირში.

თუ ხელფასის საყოველთაო მომატება, ვთქვათ, 100 პროცენტით, რაც მოქალაქე უესტონს დაშვებული აქვს სოფლის მუშებისთვის, გამოიწვევდა პირველ მოთხოვნილების აუცილებელ საარსებო საგანთა გაძვირებას, თუ ამით, მისივე შეხედულებით, საჭირო გახდებოდა საბრუნავი საშუალებების ზრდა, ხოლო ეს შეუძლებელი იქნებოდა, — მაშინ ხელფასის საყოველთაო დაცემას მოჰყვებოდა სწორედ ისეთივე შედეგი, სწორედ ისეთივე ინტენსივობით, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებით. თქვენ, რასაკვირველია, ყველამ იცით, რომ 1858 წლიდან 1860-მდე უაღრესად ხელშემწყობი დრო ჰქონდა ბამბეულის წარმოებას, და ამ მხრივ განსაკუთრებით 1860 წელი შეუდარებელი იყო ვაჭრობის მატიანეში. ამავე დროს მრეწველობის სხვა დარგებიც უაღრესად ჰყვაოდნენ. ბამბეულობის მრეწველობასა და მასთან დაკავშირებულ დარგებში ხელფასი 1860 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ოდესმე წინათ. მაგრამ აი დაიწყო კრიზისი ამერიკაში, და ხელფასი ყველა წარმოებაში ადრინდელი ჯამის მეოთხედზე ჩამოვიდა. ეს იქნებოდა მომატება საწინააღმდეგო მიმართულებით 300 პროცენტით. როცა ხელფასი ხუთიდან ოცამდე მატულობს, ჩვენ ვამბობთ, რომ 300 პროცენტით მოიმატა; ხოლო თუ ის ოციდან ხუდამდე ეცემა, ჩვენ ვამბობთ, რომ 75%-ით დაიკლო; მაგრამ მომატების ჯამი ერთ შემთხვევაში და დაკლებისა მეორეში — ერთი და იგივეა, ე. ი. 15 შილინგი. ამგვარად, ეს იყო ხელფასის დონის მოულოდნელი შეცვლა, რომლის მსგავსი არასოდეს არ მომხდარა წინათ, და ის გავრცელდა ერთდაიმავე დროს მუშათა ისეთ რაოდენობაზე, რომელიც სოფლის მუშების რიცხვს ერთნახევრით აღემატებოდა, თუ, რასაკვირველია, ჩავთვლით არა მარტო ბამბეულობის მრეწველობაში უშუალოდ ჩაბმულ მუშებს, არამედ ამ მრეწველობასთან არაპირდაპირ დამოკიდებულ მუშებსაც. მაგრამ განა ამის გამო ხორბლის ფასი დაეცა? არა, ის გაიზარდა, და კვარტერს წლიური საშუალო ფასი, რომელიც სამი წლის განმავლობაში — 1858 — 1860-მდე — 47 შილინგსა და 8 პენსს უდრიდა, მომდევნო სამ წელში 1861 — 1863 წლებში 55 შილინგსა და 10 პენსამდე ავიდა. რაც შეეხება ფულის ბრუნვას, 1861 წელს 8,673,232 გირვ. სტერლინგი მოიჭრა წინააღმდეგ 3,378,102 გირვანქისა 1860 წელს. ეს ნიშნავს რომ 1861 წელს წინანდელ წელთან შედარებით 5,295,130 გირვანქა მეტი მოიჭრა. მართალია, 1861 წელს საბანკო ბილეთების ბრუნვა ნაკლები იყო, ვიდრე 1860 წელს, სახელდობრ: 1,319,000 გირვანქით. გამოაკელით ეს ჯამი, და მაინც 1861 წლისათვის 1860 წელთან შედარებით, როცა მრეწველობა აყვავებული იყო, დაგვრჩება ზედმეტი ჯამი 3,976,130 გირვ. სტერლინგი, ე. ი. თითქმის ოთხი მილიონი; ოქროს მარაგი კი იმავე დროს ინგლისის ბანკში შემცირდა, ყოველ შემთხვევაში დაახლოებით იმავე პროპორციით.

შევადაროთ 1842 წელი 1862 წელს. მხედველობაში რომ არ მივიღოთ აღებ-მიცემაში გასული საქონლის ღირებულებისა და რაოდენობის მძლავრი ზრდა, 1862 წელს ინგლისსა და უელსში კაპიტალი მხოლოდ აქციებსა და სარკინიგზო სესხის გასანაღდებლად 320,000,000 გირვანქას აღწევდა. ეს ისეთი ჯამია, რომ 1842 წელს ის საზღაპროდ მოგვეჩვენებოდა. ამავე დროს ბურნვაში მყოფი ფულის ჯამი 1842 და 1862 წელს დაახლოებით ერთნაირი იყო. საერთოდ, თქვენ შეამჩნევთ, რომ ნაღდი ფულის რაოდენობა ბრუნვაში პროგრესიულად მცირდება სწორედ იმ დროს, როცა უზომო ზრდაა საქონლის ღირებულებისა და ფულადი გარიგებების. ჩვენი მეგობრის უესტონის თვალსაზრისით ეს აუხსნელი ამოცანაა.

ის რომ საქმეს უფრო ღრმად ჩაკვირვებოდა, დაინახავდა შემდეგს: მიმოქცევაში მყოფი საქონლის ღირებულება და რაოდენობა. აგრეთვე ფულად გარიგებათა ჯამი ყოველდღე იცვლება, შრომის ხელფასი რომ მხედველობის გარეშე დავტოვოთ და მისი უცვლელობა ვიგულისხმოთ; ყოველდღე იცვლება გამოშვებული ბანკნოტების რაოდენობა; ასევე იცვლება ანგარიშის გასწორება უფულოდ — თამასუქებისა, ჩეკებისა, სავაჭრო კრედიტებისა და ანგარიშსწორების პალატების მეშვეობით; რომ, რამდენადაც ნამდვილი ლითონის ფულია საჭირო, ყოველდღიურად იცვლება პროპორცია ტრიალში მყოფ ფულის რაოდენობასა და იმ ფულს შორის, რომელიც რეზერვში იმყოფება ან ბანკების სარდაფებში ძევს ფულისა და ზოდების სახით. ყოველდღე იცვლება ოქროს ფულის ჯამი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში საბრუნავად და უცხოეთში გასაგზავნად არის საჭირო, საერთაშორისო აღებ-მიცემობისათვის. ის დაინახავდა, რომ მისი დოგმა ბრუნვაში მყოფი ფულის უცვლელი ჯამის შესახებ უდიდესი შეცდომაა და სრულიად შეუსაბამოა ყოველდღიურ სინამდვილესთან. მოქალაქე უესტონი კარგს იზამდა, — შეესწავლა ფულის ტრიალის კანონები და გაეგო, საიდანაა შესაძლებლობა, რომ ეს უკანასკნელი ეგუებოდეს მუდმივ ცვალებად გარემოებებს. ამის მაგივრად კი მას ხელფასის მომატების წინააღმდეგ საბუთად გამოაქვს ყალბი გაგება ფულის ტრიალის კანონებისა.


IV. [მიწოდება და მოთხოვნა]

ჩვენს მეგობარს უესტონს მტკიცედ შეუთვისებია ლათინური ანდაზა: “repetitio est mater studiorum” — ე. ი. განმეორება სწავლის დედა არისო, ამიტომ თავის პირვანდელ დოგმას ახალ ფორმაში იმეორებს და ამბობს, რომ ხელფასის მომატებით გამოწვეული შემცირება ფულის ტრიალისა იწვევს კაპიტალის შემცირებას და სხვ., რადგან მე უკვე განვიხილე მისი ახირებული თეორია ფულის ტრიალის შესახებ, სავსებით ზედმეტად მიმაჩნია შეჩერება იმაზე, რაც მას ამ ფანტაზიების შედეგად აქვს წარმოდგენილი და რაც უნდა გამოიწვიოს, მისი აზრით, მის მიერვე გამოგონილმა ფულის ტრიალის შეფერხებამ. ამიტომ მე ახლავე გადავდივარ იმაზე, რომ მისი მუდამ უცვლელი დოგმა, რომელსაც ის სხვადასხვა სახით იმეორებს, დავიყვანო თავის ყველაზე მარტივ თეორიულ ფორმაზე.

საკმაოა ერთი შენიშვნა, რომ თვალში გეცეთ, რამდენად მოკლებულია კრიტიკას მისი მიდგომა საკითხისადმი. უესტონი უარყოფს ხელფასის მომატებას, ილაშქრებს მაღალი ხელფასის წინააღმდეგ, რაც ასეთი მომატების შედეგია. მაგრამ მე ვკითხავ მას: რა არის მაღალი და რა არის დაბალი ხელფასი? რატომაა, მაგალითად, ხუთი შილინგი კვირაში დაბალი, ხოლო ოცი შილინგი მაღალი ხელფასი? თუ ხუთი ოცთან შედარებით დაბალი ქირაა, ოცი ორასთან შედარებით კიდევ უფრო დაბალი იქნება. კაცი რომ თერმომეტრების შესახებ ლექციას კითხულობდეს და მოყვეს დეკლარაციას მაღალი და დაბალი ტემპერატურის შესახებ, ამით ის ცოდნას ვერავის შემატებს. მან უწინარეს ყოვლისა უნდა თქვას, როგორ ისაზღვრება გაყინვისა და დუღილის წერტილები, და როგორ ისაზღვრება ეს გამოსავალი წერტილები ბუნებრივი კანონებით და არა თერმომეტრების გამყიდველებისა და მკეთებლების ფანტაზიით. მაგრამ ხელფასის და მოგების შესახებ მოქალქე უესტონს არა თუ არ გამოუტანია ასეთი დასაყრდენი პუნქტები ეკონომიური კანონებიდან, არამედ მას არც კი უგრძვნია ამ კანონთა ძებნის აუცილებლობა. ის დაკმაყოფილდა იმით, რომ მიიღო მოარული გამოთქმები მაღალისა და დაბალის შესახებ და ეს მიიჩნია ისეთ რამედ, რასაც ვითომ მტკიცედ ჩამოყალიბებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა აშკარაა, რომ ხელფასს შეიძლება მაღალი ან დაბალი ეწოდოს მხოლოდ ამა თუ იმ მასშტაბთან შედარებით, რომლითაც მისი სიდიდე იზომება.

უესტონი ვერ მეტყოდა, რატომ აძლევენ მუშაობის განსაზღვრულ რაოდენობისათვის ფულის განსაზღვრულ რაოდენობას? თუ ის იტყოდა: ეს მიწოდებისა და მოთხოვნის კანონებით ისაზღვრებაო, მე მას პირველ რიგში ვკითხავდი: რა კანონებით ისაზღვრება თვით მიწოდება და მოთხოვნა? ასეთი კითხვის შემდეგ მას აერეოდა გზა და კვალი. დამოკიდებულება შრომის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის და მასთან ერთად შრომის საბაზრო ფასები მუდმივ ცვალებადობას განიცდიან. თუ მოთხოვნა მიწოდებას ჭარბობს, ხელფასი მატულობს; თუ მიწოდება მოთხოვნას ჭარბობს, ხელფასი კლებულობს, თუმცა ასეთ ვითარებაში შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს მიწოდებისა და მოთხოვნის ნამდვილი მდგომარეობის მოსინჯვა, მაგალითად, გაფიცვებით ან სხვა ამგვარი საშუალებებით. მაგრამ რაკი მოთხოვნას და მიწოდებას ცნობთ კანონად, რომელიც ხელფასს აწესრიგებს, ხელფასის მომატების წინააღმდეგ ბრძოლა ბავშვურიც იქნებოდა და უსარგებლოც, იმიტომ რომ იმ უმაღლესი კანონის მიხედვით, რომელსაც თქვენ იმოწმებთ, ხელფასის პერიოდული მომატება ისევე აუცილებელი და კანონიერია, როგორც მისი პერიოდული დაცემა. ხოლო თუ თქვენ მოთხოვნასა და მიწოდებას არ ცნობთ კანონად, რომელიც ხელფასს აწესრიგებს, მაშინ მე ჩემს კითხვას ვიმეორებ: რატომ აძლევენ განსაზღვრულ რაოდენობის მუშაობაში განსაზღვრული რაოდენობის ფულს?

მაგრამ, თუ საქმეს უფრო ფართო თვალსაზრისით შევხედავთ, არ შიძლება არ ვაღიაროთ, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს საბოლოო ანგარიშში, შრომის ან სხვა რაიმე საქოლის ღირებულება მოთხოვნითა და მიწოდებით განისაზღვრება. მიწოდება-მოთხოვნა მხოლოდ საბაზრო ფასების დროებით ქანაობას აწესრიგებს. მათი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ახსნათ, რად იწევს საქონლის საბაზრო ფასი მის ღირებულებაზე ზევით ან ქვევით, თვით ღირებულებას კი ვერასოდეს ვერ ახსნით. წარმოვიდგინოთ, რომ მიწოდება და მოთხოვნა წონასწორობაშია, ან, როგორც ეკონომისტები ამბობენ ხოლმე, ერთიმეორეს ფარავენ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს ორი მოპირდაპირე ძალა თანასწორი ხდება, ისინი ერთიმეორის გავლენას სპობენ და ვეღარ მოქმედებენ ვერც ერთი მიმართულებით, ვერც მეორეთი. როცა მიწოდება და მოთხოვნა წონასწორობაში შედიან და ამიტომ აღარ მოქმედებენ, მაშინ საქონლის საბაზრო ფასი ემთხვევა მის ნამდვილ ღირებულებას, მის ნორმალურ ფასს, რომლის გარშემო საბაზრო ფასები ქანაობენ. ამიტომ, როცა ვიკვლევთ ღირებულების ბუნებას, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მიწოდება-მოთხოვნის დროებით გავლენებს საბაზრო ფასებზე. ეს ითქმის, როგორც ხელფასის ისე სხვა საქონლის ფასების შესახებ.


V. [ხელფასი და ფასები]

ყოველივე საბუთი ჩვენი მეგობრისა, თუ მათ უბრალო თეორიულ ფორმულაში გამოვხატავთ, შემდეგ ერთადერთ დოგმამდე დაიყვანება: “საქონლის ფასები განისაზღვრება და წესრიგდება ხელფასით”.

მე შემეძლო გამომეყენებინა პრაქტიკული დაკვირვებანი ამ შემცდარ, მოძველებულ და უკვე უარყოფილ დოგმის წინააღმდეგ. მე შემეძლო აღმენიშნა, რომ ინგლისის საფაბრიკო და სამთამადნო მუშები, გემების მშენებლები და სხვ., ვისი შრომაც შედარებით მეტად ფასობს, ყველა ერს სჯობინიან თავიანთი პროდუქტების სიიაფით, ხოლო ინგლისელი სოფლის მუშები, რომლებიც ნაკლებ ხელფასს იღებენ, ყველა ერს ჩამორჩნენ თავიანთი პროდქუტების სიძვირით. თუ ერთი რომელიმე ქვეყნის სხვადასხვაგვარ საქონელს ან სხვადასხვა ქვეყნის საქონელს ერთიმეორეს შევადარებთ, მე შემეძლო მეჩვენებინა, რომ თითო-ოროლა, უფრო მოჩვენებითი, ვიდრე ნამდვილი შემთხვევის გამოკლებით, იაფ-ფასიანი შრომა ქმნის საშუალოდ ძვირფასიან საქონელს, ხოლო ძვირფასიანი შრომა — იაფფასიანს. რასაკვირველია, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ამ დიამეტრულ საწინააღმდეგო შედეგებს იწვევს ერთ შემთხვევაში მაღალი ხელფასი, მეორეში კი — დაბალი, მაგრამ ეს ამტკიცებს მაინც, რომ საქონლის ფასი არ წესრიგდება შრომის ფასებით. თუმცა ჩვენთვის სრულიადაც არაა საჭირო ამ ემპირიული მეთოდის გამოყენება.

შეიძლება, გვიპასუხონ, რომ მოქალაქე უესტონს არ წამოუყენებია დოგმა: “საქონლის ფასები ხელფასით ისაზღვრება ან წესრიგდება”. მართლაც, ეს დებულება მას არასოდეს არ გამოუთქვამს. პირიქით, ის ამბობს, რომ მოგება და რენტაც საქონლის ფასის ელემენტარულ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ, რადგან საქონლის ფასები ის წყაროა, საიდანაც უნდა დაიფაროს არა მარტო მუშების ხელფასი, არამედ კაპიტალისტის მოგებაც და მემამულის რენტაცაო. მაგრამ როგორ იქმნებიან, მისი აზრით, ფასები? უწინარეს ყოვლისა ხელფასიდან. შემდეგ ემატება განსაზღვრული პროცენტი კაპიტალისტების სასარგებლოდ და განსაზღვრული — მემამულეების სასარგებლოდ. ვთქვათ, ამა თუ იმ საქონლის წარმოებაში ხელფასი უდრის ათ ერთეულს. თუ მოგების ნორმა ას პროცენტს შეადგენს, კაპიტალისტი გადახდილ ხელფასს მიუმატებს ათ ერთეულს; თუ მიწის რენტაც ხელფასის ას პროცენტს უდრის, მაშინ კიდევ ათი ერთეული მიემატება, და საქონლის საერთო ფასი ოცდაათ ერთეულს მიაღწევს. მაგრამ ასეთი განსაზღვრა ფასისა იქნებოდა მისი განსაზღვრა ხელფასით — და მეტი არაფერი. თუ ასეთ შემთხვევაში ხელფასი ოცამდე აიწევს, საქონლის ფასი სამოცს მიაღწევს და სხვ. ამნაირად, პოლიტიკური ეკონომიის ყველა დრომოჭმული მწერალი მოგებას და მიწის რენტას ხელფასის უბრალო პროცენტულ დამატებად თვლიდნენ, ამითი ასაბუთებდნენ იმ დოგმას, რომ ფასს აწესრიგებს ხელფასიო. რასაკვირველია, არც ერთ მათგანს არ შეეძლო ამ პროცენტული დამატების საზღვრები რომელიმე ეკონომიურ კანონზე დაეფუძნებინა, პირიქით მათ, როგორც ჩანს, სწამდათ, რომ მოგება წესდება ტრადიციით, ჩვეულებით, კაპიტალისტების სურვილით ან სხვა რაიმე ამდენადვე თვითნებითი და გაუგებარი საშუალებით. როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოგებას კაპიტალისტების კონკურენცია აწესრიგებს, ამით ისინი აბსოლუტურად არაფერს ამბობენ. კონკურენცია, მართალია, ათანასწორებს მოგების სხვადასხვა ნორმას წარმოების სხვადასხვა დარგში, ე. ი. ისინი ერთ საშუალო დონემდე დაჰყავს, მაგრამ მას არასოდეს არ შეუძლია არც თვით ამ დონის და არც მოგების საერთო ნორმის განსაზღვრა.

რას ვგულისხმობთ ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ საქონლის ფასები ხელფასით ისაზღვრება? რადგან ხელფასი მხოლოდ შრომის ფასის სახელწოდებაა, ჩვენ ამით ვამბობთ, რომ საქონლის ფასი შრომის ფასით წესრიგდება. რადგან “ფასი” საცვლელი ღირებულებაა — როცა აქ ღირებულების შესახებ ვლაპარაკობ, მუდამ მხედველობაში საცვლელი ღირებულება მაქვს — სახელდობრ ფულში გამოხატული საცვლელი ღირებულებაა, ეს ნიშნავს, რომ “საქონლის ღირებულება შრომის ღირებულებით ისაზღვრება” ან “შრომის ღირებულება — ღირებულებათა საერთო საზომია”.

მაგრამ რით ისაზღვრება ამ შემთხვევაში თვით “შრომის ღირებულება”? აქ ჩვენ შევდივართ ჩიხში, საიდანაც თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გამოსასვლელი გზა არა გვაქვს. მაგრამ ამ დოქტრინის ავტორები დიდ ანგარიშს არ უწევენ ლოგიკას. ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი მეგობარი უესტონი. პირველად ის გვეუბნებოდა, რომ საქონლის ფასებს ხელფასი აწესრიგებს, და ხელფასის მომატების დროს საქონლის ფასები უნდა გაიზარდოსო. შემდეგ მან შეატრიალა საკითხი და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ხელფასის მომატება არავითარ სარგებლობას არ მოიტანდა, იმიტომ რომ საქონლის ფასები გაიზრდებოდა, ხოლო ხელფასი ფაქტიურად იმ საქონლის ფასებით იზომება, რომელზედაც ის იხარჯება. ამგვარად, ჩვენ დავიწყეთ მტკიცებით, რომ შრომის ღირებულება განსაზღვრავს საქონლის ღირებულებას და ვათავებთ იმის მტკიცებით, რომ შრომის ღირებულება საქონლის ღირებულებითაა განსაზღვრული. ერთი სიტყვით, ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ და ვერავითარ დასკვნამდე ვერ მივდივართ.

ცხადია, საბოლოო ანგარიშში, თუ ჩვენ ღრებულების საერთო ზომად და რეგულატორად გადავაქციეთ ერთი რომელიმე საქონლის, ვთქვათ, შრომის, ხორბლის ან სხვ. ღირებულება, ამით გვერდს ვუხვევთ მხოლოდ სიძნელეს, — ერთ ღირებულებას ვსაზღვრავთ მეორეთი, რომელსაც წინასწარ თვითონ ჭირდება განსაზღვრა.

თუ ჩვენ დოგმას: “ხელფასი განსაზღვრავს საქონლის ფასებს” გამოვხატავთ მის ყველაზე აბსტრაქტულ ფორმაში, მაშინ ის დავა შემდეგზე: “ღირებულება ისაზღვრება ღირებულებით”, და ეს ტავტოლოგია ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტიურად სულ არაფერი არ ვიცით ღირებულების შესახებ. ჩვენ რომ ასეთი წინამძღვარი მივიღოთ, ყოველივე მსჯელობა პოლიტიკური ეკონომიის ზოგადი კანონების შესახებ უბრალო ლაყბობად გადაიქცეოდა. ამიტომ რიკარდოს დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ თავის თხზულებაში “პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები”, რომელიც 1817 წელს გამოქვეყნდა, მან საფუძვლიანად გაანადგურა ძველი, სავსებით დრომოჭმული პოპულარული შემცდარი მოძღვრება, თითქოს “ხელფასი საქონლის ფასს განსაზღვრავდეს”, ის შემცდარი მოძღვრება, რომელსაც ადამ სმიტი და მისი ფრანგი წინამორბედნი უარყოფდნენ თავიანთი გამოკვლევების ნამდვილ მეცნიერულ ნაწილებში და რომელსაც, ამის მიუხედავად, ხელახლა აქვეყნებდნენ იმავე წიგნების უფრო ზერელედ, ვულგარულად დაწერილ თავებში.


VI. [ღირებულება და შრომა]

მოქალაქენო, მე მივაღწიე იმ წერტილს, სადაც საკითხის ნამდვილ განხილვას უნდა შევუდგე. მე ვერ შეგპირდებით, რომ ჩემი ახსნა-განმარტება დაგაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ამისათვის საჭირო იქნებოდა შევხებოდი მთელი პოლიტიკური ეკონომიის სფეროს. მე შემიძლია მხოლოდ, როგორც ფრანგები ამბობენ, “effleurer la question”, ე. ი. ძირიდათ საკითხებს შევეხო.

პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ, ეს არის: რას წარმოადგენს საქონლის ღირებულება? რით განისაზღვრება ის?

ერთი შეხედვით, თითქოს, საქონლის ღირებულება მეტად შედარებითი ცნებაა, რომელიც შეიძლება მხოლოდ სხვა საქონელთა შეფარდებით განისაზღვროს. მართლაც, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ღირებულების, საქონლის საცვლელი ღირებულების შესახებ, სინამდვილეში სხვა საქონლის პროპორციულ რაოდენობას ვგულისხმობთ, რომელზედაც ეს საქონელი შეიძლება გაიცვალოს. მაგრამ იბადება საკითხი: როგორ წესრიგდება პროპორციული ურთიერთობა სხვადასხვა საქონლის გაცვლისას ერთიმეორესთან?

გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს ურთიერთობა დაუსრულებლივ მრავალმხრივია. თუ მხოლოდ ერთ რომელიმე საქონელს ავიღებთ, მაგალითად, ხორბალს, დავინახავთ, რომ კვარტერი ხორბალი სხვა საქონელზე დაუსრულებლივ მრავალმხრივ პროპორციებში იცვლება. მიუხედავად ამისა, რადგან მისი ღირებულება მუდამ უცვლელი რჩება, აბრეშუმში იხატება ის, ოქროში თუ სხვა რომელიმე საქონელში, ეს ღირებულება უნდა წარმოადგენდეს იმ სხვადასხვაგვარ პროპორციებისაგან, რომლის მიხედვით ის სხვა საქონელში იცვლება, განსხვავებულ და დამოუკიდებელ რამეს. უნდა არსებობდეს შესაძლებლობა გამოიხატოს ის სხვადასხვა საქონელთა შორის არსებულ ამ სხვადასხვა გათანაბრებათაგან განსხვავებულ ფორმაში.

შემდეგ, როცა მე ვამბობ, რომ კვარტერი ხორბალი რკინაზე იცვლება განსაზღვრული პროპორციით, ან რომ კვარტერ ხორბლის ღირებულება რკინის განსაზღვრულ რაოდენობაში იხატება, ეს ნიშნავს, რომ ხორბლის ღირებულება და მისი ეკვივალენტი რკინაში უდრის რომელიღაც მესამე საგანს, არა ხორბალს და არა რკინას, რადგან მე ამ დროს აუცილებლად ვგულისხმობ, რომ ისინი ერთ და იმავე სიდიდეს წარმოადგენენ ორ განსხვავებულ ფორმაში. ამიტომ თვითეული მათგანი, ხორბალი თუ რკინა, ერთიმეორის დამოუკიდებლად უნდა გამოიხატოს იმ მესამე საგანში, რომელსაც მათთან საერთო საზომი აქვს.

ამის ასახსნელად ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან გეომეტრიიდან. როგორ ვიქცევით ჩვენ იმ შემთხვევაში, როცა ვადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სამკუთხედების ფართობებს ანდა სამკუთხედებს ფართობებს ვადარებთ სწორკუთხედებისა ან სხვა რომელიმე სწორხაზოვანა ფიგურების ფართობებს? თვითეულ სამკუთხედის ფართობს ვხატავთ იმ სახით, რომელიც სრულიად განსხვავდება მისი გარეგნული სახისაგან. სამკუთხედის თვისებების მიხედვით ჩვენ ვარკვევთ, რომ მისი ფართობი უდრის ფუძისა და სიმაღლის ნაწარმოების ნახევარს; ამის შემდეგ შეგვიძლია ყოველგვარი სამკუთხედების და აგრეთვე სხვა სწორხაზოვანი ფიგურების შედარება, იმიტომ რომ ყოველი სწორხაზოვანი ფიგურა შეიძლება რამდენიმე სამკუთხედად დაიყოს.

ასეთი მეთოდით უნდა მივუდგეთ სხვადასხვა საქონლის ღირებულებასაც. ჩვენ შეძლება უნდა გვქონდეს მათ ერთი ზოგადი გამოხატულება მივცეთ, და ვარჩევდეთ მხოლოდ იმ პროპორციის მიხედვით, რომლითაც თვითეულ მათგანში მოცემულია ერთიდაიგივე საზომი.

რადგან საქონლის საცვლელი ღირებულება მხოლოდ მისი საზოგადოებრივი ფუნქციაა და ამიტომ მის ბუნებრივ თვისებებთან არაფერი აქვს საერთო, ჩვენ თავდაპირველად უნდა გამოვარკვიოთ, რა არის საზოგადოებრივი სუბსტანცია, რომელიც ყოველ საქონელს ახლავს თან? ეს არის შრომა. საქონლის საწარმოებლად საჭიროა, რომ მასში განხორციელებულ იქნეს ან მასზე დაიხარჯოს განსაზღვრული რაოდენობის შრომა. მე ვლაპარაკობ არა უბრალო შრომის, არამედ საზოგადოებრივი შრომის შესახებ. ადამიანი, რომელიც საგანს თავის საკუთარ, უშუალო მოხმარებისათვის აწარმოებს, ე. ი. იმისათვის, რომ თვითონ გამოიყენოს, პროდუქტს ქმნის და არა საქონელს. როგორც თავისთვის მომუშავე მწარმოებელს, მას საზოგადოებასთან საერთო არაფერი აქვს. საქონლის საწარმოებლად საჭიროა, რომ ადამიანმა შექმნას არა მარტო ნაწარმოები, რომელიც ამათუიმ საზოგადოებრივ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, არამედ თვით მისი შრომა იმ შრომის საერთო ჯამის ნაწილს უნდა შეადგენდეს, რომელსაც საზოგადოება ხარჯავს. ის უნდა ექვემდებარებოდეს შრომის დანაწილებას საზოგადოების შიგნით. ის არარაობაა შრომის სხვა ნაწილთა გარეშე და თავის მხრივ მათ უნდა ავსებდეს.

როცა საქონლის, როგორც ღირებულების შესახებ ვლაპარაკობთ, ჩვენ მას ვიხილავთ მხოლოდ ერთადერთი თვალსაზრისით, როგორც ნივთიერად ჩამოყალიბებულ ან, თუ გინდათ, დაკრისტალებულ საზოგადოებრივ შრომას. ამ მხრივ სხვადასხვა საქონელი შეიძლება განსხვავდებოდეს ერთიმეორისაგან მხოლოდ იმით, რომ ერთი მეტი შრომის რაოდენობას წარმოადგენს, მეორე ნაკლებს. ასე, მაგალითად, აბრეშუმის ცხვირსახოცზე მეტი შრომაა დახარჯული, ვიდრე აგურზე. მაგრამ როგორ გაიზომება შრომის რაოდენობა? გაიზომება იმ დროის მიხედვით, რომლის განმავლობაში მუშაობა წარმოებს, საათებით, დღეებით და სხვ. რასაკვირველია, ამნაირი გაზომვა მოითხოვს აუცილებლად, რომ შრომის ყოველნაირი სახე წინასწარ დავიყვანოთ საშუალო ან მარტივ შრომამდე, როგორც მათ საზოგადო ერთეულამდე.

ამგვარად, ჩვენ შემდეგ დასკვნამდე მივდივართ; საქონელს ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ის საზოგადოებრივი შრომის კრისტალიზაციას წარმოადგენს. მისი ღირებულების სიდიდე ან მისი შეფარდებითი ღირებულება დამოკიდებულია მასში მოთავსებული საზოგადოებრივი სუბსტანციის მეტ ან ნაკლებ რაოდენობაზე, ე. ი. შრომის შეფარდებით რაოდენობაზე, რომელიც მის საწარმოებლად არის აუცილებელი. მაშასადამე, საქონლის შეფარდებითი ღირებულება ისაზღვრება შრომის შესაბამი რაოდენობით ან შრომის ჯამით, რომელიც ამ საქონელზეა დახარჯული, მასშია განვითარებული და ფიქსაციაქმნილი. შესაბამისი რაოდენობის სხვადასხვა საქონელი თანასწორია, თუ მათი დამზადება შესაძლებელია იმავე სამუშაო დროის განმავლობაში. ანუ სხვა სიტყვებით: ერთი საქონლის ღირებულება მეორე საქონლის ღირებულებასთან იმავე დამოკიდებულებაშია, როგორც პირველზე დახარჯული შრომის რაოდენობა მეორეზე გაწეულ შრომის რაოდენობასთან.

მე ვფიქრობ, რომ ბევრი თქვენგანი მკითხავს: არსებობს თუ არა ნამდვილად ასეთი დიდი ან საზოგადოდ რაიმე განსხვავება მტკიცებაში, რომ საქონლის ღირებულება იზომება ხელფასით, და მტკიცებაში, რომ ის იზომება მის საწარმოებლად აუცილებელი შრომის შეფარდებითი რაოდენობით? თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შრომის საფასური და შრომის რაოდენობა ორი სრულიად სხვადასხვაგვარი საგანია. წარმოვიდგინოთ, მაგალიტად, რომ ერთ კვარტერ ხორბალსა და ერთ უნც ოქროში თანასწორი რაოდენობის შრომაა მოცემული. მე ამ მაგალითს იმიტომ ვღებულობ, რომ ის ბენიამინ ფრანკლინმა იხმარა თავის 1729 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “თავმდაბლური გამოკვლევა ქაღალდის ფულის ბუნებისა და აუცილებლობის შესახებ”, რომელშიც მან ერთმა პირველთაგანმა იგრძნო ღირებულების ნამდვილი ბუნება. ამგვარად, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, რომ კვარტერი ხორბალი და უნცი ოქრო თანასწორი ღირებულებისა, ე. ი. ეკვივალენტები არიან, იმიტომ რომ ისინი ერთიდაიმავე შრომის საშუალო რაოდენობის კრისტალიზაციას წარმოადგენენ: ეს ის შრომაა, რომელიც მათზე იხარჯება რამდენიმე დღისა თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში. როცა ჩვენ ამგვარად ხორბლისა და ოქროს შეფარდებით ღირებულებას ვსაზღვრავთ, განა სოფლის მუშებისა ან მაღაროელთა ხელფასს აღვნიშნავთ? სრულიადაც არა. ჩვენ სავსებით გაურკვევლად ვტოვებთ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ იყო ანაზღაურებული მათი დღიური ან კვირეული შრომა, და საზოგადოდ ნახმარი იყო დაქირავებული შრომა, თუ არა. უკანასკნელ შემთხვევაში ხელფასის ზომა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. მუშამ, რომლის შრომაც ერთ კვარტერ ხორბალშია განხორციელებული, შეიძლება მხოლოდ ორი ბუშელი ხორბალი მიიღოს, ხოლო მთამადნის მუშამ ნახევარი უნცი ოქრო; ან, თუნდაც მათი ხელფასი თანასწორი იყოს, ის შეიძლება მრავალმხრივ ცდილობდეს მათ მიერ ნაწარმოები საქონლის ღირებულებას. ხელფასი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთი კვარტერი ხორბლის ან ერთი უნცი ოქროს ნახევარს, მესამედს, მეოთხედს, მეხუთედს ან რომელიმე სხვა ნაწილს. რასაკვირველია, ამ მუშების ხელფასი არ შეიძლება, მათგან დამზადებულ საქონლის ღირებულებას ჭარბობდეს, არ შეიძლება მასზე მაღლა იდგეს, მაგრამ შეიძლება მასზე დაბლა იყოს სულ სხვადასხვა ოდენობით. მათ ხელფასს საზღვარი ედება პროდუქტთა ღირებულებით, მაგრამ მათი ნაწარმოების ღირებულება არ პოულობს საზღვარს მათ ხელფასში, და, უწინარეს ყოვლისა, ღირებულება, მაგალითად, პურისა და ოქროს შეფარდებითი ღირებულება, წესდება სრულიად დამოუკიდებლად მასში განხორციელებულ შრომის ღირებულებისაგან, ე. ი. ხელფასისაგან. ამიტომ საქონლის ღირებულების განსაზღვრა საქონელზე გაწეული შრომის შეფარდებითი რაოდენობით სულ სხვაა, ვიდრე ტავტოლოგიური მეთოდი, რომლის მიხედვით საქონლის ღირებულება შრომის ღირებულებით ანუ ხელფასით ისაზღვრება. მაგრამ ამ მუხლს შემდეგ უფრო დაწვრილებით გამოვარკვევთ.

საქონლის საცვლელი ღირებულების გამოანგარიშების დროს ჩვენ იმ შრომის რაოდენობას, რომელიც უკანასკნელად დაიხარჯა, უნდა მივუმატოთ შრომის ის რაოდენობა, რომელიც წინასწარ დაბანდდა საქონლისათვის საჭირო ნედლ მასალაში და ის შრომა, რომელიც დაიხარჯა შრომის საშუალებებზე, იარაღებზე, მანქანებზე, და შენობებზე, “რომლებიც გამოყენებული იყო ასეთი სამუშაოს შესრულების დროს”. ასე, მაგალითად, განსაზღვრული რაოდენობის ბამბის ნართის ღირებულება არის კრისტალიზებული შრომის რაოდენობა, რომელიც ბამბაზე დახარჯულა რთვის დროს, შრომის რაოდენობა, მოცემული წინათ თვით ბამბაში, ნახშირსა, ზეთსა და რთვის პროცესში აუცილებელ სხვა დამხმარე საშუალებებში, ორთქლის მანქანებში, სართავ დაზგებში, საფაბრიკო შენობებში და სხვ. საწარმოო იარაღები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგალითად, ხელსაწყო, მანქანები, შენობები, მეტნაკლებ დროს ძლებენ და წარმოების პროცესის განმეორების დროსაც იხმარებიან. ისინიც რომ ნედლი მასალის მსგავსად ერთბაშად იხარჯებოდნენ, მთელ თავის ღირებულებას საქონელში შეიტანდნენ. მაგრამ სართავი დაზგა, მაგალითად, ნელნელა ცვდება, და ამიტომ აკეთებენ საშუალო ანგარიშს. ანგარიშის საფუძველს წარმოადგენს დაზგის ვარგისობის საშუალო ხარნგრძლივობა და მისი გამოყენება ან გაცვეთა განსაზღვრული დროის, ვთქვათ, ერთი დღის განმავლობაში. ამგვარად, ჩვენ ვანგარიშობთ, რომელი ნაწილი გადადის სართავი დაზგის ღირებულებიდან ერთი დღის განმავლობაში დამზადებულ ნართზე, და იმ შრომის საერთო ჯამიდან, რომელიც, მაგალითად, გირვანქა ნართშია მოცემული, რა ნაწილი მოდის სართავ დაზგაში წინათ განხორციელებულ შრომაზე. მაგრამ ჩვენი მიზნისათვის ახლა საჭირო არ არის, რომ კიდევ ამაზე შევჩერდეთ.

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ, თუ საქონლის ღირებულება ისაზღვრება მის წარმოებაზე დახარჯულ შრომით, მაშინ, რაც უფრო ზარმაცი ან უხეიროა მუშა, მით მეტი ღირებულება ექნება მის ნაწარმოებ საქონელს, რადგან საქონლის დასამზადებლად მას შეადრებით მეტი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ ეს იქნებოდა სამწუხარო შეცდომა. თქვენ გახსოვთ ჩემი გამოთქმა: “საზოგადოებრივი შრომა”; ამ განმარტებაში “საზოგადოებრივი” არის ბევრი რამ არსებითი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქონლის ღირებულება ისაზღვრება იმაზე დახარჯული ან იმაში გაკრისტალებული შრომის რაოდენობით, ჩვენ ვგულისხმობთ შრომის რაოდენობას, რომელიც აუცილებლად საჭიროა საქონლის საწარმოებლად საზოგადოების მოცემულ მდგომარეობაში, წარმოების განსაზღვრულ საშუალო საზოგადოებრივ პირობებში, გამოყენებული შრომის საშუალო საზოგადოებრივი ინტენსივობისა და საშუალო დახელოვნების პირობებში. როცა ინგლისში მექანიკური საქსოვი დაზგა ხელის დაზგას შეექიშპა, განსაზღვრული რაოდენობის ნართის გადასაქცევად ერთ ადლ მაუდად ან ჩითად საჭირო შეიქნა წინანდელი სამუშაო დროის ნახევარი. საბრალო ფეიქარს ხელის დაზგაზე უხდებოდა ახლა ყოველდღიურად ჩვიდმეტი და თვრამეტი საათი მუშაობა წინანდელ ცხრა და ათი საათის მაგივრად. მაგრამ მაინც მისი ოცი საათის მუშაობის ნაყოფი ახლა უდრიდა შრომის ათ საზოგადოებრივ საათს, ე. ი. საზოგადოებრივი შრომის იმ ათ საათს, რაც იმ დროს აუცილებლად საჭირო იყო განსაზღვრული რაოდენობის ნართის ქსოვილად გადასაქცევად. მაშასადამე, მის ნაწარმოებს, მომზადებულს ოცი საათის განმავლობაში, მეტი ღირებულება არა აქვს, ვიდრე მისი წინანდელი ათი საათის მუშაობის ნაყოფს.

ამგვარად, თუ საქონელში განივთიერებული საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის რაოდენობა მის საცვლელ ღირებულებას განსაზღვრავს, იმ შრომის რაოდენობის ყოველმა მომატებამ, რომელიც საქონლის წარმოებისათვის არის საჭირო, უნდა გაადიდოს უკანასკნელის ღირებულება, და პირიქით — ყოველივე შემცირებამ უნდა ძირს დასწიოს ის.

უცვლელი რომ რჩებოდეს იმ შრომის რაოდენობა, რომელიც შესაბამისად სხვადასხვა საქონლის საწარმოებლად არის საჭირო, მათი შეფარდებითი ღირებულებაც უცვლელი იქნებოდა. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვას ვხედავთ. შრომის რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ საქონლის საწარმოებლად არის აუცილებელი, მუდმივ იცვლება გამოყენებულ შრომისა და საწარმოო ძალთა ცვლასთან ერთად. რაც უფრო დიდია შრომის საწარმოო ძალა, მით მეტი პროდუქტი მზადდება განსაზღრულ სამუშო დროში; და, პირიქით, რაც ნაკლებია ეს ძალა, მით უფრო ნაკლები პროდუქტი მზადდება ამავე დროის განმავლობაში. თუ, მაგალითად, მოსახლეობის გამრავლების გამო აუცილებელი გახდა ნაკლებნაყოფიერი მიწის დამუშავება, განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტების მისაღებად საჭირო იქნება მეტი რაოდენობის შრომის დახარჯვა, რის გამო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებაც უნდა გადიდდეს. მეორე მხრივ, ცხადია, რომ თუ ერთი დამრთველი სამუშაო დღის განმავლობაში, თანამედროვე საწარმოო იარაღების საშუალებით, რამდენიმე ათასჯერ მეტ ბამბას ართავს, ვიდრე უბრალო ჯარაზე დაართავდა, თვითეულ გირვანქა ბამბაში იმდენივე ათასჯერ ნაკლები შრომა იქნება ჩართული, ვიდრე წინათ; მაშასადამე, თვითეული გირვანქა ბამბისათვის დანამატი ღირებულება ათასჯერვე ნაკლები იქნება, ვიდრე წინათ. ამის მიხედვით ნართის ღირებულებაც შესაბამისად შემცირდება.

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ბუნებრივი ძალების სხვაობას და სხვადასხვა ხალხის შეძენილ წარმოებით ჩვევებს, მაშინ შრომის საწარმოო ძალა უმთავრესად დამოკიდებული უნდა იყოს

  1. შრომის ბუნებრივ პირობებზე, მაგალითად, ნიადაგის ნოყიერებაზე, მადნეულობის სიმდიდრეზე და სხვ.
  2. შრომის საზოგადოებრივ სამუშაო ძალთა პროგრესიულ გაუმჯობესებაზე, რაც გამომდინარეობს ფართო მასშტაბით წარმოებიდან, კაპიტალის კონცენტრაციისა და შრომის გაერთიანებული მოქმედებიდან, შრომის დანაწილებიდან, მანქანების შემოღებიდან, გაუმჯობესებული მეთოდებიდან, ქიმიური და სხვა ბუნებრივი ძალების გამოყენებიდან, მიმოსვლისა და გადაზიდვის საშუალებათა მეოხებით დროისა და სივრცის შემცირებიდან და აგრეთვე ყველა იმ გამოგონებიდან, რომლითაც მეცნიერება ბუნების ძალებს შრომის სამსახურში აყენებს და რომლის საშუალებით ვითარდება შრომის საზოგადოებრივი თუ კოოპერაციული ხასიათი. რამდენად უფრო მაღალია შრომის საწარმოო ძალა, მით უფრო ნაკლები შრომაა საჭირო განსაზღვრული რაოდენობის პროდქუტების საწარმოებლად, და, მაშასადამე, მით ნაკლებია პროდუქტის ღირებულება. რაც უფრო დაბალია შრომის საწარმოო ძალა, მით მეტი იხარჯება ის იმავე რაოდენობის საქონელზე და მით მეტია ამ შემთხვევაში მისი ღირებულება. ამის გამო ჩვენ ზოგად კანონად უნდა ვაღიაროთ შემდეგი:

საქონლის ღირებულება პირდაპირ პროპორციულია მის საწარმოებლად დახარჯული სამუშაო დროის რაოდენობასთან და უკუპროპორციულია გამოყენებული შრომის საწარმოო ძალებთან.

მე აქამდე ვლაპარაკობდი მხოლოდ ღირებულების შესახებ, ახლა კი რამდენიმე სიტყვას მივუმატებ ფასის შესახებ, ე. ი. განსაკთრებული ფორმის შესახებ, რომელშიაც ღირებულება იხატება.

თავისთავად ფასი სხვა არაფერია, თუ არა ღირებულების ფულადი გამოხატულება. ყველა საქონლის ღირებულება, მაგალითად, ინგლისში ოქროს ფასებში იხატება, ხოლო კონტინენტზე უმთავრესად ვერცხლის ფასებში. ოქროს ან ვერცხლის ღირებულება, ისევე როგორც ყველა სხვა საქონლისა, ისაზღვრება შრომის იმ რაოდენობით, რაც მათ მოსაპოვებლად არის საჭირო. თქვენ ცვლით თქვენი ქვეყნის ნაწარმოების განსაზღვრულ რაოდენობას, რომელშიც თქვენი ნაციონალური შრომის განსაზღვრული რაოდენობაა კრისტალიზებული, ოქრო-ვერცხლის მწარმოებელი ქვეყნების ნაწარმოებზე, რომელშიაც იმავე რაოდენობითაა კრისტალიზებული მათი შრომა. სწორედ ამგვარად, ე. ი. ფაქტიურად საქონელთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში, ადამიანები ეჩვევიან ოქრო-ვერცხლში გამოხატონ ყველა საქონლის ღირებულება, ე. ი. შრომის შესაბამისი რაოდენობა, რომელიც მის წარმოებაზეა დახარჯული. თუ თქვენ უფრო ღრმად დაუკვირდებით ღირებულების ფულად გამოხატულებას, ან, რაც იგივეა, ღირებულების ფასად გადაქცევას, დაინახავთ, რომ ეს ის პროცესია, რომლის საშუალებით ყველა საგნის ღირებულება დამოუკიდებელ და ერთგვაროვან სახეს იღებს, ანუ რომლის საშუალებით ისინი თავიანთი საზოგადოებრივი შრომის თანაბარ რაოდენობას გამოხატავენ. ადამ სმიტმა ფასს, რამდენადაც ის მხოლოდ ღირებულების ფულადი გამოხატულებაა, ნატურალური ფასი უწოდა, ხოლო ფრანგმა ფიზიოკრატებმა მას “აუცილებელი ფასი” (prix necessaire) დაარქვეს.

მაგრამ როგორი დამოკიდებულებაა ღირებულებასა და საბაზრო ფასსა ან ნატურალურ და საბაზრო ფასებს შორის? თქვენ ყველამ იცით, რომ ერთი და იმავე სახის ყველა საქონელს ერთი და იგივე საბაზრო ფასი აქვს, როგორ განსხვავებულიც არ იყოს ცალკე მწარმოებლის საწარმოო პირობები. საბაზრო ფასი გამოხატავს მხოლოდ საზოგადოებრივი შრომის იმ საშუალო რაოდენობას, რომელიც წარმოების საშუალო პირობებში საჭიროა იმისათვის, რათა მომარაგებულ იქნეს ბაზარი განსაზღვრული საგნის განსაზღვრული რაოდენობით. ეს ფასი გამოიანგარიშება ამა თუ იმ სახის საქონლის საერთო რაოდენობის მიხედვით.

ამდენად საქონლის საბაზრო ფასი მის ღირებულებას ემთხვევა. მეორე მხრივ, საბაზრო ფასების ქანაობა, რომელიც ღირებულებას ან ნატურალურ ფასს ხან ზევით ასწევს და ხან ქვევით დასწევს, მიწოდებისა და მოთხოვნის ქანაობაზეა დამოკიდებული. საბაზრო ფასი მუდმივ ცილდება ღირებულებას, მაგრამ როგორც ადამ სმიტი ამბობს:

“ნატურალური ფასი არის ის ცენტრალური ფასი, რომლისკენაც განუწყვეტლივ მიისწრაფიან საქონლის ფასები. სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება ხანდახან ბევრად უფრო აიწიონ ამ ფასებმა, ხანდახან კი რამდენადმე დაიწიონ კიდევაც. მაგრამ რა დაბრკოლებაც არ უნდა უშლიდეს ხელს ფასების შეჩერებას ურყეობის ამ ცენტრზე, ისინი მაინც მუდმივ იმისაკენ მიისწრაფიან”.[6]

ახლა მე არ შემიძლია ამის შესახებ დაწვრილებით ლაპრაკი. ვიტყვი მხოლოდ, რომ თუ მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთს უწონასწორდება, საქონელთა საბაზრო ფასებიც შეესაბამება მათ ნატურალურ ფასებს, ე. ი. მათ ღირებულებას, რომელსაც საზღვრავს მათი წარმოებისათვის აუცილებელი შრომის შესაბამისი რაოდენობა. მაგრამ მიწოდება-მოთხოვნა მუდმივ წონასწორობისკენ უნდა მიისწრაფოდეს, თუმცა ისინი ამას ანხორციელებენ მხოლოდ იმით, რომ ერთ რყევას თან ახლავს მეორე, აწევას მოყვება დაწევა და პირიქით. თუ თქვენ ამის მაგივრად, რომ განიხილოთ მხოლოდ ყოველდღიური ქანაობა, გამოიკვლევთ საბაზრო ფასების მოძრაობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როგორც ეს, მაგალითად, მისტერ ტუკმა მოახდინა თავის “ფასების ისტორიაში”, დაინახავთ, რომ საბაზრო ფასების ქანაობა, მათი მოძრაობა ღირებულების გარშემო, მათი აწევა და დაწევა, ერთიმეორეს ფარავს და წონასწორობაში მოდის; ასე რომ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მონოპოლიების გავლენას ან სხვაგვარ მოდიფიკაციებს, რომელსაც აქ მე ვერ შევეხები, ყოველგვარი საქონელი საშუალოდ მისი ღირებულების ან ნატურალური ფასის მიხედვით იყიდება. საშუალო პერიოდი, რომლის განმავლობაში საბაზრო ფასების გადახრა-გადმოხრა ერთიმეორეს აწონასწორებს, სხვადასხვაა სხვადასხვაგვარი საქონლისათვის, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნა და მიწოდება უფრო ადვილად უფარდდება ერთიმეორეს, ზოგიერთში კი უფრო ძნელად.

ამგვარად, თუ ყველა სახის საქონელი, მთლიანად და საერთოდ აღებული და ხანგრძლივი პერიოდის მიხედვით განხილული, მათი შესაფერი ღირებულების მიხედვით იყიდება, უაზრობა იქნებოდა დაგვეშვა, რომ მოგება — არა მოგება ცალკეულ შემთხვევებში, არამედ მუდმივი და ჩვეულებრივი მოგება, რომელსაც მრეწველობის სხვადასხვა დარგი იძლევა — საქონლის ფასიდან გამომდინარეობს, ე. ი. იქიდან, რომ საქონელი ისეთ ფასებში იყიდება, რომელიც საგრძნობლად ჭარბობს მის ღირებულებას. ამ შეხედულების უაზრობა ნათელი ხდება, თუ მას განვაზოგადებთ. ცხადია, რომ თუ ვინმე რამეს მოიგებდა გამყიდველის როლში, წააგებდა როგორც მყიდველი. აქ სრულიად ზედმეტი იქნებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ არიან ადამიანები, რომელნიც მუდამ ყიდულობენდა არასოდეს არ ყიდიან, ან რომელნიც მომხმარებლებს წარმოადგენენ და წარმოებას კი არ ეწევიან. რასაც ისინი მწარმოებლებს უხდიან, მათგან ვინმე პირველად ფულს ღებულობს და შემდეგ ამ ფულით თქვენსავე საქონელს ყიდულობს, ვერასოდეს ვერ გამდიდრდებით, აგრეთვე მაშინაც კი, თუ ამ პირს თქვენს საქონელს ძვირად მიჰყიდით. ამგვარ ოპერაციას შეუძლია ზარალის შემცირება, მაგრამ მოგების მოცემა კი არა.

მაშასადამე, მოგების საერთო ბუნების გასაგებად თქვენ უნდა გამოხვიდეთ იმ დებულებიდან, რომ საქონელი საშუალოდ მისი ნამდვილი ღირებულების მიხედვით იყიდება და მოგება სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ საქონელი თავის ღირებულებად იყიდება, ე. ი. მასში განხორციელებული შრომის რაოდენობის მიხედვით. თუ თქვენ ვერ ახსნით მოგებას ამის საფუძველზე, მაშინ თქვენ საერთოდ არ შეგიძლიათ მისი ახსნა. ეს პარადოქსს გავს და თითქოს ეწინააღმდეგება ყოველდღიურ გამოცდილებას. მაგრამ პარადოქსია ხომ ისიც, რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს, ხოლო წყალი ორი იოლად ანთებადი გაზისაგან შედგება. მეცნიერული ჭეშმარიტება ყოველთვის პარადოქსად გვეჩვენება, თუ იმაზე მსჯელობას ვიქონიებთ ყოველდღიური გამოცდილების მიხედვით, რომელიც ნივთების მხოლოდ გარეგან მაცდურ ხილვადობას იძლევა.


VII. სამუშაო ძალა

მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, რამდენადაც ეს ასეთ მოკლე მიმოხილვაში შესაძლებელი იყო, ღირებულების, ყოველგვარი საქონლის ღირებულების, ბუნება, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ შრომის სპეციფიკურ ღირებულებას. აქაც მომიხდება გაგაკვირვოთ ერთი მოჩვენებითი პარადოქსით. ყველანი დარწმუნებული ხართ, რომ, რასაც თქვენ ყოველდღე ყიდით, ეს თქვენი შრომაა; რომ შრომას ამგვარად ფასი აქვს და, რადგან საქონლის ფასი მისი ღირებულების მხოლოდ ფულადი გამოხატულებაა, ალბათ უნდა არსებობდეს ისეთი რამ, როგორიცაა შრომის ღირებულება. მაგრამ ისეთი რამ, როგორიცაა შრომის ღირებულება, ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით, სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ დავინახეთ, რომ საქონლის ღირებულებას ქმნის აუცილებელი შრომის რაოდენობა, რომელიც დაკრისტალებულია მასში. თუ ღირებულების ამ ცნებიდან გამოვალთ, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ვთქვათ, ათსაათიანი სამუშაო დღის ღირებულება? რამდენი შრომაა მოთავსებული ამ დღეში? ათი საათის შრომა. ტავტოლოგია და სრული უაზრობაც იქნებოდა იმის თქმა, რომ ათსაათიანი სამუშაო დღის ღირებულება არის ათი სამუშაო საათი ანუ ამ საათებში მოცემული შრომა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვარკვევთ წინასწარ გამოთქმა “შრომის ღირებულების” ნამდვილ, მაგრამ ფარულ შინაარსს, ცხადია, შეგვეძლება ავხსნათ ღირებულების ეს ირაციონალური და როგორც გვეჩვენება შეუძლებელი გამოყენება ისევე, როგორც ჩვენ, მას შემდეგ რაც შევიცნობთ ციურ სხეულთა ნამდვილ მოძრაობას, შეძლება გვაქვს ავხსნათ მათი ხილული ან მხოლოდ განსაზღვრულ ფორმაში შესამჩნევი მოძრაობა.

რასაც მუშა ყიდის, ეს არაა უშუალოდ მისი შრომა, არამედ ესაა მისი სამუშაო ძალა, რომელსაც ის კაპიტალისტს გადასცემს დროებით განკარგულებაში. ამას იმდენად აქვს ადგილი, რომ არ ვიცი როგორ არის ინგლისური კანონების მიხედვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი კონტინენტალური კანონით დაწესებულია მაქსიმალური დრო, რა ვადითაც თვითეულ პირს შეუძლია თავისი სამუშაო ძალის გაყიდვა. მუშებს რომ შეძლება მიცემოდათ თავიანთი სამუშაო ძალა დროის განუსაზღვრელად გაეყიდათ, ხელახლა მონობა წარმოიშობოდა. თუ, მაგალითად, ასეთი გაყიდვა მუშების მთელი სიცოცხლის ვადით მოხდებოდა, მუშა ერთბაშად დამქირავებლის მონად გადაიქცეოდა სიკვდილამდე.

ჯერ კიდევ ტომას ჰობსმა, ინგლისის ერთ-ერთმა უძველესმა ეკონომისტმა და ყველაზე ორიგინალურმა ფილოსოფოსმა, თავის “ლევიათანში” ინსტინქტურად მიუთითა ამ გარემოებაზე, რომელიც არც ერთ მის მერმინდელ მოაზროვნეს არ შეუმჩნევია. ის ამბობს: “ადამიანის ღირებულება, ისე როგორც ყველა სხვა ნივთისა, არის მისი ფასი, ე. ი. ის, რასაც მას მისი ძალის გამოყენებისათვის აძლევენ”.

თუ ამ საფუძვლიდან გამოვალთ, ჩვენ შეგვიძლია შრომის ღირებულება განვსაზღვროთ ყოველგვარი სხვა საქონლის ღირებულების მსგავსად.

მაგრამ სანამ ამას ვიზამდეთ, ჩვენ უნდა ვიკითხოთ: როგორ ხდება ის უცნაური მოვლენა, რომ ბაზარში ჩვენ ვპოულობთ მყიდველების მთელ რაზმს, რომელიც ფლობს მიწას, მანქანებს, ნედლ მასალას და საარსებო საშუალებებს, ე. ი. ყოველივე იმას, რაც მიწის გარდა, თუ დაუმუშავებლად ავიღებთ ამ მიწას, შრომის ნაყოფს წარმოადგენს, და, მეორე მხრივ, ვპოულობთ იქვე გამყიდველთა რაზმს, რომელსაც არაფერი აქვს გასაყიდი, სამუშაო ძალის, სამუშაოდ გამზადებული ხელების და ტვინის მეტი? როგორ ხდება, რომ ზოგიერთები მუდამ ყიდულობენ და მოგებას იღებენ, მდიდრდებიან, სხვები კი მუდამ ყიდიან მხოლოდ იმისათვის, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებელი საარსებო საშუალებები შეიძინონ? ამ საკითხს გამოკვლევა იქნებოდა ის გამოკვლევა, რომელსაც ეკონომისტები “წინასწარ ანუ პირვანდელ დაგროვებას” უწოდებენ, მაგრამ რასაც უნდა ეწოდოს პირვანდელი ექსპროპრიაცია. ასეთი გამოკვლევის დროს დავინახავდით, რომ ეს ეგრეთწოდებული პირვანდელი დაგროვება მხოლოდ ისტორიული პროცესების იმ რიგს წარმოადგენს, რომელიც ბოლოვდება მშრომელებსა და მათი შრომის საშუალებებს შორის არსებული პირვანდელი ერთიანობის დაშლით, მაგრამ ეს გამოკვლევა ცილდება ჩემი ახლანდელი თემის საზღვრებს. მხოლოდ რაკი მუშასა და მისი შრომის იარაღებს შორის გათიშვა ერთხელვე მოხდა, ეს თავისთავად გაგრძელდება, განახლდება უფრო და უფრო გაფართოებული მასშტაბით, სანამ წარმოების წესის ახალი და ძირითადი რევოლუცია მას არ მოსპობს და არ აღადგენს პირვანდელ ერთიანობას ახალ ისტორიულ ფორმაში.

ამგვარად, რა არის სამუშაო ძალის ღირებულება?

ყველა სხვა საქონლის მსგავსად სამუშაო ძალის ღირებულება მის წარმოებისათვის საჭირო შრომის რაოდენობით ისაზღვრება. ადამიანის სამუშაო ძალა მხოლოდ მის ცოცხალ პიროვნებაში არსებობს. ადამიანმა განსაზღვრული რაოდენობის საარსებო საშუალებები უნდა მოიხმაროს, რომ თავისი არსებობის შენარჩუნება და გაგრძელება შესძლოს. მაგრამ ადამიანი ცვდება სწორედ ისე, როგორც მანქანა, და ამიტომ საჭიროა მისი შეცვლა სხვა ადამიანით. განსაზღვრული რაოდენობის აუცილებელი მოთხოვნილების საგნებს გარდა, რომელიც მას თავისი საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად ჭირდება, მას ესაჭიროება კიდევ აუცილებელი მოთხოვნილების საგანთა დამატებითი რაოდენობა ბავშვების აღსაზრდელად, რომლებიც მას შრომის ბაზარზე შეცვლიან და მუშების მოდგმას განაგრძობენ. ამას გარდა თავისი სამუშაო ძალის განსავითარებლად და ერთგვარი ოსტატობის მოსაპოვებლად, მუშამ კიდევ განსაზღვრული რაოდენობის ღირებულება უნდა დახარჯოს. ჩვენი მიზნისათვის აქ საკმაოა მხოლოდ საშუალო შრომის განხილვა, რომლის დროსაც აღსაზრდელი და მოსამზადებელი ხარჯები უმნიშვნელო სიდიდეს წარმოადგენენ. მაგრამ მე ამ შემთხვევით უნდა ვისარგებლო და აღვნიშნო, რომ რადგან სხვადასხვა ხარისხის სამუშაო ძალის საწარმოო ხარჯები სხვადასხვაგვარია, ამიტომ სხვადასხვაგვარ მრეწველობაში ჩაბმული სამუშაო ძალის ღირებულებაც სხვადასხვა უნდა იყოს. ამიტომ ხელფასის გათანასწორების მოთხოვნა დაფუძნებულია ცდომილებაზე, ცდომილ სურვილზე, რომელიც არასოდეს არ განხორციელდება. ეს იმ ყალბი და ზერელე რადიკალიზმიდან გამომდინარეობს, რომელიც წანამძღვარებს ღებულობს, ხოლო დასკვნებს ცდილობს გაექცეს. სამუშაო ძალის ღირებულება, ისე როგორც ყველა სხვა საქონლისა, წესრიგდება დაქირავებული შრომის სისტემის საფუძველზე; და რადგან სხვადასხვა სახის სამუშაო ძალას სხვადასხვა ღირებულება აქვს და თავის საწარმოოდ სხვადასხვა რაოდენობის შრომას მოითხოვს, შრომის ბაზარზეც მათ სხვადასხვანაირი ფასი უნდა ექნეთ. დაქირავებული შრომის სისტემის ნიადაგზე თანასწორი ან თვით სამართლიანი ქირის მოთხოვნა, ეს იგივეა, რაც თავისუფლების მოთხოვნა მონობის სისტემის საფუძველზე. ის, რასაც თქვენ სწორად ან სამართლიანად თვლით, აქ ანგარიშში მისაღები არ არის. აქ საქმე იმაშია, რა შეიძლება ჩაითვალოს წარმოების არსებულ სისტემაში აუცილებელ და გარდაუვალ რამედ?

ზემოთ ნათქვამის შემდეგ ცხადია, რომ სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება იმ აუცილებელ საარსებო საშუალებათა ღირებულებით, რაც საჭიროა სამუშაო ძალის საწარმოებლად, გასავითარებლად, შესანარჩუნებლად და გასამარადებლად.


VIII. ზემდეტი ღირებულების წარმოება

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ იმ საშუალო რაოდენობის აუცილებელ საარსებო საშუალებათა საწარმოებლად, რაც ერთი მუშისთვის ყოველდღეა საჭირო, ექვსი საათის საშუალო შრომა უნდა დაიხარჯოს. წარმოვიდგინოთ კიდევ, რომ ექვსსაათიანი საშუალო შრომა, ოქროში გამოხატული, სამ შილინგს უდრის. ამ შემთხვევაში სამი შილინგი იქნება ფასი ანუ ფულადი გამოხატულება ამ კაცის სამუშაო ძალის დღიური ღირებულებისა. მაშინ დღეში ექვსი საათის მუშაობით ის შექმნის იმ ღირებულებას, რაც საკმაოა მისთვის საშუალოდ ყოველდღიურად საჭირო საარსებო საშუალებათა შესაძენად და რითაც მიეცემა შეძლება თავი შეინახოს როგორც მუშამ.

მაგრამ ეს ადამიანი დაქირავებული მუშაა; ამიტომ იგი იძულებულია თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს მიჰყიდოს. თუ ის გაყიდის მას სამ შილინგად დღეში ან თვრამეტ კვირაში, მაშინ ის გაყიდის მას მისი ღირებულების მიხედვით. წარმოვიდგინოთ, რომ ის მრთველია, თუ ის დღეში ექვს საათს მუშაობს, იმის დამუშავებულ ბამბას ყოველდღიურად სამი შილინგის ღირებულება ემატება. ეს ყოველდღიურად მისი მუშაობით დამატებული ღირებულება ნამდვილი ეკვივალენტი იქნებოდა იმ ხელფასის ან ფასისა, რომელსაც ის ყოველდღე თავისი სამუშაო ძალისათვის ღებულობს. მაგრამ ამ შემთხვევაში კაპიტალისტს არავითარი ზედმეტი ღირებულება ან არავითარი ზედმეტი პროდუქტი არ დარჩებოდა. ამგვარად, აქ ჩვენ ნამდვილ სიძნელეს ვეჯახებით.

კაპიტალისტმა სამუშაო ძალის ყიდვითა და მისი ღირებულების გადახდით ყველა სხვა მყიდველის მსგავსად უფლება შეიძინა მოიხმაროს და გამოიყენოს ნაყიდი საქონელი. ადამიანის სამუშაო ძალის მოხმარებას ანუ გამოყენებას ადგილი აქვს იმდენად, რამდენადაც მას ამუშავებენ, სწორედ ისევე როგორც მანქანის მოხმარებას ანუ გამოყენებას ადგილი აქვს იმდენად, რამდენადაც მას ამოქმედებენ. ამიტომ კაპიტალისტმა მუშის სამუშაო ძალის დღიური ან კვირეული ღირებულების შესყიდვით მოიპოვა უფლება გამოიყენოს ანუ ამუშაოს ეს სამუშაო ძალა მთელი დღისა ან მთელი კვირის განმავლობაში. რასაკვირველია, სამუშაო დღეს და სამუშაო კვირას ერთგვარი საზღვარი აქვს, მაგრამ ამას ჩვენ შემდეგ განვიხილავთ უფრო დაწვრილებით. ახლა თქვენი ყურადღება ერთ გადამწყვეტ გარემოებას უნდა მივაქციო.

სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესანახავად და აღსადგენად არის საჭირო, მაგრამ ამ სამუშაო ძალით სარგებლობას თავისი საზღვარი მხოლოდ მუშის სასიცოცხლო ენერგიასა და ფიზიკურ ძალაში აქვს. სამუშაო ძალის ყოველდღიური ან ყოველკვირეული ღირებულება სულ სხვაა, ვიდრე მისი ყოველდღიური და ყოველკვირეული გამოყენება, ისე როგორც, მაგალითად, ის საკვები, რომელსაც ცხენი საჭიროებს, და ის დრო, რომლის განმავლობაში მას შეუძლია ატაროს ადამიანი, ორი ერთიმეორესაგან განსხვავებული რამ არის. შრომის რაოდენობა, რომელიც მუშის სამუშაო ძალის ღირებულებას საზღვრავს, სრულიადაც არ წარმოადგენს იმ შრომის რაოდენობას, რომელიც ამ სამუშაო ძალას შეუძლია გასწიოს. ავიღოთ მაგალითისათვის ჩვენი მრთველი. ჩვენ დავინახეთ, რომ მან თავისი სამუშაო ძალის ყოველდღიურ გასაახლებლად დღეში სამი შილინგის ღირებულება უნდა შექმნას, რასაც ის ექვსი საათის მუშაობით აღწევს. მაგრამ ეს არ უშლის მას ყოველდღიურად ათი, თორმეტი ან კიდევ მეტი საათი იმუშაოს. კაპიტალისტმა კი მუშის სამუშაო ძალის დღიური თუ კვირეული ღირებულება გადაიხადა, ამით უფლება შეიძინა, რომ ის მთელი დღის თუ მთელი კვირის განმავლობაში მოიხმაროს. ამიტომ ის მუშას აიძულებს დღიურად, ვთქვათ, თორმეტი საათი იმუშაოს. ექვსი საათის გარდა, რომელიც მისი ხელფასის ანუ სამუშაო ძალის ღირებულების ასანაზღაურებლადაა საჭირო, მუშამ კიდევ ექვსი საათი უნდა იმუშაოს, რასაც მე ზედმეტ შრომის საათებს ვუწოდებ, და ეს ზედმეტი შრომა ხორციელდება ზედმეტ ღირებულებასა და ზედმეტ პროდუქტში. თუ, მაგალითად, ჩვენი მრთველი ექვსი საათის მუშაობით ყოველდღე ბამბას სამი შილინგის ღირებულებას უმატებდა, რაც მისი ხელფასის ზუსტ ეკვივალენტს შეადგენს, თორმეტი საათის განმავლობაში ის ბამბას ექვს შილინგის ღირებულებას მიუმატებს და ამის შესატყვისად მეტი რაოდენობის ნართს შექმნის. რადგან თავისი სამუშაო ძალა მან კაპიტალისტს მიჰყიდა, მთელი მისი ნაწარმოები ან ამ ნაწარმოების ღირებულება ეკუთვნის ამ უკანასკნელს, რომელიც მისი სამუშაო ძალის პატრონია განსაზღვრულ დროში. ამგვარად, კაპიტალისტი წინდაწინ სამი შილინგის გადახდით ექვსი შილინგის ღირებულებას იძენს, იმიტომ რომ მან წინდაწინ გადაიხადა ღირებულება, რომელშიაც ექვსი საათის შრომაა განხორციელებული, და სამაგიეროდ მიიღო ღირებულება, რომელზედაც თორმეტი საათის შრომა დაიხარჯა. თუ ეს პროცესი ყოველდღიურად განმეორდა, კაპიტალისტი დღეში გაიღებს სამ შილინგს, ხოლო მიიღებს ექვს შილინგს, რის ნახევარიც ხელახლა ხელფასის გადახდას მოხმარდება, მეორე ნახევარი კი შეადგენს ზედმეტ ღირებულებას, რომლისთვისაც კაპიტალისტი არავითარ ეკვივალენტს არ იხდის. ეს სახე გაცვლა-გამოცვლისა კაპიტალსა და შრომას შორის სწორედ ის სახეა, რომელზედაც დაფუძნებულია კაპიტალისტური წარმოება, ანუ დაქირავებული შრომის სისტემა, და ამ სისტემამ გამუდმებით უნდა წარმოშვას ხელახლა მუშა, როგორც მუშა და კაპიტალისტი, როგორც კაპიტალისტი.

ზედმეტი ღირებულების ნორმა — ყველა სხვა გარემოებათა უცვლელობის პირობებში — დამოკიდებულია სამუშაო დღის ნაწილების ურთიერთ შეფარდებაზე, — იმ ნაწილის, რომელიც სამუშაო ძალის ღირებულების აღდგენას უნდება, და იმ ზედმეტი სამუშაო დროისა ანუ ზედმეტი შრომისა, რომელიც კაპიტალისტის სასარგებლოდ მიდის. მაშასადამე, ის დამოკიდებულია იმ შეფარდებაზე, რომლითაც ხდება სამუშაო დღის იმ დროზე ზევით გაგრძელება, რომლის განმავლობაში მუშამ თავისი სამუშაო ძალის ღირებულება უნდა შექმნას და თავისი ხელფასი აინაზღაუროს.


IX. შრომის ღირებულება

ახლა დავუბრუნდეთ გამოთქმას: “შრომის ღირებულება ანუ შრომის ფასი”.

ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულება ფაქტიურად მხოლოდ სამუშაო ძალის ღირებულებაა, რომელიც მის საარსებოდ აუცილებელი საქონლის ღირებულებით იზომება. მაგრამ რადგან მუშა თავის ხელფასს მხოლოდ სამუშაოს შესრულების შემდეგ იღებს და ამასთანავე იცის, რომ რასაც სინამდვილეში კაპიტალისტს აძლევს, მისი შრომაა, თავისი სამუშაო ძალის ღირებულება ან ფასი მას აუცილებლად ეჩვენება თავისი შრომის ფასად ან ღირებულებად. თუ მისი სამუშაო ძალის ფასი სამ შილინგს შეადგენს, რაშიაც ექვსი საათის შრომაა განხორციელებული, და თუ ის თორმეტ საათს მუშაობს, უთუოდ ამ სამ შილინგში თორმეტი საათის შრომის ღირებულებას ან ფასს დაინახავს, თუმცა სინამდვილეში ეს თორმეტი საათის შრომა ექვსი შილინგის ღირებულებაშია წარმოდგენილი აქედან ორნაირი დასკვნა გამომდინარეობს:

ერთი: რომ სამუშაო ძალის ღირებულება ან ფასი თვით შრომის ღირებულების ან ფასის გარეგან ხილვადობას ღებულობს, თუმცა ზუსტად რომ ვთქვათ, შრომის ღირებულება ან ფასი აზრს მოკლებული ტერმინია.

მეორე: თუმცა ანაზღაურდება მხოლოდ ერთი ნაწილი მუშის ყოველდღიური შრომისა, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად აუნაზღაურებელი რჩება, და თუმცა გადაუხდელი, ე. ი. ზედმეტი შრომა სწორედ იმ ფონდს შეადგენს, საიდანაც ზედმეტი ღირებულება, ე. ი. მოგება წარმოდგება, მაგრამ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს მთელი შრომა გადახდილი შრომა იყოს.

ეს ყალბი მოჩვენებითობა დაქირავებულ შრომას განასხვავებს შრომის სხვა ისტორიული ფორმებისაგან. დაქირავებული შრომის სისტემის საფუძველზე თვით გადაუხდელი შრომა გადახდილად გვეჩვენება. მონობის დროს, პირიქით, თვით ანაზღაურებული შრომის ნაწილი გადაუხდელ შრომად გვეჩვენება. ცხადია, მონამ რომ მუშაობა შესძლოს, მან უნდა იცხოვროს, და მისი სამუშაო დღის ნაწილი იმაზე იხარჯება, რომ იმის საარსებო საშუალებათა ღირებულება ანაზღაურდეს. მაგრამ, რადგან მონას და მის მფლობელს შორის არავითარი ხელშეკრულება არ იდებოდა, რადგან მათ შორის არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ ხდებოდა, გვეჩვენება, რომ მთელი მისი შრომა სრულიად უსასყიდლოდ იყო გაღებული.

ავიღოთ, მეორე მხრივ, ყმა-გლეხი იმ სახით, როგორც ის, შემიძლია ვთქვა, ჯერ კიდევ გუშინ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდა. ეს გლეხი, მაგალითად, თავისთვის სამ დღეს მუშაობდა საკუთარ ან მიზომილ ნაკვეთზე, შემდეგ სამ დღეს კი თავისი ბატონის მამულში სავალდებულო და უსასყიდლო სამუშაოს ასრულებდა. ამგვარად, აქ აშკარად განცალკევებულია ერთიმეორისგან შრომის გადახდილი და გადაუხდელი ნაწილი, აშკარად განცალკევებულია დროსა და სივრცეში; და ჩვენი ლიბერალები მორალური აღშფოთებით ივსებოდნენ იმ უკუღმართი მოვლენის გამო, რომ ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ ამუშავებენ.

სინამდვილეში კი სულერთია, მუშაობს ადამინი კვირაში სამ დღეს თავისთვის საკუთარ ყანაში და სამ დღეს უსასყიდლოდ ბატონის მამულში, თუ მუშაობს ის ფაბრიკასა ან სახელოსნოში ექვს საათს დღეში თავისთვის და ექვსს — კაპიტალისტისთვის; თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში შრომის ანაზღაურებული და აუნაზღაურებელი ნაწილი ერთიმეორეშია გაუცალკევებლად შერეული, და მთელი ამ გარიგების დედაარსი სრულიად დაფარულია ხელშეკრულებითა და კვირის ბოლოს მიღებული ხელფასით. აუნაზღაურებელი შრომა ერთ შემთხვევაში გვეჩვენება როგორც ნებაყოფლობით მიცემული, მეორეში — როგორც იძულებითი. ამაშია მთელი განსხვავება.

თუ მე ვიხმარ სიტყვებს: “შრომის ღირებულება”, ეს მხოლოდ როგორც პოპულარულ გამოთქმას “სამუშაო ძალის ღირებულების” გამოსახატავად.


X. მოგება მიიღება, როდესაც საქონელი მისი ღირებულების მიხედვით იყიდება

წარმოვიდგინოთ, რომ საშუალო შრომის ერთი საათი განხორციელებულია 6 პენსის ღირებულებაში, ან საშუალო შრომის თორმეტი საათი ექვს შილინგშია მოცემული. შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ შრომის ღირებულება სამ შილინგს ან ექვსი საათის მუშაობის ნაწარმოებს უდრის. თუ, ამას გარდა, ნედლ მასალასა, მანქანებში და სხვ. საშუალებებში, რაც საქონლის წარმოებაზეა გამოყენებული, ოცდაოთხი საათის საშუალო შრომაა განხორციელებული, მისი ღირებულება თორმეტ შილინგს შეადგენს. თუ, გარდა ამისა, წარმოების საშუალებებს დაქირავებული მუშა მიუმატებს თორმეტი საათის შრომას, ეს თორმეტი საათი კიდევ ექვსი შილინგის დამატებით ღირებულებას შექმნის. მაშასადამე, ნაწარმოების მთელი ღირებულება 36 საათის განვითარებულ შრომას ანუ თვრამეტ შილინგს მიაღწევს. მაგრამ, რადგან შრომის ღირებულება ანუ გადახდილი ხელფასი მხოლოდ 3 შილინგს უდრის, კაპიტალისტი არავითარ ეკვივალენტს არ იხდის მუშის მიერ შესრულებულ და საქონლის ღირებულებაში განხორციელებულ ექვსი საათის ზედმეტი შრომისთვის. თუ კაპიტალისტი ამ საქონელს მისი ღირებულების მიხედვით 18 შილინგად გაყიდის, ამით ის 3 შილინგის ღირებულებასაც იღებს, რომელშიაც მას არავითარი ეკვივალენტი არ მიუცია. ეს სამი შილინგი სწორედ მის მიერ აღებულ ზედმეტ ღირებულებასაც იღებს, რომელშიაც მას არავითარი ეკვივალენტი არ მიუცია. ეს სამი შილინგი სწორედ მის მიერ აღებულ ზედმეტ ღირებულებას ანუ მოგებას წარმოადგენს, რომელსაც იგი იჯიბავს. მაშასადამე, კაპიტალისტი სამ შილინგ მოგებას იღებს არა იმით, რომ ის თავის საქონელს იმ ფასად ყიდის, რომელიც მის ღირებულებას აღემატება, არამედ იმით, რომ ის მას მის ნამდვილ ღრებულებად ყიდის.

საქონლის ღირებულება განისაზღვრება მასში მოთავსებული შრომის მთელი რაოდენობით. მაგრამ ამ შრომის რაოდენობის ერთი ნაწილი წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელშიაც გადახდილია ეკვივალენტი ხელფასის სახით, მეორე ნაწილი კი იმ ღირებულებაშია განივთიერებული, რომელშიაც არავითარი ეკვივალენტი არ არის გაღებული. ერთი ნაწილი საქონელში მოთავსებული შრომისა გადახდილი შრომაა, მეორე არის გადაუხდელი. ამგვარად, თუ კაპიტალისტი თავის საქონელს მისი ღირებულების მიხედვით გაყიდის, ე. ი. როგორც მასზე დახარჯული მთელი შრომის კრისტალიზაციას, მან ის უსათუოდ მოგებით უნდა გაყიდოს. ის ყიდის არა მარტო იმ ნაწილს, რომელშიაც ეკვივალენტი მისცა, ყიდის აგრეთვე იმას, რაშიაც არაფერი გადაუხდია, თუმცა მუშას ეს შრომა დაუჯდა. ის, რადაც კაპიტალისტს უღირს საქონელი და მისი ფაქტიური ღირებულება ორი ერთიმეორისაგან განსხვავებული რამ არის. ამიტომ მე ვიმეორებ, რომ ნორმალური და საშუალო მოგება გამომდინარეობს არა იქიდან, რომ საქონელი თავის ღირებულებაზე ზევით იყიდება, არამედ იქიდან, რომ იყიდება თავის ნამდვილ ღირებულებად.


XI. ზედმეტი ღირებულების სხვადასხვა ნაწილი

ზედმეტ ღირებულებას ანუ საქონლის საერთო ღირებულების იმ ნაწილს, რომელშიაც ზედმეტი, ე. ი. გადაუხდელი შრომა ნივთიერდება, მე მოგებას ვუწოდებ. მაგრამ მთელი ეს მოგება კაპიტალისტ-მეწარმეს ჯიბეში როდის მიდის. მიწაზე მონოპოლია საშუალებას აძლევს მემამულეს ამ ზედმეტი ღირებულების ნაწილი მიწის რენტის სახით მიითვისოს. აქ სულერთია, რას ემსახურება მიწა — მიწათმოქმედებას, შენობებს, რკინიგზებს თუ სხვა რაიმე საწარმოო მიზნებს. მეორე მხრივ, სწორედ ის ფაქტი, რომ შრომის იარაღების მფლობელობა კაპიტალისტ-მეწარმეს შეძლებას აძლევს ზედმეტი ღირებულება აწარმოოს, ე. ი. მიითვისოს განსაზღვრული რაოდენობის გადაუხდელი შრომა, სწორედ ეს ფაქტი შრომის იარაღების პატრონს, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად მათ კაპიტალისტ-მეწარმეს ანათხოვრებს, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფულის გამსესხებელ კაპიტალისტს შეძლებას აძლევს პროცენტის სახით მოითხოვოს ზედმეტი ღირებულების მეორე ნაწილი, და ამნაირად კაპიტალისტ-მეწარმეს როგორც ასეთს, მხოლოდ ეგრეთწოდებული სამრეწველო ანუ სავაჭრო მოგება რჩება.

თუ რა კანონებით წესრიგდება ზედმეტი ღირებულების საერთო ჯამის განაწილება ამ სამი კატეგორიის ადამიანებში, ეს ისეთი საკითხია, რომელიც არ შედის ჩვენი თემის ფარგლებში, მაგარამ ზემოთ ნათქვამიდან შემდეგი გამომდინარეობს;

მიწის რენტა, პროცენტი და სამრეწველო მოგება მხოლოდ სხვადასხვა სახელებია საქონლის ზედმეტი ღირებულების სხვადასხვა ნაწილისა, ან საქონელში განხორციელებული გადაუხდელი შრომისა. ისინი ერთნაირად გამომდინარეობენ ამ წყაროდან და მხოლოდ ამ წყაროდან. თავისთავად ისინი არ წარმოიშობიან არც მიწისგან, არც კაპიტალისაგან, როგორც ასეთებისგან, მაგრამ მიწა და კაპიტალი თავიანთ მფლობელებს შეძლებას აძლევს სათანადო წილი მიიღონ იმ ზედმეტი ღირებულებიდან, რომელიც კაპიტალისტმა-მეწარმემ მუშას გამოწურა. თვით მუშისთვის მეორეხარისხოვანი საკითხია, კაპიტალისტი-მეწარმე თავის ჯიბეში იდებს მთელ ამ ზედმეტ ღირებულებას — ზედმეტი ან გადაუხდელი შრომის მთელ ნაწარმოებს, — თუ ის იძულებულია ზედმეტი ღირებულების ერთი ნაწილი მიწის რენტის და პროცენტის სახით სხვა მონაწილეებს მისცეს. თუ კაპიტალისტი-მეწარმე თავისი საკუთარი კაპიტალით სარგებლობს და ის მიწის მესაკუთრეც არის, მაშინ ზედმეტი ღირებულება უკლებლივ გადავა მის ჯიბეში.

სწორედ კაპიტალისტი-მეწარმე უშუალოდ წუწნის მუშას ამ ზედმეტ ღირებულებას დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ნაწილი შეეძლება მას საბოლოოდ შეინარჩუნოს აქედან თავისთვის. ამიტომ ეს ურთიერთობა კაპიტალისტ-მეწარმესა და დაქირავებულ მუშას შორის წარმოადგენს მთელი დაქირავებული შრომის სისტემისა და მთელი თანამედროვე წარმოების სისტემის მთავარ პუნქტს. თუ ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც ჩვენს კამათში მონაწილეობას იღებდა, შეეცადა მთელი საკითხი შეერბილებინა და ეს ძირითადი ურთიერთობა კაპიტალისტ-მეწარმესა და მუშას შორის მეორეხარისხოვან საკითხად ექცია, ამით ისინი ძალიან ცდებოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, მართალი იყვნენ, როცა ამტკიცებდნენ, რომ არსებულ პირობებში ფასების მომატება ძლიერ სხვადასხვა სახით შეეხება კაპიტალისტ-მეწარმეს, მიწათმფლობელს, ფულისმფლობელ კაპიტალისტსა და, თუ გნებავთ, გადასახადების ამკრეფსაც.

ნათქვამიდან გამომდინარეობს აგრეთვე მეორე დასკვნა.

საქონლის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ ნედლი მასალის, მანქანების, ერთი სიტყვით, დახარჯულ საწარმოო საშუალებათა ღირებულებას წარმოადგენს, არასოდეს არ იძლევა შემოსავალს, ის მხოლოდ კაპიტალის აღდგენას ხმარდება. მაგრამ ყოველივე ამის გარეშე მაინც შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს საქონლის ღირებულების მეორე ნაწილი, რომელიც შემოსავალს წარმოადგენს ან შეიძლება ხელფასის, მოგების, რენტის და პროცენტის სახით დაიხარჯოს, დგება ხელფასის, რენტის და მოგების ღირებულებათაგან და სხვ. განზე გადავდოთ ჯერჯერობით ხელფასი და განვიხილოთ მხოლოდ სამრეწველო მოგება, პროცენტი და რენტა. ჩვენ ეს არის დავინახეთ, რომ საქონელში მოცემული ზედმეტი ღირებულება, ე. ი. მისი ღირებულების ის ნაწილი, რომელშიაც გადაუხდელი შრომაა განხორციელებული, თვით სხვადასხვა ნაწილად იყოფა, და ეს ნაწილები სამ სხვადასხვა სახელს ატარებენ. მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქონლის ღირებულება დგება ან იქმნება მის სამი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელ ღირებულებათა შეერთებით.

თუ ერთი საათის შრომა ექვსი პენსის ღირებულებაშია განხორციელებული, თუ მუშის სამუშაო დღე თორმეტ საათს შეადგენს, ხოლო ამ დროის ნახევარი გადაუხდელი შრომაა, ეს ზედმეტი შრომა საქონელს სამი შილინგის ზედმეტ ღირებულებას უმატებს, ე. ი. ღირებულებას, რომელშიაც არავითარი შესაფერი ეკვივალენტი არ არის მიცემული. ეს სამი შილინგის ზედმეტი ღირებულება წარმოადგენს მთელ იმ ფონდს, რომელიც კაპიტალისტ-მეწარმეს შეუძლია გაინაწილოს, სულერთია რა პროპორციით, მიწათმფლობელსა და ფულის გამსესხებელთან. ამ სამი შილინგის ღირებულება წარმოადგენს საზღვარს იმ ღირებულებისა, რომელიც მათ ერთმანეთს შორის უნდა გაინაწილონ. მაგრამ საქმე ისე როდია, რომ კაპიტალისტი-მეწარმე თავისი მოგებისთვის თვითნებურ ღირებულებას უმატებს საქონლის ღირებულებას, რომელსაც შემდეგ ემატება ახალი ღრებულება მიწათმფლობელისათვის და სხვ., ისე, რომ ბოლოს ყველა ამ თვითნებურად დაწესებულ ღირებულებათა შეერთება საქონლის მთელ ღირებულებას იძლეოდეს. აქედან თქვენ ხედავთ, რამდენად შემცდარია საზოგადოდ გავრცელებული შეხედულება, რომელიც ერთმანეთში ურევს უკვე მოცემული ღირებულების სამად დანაწილებას, და ამ ღირებულების წარმოშობას სამი დამოუკიდებელი ღირებულების შეერთებით და ამგვარად მთელ ღირებულებას, რომლისაგანაც რენტა, მოგება და პროცენტი წარმოდგება, თვითნებურ სიდიდედ აქცევს.

დავუშვათ, რომ მოგება, რომელსაც კაპიტალისტი ღებულობს, ას გირვანქა სტერლინგს უდრის. ამ ჯამს, როგორც აბსოლუტურ რაოდენობად აღებულს, ჩვენ მოგების მასას ვუწოდებთ. ხოლო თუ გამოვიანგარიშებთ ამ ასი პროცენტის გამოკიდებულებას ავანსად გაღებულ კაპიტალთან, მაშინ ჩვენ ამ შეფარდებით სიდიდეს მოგების ნორმას ვუწოდებთ. ცხადია, რომ მოგების ეს ნორმა შეიძლება ორნაირად გამოიხატოს.

ვთქვათ, ასი გირვანქა არის კაპიტალი, რომელიც წინათ ხელფასის სახით იყო ავანსებული. თუ შექმნილი ზედმეტი ღირებულებაც ას გირვანქა სტერლ. შეადგენს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მუშის სამუშაო დღის ნახევარი გადაუხდელ შრომაზე წასულა; თუ ამ მოგებას ხელფასზე ავანსებული კაპიტალის მიხედვით გავზომავთ, ვიტყვით, რომ მოგების ნორმა ას პროცენტს შეადგენს, იმიტომ რომ ავანსებული კაპიტალი ას გირვანქას უდრიდა, ხოლო შექმნილი ღირებულება — ორას გირვანქას.

თუ ჩვენ, მეორე მხრივ, განვიხილავთ არა მარტო ხელფასზე ავანსებულ კაპიტალს, არამედ მთელი ავანსებული კაპიტალის ჯამს, მაგალითად, ხუთას გირვანქა სტერლინგს, რომლისგანაც ოთხასი გირვანქა ნედლი მასალის, მანქანების და სხვ. ღირებულებას წარმოადგენს, მივიღებთ, რომ მოგების ნორმა მხოლოდ ოც პროცენტს უდრის, იმიტომ რომ ასი გირვანქა სტერლ. მოგება მთელი ავანსებული კაპიტალის მხოლოდ მეხუთედ ნაწილს შეადგენს.

პირველი საშუალება მოგების ნორმის გამოსახატავად ერთადერთია, რომელიც გიჩვენებთ თქვენ ნამდვილ დამოკიდებულებას გადახდილ და გადაუხდელ შრომას შორის — შრომის ექსპლოატაციის (ნება მომეცით ვიხმარო ეს ფრანგული სიტყვა) ნამდვილ დონეს. მეორე საშუალება საერთოდ მიღებულია, და სახელდობრ განსაზღვრული მიზნებისათვის. ყოველ შემთხვევაში ის ძალიან ხელსაყრელია იმისთვის, რომ დაფარულ იქნეს, რამდენ გადაუხდელ შრომას წურავს კაპიტალისტი მუშას.

ჩემს შემდეგომ შენიშვნებში სიტყვა “მოგებას” ვიხმარ კაპიტალისტის მიერ გამოწოვილი მთელი ზედმეტი ღირებულების მასის გამოსახატავად, ისე რომ მისი განაწილება სხვადასხვა მხარეთა შორის მხედველობაში არ იქნება მიღებული; ხოლო როცა “მოგების ნორმაზე” მექნება ლაპარაკი, მოგებას ყოველთვის ვიანგარიშებ ხელფასზე ავანსებული კაპიტალის მიხედვით.


XII. მოგების, ხელფასისა და ფასების საერთოდ თანაფარდობა

თუ ჩვენ საქონლის ღირებულებას გამოვაკლებთ მის წარმოებაზე დახარჯულ ნედლი მასალისა და სხვა საწარმოო საშუალებათა ღირებულებას, ე. ი. იმ ღირებულებას, რომელიც წინანდელ შრომას შეიცავს, დაგვრჩება შრომის ის რაოდენობა, რომელიც უკანასკნელად მომუშავე მუშის მიერ იქნა მისთვის მიმატებული. თუ ეს მუშა ყოველდღე თორმეტ საათს მუშაობს და თუ საშუალო შრომის თორმეტი საათი ოქროთი ექვს შილინგშია კრისტალიზებული, მაშინ ექვსი შილინგის რაოდენობის ეს დამატებითი ღირებულება წარმოადგენს იმ ერთადერთ ღირებულებას, რომელიც მისმა შრომამ შექმნა. ეს განსაზღვრული ღირებულება, რომელიც მისი შრომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, ერთადერთი ფონდია, საიდანაც მას და კაპიტალისტს თავიანთი ხვედრი თუ წილი შეუძლიათ აიღონ, ერთადერთი ღირებულებაა, რომელიც შეიძლება ხელფასად და მოგებად გაიყოს. ცხადია, ამ ღირებულების სიდიდე თავისთავად არავითარ ცვლილებას არ განიცდის იმით, რომ ის შეიძლება ორ მონაწილეს შორის შეცვლილი პროპორციით გაიყოს. არსებითად არაფერი შეიცვლება აგრეთვე, თუ თქვენ ერთი მუშის მაგივრად მუშათა მთელ მოსახლეობას, ერთი სამუშაო დღის მაგივრად, მაგალითად, თორმეტ მილიონ სამუშაო დღეს აიღებთ.

რადგან კაპიტალისტსა და მუშას მხოლოდ ის განსაზღვრული ღირებულება შეუძლიათ გაიყონ, ე. ი. ღირებულება, რომელიც მუშის მთელი შრომით იზომება, რამდენადაც მეტს მიიღებს ერთი მათგანი, იმდენად ნაკლები შეხვდება მეორეს, და პირიქით. როცა მოცემულია ამა თუ იმ საგნის რაოდენობა, მისი ერთი ნაწილის მომატება ხდება იმავე შეფარდებით, რა შეფარდებითაც კლებულობს მისი მეორე ნაწილი. თუ ხელფასი იცვლება, მოგებაც უნდა შეიცვალოს საწინააღმდეგო მიმართულებით. როცა ხელფასი კლებულობს, მოგება მატულობს, ხოლო როცა ხელფასი ზევით იწევს, მოგება ეცემა. თუ ჩვენი წინანდელი მოსაზრების მიხედვით, მუშა ღებულობს სამ შილინგს, რაც მისი შრომით შექმნილი ღირებულების ნახევარს უდრის, ან თუ მისი სამუშაო დღე სანახევროდ გადახდილ, სანახევროდ გადაუხდელ შრომისგან შედგება, მოგების ნორმა ას პროცენტს შეადგენს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კაპიტალისტიც სამ შილინგს მიიღებს. თუ მუშა მხოლოდ ორ შილინგს ღებულობს ან თავისთვის მხოლოდ ერთ მესამედ დღეს მუშაობს, კაპიტალისტი ოთხ შილინგს მიიღებს, და მოგების ნორმა ორას პროცენტს მიაღწევს. თუ მუშა ოთხ შილინგს ღებულობს, კაპიტალისტს მხოლოდ ორი შეხვდება, და მოგების ნორმა ორმოცდაათ პროცენტამდე დაეცემა. მაგრამ ყველა ეს ცვლილება არავითარ გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე. ხელფასის საერთო მომატება ამიტომ მოგების საერთო ნორმის დაკლებას გამოიწვევდა, საქონლის ღირებულებაზე კი არ იმოქმედებდა.

თუმცა საქონლის ღირებულება, რომელიც საბოლოოდ საბაზრო ფასებს უნდა აწესრიგებდეს, მხოლოდ დახარჯული შრომის საერთო რაოდენობით ისაზღვრება და არა ამ რაოდენობის გაყოფით გადახდილ და გადაუხდელ შრომად, მაგრამ აქედან ყოველ შემთხვევაში სრულიადაც არ გამომდინარეობს, რომ ცალკე საქონლის ან მთელ რიგ იმ საქონლის ღირებულება, რომელიც დამზადებულია, მაგალ., 12 საათის განმავლობაში, უცვლელი დარჩება. განსაზღვრულ სამუშაო დროში ანუ შრომის განსაზღვრული რაოდენობით წარმოებული საქონლის რაოდენობა ან მასა დამოკიდებულია გამოყენებული შრომის საწარმოო ძალაზე და არა მის ხანგრძლივობაზე ანუ სიდიდეზე. ვთქვათ, მაგალითად, თორმეტსაათიან სამუშაო დღის განმავლობაში დამრთველის შრომის განსაზღვრული ნაყოფიერების მიხედვით შეიძლება წარმოებულ იქნეს თორმეტი გირვანქა ნართი, და თუ ნაყოფიერება ნაკლებია — მხოლოდ ორი გირვანქა. თუ საშუალოდ შრომის 12 საათი ექვსი შილინგის ღირებულებაში ნივთიერდება, მაშინ ექვსი შილინგი ეღირება ერთ შემთხვევაში თორმეტი გირვანქა ნართი, მეორეში ორი გირვანქა, ე. ი. ერთ შემთხვევაში გირვანქა ნართი ეღირება ექვსი პენსი, მეორეში — სამი შილინგი. ფასების ეს განსხვავება დახარჯული შრომის განსხვავებული საწარმოო ძალის შედეგი იქნებოდა. იმ შემთხვევაში, როცა შრომა უფრო ნაყოფიერია, ერთ გირვანქა ნართში ერთი საათის შრომა მოთავსდებოდა, ხოლო როცა შრომა ნაკლებ ნაყოფიერია — ექვსი საათის შრომა. პირველ შემთხვევაში გირვანქა ნართის ფასი მხოლოდ ექვსი პენსი იქნებოდა, ხელფასი შედარებით მაღალიც რომ იყოს, ხოლო მოგების ნორმა შედარებით დაბალი. მეორე შემთხვევაში ის ეღირებოდა სამი შილინგი, დაბალი ხელფასის პირობებშიაც, მოგების მაღალი ნორმისას. ეს ასე იქნებოდა იმიტომ, რომ გირვანქა ნართის ფასი ისაზღვრება იმაზე დახარჯული მთელი შრომის რაოდენობით და არა მისი განაწილებით გადახდილ და გადაუხდელ შრომაზე. მაშასადამე, ჩვენ მიერ აღნიშნული ფაქტი, რომ მაღალფასიანი შრომით შეიძლება იაფფასიანი საქონლის შექმნა, ხოლო იაფფასიანით ძვირფასიანის, პარადოქსის ხასიათს კარგავს. იგი იმ ზოგადი კანონის გამოხატულებაა მხოლოდ, რომ საქონლის ღირებულება მის წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობით ისაზღვრება, მაგრამ ამ დახარჯული შრომის რაოდენობა სავსებით მის საწარმოო ძალაზეა დამოკიდებული, და ამიტომ საქონლის ღირებულება იცვლება შრომის ნაყოფიერების ყოველ ცვლილებასთან ერთად.


XIII. უმნიშვნელოვანესი შემთხვევები, როცა მოითხოვენ ხელფასის მომატებას ან ებრძვიან მის შემცირებას

ახლა ჩვენ საფუძვლიანად უნდა განვიხილოთ ის მეტად მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა ხელფასის მომატებას ცდილობენ, ან მის შემცირებას ეწინააღმდეგებიან.

1. ჩვენ დავინახეთ, რომ სამუშაო ძალის ღირებულება ანუ, უფრო პოპულარულდა რომ ვილაპარაკოთ, შრომის ღირებულება ისაზღვრება აუცილებელი მოთხოვნილების საგნების ღირებულებით ან მათ შესაქმნელად საჭირო შრომის რაოდენობით. ამგვარად, თუ რომელიმე ქვეყანაში მუშისათვის ყოველდღიურად აუცილებელი მოთხოვნილების საგნების ღირებულებას წარმოადგენს ექვსი საათის შრომა, რომელიც სამ შილინგში ნივთიერდება, მუშას დღიურად 6 საათი უნდა ემუშავა თავისი დღიური საარსებო ეკვივალენტის შესაქმნელად. თუ სამუშაო დღე თორმეტ საათს უდრის, კაპიტალისტი მუშის შრომის ღირებულებას იხდის სამი შილინგით, ამ შემთხვევაში ნახევარი სამუშაო დღე გადაუხდელი შრომა იქნებოდა, და მოგების ნორმა ასი პროცენტი გამოვიდოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ შრომის ნაყოფიერება დაეცა და ამიტომ, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში იმავე რაოდენობის პროდუქტის საწარმოებლად მეტი შრომა იქნება საჭირო, ასე რომ ყოველდღიურ საარსებო საშუალებათა ფასი სამიდან ოთხ შილინგამდე აიწევს. ამ შემთხვევაში შრომის ღირებულება ერთი მესამედით ანუ 33.3 პროცენტით მოიმატებდა. მაშინ რვა საათის სამუშაო დღე იქნებოდა საჭირო მუშის ცხოვრების დღიურ საარსებო საშუალებათა ეკვივალენტის შესაქმნელად, შესაბამისად მისი ცხოვრების წინანდელი დონისა. ზედმეტი შრომა ამიტომ ექვსი საათიდან ოთხამდე ჩამოვიდოდა, ხოლო მოგების დონე ასიდან ორმოცდაათ პროცენტამდე დაეცემოდა. ასეთ პირობებში მუშა, რომელიც ხელფასის მომატებას მოითხოვს, მოითხოვს მხოლოდ თავისი შრომის გადიდებულ ღირებულებას ისევე, როგორც ყველა სხვა საქონლის გამყიდველი ცდილობს, თუ მისი საქონლის ხარჯები გადიდდა, აინაზღაუროს ეს გადიდებული ღირებულება. თუ ხელფასი არ გაიზარდა, ან საკმაოდ არ გაიზარდა იმისთვის, რომ მუშას აუცილებელი მოთხოვნილების საგნების გაძვირება აუნაზღაუროს, შრომის ფასი მისი ღირებულების ქვემოთ დაიწევს, და მუშის მდგომარეობა მაშინ გაუარესდება.

მაგრამ შეიძლება ცვლილება მოხდეს საწინააღდეგო მიმართულებითაც. შრომის საწარმოო ძალის მომატებით ყოველდღიურ აუცილებელ მოთხოვნილების საგნების ფასი, შეიძლება, საშუალოდ სამი შილინგიდან ორ შილინგზე ჩამოვიდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუშის ყოველდღიური აუცილებელი მოთხოვნილების საგნების ღირებულების ეკვივალენტის შესაქმნელად წინანდელი ექვსი საათის მაგივრად ოთხი საათი მოუნდება. ამ შემთხვევაში მუშას შეეძლება ორი შილინგით იმდენივე აუცილებელი მოთხოვნილების საგნები იყიდოს, რამდენსაც წინათ სამ შილინგად ყიდულობდა. შრომის ღირებულება სინამდვილეში დაცემული იქნებოდა, მაგრამ ეს შემცირებული ღირებულება საკმარისი იქნებოდა იმავე რაოდენობის საქონლის საყიდლად, როგორც წინათ. მაშინ მოგება სამი შილინგიდან ოთხამდე აიწევდა, ხოლო მოგების ნორმა კი ასიდან ორას პროცენტამდე. თუმცა მუშის არსებობის აბსოლუტური პირობები არ შეიცვლებოდა, მაგრამ მისი შეფარდებითი ხელფასი და ამასთანავე მისი შეფარდებითი სოციალური მდგომარეობა, კაპიტალისტის მდგომარეობასთან შედარებით, გაუარესდებოდა. თუ მუშა წინააღმდეგობას გაუწევდა შედარებითი ხელფასის შემცირებას, ის ამით შეეცდებოდა მხოლოდ თავისი ხვედრი მიეღო თავისივე შრომის საწარმოო ძალის ზრდაში და თავისი წინანდელი მდგომარეობა შეენარჩუნებინა სოციალურ კიბეზე. ინგლისელმა მეფაბრიკე ლორდებმა პურის კანონების გაუქმების შემდეგ 10 პროცენტით შეამცირეს ხელფასი და ამით აშკარად დაარღვიეს “საზეიმო” დაპირებები, რომლებსაც პურის კანონების საწინააღმდეგო აგიტაციის დროს იძლეოდნენ. პირველად მუშების წინააღმდეგობა დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ზოგიერთ გარემოებათა გამო, რომელსაც აქ დაწვრილებით ვერ შევეხები, დაკარგული ათი პროცენტი ხელახლა მოპოვებული იქნა;

2. აუცილებელი მოთხოვნილების საგნების ღირებულება, და, მაშასადამე, შრომის ღირებულებაც შეიძლება უცვლელი დარჩეს, მაგრამ ამასთანავე შრომის ფასი, ფულში გამოხატული, შეიძლება შეიცვალოს, როცა იცვლება ფულის ღირებულება.

მდიდარი მადნების აღმოჩენისა და სხვ. გამო შეიძლება მოხდეს, რომ ორი უნცი ოქროს მოპოვებას იმაზე მეტი შრომა არ დაჭირდეს, რამდენიც წინათ ერთ უნცს ჭირდებოდა. ამ შემთხვევაში ოქროს ღირებულება ნახევრად, ე. ი. 50%-ით შემცირდებოდა. ამიტომ ფულში გამოხატული ფასი როგორც ყველა სხვა საქონლის ღირებულების, ისე შრომის ღირებულებისაც, ორჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე წინათ. თორმეტი საათის შრომა, რომელიც წინათ ექვს შილინგს უდრიდა. ახლა, თორმეტ შილინგში გამოიხატება. თუ ამ დროს მუშის ხელფასი 3 შილინგი დარჩებოდა, იმის მაგივრად, რომ 6 შილინგზე ასულიყო, მაშინ მისი შრომის ფულადი ფასი მისი შრომის ღირებულების ნახევარს შეესაბამებოდა მხოლოდ და მუშის ცხოვრების დონე უაღრესად გაუარესდებოდა. იგივე მოხდებოდა მეტი თუ ნაკლები სიძლიერით იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ხელფასი მოიმატებდა, მაგრამ არა ოქროს ღირებულების დაცემის პროპორციულად. ამ შემთხვევაში არავითარი ცვლილება არ მოხდებოდა არც შრომის საწარმოო ძალებში, არც მიწოდება-მოთხოვნაში, არც ღირებულებებში. არაფერი შეიცვლებოდა. გარდა ამ ღირებულებათა ფულადი სახელწოდებისა. ამ შემთხვევაში იმის თქმა, რომ მუშა არ უნდა შეეცადოს ხელფასის სათანადო პროპორციით მომატებას, იგივე იქნებოდა, რომ მისთვის გვერჩია ნივთების მაგივრად დაკმაყოფილდეს მათი სახელებით. მთელი წარსული ისტორია მოწმობს, რომ ყოველთვის, როცა ფულის ასეთი გაუფასურება ხდებოდა, კაპიტალისტები მუდამ ცდილობდნენ ესარგებლათ შემთხვევით და მუშები მოეტყუებინათ. ერთი ძლიერ დიდი სკოლის ეკონომისტები გვაწრმუნებენ, რომ ოქროს შემცველი ახალი მიწების აღმოჩენის, ვერცხლის მადნების უკეთესად დამუშავებისა და ვერცხლისწყლის უფრო იაფად მიწოდების გამო, ძვირფასი ლითონების ღირებულება ხელახლა დაეცა. ამით შეიძლება იმ საყოველთაო ბრძოლის ახსნა, რომელიც ერთსადაიმავე დროს დაიწყო კონტინენტზე ხელფასის მოსამატებლად.

3. აქამდე ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა, რომ სამუშაო დღეს გარკვეული საზღვრები აქვს. მაგრამ თავისთავად მას მუდმივი საზღვრები არა აქვს. კაპიტალის მუდმივი ტენდენციაა ის უკიდურეს ფიზიკურად შესაძლებელ საზღვრებამდე გააგრძელოს, იმიტომ რომ სამუშაო დღის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იზრდება ზედმეტი შრომაც და, მაშასადამე, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მოგებაც. რაც უფრო ახერხებს კაპიტალი სამუშაო დღის გაგრძელებას, მით უფრო დიდი ხდება მის მიერ მითვისებული შრომა სხვა ადამიანებისა. XVII და თვით XVIII საუკუნის პირველ ორ მესამედში ინგლისში ნორმალური იყო 10 საათის სამუშაო დღე. ანტიიაკობინური ომის დროს, რომელსაც სინამდვილეში ბრიტანელი არისტოკრატები ბრიტანელ მუშათა მასის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, კაპიტალი თავის ვაკხანალიებს დღესასწაულობდა და სამუშაო დღეს ათიდან თორმეტ, თოთხმეტ და თვრამეტ საათამდე აგრძელებდა. მალთუსი, რომელსაც თქვენ, რასაკვირველია, ვერავითარ გულჩვილ სენტიმენტალობას ვერ დაწამებთ, თავის, დაახლოებით 1815 წელს გამოქვეყნებული, პამფლეტში ამბობდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ერის არსებობას განადგურება ემუქრებაო. დაახლოებით 1765 წელს, რამდენიმე წლით ადრე ახლადგამოგონილი მანქანების საყოველთაო შემოღებამდე, ინგლისში გამოვიდა პამფლეტი შემდეგი სათაურით: “ნარკვევი მრეწველობის შესახებ”. ანონიმური ავტორი, მუშათა კლასის შეურიგებელი მტერი, ლაყბობს სამუშაო დღის გაგრძელების აუცილებლობაზე. სხვათაშორის, ამ მიზნის მისაღწევ ერთ-ერთ საშუალებად ის “სამუშაო სახლების” დაარსებას თვლის, რომლებიც, მისი აზრით, “საშინელების სახლები” უნდა გახდნენ. როგორი ხანგრძლივობის სამუშაო დღე მიაჩნია მას საჭიროდ ამ “საშინელებათა სახლებში”? თორმეტი საათის, სწორედ ის დრო, რომელიც 1832 წელს კაპიტალისტებმა, ეკონომისტებმა და მინისტრებმა აღიარეს არა მარტო სინამდვილეში არსებულ, არამედ აუცილებელ სამუშაო დროდ ბავშვებისათვის თორმეტი წლის ასაკამდე.

როცა მუშა თავის სამუშაო ძალას ყიდის, და ის კი არსებულ სისტემაში იძულებულია ასე მოიქცეს, იგი უთმობს კაპიტალისტს ამ ძალის მოხმარების უფლებას, მაგრამ ეს მხოლოდ განსაზღვრულ გონივრულ საზღვრებში. მუშა ყიდის თავის სამუშაო ძალას, ბუნებრივ გაცვეთას თუ მხედველობის გარეშე დავტოვებთ, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის და არა იმისთვის, რომ გაანადგუროს იგი. როცა ის სამუშაო ძალას მისი დღიური ან კვირეული ღირებულების მიხედვით ყიდის, თავისთავად იგულისხმება, რომ ეს სამუშაო ძალა ერთი დღის ან ერთი კვირის განმავლობაში ისე არ უნდა იქნეს დახარჯული და გამოყენებული, როგორც ამას ადგილი ექნებოდა ორი დღის ან ორი კვირის განმავლობაში. აიღეთ მანქანა, რომელიც ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. თუ ეს მანქანა ათი წლის განმავლობაში ვამუშავეთ, ის მიუმატებს ას გირვანქა სტერლინგს ყოველწლიურად იმ საქონლის ღირებულებას, რომლის წარმოებაშიაც ის მონაწილეობას იღებს, ხუთი წლის ხმარებაში კი 200 გირვ. სტერლინგს მიუმატებს ყოველწლიურად. ე. ი. მისი ყოველწლიური გამოყენების ღირებულება უკუპროპორციულია მისი გაცვეთის სიჩქარისა. მაგრამ სწორედ აქ ჩანს ძირითადი განსხვავება მუშასა და მანქანას შორის; მანქანა არ ცვდება იმავე შეფარდებითვე, როგორითაც ხდება მისი გამოყენება. ადამიანი კი, პირიქით, ბევრად უფრო დიდი პროპორციით ცვდება, ვიდრე შეიძლებოდა შრომის წმინდა რაოდენობითი ზრდის მიხედვით გვეფიქრა.

როცა მუშები გადაჭარბებული სამუშაო დღის შემცირებას ცდილობენ წინანდელ ზომიერ დონემდე ან, სადაც ნორმალური სამუშაო დღის დაწესებას კანონით ვერ აღწევენ, უზომო შრომას ხელფასის მომატებით ებრძვიან, რომელიც არა თუ შეფარდებული იქნებოდა ზედმეტი შრომის ზრდასთან, არამედ კიდეც გადააჭარბებდა მას, — მაშინ ისინი მხოლოდ ვალს იხდიან თავიანთ თავის და თავიანთ ჩამომავლობის წინაშე. ისინი მხოლოდ საზღვარს უდებენ კაპიტალის ტირანულ უზურპაციას. დრო სივრცეა დამიანის განვითარებისათვის. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება, წმინდა ფიზიკური პაუზების გამოკლებით ძილისთვის, ჭამისთვის და სხვ., კაპიტალისტის სამსახურს უნდა შესწიროს, ტვირთმზიდავ პირუტყვზე დაბლა დგას. ის მხოლოდ სხვისი სიმდიდრის მწარმოებელი მანქანაა, ფიზიკურად მოტეხილი და სულიერად პირუტყვად ქცეული. და მთელი თანამედროვე მრეწველობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ კაპიტალი არ აილაგმა, ის შეუბრალებლად და დაუზოგავად შეეცდება მთელი მუშათა კლასი დიყვანოს დაბლა ამ უღრმესი დეგრადაციის დონემდე.

შეიძლება კაპიტალისტმა სამუშაო დღის გაგრძელებასთან ერთად ხელფასსაც მოუმატოს, მაგრამ შრომის ღირებულება მაინც დაეცეს: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელფასმა ვერ იმატა ისე, როგორც მატულობს გამოყენებული სამუშაო დრო და ამით გამოწვეული სამუშაო ძალის სწრაფი გაცვეთა. კაპიტალისტს შეუძლია ამას სხვა გზითაც მიაღწიოს. ინგლისელი ბურჟუაზიული სტატისტიკოსები გეტყვიან, მაგალითად, რომ ლანკაშირის ფაბრიკებში მომუშავე ოჯახების ხელფასმა იმატა; მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ახლა არა მარტო მამაკაცი, ოჯახის უფროსი, არამედ მისი ცოლი და სამი თუ ოთხი ბავშვი მსხვერპლად უვარდებიან ქვეშ კაპიტალის ჯაგერნაუტის ბორბლებს[7] და რომ მთელი ხელფასის ჯამის მომატება არ შეეფერება მუშის ოჯახიდან ამოწურული ზედმეტი შრომის ჯამს.

მაგრამ თვით სამუშაო დღის მოცემულ საზღვრებში, როგორიც არსებობს ახლა ყველა საფაბრიკო კანონებისათვის დაქვემდებარებულ მრეწველობის დარგებში, ხელფასის გადიდება შეიძლება აუცილებელი გახდეს თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ შენარჩუნებულ იქნას შრომის ღირებულება ძველი დონე. შრომის ინტენსივობის მომატების გამო შეიძლება ადამიანი იძულებული გახდეს ერთ საათში იმდენი სასიცოცხლო ძალა დახარჯოს, რამდენსაც წინათ ორ საათში ხარჯავდა. ეს უკვე რამდენადმე განხორციელებულია საფაბრიკო კანონებს დამორჩილებულ მრეწველობის დარგებში, მანქანების მუშაობის აჩქარებით და აგრეთვე იმით, რომ ახლა ერთი კაცი ვალდებულია ბევრ მომუშავე მანქანას ადევნოს თვალყური. თუ შრომის ინტენსივობა ან საათში დახარჯული სამუშაო ძალის რაოდენობა იზრდება შესაფერი პროპორციით სამუშაო დღის შემოკლებასთან ერთად, მუშა ასე თუ ისე მოგებაში რჩება. მაგრამ როცა ეს პროპორცია ირღვევა, მუშა კარგავს ერთ შემთხვევაში იმას, რასაც იგებს მეორეში, და ათი საათის მუშაობამ შეიძლება ისეთივე გამანადგურებელი გავლენა იქონიოს, როგორიც წინათ თორმეტს ჰქონდა. როცა მუშა კაპიტალის ასეთ ტენდენციას წინ ეღობება და ხელფასის მოსამატებლად იბრძვის, რომ ხელფასი შრომის აწეულ ინტენსივობას შეესაბამებოდეს, ამით ის მხოლოდ თავისი შრომის გაუფასურებას და თავისი მოდგმის გადაგვარებას ეწინააღმდეგება.

4. თქვენ ყველამ იცით, რომ, განსაზღვრული მიზეზების გამო, რომლებიც არ არის საჭირო განვმარტო აქ, კაპიტალისტური წარმოება მოძრაობს განსაზღვრულ პერიოდულ ციკლებში. ის გაივლის სიწყნარის, მზარდი გამოცოცხლების, აყვავების, ჭარბი წარმოების, კრიზისისა და შეფერხების მდგომარეობას. საქონლის საბაზრო ფასები და მოგების საბაზრო ნორმა ამ ფაზებს მისდევენ ისე, რომ ხან მათ საშუალო დონეზე დაბლა ეცემიან, ხან ისევ მასზე მაღლე იწევენ. მთელი ამ ციკლის განხილვა თქვენ დაგანახვებთ, რომ საბაზრო ფასების ერთ გადახრას ათანაბრებს მეორე და საშუალოდ ციკლის ფარგლებში, საქონლის საბაზრო ფასებს მისი ღირებულება აწესრიგებს. ამრიგად, საბაზრო ფასების დაწევის, კრიზისისა და შეფერხების ფაზებში მუშა, თუ ის საერთოდ უმუშევრად არ დარჩა, დარწმუნებით უნდა მოელოდეს თავისი ხელფასის შემცირებას; მაგრამ თვით საბაზრო ფასების ასეთი დაცემის დროსაც მან, რომ მოტყუებული არ გამოვიდეს, დავა უნდა აწარმოოს კაპიტალისტთან იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორი პროცენტითაა ხელფასის დაწევა აუცილებელი. მუშა რომ აყვავების ფაზაში, როცა წარმოება დამატებით მოგებას იძლევა, ხელფასის მომატებისათვის არ იბრძოდეს, მაშინ, სამრეწველო ციკლის საშუალო რომ ავიღოთ, ის ვერ მიიღებდა თვით თავის საშუალო ხელფასს ანუ თავისი შრომის საშუალო ღირებულებას. უაღრესად დიდი სისულელე იქნებოდა მოგვეთხოვა, რომ მუშამ, რომლის ხელფასი სამრეწველო ციკლის დაღმავალი ფაზის მეოხებით გარდაუვლად მცირდება, არ ისარგებლოს აყვავების ფაზით თავისი ზარალის ასანაზღაურებლად. საზოგადოდ, ყოველი საქონლის ღირებულება ხორციელდება მხოლოდ გამუდმებით ცვალებადი საბაზრო ფასების გათანასწორებით, ეს ფასები კი განუწყვეტლივ იცვლებიან მოთხოვნისა და მიწოდების მუდმივი ქანაობის გამო. თანამედროვე სისტემის საფუძველზე შრომა მხოლოდ საქონელია, როგორც ყველა სხვა საქონელი და, მაშასადამე, უნდა განიცადოს ისეთივე რყევა, როგორც ყველა სხვა საქონელმა, რომ მიუდგეს იმ საშუალო ფასს, რომელიც მის ღირებულებას შეეფარდება. უაზრობა იქნებოდა, რომ, ერთი მხრივ, შრომა აგვეღო, როგორც საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, ის დაგვეყენებინა იმ კანონების გარეშე, რომლებიც საქონლის ფასებს აწესრიგებენ. მონა საცხოვრებლად მტკიცე და განსაზღვრული რაოდენობის საარსებო საშუალებებს ღებულობს; დაქირავებულ მუშას ეს არ აქვს. ის უნდა შეეცადოს ერთ შემთხვევაში ხელფასის მომატებას, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ აინაზღაუროს ხელფასის დანაკლისი მეორე შემთხვევაში. თუ მან კაპიტალისტის სურვილები და კარნახი უცვლელ ეკონომიურ კანონად მიიჩნია, მაშინ მას მოუხდება მონური გაჭირვების ატანა, ხოლო მონასავით უზრუნველყოფილი კი არ იქნება.

5. ყველა, ჩემ მიერ განხილულ, შემთხვევაში, რაც საერთო შემთხვევათა 99% შეადგენს, თქვენ დაინახეთ, რომ ბრძოლა ხელფასის მომატებისათვის გამოწვეულია მხოლოდ წინამორბედი ცვლილებებით და აუცილებელი ნაყოფია იმ წინანდელ ცვლილებათა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარმოების ფარგლებში, შრომის საწარმოო ძალაში, შრომის და ფულის ღირებულებაში, მუშისაგან გამოწოვილი შრომის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის გადიდებაში, საბაზრო ფასების რყევაში, რაც თავის მხრივ მიწოდების და მოთხოვნის რყევაზე და სამრეწველო ციკლის სხვადასხვა ფაზაზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, ბრძოლა შრომის რეაქციაა კაპიტალის ადრინდელი მოქმედების წინააღმდეგ. თუ თქვენ ბრძოლას ხელფასის მომატებისათვის ისე შეხედავთ, რომ უყურადღებოდ დატოვებთ ყველა ამ გარემოებას, თუ თქვენ ხელფასის ცვლილებას აღნიშნავთ და მის გამომწვევ გარემოებებს ანგარიშს არ გაუწევთ, — მაშინ თქვენ გამოხვალთ ყალბი წანამძღვარიდან, რათა მიხვიდეთ ყალბ დასკვნამდე.


XIV. ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის და მისი შედეგები

1. ზემოთ მე დაგანახეთ, რომ თუ მუშები პერიოდულ წინააღმდეგობას უწევენ ხელფასის შემცირებას და პერიოდულად ცდილობენ, რომ ის მომატებულ იქნეს, ეს მოვლენა განუყრელადაა დაკავშირებული დაქირავებული შრომის სისტემასთან და იმითაა გამოწვეული, რომ შრომა სხვა საქონელთან არის გათანასწორებული და ამიტომ ის ექვემდებარება იმ კანონებს, რომლებიც ფასების მოძრაობას აწესრიგებენ საერთოდ. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელფასის საზოგადო მომატებას მოგების ნორმის საზოგადო შემცირება მოყვება, მაგრამ საქონლის საშუალო ფასი და ღირებულება ამ მომატების გავლენას არ განიცდის. ახლა იბადება საკითხი: რამდენად შესაძლოა იმ შეუწყვეტელ ბრძოლაში, რომელიც აქვთ ერთმანეთთან კაპიტალსა და შრომას, ამ უკანასკნელმა იქონიოს გამარჯვების იმედი?

მე შემეძლო ზოგადად მეპასუხა და მეთქვა, რომ როგორც ყველა საქონლის, ისე შრომის საბაზრო ფასი დროთა მსვლელობაში მის ღირებულებას შეეგუება: ამიტომ ყოველი შემცირების და მომატების მიუხედავად, რაც არ უნდა მოიმოქმედოს მუშამ, ის საშუალოდ მიიღებს მხოლოდ თავისი შრომის ღირებულებას, რომელიც მისი სამუშაო ძალის ღირებულებაზე დაიყვანება და რაც თავის მხრივ განისაზღვრება იმ საარსებო საშუალებათა ღირებულებით, რაც ამ ძალის შესანახად და აღსადგენად არის საჭირო; ხოლო აუცილებელი მოთხოვნილების საგანთა ეს ღირებულება, თავის მხრივ, მათ საწარმოებლად აუცილებელი შრომის რაოდენობით განისაზღვრება.

მაგრამ არის ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოება, რომელიც სამუშაო ძალის ანუ შრომის ღრებულებას ანსხვავებს ყველა სხვა საქონლის ღირებულებისაგან. სამუშაო ძალის ღირებულებაში შედის ორი ელემენტი: ერთი — უბრალო ფიზიკური, ხოლო მეორე — ისტორიული ანუ საზოგადოებრივი. მის ქვედა საზღვარს ფიზიკური ელემენტი განსაზღვრავს, ე. ი. მუშათა კლასს უნდა ექნეს ცხოვრებისა და გამრავლებისათვის აბსოლუტურად აუცილებელი მოთხოვნილების საგნები, რათა თავისი თავი შეინახოს და აღადგინოს, თავისი ფიზიკური არსებობა შეუჩერებლივ განაგრძოს. ამიტომ ამ აბსოლუტურად აუცილებელი მოთხოვნილების საგანთა ღირებულება შრომის ღირებულების ქვედა საზღვარს წარმოადგენს. მეორე მხრივ, სამუშაო დღის ხანგრძლივობასაც თავისი უკიდეურესი, თუმცა მეტად ელასტიური, საზღვარი აქვს. მისი უკიდურესი საზღვარი მოცემულია მუშის ფიზიკური ძალის სახით. თუ მუშის სასიცოცხლო ძალის ყოველდღიური დახარჯვა გარკვეულ საზღვარს ცილდება, მაშინ მას არ შეეძლება დღითი-დღე იმუშაოს. მაგრამ როგორც ვთქვი, ეს საზღვრები მეტად ელასტიურია. სუსტ და დღენაკლებ თაობათა ჩქარი შეცვლა ისევე კარგად უზრუნველყოფს ბაზარს სამუშაო ძალით, როგორც ძალღონით სავსე და დღეგრძელ თაობათა რიგი.

გარდა ამ წმინდა-ფიზიკური ელემენტისა, შრომის ღირებულება განისაზღვრება თვითეულ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციული დონით. ის მდგომარეობს არა უბრალო ფიზიკურ არსებობაში, არამედ იმ განსაზღვრულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში, რომელნიც წარმოიშობიან იმ საზოგადოებრივი პირობების მეოხებით, რომლებშიც ცხოვრობენ და იზრდებიან ადამიანები. ინგლისელის ცხოვრების დონე შეიძლება დაყვანილ იქნას ირლანდიელის, ხოლო გერმანელი გლეხის დონე — ლატვიელი გლეხის დონემდე. იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ამ შემთხვევაში ისტორიული ტრადიციები და სოციალური ჩვეულებები თამაშობენ, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ტორნტონის შრომაში “ჭარბი მოსახლეობა”. აქ ის ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასი ახლაც ცოტად თუ ბევრად განსხვავდება ინგლისის სხვადასხვა სამიწათმოქმედო ოლქებში, იმის მიხედვით, თუ რამდენად ხელსაყრელ პირობებში დააღწია თავი ამა თუ იმ ოლქმა ბატონყმურ დამოკიდებულებას.

ეს ისტორიული თუ სოციალური ელემენტი, როცა ის შრომის ღირებულებაში შედის, შეიძლება გადიდდეს ან შემცირდეს, ან სრულიადაც მოისპოს ისე, რომ არაფერი არ დარჩეს, გარდა ფიზიკური საზღვრებისა. ანტიიაკობინური ომის დროს, რომელსაც ინგლისი შუდგა იმ მიზნით, რომ ჩვენი “წმინდა” სარწმუნოების სასოებანი გადაერჩინა საფრანგეთის ურწმუნოებისაგან, — ასე უყვარდა გამოთქმა მოხუც, გაუსწორებელ, გადასახადების მჭამელ და სინეკურების მოტრფიალე ჯორჯ როზს, — გულკეთილმა ინგლისელმა ფერმერებმა, რომლებსაც ჩვენ ასე რბილად შევეხეთ ჩვენი მოხსენების წინა თავში, მიწის მუშების ხელფასი თვით იმ წმინდა ფიზიკურ მინიმუმზე დაბლა დასწიეს, ხოლო რაც მუშებს თავიანთი ჩამომავლობის შესანახად აკლდებოდათ, ფერმერები ცდილობდნენ “ღატაკთა კანონის” შემწეობით შეევსოთ. ეს იყო საუცხოო საშუალება დაქირავებული მუშის მონად, ხოლო შექსპირის ამაყი მიწათმოქმედის — იომენის — პაუპერად გადასაქცევად.

თუ თქვენ ჩვეულებრივ ხელფასს ანუ შრომის ღირებულებას სხვადასხვა ქვეყანაში და ერთიდაიმავე ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში შეადარებთ ერთმანეთს, დაინახავთ, რომ თვით შრომის ღირებულება მუდმივი კი არა, ცვალებადი სიდიდეა, და ეს თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიგულისხმებთ, რომ ყველა სხვა საქონლის ღირებულება უცვლელი რჩება.

ასეთი შედარება დაამტკიცებდა, რომ არა მარტო მოგების საბაზრო ნორმა, არამედ თვით მოგების საშუალო ნორმაც იცვლება.

მოგებისთვის არ არსებობს კანონი, რომელიც მის მინიმუმს საზღვრავდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორია მისი დაცემის ქვედა საზღვარი, და რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ამ საზღვრის დადგენა? იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელფასის მინიმუმის განსაზღვრა, მაგამ არ შეგვიძლია მისი მაქსიმუმის განსაზღვრა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ, რომ თუ სამუშაო დღის საზღვრები მოცემულია, მოგების მაქსიმუმი ხელფასის ფიზიკურ მინიმუმს შეესაბამება, ხოლო მოცემული ხელფასის პირობებში მოგების მაქსიმუმი შეესაბამება სამუშაო დღის იმ ხანგრძლივობას, რომელიც კიდევ შეიძლება აიტანოს მუშის ფიზიკურმა ძალამ. ამრიგად, მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ცხადია, რომ მოგების ამ მაქსიმალურ ნორმის ორ საზღვარს შორის შესაძლებელია ვეებერთელა კიბე ვარიაციებისა. ფაქტიური მოგების ნამდვილი დონის განსაზღვრა ხდება მხოლოდ კაპიტალსა და შრომას შორის მუდმივი ბრძოლის საშუალებით: კაპიტალისტი მუდამ ცდილობს ხელფასი მის ფიზიკურ მინიმუმამდე დაწიოს, ხოლო სამუშაო დღე ფიზიკურ მაქსიმუმამდე გააგრძელოს, მუშა კი მუდამ საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს.

ეს საკითხი თავისთავად იქცევა მებრძოლი მხარეების ძალთა შეფარდების საკითხად.

2. რაც შეეხება სამუშაო დღის შეზღუდვას ინგლისში, და ასევე სხვა ქვეყნებში, ის არასოდეს არ განხორციელებულა კანონმდებლობის ჩაურევლად. ეს ჩარევა კი არასოდეს არ მოხდებოდა მუშების მხრით მუდმივი ძალდატანების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო დღის შეზღუდვას ვერასოდეს ვერ მიივაღწევდით მუშების და კაპიტალისტების კერძო შეთანხმებით. სწორედ საერთო პოლიტიკურ მოქმედების ეს აუცილებლობა წარმოადგენს იმის დამტკიცებას, რომ წმინდა ეკონომიური ხასიათის ბრძოლაში კაპიტალი უფრო მძლავრ მხარეს წარმოადგენს.

რაც შეეხება შრომის ღირებულების საზღვრებს, მათი ფაქტიური დადგენა ყოველთვის მიწოდება-მოთხოვნაზეა დამოკიდებული — მე ვლაპარაკობ შრომის მოთხოვნაზე კაპიტალის მხრივ და შრომის მიწოდებაზე მუშების მხრივ. კოლონიურ ქვეყნებში მოთხოვნისა და მიწოდების კანონი ხელსაყრელია მუშებისათვის. ამით აიხსნება ხელფასის შედარებით მაღალი დონე შეერთებულ შტატებში. იქ კაპიტალს, რაც არ უნდა ეცადოს, არ შეუძლია ხელი შეუშალოს შრომის ბაზრის დაცარიელებას, რომელიც გამოწვეულია დაქირავებული მუშების დამოუკიდებელ და თავისუფალ გლეხებად გადაქცევის უწყვეტი პროცესით. დაქირავებული მუშის მდგომარეობაში ყოფნა ამერიკელთა უდიდესი ნაწილისათვის მხოლოდ გარდამავალი მდგომარეობაა, რომელსაც ისინი ადრე თუ გვიან აუცილებლად დატოვებენ[8] . რომ გამოესწორებინა კოლონიებში ეს პირობები, მამობრივად მზრუნველმა ბრიტანეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინათ ეგრეთწოდებული უახლოესი საკოლონიზაციო თეორია მიიღო. ამ თეორიის მიხედვით კოლონიურ მიწებზე ხელოვნურად მაღალი ფასები წესდება, რათა ამგვარად შეფერხდეს ჩქარი გადაქცევა დაქირავებულ მუშებისა დამოუკიდებელ გლეხებად.

მაგრამ გადავიდეთ ძველ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც კაპიტალი ბატონობს მთელ წარმოების პროცესში. აიღეთ, მაგალითად, სოფლის მუშების ხელფასის მომატება ინგლისში 1849 წლიდან 1859 წლამდე. როგორი იყო მისი შედეგები? ფერმერებმა ვერ შესძლეს, როგორც ამას ჩვენი მეგობარი უესტონი ურჩევდა, არა თუ ხორბლის ღირებულების, არამედ მისი საბაზრო ფასის აწევაც. პირიქით, იძულებული იყვნენ შერიგებოდნენ ფასების დაცემას. მაგრამ ამ თერთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვაგვარი მანქანები და ახალი მეცნიერული მეთოდები შემოიღეს, სახნავი ადგილების ნაწილი საძოვრად აქციეს, ფერმების მოცულობა გაადიდეს და ამით წარმოების მასშტაბიც. და როდესაც ამით და სხვა ასეთი საშუალებებით, რამაც შრომის საწარმოო ძალა გაზარდა, მუშა-ხელზე მოთხოვნილება შეამცირეს, სოფლის მუშათა მოსახლეობა ხელახლა გახდა შედარებით ჭარბი. ასეთია საზოგადო მეთოდი, რომლითაც კაპიტალის რეაქცია ჩქარა ან ნელა მუშაობს ხელფასის მომატების წინააღმდეგ ძველ ქვეყნებში, სადაც ყველა მიწა დაკავებულია. რიკარდომ სრულიად სამართლიანად შენიშნა, რომ მანქანა მუდმივ კონკურენციაში იმყოფება შრომასთან და ხშირად ის მხოლოდ მაშინ შეიძლება შემოღებულ იქნეს, როცა შრომის ფასი განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, მაგრამ მანქანის გამოყენება მხოლოდ ერთი მრავალ საშუალებათაგანია შრომის საწარმოო ძალის გასაძლიერებლად. იგივე განვითარების პროცესი, რომელიც შედარებით ზედმეტად ხდის უბრალო შრომას, მეორე მხრივ ამარტივებს კვალიფიციურ შრომას და ამგვარად ძირს სწევს მის ღირებულებას.

იგივე კანონი სხვა გზითაც იჩენს თავს. შრომის საწარმოო ძალთა განვითარებასთან ერთად, თვით შრომის ხელფასის შედარებით მაღალი დონის მიუხედავად, ჩქარდება კაპიტალის დაგროვება. აქედან შეიძლებოდა დაგვესკვნა, როგორც ეს ივარაუდა ადამ სმიტმა, რომლის დროს თანამედროვე მრეწველობა ახლად იდგამდა ფეხს, რომ კაპიტალის აჩქარებულმა დაგროვებამ, რომელიც ქმნის მზარდ მოთხოვნას შრომაზე, სასწორი მუშების სასარგებლოდ უნდა გადახაროს. ამ შეხედულების მიმდევარ თანამედროვე მწერლებს უკვირდათ, რომ, თუმცა ინგლისური კაპიტალი უკანასკნელ ოც წელში ბევრად უფრო ჩქარა იზრდებოდა, ვიდრე ინგლისის მოსახლეობა, ხელფასმა მაინც არ მოიმატა. მაგრამ დაგროვების პროგრესიულ ზრდასთან ერთად პროგრესიულად იცვლება კაპიტალის შედგენილობა. მთელი კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც მუდმივ კაპიტალს წარმოადგენს, და მანქანებისა, ნედლი მასალისა და სხვადასხვაგვარი საწარმოო საშუალებისაგან შედგება, უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე კაპიტალის მეორე ნაწილი, რომელიც ხელფასისათვის, ე. ი. შრომის სასყიდლად იხარჯება. ეს კანონი მეტი თუ ნაკლები სისწორით აქვთ ჩამოყალიბებული ბარტონს, რიკარდოს, სისმონდის, პროფ. რიჩარდ ჯონსს, პროფ. რამსეის, შერბულიეს და სხვ.

თუ თავდაპირველად დამოკიდებულება კაპიტალის ამ ორ ნაწილს შორის იყო 1:1, მრეწველობის განვითარების პროცესში ის ხდება 5:1 და ასე შემდეგ. თუ მთელი კაპიტალიდან, რომელიც ექვსას ერთეულს უდრის, სამასი იარაღსა, ნედლ მასალასა და სხვაზე დაიხარჯება, ხოლო სამასი ხელფასზე, კაპიტალი უნდა გაორკეცდეს, რომ სამასის მაგივრად ექვსას მუშაზე შექმნას მოთხოვნილება. მაგრამ თუ 600 ერთეულიან კაპიტალიდან ხუთასი მანქანებსა, მასალაზე და სხვ. დაიხარჯება, და მხოლოდ ასი ხელფასზე, იგივე კაპიტალი ექვსასიდან 3600 ერთეულამდე უნდა ავიდეს, რომ სამასის მაგივრად ექვსას მუშაზე შექმნას მოთხოვნილება. ამიტომ მრეწველობის განვითარებასთან ერთად მოთხოვნილება შრომაზე ვერ ეწევა კაპიტალის დაგროვებას. ის თუმცა იზრდება, მაგრამ მისი ზრდა კაპიტალის ზრდასთან შედარებით განუწყვეტლივ მცირდება.

ეს მცირეოდენი შენიშვნები საკმაოა იმის საჩვენებლად, რომ სწორედ თანამედროვე მრეწველობის განვითარებამ სასწორი კაპიტალისტების სასარგებლოდ და მუშების საზიანოდ უნდა დაძლიოს, და, მაშასადამე, კაპიტალისტური წარმოების საერთო ტენდენცია ხელფასის საშუალო დონის მომატებისაკენ კი არა, პირიქით, მისი შემცირებისაკენ იხრება, ე. ი. მეტნაკლებად ის მიიმართება იქითკენ, რომ შრომის ღირებულება მის მინიმალურ საზღვრამდე იქნეს დაწეული. მაგრამ თუ საქმის ვითარებას თანამედროვე სისტემაში ასეთი ტენდენცია აქვს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მუშებმა წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიონ კაპიტალის თავდასხმებს და აღარ შეეცადონ შემთხვევითი შესაძლებლობა თავისი მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესებისათვის გამოიყენონ? ისინი რომ ასე მოქცეულიყვნენ, წელმოტეხილ, იმედდაკარგულ, დაღუპვის გზაზე დამდგარ უფერულ ბრბოს დონემდე დავიდოდნენ. მე მგონია, დაგანახეთ, რომ მუშების ბრძოლა ნორმალური ხელფასისათვის განუყრელად დაკავშირებულია დაქირავებული შრომის მთელ სისტემასთან, რომ მათი მისწრაფება ხელფასის მომატებისადმი ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ასიდან მხოლოდ იმ ცდას წარმოადგენს, რომ შენარჩუნებულ იქნეს შრომის არსებული ღირებულება და რომ ხელფასისათვის კაპიტალისტებთან ბრძოლის აუცილებლობა დაკავშირებულია მის იმ მდგომარეობასთან, რომელიც აიძულებს მას გაყიდოს თავისი თავი, როგორც საქონელი. თუ მუშები თავიანთ ყოველდღიურ შეტაკებაში კაპიტალის წინააღდეგ ლაჩრულად დათმობაზე წავლენ, მაშინ ისინი დაკარგავდნენ უნარს თავს ედვათ უფრო ფართო მოძრაობა.

მაგრამ ამავე დროს დაქირავებული შრომის სისტემასთან დაკავშირებული საერთო დამონება რომ სავსებით მხედველობის გარეშე დავტოვოთ, მუშებმა არ უნდა გააზვიადონ ამ ყოველდღიური ბრძოლის საბოლოო შედეგების შეფასება. მათ არ უნდა დაივიწყონ, რომ ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ისინი შედეგებს ებრძვიან და არა მათ წარმომშობ მიზეზებს, რომ თავიანთი ბრძოლით მხოლოდ აჩერებენ მოძრაობას დაქვეითებისაკენ, მაგრამ არ ცვლიან თვით მის მიმართულებას; რომ ისინი მხოლოდ პალიატიურ ზომებს ხმარობენ, და ავადმყოფობას კი ვერ არჩენენ. ამიტომ მუშები არ უნდა ჩაიფლან მარტოოდენ ამ აუცილებელ პარტიზანულ ომში, რომელსაც კაპიტალის განუწყვეტელი შემოტევა ან ბაზრის მდგომარეობის ცვლილება იწვევს. მუშებმა უნდა გაიგონ, რომ თანამედროვე სისტემა, მთელ იმ სიღატაკესთან ერთად, რომელიც მას მათთვის მოაქვს, ქმნის აუცილებელ მატერიალურ პირობებსა და სოციალურ ფორმებს საზოგადოების ეკონომიურად გარდასაქმნელად. კონსერვატული მოწოდების მაგივრად: “სამართლიანი ხელფასი, სამართლიანი სამუშაო დღისათვის”, მათს დროშაზე უნდა დაიწეროს რევოლუციური ლოზუნგი: “დაქირავებული შრომის მოსპობა”.

ამ მეტად გრძელს და, ვშიშობ, დამქანცველ მოხსენებას, რომელიც უნდა გამეკეთებინა, მთავარი საგნის გასაშუქებლად, მე ვათავებ წინადადებით მიიღოთ შემდეგი რეზოლუცია:

  1. ხელფასის დონის საყოველთაო მომატება საერთო მოგების შემცირებას იწვევს, მაგრამ საერთოდ არ მოქმედებს საქონლის ფასებზე.
  2. კაპიტალისტურ წარმოების საერთო ტენდენცია იხრება არა საშუალო ნორმალური ხელფასის მომატებისა, არამედ შემცირებისკენ.
  3. ტრედ-უნიონები წარმატებით მოქმედებენ როგორც ბრძოლის ცენტრები კაპიტალის შემოტევის წინააღმდეგ. ცალკე შემთხვევებში ისინი ვერ აღწევენ მიზანს თავიანთი ძალის მოუფიქრებლად გამოყენების გამო; საერთოდ კი ისინი თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ იმიტომ, რომ კმაყოფილდებიან პარტიზანული ბრძოლით თანამედროვე სისტემის შედეგების წინააღმდეგ, იმის მაგივრად, რომ იმავდროულად შეეცადონ შეცვალონ იგი და თავიანთი ორგანიზებული ძალები გამოიყენონ ბერკეტად მუშათა კლასის საბოლოო განთავისუფლებისათვის, ე. ი. დაქირავებული შრომის სისტემის საბოლოო მოსპობისათვის.

[1] ინგლისელი მუშა ჯონ უესტონი მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ საბჭოში იცავდა ტეზისს იმის შესახებ, რომ ხელფასის მომატებას არ შეუძლია მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესება და რომ ტრედ-უნიონთა მოქმედება მავნებლურად უნდა ჩაითვალოსო. რედაქცია.

[2] ორიგინალში სიტყვათა ძნელად სათარგმნი ზმობაა: spoon — კოვზი და ყეყეჩი, spoony — რეგვენი, უშვერი, უგვანი, უხამსი. რედაქცია.

[3] მაქსიმალური ფასების კანონი შემოღებული იქნა იაკობინური კონვენტის მიერ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს 1793 წელს. ის მტკიცედ საზღვრავდა ფასებს საქონელზე და ხელფასის მაქსიმუმს. რედაქცია.

[4] აქ შეცდომაა; მარქსის მიერ აღნიშნული ეკონომისტის გვარი ნიუმენი კი არაა, არამედ ნიუმარჩი. რედაქცია.

[5] ტექსტში სიტყვათა თამაშია, რომელიც არ ითარგმნება: აკვიატებული იდეები — fixed ideas, უცვლელი — fixed. რედაქცია.

[6] იხ. ა. სიმიტის წიგნი “Исследование о природе и причинах богатства народов». Т. І, ГА. VII, стр. 55, Μ. - Л., 1935. რუსული თარგმანი. რედაქცია.

[7] მარქსი აქ გულისხმობს ეტლს, რომლითაც დღესასწაულის დროს ქ. პურის ქუჩებში ატარებდნენ ინდუსთა ღვთაების ვისნუ-ჯაგერნაუტის გამოსახულებას, ამ ეტლის თვალებში მრავალი მორწმუნე ვარდებოდა და იღუპებოდა. რედაქცია.

[8] იხ. “კაპიტალის” I ტომი, თავი 25, შენიშვნა 253: “აქ ლაპარაკია ნამდვილ კოლონიებზე, ყამირზე, რომელიც დასახლებულია თავისუფალი ემიგრანტების მიერ. შეერთებული შტატები ეკონომიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ევროპის კოლონიაა. თუმცა აქ იგულისხმება ისეთი ძველი გაშენებული ადგილებიც, სადაც მონობის მოსპობამ ძირფესვიანად შეცვალა მთელი ურთიერთობა”. მას შემდეგ, რაც კოლონიებში მიწა ყველგან კერძო საკუთრებად იქნა მითვისებული, დაქირავებულ მუშათა დამოუკიდებელ მწარმოებლად გადაქცევა შეუძლებელი შეიქნა. რედაქცია.


|