კარლ მარქსი

კაპიტალისტური დაგროვების ისტორიული ტენდენცია

კაპიტალის პირველი ტომის XXIV-ე თავიდან


გამოქვეყნებული: 1867 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: კაპიტალი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის რჩეული ნაწერების ორტომეულის ქართული გამოცემა, 1950 წ., თბილისი
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


რაში მდგომარეობს კაპიტალის პირვანდელი დაგროვება, ე. ი. მისი ისტორიული გენეზისი? რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მონების და ყმების უშუალო გადაქცევას დაქირავებულ მუშებად, მაშასადამე, ფორმათა უბრალო ცვლას, იგი მხოლოდ უშუალო მწარმოებელთა ექსპროპრიაციას, ე. ი. საკუთარ შრომაზე დამყარებული კერძო საკუთრების რღვევას ნიშნავს.

კერძო საკუთრება, როგორც წინააღმდეგობა საზოგადოებრივი, კოლექტიური საკუთრებისა, მხოლოდ იქ არსებობს, სადაც შრომის საშუალებები და შრომის სხვა გარეშე პირობები კერძო პირებს ეკუთენის. მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ ვინ არიან ეს კერძო პირები — მუშები თუ არა-მუშები, კერძო საკუთრებასაც სხვა ხასიათი აქვს. ის უსასრულო ნაირობა, რომელიც პირველი შეხედვით მასში მოიპოვება მხოლოდ ამ ორ კიდურს შორის არსებულ შუალედ მდგომარეობას ასახავს.

მუშის კერძო საკუთრება მის წარმოების საშუალებებზე წვრილი წარმოების საფუძველს შეადგენს, ხოლო წვრილი წარმოება საზოგადოებრივი წარმოების და თვით მუშის თავისუფალი ინდივიდუალობის განვითარების აუცილებელი პირობაა. რა თქმა უნდა, წარმოების ეს წესი არსებობს აგრეთვე მონობის, ბატონყმობის და დამოკიდებულების სხვა ურთიერთობის დროსაც. მაგრამ იგი ჰყვავის, მთელ თავის ენერგიას იჩენს, და სათანადო კლასიკურ ფორმას იღებს მხოლოდ იქ, სადაც მუშა თავისი, მის მიერვე გამოყენებული შრომითი პირობების თავისუფალი კერძო მესაკუთრეა, სადაც გლეხი მესაკუთრეა მის მიერ დამუშავებული მიწისა და ხელოსანი — იმ იარაღისა, რომელსაც იგი ვირტუოზივით ფლობს.

წარმოების ეს წესი მიწის და წარმოების სხვა საშუალებათა დაქუცმაცებას გულისხმობს. იგი გამორიცხავს როგორც წარმოების საშუალებათა კონცენტრაციას, ისე კოოპერაციას, გამორიცხავს შრომის დანაწილებას ერთი და იმავე საწარმოო პროცესების შიგნით, საზოგადოებრივ ბატონობას ბუნებაზე და ბუნების ძალების მოწესრიგებას, საზოგადოებრივ საწარმოო ძალთა თავისუფალ განვითარებას. იგი ეგუება წარმოების და საზოგადოების მხოლოდ ვიწრო, ბუნებრივად აღმოცენებულ ფარგლებს, მისი გამარადისების სურვილი, როგორც პეკერი სამართლიანად ამბობს, "საყოველთაო საშუალობის დაკანონებას" ნიშნავს. განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე იგი თვით ჰქმნის თავისი საკუთარი მოსპობის მატერიალურ საშუალებებს. ამ მომენტიდან დაწყებული საზოგადოების წიაღში იღვიძებენ ძალები და ვნებანი, რომელნიც წარმოების ამ წესის მიერ თავს შებორკილად გრძნობენ. წარმოების ეს წესი უნდა მოისპოს და ისპობა კიდეც. მისი მოსპობა, წარმოების ინდივიდუალურ და დაქუცმაცებულ საშუალებათა გადაქცევა წარმოების საზოგადოებრივად კონცენტრირებულ საშუალებებად, ე. ი. მრავალთა წვრილი საკუთრების გადაქცევა მცირეოდენთა მსხვილ საკუთრებად, ხალხურ ფართო მასების მიწის, საარსებო საშუალებათა და შრომის იარაღების ექსპროპრიაცია, ხალხური მასის ეს საშინელი და მძიმე ექსპროპრიაცია, კაპიტალის წინაისტორიას წარმოადგენს. იგი მოიცავს მთელ რიგ ძალადურ მეთოდებს, რომელთაგანაც ჩვენ განვიხილეთ ზემოთ მხოლოდ ეპოქის შემქმნელი მეთოდები, როგორც მეთოდები კაპიტალის პირვანდელი დაგროვებისა. უშუალო მწარმოებელთა ექსპროპრიაცია ხდება ყველაზე დაუნდობელი ვანდალიზმით და უაღრესად უსირცხვილო, ბინძურ, წვრილმან და საძაგელ ვნებათა ზეგავლენით. პირადი შრომით მოპოვებული კერძო საკუთრება, დამყარებული ცალკეული, დამოუკიდებელი მომუშავის, ასე ვთქვათ, ბუნებრივ შეზრდაზე მისი შრომის პირობებთან, იდევნება კაპიტალისტური კერძო საკუთრებით, რომელიც დამყარებულია სხვისი, თუმცა-ღა ფორმალურად თავისუფალი, შრომის ექსპლოატაციაზე[1].

როგორც კი გარდაქმნის ეს პროცესი საკმარისად არღვევს ძველ საზოგადოებას მთელი სიღრმე-სიგანით, როგორც კი მუშები პროლეტარებად იქცევიან, ხოლო მათი შრომის პირობები — კაპიტალად, როგორც კი წარმოების კაპიტალისტური წესი თავის საკუთარ ფეხზე დგება, — მაშინვე შრომის შემდგომი განსაზოგადოება, მიწის და წარმოების სხვა საშუალებათა გადაქცევა საზოგადოებრივ საექსპლოატაციო, მაშასადამე, წარმოების საერთო საშუალებებად და, ამიტომ კერძო მესაკუთრეთა შემდგომი ექსპროპრიაცია, ახალ ფორმას იღებს. ახლა ექსპროპრიაცია მოელის უკვე არა მუშას, რომელიც დამოუკიდებელ მეურნეობას ეწევა არამედ მრავალი მუშის მყვლეფავ კაპიტალისტს.

ეს ექსპროპრიაცია ხდება თვით კაპიტალისტური წარმოების იმანენტური კანონების მოქმედებით, კაპიტალის ცენტრალიზაციით. ერთი კაპიტალისტი ამარცხებს მრავალს. ხელი-ხელ ჩაკიდებული ამ ცენტრალიზაციასთან ანუ მრავალი კაპიტალისტის ექსპროპრიაციასთან, რომელსაც კაპიტალისტთა მცირე რიცხვი ახდენს, სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბით ვითარდება შრომითი პროცესის კოოპერაციული ფორმა, მეცნიერების შეგნებული ტექნიკური გამოყენება, მიწის გეგმიანი ექსპლოატაცია, შრომის საშუალებების მხოლოდ საზოგადოებრივად გამოსაყენებელ საშუალებებად გადაქცევა, წარმოების ყველა საშუალებათა ეკონომიზაცია, მათი, როგორც კომბინირებული, საზოგადოებრივი შრომის საწარმოო საშუალებათა გამოყენებით, ყველა ხალხთა ჩაბმა მსოფლიო ბაზრის ქსელში და ამით კაპიტალისტური რეჟიმის ინტერნაციონალური ხასიათი. კაპიტალის მაგნატების რიცხვის განუწყვეტელ შემცირებასთან ერთად, რომელნიც ითვისებენ და თავის მონოპოლიად აქცევენ გარდაქმნის ამ პროცეხის ყველა ხელსაყრელ მხარეს, იზრდება სიღატაკე, ჩაგვრა, დამონავება, გადაგვარება, ექსპლოატაცია, მაგრამ ამასთანავე იზრდება აღშფოთებაც მუდამ მატებაში მყოფი და თვით კაპიტალისტური წარმოების პროცესის მექანიზმით გაწვრთნილი, გაერთიანებული და ორგანიზებული მუშათა კლასისა. კაპიტალის მონოპოლია ხდება წარმოების იმ წესისს ბორკილებად, რომელიც გაიზარდა მასთან ერთად და მისი დახმარებით. წარმოების საშუალებათა ცენტრალიზაცია და შრომის განსაზოგადოება აღწევს იმ წერტილს, სადაც ისინი ვეღარ თავსდებიან თავიანთ კაპიტალისტურ გარსში. ეს გარსი სკდება. რეკავს კაპიტალისტური კერძო საკუთრების უკანასკნელი საათი. ხდება ექსპროპრიატორთა ექსპტოპრიაცია.

კაპიტალისტური წარმოების წესიდან გამომდინარე კაპიტალისტური მითვისების წესი და, მაშასადამე, კაპიტალისტური კერძო საკუთრებაც პირველი უარყოფაა ინდივიდუალური, საკუთარ შრომაზე დამყარებული კერძო საკუთრებისა. მაგრამ კაპიტალისტური წარმოება ბუნებრივი-ისტორიული პროცესის აუცილებლობით წარმოშობს თავის საკუთარ უარყოფას. ეს უარყოფის უარყოფაა. იგი აღადგენს არა კერძო საკუთრებას, არამედ ინდივიდუალურ საკუთრებას კაპიტალისტური ეპოქის მონაპოვართა საფუძველზე ე. ი. კოოპერაციისა და მიწის და თვით შრომის მიერ შექმნილ წარმოების საშუალებათა საერთო მფლობელობის საფუძველზე.

ცალკე პირთა საკუთარ შრომაზე დამყარებული, დაქუცმაცებული კერძო საკუთრების გადაქცევა კაპიტალისტურ საკუთრებად, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ხანგრძლივი, მძიმე და ძნელი პროცესია, ვიდრე უკვე საზოგადოებრივ წარმოებაზე ფაქტიურად დამყარებული კაპიტალისტური საკუთრების საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევა. იქ საქმე ეხებოდა ხალხური მასების ექსპროპრიაციას მცირეოდენი უზურპატორების მიერ, აქ კი — მცირეოდენი უზურპატორების ექსპროპრიაციას ხალხური მასების მიერ[2].


[1]„ჩვენ სრულიად ახალ საზოგადოებრივ პირობებში ვცხოვრობთ... ჩვენ მივისწრაფით, რომ ყოველგვარი საკუთრება ჩამოშორებულ იქნეს ყოველგვარი შრომისაგან” (სისმონდი, პოლიტიკური ეკონომიის ახალი პრინციპები ტ. II, გვ. 434). (მარქსის შენიშვნა), — მარქსი აქ უთითებს მეორე გამოცემაზე წიგნისა: Sismondi S., Nouveaux principes d‘économie politique, ou de la richesse dans ses rapports avec la population. ტ. I— II. Paris, 1827. რედაქცია.

[2]"მრეწველობის პროგრესი, რომლის უნებური და წინააღმდეგობის უუნარო მატარებელი ბურჟუაზიაა, კონკურენციით მუშების განცალკევების ადგილას აყენებს მათ რევოლუციურ გაერთიანებას ასოციაციის მეშვეობით. მაშასადამე, მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად ბურჟუაზიას ფეხქვეშ ეცლება თვით ის საფუძველი, რომელზედაც იგი პროდუქტებს აწარმოებს და ისაკუთრებს. იგი უწინარეს ყოვლისა თავის საკუთარ მესაფლავეს ჰქმნის. ბურჟუაზიის დამხობა და პროლეტარიატის გამარჯვება თანაბრად გარდუვალია... ყველა იმ კლასთა შორის, რომელნიც დღეს ბურჟუაზიის პირისპირ დგანან, მხოლოდ პროლეტარიატია ნამდვილად რევოლუციური კლასი. ყველა სხვა კლასები უძლურდებიან და იღუპებიან მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად, პროლეტარიატი კი ამ მრეწველობის საკუთარი პროდუქტია... საშუალო წოდებები: წვრილი მრეწველი, წვრილი ვაჭარი, ხელოსანი, გლეხი, — ყველა ესენი ებრძვიან ბურჟუაზიას, რათა დაღუპვისაგან დაიცვან თავიანთი არსებობა როგორც საშუალო წოდებისა... ისინი რეაქციონერები არიან: ისინი ცდილობენ ისტორიის ჩარხი უკულმა მიატრიალონ (მარქსის შენიშვნა). — ეს ციტატა მოყვანილია მარქსის მიერ "კომუნისტური პარტიის მანიფესტიდან". რედაქცია.