კარლ მარქსი

წინასიტყვაობა "კაპიტალის" პირველი ტომის პირველი გერმანული გამოცემისთვის


დაწერილი: 25 ივლისი, 1867 წ.
გამოქვეყნებული: 1867 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: კაპიტალი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის რჩეული ნაწერების ორტომეულის ქართული გამოცემა, 1950 წ., თბილისი
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


ნაწარმოები, რომლის პირველ ტომს ამჟამად საზოგადოებას ვაწვდი, წარმოადგენს ჩემ მიერ 1859 წელს გამოქვეყნებული შრომის ("პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”) გაგრძელებას. ხანგრძლივი შეჩერება დასაწყისსა და გაგრძელებას შორის გამოიწვია მრავალწლოვანმა ავადმყოფობამ, რომელიც ისევ და ისევ მაწყვეტინებდა მუშაობას. /p>

ზემოაღნიშნული უფრო ადრინდელი ნაწარმოების რეზიუმე მოცემულია ამ ტომის პირველ თავში[1]. ასე მოვიქეცი არა მარტო გამოკვლევის დაწყობილობისა და სისრულის გულისათვის. თვით გადმოცემაა გაუმჯობესებული. მრავალი პუნქტი, რომელიც უწინ მხოლოდ გაკვრით იყო აღნიშნული, აქ, რამდენადაც ნებას იძლეოდა ამ ნაწარმოების შინაარსი, უფრო განვითარებულია, მაშინ როდესაც, პირიქით, ის, რაც უწინ დაწვრილებით განვითარებული იყო, აქ მხოლოდ გაკვრითაა აღნიშნული. განყოფილებები ღირებულების თეორიისა და ფულის თეორიის ისტორიის შესახებ აქ, რასაკვირველია, სრულიად გამოტოვებულია. მაგრამ მკითხველი, რომელიც იმ უწინდელ შრომას იცნობს, აქ პირველი თავის შენიშვნებში ნახავს ახალ წყაროებს ამ თეორიის ისტორიისათვის.

ყოველი დასაწყისი ძნელია, — ეს ჭეშმარიტებაა ყველა მეცნიერებისათვის. ამიტომ პირველი თავის გაგება, განსაკუთრებით იმ განყოფილებისა, რომელიც საქონლის ანალიზს შეიცავს, ყველაზე მეტ სიძნელეს წარმოადგენს. რაც შეეხება კერძოდ ღირებულების სუბსტანციისა და ღირებულების სიდიდის ანალიზს, მე იგი შეძლებისამებრ პოპულარული გავხადე[2].

ღირებულების ფორმა, რომლის დამთავრებული სახე ფულადი ფორმაა, ძალიან უმინაარსოა და მარტივი. მიუხედავად ამისა, ადამიანის გონება ამაოდ ცდილობდა მის გაგებას 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ როდესაც, მეორე მხრივ, უფრო შინაარსიანი და რთული ფორმების ანალიზი მან შესძლო, დაახლოვებით მაინც. რატომ? იმიტომ, რომ განვითარებული სხეულის შესწავლა უფრო ადვილია, ვიდრე სხეულის უჯრედისა. გარდა ამისა, ეკონომიური ფორმების ანალიზის დროს არ შეიძლება არც მიკროსკოპის და არც ქიმიური რეაქტივების გამოყენება. ორივეს მაგიერობა აბსტრაქციის ძალამ უნდა გასწიოს. ბურჟუაზიული საზოგადოებისათვის კი შრომის პროდუქტის სასაქონლო ფორმა ანუ საქონლის ღირებუელებითი ფორმა ეკონომიური უჯრედის ფორმაა. გაუნათლებელ ადამიან ეს ანალიზი წვრილმანების ქექად ეჩვენება. მართლაც აქ ლაპარაკი, წვრილმანებზე, მაგრამ მხოლოდ იმ აზრით, როგორც ამას ადგილი აქვს მიკროანატომიაში.

ამიტომ იმ განყოფილების გამოკლებით, რომელიც ღირებულების ფორმას ეხება, ამ წიგნს ვერ ვუსაყვედურებთ, რომ იგი ძნელად გასაგებია. მე, რასაკვირველია, მხედველობაში მყავს მკითხველები, რომელთაც სურთ რაიმე ახალი შეისწავლონ და, მაშასადამე, სურთ თვითონაც იაზროვნონ.

ფიზიკოსი უკვირდება ბუნების პროცესებს ან იქ, სადაც ისინი უაღრესად მკაფიო ფორმაში და გარეშე ხელშემშლელ გავლენებისაგან ნაკლებად გაბუნდოვანებული გვევლინებიან, ანდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ახდენს ექსპერიმენტებს ისეთ პირობებში, რომელნიც უზრუნველჰყოფენ პროცესის წმინდა მსვლელობას. ამ ნაწარმოებში მიზნად დასახული მაქვს გამოვიკვლიო წარმოების კაპიტალისტური წესი და მისი შესაბამისი წარმოების და გაცვლის ურთიერთობანი, მისი კლასიკური ქვეყანა დღემდე ინგლისია. ეს არის მიზეზი, თუ რატომ მივმართავ უმთავრესად ამ ქვეყანას ჩემს თეორიულ დებულებათა საილუსტრაციოდ. მაგრამ, თუ გერმანელმა მკითხველმა დაიწყო ფარისევლურად მხრების აწევა ინგლისის სამრეწველო და სამიწათმოქმედო მუშების მდგომარეობის გამო, ანდა ოპტიმისტურად თავის დამშვიდება, გერმანიაში საქმე ასე ცუდად სრულიად არ არისო, მე უნდა მივაძახო მას: De te fabula narratur! [შენზე ამბობენ ამ ისტორიას!].

თავისდათავად აქ საქმე შეეხება არა იმ საზოგადოებრივ ანტაგონიზმთა განვითარების მაღალ ან დაბალ დონეს, რომელნიც კაპიტალისტური წარმოების ბუნებრივი კანონებიდან წარმოსდგებიან. საქმე შეეხება თვით ამ კანონებს, თვით ამ ტენდენციებს, რომელნიც მოქმედებენ და ხორციელდებიან რკინისებური აუცილებლობით. ინდუსტრიულად მეტად განვითარებული ქვეყანა უფრო ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას მხოლოდ მისი საკუთარი მომავლის სურათს უჩვენებს.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ: სადაც ჩვენში კაპიტალისტური წარმოება სავსებით განმტკიცებულია, — მაგალითად, ნამდვილ ფაბრიკებში, — იქ ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე ინგლისში, რადგანაც ჩვენში არ არსებობს საპირწონე საფაბრიკო კანონების სახით. ყველა სხვა სფეროში ჩვენ, როგორც მთელი დანარჩენი კონტინენტალური დასავლეთი ევროპა, ვიტანჯებით არა მარტო კაპიტალისტური წარმოების განვითარებით, არამედ — მისი განვითარების ნაკლებობითაც. თანამედროვე გაჭირვებასთან ერთად ჩვენ გვტანჯავს მთელი რიგი მემკვიდრეობით გადმოცემული გაჭირვებანი, რომელნიც იქიდან წარმოსდგებიან, რომ ჩვენში წარმოების ძველის ძველი დრომოჭმული წესები მათი შესაფერი დროსშეგუებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობითურთ ისევ განაგრძობენ უღიმღამო არსებობას. ჩვენ ვიტანჯებით არა მარტო ცოცხლებისაგან, არამედ მკვდრებისაგანაც. მკვდარი ცოცხალს იჭერს!

ინგლისთან შედარებით გერმანიისა და დანარჩენი კონტინენტალური დასავლეთ ევროპის სოციალური სტატისტიკა უბადრუკია. მაგრამ იგი მაინც იმდენად იხდის საბურველს, რომ მის უკან მედუზას თავს მოვკრათ თვალი. ჩვენ შევძრწუნდებოდით ჩვენივე საკუთარი მდგომარეობით, ჩვენი მთავრობები და პარლამენტები რომ პერიოდულად საგამომძიებლო კომისიებს ნიშნავდნენ ეკონომიური პირობების გამოსაკვლევად, როგორც ინგლისში ხდება; ეს კომისიები რომ აღჭურვილი იყვნენ ჭეშმარიტების გამოსაკვლევად ისეთივე უფლებამოსილობით როგორც ინგლისში; ამ მიზნისათვის რომ მოსახერხებელი იყოს ისეთივე საქმის მცოდნე, მიუდგომელი და გამბედავი ადამიანების გამონახვა, როგორიც არიან ინგლისის საფაბრიკო ინსპექტორები, ინგლისის ექიმ-მომხსენებელნი "Public Health”-ის (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) შესახებ, წევრები ინგლისის საგამომძიებლო კომისიებისა, რომელნიც იკვლევდნენ ქალთა და ბავშვთა ექპსლოატაციის პირობებს, მუშების ბინებს, კვებას და სხვ. პერსეი უჩინმაჩინის ქუდს საჭიროებდა ურჩხულის სადევნელად. ჩვენ-კი უჩინმაჩინის ქუდს თვალებსა და ყურებზე ვიფარებთ, რათა ურჩხულთა არსებობის უარყოფა შევძლოთ.

არ უნდა მივეცეთ ილუზიებს. როგორც ამერიკის ომი დამოუკიდებლობისათვის XVIII საუკუნეში მოახლოვებული ქარიშხალის მაუწყებელი საყვირის ხმად გაისმა ევროპის საშუალო კლასისათვის, ასევე გაისმა ევროპის მუშათა კლასისათვის ამერიკის სამოქალაქო ომი XIX საუკუნეში. ინგლისში გადატრიალების პროცესი სრულიად ხელშესახებია. განვითარების განსაზღვრული საფეხურის მიღწევისთანავე იგი კონტინენტსაც უნდა მოედოს. აქ ის უფრო მკაცრ ან უფრო ჰუმანურ ფორმებს მიიღებს თვით მუშათა კლასის გა5ნვითარების დონის მიხედვით. ამრიგად, სხვა უფრო მაღალ მოტივებს გარდა, ამჟამად გაბატონებულ კლასებს მათი საკუთარი ინტერესი უკარნახებს მოსპონ მუშათა კლასის განვითარების შემაფერხებელი ყეელა ის დაბრკოლებანი, რომელთა რეგულირებაც კანონმდებლობის გზით შესაძლებელია. აი, ამიტომ დავუთმე ამ ტომში ესოდენ დიდი ადგილი, სხვათა შორის, ინგლისის საფაბრიკო კანონმდებლობის ისტორიას, შინაარსს და შედეგებს. ყოველმა ერმა შეიძლება ისწავლოს და უნდა ისწავლოს კიდევაც სხვა ერისაგან. მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებამ მიაგნო თავისი განვითარების ბუნებრივი კანონის კვალს, — და ამ ნაწარმოების საბოლოო მიზანს სწორედ თანამედროვე საზოგადოების ეკონომიური მოძრაობის კანონის აღმოჩენა შეადგენს, — იგი ვერ გადაახტება ბუნებრივ განვითარების ფაზებს და ვერც გააუქმებს მათ დეკრეტებით. მაგრამ მას შეუძლია შეამოკლოს და შეანელოს მშობიარობის ტკივილები.

ორიოდე სიტყვა შესაძლებელი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. კაპიტალისტისა და მიწის მესაკუთრის სახეებს მე სრულიად არ ვხატავ იავარდისფრად. მაგრამ აქ საქმე ეხება პიროვნებებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი არიან ეკონომიურ კატეგორიათა განსახიერებანი, განსაზღვრული კლასობრივი ურთიერთობისა და ინტერესების მატარებელნი. ჩემ თვალსაზრისს, რომლის თანახმად საზოგადოების ეკონომიური ფორმაციის განვითარება განიხილება როგორც ბუნებრივ-ისტორიული პროცესი, ნაკლებად, ვიდრე სხვა რომელიმე თვალსაზრისს, შეუძლია ცალკე პიროვნება გახადოს პასუხისმგებელი იმ ურთიერთობისათვის, რომლის ქმნილებად იგი რჩება სოციალურად, რაგინდ მაღლაც აიწიოს მან ამ ურთიერთობაზე სუბიექტიურად.

თავისუფალი მეცნიერული კვლევა-ძიება პოლიტიკური ეკონომიის დარგში ხვდება არა მარტო იმ მტრებს, რომლებსაც ხვდება ყველა სხვა დარგში. იმ მასალის თავისებური ხასიათი, რომელსაც პოლიტიკური ეკონომია განიხილავს, იწვევს მის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ადამიანის ყველაზე მკაცრ, წვრილმან და გაბოროტებულ გრძნობებს, იწვევს საბრძოლველად კერძო ინტერესის ფურიებს. მაგალითად, ინგლისის უზენაესი ეკლესია უფრო ადვილად შეუნდობს თავდასხმას მისი 39-მუხლიანი სიმბოლო სარწმუნეობის 38 მუხლზე, ვიდრე მისი ფულადი შემოსავლის 1/39-ზე. დღეს თვით ათეიზმიც — culpa levis! არის კერძო საკუთრების ტრადიციული ურთიერთობის კრიტიკასთან შედარებით, მაგრამ აქ უეჭველია ერთგვარი პროგრესის არსებობაც. მე მივუთითებ მკითხველს, მაგალითად, ამ უკანასკელ კვირეებში გამოქვეყნებულ ლურჯ წიგნზე: "მიმოწერა მეფის წარმომადგენლებთან უცხოეთში მრეწველობისა და ტრედ-უნიონების საკითხის გამო". ინგლისის ტახტის წარმომადგენლები უცხოეთში აშკარად აღიარებენ აქ, რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ერთი სიტყვით, ევროპის კონტინენტის ყველა კულტურულ სახელმწიფოში კაპიტალსა და შრომას შორის არსებული ურთიერთობის გარდაქმნა ისევე საგრძნობია და ისევე გარდაუვალი, როგორც ინგლისში. ამავე დროს ატლანტის ოკეანის იქით მხარეს ბ-მა უეიდმა, ჩრდილო ამერიკის შეერთებული მტატების ვიცე პრეზიდენტმა, განაცხადა საჯარო მიტინგზე: მონობის გაუქმების შემდეგ დღის წესრიგში კაპიტალისა და მიწის საკუთრების ურთიერთობის ძირეული გარდაქმნა დგებაო! ეს დროების ნიშნებია, რომლებიც ვერ დაიმალება ძოწეულით ანდა შავი ანაფორით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ სასწაული მოხდება. ეს გვიჩვენებს, “როგორც ამას თვით გაბატონებული კლასები გრძნობენ ბუნდოვანად, რომ ახლანდელი საზოგადოება მტკიცე კრისტალი კი არ არის, არამედ გარდაქმნის უნარიანი და მუდამ გარდაქმნის პროცესში მყოფი ორგანიზმია.

ამ ნაწარმოების მეორე ტომში განხილული იქნება კაპიტალის მიმოქცევის პროცესი (წიგნი 11) და მთლიანად ერთობლივი პროცესის ფორმები (წიგნი III), ხოლო უკანასკნელ მესამე ტომში (წიგნი IV) — თეორიის ისტორია.

მეცნიერული კრიტიკის ყოველი აზრი სასურველია ჩემთვის. ეგრეთწოდებული საზოგადოებრივი აზრის ცრურწმენათა მიმართ, რომელსაც მე არასოდეს არაფერს ვუთმობდი, ჩემს დევიზად უწინდებურად რჩება დიდებული ფლორენციელის სიტყვები:

"Segui il tuo corso, e lascia dir le genti" [იარე შენი გზით, და, დაე, ადამიანებმა რაც უნდა თქვან! (დანტე)].


[1] "კაპიტალის" პირველი ტომის პირველ გამოცემაში განყოფილებები იყო აღნიშნული როგორც თავები; ამრიგად, ამ შემთხვევაში იგულისხმება პირველი სამი თავი. რედაქცია.

[2] ეს მით უფრო აუცილებლად მივიჩნიე, რომ თვით ის განყოფილებაც კი ფ. ლასალის თხზულებისა შულცე-დელიჩის წინააღმდეგ, სადაც, ავტორის განცხადებით, გადმოცემულია ჩემი გამოკვლევის "იდეური კვინტესენცია” ამ საგნის შესახებ, საგრძნობ გაუგებრობას შეიცავს. სხვათა შორის: თუ ფ. ლასალმა თავის ეკონომიურ ნაწარმოებთა ყველა ზოგადი თეორიული დებულებანი, — მაგალითად, კაპიტალის ისტორიული ხასიათის შესახებ, წარმოებითი ურთიერთობის და წარმოების წესის ურთიერთ კავშირის შესახებ და სხვ. და სხვ. — თითქმის სიტყვასიტყვით გადაიღო ჩემი თხზულებებიდან, თვით ტერმინოლოგიაც კი, ჩემს მიერ შექმნილი, და გადაიღო წყაროს აღუნიშნავად — ეს, ალბათ, პროპაგანდის მოსაზრებებით აიხსნება. მე, რასაკვირველია, არას ვამბობ მისი თეორიის დეტლებზე და პრაქტიკულ გამოყენებაზე რომელთანაც საერთო არაფერი მაქვს. (მარქსის შენიშვნა)