დაწერილი: 1-13 მარტი, 1873 წ.
გამოქვეყნებული: 21 და 28 მარტი, 1868
თარგმანი: იტალიურიდან
წყარო: მარქსის "კაპიტალი", დაბეჭდილია ხელმოწერის გარეშე "Demokratisches Wochenblatt"-ის 1868 წლის 21 და 28 მარტის ნომრებში.
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.
მას აქეთ, რაც დედამიწაზე კაპიტალისტები და მუშები არსებობენ, მუშებისათვის ისეთი დიდმნიშვნელოვანი წიგნი არ გამოსულა, როგორც წინამღებარე წიგნია. შრომის და კაპიტალის დამოკიღებულება, ის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივი სისტემა, აქ პირველადაა მეცნიერულად გამოკვლეული, და მერე ისეთი საფუძვლიანობით და სიმახვილით, როგორიც შესაძლებელი იყო მხოლოდ გერმანელისათვის. დიდი ღირებულება აქვს და ექნება ოუენის, სენ-სიმონის, ფურიეს ნაწერებს, მაგრამ პირველად გერმანელმა შესძლო ასულიყო ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც ნათლად იშლება თვალწინ მთელი სივრცე თანამედროვე სოციალური ურთიერთობისა, — ასე დაყურებს ქვემო მთიან სივრცეებს ის, ვინც უმაღლეს მწვერვალზე დგას.
დღემდე არსებული პოლიტიკური ეკონომია გვასწავლის, რომ შრომა არის წყარო ყოველივე სიმდიდრისა და საზომი ყოველივე ღირებულებისა; ასე, რომ ერთიდაიმავე ღირებულებისაა ორი საგანი, რომელსაც ერთიდაიგივე სამუშაო დრო ჭირდება საწარმოოდ, და ეს საგნები უნდა იცვლებოდნენ ერთიმეორეზე, რადგან ასეთ გაცვლა–გამოცვლას საფუძვლად უდევს ღირებულების თანასწორობაო. მაგრამ ეს პოლიტიკური ეკონომია გვასწავლის აგრეთვე, რომ არსებობს განსაკუთრებული სახე დაგროვილი შრომისა, რომელსაც იგი კაპიტალს უწოდებს; ეს უკანასკნელი მასში შემავალ დამხმარე წყაროებით ხელს უწყობს ცოცხალი შრომის ნაყოფიერებას, ასჯერ–ათასჯერ ადიდებს ამ ნაყოფიერებას და ამიტომ აქვს უფლება განსაზღვრულ ჯილდოზე: ამ ჯილდოს მოგება ან გამოსარჩენი ჰქვიაო. ჩვენ ვიცით ახლა, რომ სინამდვილეში უფრო და უფრო იზრდება დაგროვილი, უკვე გაწეული შრომის მოგება, ვხედავთ, რომ უზომოდ მატულობს კაპიტალი კაპიტალისტების ხელში, ხოლო ცოცხალი შრომის ხელფასი უფრო და უფრო კლებულობს, დღითი-დღე მრავლდება და ღარიბდება მუშების მასა, რომელსაც არაფერი გააჩნია ხელფასის მეტი. როგორ უნდა გადაიჭრას ეს წინააღმდეგობა? როგორ შეიძლება კაპიტალისტს დარჩეს მოგება, თუ მუშას აუნაზღაურდა შრომის მთელი ღირებულება, რომელიც შეაქვს თავის ნაწარმოებში? ხომ ასეც უნდა ყოფილიყო, თუ თანასწორი ღირებულების საგნები იცვლებიან ერთიმეორეზე. მეორე მხრივ, როგორ შეიძლება თანასწორი ღირებულების საგნები იცვლებოდნენ, საიდან მიიღებს მუშა თავისი ნაწარმოების მთელ ღირებულებას, თუ ეს ნაწარმოები, როგორც თვითონ ეკონომისტები გვარწმუნებენ, უნაწილდება მუშასაც და კაპიტალსაც? დღემდე არსებული პოლიტიკური ეკონომია უმწეოდ დგას ამ წინააღმდეგობის წინაშე, რაღაც უმწეო, უშინაარსო ფრაზებს წერს ან ბუტბუტებს. პოლიტიკური ეკონომიის წინანდელი სოციალისტური კრიტიკოსებიც ვერაფერს ახერხებდნენ იმაზე მეტს, რომ ხაზგასმით აღნიშნავდნენ მხოლოდ ამ წინააღმდეგობას; ვერავინ მათგანმა ვერ შესძლო მისი გადაჭრა, სანამ თვითონ მარქსმა არ გამოიკვლია, დაბოლოს, მოგების წარმოშობის პროცესი, სანამ ის არ გაყვა ამ პროცესს იმის სათავემდე და სანამ ყველაფერი გასაგები არ გახადა ამ გამოკვლევით.
კაპიტალის გამოკვლევის დროს მარქსი გამოდის იმ უბრალო და აშკარა ფაქტიდან, რომ კაპიტალისტები თავიანთ კაპიტალს ზრდიან გაცვლა-გამოცვლის საშუალებით: კაპიტალისტები ყიდულობენ საქონელს თავიანთი ფულით და მერე ყიდიან უფრო ძვირად, ვიდრე უღირდათ. მაგალითად, კაპიტალისტი ყიდულობს ბამბას 1000 ტალერად და მერე ყიდის 1100-ად, "იგებს", მაშასადამე, ას ტალერს. ამ გარდამეტს, ამ ას ტალერს მარქსი უწოდებს ზედმეტ ღირებულებას. საიდანაა ეს ზედმეტი ღირებულება? ეკონომისტების აზრით, მხოლოდ თანასწორ ღირებულებათა გაცვლა ხდება და განყენებული თეორიის სფეროში ეს მართალიცაა. ამნაირად, ბამბის შესყიდვა და მისი გადაყიდვა ვერ გამოიღებს ზედმეტ ღირებულებას, როგორც ვერ გამოიღებს ამას ერთი ტალერის გაცვლა 30 ზილბერგროშზე, და მერე ამ ხურდა ფულის ხელახალი გადაცვლა ერთ ვერცხლის ტალერზე, — ამით არც არავინ გამდიდრდება, და არც არავინ გაღარიბდება. მაგრამ ზედმეტი ღირებულება იქიდან არ შეიძლება წარმოსდგეს, რომ გამყიდველი თავის საქონელს მის ღირებულებაზე ზევით ყიდის, ხოლო მყიდველი მას მის ღირებულებაზე დაბლა ყიდულობს: რადგან თვითეული მათგანი ხან ყიდულობს, ხან ყიდის, და დღევანდელი მეტნაკლებობა ხვალ ისევ გამოსწორდებოდა. არ გამოვიდოდა ზედმეტი ღირებულება არც იქიდან რომ მყიდველი და გამყიდველი ატყუებღნენ ერთმანეთს, — ეს ვერ შექმნიდა ვერავითარ ახალ ან ზედმეტ ღირებულებას, არამედ ის იქნებოდა მარტოოდენ არსებული კაპიტალის სხვანაირი განაწილება კაპიტალისტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტი საქონელს ყიდულობს და ყიდის მისი ღირებულების მიხედვით, მას მაინც მეტი ღირებულება გამოაქვს, ვიდრე შეაქვს. როგორ ხდება ეს?
კაპიტალისტი პოულობს დღევანდელ სახოგადოებრივ პირობებში საქონლის ბახარზე ისეთ საქონელს, რომელსაც განსაკუთრებული თვისება აქვს: მისი გამოყენება ახალი ღირებულების წყაროა, იგი ახალ ღირებულებას ქმნის, ეს საქონელია სამუშაო ძალა.
როგორია სამუშაო ძალის ღირებულება? ყოველი საქონლის ღირებულება იზომება იმ შრომით, რომელიც აუცილებელია მისი დამზადებისათვის. სამუშაო ძალა არსებობს ცოცხალი მუშის სახით, მუშას კი ჭირდება განსაზღვრული რაოდენობა საარსებო საშუალებებისა, რათა შეინახოს თავისი თავი და თავისი ოჯახი, რომელშიაც მისი სიკვდილის შემდეგ შეუწყვეტლად იქნება დაცული სამუშაო ძალა. ამ საარსებო საშუალებების წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაო დრო წარმოადგენს, მაშასადამე, სამუშაო ძალის ღირებულებას. კაპიტალისტი იხდის, ვთქვათ, ერთი კვირის ქირას და სარგებლობს სამუშაო ძალით ერთი კვირის განმავლობაში. ამ მუხლამდე ბატონნი ეკონომისტები ჩვენ საერთოდ უნდა გვეთანხმებოდნენ სამუშაო ძალის ღირებულების საკითხში.
კაპიტალისტი აყენებს, მერე, თავის მუშას სამუშაოზე. განსაზღვრულ დროში მუშა აძლევს კაპიტალისტს თავისი შრომის იმ რაოდენობას, რომელიც იმის კვირეულ ხელფასშია გამოხატული. თუ, მაგალითად, ეს კვირეული ხელფასი უდრის სამ სამუშაო დღეს, მუშამ ორშაბათს დილიდან ოთხშაბათ საღამომდის უკვე აუნაზღაურა კაპტალისტს გადახდილი ხელფასის მთელი ღირებულება. ათავებს თუ არა მუშა სამი დღის შემდეგ თავის მუშაობას? სულაც არა. კაპიტალისტმა იყიდა მისი შრომა ერთი კვირით, და მუშამ უნდა იმუშაოს სამი უკანასკნელი დღის განმავლობაშიაც. ეს ზედმეტი მუშაობა ცილდება იმ აუცილებელ დროს, რომელშიაც მუშა ფარავს მთელ ხელფასს, და ესა წყარო ზედმეტი ღირებულებისა, მოგებისა, რომლითაც უფრო და უფრო იზრდება კაპიტალი.
ნუ გვისაყვედურებენ, რომ ეს თვითნებურადაა ნაგულისხმევი, თითქოს მუშა სამ დღეს კვირეული ხელფასის დასაფარავად მუშაობდეს, ხოლო სამ დღეს — კაპიტალისტისთვის. სამი დღე დაჭირდება ხელფასის დასაფარავად, თუ ორი ან ოთხი, ეს აქ სულ ერთია, — ეს დრო სხვადასხვა იქნება ამათუიმ გარემოებების მიხედვით. მთავარი ისაა, რომ კაპიტალისტი გარდა იმ შრომისა, რომელსაც იხდის, გამოწუწნის იმ შრომასაც, რომელსაც არ იხდის, და ამაში არაფერი არ არის თვითნებური, ვინაიდან კაპიტალისტი იმავე დღეს, რა დღესაც მუშას მხოლოდ იმდენს ამუშავებდა, რამდენიც მოეთხოვება მიცემული ხელფასით, იგი მიკეტავდა თავის წარმოებას, რადგან მას ამ შემთხვევაში ხელიდან წაუვიდოდა მთელი მოგება.
აი ამაშია გადაჭრა ყველა ზემოთ დასახელებულ წინააღმდეგობისა. ახლა სრულიად ბუნებრივია და გასაგები, საიდანაა ზედმეტი ღირებულება (რომლის მნიშვნელოვან ნაწილს კაპიტალისტის მოგება შეადგენს). სამუშაო ძალის ღირებულებას კაპიტალისტი იხდის, მაგრამ ეს ღირებულება გაცილებით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რომელსაც ის იღებს სამუშაო ძალისაგან, და ეს განსხვავება, ეს გადაუხდელი შრომა წარმოადგენს სწორედ კაპიტალისტის, უკეთ რომ ვთქვათ, კაპიტალისტთა მთელი კლასის წილს. რადგან თვით ის მოგება, რომელიც ზემო მოყვანილ მაგალითში ბამბის ვაჭარმა ბამბიდან მიიღო, თუ ბამბის ფასი არ იყო აწეული, ამ გადაუხდელ შრომიდან უნდა წარმოდგეს. ვაჭრისგან ბამბას ყიდულობს ბამბის მეფაბრიკე, რომელიც მერე, ას ტალერს გარდა, თავის საქონელზე იღებს კიდევ მოგებას, და ეს ბამბის მეფაბრიკე უნაწილებს, მაშასადამე, ვაჭარს ამ მითვისებულ გადაუხდელ შრომას. ეს გადაუხდელი შრომაა სწორედ, რომლითაც, საერთოდ, თავს ინახავენ საზოგადოების არამშრომელი წევრები. აქედან იხდიან კაპიტალისტები სახელმწიფო და მუნიციპალურ გადასახადებს, აქედან აძლევენ რენტას მიწათმფლობელებს და სხვ. ამაზეა დღეს დამყარებული მთელი არსებული საზოგადოებრივი წესწყობილება.
მეორე მხრივ, სისულელე იქნებოდა გვეფიქრა, რომ გადაუხდელი შრომა წარმოიშვა მხოლოდ დღევანდელ პირობებში, როცა წარმოებას ეწევიან, ერთი მხრივ, კაპიტალისტები და, მეორე მხრივ, დაქირავებული მუშები. პირიქით. დამორჩილებული კლასი ყოველთვის იყო იძულებული გაეღო გადაუხდელი შრომა. დიდი ხნის განმავლობაში, როცა მონობა შრომის ორგანიზაციის გაბატონებულ ფორმას წარმოადგენდა, მონები იძულებული იყვნენ ემუშავათ გაცილებით მეტი, ვიდრე მათ უნაზღაურებდნენ საარსებო საშუალებების სახით. ასე იყო ბატონყმობის დროსაც სანამ გაუქმდებოდა გლეხების საბატონო ბეგარა. აქ უფრო აშკარად ჩანს ის შრომა, რომელსაც გლეხი ეწევა თავისთვის, და ის ზედმეტი შრომა, რომელსაც ის აძლევს მემამულეს, რადგან აქ ერთი მუშაობა განცალკევებულია მეორისგან. ახლა გამოიცვალა მხოლოდ ფორმა, არსებითად კი იგივეა; და სანამ “საზოგადოების ერთ ნაწილს ხელში აქვს მონოპოლია საწარმოო საშუალებებზე, მუშამ, თავისუფალია ის თუ არა, იმ აუცილებელ დროის გარდა, რომელიც ჭირდება თავის შესანახავად, უნდა იმუშაოს ზედმეტი, რათა საარსებო სამუალებები აწარმოოს საწარმოო საშუალებათა მესაკუთრისთვის" (მარქსი, გვ. 202)[1].
წინა სტატიაში ჩვენ დავინახეთ, რომ თვითეული მუშა, კაპიტალისტისაგან დაქირავებული, ორნაირ შრომას ეწევა. მისი სამუშაო დროის ერთი ნაწილი უნდება იმ ხელფასის დაფარვას, რომელიც ავანსებული აქვს მისთვის კაპიტალისტს, — მარქსი შრომის ამ ნაწილს უწოდებს აუცილებელ შრომას. ამის შემდეგ მუშამ უნდა განაგრძოს კიდევ შრომა და აწარმოოს კაპიტალისტისათვის ზედმეტი ღირებულება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს მოგება შეადგენს. შრომის ეს ნაწილი არის ზედმეტი შრომა.
ჩვენ ვამბობთ ვარაუდათ, რომ მუშა სამ დღეს მუშაობს თავისი ხელფასის ასანაზღაურებლად, სამი დღის განმავლობაში კი აწარმოებს ზედმეტ ღირებულებას კაპიტალისტისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის 12 საათის სამუშაო დღეში ექვს საათს მუშაობს ხელფასისთვის, ხოლო ექვს საათს ზედმეტი ღირებულების შესაქმნელად. ერთი კვირიდან შეიძლება ვიანგარიშოთ მხოლოდ ექესი, დიდი-დიდი, შვიდი დღე, თუ კვირასაც ჩავთვლით, მაგრამ თვითეული დღიდან შეიძლება გამოიჭრას ექვსი, რვა, ათი, თორმეტი, თხუთმეტი და მეტიც სამუშაო საათი. მუშამ მიჰყიდა კაპიტალისტს დღიურ ქირაში ერთი სამუშაო დღე. მაგრამ რა არის ერთი სამუშაო დღე? რვა საათი თუ თვრამეტი?
კაპიტალისტი დაინტერესებულია სამუშაო დღე რაც შეიძლება მეტად გააგრძელოს. რაც უფრო გრძელია სამუშაო დღე, მით უფრო დიდი იქნება ზედმეტი ღირებულება. მუშა შეუცდომლად გრძნობს, რომ უკანონოდ ერთმევა თვითეული საათი, რომელსაც ის მუშაობს ხელფასის ასანაზღაურებელზე მეტს; თავის ზურგზე განიცდის, რას ნიშნავს უაღრესად გახანგრძლივებული სამუშაო დღის განმავლობაში მუშაობა. კაპიტალისტი იბრძვის თავისი მოგებისთვის, მუშა კი თავისი ჯანმრთელობისათვის, ორიოდე საათის ყოველდღიური დასვენებისთვის; მას უნდა, რომ მუშაობის, ძილის და ჭამის გარდა დრო რჩებოდეს კიდევ სხვა რამისათვის, შეძლება ჰქონდეს ადამიანურად იყენებდეს ამ დროს. სხვათა შორის რომ ითქვას, ამა თუ იმ კაპიტალისტის ნება-სურვილზე სრულიადაც არაა დამოკიდებული, ჩაებმება ამ ბრძოლაში თუ არა: მეტოქეობა ძალიან ფილანტროპ კაპიტალისტებსაც კი აიძულებს მიემხრონ თავიანთ ამხანაგებს და შემოიღონ ისეთივე გახანგრძლივებული სამუშაო დრო, როგორიც მათ აქვთ.
ბრძოლა სამუშაო დღის განსაზღვრულ ჩარჩოებში ჩასაყენებლად იწყება თავისუფალი მუშების ისტორიულ არენაზე პირველი გამოსვლით და გრძელდება დღემდე. სხვადასხვა დარგში შემოღებული და ჩვეულებით დაწესებულია სხვადასხვა ხანგრძლივობის სამუშაო დღე, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად იცავენ მას. მხოლოდ იქ, სადაც კანონი მტკიცკედ საზღვრავს სამუშაო დღეს და თვალყურსაც ადევნებს, რომ ის დაცული იქნეს, მხოლოდ იქ შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური სამუშაო დღე არსებობს. მაგრამ ჯერჯერობით ეს თითქმის მხოლოდ ინგლისის საფაბრიკო ოლქებშია. აქ დაკანონებულია ათი საათის სამუშაო დღე (10 1/2 საათი პირველი ხუთი დღე და 7 1/2 — შაბათობით) ქალებისა და ბავშვებისათვის 13 წლიდან 18-მდე, და რადგან მამაკაცები ვერ მუშაობენ უიმათოდ, ისინიც ამიტომ ფაქტიურად ექვემდებარებიან ათი საათის სამუშაო დღის კანონს. ინგლისის ფაბრიკის მუშებმა მიაღწიეს ასეთ კანონს ფაბრიკანტების წინააღმდეგ ხანგრძლივი, შეუპოვარი და მედგარი ბრძოლით, პრესის, კავშირების და კრებების თავისუფლებით, ამავე დროს მოხერხებულად იყენებდნენ გაბატონებული კლასების ყოველივე განხეთქილებას. ეს კანონი შეიქმნა დასაყრდნობი წერტილი ინგლისის მუშებისათვის, ის თანდათანობით გავრცელდა ჯერ მსხვილ სამრეწველო დარგებზე, მერე, შარშან [1867 წ.] — წარმოების თითქმის ყველა დარგზე, მეტადრე იქ, სადაც ქალები და ბავშვები მუშაობენ. კანონმდებლობის გზით ინგლისში სამუშაო დღის მოწესრიგების ამომწურავ ისტორიას იძლევა "კაპიტალი". "მომავლ ჩრდილო-გერმანიის რეიხსტაგს" დღის წესრიგში უდგას სამრეწველო წესდება და ამით საფაბრიკო შრომის მოწესრიგების საკითხიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც გერმანელი მუშების ხმებით იქნება არჩეული, ის არ მიიღებს მონაწილეობას ამ კანონის გარჩევაში, რომ წინდაწინ საფუძვლიანად არ შეისწავლოს მარქსის წიგნი. ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ საკითხის გარშემო. მუშებს შეუძლიათ უკეთ გამოიყენონ გაბატონებული კლასების განხეთქილება, ვიდრე ეს შეიძლებოდა ოდესმე ინგლისში, რადგან საყოველთაო საარჩევნო უფლება გაბატონებულ კლასებს აიძულებს თავი მოუქონონ მუშებს ამათუიმ დათმობებით. ასეთ პირობებში დიდი ძალაა პროლეტარიატის ოთხი-ხუთი წარმომადგენელიც, თუ კი ისინი შესძლებენ თავიანთი მდგომარეობის გამოყენებას, თუ ეცოდინებათ ყველაფერი, რაზედაც იქნება ლაპარაკი, თუ ეცოდინებათ ის, რაც არ იციან ბურჟუებმა. მარქსის წიგნი კი მათ ხელში ყოველივე საჭირო და მზა მასალას მისცემს.
ჩვენ გამოვტოვებთ მთელ რიგ ფართო და შესანიშნავ გამოკვლევებს, რომლებსაც უფრო თეორიული ინტერესი აქვთ, და გადავალთ პირდაპირ უკანასკნელ თავზე, სადაც კაპიტალის აკუმულაციაზე ანუ დაგროვებაზეა ლაპარაკი. აქ ჯერ ირკვევა, რომ წარმოების კაპიტალისტური წესი, რომელშიაც, ერთი მხრივ, დგანან კაპიტალისტები და, მეორე მხრივ, დაქირავებული მუშები, ქმნის მუდამ არა მარტო ახალ კაპიტალს კაპიტალისტებისათვის, ის იმავე დროს შეუწყვეტლად აწარმოებს მუშების სიღატაკესაც; ამნაირად უზრუნველყოფილია ისეთი მდგომარეობა, როცა ერთ მხარეზე დგანან კაპიტალისტები, და მათ ეკუთვნით ყველა საარსებო საშუალებები, მთელი ნედლი მასალა და საწარმოო იარაღები, ხოლო მეორე მხარეზე არიან მუშათა ფართო მასები, რომლებსაც მეტი გზა არა აქვთ, უნდა გაყიდონ თავიანთი სამუშაო ძალა და სამაგიეროდ დაკმაყოფილდნენ ცოტაოდენ საარსებო საშუალებებს, იმდენს მხოლოდ, რომ უკეთეს შემთხვევაში, შესძლონ მუშაობის გაგრძელება და აღზარდონ ახალი შრომისუნარიანი პროლეტარები. მაგრამ კაპიტალი არა მარტო ახლდება თავის წარმოებაში, ის უფრო და უფრო მატულობს, იზრდება, და ამასთანავე იზრდება მისი ბატონობა საკუთრებას მოკლებულ მუშებზე. და როგორც სულ უფრო და უფრო გადიდებული მასშტაბით ხდება თვით კაპიტალის რეპროდუქცია, ისევე სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით ახდენს თანამედროვე კაპიტალისტური წარმოების წესი ქონებას მოკლებულ მუშათა კლასის რეპროდუქციას. "კაპიტალის დაგროვება აღადგენს კაპიტალისტურ ურთიერთობას ფართო მასშტაბით, მეტ კაპიტალისტებს ანუ უფრო მსხვილ კაპიტალისტებს — ერთ პოლუსზე, და მეტ დაქირავებულ მუშებს — მეორეზე… ამნაირად, კაპიტალის დაგროვება პროლეტარიატის გამრავლებაა" (გვ. 600)[2].. მაგრამ, რადგან მანქანებისა და მიწათმოქმედების გაუმჯობესებით და სხვ. სულ უფრო და უფრო ცოტა მუშა-ხელია საჭირო წარმოებაში ერთი და იმავე რაოდენობის საქონელზე, ამიტომ ზედმეტი მუშა-ხელი უფრო მატულობს, ვიდრე კაპიტალი იზრდება; და რა ემართება მერე ამ მუდამ მზარდ ზედმეტ მუშა-ხელს? ის ქმნის სამრეწველო სარეზერვო არმიას. მას იყენებენ დროგამოშვებით, როცა წარმოების საქმეები ცუდად მიდის ან საშუალოდ, აძლევენ ხელფასს მისი სამუშაო ძალის ღირებულებაზე ნაკლებს, ანდა იგი საზოგადოებრივი ქველმოქმედების საგნად ხდება. ის აუცილებლად საჭიროა კაპიტალისტთა კლასისათვის, როცა გამოცოცხლება ეტყობა წარმოებას, — რაც თვალნათლივ ჩანს ინგლისში. ყველა პირობებში ეს სარეზერვო არმია სამსახურს უწევს კაპიტალისტებს იმ მხრივ, რომ აფერხებს რეგულარულად მომუშავე მუშების ბრძოლას, დაბალ დონეზე აყენებინებს მათ ხელფასს. "რაც უფრო დიდია საზოგადოებრივი სიმდიდრე… მით უფრო დიდია რელატიური ჭარბი მოსახლეობა ანუ სამრეწველო სარეზერვო არმია… მაგრამ, რაც უფრო დიდია ეს რეზერვი აქტიურ (რეგულარულად მომუშავე) მუშათა არმიასთან შედარებით, მით უფრო მასიურია მუდმივი ჭარბი მოსახლეობა, ე. ი. მით უფრო მეტია მუშათა ის ფენები, რომელთა სიღატაკეც შებრუნებით შეეფარდება მათ შრომით დატანჯულობას. დაბოლოს, რაც უფრო დიდია მუშათა კლასის და სამრეწველო სარეზერვო არმიის მათხოვარ-ლაზარეთა ფენები, მით უფრო დიდია ოფიციალური, ხელისუფლების მიერ აღიარებული, პაუპერიზმი. ეს — კაპიტალისტური დაგროვების აბსოლუტური, საყოველთაო კანონია" (გვ. 631)[3].
ასეთია ზოგიერთი ძირითადი კანონი თანამედროვე, კაპიტალისტური საზოგადოებრივი სისტემისა. ეს დასაბუთებულია ნამდვილი მეცნიერული კვლევა-ძიებით, და ოფიციალური ეკონომისტები ვერც კი ბედავენ, რომ შეეცადონ ამის დარღვევას. მაგრამ განა ამით ყველაფერია ნათქვამი? სრულებითაც არა. მარქსი მკაფიოდ ააშკარავებს კაპიტალისტური წარმოების ცუდ მხარეებს და ასევე ნათლად ამტკიცებს, რომ ეს საზოგადოებრივი ფორმა აუცილებელი იყო საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებისათვის იმ დონემდე, როცა საზოგადოების ყველა წევრს მიეცემა შესაძლებლობა თანასწორი და ადამიანური ცხოვრებისა. წინანდელი საზოგადოებრივი ფორმები მეტად ღარიბი იყვნენ საამისოდ. მხოლოდ კაპიტალისტური წარმოება ქმნის ამისთვის აუცილებელ სიმდიდრეს და საწარმოო ძალებს, ქმნის აგრეთვე დაჩაგრული მუშების სახით ისეთ საზოგადოებრივ კლასს, რომელიც უფრო და უფრო დგება აუცილებლობის წინაშე, რათა დაეპატრონოს ამ სიმდიდრეს, ამ საწარმოო ძალებს და გამოიყენოს ის მთელი საზოგადოებისათვის და არა მარტო ერთი მონოპოლიური კლასის ინტერესებისათვის, როგორც ეს დღეს არის.
[1] იხ. "კაპიტალი" ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1930, გვ. 191. [იხ. “კაპიტალი” ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1954, გვ. 297] რედაქცია
[2] იხ. "კაპიტალი”, ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1930, გვ. 559, 560. [იხ. "კაპიტალი”, ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1954, გვ. 774.] რედაქცია
[3] იხ. "კაპიტალი" ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1930, გვ. 591. [იხ. "კაპიტალი" ტ. I, ქართ. თარგმანი, სახელგამი, 1954, გვ. 818] რედაქცია