კარლ მარქსი

ბოლოსიტყვაობიდან "კაპიტალის" პირველი ტომის მეორე გერმანული გამოცემისათვის


დაწერილი: 24 იანვარი, 1873 წ.
გამოქვეყნებული: 1872 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: კაპიტალი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის რჩეული ნაწერების ორტომეულის ქართული გამოცემა, 1950 წ., თბილისი
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.


"კაპიტალში" გამოყენებული მეთოდი ცუდად იყო გაგებული, როგორც ამას უკვე მისი ერთი მეორის საწინააღმდეგო განმარტებანი ამტკიცებენ.

ასე, მაგალითად, პარიზის “Revue Positiviste”-ი მისაყვედურებს, ერთი მხრივ, რომ მე პოლიტიკურ ეკონომიას მეტაფიზიკურად განვიხილავ, მეორე მხრივ, — აბა მიხვდით, რას! — რომ მე ვკმაყოფილდები მხოლოდ არსებულის კრიტიკული ანალიზით და არ ვთხზავ რეცეპტებს (კონტისებურს?) მომავალის ლაბორატორიისთვის. მეტაფიზიკოსობის საყვედურის წინააღმდეგ პროფესორი ზიბერი შენიშნავს: "რამდენადაც ლაპარაკია საკუთრივ თეორიაზე, მარქსის მეთოდი მთელი ინგლისური სკოლის დედუქტიური მეთოდია, რომლის ნაკლსა და ღირსებასაც იზიარებენ საუკეთესო თეორეტიკოსი-ეკონომისტები"[1]. ბ-ნი მ. ბლოკი სტატიაში "სოციალიზმის თეორეტიკოსები გერმანიაში", რომელიც გამოქვეყნებული იყო "Journal des Economistes"-ში, 1872 წ. ივლისსა და აგვისტოში — ფიქრობს, რომ ჩემი მეთოდი ანალიზურია და, სხვათა შორის, ამბობს: "ამ თხზულებით ბ–ნმა მარქსმა დაამტკიცა, რომ იგი ერთ-ერთი ფრიად გამოჩენილი ანალიზური მოაზროვნეთაგანიაო”. გერმანელი რეცენზენტები, რასაკვირველია, ჰეგელიანურ სოფისტიკაზე გაჰყვირიან. პეტერბურგული “Вестник Европы”-ს ერთ წერილში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ "კაპიტალის" მეთოდს განიხილავს (1872 წ. მაისის ნომერი, გვ. 427 — 436)[2], ცნობს, რომ ჩემი კვლევის მეთოდი უაღრესად რეალისტურია, ხოლო თხრობის მეთოდი, საუბედუროდ, — გერმანულ-დიალექტიკური. იგი ამბობს: "პირველი შეხედვით, თუ გადმოცემის გარეგნული ფორმის მიხედვით ვიმსჯელებთ, მარქსი უდიდესი იდეალისტი-ფილოსოფოსია და ამასთან ფილოსოფოსი, ამ სიტყვის "გერმანული", ე. ი. ცუდი მნიშვნელობით. ნამდვილად კი იგი უსასრულოდ უფრო რეალისტია, ვიდრე ყველა მისი წინამორბედნი ეკონომიური კრიტიკის დარგში... იდეალისტად მისი ჩათვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება". მე არ შემიძლია უკეთესად ვუპასუხო ავტორს, თუ არ მისივე საკუთარი კრიტიკიდან ამონაწერით; ამასთანავე ეს უკანასკნელი შეიძლება საინტერესოც იყოს ზოგიერთი ჩემი მკითხველისათვისაც, რომლისათვისაც რუსული დედანი ხელმიუწვდომელია.

ავტორს მოჰყავს ციტატი ჩემი "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის", წინასიტყვაობიდან, ბერლინი, 1859 (გვ. IV-VII)[3], სადაც ჩემი მეთოდის მატერიალისტური საფუძველია განმარტებული, და შემდეგ განაგრძობს:

"მარქსისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ: იპოვოს კანონი იმ მოვლენებისა, რომელთა გამოკვლევასაც იგი აწარმოებს. და ამასთან მისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო კანონი, რომელიც განაგებს ამ მოვლენებს, ვიდრე მათ განსაზღვრული ფორმა აქვთ და იმყოფებიან იმ ურთიერთკავშირში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამჟამად. მისთვის, ამას გარდა, მნიშვნელოვანია აგრეთვე კანონი მათი ცვალებადობის, მათი განვითარებისა, ე. ი. გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეში, ერთი წყობილების ურთიერთკავშირიდან მეორეში. როგორც კი მან ეს კანონი აღმოაჩინა, იგი განიხილავს დეტალურად შედეგებს, რომელთა სახით ეს კანონი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მჟღავნდება… ამისდა მიხედვით, მარქსი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: ზედმიწევნითი მეცნიერული გამოკვლევით დაამტკიცოს განსაზღვრული წყობილების საზოგადოებრივ ურთიერთობათა აუცილებლობა და რაც შეიძლება უმწიკვლოდ აღსიშნოს ფაქტები, რომელნიც მისთვის გამოსავალ და დასაყრდენ პუნქტს შეადგენენ. მისთვის სრულიად საკმარისია, თუ მან დაამტკიცა არსებული წყობილების აუცილებლობასთან ერთად აუცილებლობაც მეორე წყობილებისა, რომელზედაც პირველი უნდა გადავიდეს აუცილებლად სულ ერთია, — ფიქრობენ ამას ადამიანები, თუ არ ფიქრობენ, შეგნებული აქვთ მათ ეს, თუ არა აქვთ შეგნებული. მარქსი განიხილავს საზოგადოებრივ მოძრაობას როგორც ბუნებრივ-ისტორიულ პროცესს; ამ უკანასკნელს განაგებენ კანონები, რომელნიც არა თუ დამოკიდებულნი არ არიან ადამიანის ნებასა, ცნობიერებასა და ზრახვაზე, არამედ, პირიქით, თვითონ განსაზღვრავენ მის ნებისყოფას, ცნობიერებას და ზრახვას… თუ კულტურის ისტორიაში შეგნებული ელემენტი ესოდენ დაქვემდებარებულ როლს ასრულებს, მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ კრიტიკას, რომლის საგანიც თვით ეს კულტურაა, ყველაზე ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს საფუძვლად ცნობიერების ესა თუ ის ფორმა ან შედეგი, ე. ი. არა იდეა, არამედ მხოლოდ გარეშე მოვლენა შეიძლება წარმოადგენდეს მისთვის გამოსავალ პუნქტს. აქ კრიტიკა დაკმაყოფილდება ფაქტის შედარებით და დაპირისპირებით არა იდეასთან, არამედ სხვა ფაქტთან. მისთვის, ამ კრიტიკისთვის, მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ ორივე ფაქტი რაც შეიძლება ზედმიწევნით იყოს გამოკვლეული და ნამდვილად ერთი მეორის მიმართ წარმოადგენდეს განვითარების სხვადასხვა საფეხურს; გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ არა ნაკლებ ზედმიწევნით გამოკვლეული იყოს წესი, თანმიმდევრობა და კავშირი, რომელშიც განვითარების საფეხურები გვევლინებიან...

მაგრამ, იტყვიან... ეკონომიური ცხოვრების საყოველთაო კანონები ხომ ერთი და იგივეა, სულ ერთია, გამოვიყენებთ მათ აწმყოს თუ წარსულის მიმართო. სწორედ ამას უარყოფს მარქსი. ასეთი აბსტრაქტული კანონები არ არსებობს მისთვის… მისი აზრით, პირიქით, ყოველ ისტორიულ ხანას თავისი საკუთარი კანონები აქვს… მაგრამ როგორც კი ცხოვრებამ განსაზღვრული განვითარების პერიოდი განვლო და ერთი განსაზღვრული სტადიიდან მეორეში გადავიდა, მას უკვე სხვა კანონები განაგებენ. ერთი სიტყვით, ეკონომიური ცხოვრება ამ შემთხვევაში წარმოადგენს მოვლენას, სრულიად ანალოგიურს იმისას, რასაც ჩვენ სხვა დარგის ბიოლოგიურ მოვლენებში ვხედავთ… ამ ეკონომიური ცხოვრების მოვლენათა შინაგანი წყობისა და ქმედითი მდგომარეობის თვისებათა დაკვირვებულმა ანალიზმა უკვე მეორმოცე წლებიდან არა ერთგზის დაარწმუნა მრავალი მკვლევარი ამ შეხედულების არასისწორეში. ძველ ეკონომისტებს არ ესმოდათ ეკონომიური–კანონების ბუნება, როდესაც ისინი ამ კანონებს ფიზიკისა და ქიმიის კანონებს ადარებდნენ… მოვლენათა უფრო ღრმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ სოციალური ორგანიზმები ისევე საფუძვლიანად განირჩევიან ერთი მეორისაგან, როგორც მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმები… ამ ორგანიზმთა სხვადასხვა აგებულებისა, მათი ცალკე ორგანოების სხვაგვარობისა და იმ პირობათა განსხვავების გამო, რომლებშიაც ეს ორგანოები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და სხვ., ერთი და იგივე მოვლენა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სულ სხვადასხვა კანონებს ექვემდებარება. მარქსი, მაგალითად, უარყოფს, რომ მოსახლეობის ზრდის კანონი ერთი და იგივეა ყოველთვის და ყველგან, ყველა დროისა და ადგილისათვის. პირიქით, იგი გვარწმუნებს, რომ ყოველ განვითარების საფეხურს თავისი საკუთარი მოსახლეობის კანონი აქვს… რაც ეკონომიურ ცხოვრებაში ხდება, იგი დამოკიდებულია ეკონომიურ ძალთა ნაყოფიერების ხარისხზე… საწარმოო ძალის განვითარების სხვადასხვაობისას იცვლებიან ურთიერთობანი და ის კანონებიც, რომელნიც მათ განაგებენ. როდესაც მარქსი მიზნად იღებს გამოიკვლიოს და განმარტოს ამ თვალსაზრისით კაპიტალისტური მეურნეობის წყობილება, იგი მხოლოდ მკაცრ მეცნიერულ ფორმაში აყალიბებს იმ მიზანს, რომელსაც უნდა ისახავდეს ეკონომიური ცხოვრების ყოველი ზუსტი გამოკვლევა… ასეთი გამოკვლევის მეცნიერული ღირებულება მდგომარეობს იმ განსაკუთრებული კანონების ახსნაში, რომლებიც მოცემული საზოგადოებრივი ორგანიზმის წარმოშობას, არსებობას, განვითარებას, სიკვდილს და მის შეცვლას სხვა უფრო მაღალი ორგანიზმით აწესრიგებენ. და ეს ღირებულება აქვს ნამდვილად მარქსის წიგნს".

იმით, რომ ბ-ნი ავტორი იმას, რასაც იგი ჩემს ნამდვილ მეთოდს უწოდებს, ასე ჩინებულად და, რამდენადაც საკითხი პირადად ჩემს მიერ ამ მეთოდის გამოყენებას შეეხება, ასე კეთილგანწყობილებით აგვიწერს, რა აგვიწერა მან სხვა, თუ არ დიალექტიკური მეთოდი?

რასაკვირველია, გადმოცემის წესი ფორმალურად უნდა განსხვავდებოდეს კვლევა-ძიების წესისაგან. კვლევა-ძიებამ უნდა აითვისოს მასალა დეტალურად, გაუკეთოს ანალიზი მისი განვითარების სხვადასხვა ფორმებს და აღმოაჩინოს მათი შინაგანი კავშირი.

მხოლოდ ამ მუშაობის შესრულების შემდეგ შეიძლება სათანადო წესით გადმოცემულ იქნას ნამდვილი მოძრაობა. თუ კი ეს მოხერხდა და მასალის ცხოვრებამ თავისი იდეალური ასახულობა ჰპოვა, მაშინ შეიძლება გვეჩვენოს, რომ ჩვენ აპრიორულ კონსტრუქციასთან გვაქვს საქმე.

ჩემი დიალექტიკური მეთოდი თავის საფუძველში არა მარტო განსხვავდება ჰეგელის მეთოდისაგან, არამედ მის პირდაპირ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ჰეგელისათვის აზროვნების პროცესი, რომელსაც იგი იდეის სახელწოდებით დამოუკიდებელ სუბიექტადაც კი ხდის, არის დემიურგი (შემოქმედი) სინამდვილისა რომელიც მის მხოლოდ გარეგან გამოვლინებას წარმოადგენს. ჩემთვის, პირიქით, იდეალური სხვა არაფერია, თუ არა მატერიალური, ადამიანის თავში გადატანილი და მასში გარდაქმნილი.

ჰეგელის დიალექტიკის მისტიფიციური მხარე მე გავაკრიტიკე თითქმის 30 წლის წინათ, იმ დროს, როდესაც იგი ჯერ კიდევ მოდაში იყო. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც მე "კაპიტალის" პირველ ტომს ვამუშავებდი მყვირალა, თავაშვებული და ვიწრო გონების ეპიგონები, რომელნიც ამჟამად ტონის მიმცემნი არიან განათლებულ გერმანიაში, ისე ეპყრობოდნენ ჰეგელს, როგორც ლესინგის დროს ყოჩაღი მოსე მენდელსონი ეპყრობოდა სპინოზას, — სახელდობრ, როგორც "მკვდარ ძაღლს". ამიტომ მე საჯაროდ ვაღიარე თავი ამ დიდებული მოაზროვნის მოწაფედ და თავში, რომელიც ღირებულების თეორიას ეხება, ალაგ-ალაგ თავმომწონეობდი კიდეც მისი თავისებური ტერმინოლოგიის ხმარებით. მისტიფიკაცია, რომელსაც დიალექტიკა ჰეგელის ხელში განიცდის, სრულიადაც არ უშლის ხელს იმას, რომ პირველად ჰეგელმა გვამცნო. ამომწურავად და შეგნებულად მისი საყოველთაო მოძრაობის ფორმები. ჰეგელის დიალექტიკა თავდაყირა დგას, უნდა გადმოვაყირაოთ იგი, რომ მისტიკურ გარსს შიგნით რაციონალური მარცვალი აღმოვაჩინოთ.

თავისი მისტიფიციური ფორმით დიალექტიკა მოდად იქცა გერმანიაში, რადგანაც იგი თითქოს არსებულ წესწყობილებას აქებ-ადიდებდა. თავისი რაციონალური სახით იგი ბრაზსა ჰგვრის და შიშის ზარსა სცემს ბურჟუაზიას და მის დოქტრინერ-იდეოლოგებს, რადგანაც არსებულის პოზიტიური გაგება იმავე დროს შეიცავს მისი უარყოფისა და მისი აუცილებელი მოსპობის გაგებას, ყოველ შექმხილ ფორმას იგი განიხილავს მოძრაობის დენადობაში, მაშასადამე, მისი წარმავალობის მხრივაც, იგი არავის წინაშე ქედს არ იხრის და არსებითად კრიტიკული და რევოლუციურია.

კაპიტალისტური საზოგადოების წინააღმდეგობით აღსავსე მოძრაობა ყველაზე ძალიან აგრძნობინებს თავის თავს პრაქტიკოს ბურჟუას იმ პერიოდული ციკლის მერყეობაში, რომელსაც თანამედროვე მრეწველობა განიცდის და რომლის უმაღლეს წერტილს საყოველთაო კრიზისი წარმოადგენს. ეს კრიზისი კვლავ ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ მოსამზადებელ სტადიაშია; იგი, ეტყობა, იმდენად ფართო იქნება და იმდენად ინტენსიური თავისი გავლენით, რომ დიალექტიკას შთაუნერგავს იმათაც კი, ვინც თავს ნებიერად გრძნობს ახალ სამღვთო პრუსია-გერმანიის იმპერიაში.


[1] Зибер Н., Теория ценности и капитала Д. Рикардо. Киев, 1871, стр. 170. რედაქცია.

[2] ლაპარაკია პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ი. ი. კაუფმასის სტატიაზე: "Точка зрения политико-экономической критики у К. Маркса". რედაქცია.

[3] იხ. ამ ტომის გვ. 405 — 410. რედაქცია.