დაწერილი: ფ. ენგელსის 1874 წ. ივნისს — 1875 წ. აპრილს.
გამოქვეყნებული: დაბეჭდილია “Volkstaat”-ში 1875 წ., იმავე წელს გამოვიდა ცალკე ბროშურად.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [ბროშურის ტექსტთან შედარებული გაზეთის ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ბ-ნი ტკაჩოვი გზადაგზა მოუთხრობს გერმანელ მუშებს, რომ მე რუსეთის შესახებ არა მაქვს "მცირეოდენი ცოდნაც" კი, რომ, პირიქით, სრულ "უვიცობას" ვამჟეღავნებ, და ამიტომ იგი იძულებულადაც თვლის თავს აუხსნას მათ საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობა — სახელდობრ, ის მიზეზები, რომელთა გამო სწორედ ახლა სრულიად ადვილად და ხუმრობით შეიძლება რუსეთში სოციალური რევოლუციის მოხდენა, — გაცილებით უფრო ადვილად, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.
“ჩვენ არა გვყავს ქალაქის პროლეტარიატი, ეს მართალია; მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ არ გვყავს ბურჟუაზიაც... ჩვენს მუშებს დასჭირდებათ ბრძოლა მარტო პოლიტიკურ ძალასთან; კაპიტალის ძალა ჩვენში ჯერ კიდევ ჩანასახის სახითაა. და თქვენ, მოწყალეო ხელმწიფევ, კარგად უწყით, რომ პირველთან ბრძოლა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე უკანასკნელთან".
გადატრიალება, რომლისადმი თანამედროვე სოციალიზმი მიისწრაფის, მდგომარეობს, თუ მოკლედ ვიტყვით, პროლეტარიატის გამარჯვებაში ბურჟუაზიაზე და საზოგადოების ახალი ორგანიზაციის შექმნაში ყოველგვარი კლასობრივი განსხვავებების მოსპობის გზით. ამისათვის საჭიროა არსებობდეს არა მარტო პროლეტარიატი, რომელიც ამ გადატრიალებას მოახდენს, არამედ ბურჟუაზიაც, რომლის ხელშიც საზოგადოებრივი საწარმოო ძალები ისეთ განვითარებას აღწევენ, როდესაც შესაძლებელი ხდება კლასობრივი განსხვავების საბოლოო მოსპობა. ველურებს და ნახევრადველურებს აგრეთვე ხშირად არა აქვთ არავითარი კლასობრივი განსხვავებები, და ასეთი მდგომარეობა ყოველ ხალხს გაუვლია. მაგრამ ჩვენ არ შეიძლება თავში მოგვივიდეს იმ მდგომარეობის ხელახლა აღდგენა თუნდ მარტო იმიტომაც, რომ ამ მდგომარეობიდან, საზოგადოებრივი საწარმოო ძალების განვითარებასთან ერთად, აუცილებლად წარმოდგება კლასობრივი განსხვავებები. საზოგადოებრივი საწარმოო ძალების განვითარების განსაზღვრულ — ჩვენი დროის პირობებისთვის უაღრესად მაღალ საფეხურზე ხდება შესაძლებელი წარმოების იმ დონეზე აყვანა, რომ კლასობრივი განსხვავებების მოსპობა ნამდვილ პროგრესად იქცეს, რომ იგი იქნეს მტკიცე და არ გამოიწვიოს შეყოვნება — ან უკუსვლაც კი — საზოგადოებრივ წარმოების წესში. განვითარების ასეთ ხარისხს საწარმოო ძალებმა მიაღწია მხოლოდ ბურჟუაზიის ხელში. მაშასადამე, ბურჟუაზია ამ მხრივაც ისეთივე აუცილებელი წინასწარი პირობაა სოციალისტური რევოლუციისთვის, როგორც თვით პროლეტარიატი. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ამ რევოლუციის გატარება უფრო ადვილია ისეთ ქვეყანაში, სადაც თუმცა პროლეტარიატი არაა, მაგრამ სამაგიეროდ არც ბურჟუაზია არისო, მხოლოდ იმას ცხადჰყოფს, რომ მან ჯერ კიდევ სოციალიზმის ანბანი უნდა ისწავლოს.
ამრიგად, რუსეთის მუშებისთვის, — და ეს მუშები, როგორც თვით ტკაჩოვი ამბობს, არიან "მიწათმოქმედები და როგორც ასეთნი — არაპროლეტარები არამედ მესაკუთრეები”, — უფრო ადვილია ამის გაკეთება იმიტომ, რომ ისინი უნდა ებრძოლონ არა კაპიტალის ძალას, არამედ "მარტო პოლიტიკურ ძალას”, რუსეთის სახელმწიფოს. და ეს სახელმწიფო:
"მხოლოდ შორიდან მოჩანს ძალად… მას არავითარი ფესვები არა აქვს ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაში, იგი არც ერთი წოდების ინტერესებს არ ანხორციელებს… თქვენში სახელმწიფო როდია მოჩვენებითი ძალა. იგი ორივე ფეხით ეყრდნობა კაპიტალს; იგი ანხორციელებს თავის თავში(!) განსაზღვრულ ეკონომიურ ინტერესებს… ჩვენში ამ მხრივ საქმე სწორედ პირიქითაა, — ჩვენი საზოგადოებრივი ფორმა სახელმწიფოს წყალობით არსებობს, ეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ჰაერში ჰკიდია, მას არაფერი აქვს საერთო არსებულ საზოგადოებრივ წყობილებასთან, მას ფესვები წარსულში აქვს და არა აწმყოში".
ნუ შევჩერდებით არეულ წარმოდგენაზე, თითქოს ეკონომიური ინტერესები საჭიროებდეს თავის ხო ხორცშესასხმელად მათ მიერვე შექმნილ სახელმწიფოს. განხე დავტოვოთ აგრეთვე გაბედული მტკიცება, თითქოს რუსეთის "საზოგადოებრივი ფორმა (რომელსაც აგრეთვე გლეხთა სათემო საკუთრებაც ხომ ეკუთვნის) სახელმწიფოს წყალობით არსებობს" და აგრეთვე საწინააღმდეგო მტკიცება იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოს “არაფერი აქვს საერთო” — არსებულ საზოგადოებრივ წყობილებასთან, რომელიც თითქოს მის საკუთარ ქმნილებას წარმოადგენდეს. დავაკვირდეთ, უკეთესია, ახლავე ამ “ჰაერში ჩამოკიდებულ სახელმწიფოს", რომელიც არც ერთი წოდების ინტერესების წარმომადგენელი არაა.
რუსეთის ევროპულ ნაწილში გლეხები ფლობენ 105 მილიონ დესეტინა მიწას, თავადაზნაურობა (ასე ვუწოდებ მე აქ, სიმოკლისათვის, ყველა მხვილ მემამულეს) — 100 მილ. დესეტინას, საიდანაც თითქმის ნახევარი ეკუთვნის 15 000 თავადაზნაურს, რომელთაგან თვითეულს, ამგვარად, საშუალოდ 3300 დესეტინა აქვს. გლეხების მიწა, მაშასადამე, სულ მცირეოდენით არის თავადაზნაურების მიწაზე მეტი. როგორც ხედავთ, თავადაზნაურები სრულიად არ არიან დაინტერესებული იმაში, რომ არსებობდეს რუსეთის სახელმწიფო, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ფლობდნენ ქვეყნის ნახევარს! შემდეგ გლეხები თავის ნახევარში საადგილმამულო გადასახადის სახით წლიურად 195 მილ. მანეთს იხდიან, თავადაზნაურები — 13 მილიონს! თავადაზნაურების მიწები საშუალოდ ორჯერ უფრო ნაყოფიერია, ვიდრე გლეხების, რადგან გაყოფისას, რომელიც ბეგარის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოხდა, სახელმწიფომ არა მარტო მეტი მიწა წაართვა გლეხებს და გადასცა თავადაზნაურებს, არამედ საუკეთესოც, და ამასთან გლეხები იძულებული იყვნენ ამ ცუდ მიწაში თავადაზნაურობისათვის საუკეთესო მიწის ფასი გადაეხადათ. და რუსეთის თავადაზნაურობა თურმე სრულიად არაა დაინტერესებული რუსეთის სახელმწიფოს არსებობაში!
გლეხობის მასა მათი გამოსყიდვის გამო მეტისმეტად გაჭირვებულ, სრულიად აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდა. მათ არა მარტო მათი მიწის უდიდესი და საუკეთესო ნაწილი წაართვეს, ასე რომ იმპერიის უნაყოფიერეს ოლქებშიც კი გლეხების მიწა — რუსეთის სამიწათმოქმედო პირობებისათვის — ნამეტნავად მცირეა, რათა მათ შეეძლოთ მასზე თავის რჩენა. ამ მიწისთვის გლეხებს არა მარტო გადაჭარბებული ფასი უანგარიშეს, რაც მათ მაგიერ წინასწარ გადაიხადა სახელმწიფომ, რომელიც ახლა მათ ახდევინებს სარგებლითურთ. მათ არა მარტო აწვებათ თითქმის მთელი სიმძიმე საადგილმამულო გადასახადისა, რომლისაგან თავადაზნაურები თითქმის სრულიად განთავისუფლებული არიან, ასე რომ მარტო საადგილმამულო გადასახადიც კი ნთქავს — აღემატება კიდეც — გლეხის მიწის რენტის მთელ ღირებულებას, ხოლო ყველა სხვა გადასახდელი, რომელიც უნდა გაისტუმროს გლეხმა და რომელზედაც ჩვენ ქვემოთ ვილაპარაკებთ, შეადგენს უკვე პირდაპირ გამოკლებას შემოსავლის იმ ნაწილიდან, რომელიც მის შრომის ხელფასს წარმოადგენს. არა, არა მარტო ეს. საადგილმამულო გადასახადს, გამოსყიდვის გადასახდელს და სარგებელს გამოსყიდვისათვის, რომელიც სახელმწიფომ წინასწარ გადაიხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის შემოღების შემდეგ ემატება კიდევ საგუბერნიო და სამაზრო გამოსაღებები. ამ "რეფორმის” ყველაზე არსებითი შედეგი იყო გლეხების ახალი გადასახადებით დატვირთვა. სახელმწიფომ მთლიანად შეინარჩუნა თავისი შემოსავალი, მაგრამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი დააკისრა გუბერნიებს და მაზრებს, რომელთაც მათ დასაფარავად ახალი გადასახადები შემოიღეს, რუსეთში კი წესია, რომ უმაღლესი წოდებები თითქმის თავისუფალი არიან გადასახადებისაგან, ხოლო გლეხი თითქმის ყველაფერს იხდის.
ასეთი მდგომარეობა თითქოს განგებაა შექმნილი მევახშისათვის და რუსების დაბალ ფორმებში ვაჭრობის, ხელსაყრელი პირობების გამოყენებისა და მასთან განუყრელად დაკავშირებულ მატყუარობის უმაგალითო ნიჭთან ერთად, იქ არსად არაა მევახშის ნაკლებობა: ჯერ კიდევ პეტრე I ამბობდა, რომ ერთი რუსი სამ ებრაელს აიწონისო. როდესაც გადასახადების აკრეფის დრო მოახლოვდება, — გამოჩნდება მევახშე, კულაკი, — ხშირად იმავე თემის მდიდარი გლეხი, და სთავაზობს ნაღდ ფულს. გლეხმა ფული უნდა იშოვოს, რაც არ უნდა მოხდეს, და იგი იძულებულია სიტყვის შეუბრუნებლად მიიღოს მევახშის პირობები. ამით იგი კიდევ უფრო ღრმად ექცევა კლანჭებში, მას სულ უფრო და უფრო მეტი ნაღდი ფული სჭირდება. მოსავლის მოწევის დროს მოდის ხორბლით მოვაჭრე, და ფულის მოთხოვნილება აიძულებს გლეხს გასცეს ნაწილი ხორბლისა, რომელიც მისი ოჯახის გამოსაკვებადაა საჭირო. ხორბლით მოვაჭრე ავრცელებს ხორბლის ფასის დამცემ ყალბ ხმებს, აძლევს ხორბალში დაბალ ფასს და ამასთან ამ ფასსაც ნაწილობრივ ხშირად მაღალ ფასებში ნაანგარიშევი სხვადასხვა საქონლით იხდის, ვინაიდან ფულის ნაცვლად საქონლით გადახდის სისტემა (Truck System) რუსეთში ძალიან განვითარებულია. რუსეთის ხორბლის დიდი ექსპორტი, როგორც ხედავთ, გლეხი მოსახლეობის პირდაპირ შიმშილზეა დამყარებული. გლეხთა ექსპლოატაციის მეორე წესი იმაში მდგომარეობს, რომ სპეკულიანტი იჯარით იღებს გრძელი ვადით სახელმწიფოსაგან სახაზინო მიწის ნაკვეთს, თვით ამუშავებს მას, ვიდრე მიწა კარგ მოსავალს იძლევა უსასუქოდ, ხოლო შემდეგ ჰყოფს ამ გამოფიტულ მიწის ნაკვეთს პატარ-პატარა ნაჭრებად და იჯარით აძლევს დიდ რენტაში მეზობელ გლეხებს, რომელთაც თავიანთი მიწა არ ჰყოფნით. თუ ჩვენ ზემოთ ვნახეთ ფულით გადახდის ნაცვლად საქონლით გადახდის ინგლისური სისტემა, აქ ირლანდიელ შუამავალთა (Middlemen) სისტემის ზუსტი ასლი გვაქვს. მოკლედ, — არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც, ბურჟუაზიული საზოგადოების მთელ პირველყოფილ ველურობასთან ერთად ისე განვითარებული იყოს კაპიტალისტური პარაზიტიზმი, როგორც სწორედ რუსეთშია, სადაც მთელი ქვეყანა, მოსახლეობის მთელი მასა დაჩაგრულია და მის ბადეშია გახვეულ-გახლართული. და ყველა ეს გლეხობის სისხლის მწოველები სრულიად არ არიან დაინტერესებული რუსეთის სახელმწიფოს არსებობაში, რომლის კანონები და სასამართლოები მათ მარჯვე და მომგებიან საქმეებს იცავენ!
პეტერბურგის, მოსკოვის, ოდესის მსხვილი ბურჟუაზია, რომელიც გაუგონარი სისწრაფით ვითარდება უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით რკინიგზების მშენებლობის წყალობით, და რომელსაც მეტად საგრძნობლად შეეხო უკანასკნელი კრიზისი, მარცვლეულის, კანაფის, სელის და ქონის ყველა ეს ექსპორტერები, რომელთა ყველა საქმე მთლიანად გლეხების სიღატაკეზეა აგებული, რუსეთის მთელი მსხვილი მრეწველობა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მისთვის ბოძებული მფარველობითი ბაჟების მეოხებით არსებობს, განა მოსახლეობის ყველა ეს გავლენიანი და სწრაფად მზარდი ელემენტები დაინტერესებული არ არიან რუსეთის სახელმწიფოს არსებობაში? არას ვამბობთ მოხელეთა ურიცხვ არმიაზე, რომლითაც წალეკილია რუსეთი, რომელიც ძარცვავს მას და რომელიც იქ ნამდვილ წოდებას შეადგენს. და როდესაც ამის შემდეგ ბ-ნი ტკაჩოვი გვარწმუნებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს "არავითარი ფესვები არა აქვს ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაში, იგი არც ერთი წოდების ინტერესებს არ ანხორცივლებს და ჰაერში ჰკიდიაო”, — ჩვენ გვგონია, რომ არა რუსეთის სახელმწიფო, არამედ თვით ბ-ნი ტკაჩოვია ჰაერში დაკიდებული.
რუსი გლეხების მდგომარეობა ბატონყმური დამოკიდებულებიდან მათი განთავისუფლების შემდეგ რომ აუტანელი გახდა, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს და რომ უკვე ამიტომ რევოლუცია რუსეთში მოახლოებულია, — ეს ცხადია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როგორი შეიძლება იყოს, როგორი იქნება ამ რევოლუციის შედეგი. ბ-ნი ტკაჩოვი, ამბობს ეს რევოლუცია სოციალური რევოლუცია იქნებაო. ეს უბრალო ტავტოლოგიაა. ყოველი ნამდვილი რევოლუცია არის სოციალური რევოლუცია, რამდენადაც იგი ახალ კლასს გააბატონებს და შესაძლებლობას აძლევს მას თავის სახისამებრ გარდაჰქმნას საზოგადოება. მაგრამ ბატონ ტკაჩოვს სურს თქვას, რომ რევოლუცია იქნება სოციალისტური, რომ იგი შეიტანს რუსეთში, ვიდრე ჩვენ ამას მივაღწევდეთ დასავლეთში, იმ საზოგადოებრივ ფორმას, რომლისადმი დასავლეთ ევროპის სოციალიზმი მიისწრაფის, და ეს მოხდება ისეთ საზოგადოებრივ პირობებში, როდესაც როგორც პროლეტარიატი, ისე ბურჟუაზია ჯერ კიდევ სპორადულად გვევლინება და განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფება. და ყველაფერი ეს თითქოს შესაძლებელია იმიტომ, რომ რუსები შეადგენენ სოციალიზმის, ასე ვთქვათ, რჩეულ ხალხს, ვინაიდან არტელები და მიწის სათემო საკუთრება აქვთ.
არტელს მხოლოდ გაკვრით იხსენიებს ბ-ნი ტკაჩოვი, მაგრამ ჩვენ მასზე შევჩერდებით, რადგან გერცენის შემდეგ ბევრი რუსი იდუმალ როლს მიაწერს მას. არტელი რუსეთში ფართოდ გავრცელებული ასოციაციის ფორმას წარმოადგენს, თავისუფალი კოოპერაციის უმარტივეს ფორმას, როგორიც მონადირე ტომებს აქვთ ნადირობის დროს. როგორც სახელწოდება, ისე მისი არსიც თათრული წარმოშობისაა და არა სლავური. ერთიც და მეორეც გვხვდება ყირგიზებსა, იაკუტებსა და სხვ., ერთი მხრივ, და საანებსა, ნანელებსა და სხვა ფინელ ხალხებში, მეორე მხრივ[1]. ამიტომ არტელი ვითარდება თავდაპირველად არა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, არამედ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, ფინელებთან და თათრებთან კონტაქტის ადგილებში. მკაცრი ჰავა მოითხოვს სხვადასხვაგვარ სამრეწველო მოქმედებას, ხოლო ქალაქური განვითარების და კაპიტალის ნაკლებობის ანაზღაურება ხდება შეძლებისამებრ კოოპერაციის ამ ფორმით. არტელის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი, — არტელის წევრთა საერთო თავდებობა ურთიერთისათვის მესამე პირთა წინაშე, — თავდაპირველად დამყარებულია სისხლის ნათესაობის კავშირზე, ისევე როგორც ურთიერთავდებობა (Gewere) ძველ გერმანელებში, სისხლის აღება და სხვ. ისე კი სიტყვა არტელი იხმარება რუსეთში არა მარტო ყოველგვარი საერთო მოქმედების, არამედ საერთო დაწესებულებების აღსანიშნავადაც. ბირჟაც არტელია. მუშათა არტელებში ყოველთვის ირჩევენ უფროსს (სტაროსტას, მამასახლისს,) რომელიც ასრულებს ხაზინადრის, მოანგარიშის და სხვა მოვალეობას, ხოლო საჭიროების მიხედვით, მმართველის მოვალეობასაც და ამისათვის განსაკუთრებულ ჯამაგირს იღებს. ასეთი არტელები წარმოიშობიან:
1) დროებითი საწარმოებისათვის, რომელთა დასრულების შემდეგ ისინი დაიშლებიან;
2) ერთი და იმავე ხელობის ადამიანებს შორის, მაგალითად, ტვირთმზიდავებს შორის და სხვ.
3) მუდმივი საწარმოებისათვის, — სამრეწველო საწარმოებისათვის, სიტყვის ნამდვილი აზრით.
არტელი იქმნება ხოლმე ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს მისი ყველა წევრი. თუ მათ თვითონ არ შეუძლიათ საჭირო კაპიტალის შეგროვება, როგორც ამას ადგილი აქვს ძალიან ხშირად, მაგალითად, ყველის წარმოებაში, მეთევზეობაში (ბადეების, გემებისა და სხვ. საყიდლად), მაშინ არტელი ხელში უვარდება მევახშეს, რომელიც მაღალი სარგებელით სესხად აძლევს არტელს საჭირო თანხას, და ამ მომენტიდან იჯიბავს შრომის პროდუქტის დიდ ნაწილს. მაგრამ კიდევ უფრო საზიზღრად წარმოებს ექსპლოატაცია იმ არტელებისა, რომელნიც მწარმოებლებს მიექირავებიან ხოლმე დაქირავებული მუშების სახით. ისინი თვითონ განაგებენ თავიანთ სამრეწველო საქმიანობას, რითაც კაპიტალისტს უზოგავენ ზედამხედველობის ხარჯებს. კაპიტალისტი ქირით აძლევს მათ საცხოვრებელ ქოხებს და სესხად სურსათ-სანოვაგეს, და აქ ისევ ვითარდება ყოვლად საზიზღარი სახით საქონლით გადახდის სისტემა. ასეა საქმე არხანგელსკის გუბერნიის, ხისმჭრელებსა და ფისისმხდელებს შორის, ციმბირის ბევრ საწარმოებში და სხვ. (შეად. Флеровский, "Положение рабочего класса в россии", С.-Петербург, 1869 г.). ამგვარად, არტელი აქ წარმოადგენს საშუალებას რომელიც კაპიტალისტს არსებითად უადვილებს დაქირავებული მუშების ექსპლოატაციას. მაგრამ, მეორე მხრივ, არიან ისეთი არტელებიც, რომელთაც თვითონ ჰყავთ დაქირავებული მუშები; ეს მუშები არ არიან არტელის წევრები.
როგორც ვხედავთ, არტელი არის პირველყოფილი და ამიტომ კოოპერაციული ამხანაგობის ჯერ კიდევ მეტად განუვითარებელი ფორმა და, როგორც ასეთი, იგი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაღაც სპეციფიკურად რუსულს ან თუნდაც სლავურ მოვლენას. ასეთი საზოგადოებები იქმნებიან ყველგან, სადაც მათი საჭიროებაა: შვეიცარიაში სარძეო საქმეში, ინგლისში — მეთევზეობაში, სადაც ისინი სხვადასხვაგვარიც კი არიან. სილეზიის მიწის მთხრელი მუშები (გერმანელები, და არა პოლონელები), რომელთაც ორმოციან წლებში მრავალი რკინიგზა ააგეს, ორგანიზებული იყვნენ ნამდვილ არტელებში. ამ ფორმის უპირატესად არსებობა რუსეთში ამტკიცებს, რასაკვირველია, რუს ხალხში, ასოციაციისადმი ძლიერი მისწრაფების არსებობას, მაგრამ ეს სრულიადაც არ ამტკიცებს იმას, რომ ამ ხალხს ძალუძს, ამ მისწრაფებების მეოხებით, არტელიდან პირდაპირ სოციალისტურ საზოგადოებრივ წყობილებაში გადახტეს. ამისთვის საჭიროა პირველ ყოვლისა, რომ თვით არტელი გახდეს განვითარების უნარმქონე, რომ მან მოიცილოს თავისი პირველყოფილი ფორმა, — რომელშიაც იგი, როგორც ვნახეთ, უფრო კაპიტალს ემსახურება, ვიდრე, მუშას, და აიწიოს, სულ ცოტა, დასავლეთ ევროპის კოოპერაციულ ამხანაგობათა დონემდე მაინც. მაგრამ თუ ჩვენ ამჯერად დავუჯერებთ ბ-ნ ტკაჩოვს (რაც, ყველა ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, მეტად გაბედული საქმე იქნებოდა), — აქამდე ჯერ კიდევ შორს არის. პირიქით, მისი თვალსაზრისისათვის მეტისმეტად დამახასიათებელი ამაყობით ბ-ნი ტკაჩოვი გვარწმუნებს:
"რაც შეეხება გერმანული (!) ნიმუშის კოოპერაციულ და საკრედიტო ასოციაციებს, რომელნიც უკანასკნელ დროს რუსეთში ხელოვნურად დანერგეს, მათ ჩვენი მუშების უმრავლესობა სრული გულგრილობით ხვდება, და თითქმის ყველგან მარცხი განიცადეს".
თანამედროვე კოოპერაციულმა ამხანაგობამ ყოველ შემთხვევში დაგვიმტკიცა თავისი უნარი, რომ მას ძალუძს დამოუკიდებლად და წარმატებით წარმართოს მსხვილი სამრეწველო საწარმოები (სართავი და საფეიქრო ფაბრიკები ლანკაშირში). არტელს კი, არა თუ არ გამოუჩენია დღემდე ამის უნარი, არამედ იგი აუცილებლად დაიღუპება მსხვილი მრეწველობის მეოხებით, უკეთუ იგი შემდგომი განვითარების გზით არ წავა.
რუსი გლეხების სათემო საკუთრება აღმოჩენილ იქნა 1845 წელს პრუსიის მთავრობის მრჩეველის ჰაქსტჰაუზენის მიერ, და მან მსოფლიოს მოსდო მის, როგორც რაღაც სრულიად საოცარ მოვლენის შესახებ, თუმცა ჰაქსტჰაუზენს შეეძლო კიდევ საკმაო რაოდენობით ეპოვნა მის ნაშთები თავის სამშობლო ვესტფალიაში, ხოლო როგორც მთავრობის მოხელე ის ვალდებულიც იყო კარგად სცოდნოდა ეს. გერცენმა რომელიც თვითონ იყო რუსი მემამულე, ჰაქსტპჰაუზენისაგან გაიგო პირველად, რომ მისი გლეხები სათემოდ ფლობდნენ მიწას. და ისარგებლა ამით იმისათვის, რომ დაეპირისპირებინა რუსეთის გლეხები, როგორც სოციალიზმის ჭეშმარიტი მატარებელნი, დაბადებითვე კომუნისტები, სიბერეში შესულ ლპობის გზაზე დამდგარ დასავლეთ ევროპის მუშებისათვის, რომელთაც უხდებათ მხოლოდ ხელოვნურად მოაცოდვილონ სოციალიზმი. გერცენიდან ეს ცნობა გადავიდა ბაკუნინთან და ბაკუნინიდან — ბ-ნ ტკაჩოვთან. მოვუსმინოთ ამ უკანასკნელს:
“ჩვენი ხალხის… დიდი უმოავლესობა… გაჟღენთილია სათემო მფლობელობის პრინციპებით; იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინსტინქტურად, ტრადიციულად კომუნისტია. კოლექტიური საკუთრების იდეა ისე ღრმად შეესისხლხორცა რუსეთის ხალხის მსოფლმხედველობას (ჩვენ ახლავე ვნახავთ, თუ რაოდენ ფართოა რუსეთის გლეხის მსოფლიო), რომ ამჟამად, როდესაც რუსეთის მთავრობა იწყებს იმის გაგებას, რომ ეს იდეა შეუთავსებელია "კეთილმოწყობილი" საზოგადოების პრინციპებთან და ცდილობს ამ პრინციპთა სახელით, ხალხის ცნობიერებასა და ცხოვრებაში კერძო საკუთრების იდეა ჩანერგოს, — მას მხოლოდ ხიშტების და მათრახის დახმარებით შეუძლია ამის მიღწევა. აქედან ცხადია, რომ ჩვენი ხალხი, მისი უვიცობის მიუხედავად, გაცილებით უფრო ახლო დგას სოციალიზმთან, ვიდრე დასავლეთ ევროპის ხალხები, თუმცა ესენი უფრო განათლებულები არიან".
სინამდვილეში კი მიწის სათემო საკუთრება ისეთი დაწესებულებაა, რომელსაც განვითარების დაბალ საფეხურზე ყველა ინდოევროპულ ხალხებში ვპოვებთ ინდოეთიდან დაწყებული ირლანდიამდე და მალაელებშიც კი, — მაგალითად, იავაზე, — რომელთა განვითარება ინდოეთის ზეგავლენის ქვეშ წარმოებს. ჯერ კიდევ 1608 წელს მიწის სათემო საკუთრების არსებობა ახლად დაპყრობილ ირლანდიის ჩრდილოეთში შეიქნა საბაბი ინგლისელებისათვის, რომ მათ მიწა უპატრონოდ გამოეცხადებინათ და გვირგვინის სასარგებლოდ მისი კონფისკაცია მოეხდინათ. ინდოეთში დღემდე არსებობს მთელი რიგი სათემო საკუთრების ფორმები. გერმანიაში ასეთი საკუთრება საყოველთაო მოვლენა იყო და ის სათემო მიწები, რომლებსაც აქა-იქ დღესაც ვხვდებით, მის ნაშთებს წარმოადგენენ; ხშირად, განსაკუთრებით მთებში, კიდევ ვპოვებთ მის ცხად კვალს: სათემო მიწების პერიოდულ დაყოფას და სხვ. უფრო ზუსტი ცნობები და დეტალები ძველი გერმანული სათემო მიწათმფლობელობის შესახებ მკითხველს შეუძლია იპოვოს მაურერის სხვადასხვა თხზულებებში, რომელნიც ამ მხრივ კლასიკურ თხზულებებს წარმოადგენენ. დასავლეთ ევროპაში, პოლონეთის და მალოროსიის ჩათვლით, ეს სათემო საკუთრება, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე, გადაიქცა ბორკილად, დაბრკოლებად სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის და თანდათანობით მოსპობილ იქნა. პირიქით, ველიკოროსიაში (ე. ი. საკუთრივ რუსეთში) იგი შენარჩუნებულია დღემდე, რაც ამტკიცებს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება და მისი შესაბამისი სასოფლო საზოგადოებრივი ურთიერთობანი აქ ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელ მდგომარეობაში იმყოფებიან, და ეს ნამდვილად ასეც არის. რუსი გლეხი ცხოვრობს და მოქმედებს მხოლოდ თავის თემში; მთელი დანარჩენი მსოფლიო მისთვის მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც იგი მისი თემის საქმეებში ერევა. თუ რამდენად სწორია ეს, ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ რუსულ ენაზე ერთი და იგივე სიტყვა мир, ნიშნავს, ერთი მხრივ, "მსოფლიოს” და, მეორე მხრივ, — საგლეხო თემს. Весь мир (მთელი მსოფლიო) გლეხის ენაზე ნიშნავს თემის ყველა წევრთა კრებას, მაშასადამე, როდესაც ბ-ნი ტკაჩოვი რუსი გლეხის "მსოფლმხედველობაზე" ლაპარაკობს, — ცხადია, მან ყალბად თარგმნა რუსული სიტყვა мир. თემების ასეთი სრული განცალკევება ერთიმეორესგან ყოველთვის ბუნებრივი საფუძველია აღმოსავლური დესპოტიზმისთვის; იგი, მართალია, ერთნაირ ინტერესებს ჰქმნის მთელ ქვეყანაში, მაგრამ იმავე დროს — საერთო ინტერესების პირდაპირ საწინააღმდეგოს, და ყველგან ინდოეთიდან დაწყებული რუსეთამდე, სადაც კი იგი უპირატეს საზოგადოებრივ ფორმას შეადგენდა, ჰქმნიდა ყოველთვის დესპოტიზმს, პოულობდა თავის დამატებას. არა თუ რუსეთის სახელმწიფო საზოგადოდ, არამედ მისი სპეციფიკური ფორმაც, — მეფური დესპოტიზმიც, სრულიადაც არაა ჰაერში დაკიდებული, — იგი წარმოადგენს აუცილებელ და ლოგიკურ შედეგს რუსეთის საზოგადოებრივი მდგომარეობისა, რომელთანაც მას, ბ-ნი ტკაჩოვის სიტყვით, "საერთო არა აქვს რა"! რუსეთის შემდგომი განვითარება ბურჟუაზიული მიმართულებით აქაც თანდათან მოსპობდა სათემო საკუთრებას რუსეთის მთავრობის "ხიშტისა და მათრახის" სრულიად ჩაურევლად. და ეს მით უფრო, რომ გლეხები რუსეთში ეწევიან სათემო მიწების ერთად დამუშავებას არა იმისთვის, რათა მარტოოდენ პროდუქტი გაინაწილონ, როგორც ამას ადგილი აქვს დღესაც ინდოეთის ზოგ ოლქებში. პირიქით, რუსეთში ხდება პერიოდულად მიწის დაყოფა ცალკეულ ოჯახის მეთაურებს შორის, და თვითეული ეწევა თავისი წილის დამუშავებას თავისთვის. ეს ჰქმნის იმის შესაძლებლობას, რომ წარმოიშვას თემის ცალკეულ წევრთა კეთილდღეობაში ფრიად დიდი უთანასწორობა, რომელიც სინამდვილეში კიდეც არსებობს. თითქმის ყველგან ვხვდებით იქ მდიდარ გლეხებს, — ზოგჯერ მილიონერებს, –– რომელნიც მევახშეობას ეწევიან და გლეხთა მასას ყუათს აცლიან. ეს ბ-ნმა ტკაჩოვმა სხვაზე უკეთ იცის. მაშინ როდესაც იგი გერმანელ მუშებს არწმუნებს, რომ მხოლოდ ხიშტებსა და მათრახს შეუძლია რუს გლეხს, ამ ინსტინქტით, ტრადიციით კომუნისტს, ხელი ააღებინოს "კოლექტიური საკუთრების იდეაზეო”, იგი თავის რუსულ ბროშურაში, გვ. 15, ამასთანავე მოგვითხრობს:
"გლეხებში იქმნება კლასი კულაკებისა, — გლეხთა და მემამულეთა მიწების შემსყიდველების და მოიჯარეებისა, — გლეხური არისტოკრატია".
სწორედ ამ ტიპის სისხლისმწოველები არიან ისინი, რომელნიც ჩვენ ზემოთ ავწერეთ.
უძლიერესად დაჰკრა სათემო საკუთრებას სწორედ ბეგრის გამოსყიდვამ. მებატონეს ხვდა მიწის უდიდესი და საუკეთესო ნაწილი: გლეხებს — არსებობისთვის გაჭირვებით საკმარისი მიწა, ხშირად კი სრულიად არასაკმარისი. ამასთან ტყეები მებატონეებს მიეკუთვნა: შეშა, იარაღებისთვის და შენობებისთვის საჭირო ხე-ტყე, რომელიც გლეხს წინათ მუქთად შეეძლო მიეღო, ახლა იძულებულია იყიდოს. ამგვარად, გლეხს ახლა აღარაფერი არა აქვს, გარდა ქოხისა და ცარიელი მიწისა. მას არა აქვს საშუალებები ამ მიწის დასამუშავებლად; ჩვეულებრივ აკლია მიწაც, რათა მოსავლიდან მოსავლამდე თავის და თავისი ოჯახის გამოკვება შეეძლოს. ასეთ პირობებში, გამოსაღებებისა და მევახშეების უღელქვეშ, მიწის სათემო საკუთრება აღარ შეადგენს სიკეთეს, იგი ბორკილადაა ქცეული. გლეხები ხშირად გარბიან თემიდან ოჯახითურთ ან უოჯახოდ, სტოვებენ მიწას და თავის სარჩენად საშოვარზე მიდიან.[2]
ჩვენ ვხედავთ, რომ სათემო საკუთრებამ რუსეთში დიდიხანია განვლო თავისი აყვავების ხანა, და ყველაფერზე ეტყობა, რომ თავისი დაშლისაკენ მიექანება. მიუხედავად ამისა, მაინც უცილობელია, რომ არსებობს შესაძლებლობა მისი უმაღლეს ფორმაში გადაყვანისა, უკეთუ იგი შენარჩუნებულ იქნა მანამდე, ვიდრე გარემოება მომწიფდება ამისათვის, და უკეთუ იგი განვითარების უნარმქონე აღმოჩნდა იმ აზრით, რომ გლეხებმა მიწის დამუშავება აწარმოონ არა ცალკ-ცალკე, არამედ ერთად[3]. ამასთანავე რუსეთის გლეხობის გადასვლა ამ უმაღლეს ფორმაზე უნდა მოხდეს ბურჟუაზიული პარცელური საკუთრების შუალედი საფეხურის გაუვლელად. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ დასავლეთ ევროპაში, რუსეთის თემის საბოლოო დაშლამდე, მოხდება ძლევამოსილი პროლეტარული რევოლუცია, რომელიც რუს გლეხს შეუქმნის აუცილებელ წინაპირობებს ასეთი გადასვლისათვის, მისცემს მას განსაკუთრებით მატერიალურ საშუალებებსაც, რომლებიც მას დასჭირდება, რათა ამასთან აუცილებლად დაკავშირებული გადატრიალება გაატაროს მთელს თავის სამიწათმოქმედო სისტემაში. ამგვარად, ბ-ნი ტკაჩოვი წმინდა ზღაპარს გვეუბნება, როდესაც ამტკიცებს, რომ რუსეთის გლეხები, თუმცა "მესაკუთრეები" არიან, "უფრო ახლოს დგანან სოციალიზმთან”, ვიდრე დასავლეთ ევროპის საკუთრებას მოკლებული მუშები. სრულიად პირიქით. თუ კიდევ რაიმეს შეუძლია რუსული სათემო საკუთრების ხსნა და მისთვის იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ იგი ახალ ნამდვილ სიცოცხლის უნარმქონე ფორმად გარდაიქმნეს, ეს არის სწორედ პროლეტარული რევოლუცია დასავლეთ ევროპაში.
პოლიტიკური რევოლუციაც ისევე ადვილად აქვს წარმოდგენილი ბ-ნ ტკაჩოვს როგორც ეკონომიური რევოლუცია. რუსეთის ხალხი, მოგვითხრობს იგი, "შეუწყვეტლივ აცხადებს პროტესტს; მონობის წინააღმდეგ, და ამას გამოთქვამს იგი "რელიგიური სექტების… გამოსაღებების გადახდაზე უარისთქმის, ყაჩაღების ბრბოების (გერმანელ მუშებს შეუძლიათ მიულოცონ თავიანთ თავს, რომ იოჰან - ტყავმძრობელი[4] ამგვარად, მამა ყოფილა გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა)... ცეცხლწაკიდების… აჯანყებების ფორმაში… და ამიტომ რუს ხალხს ინსტინქტით რევოლუციონერი შეიძლება ვუწოდოთ”. ყველაფერი ეს არწმუნებს ბ-ნ ტკაჩოვს, რომ "საჭიროა მხოლოდ ერთსა და იმავე დროს ბევრ ადგილას გაღვივდეს გაბოროტებისა და უკმაკოფილების დაგროვილი გრძნობა, რომელიც… ყოველთვის დუღს ჩვენი ხალხის გულში". მაშინ "რევოლუციური ძალების შეერთება უკვე თავისთავად მოხდება, ხოლო ბრძოლა… უნდა დასრულდეს ხალხის საქმისათვის სასარგებლოდ. პრაქტიკული აუცილებლობა, თავშენახვის ინსტინქტი" უკვე თავისთავად შეჰქმნის "მჭიდრო და განუყრელ კავშირს პროტესტანტ თემებს შოთის".
უფრო ადვილი და სასიამოვნო რევოლუციის წარმოდგენა შეუძლებელია. საკმარისია ერთდროულად სამ-ოთხ ადგილას ამბოხების დაწყება, და "ინსტინქტით რევოლუციონერი”, "პრაქტიკული აუცილებლობა”, "თავშენახვის ინსტინქტი", "თავისთავად" შეასრულებს სხვას ყველაფერს. პირდაპირ გაუგებარია, რატომ უკვე დიდი ხნის წინ არაა მომხდარი ასე უზომოდ ადვილი რევოლუცია. რატომ არაა ხალხი განთავისუფლებული და რუსეთი სანიმუშო სოციალისტურ ქვეყნად გადაქცეული.
სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად არის. რუსი ხალხი, ეს "ინსტინქტით რევოლუციონერი”, აწყობდა, მართალია, უამრავ აჯანყებას თავადაზნაურობისა და ცალკეული მოხელეების წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს არ გამოდიოდა მეფის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცრუმეფე უდგებოდა მას მეთაურად და თავისთვის ტახტს მოითხოვდა. უკანასკნელი გლეხთა დიდი აჯანყება ეკატერინე მე-II-ის დროს მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ემელიან პუგაჩოვმა თავი გამოაცხადა ეკატერინეს ქმრად, პეტრე მე-III-დ, რომელიც ვითომ კი არ მოუკლავს მის ცოლს, არამედ ტახტიდან იყო ჩამოგდებული და საპყრობილეში დამწყვდეული, საიდანაც ახლა იგი გამოიპარა. მეფე, პირიქით, გლეხს მიწიერ ღმერთად ჰყავს წარმოდგენილი. ღმერთი მაღლაა, მეფე შორსააო, წამოიძახებს ხოლმე იგი გაჭირვებაში. რომ გლეხი მოსახლეობის მასა, განსაკუთრებით ბეგარის გამოსყიდვის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაშია ჩაყენებული, რომელიც უფრო და უფრო აიძულებს მას მთავრობასა და მეფესთან ბრძოლას — ეს უეჭველია; მაგრამ ზღაპრები "ინსტინქტით რევოლუციონერის" შესახებ ბ-ნმა ტკაჩოვმა დეე სხვა ვინმეს უამბოს.
და გარდა ამისა, რუსეთის გლეხთა მასა რომ კიდეც იყოს ინსტინქტით ესოდენ რევოლუციონერი; რომ კიდეც წარმოვიდგინოთ, რომ რევოლუციის მოხდენა შეიძლება შეკვეთით, როგორც სახოვანი ჩითი ან ჩაიდანი, — მაშინაც ნება მოგვეცით ვიკითხოთ: განა ადამიანს, რომელიც ხნით თორმეტ წელს გადასცილებია, შეჰფერის ჰქონდეს ასეთი ზებავშვური წარმოდგენა რევოლუციის მსვლელობაზე, როგორსაც ჩვენ აქ ვხედავთ? აბა ჩაუფიქრდით: ეს დაწერილია მას შემდეგ, რაც ესპანეთში 1873 წელს ბრწყინვალე მარცხი განიცადა ამ ბაკუნინისტური ნიმუშის მიხედვით დამზადებულმა პირველმა რევოლუციამ. იქაც აჯანყება დაიწყეს ერთდროულად რამდენიმე ადგილას. იქაც მოელოდნენ, რომ პრაქტიკული აუცილებლობა, თავშენახვის ინსტინქტი უკვე თავისთავად დაამყარებდა მტკიცე, განუყრელ კავშირს პროტესტანტ თემებს შორის. და რა მოხდა? თვითეული თემი, თვითეული ქალაქი იცავდა მხოლოდ თავის თავს, ურთიერთ დახმარებაზე ლაპარაკიც კი არ იყო, და პავიამ, რომელსაც მხოლოდ 3 000 ჯარისკაცი ჰყავდა, 14 დღეში ერთი მეორეზე დაიპყრო ქალაქები და ბოლო მოუღო მთელ ანარქისტულ სიდიადეს (შეად. ჩემი სტატია: "ბაკუნინისტები სამუშაოზე”, სადაც ეს დაწვრილებითაა მოთხრობილი).
რუსეთში, უეჭველად, რევოლუციის წინადღეა დამდგარი. რუსეთის ფინანსების საქმე უკიდურესობამდე არეულია. საგადასახადო მუხრუჭი ვეღარ ეწევა სამსახურს. სახელმწიფოს ძველი ვალების პროცენტების გადახდა წარმოებს ახალ-ახალი სესხის აღების გზით, ხოლო ყოველი ახალი სესხი სულ უფრო და უფრო დიდ დაბრკოლებას ხვდება; მხოლოდ ახალი რკინიგზების აგების საბაბით ხერხდება ფულის შოვნა! ადმინისტრაცია დიდი ხანია მთლიანად გაიხრწნა; მოხელეები ცხოვრობენ უფრო ქურდობით, ქრთამებით და შანტაჟით, ვიდრე ჯამაგირით. მთელ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში — რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუსეთისათვის — სრული არევდარევაა შეტანილი 1861 წლის საბეგრო გამოსყიდვის მეოხებით; მსხვილ მიწათმფლობელობას აკლია მუშახელი, გლეხებს აკლიათ მიწა, ისინი გასრესილი არიან გადასახადების სიმძიმით და ილაჯგამოცლილი მევახშეების მიერ; სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია კლებულობს წლიდან წლამდე. მთელი ეს შენობა დიდი გაჭირვებით და გარეგნულადაა შემაგრებული ისეთი აზიური დესპოტიზმის გზით, რომლის თვითნებობაზე ჩვენ, დასავლეთში, წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია გვქონდეს. ეს არის დესპოტიზმი, რომელიც არათუ დღითიდღე სულ უფრო და უფრო აშკარა წინააღმდეგობაში ვარდება განათლებული კლასების შეხედულებებთან, განსაკუთრებით დედაქალაქის სწრაფად მზარდი ბურჟუაზიის შეხედულებებთან, არამედ რომელსაც მისი ახლანდელი წარმომადგენლის სახით სულ აებნა გზა-კვალი: დღეს იგი დათმობებზე მიდის ლიბერალიზმის მიმართ, რათა ხვალ, შეშინებულმა, უკანვე წაიღოს, და ამგვარად თვითონვე სულ უფრო და უფრო უთხრის ძირს ყოველ ნდობას თავის მიმართ. ამასთან დედაქალაქში თავმოყრილ ერის განათლებულ ფენებში მტკიცდება ის შეგნება, რომ ასეთი მდგომარეობა აუტანელია, რომ გადატრიალება მოახლოვებულია, მაგრამ იმავე დროს წარმოდგება ილუზიაც, თითქოს შესაძლებელია ამ გადატრიალების წარმართვა მშვიდ კონსტიტუციურ კალაპოტში. აქ შეერთებულია ყველა პირობა რევოლუციისათვის, რომელსაც დაიწყებენ დედაქალაქის უმაღლესი კლასები, შესაძლებელია — თვით მთავრობა, მაგრამ გლეხობა განაგრძობს მას და სწრაფად გაიტანს პირველი კონსტიტუციური ფაზის ფარგალს იქით. ამ რევოლუციას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთელი ევროპისთვის უკვე მარტო იმიტომ, რომ იგი ერთი დაკვრით მოსპობს მთელი ევროპული რეაქციის უკანასკნელ, დღემდე ხელუხლებელ რეზერვს. ეს რევოლუცია უეჭველად ახლოვდება. მხოლოდ ორი მოვლენა შესძლებდა ხანგრძლივად მის დაყოვნებას: წარმატებით დასრულებული ომი თურქეთის ან ავსტრიის წინააღმდეგ, — მაგრამ ამისათვის საჭიროა ფული და საიმედო მოკავშირეები, — ანდა… ნაადრევი ცდა აჯანყებისა, რაც ისევ მთავრობას გადაახვევს მქონებელ კლასებს.
[1] არტელების შესახებ იხ. სხვათა შორის, “сборник материал об артели в россии”, გამოშვება I, ს.-პეტერბურგი, 1873. [ენგელსის შენიშვნა.]
[2] გლებების მდგომარეობის შესახებ იხ. სხვათა შორის, მთავრობის კომისიის ოფიციალური ანგარიში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესახებ (1873 წ.), შემდეგ Скалдин, В вахолустве и в столице, С.-Петербург, 1870 г. ეს უკანასკნელი შრომა ზომიერი კონსერვატორის კალამს ეკუთვნის. [ენგელსის შენიშვნა].
[3] პოლონეთში განსაკუთრებით გროდნოს გუბერნიაში, სადაც თავადაზნაურობა, 1863 წლის აჯანყების შედეგად, მეტწილ განადგურებულია, ამჟამად გლეხები ხშირად ყიდულობენ ან იჯარით იღებენ თავადაზნაურთა საკარმიდამო მიწებს და მათ დამუშავებას ეწევიან ერთად და საერთო ხარჯზე. ამ გლეხებს უკვე მთელი საუკუნეებია აღარ აქვთ არავითარი სათემო საკუთრება, და ამასთან ისინი ველიკოროსები კი არ არიან, არამედ პოლონელები, ლიტველები და ბელორუსები. [ენგელსის შენიშენა].
[4] იოჰან ბუკლერის — გერმანული ყაჩაღის ზედმეტი სახელი. [რედაქცია]