დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1875 წ. 18-28 მარტი.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ძვირფასო ბებელ!
მივიღე თქვენი 23 თებერვლის წერილი და მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად თქვენ კარგად ხართ.
თქვენ მეკითხებით, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ გაერთიანების ისტორიის შესახებ? სამწუხაროდ, ჩვენც იგივე მოგვივიდა, რაც თქვენ. არც ლიბკნეხტს და არც სხვა ვინმეს არაფერი უცნობებია ჩვენთვის, და ამიტომ ჩვენც მხოლოდ ის ვიცით, რაც გაზეთებშია მოთავსებული, ხოლო იქ არაფერი იყო, ვიდრე რვა დღის წინათ პროგრამის პროექტი მოვიდოდა. რასაკვირველია, ამ პროექტმა ჩვენ დიდად განგვაცვიფრა.
ჩვენი პარტია ისე ხშირად უწვდიდა ხელს ლასალელებს შესარიგებლად ანდა, ყოველ შემთხვევაში, თანამშრომლობისათვის და ისე ხშირად და კადნიერად ღებულობდა უარს ჰაზენკლევერების, ჰასელმანებისა და ტოლკეებისაგან, რომ აქედან თვით ბავშვსაც კი ასეთი დასკვნა უნდა გამოეტანა: თუ ახლა ეს ვაჟბატონები თვით მოდიან და შერიგებას გვთავაზობენ, მაშ, ეტყობა, მეტისმეტად მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ ამ ხალხის ხასიათი რომ ვიცით, ჩვენი მოვალეობაა ეს მათი მძიმე მდგომარეობა გამოვიყენოთ, რათა ყველა და ყოველი შესაძლებელი გარანტია მოვიპოვოთ, რომ ამ ვაჟბატონებმა ჩვენი პარტიის ხარჯზე ისევ არ განიმტკიცონ თავიანთი შერყეული პოზიცია მუშების თვალში. მათ მეტისმეტად ცივად და უნდობლად უნდა შეხვედროდნენ, გაერთიანების პირობად უნდა გამხდარიყო მათი მზადყოფნის ხარისხი, ე. ი. ის, რომ ისინი თავიანთ სექტანტურ ლოზუნგებსა და თავიანთ "სახელმწიფო დახმარებაზე" ხელს აიღებდნენ და არსებითად აიზენახელთა 1869 წლის პროგრამას ან მის, თანამედროვე მომენტთან შეხამებულ, გაუმჯობესებულ გამოცემას მიიღებდნენ. ჩვენს პარტიას აბსოლუტურად არაფერი აქვს სასწავლი ლასალელებისაგან თეორიული მხრივ, მაშასადამე, იმაში, რასაც პროგრამისათვის გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს; ლასალელებს კი, რა თქმა უნდა, შეეძლოთ ბევრი რამ ესწავლათ ჩვენი პარტიისაგან; გაერთიანების პირველი პირობა ის უნდა ყოფილიყო, რომ მათ თავი დაენებებინათ სექტანტობისთვის, ლასალელობისათვის, — მაშასადამე, თუ, უწინარეს ყოვლისა, მთლად ხელს არ აიღებდნენ სახელმწიფო დახმარებაზე, როგორც საყოველთაო სასწაულმოქმედ საშუალებაზე, დაქვემდებარებულ გარდამავალ ღონისძიებად მაინც უნდა ჩაეთვალათ იგი მრავალ სხვა შესაძლებელ ღონისძიებათა შორის და მათ გვერდით. პროგრამის პროექტი ადასტურებს, რომ ჩვენები ლასალელთა ბელადებს ასწილ სჯობნიან თეორიაში, მაგრამ ამდენადვე ჩამორჩებიან მათ პოლიტიკურ გაქნილობაში; "პატიოსნები" ამჯერადაც საშინლად პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს უპატიოსნებმა.
ჯერ ერთი, მიღებულია მაღალფარდოვანი, მაგრამ ისტორიულად ყალბი ლასალური ფრაზა: მუშათა კლასის მიმართ ყველა სხვა კლასი მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას შეადგენსო. ეს დებულება სწორია მხოლოდ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევაში, მაგალითად, ისეთ პროლეტარულ რევოლუციაში, როგორიც იყო კომუნა, ანდა ისეთ ქვეყანაში, სადაც არა მარტო ბურჟუაზიამ შექმნა სახელმწიფო და საზოგადოება თავის მსგავსად და ხატად, არამედ სადაც მის კვალდაკვალ დემოკრატიულმა წვრილმა ბურჟუაზიამაც ეს გარდაქმნა მის უკანასკნელ შედეგებამდე მიიყვანა. თუ, მაგალითად, გერმანიაში დემოკრატიული წვრილი ბურჟუაზია ამ რეაქციულ მასას ეკუთვნოდა, მაშინ როგორღა შეეძლო სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას წლების განმავლობაში მასთან, სახალხო პარტიასთან, ხელიხელჩაკიდებული ევლო? როგორ შეეძლო "Volksstaats"-ს თითქმის მთელი თავისი პოლიტიკური შინაარსი წვრილბურჟუაზიულ-დემოკრატიული "Frankfurter Zeitung"-იდან გადმოეღო? და როგორ შეიძლებოდა სწორედ ამ პროგრამაში შეტანილი ყოფილიყო არანაკლებ შვიდი მოთხოვნისა, რომელიც პირდაპირ და სიტყვასიტყვით იმეორებს სახალხო პარტიისა და წვრილ-ბურჟუაზიული დემოკრატიის პროგრამას? მე ვგულისხმობ შვიდ პოლიტიკურ მოთხოვნას; 1-დან 5-დე და 1-დან 2-დე, რომელთაგან არც ერთი არაა ისეთი, რომ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული არ იყოს[1].
მეორე: მუშათა მოძრაობის ინტერნაციონალობის პრინციპი პრაქტიკულად თანამედროვეობისათვის სრულიად უარყოფილია, და უარყოფილია იმ ადამიანთა მიერ, რომელნიც ხუთი წლის განმავლობაში და უძნელეს პირობებში ამ პრინციპს სახელოვნად იცავდნენ. გერმანელი მუშები უმთავრესად იმიტომ აღმოჩნდნენ ევროპის მუშათა მოძრაობის სათავეში, რომ მათ ომის დროს ნამდვილად ინტერნაციონალური პოზიცია ეჭირათ; ვერც ერთი სხვა ქვეყნის პროლეტარიატი ვერ მოიქცეოდა ასე კარგად. და ახლა ეს პრინციპი უნდა იქნეს უარყოფილი ისეთ მომენტში, როდესაც უცხოეთში ყველგან მუშები მას იმ ზომითვე ხაზს უსვამენ, რა ზომითაც მთავრობანი ცდილობენ ჩაახშონ ამ პრინციპის რაიმე ორგანიზაციაში განხორციელების ყოველგვარი ცდა! რაღა რჩება მუშათა მოძრაობის ინტერნაციონალიზმისაგან? უბრალო იმედი — და ისიც არა ევროპის მუშათა შემდგომი თანამშრომლობისა თავიანთი განთავისუფლებისათვის, არამედ მომავალი "ხალხთა საერთაშორისო ძმობის", "მშვიდობიანობის ლიგის" მონაწილე ბურჟუათა "ევროპის შეერთებული შტატების" სუსტი იმედი!
რასაკვირველია, სრულიად არ იყო საჭირო ლაპარაკი ინტერნაციონალზე როგორც ასეთზე. მაგრამ სულ მცირე რამ მაინც აუცილებელი იყო — არც ერთი ნაბიჯი უკან არ უნდა გადაედგათ 1869 წლის პროგრამასთან შედარებით და დაახლოებით ასე უნდა ეთქვათ: თუმცა გერმანიის მუშათა პარტია, უპირველეს ყოვლისა, მისთვის დაწესებულ სახელმწიფო საზღვრების შიგნით მოქმედებს (მას არავითარი უფლება არა აქვს ევროპის პროლეტარიატის სახელით ილაპარაკოს, განსაკუთრებით — რაიმე სიყალბე თქვას), მიუხედავად ამისა, მას მაინც შეგნებული აქვს თავისი სოლიდარობა ყველა ქვეყნის მუშებთან და მუდამ მზადაა, როგორც აქამდე, ამ სოლიდარობით დაკისრებული ვალდებულებანი შეასრულოს. ასეთი ვალდებულებანი არსებობს "ინტერნაციონალის" ნაწილად თავის გამოუცხადებლობის ან ასეთად თავის მიუჩნევლობის შემთხვევაშიც, მაგალითად: დახმარება და შტრაიკბრეხერობის დაუშვებლობა გაფიცვების დროს, ზრუნვა იმისათვის, რომ პარტიული ორგანოები ცნობებს აწვდიდნენ გერმანელ მუშებს უცხოეთის მოძრაობის შესახებ. აგიტაცია მოსალოდნელი ან უკვე გაჩაღებული დინასტიური ომების წინააღმდეგ, ხოლო ასეთი ომების დროს მოქმედების ისეთი ტაქტიკა, როგორიც სანიმუშოდ გატარდა 1870 და 1871 წლებში, და ა. შ.
მესამე: ჩვენებმა ნება მისცეს თავს მოეხვევინებინათ ლასალური "ხელფასის რკინის კანონი", რომელიც სრულიად მოძველებულ ეკონომიურ შეხედულებაზეა დამყარებული, სახელდობრ, თითქოს მუშა საშუალოდ ღებულობს მხოლოდ ხელფასის მინიმუმს, და ეს ხდება იმის გამო, რომ მალთუსის მოსახლეობის თეორიის თანახმად, მუშები ყოველთვის მეტისმეტად ბევრნი არიან (ასეთი იყო ლასალის მტკიცება). მარქსმა კი "კაპიტალში" დაწვრილებით დაამტკიცა, რომ ხელფასის მომწესრიგებელი კანონები ფრიად რთულია, რომ, გარემოებათა მიხედვით, ხან ერთი სჭარბობს და ხან მეორე, რომ, მაშასადამე, ეს კანონები სრულიადაც არაა რკინის კანონები, არამედ, პირიქით, ფრიად ელასტიურია, და რომ ეს საკითხი ორიოდე სიტყვით ვერ გადაიჭრება, როგორც ეს ლასალს ჰქონდა წარმოდგენილი. ლასალის მიერ მალთუსისა და რიკარდოსგან (ამ უკანასკნელის გაყალბებით) გადმოწერილი კანონის მალთუსისებური დასაბუთება, როგორც, მაგ., ის ციტირებულია "მუშათა საკითხავი წიგნის" 5 გვერდზე ლასალის სხვა ბროშურიდან, დაწვრილებით დარღვეულია მარქსის მიერ განყოფილებაში: "კაპიტალის დაგროვების პროცესი", ამრიგად, ლასალის "რკინის კანონის" მიღებით მათ მიიღეს მისი ყალბი დებულება და ყალბი დასაბუთებაც.
მეოთხე: პროგრამა ერთადერთი სოციალური მოთხოვნის სახით აყენებს ლასალის სახელმწიფო დახმარებას მისი უაღრესად გაშიშვლებული სახით, როგორც ის ლასალმა ბუშეს მოპარა. და ეს იმის შემდეგ, რაც ბრაკემ საუცხოვოდ გამოაშკარავა ამ მოთხოვნის სრული არარაობა[2], იმის შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის თითქმის ყველა ორატორი, თუ სულ ყველა არა, ლასალელებთან ბრძოლაში იძულებული გახდა ამ "სახელმწიფო დახმარების" წინააღმდეგ გამოსულიყო! ჩვენი პარტიის ამაზე მეტად დამცირება წარმოუდგენელია. ინტერნაციონალიზმი ამანდ გოეგის დონემდე ჩამოქვეითდა, სოციალიზმი — ბურჟუაზიულ-რესპუბლიკელ ბუშეს დონემდე, რომელმაც ეს მოთხოვნა სოციალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად წამოაყენა.
მაგრამ უკეთეს შემთხვევაში "სახელმწიფო დახმარება" ლასალური აზრით მხოლოდ ერთადერთ ღონისძიებას წარმოადგენს, სხვა მრავალ ღონისძიებათა შორის, იმ მიზნის მისაღწევად, რაც აქ უმწეო სიტყვებით არის გამოთქმული: "სოციალური საკითხის გადაჭრისათვის გზის გასაკვალად", — თითქოს ჩვენთვის თეორიულად ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი სოციალური საკითხი არსებობდეს! ამრიგად, თუ ვიტყვით: "გერმანიის მუშათა პარტია იქითკენ მიისწრაფის, რომ მოსპოს დაქირავებული შრომა და მით კლასობრივი განსხვავებანი კოლექტიური წარმოების განხორციელების საშუალებით მრეწველობასა და მიწათმოქმედებაში ნაციონალური მასშტაბით; ის მომხრეა ყოველი ღონისძიებისა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა გამოსადეგი", — მაშინ არც ერთ ლასალელს არ ექნებოდა ამის საწინააღმდეგოდ რაიმე სათქმელი.
მეხუთე: სიტყვაც არაა დაძრული მუშათა კლასის, როგორც კლასის, ორგანიზაციის შესახებ პროფესიული კავშირების საშუალებით. ეს კი ფრიად მნიშვნელოვანი პუნქტია, ვინაიდან ეს არის პროლეტარიატის ნამდვილი კლასობრივი ორგანიზაცია, რომელშიც ის ყოველდღიურ ბრძოლას აწარმოებს კაპიტალთან, რომელშიც ის იწვრთნება და რომელსაც უკვე ბოლოს ვეღარ მოუღებენ უცუდესი რეაქციის დროსაც კი (როგორიცაა ამჟამად პარიზში). იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც ეს ორგანიზაცია აგრეთვე გერმანიაშიც იძენს, ჩვენი აზრით, უეჭველად საჭიროა პროგრამაში მისი მოხსენება და შეძლებისდაგვარად მისთვის ადგილის დათმობა პარტიის ორგანიზაციაში.
ყველაფერი ეს ჩვენებმა გააკეთეს ლასალელთა გულის მოსაგებად. და რა დათმობაზე წავიდნენ ისინი? იმაზე, რომ პროგრამაში შეტანილია საკმაოდ აბნეული წმინდა დემოკრატიულ მოთხოვნათა მთელი გროვა, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილი მოდის საქმეა, მაგალითად, "პირდაპირი სახალხო კანონმდებლობა", რომელიც შვეიცარიაში არსებობს და რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა, თუ კი საზოგადოდ მას რაიმე მოაქვს. მართველობა ხალხის მეშვეობით, — ამას კიდევ რაიმე აზრი ექნებოდა. პროგრამაში არ არის აგრეთვე ყოველგვარი თავისუფლების პირველი პირობა: რომ ყველა მოხელე მთელი თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ყოველი მოქალაქის მიმართ პასუხისმგებელია ჩვეულებრივი სასამართლოს წინაშე და საერთო სამართლის საფუძველზე. იმის შესახებ, რომ ასეთი მოთხოვნანი, როგორიცაა: მეცნიერების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, ყოველ ლიბერალურ ბურჟუაზიულ პროგრამაშია შეტანილი და აქ რაღაც საოცრად გამოიყურება, — ამის შესახებ მეტს არას ვიტყვი.
თავისუფალი სახალხო სახელმწიფო თავისუფალ სახელმწიფოდ გადაიქცა. გრამატიკულად თავისუფალი სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, რომელიც თავისუფალია თავის მოქალაქეთა მიმართ, მაშასადამე, — სახელმწიფო დესპოტური მთავრობით. მთელ ამ ყბედობაზე სახელმწიფოს შესახებ ხელი უნდა აეღოთ, განსაკუთრებით — კომუნის შემდეგ, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფოს ნამდვილი მნიშვნელობით. ანარქისტები "სახალხო სახელმწიფოს" ჩვენ პირში გვაჩრიან თავმობეზრებამდე, თუმცა უკვე მარქსის თხზულება პრუდონის წინააღმდეგ[3] და შემდეგ კი "კომუნისტური მანიფესტი" პირდაპირ ამბობს, რომ სოციალისტური საზოგადოებრივი წყობილების შემოღებასთან ერთად სახელმწიფო თავისთავად გაითქვიფება (sich auflöst) და გაქრებაო. მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო მხოლოდ გარდამავალი დაწესებულებაა, რომლითაც ბრძოლაში, რევოლუციაში უნდა ვისარგებლოთ, რათა მოწინააღმდეგენი ძალდატანებით დავთრგუნოთ, ამიტომ ნამდვილი უაზრობაა "თავისუფალი სახალხო სახელმწიფოს" შესახებ ლაპარაკი: ვიდრე პროლეტარიატი ჯერ კიდევ საჭიროებს სახელმწიფოს, საჭიროებს არა თავისუფლების ინტერესებისათვის, არამედ თავისი მოწინააღმდეგის დასამხობად, ხოლო როგორც კი შესაძლებელი გახდება თავისუფლების შესახებ ლაპარაკი, სახელმწიფო, როგორც ასეთი, არსებობას შეწყვეტს. ამიტომ ჩვენი წინადადება იქნებოდა “სახელმწიფოს” ნაცვლად ყველგან ეხმარათ "თემი" (Gemeinwesen), მშვენიერი ძველი გერმანული სიტყვა, რომელსაც საუცხოვოდ შეესაბამება ფრანგული "კომუნა".
"ყოველგვარი სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის მოსპობა" აგრეთვე ფრიად საეჭვო ფრაზაა ნაცვლად: "ყოველგვარი კლასობრივი განსხვავების მოსპობისა". ცალკე ქვეყნებსა, პროვინციებსა და თვით ადგილებს შორისაც კი ყოველთვის ადგილი ექნება ცხოვრების პირობების განსაზღვრულ უთანასწორობას, რომლის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება, მაგრამ სრულიად მოსპობა კი — არა. ალპებში მცხოვრებთ ყოველთვის სხვა საარსებო პირობები ექნებათ, ვიდრე ბარის მცხოვრებთ. წარმოდგენა სოციალისტური საზოგადოების, როგორც თანასწორობის სამეფოს შესახებ ცალმხრივი ფრანგული წარმოდგენაა, დაკავშირებული ძველ "თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის" ლოზუნგთან, — წარმოდგენა, რომელსაც თავის დროსა და თავის ადგილას გამართლება ჰქონდა როგორც განვითარების გარკვეულ საფეხურს, მაგრამ ახლა დაძლეული უნდა იქნეს ისევე, როგორც წინანდელ სოციალისტურ სკოლათა ყველა ცალმხრივობა, ვინაიდან ადამიანთა თავში ის მხოლოდ არევ-დარევას იწვევს და თანაც საკითხის გადმოცემის უფრო ზუსტი ფორმები უკვე ნაპოვნია.
მე ვამთავრებ, თუმცა ამ დუნედ და უფერულად დაწერილ პროგრამაში თვითეული სიტყვაა გასაკრიტიკებელი. ეს პროგრამა ისეთია, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი მიღებულ იქნა, მარქსი და მე არასოდეს არ დავთანხმდებით მივემხროთ ამ საფუძველზე აგებულ ახალ პარტიას და ფრიად სერიოზულად უნდა მოვიფიქროთ, რა პოზიცია (ასევე საჯაროდაც) დავიჭიროთ მის მიმართ. მხედველობაში იქონიეთ ის გარემოება, რომ უცხოეთში ჩვენ პასუხისმგებლად გვთვლიან გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოველი გამოსვლისა და მოქმედებისათვის. ასე, მაგალითად, ბაკუნინი თავის თხზულებაში: "სახელმწიფოებრიობა და ანარქია", ჩვენ პასუხისმგებლად გვთვლის ყოველი მოუფიქრებელი სიტყვისთვის, რაც ლიბკნეხტს "Demokratisches Wochenblatt"-ის დაარსებიდან უთქვამს ან დაუწერია. ამ ხალხს ისე აქვს წარმოდგენილი, თითქოს ჩვენ ვმეთაურობდეთ აქედან მთელ მოძრაობას, მაშინ როდესაც თქვენ ისევე კარგად იცით, როგორც მე, რომ თითქმის არასოდეს უმნიშვნელოდაც კი არ ჩავრეულვართ შინა-პარტიულ საქმეებში, ხოლო თუ ჩავრეულვართ, — მხოლოდ იმისათვის, რომ, ჩვენი აზრით, დაშვებული შეცდომები და ისიც — მხოლოდ თეორიული, შეძლებისდაგვარად გამოგვესწორებინა. მაგრამ თვით დაინახავთ, რომ ეს პროგრამა წარმოადგენს მობრუნების პუნქტს, რასაც ძალიან ადვილად შეუძლია იძულებული გაგვხადოს უარი ვთქვათ ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე იმ პარტიისთვის, რომელიც ასეთ პროგრამას აღიარებს.
საერთოდ, პარტიის ოფიციალურ პროგრამას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმას, რასაც პარტია სინამდვილეში აკეთებს. მაგრამ ახალი პროგრამა მაინც ყოველთვის საჯაროდ აღმართულ დროშას წარმოადგენს, და გარესამყაროც პარტიაზე ამ დროშის მიხედვით მსჯელობს. ამიტომ პროგრამა არავითარ შემთხვევაში უკან გადადგმულ ნაბიჯს არ უნდა წარმოადგენდეს, როგორიც არის ეს პროგრამა აიზენახის პროგრამასთან შედარებით. იმაზედაც ხომ უნდა ეფიქრათ, თუ რას იტყვიან სხვა ქვეყნების მუშები ამ პროგრამის შესახებ: რა შთაბეჭდილებას მოახდენს მთელი გერმანიის სოციალისტური პროლეტარიატის კაპიტულაცია ლასალიზმის წინაშე.
ამასთან მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ბაზისზე მომხდარი გაერთიანება ერთ წელიწადსაც კი ვერ გაძლებს. ნუ თუ ჩვენი პარტიის საუკეთესო ადამიანები თანახმანი გახდებიან თუთიყუშივით იმეორონ გაზეპირებული ლასალური ფრაზები ხელფასის რკინის კანონისა და სახელმწიფო დახმარების შესახებ? რა იქნებოდა, მაგალითად, თქვენ რომ მენახეთ ამ როლში! და თუ ისინი ამას ჩაიდენენ, მათ მათივე მსმენელები სტვენით შეხვდებიან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ლასალელები პროგრამის სწორედ ამ ნაწილს მოითხოვენ დაჟინებით, როგორც მევახშე შეილოკი — თავის გირვანქა ხორცს. გათიშვის დრო დადგება! მაგრამ ჩვენ წინასწარ ჰასელმანებს, ჰაზენკლევერებს, ტოლკეებს და კომპანიას აღვუდგენთ "პატიოსან" სახელს; გათიშვის შემდეგ ჩვენ დასუსტებულნი აღმოვჩნდებით, ხოლო ლასალელები — გაძლიერებულნი; ჩვენი პარტია დაკარგავს თავის პოლიტიკურ უმწიკვლობას და ვერასოდეს ვერ შესძლებს ისევ ენერგიულად გამოვიდეს ლასალური ფრაზების წინააღმდეგ, რომლებიც თვით პარტიას ჰქონდა განსაზღვრული დროის განმავლობაში დროშაზე წარწერილი; და თუ მაშინ ლასალელები კვლავ განაცხადებენ: ისინი არიან ნამდვილი და ერთადერთი მუშათა პარტია, ჩვენი მომხრეები კი ბურჟუები, — ამის დასამტკიცებლად შეუძლიათ ეს პროგრამა დაიმოწმონ. ყველა სოციალისტური ღონისძიება ამ პროგრამაში მათ ეკუთვნით. ხოლო ჩვენმა პარტიამ მასში შეიტანა მხოლოდ იმ წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის მოთხოვნები, რომელიც თვით მან დაახასიათა ამ პროგრამაში როგორც "რეაქციული მასის" ნაწილი.
მე შევაჩერე ამ წერილის გამოგზავნა, ვინაიდან თქვენ გაგანთავისუფლებენ მხოლოდ 1 აპრილს ბისმარკის დაბადების დღის აღსანიშნავად, და აღარ მინდოდა რისკი გამეწია, რომ ეს წერილი კონტრაბანდად გადაგზავნის ცდის დროს დაეჭირათ. ამასობაში ბრაკეს წერილიც მოვიდა, რომელსაც აგრეთვე სერიოზული ეჭვები აქვს პროგრამის შესახებ და სურს ჩვენი აზრი გაიგოს. ამიტომ საქმის დასაჩქარებლად წერილს მას ვუგზავნი, რათა ის მან წაიკითხოს და აღარ დამჭირდეს მთელი ამ წილადობილას ხელახლა წერა. სხვა მხრივ მე სრული სიმართლე მივახალე რამსაც[4], ხოლო ლიბკნეხტს მხოლოდ მოკლედ მივწერე. მე მას ვერ ვაპატივებ, რომ ერთი სიტყვითაც კი არ გვაცნობა მთელი ამ საქმის შესახებ (მაშინ როდესაც რამი და სხვები ფიქრობდნენ, რომ მან ზუსტი ცნობები მოგვაწოდა), ვიდრე, ასე ვთქვათ, ძალიან არ დაგვიანდა. თუმცა, მართალია, ის ასე იქცევა იმთავითვე — და ამიტომ მასთან მრავალი უსიამოვნო მიწერ-მოწერა გვქონდა ჩვენ, მარქსსა და მე, — მაგრამ ამჯერად მან მეტისმეტი ჩაიდინა, და ჩვენ გადაჭრით უარს ვაცხადებთ მასთან ერთად ამ გზით ვიაროთ.
ეცადეთ ისე მოაწყოთ საქმე, რომ ამ ზაფხულს აქ ჩამოხვიდეთ; თქვენ, რა თქმა უნდა, ჩემთან იცხოვრებთ, და, თუ კარგი ამინდი დაგვესწრო, შეგვეძლება ორიოდე დღით ზღვაზეც წავიდეთ, რაც თქვენ, ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, ფრიად გარგებთ.
მეგობრული სალამით.
თქვენი ფ. ე.
[1] გოთას პროგრამის პროექტის ეს პოლიტიკური მოთხოვნები იყო:
"სახელმწიფოს თავისუფალი საფუძვლის სახით გერმანიის მუშათა პარტია მოითხოვს:
1. საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და საიდუმლო საარჩევნო უფლებას ყველა მამაკაცისთვის, დაწყებული 21 წლიდან, სახელმწიფოს და თემის ყველა არჩევნებში. 2. პირდაპირ სახალხო კანონმდებლობას წინადადების შეტანისა და უარყოფის უფლებით. 3. საყოველთაო სამხედრო სწავლებას. სახალხო ლაშქარს მუდმივი ჯარის ნაცვლად. ომისა და ზავის საკითხის გადაწყვეტის მინიჭებას სახალხო წარმომადგენლობისათვის. 4. ყველა საგანგებო კანონის გაუქმებას, განსაკუთრებით — ბეჭდვითი სიტყვის, კავშირების და კრებების კანონებისას. 5. სახალხო სასამართლოს. სამართლის უფასო წარმოებას.
სახელმწიფოს სულიერ და ზნეობრივ საფუძვლად გერმანიის მუშათა პარტია მოითხოვს:
1. საყოველთაო და ყველასათვის თანასწორ სახალხო აღზრდა-განათლებას სახელმწიფოს საშუალებით. საყოველთაო სავალდებულო სწავლებას. უფასო სწავლებას. 2. მეცნიერების თავისუფლებას. სინდისის თავისუფლებას. [რედაქცია].
[2] ენგელსს მხედველობაში აქვს ვ. ბრაკეს ბროშურა "ლასალის წინადადება", გამოცემული 1873 წ. [რედაქცია].
[3] იგულისხმება "ფილოსოფიის სიღატაკე". [რედაქცია].
[4] ჰერმან რამი — გაზეთ "Volksstaat"-ის ერთ-ერთი რედაქტორი. [რედაქცია].