კ. მარქსი

წერილი ბრაკეს


დაწერილი: კ. მარქსის მიერ 5 მაის, 1875 წელი.
გამოქვეყნებული: პირველად გამოაქვეყნა ფ. ენგელსმა (გამოტოვებული ადგილებით) ჟურნალში “Neue Zeit”, 1891 წ.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


ლონდონი, 5 მაის, 1875 წელი

ძვირაფსო ბრაკე!

ქვემომოტანილი კრიტიკული შენიშვნები შემათანხმებელი პროგრამისადმი, გთხოვთ, წაკითხვის შემდეგ გადასცეთ გაიბსა და აუერს, ბებელსა და ლიბკნეხტს. მე სამუშაოთი ვარ დატვირთული და იძულებული ვარ, გვარიანად გადავცდე სამუშაო საათების იმ ფარგლებს, რომლებიც ექიმების მიერ მაქვს დანიშნული. ამდენად, სულაც არ მიმიღია დიდი სიამოვნება ამდენი ქაღალდის "გადავსებით". მაგრამ, ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ პარტიულმა ამხანაგებმა, რომლებისთვისაც არის განკუთვნილი ეს უწყებულება, შემდგომში მცდარად არ შეაფასონ ის ნაბიჯები, რომლებიც მე, ჩემი მხრივ, უნდა გადავდგა. მხედველობაში მაქვს მცირე ზომის განცხადება, რომლსაც მე და ენგელსი გამოვაქვეყნებთ შემათანხმებელი ყრილობის შემდეგ; ჩვენ განვაცხადებთ, რომ სრულიად არ ვიზიარებთ ამ პრინციპულ პროგრამას და არაფერი გვაქვს მასთან საერთო.

ეს აუცილებელია, რადგან საზღვარგარეთ დიდი მზრუნველობით ვრცელდება პარტიის მტრების მიერ მხარდაჭერილი მოსაზრება — სრულიად მცდარი მოსაზრება — თითქოს ჩვენ აქედან საიდუმლოდ ვხელმძღვანელობთ ე. წ. აიზენახელთა პარტიას. მაგალითად, ბაკუნინი ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ წიგნში მაკისრებს პასუხისმგებლობას ხსენებული პარტიის არა მხოლოდ ყველა პროგრამის, არამედ ყველა ნაბიჯისთვისაც, რომელიც ლიბკნეხტმა გადადგა "სახალხო პარტიასთან" მისი თანამშრომლობის დასაწყისიდან.

გარდა ამისა, ჩემი ვალი არ მაძლევს ნებას, თუნდაც მხოლოდ დიპლომატიური დუმილის საშუალებით ვაღიარო სრულიად უვარგისი და პარტიის მორალურად გამხრწნელი პროგრამა.

ნამდვილი მოძრაობის თვითეული ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათეული პროგრამა. ამიტომ, თუ აიზენახელთა პროგრამაზე შორს წასვლა არ შეიძლებოდა, — და გარემოებები ამის ნებას არ იძლეოდნენ, — მაშინ უბრალო შეთანხმება მაინც უნდა დადებულიყო საერთო მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ. პრინციპული პროგრამების შედგენით კი, ნაცვლად იმისა, რომ ეს იმ დრომდე გადადონ, ვიდრე იგი უფრო ხანგრძლივი საერთო საქმიანობით მომზადდებოდეს, მთელი ქვეყნის წინაშე აღმართავენ მიჯნებს, რომელთა მიხედვით ადამიანები პარტიული მოძრაობის დონეს განსაზღვრავენ. ლასალელთა მეთაურები ჩვენთან იმიტომ მოვიდნენ, რომ გარემოებებმა აიძულეს ისინი ასე მოქცეულიყვნენ. მათთვის რომ იმთავითვე გამოეცხადებინათ, არავითარ პრინციპებით ვაჭრობას ჩვენ არ შევუდგებითო, მაშინ ისინი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მოქმედების პროგრამით ან საერთო მოქმედების საორგანიზაციო გეგმით. ნაცვლად ამისა, მათ ნება მისცეს მანდატებით შეიარაღებული გამოცხადებულიყვნენ და, თავის მხრით, ეს მანდატები სავალდებულოდ აღიარეს, მაშასადამე, მიენდვნენ იმათ წყალობას და რისხვას, ვინც თვით საჭიროებს დახმარებას. საქმის დასაგვირგვინებლად ისინი მართავენ კიდევ ერთ ყრილობას შემთანხმებელი ყრილობის მოწვევამდე, მაშინ როდესაც საკუთარი პარტია თავის ყრილობას მხოლოდ post festum[1] მართავს. აქ აშკარად ცდილობდნენ ყოველგვარი კრიტიკა ჩაეშალათ და საშუალება არ მიეცათ საკუთარი პარტიისათვის გონს მოსულიყო. ცნობილია, თუ როგორ კმაყოფილებას გვრის მუშებს გაერთიანების უბრალო ფაქტი; მაგრამ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს წუთიერი წარმატება მეტად ძვირად არაა ნაყიდი.

სხვა მხრივ პროგრამა არაფრად ვარგა, თუნდაც მხედველობაში არ მივიღოთ ის, რომ იგი წარმოადგენს ლასალური სარწმუნოების სიმბოლოს კანონიზაციას.

უახლოეს დროში მე თქვენ გამოგიგზავნით "კაპიტალის" ფრანგული გამოცემის ბოლო ნაკვეთებს[2]. ბეჭდვა დიდი ხნით იყო შეჩერებული იმის გამო, რომ იგი საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა. ამ კვირაში ან მომავალი კვირის დამდეგს წიგნი მზად იქნება. მიიღეთ თუ არა ადრინდელი ექვსი ნაკვეთი? მომწერეთ, გეთაყვა, ბერნჰარდ ბეკერის მისამართიც. მასაც უნდა გავუგზავნო აგრეთვე ბოლო ნაკვეთები.

"Volksstaat"-ის წიგნის გამომცემლობას[3] თავისებური ზნე ჩვევია. მას დღემდე არ გამოუგზავნია ჩემთვის, მაგ., "კომუნისტთა კელნის პროცესის" ახალი გამოცემის არც ერთი ეგზემპლარი.

გულითადი სალამი.

თქვენი კარლ მარქსი.


[1] დღესასწაულს შემდეგ ე. ი. დაგვიანებით. [რედაქცია].

[2] "კაპიტალის" პირველი ტომის ფრანგული თარგმანი, თვით მარქსის რედაქციით, ნაკვეთებად გამოდიოდა 1872-1875 წლებში პარიზში. [რედაქცია].

[3] ლაპარაკია პარტიული გამომცემლობის შესახებ, რომელიც არსებობდა ლაიპციგში გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ცენტრალური ორგანოს "Volksstaat"-ის ("სახალხო სახელმწიფო") რედაქციასთან (1869-1876). [რედაქცია].