კ. მარქსი

შენიშვნები გერმანიის მუშათა პარტიის პროგრამის შესახებ


დაწერილი: კ. მარქსის მიერ 1875 წ. მაისის დამდეგს.
გამოქვეყნებული: პირველად გამოაქვეყნა ფ. ენგელსმა (გამოტოვებული ადგილებით) ჟურნალში “Neue Zeit”, 1891 წ.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება ხელნაწერის მიხედვით.].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


I

1. "შრომა არის წყარო ყოველი სიმდიდრისა და ყოველი კულტურისა, და ვინაიდან სარგებლობის მომტანი შრომა მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების საშუალებით არის შესაძლებელი, ამიტომ შრომის შემოსავალი შეუკვეცავად და თანასწორი უფლებით საზოგადოების ყველა წევრს ეკუთვნის".

პარაგრაფის პირველი ნაწილი: “შრომა არის წყარო ყოველი სიმდიდრისა და ყოველი კულტურის”.

შრომა არ არის წყარო ყოველი სიმდიდრისა. ბუნება ისევეა წყარო სახმარ ღირებულებათა (და ხომ ამათგან შედგება ნივთიერი სიმდიდრე!), როგორც შრომა, რომელიც თვით მხოლოდ ბუნების ერთ-ერთი ძალის, ადამიანის სამუშაო ძალის გამოვლინებაა. ზემოაღნიშნული ფრაზა ყველა საბავშვო ანაბანაში მოიპოვება, და იგი სწორია იმდენად, რამდენადაც მასში იგულისხმება, რომ შრომა სათანადო საგნებით და საშუალებებით წარმოებს. მაგრამ სოციალისტური პროგრამა ვერ დაუშვებს ასეთ ბურჟუაზიულ გამოთქმებს, რაც უგულვებელჰყოფს იმ პირობებს, მარტოოდენ რომელნიც აძლევენ მათ აზრს. რამდენადაც ადამიანს იმთავითვე ბუნების მიმართ — შრომის ყველა საშუალებისა და საგნის ამ პირველწყაროს მიმართ — ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც მესაკუთრეს, და იგი მას ექცევა როგორც თავის კუთვნილებას, იმდენადვე მისი შრომა ხდება სახმარ ღირებულებათა წყაროდ, მაშასადამე, აგრეთვე სიმდიდრის წყაროდაც. ბურჟუებს ფრიად კარგი საფუძველი აქვთ იმისათვის, რომ შრომას ზებუნებრივი შემოქმედი ძალა მიაწერონ, ვინაიდან სწორედ შრომის ბუნებრივი პირობადებულობიდან გამომდინარეობს ის, რომ ადამიანი, რომელსაც თავისი სამუშაო ძალის გარდა არავითარი სხვა საკუთრება არ გააჩნია, საზოგადოების და კულტურის ყველა მდგომარეობაში მონა უნდა იყოს სხვა ადამიანთა, რომელნიც შრომის ნივთიერი პირობების მესაკუთრენი გახდნენ. მას მხოლოდ მათი ნებართვით შეუძლია იმუშაოს, მაშასადამე, — მხოლოდ მათი ნებართვით იცხოვროს.

მაგრამ დავტოვოთ ეს დებულება ისე, როგორც ის არის, რა ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას. რა დასკვნას უნდა ველოდეთ აქედან? ცხადია ასეთს:

"ვინაიდან შრომა არის წყარო ყოველი სიმდიდრისა, ამიტომ საზოგადოებაში არავის შეუძლია მიითვისოს სიმდიდრე სხვანაირად, თუ არ როგორც შრომის პროდუქტი. მაშასადამე, ვინც თვითონ არ მუშაობს, ის ცხოვრობს სხვისი შრომით და თავის კულტურასაც აგრეთვე სხვისი შრომის ხარჯზე ითვისებს".

ამის ნაცვლად, სიტყვების საშუალებით: "ხოლო ვინაიდან", წაუბამთ მეორე წინადადება, რათა დასკვნა აქედან, და არა პირველი წინადადებიდან, გამოიტანონ.

პარაგრაფის მეორე ნაწილი: "სარგებლობის მომტანი შრომა მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების საშუალებით არის შესაძლებელი".

პირველი დებულების თანახმად, შრომა იყო წყარო ყოველი სიმდიდრის და ყოველი კულტურისა, მაშასადამე, შრომის გარეშე არავითარი საზოგადოება არ იყო შესაძლებელი. ახლა კი, პირიქით, ვგებულობთ, რომ არავითარი "სარგებლობის მომტანი" შრომა არაა შესაძლებელი საზოგადოების გარეშე.

ასევე შეიძლებოდა თქმა იმისა, რომ მხოლოდ საზოგადოებაში შეიძლება უსარგებლო და საზოგადოებისათვის მავნებელი შრომაც კი სამეურნეო საქმიანობის დარგი გახდეს, რომ მხოლოდ საზოგადოებაში შეიძლება უსაქმური ცხოვრება და სხვ., — მოკლედ, შეიძლებოდა მთელი რუსოს გადმოწერა.

და რა არის "სარგებლობის მომტანი" შრომა? ცხადია, მხოლოდ ის შრომა, რომელიც დასახულ სასარგებლო ეფექტს მოიტანს. ველური, — და ადამიანი ველურია მას შემდეგ, რაც იგი უკვე მაიმუნი აღარაა, — რომელიც ცხოველს ქვით კლავს, ნაყოფს აგროვებს და სხვ. "სარგებლობის მომტან" შრომას ეწევა.

მესამე დასკვნა: "და ვინაიდან სარგებლობის მომტანი შრომა მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების საშუალებით არის შესაძლებელი, ამიტომ შრომის შემოსავალი შეუკვეცავად და თანასწორი უფლებით საზოგადოების ყველა წევრს ეკუთვნის".

საუცხოო დასკვნაა! თუ სარგებლობის მომტანი შრომა მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების საშუალებით არის შესაძლებელი, შრომის შემოსავალი საზოგადოებას ეკუთვნის, ხოლო ცალკეულ მომუშავეს აქედან მხოლოდ ის ერგება, რაც საჭირო არაა შრომის "პირობის" — საზოგადოების შესანახად.

მართლაც, ამ დებულებას აყენებდნენ ხოლმე ყოველთვის ყოველგვარი არსებული საზოგადოებრივი წყობილების დამცველნი. უპირველესად ადგილი აქვს მთავრობის და ყველა მასზე მიწებებულთა პრეტენზიას, ვინაიდან ის არის საზოგადოებრივი ორგანო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავადო; შემდეგ მიდის სხვადასხვა ჯურის კერძო საკუთრების პრეტენზია, ვინაიდან სხვადასხვა ჯურის კერძო საკუთრება საზოგადოების საფუძველს შეადგენსო და ა. შ.. როგორც ვხედავთ, ასეთი ფუყე ფრაზები შეიძლება როგორც გნებავთ ისე ატრიალოთ და აბრუნოთ.

პარაგრაფის პირველ და მეორე ნაწილს რამდენადმე გონივრული კავშირი აქვს მხოლოდ ასეთი დალაგებით:

"სიმდიდრისა და კულტურის წყაროდ შრომა ხდება მხოლოდ როგორც საზოგადოებრივი შრომა” ანუ, რაც იგივეა, “საზოგადოებაში და საზოგადოების საშუალებით".

დებულება უცილობლად სწორია, ვინაიდან ცალკეულ შრომასაც (თუ მის ნივთიერ პირობებს ვიგულისხმებთ) შეუძლია აგრეთვე სახმარ ღირებულებათა შექმნა, მაგრამ არ შეუძლია არც სიმდიდრისა და არც კულტურის შექმნა.

მაგრამ ასევე უცილობელია მეორე დებულებაც:

"რა ზომითაც შრომა საზოგადოებრივად ვითარდება და ამით სიმდიდრისა და კულტურის წყაროდ ხდება, იმ ზომითვე ვითარდება სიღატაკე და უმწეობა მუშის მხარეს, ხოლო სიმდიდრე და კულტურა — არამუშის მხარეს".

ეს არის მთელი დღემდე არსებული ისტორიის კანონი. მაშასადამე, ზოგადი ფრაზების ნაცვლად "შრომისა" და "საზოგადოების" შესახებ, აქ გარკვევით უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, თუ როგორ შეიქმნა, დაბოლოს, ახლანდელ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მატერიალური და სხვ. პირობები, რომლებიც მუშებს უნარს აძლევს და აიძულებს ამ საზოგადოებრივ წყევას ბოლო მოუღონ.

ნამდვილად კი მთელი ეს სტილისტურად და შინაარსით უხეირო პარაგრაფი მხოლოდ იმისთვის დაჭირდათ, რომ პარტიულ დროშაზე პირველ ლოზუნგად ჩაეწერათ ლასალური ფორმულა "შრომის შეუკვეცავი შემოსავლის" შესახებ. მე კვლავ დავუბრუნდები "შრომის შემოსავალს", "თანასწორ უფლებასა" და სხვ., ვინაიდან იგივე მეორდება შემდეგშიც მცირეოდენ შეცვლილი ფორმით.

2. "თანამედროვე საზოგადოებაში შრომის საშუალებები კაპიტალისტთა კლასის მონოპოლიას შეადგენს. ამით გამოწვეული დამოკიდებულება მუშათა კლასისა არის ყველა ფორმის სიღატაკისა და მონობის მიზეზი".

ინტერნაციონალის წესდებიდან გადმოღებული ეს დებულება ამ "გაუმჯობესებული" რედაქციით ყალბია.

თანამედროვე საზოგადოებაში შრომის საშუალებები შეადგენს მიწის მესაკუთრეთა (მიწის საკუთრების მონოპოლია კაპიტალის მონოპოლიის საფუძველსაც კი წარმოადგენს) და კაპიტალისტთა მონოპოლიას. ინტერნაციონალის წესდება სათანადო ადგილას არ ასახელებს მონოპოლისტთა არც ერთ და არც მეორე კლასს. იქ ლაპარაკია “შრომის საშუალებების, ე. ი. საარსებო წყაროების მონოპოლიის" შესახებ. დამატება: "საარსებო წყაროები" საკმარისად მიუთითებს, რომ მიწაც შრომის საშუალებებშია ჩარიცხული.

გაუმჯობესება იმისთვის იქნა შეტანილი, რომ ლასალი, ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილ მიზეზთა გამო, თავს ესხმოდა მხოლოდ კაპიტალისტთა კლასს და არა მიწის მესაკუთრეთ. ინგლისში კაპიტალისტი, უმრავლეს შემთხვევაში, იმ მიწის მესაკუთრეც კი არაა, რომელზეც მისი ფაბრიკა დგას.

3. "შრომის განთავისუფლება მოითხოვს შრომის საშუალებათა ამაღლებას საზოგადოების საერთო საკუთრებად და ერთობლივი შრომის კოლექტიურად მოწესრიგებას შრომის შემოსავლის სამართლიანი განაწილებით".

"შრომის საშუალებათა ამაღლება საზოგადოების საერთო საკუთრებად", რასაკვირველია, უნდა ნიშნავდეს მათ "გარდაქმნას საერთო საკუთრებად". მაგრამ ეს მხოლოდ გაკვრით.

რა არის "შრომის შემოსავალი"? შრომის პროდუქტი თუ მისი ღირებულება? ხოლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში პროდუქტის საერთო ღირებულება თუ ღირებულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შრომამ მოხმარებულ საწარმოო საშუალებათა ღირებულებას ახლად მიუმატა?

"შრომის შემოსავალი" — ბუნდოვანი წარმოდგენაა, რომელიც ლასალმა გარკვეული ეკონომიური ცნებების ადგილას წამოაყენა.

რა არის "სამართლიანი განაწილება"?

განა ბურჟუები არ ამტკიცებენ: თანამედროვე განაწილება "სამართლიანიაო"? და განა ის, მართლაც, თანამედროვე წარმოების წესის საფუძველზე, ერთადერთ "სამართლიან" განაწილებას არ წარმოადგენს? განა ეკონომიურ ურთიერთობებს უფლებრივი ცნებები აწესრიგებს, თუ, პირიქით, უფლებრივი ურთიერთობანი წარმოიშობიან ეკონომიურიდან? განა სოციალისტურ სექტანტებს სულ სხვადასხვანაირი წარმოდგენა არა აქვთ "სამართლიანი" განაწილების შესახებ?

იმისათვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა იგულისხმება ამ შემთხვევაში ფრაზაში: "სამართლიანი განაწილება", საჭიროა პირველი პარაგრაფი დავუპირისპიროთ ამ პარაგრაფს. ეს უკანასკნელი გულისხმობს საზოგადოებას, რომელშიც "შრომის საშუალებები საერთო საკუთრებას შეადგენს და ერთობლივი შრომა კოლექტიურადაა მოწესრიგებული", ხოლო პირველ პარაგრაფში ვხედავთ, რომ "შრომის შემოსავალი შეუკვეცავად და თანასწორი უფლებით საზოგადოების ყველა წევრს ეკუთვნის".

"საზოგადოების ყველა წევრს"? არამომუშავეთაც? მაშინ სადღაა "შრომის შეუკვეცავი შემოსავალი"? საზოგადოების მხოლოდ მომუშავე წევრთ? მაშინ სადღაა საზოგადოების ყველა წევრთა "თანასწორი უფლება"?

მაგრამ "საზოგადოების ყველა წევრი" და "თანასწორი უფლება" უთუოდ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. საქმის არსი ისაა, რომ ამ კომუნისტურ საზოგადოებაში თვითეულმა მუშაკმა უნდა მიიღოს ლასალური "შრომის შემოსავალი შეუკვეცავად".

თუ, უპირველეს ყოვლისა, გამოთქმას: "შრომის შემოსავალი" ავიღებთ შრომის პროდუქტის მნიშვნელობით, მაშინ კოლექტიური შრომის შემოსავალი შეადგენს ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტს.

აქედან ახლა გამოსარიცხია:

პირველი: რაც მოხმარებულ საწარმოო საშუალებათა ასანაზღაურებლადაა საჭირო.

მეორე: დამატებითი ნაწილი წარმოების გასაფართოებლად.

მესამე: სარეზერვო ანუ სადაზღვევო ფონდი უბედური შემთხვევებისაგან, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანისაგან და სხვ. დასაზღვევად.

ეს ანარიცხები "შრომის შეუკვეცავი შემოსავლიდან" წარმოადგენს ეკონომიურ აუცილებლობას და მათი სიდიდე უნდა განისაზღვროს არსებულ საშუალებათა და ძალთა საფუძველზე, ნაწილობრივ — ალბათობის თეორიის საფუძველზე. მაგრამ არასგზით არ შეიძლება მათი გამოანგარიშება სამართლიანობის საფუძველზე.

რჩება ერთობლივი პროდუქტის მეორე ნაწილი, რომელიც მოხმარების საშუალებებადაა განკუთვნილი.

ვიდრე მისი ინდივიდუალური გაყოფა მოხდებოდეს, მას ისევ უნდა გამოაკლდეს:

პირველი: საერთო, არა წარმოების კუთვნილი, მმართველობის ხარჯები.

ეს ნაწილი თავიდანვე მეტად მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმასთან შედარებით, რაც თანამედროვე საზოგადოებაში არის, და თანდათან შემცირდება ახალი საზოგადოების განვითარებასთან ერთად.

მეორე: რაც საერთო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არის დანიშნული, როგორიცაა: სკოლები, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებანი და ა. შ.

ეს ნაწილი თავიდანვე მნიშვნელოვნად გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც თანამედროვე საზოგადოებაში არის, და ახალი საზოგადოების განვითარებასთან ერთად თანდათან იმატებს.

მესამე: ფონდი შრომის უნარს მოკლებულთათვის და სხვ., მოკლედ, ის, რაც ამჟამად ღარიბთა ეგრეთწოდებული ოფიციალური დახმარების საქმეს ეკუთვნის.

მარტოოდენ ახლა მივაღწიეთ ჩვენ იმ "განაწილებას", რაც პროგრამას მხოლოდ გონებაშეზღუდულად აქვს მხედველობაში მიღებული ლასალის ზეგავლენით, სახელდობრ — მოხმარების საშუალებათა იმ ნაწილს, რომელიც კოლექტივის ინდივიდუალურ მწარმოებელთა შორის განაწილდება.

"შრომის შეუკვეცავი შემოსავალი" ხელსა და თვალს შუა "შეკვეცილი" გახდა, თუმცა, რაც მწარმოებელს როგორც კერძო ინდივიდუუმს გამოერთვა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მის, როგორც საზოგადოების წევრის, სასარგებლოდ მიდის.

როგორც გაჰქრა ფრაზა "შრომის შეუკვეცავი შემოსავლის" შესახებ, ისევე ჰქრება ახლა ფრაზა "შრომის შემოსავლის" შესახებ საერთოდ.

კოლექტივიზმზე, წარმოების საშუალებათა საერთო მფლობელობაზე დაფუძნებული საზოგადოების, შიგნით, მწარმოებლები თავიანთი პროდუქტების გაცვლას არ აწარმოებენ; ასევე ნაკლებ ჩანს აქ პროდუქტების წარმოებაზე დახარჯული შრომა როგორც ამ პროდუქტთა ღირებულება, როგორც მათი კუთვნილი ნივთიერი თვისება, ვინაიდან ახლა, წინააღმდეგ კაპიტალისტური საზოგადოებისა, ინდივიდუალური შრომა უკვე შემოვლილი გზით კი არა, არამედ უშუალოდ წარმოადგენს ერთობლივი შრომის შემადგენელ ნაწილს. გამოთქმა "შრომის შემოსავალი", ამჟამად მიუღებელი მისი ორაზროვნობის გამო, ამრიგად, ყოველგვარ აზრს ჰკარგავს.

აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა ისეთ კომუნისტურ საზოგადოებასთან, რომელიც თავის საკუთარ საფუძველზე განვითარდა, არამედ, პირიქით, ისეთთან, რომელიც ეს არის ახლა გამოდის კაპიტალისტური საზოგადოებიდან; ამიტომ, მას ყოველმხრივ, — ეკონომიურად, ზნეობრივად, გონებრივად, ჯერ კიდევ დაღი აზის ძველი საზოგადოებისა, რომლის წიაღიდან ის გამოვიდა. ამის შესაბამისად ცალკე მწარმოებელი — გამოკლების შემდეგ — საზოგადოებისაგან სწორედ იმას იღებს, რაც მას მისცა. მისცა კი მას თავისი ინდივიდუალური შრომის რაოდენობა. მაგალითად, საზოგადოებრივი სამუშაო დღე შედგება ინდივიდუალური სამუშაო საათების ჯამიდან; ცალკე მწარმოებლის ინდივიდუალური სამუშაო დრო არის მის მიერ შესრულებული ნაწილი საზოგადოებრივი სამუშაო დღისა, მისი წილი ამ უკანასკნელში. საზოგადოებისაგან ის მოწმობას იღებს იმის შესახებ, რომ მას ამდენი და ამდენი შრომა მისცა (საზოგადოებრივი ფონდებისთვის დანიშნული შრომის გამორიცხვის გარდა), და ამ მოწმობით საზოგადოებრივი მარაგიდან იმდენ მოხმარების საშუალებებს იღებს, რამდენიც ამავე რაოდენობის შრომა ღირს. რა რაოდენობის შრომაც მისცა მან საზოგადოებას ერთი ფორმით, იმდენსვე ღებულობს უკანვე სხვა ფორმით.

აქ, ცხადია, იგივე პრინციპი ბატონობს, რაც საქონლის გაცვლას აწესრიგებს, რამდენადაც ეს უკანასკნელი ტოლ ღირებულებათა გაცვლაა. შინაარსი და ფორმა აქ შეიცვალა, ვინაიდან შეცვლილ პირობებში არავის არ შეუძლია სხვა რამის მიცემა, თუ არ თავისი შრომისა, და, მეორე მხრივ, არაფერი არ შეიძლება გადავიდეს ცალკე პირის საკუთრებაში, გარდა ინდივიდუალური მოხმარების საშუალებებისა. მაგრამ რაც შეეხება ამ უკანასკნელთა განაწილებას ცალკე მწარმოებელთა შორის, აქ იგივე პრინციპი ბატონობს, რაც საქონლის ექვივალენტთა გაცვლისას: განსაზღვრული რაოდენობის შრომა ერთი ფორმით გაიცვლება ტოლი რაოდენობის შრომაზე მეორე ფორმით.

ამიტომ აქ თანასწორი უფლება, პრინციპის მიხედვით, ჯერ კიდევ ბურჟუაზიული უფლებაა, თუმცა პრინციპი და პრაქტიკა აქ აღარ ეწინააღმდეგება ერთი მეორეს, მაშინ როდესაც საქონელთა გაცვლისას ექვივალენტთა გაცვლა მხოლოდ საშუალოდ და არა ცალკეული შემთხვევისთვის არსებობს.

ამ პროგრესის მიუხედავად, ეს თანასწორი უფლება ჯერ კიდევ ბურჟუაზიულ ზღუდეებშია მოქცეული. მწარმოებელთა უფლება მათ მიერ მიწოდებული შრომის პროპორციულია; თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ გაზომვა თანასწორი მასშტაბით, შრომით ხდება.

მაგრამ ერთი ადამიანი მეორეს სჯობნის ფიზიკურად ან გონებრივად, მაშასადამე, იმავე დროში მეტ შრომას იძლევა ან უფრო ხანგრძლივად შეუძლია მუშაობა; ხოლო შრომა, რათა ის საზომად გამოდგეს, უნდა განისაზღვრებოდეს ხანგრძლივობით ან ინტენსივობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ იქნება მასშტაბი. ეს თანასწორი უფლება უთანასწორო უფლებაა უთანასწორო შრომისათვის. ის არ სცნობს არავითარ კლასობრივ განსხვავებას, ვინაიდან თვითეული მხოლოდ მუშაა, როგორც სხვები; მაგრამ ის უხმოდ სცნობს ბუნებრივ პრივილეგიას — უთანასწორო ინდივიდუალურ ნიჭს და, ამიტომ, უთანასწორო შრომისუნარიანობას. ამიტომ, თავისი შინაარსით, ის უთანასწორობის უფლებაა, როგორც ყოველი უფლება. თავისი ბუნებით უფლება შეიძლება მდგომარეობდეს მხოლოდ თანასწორ მასშტაბთა გამოყენებაში; მაგრამ უთანასწორო ინდივიდები (და ისინი სხვადასხვა ინდივიდები არ იქნებოდნენ, უთანასწორონი რომ არ იყვნენ) მხოლოდ იმდენად განიზომებიან ერთი და იმავე მასშტაბით, რამდენადაც მათ ერთი და იგივე თვალსაზრით განიხილავენ, განიხილავენ მხოლოდ განსაზღვრული მხრით, მაგალითად, აღებულ შემთხვევაში, მხოლოდ როგორც მუშებს; და მათში სხვას არაფერს დაინახავენ, ყველაფერს დანარჩენს მხედველობიდან გაუშვებენ. შემდეგ: ერთი მუშა ცოლიანია, მეორე — არა; ერთს მეტი ბავშვები ჰყავს, ვიდრე მეორეს, და სხვ., და სხვ. თანასწორი მუშაობით და, მაშასადამე, თანასწორი წილით საზოგადოებრივი მოხმარების ფონდში ფაქტიურად ერთი მეტს მიიღებს, ვიდრე მეორე, ერთი უფრო მდიდარი აღმოჩნდება, ვიდრე მეორე და სხვ. ყველა ამ ნაკლთა თავიდან ასაცილებლად უფლება, თანასწორის ნაცვლად, უთანასწორო უნდა იყოს.

მაგრამ ამ ნაკლთა თავიდან აცილება შეუძლებელია კომუნისტური საზოგადოების პირველ ფაზაში, როდესაც იგი ეს არის წარმოიშვა კაპიტალისტური საზოგადოებიდან ხანგრძლივი მშობიარობის ტკივილების შემდეგ. უფლება არასოდეს არ შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე არის საზოგადოების ეკონომიური წყობილება და მით შეპირობებული კულტურული განვითარება საზოგადოებისა.

კომუნისტური საზოგადოების უმაღლეს ფაზაში, მას შემდეგ, რაც გაჰქრება ინდივიდთა დამმონავებელი დაქვემდებარება შრომის დანაწილებისადმი და მასთან ერთად გონებრივი და ფიზიკური შრომის წინააღმდეგობაც; როდესაც შრომა არა მარტო ცხოვრების საშუალება იქნება, არამედ — თვით პირველი სასიცოცხლო მოთხოვნილება, როდესაც ინდივიდთა ყოველმხრივ განვითარებასთან ერთად საწარმოო ძალებიც გაიზრდება და საზოგადოებრივი სიმდიდრის ყველა წყარო უხვად გადმოდინდება, — მხოლოდ მაშინ შეიძლება სრულად გადალახულ იქნეს ბურჟუაზიული უფლების ვიწრო ჰორიზონტი და საზოგადოებამ თავის დროშას წააწეროს: ყველამ — თავისი უნარის მიხედვით, ყველას — მისი მოთხოვნილების მიხედვით.

მე ვრცლად შევეხე, ერთი მხრივ, "შრომის შეუკვეცავ შემოსავალს", ხოლო, მეორე მხრივ, "თანასწორ უფლებასა" და "სამართლიან განაწილებას", რათა ვაჩვენო, თუ რა დიდ დანაშაულს ჩადიან, როცა სურთ, ერთი მხრივ, წარმოდგენები, რომელთაც ერთ დროს ერთგვარი აზრი ჰქონდათ, ხოლო ახლა მოძველებული ფრაზების ხარახურად გადაიქცნენ, ისევ თავს მოახვიონ ჩვენს პარტიას დოგმათა სახით, მეორე მხრივ კი, როცა რეალისტურ გაგებას, რომელიც პარტიამ ასე დიდი ჯაფით მოიპოვა და რომელმაც ახლა მასში უკვე ფესვები გაიდგა, ისევ ამახინჯებენ იდეოლოგიური უფლებრივი და სხვა ფუყე ფრაზებით, რასაც ასე ჩვეული არიან დემოკრატები და ფრანგი სოციალისტები.

ზემოთ თქმულსაც რომ თავი დავანებოთ, საერთოდ შეცდომა იყო საქმის არსად ეგრეთწოდებული განაწილების ჩათვლა და მთავარი მახვილის მასზე დასმა.

მოხმარების საშუალებათა ყოველგვარი განაწილება ყოველთვის მხოლოდ შედეგია თვით წარმოების პირობათა განაწილებისა. ამ უკანასკნელთა განაწილება კი თვით წარმოების წესის ხასიათს გამოსახავს. მაგალითად, კაპიტალისტური წარმოების წესი იმაზეა დამყარებული, რომ წარმოების ნივთიერი პირობები კაპიტალის საკუთრებისა და მიწის საკუთრების ფორმით არამუშებს ეკუთვნის, მაშინ როდესაც მასა წარმოების მხოლოდ პირადი პირობის — სამუშაო ძალის მესაკუთრეა. რაკი წარმოების ელემენტები ასეა განაწილებული, აქედან თავისთავად გამომდინარეობს მოხმარების საშუალებათა თანამედროვე განაწილება. როდესაც წარმოების ნივთიერი პირობები თვით მუშების კოლექტიური საკუთრება იქნება, მაშინ აქედან მიიღება მოხმარების საშუალებათა თანამედროვეობისაგან განსხვავებული განაწილება. ვულგარულმა სოციალიზმმა (და მისგან, თავის მხრით, დემოკრატიის ერთმა ნაწილმა) ბურჟუაზიული ეკონომისტებისაგან გადმოიღო განაწილების განხილვა წარმოების წესისაგან დამოუკიდებლად და, ამიტომ, სოციალიზმის ისე დასახვა, თითქოს იგი უმთავრესად განაწილების საკითხების გარშემო ტრიალებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნამდვილი ურთიერთობა დიდი ხანია ნათელყოფილია, რაღა საჭიროა ისევ უკუსვლა?

4. "შრომის განთავისუფლება უნდა იყოს საქმე მუშათა კლასისა, რომლის მიმართ ყველა სხვა კლასი მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას შეადგენს".

პირველი სტროფი აღებულია ინტერნაციონალის წესდების შესავალი სიტყვებიდან, მაგრამ “შესწორებულია”. იქ ასეა ნათქვამი: "მუშათა კლასის განთავისუფლება თვით მუშათა საქმე უნდა იყოს"; აქ კი, პირიქით, "მუშათა კლასმა" უნდა გაანთავისუფლოს — რა? "შრომა". გაიგე, ვისაც შეგიძლია.

სამაგიეროდ, პირიქით, მიმატებულია ანტისტროფი — წმინდა წყლის ლასალური ციტატი: "რომლის (მუშათა კლასის) მიმართ ყველა სხვა კლასი მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას შეადგენს".

"კომუნისტურ მანიფესტში" ნათქვამია: "ყველა იმ კლასთა შორის, რომელნიც დღეს ბურჟუაზიის პირისპირ დგანან, მხოლოდ პროლეტარიატია ნამდვილად რევოლუციური კლასი. ყველა სხვა კლასი უძლურდება და ისპობა მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად, პროლეტარიატი კი აქ მრეწველობის საკუთარი პროდუქტია".

ბურჟუაზია, როგორც მსხვილი მრეწველობის მატარებელი, გაგებულია აქ როგორც რევოლუციური კლასი ფეოდალებისა და საშუალო წოდებათა მიმართ, რომელნიც ცდილობენ შეინარჩუნონ ყველა ის საზოგადოებრივი პოზიცია, რაც წარმოების მოძველებული წესების მიერ არის შექმნილი. მაშასადამე, ისინი არ შეადგენენ ბურჟუაზიასთან ერთად მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას.

მეორე მხრივ, პროლეტარიატი რევოლუციურია ბურჟუაზიის მიმართ, ვინაიდან ის, თვით აღმოცენებულია მსხვილი მრეწველობის ნიადაგზე, ცდილობს ჩამოაცალოს წარმოებას კაპიტალისტური ხასიათი, რის გამარადისებასაც ბურჟუაზია ცდილობს. მაგრამ "მანიფესტი" ამასთანავე უმატებეს: რომ "საშუალო წოდებები" რევოლუციური ხდებიან "იმდენად, რამდენადაც მათ მოელით პროლეტარიატში გადასვლა".

მაშასადამე, ამ თვალსაზრისით ისევ უაზრობაა, თითქოს ისინი, ბურჟუაზიასა და დამატებით კიდევ ფეოდალებთან ერთად, მუშათა კლასის მიმართ "მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას შეადგენენ".

განა უკანასკნელ არჩევნებში ხელოსნებს, წვრილ მრეწველებს და სხვ., აგრეთვე გლეხებს შეძახოდნენ: ჩვენს მიმართ თქვენ, ბურჟუაზიასა და ფეოდალებთან ერთად, მხოლოდ ერთ რეაქციულ მასას შეადგენთო?

ლასალმა ზეპირად იცოდა "კომუნისტური მანიფესტი", როგორც მისმა მართლმორწმუნეებმა იციან მისი შედგენილი საღვთო წერილი. და თუ მან ასე უხეშად გააყალბა "მანიფესტი", — ეს მხოლოდ იმისთვის ჩაიდინა, რომ შეელამაზებინა თავისი კავშირი ბურჟუაზიის აბსოლუტისტურ და ფეოდალურ მოწინააღმდეგეებთან.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ პარაგრაფში მისი ბრძნული გამოთქმა თმებით არის მოთრეული, ყოველგვარი კავშირის გარეშე ინტერნაციონალის წესდებიდან აღებულ დამახინჯებულ ციტატთან. მაშასადამე, აქ უბრალო თავხედობაა, თანაც სრულიად არა უსიამოვნო ბატონ ბისმარკისათვის, ერთ-ერთი ის იაფფასიანი კადნიერება, რომელსაც ბერლინელი მარატი მიმართავს ხოლმე[1].

5. "მუშათა კლასი მოქმედებს თავისი განთავისუფლებისათვის, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფოს ჩარჩოებში, იმ შეგნებით, რომ აუცილებელი შედეგი მისი მისწრაფებისა, რაც საერთოა ყველა კულტურული ქვეყნის მუშებისათვის, ხალხთა საერთაშორისო ძმობა იქნება".

ლასალი, "კომუნისტური მანიფესტისა" და მთელი წინანდელი სოციალიზმის წინააღმდეგ, მუშათა მოძრაობას განიხილავდა მეტად ვიწრო ნაციონალური თვალსაზრისით. ამ მხრივ მას ბაძავენ, და ეს ხდება ინტერნაციონალის საქმიანობის შემდეგ!

თავისთავად გასაგებია, რომ მუშათა კლასი, რათა მან საერთოდ ბრძოლა შესძლოს, უნდა შეკავშირდეს შინ როგორც კლასი და რომ საკუთარი ქვეყანა შეადგენს მისი ბრძოლის უშუალო ასპარეზს. ამდენად მისი კლასობრივი ბრძოლა, არა თავისი შინაარსით, არამედ — როგორც "კომუნისტური მანიფესტი" ამბობს — "ფორმით" ნაციონალურია. მაგრამ "თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფოს ჩარჩოები", მაგალითად, გერმანიის იმპერიისა, თავის მხრივ, თვით არის მოქცეული ეკონომიურად მსოფლიო ბაზრის "ჩარჩოებში" და პოლიტიკურად სახელმწიფოთა სისტემის "ჩარჩოებში". ყოველმა ხეირიანმა ვაჭარმა იცის, რომ გერმანიის ვაჭრობა იმავდროულად საგარეო ვაჭრობაცაა, და ბ-ნი ბისმარკის სიდიადეც სწორედ ერთგვარი საერთაშორისო პოლიტიკის გატარებაში მდგომარეობს.

და რაზე დაჰყავს გერმანიის მუშათა პარტიას თავისი ინტერნაციონალიზმი? შეგნებაზე, რომ მისი მისწრაფების შედეგი "ხალხთა საერთაშორისო ძმობა იქნება". ეს არის ბურჟუაზიული მშვიდობიანობისა და თავისუფლების ლიგიდან[2] ნასესხები ფრაზა, რამაც მუშათა კლასის საერთაშორისო ძმობის ეკვივალენტობა უნდა გასწიოს საერთო ბრძოლაში გაბატონებული კლასებისა და მათი მთავრობების წინააღმდეგ. ამრიგად, გერმანიის მუშათა კლასის საერთაშორისო ფუნქციების შესახებ სიტყვაც არაა დაძრული! და ასე უპასუხებს ის მის წინააღმდეგ ყველა სხვა ქვეყნის ბურჟუაზიასთან დაძმობილებულ თავის საკუთარ ბურჟუაზიას და ბ-ნი ბისმარკის საერთაშორისო შეთქმულების პოლიტიკას!

ფაქტიურად პროგრამის ინტერნაციონალიზმი უსასრულოდ დაბლა დგას, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის პარტიის ინტერნაციონალიზმი. ეს პარტიაც ამტკიცებს, რომ მისი მისწრაფების შედეგი იქნება "ხალხთა საერთაშორისო ძმობა". მაგრამ ის ზოგ რამესაც აკეთებს, რათა ვაჭრობა საერთაშორისო გახადოს და სრულიადაც არ კმაყოფილდება იმ შეგნებით, რომ ყველა ხალხი შინ ვაჭრობას აწარმოებს.

მუშათა კლასის საერთაშორისო საქმიანობა არავითარი სახით არაა დამოკიდებული "მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის" არსებობაზე. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმის პირველი ცდა იყო, რომ შექმნილიყო ამ საქმიანობის ცენტრალური ორგანო; ცდა, რამაც, მის მიერ მიცემული ბიძგის გამო, წარუშლელი შედეგები დატოვა, მაგრამ რომლის გატარება მისი პირველი ისტორიული ფორმით პარიზის კომუნის დაცემის შემდეგ უკვე აღარ შეიძლებოდა.

ბისმარკის "Norddeutsche" სრულიად მართალი იყო, როდესაც თავისი ბატონის საამებლად გამოაცხადა: გერმანიის მუშათა პარტიამ ახალ პროგრამაში ინტერნაციონალიზმი დაგმოო[3].

II

"ამ პრინციპებიდან გამომდინარე, გერმანიის მუშათა პარტია ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს დაამყაროს თავისუფალი სახელმწიფო — და — სოციალისტური საზოგადოება; გააუქმოს ხელფასის სისტემა მისი რკინის კანონითურთ — და — ყველა სახის ექსპლოატაცია; მოსპოს ყველა სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა".

"თავისუფალ" სახელმწიფოს მე შემდეგ დავუბრუნდები.

ამრიგად, მომავალში გერმანიის მუშათა პარტიამ ლასალის "ხელფასის რკინის კანონი" უნდა იწამოს! რომ ეს უკანასკნელი არ დაიკარგოს, თხზავენ უაზრობას, ლაპარაკობენ რა "ხელფასის სისტემის (უნდა ეთქვათ: დაქირავებული შრომის სისტემის) გაუქმებაზე მისი რკინის კანონითურთ". თუ მე დაქირავებულ შრომას ვაუქმებ, ბუნებრივად, აგრეთვე მის კანონებსაც ვაუქმებ, გინდ "რკინის" იყოს ეს კანონები, გინდ ღრუბლისა. მაგრამ ლასალის ბრძოლა დაქირავებული შრომის წინააღმდეგ თითქმის მხოლოდ ამ ეგრეთ წოდებული კანონის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომ, რომ დაემტკიცებინათ ლასალის სექტამ გაიმარჯვაო, უნდა გაუქმებულიყო "ხელფასის სისტემა მისი რკინის კანონითურთ" და არა უამისოდ.

როგორც ცნობილია, "ხელფასის რკინის კანონიდან" ლასალს არაფერი არ ეკუთვნის, გარდა სიტყვისა: "რკინის", რაც მან გადმოიღო გოეთეს "მარადიული, რკინის დიადი კანონებიდან". სიტყვა "რკინის" არის ნიშანი, რომლითაც მართლმორწმუნენი ერთმანეთს გამოიცნობენ. მაგრამ თუ მე ვღებულობ ამ კანონს ლასალის დაღით და, მაშასადამე, ლასალის აზრით, მაშინ უნდა მივიღო აგრეთვე მისი დასაბუთებაც. რა არის ეს დასაბუთება? როგორც ლანგემ სულ მალე ლასალის სიკვდილს შემდეგ გამოარკვია, ეს არის — (თვით ლანგეს მიერ ნაქადაგევი) მალთუსის მოსახლეობის თეორია. მაგრამ თუ ეს თეორია სწორია, მაშინ მე არ შემიძლია "რკინის კანონი" გავაუქმო, თუნდ ასჯერაც გავაუქმო დაქირავებული შრომა, ვინაიდან მაშინ ეს კანონი ბატონობს არა მარტო დაქირავებული შრომის სისტემაზე, არამედ — ყოველ საზოგადოებრივ სისტემაზეც. სწორედ ამ თეორიაზე დაყრდნობით ეკონომისტები უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ სოციალიზმი ვერ გააუქმებს ბუნებრივად დამყარებულ სიღატაკეს, არამედ მხოლოდ საყოველთაოს გახდის მას, ვინაიდან იგი თანაბრად გაანაწილებს მას საზოგადოების მთელ ზედაპირზე!

მაგრამ ყოველივე ეს არაა მთავარი. სრულიად მხედველობაში რომ არ მივიღოთ კანონის ყალბი ლასალური გაგება, ჭეშმარიტად აღმაშფოთებელი ნაბიჯი უკან შემდეგში მდგომარეობს:

ლასალის სიკვდილს შემდეგ ჩვენს პარტიაში გზა გაიკაფა მეცნიერულმა შეხედულებამ, რომ ხელფასი ის არ არის, რადაც იგი ჩანს, იგი არის არა შრომის ღირებულება ანუ ფასი, არამედ — სამუშაო ძალის ღირებულების ანუ ფასის მხოლოდ შენიღბული ფორმა. ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაყირავდა ხელფასის მთელი დღემდე არსებული ბურჟუაზიული გაგება, აგრეთვე აქამდე მის წინააღმდეგ მიმართული მთელი კრიტიკა, და ნათლად დადგინდა, რომ დაქირავებულ მუშას იმის ნებართვას აძლევენ, რომ საკუთარი თავის სარჩენად იმუშაოს, ე. ი. იცხოვროს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრული დროის განმავლობაში მუქთად მუშაობს კაპიტალისტის სასარგებლოდ (მაშასადამე, აგრეთვე მასთან ერთად ზედმეტი ღირებულების სხვა მშთანთქმელთა სასარგებლოდ); რომ მთელი კაპიტალისტური წარმოების სისტემა იმის გარშემო ბრუნავს, რომ ეს მუქთი შრომა გაადიდოს სამუშაო დღის გახანგრძლივებით ან შრომის ნაყოფიერების გადიდებით, სათანადოდ — სამუშაო ძალის მეტი დაძაბვით და სხვ.; რომ, მაშასადამე, დაქირავებული შრომის სისტემა მონობის სისტემაა, სახელდობრ — ისეთი მონობის, რომელიც მით უფრო მკაცრი ხდება, რაც უფრო ვითარდება შრომის საზოგადოებრივი საწარმოო ძალები, მიუხედავად იმისა, მუშის შრომა მეტად ნაზღაურდება თუ ნაკლებად. და მას შემდეგ, რაც ამ შეხედულებამ თანდათან გზა გაიკვლია ჩვენს პარტიაში, ისევ ლასალის დოგმებს უბრუნდებიან, თუმცა ახლა უნდა იცოდნენ, რომ ლასალს არ ესმოდა, რა არის ხელფასი, და ბურჟუაზიულ ეკონომისტთა მსგავსად, საქმის გარეგნული მხარე მის არსად მიაჩნდა.

ეს იმას ჰგავს, რომ მონები, რომელნიც, დაბოლოს, მონობის საიდუმლოებას მისწვდნენ, აჯანყდნენ, ხოლო ერთმა მათგანმა, მოძველებულ წარმოდგენათა ტყვეობაში მყოფმა, აჯანყების პროგრამაში ჩაწეროს: მონობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მონების შესანახი ხარჯი მონობის სისტემის დროს განსაზღვრულ, მეტად დაბალ მაქსიმუმს ვერ გადააჭარბებსო!

მარტოდმარტო ეს ფაქტი, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს უნარი შესწევდათ ასეთი საოცარი თავდასხმა მოეხდინათ პარტიულ მასებში გავრცელებულ შეხედულებაზე, განა მარტო ეს არ მოწმობს, თუ რაოდენ დანაშაულებრივი ქარაფშუტობით, რაოდენი უსინდისობით შეუდგნენ ისინი კომპრომისული პროგრამის შედგენის საქმეს!

ნაცვლად პარაგრაფის გაურკვეველი ბოლო ფრაზისა: "მოსპოს ყველა სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა", უნდა ვთქვათ: რომ კლასობრივ განსხვავებათა გაუქმებასთან ერთად თავისთავად გაჰქრება ყოველგვარი მათგან გამომდინარე სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა.

III

"გერმანიის მუშათა პარტია, სოციალური საკითხის გადაჭრისათვის გზის გასაკვალად, მოითხოვს საწარმოო ამხანაგობათა დაარსებას სახელმწიფო დახმარებით მშრომელი ხალხის დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. საწარმოო ამხანაგობანი მრეწველობასა და მიწათმოქმედებაში იმ ზომით უნდა დაარსდნენ, რომ მათგან ერთობლივი შრომის სოციალისტური ორგანიზაცია წარმოიშვას".

ლასალურ "ხელფასის რკინის კანონს", თან მოსდევს იმავე წინასწარმეტყველის სამკურნალო საშუალება. ამ საშუალებას ღირსეულად "გზას უკვლევენ". არსებული კლასობრივი ბრძოლის ნაცვლად ჩნდება საგაზეთო მჯღაბნელთა ფრაზა: "სოციალური საკითხი", რომლის "გადაჭრისათვის გზას კაფავენ". საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნის პროცესის ნაცვლად "წარმოიშობა" ერთობლივი შრომის სოციალისტური ორგანიზაცია, "სახელმწიფოს დახმარებით", რასაც იგი საწარმოო ამხანაგობებს უწევს, ამხანაგობებს, რომლებსაც სახელმწიფო "აარსებს" და არა მუშები. სავსებით შეესატყვისება ლასალის ფანტაზიას ის, რომ თითქოს სახელმწიფო სესხებით ისევე ადვილად შეიძლება ახალი საზოგადოების აგება, როგორც ახალი რკინიგზის გაყვანა!

სირცხვილის ნარჩენის გამო "სახელმწიფო დახმარებას" "მშრომელი ხალხის" დემოკრატიულ კონტროლს უქვემდებარებენ.

ჯერ ერთი, "მშრომელი ხალხის" უმრავლესობა გერმანიაში შედგება გლეხებისაგან და არა პროლეტარებისაგან.

მეორეც, სიტყვა "დემოკრატიული" გერმანულად იგივეა, რაც "ხალხის ბატონობა" (“Volksherrschaftlich”). მაგრამ რა არის "მშრომელი ხალხის ბატონობის კონტროლი"? და ამასთან იმ მშრომელი ხალხის, რომელიც, სახელმწიფოსადმი წარდგენილი ამ მოთხოვნებით, თავის მხრით, მთლად იმ შეგნებას გამოთქვამს, რომ იგი არც გაბატონებულია და არც ბატონობისათვის მომწიფებული!

აქ ზედმეტია გავაკრიტიკოთ ის რეცეპტი, რომელიც ბუშემ გამოწერა ლუი ფილიპეს დროს ფრანგი სოციალისტების წინააღმდეგ და მიღებულ იქნა "Atelier"-ს[4] რეაქციონერი მუშების მიერ. მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ ეს სპეციფიკური სასწაულმოქმედი სამკურნალო საშუალება იქნა პროგრამაში შეტანილი, არამედ ის, რომ საერთოდ კლასობრივი მოძრაობის თვალსაზრისიდან სექტური მოძრაობის თვალსაზრისს უბრუნდებიან.

თუ მუშებს სურთ კოლექტიური წარმოების პირობები დაამყარონ სოციალური და, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური მასშტაბით შინ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი წარმოების ახლანდელი პირობების გადატრიალებისათვის იბრძვიან, და ამას არაფერი აქვს საერთო კოოპერაციულ საზოგადოებათა დაარსებასთან სახელმწიფოს დახმარებით. ხოლო რაც შეეხება ახლანდელ კოოპერაციულ ამხანაგობებს, მათ მხოლოდ იმდენად აქვთ ღირებულება, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მუშების მიერ შექმნილ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომელთაც არც მთავრობა უწევს მფარველობას და არც ბურჟუაზია.

IV

ახლა დემოკრატიულ განყოფილებაზე გადავალ.

A. "სახელმწიფოს თავისუფალი საფუძველი".

უპირველეს ყოვლისა, II განყოფილების თანახმად, გერმანიის მუშათა პარტია ცდილობს დაამყაროს "თავისუფალი სახელმწიფო".

თავისუფალი სახელმწიფო — რა არის ეს?

ის, რომ თავისუფალი გახადონ სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში არ შეადგენს მიზანს მუშებისა, რომლებმაც უკუაგდეს ეს ქვეშევრდომული გონებაშეზღუდულობა. გერმანიის იმპერიაში "სახელწიფო" ისევეა "თავისუფალი", როგორც რუსეთში. თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო საზოგადოების დამქვემდებარებელ ორგანოდან სრულად საზოგადოებისადმი დაქვემდებარებულ ორგანოდ გარდაიქმნას. და ამჟამადაც სახელმწიფოს ფორმები იმ ზომით არიან თავისუფალნი თუ არათავისუფალნი, რა ზომითაც ისინი "სახელმწიფოს თავისუფლებას" ზღუდავენ.

გერმანიის მუშათა პარტია — ყოველ შემთხვევაში, თუ ის ამ პროგრამას სცნობს — ააშკარავებს, თუ რამდენად არაღრმად აქვს მას გამჯდარი სოციალისტური იდეები; იმის ნაცვლად, რომ არსებული საზოგადოება (და ეს შეეხება ყოველ მომავალ საზოგადოებასაც) არსებული სახელმწიფოს (ან მომავალი საზოგადოება მომავალი სახელმწიფოს) საფუძვლად განიხილოს, ის, პირიქით, სახელმწიფოს განიხილავს როგორც დამოუკიდებელ არსებას, რომელსაც საკუთარი "სულიერი, ზნეობრივი და თავისუფალი საფუძვლები" აქვს.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ ბოროტად იყენებს პროგრამა სიტყვებს: "თანამედროვე სახელმწიფო", "თანამედროვე საზოგადოება" და როგორ კიდევ უფრო მეტ გაუგებლობას იჩენს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც თავის მოთხოვნებს უყენებს!

"თანამედროვე საზოგადოება" კაპიტალისტური საზოგადოებაა, რომელიც ყველა კულტურულ ქვეყანაში არსებობს და რომელიც შუა საუკუნეების ნაშთებისაგან მეტ-ნაკლებ თავისუფალია, თვითეული ქვეყნის თავისებური ისტორიული განვითარებით მეტ-ნაკლებ სახეშეცვლილი და მეტ-ნაკლებ განვითარებულია. "თანამედროვე სახელმწიფო", პირიქით, ქვეყნის საზღვრებთან ერთად იცვლება. პრუსია-გერმანიის იმპერიაში ის სხვანაირია, ვიდრე შვეიცარიაში, ინგლისში სხვანაირია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამრიგად, "თანამედროვე სახელმწიფო" ფიქციაა.

მაგრამ სხვადასხვა კულტურული ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფოს, მიუხედავად მათი ფორმების ჭრელი სხვადასხვაობისა, საერთო ის აქვს, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული, მხოლოდ მეტ-ნაკლებ კაპიტალისტურად განვითარებული, საზოგადოების ნიადაგზე დგანან. ამიტომ მათ აქვთ აგრეთვე ზოგი არსებითი საერთო ნიშნეულობანი. ამ აზრით შეიძლება ლაპარაკი "თანამედროვე სახელმწიფოს" შესახებ წინააღმდეგ მომავლისა, როდესაც მისი ახლანდელი ფესვები, ბურჟუაზიული საზოგადოება თანდათან მოკვდება.

შემდეგ საკითხავია: რა გარდაქმნას განიცდის სახელმწიფო კომუნისტურ საზოგადოებაში? სხვა სიტყვებით: რა საზოგადოებრივი ფუნქციები დარჩება იქ ახლანდელი სახელმწიფო ფუნქციების ანალოგიური? ამ კითხვას მხოლოდ მეცნიერება თუ უპასუხებს, და რამდენჯერაც არ უნდა შეახამოთ სიტყვა ხალხი სიტყვა "სახელმწიფოსთან", ამით პრობლემის გადაწყვეტას იოტისოდენადაც ვერ დავუახლოვდებით.

კაპიტალისტურ და კომუნისტურ საზოგადოებას შორის მდებარეობს ერთის მეორედ რევოლუციური გარდაქმნის პერიოდი. ამ პერიოდს შეესაბამება აგრეთვე პოლიტიკურად გარდამავალი პერიოდი, რომლის დროს სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამ იყოს, თუ არ პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა.

მაგრამ პროგრამა არ ეხება არც უკანასკნელს და არც კომუნისტური საზოგადოების მომავალ სახელმწიფოებრიობას.

მისი პოლიტიკური მოთხოვნა სხვას არაფერს შეიცავს, გარდა ძველი, საქვეყნოდ ცნობილი დემოკრატიული ლათაიებისა: საყოველთაო საარჩევნო უფლება, პირდაპირი კანონმდებლობა, სახალხო სამართალი, სახალხო შეიარაღება და ა. შ. ეს არის ბურჟუაზიული სახალხო პარტიის[5], მშვიდობიანობისა და თავისუფლების ლიგის უბრალო გამოძახილი. ეს სულ ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც რამდენადაც ფანტასტიკურ წარმოდგენაში არ გადადიან, უკვე განხორციელებულია. მხოლოდ — სახელმწიფო, სადაც ეს განხორციელებულია, მდებარეობს არა გერმანიის იმპერიის საზღვრებს შიგნით, არამედ — შვეიცარიაში, შეერთებულ შტატებში და ა. შ. ამ ჯურის "მომავლის სახელმწიფო" თანამედროვე სახელმწიფოა, თუმცა — გერმანიის იმპერიის "ჩარჩოებს" გარეთ არსებული.

მაგრამ ერთი რამ კი დაავიწყდათ. ვინაიდან გერმანიის მუშათა პარტია გარკვეულად აცხადებს, რომ იგი "თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფოს", მაშასადამე, თავისი სახელმწიფოს, პრუსია-გერმანიის იმპერიის შიგნით მოძრაობს, — წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოთხოვნები მეტწილად უაზრო იქნებოდა, ვინაიდან საერთოდ მხოლოდ იმას მოითხოვენ, რაც არა აქვთ, — მას არ უნდა დავიწყებოდა მთავარი, სახელდობრ, რომ ყველა ეს მშვენიერი საქმე დამყარებულია ეგრეთწოდებული ხალხის სუვერენობის აღიარებაზე, რომ, ამიტომ, მათ ადგილი აქვთ მხოლოდ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

რადგან ვერ გაბედეს — და გონივრულადაც, ვინაიდან პირობები სიფრთხილეს ითხოვს — დემოკრატიული რესპუბლიკის მოთხოვნა, როგორც ამას ფრანგი მუშების პროგრამები აკეთებდნენ ლუი ფილიპეს და ლუი ნაპოლეონის დროს, ამიტომ არ უნდა მიემართათ არც "პატიოსანი"[6] და არც ღირსეული ოინისათვის: რომ ისეთ რამეს, რასაც მხოლოდ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აქვს აზრი, მოითხოვენ სახელმწიფოსაგან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არ პარლამენტური ფორმებით შელამაზებული, ფეოდალური ნაშთებით შენარევი, უკვე ბურჟუაზიის გავლენას დაქვემდებარებული, ბიუროკრატიულად შედგენილი და პოლიციის საფარველ ქვეშ მყოფი სამხედრო დესპოტიზმი, და, გარდა ამისა, ამ სახელმწიფოს უცხადებენ ნდობას, თითქოს სჯეროდეთ, რომ შეუძლიათ "კანონიერი საშუალებებით" აიძულონ იგი მსგავსი საქმეები გააკეთოს!

თვით ვულგარული დემოკრატია, რომელიც დემოკრატიულ რესპუბლიკაში ათასწლიურ სუფევას ხედავს და არავითარი წინაგრძნობა არა აქვს იმის შესახებ, რომ სწორედ ბურჟუაზიული საზოგადოების ამ უკანასკნელ სახელმწიფოებრივ ფორმაში გადაიჭრება იარაღით კლასობრივი ბრძოლა საბოლოოდ, — თვით ეს დემოკრატიაც კი მთასავით მაღლა დგას ასეთგვარ დემოკრატიზმზე, რომელიც პოლიციის მიერ ნებადართულისა და ლოგიკის მიერ ნებადაურთველის ფარგლებშია მოქცეული.

"სახელმწიფოდ" რომ ნამდვილად მთავრობის მანქანა მიაჩნიათ ან სახელმწიფო, რამდენადაც ის შრომის დანაწილების მეოხებით საზოგადოებისაგან განცალკევებულ თავისებურ ორგანიზმს შეადგენს, ამას შემდეგი სიტყვები მოწმობს: "გერმანიის მუშათა პარტია მოითხოვს, როგორც სახელმწიფოს ეკონომიურ საფუძველს: ერთიან პროგრესიულ საშემოსავლო გადასახადს" და ა. შ. გადასახადები — მთავრობის მანქანის ეკონომიური საფუძველია და სხვა არაფერი. შვეიცარიაში არსებულ "მომავლის სახელმწიფოში" ეს მოთხოვნა თითქმის განხორციელებულია. საშემოსავლო გადასახადი გულისხმობს სხვადასხვა საზოგადოებრივ კლასთა შემოსავლის სხვადასხვა წყაროს, — მაშასადამე, კაპიტალისტურ საზოგადოებას. ამიტომ არაფერია გასაოცარი იმაში, რომ ლივერპულის საფინანსო რეფორმის დამცველები — ბურჟუები გლადსტონის ძმის მეთაურობით, — იმავე მოთხოვნებს აყენებენ, რასაც ეს პროგრამა.

B. "გერმანიის მუშათა პარტია მოითხოვს როგორც სახელმწიფოს სულიერ და ზნეობრივ საფუძველს:

1. საყოველთაო და თანასწორ სახალხო აღზრდა-განათლებას სახელმწიფოს საშუალებით. საყოველთაო სავალდებულო სწავლებას, უფასო განათლებას".

თანასწორი სახალხო აღზრდა-განათლება? რას გულისხმობენ ამ სიტყვებით? ნუთუ ფიქრობენ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში (და საქმე მხოლოდ მასთან აქვთ) აღზრდა-განათლება შეიძლება თანასწორი იყოს ყველა კლასისთვის? თუ — მოითხოვენ, რომ უმაღლესი კლასებიც იძულებით დაყვანილი უნდა იქნენ დაბალ აღზრდა-განათლებაზე, — სახალხო სკოლის დონეზე, რომელიც მარტოდმარტო შეეთავსება არა მარტო დაქირავებული მუშების, არამედ აგრეთვე გლეხების ეკონომიურ პირობებს?

"საყოველთაო სავალდებულო სწავლება. უფასო განათლება". პირველი ამათგანი არსებობს გერმანიაშიც კი, მეორე — შვეიცარიასა და შეერთებულ შტატებში სახალხო სკოლების მიმართ. თუ ამერიკის ზოგიერთ შტატში უფრო მაღალ სასწავლებლებში სწავლებაც აგრეთვე "უფასოა", ფაქტიურად ეს მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ უმაღლესი კლასები თავიანთი აღზრდა-განათლების ხარჯებს საერთო საგადასახადო ქისიდან ფარავენ. გაკვრით აღვნიშნავ, რომ იგივე შეეხება A, 5 მუხლში მოთხოვნილ "უფასო სამართლის წარმოებას". სისხლის სამართლის იუსტიცია ყველგან უფასოა; სამოქალაქო სამართლის წარმოება კი თითქმის მხოლოდ საკუთრების კონფლიქტების გარშემო ტრიალებს, მაშასადამე, მხოლოდ მქონებელ კლასებს ეხება. ამათაც სახალხო ქისის ხარჯზე ხომ არ უნდა აწარმოონ თავიანთი პროცესები?

პარაგრაფს სკოლების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, უნდა მოეთხოვა ტექნიკური სკოლები (თეორიული და პრაქტიკული) სახალხო სკოლასთან დაკავშირებით.

სრულიად უვარგისია "სახალხო აღზრდა-განათლება სახელმწიფოს საშუალებით". საყოველთაო კანონის საშუალებით სახალხო სკოლების ხარჯების, სამასწავლებლო პერსონალის კვალიფიკაციის, სასწავლო დისციპლინების და სხვ. განსაზღვრა, და, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია, სახელმწიფო ინსპექტორების მეშვეობით, ამ კანონის მიერ დადგენილ, წესებზე მეთვალყურეობა, — სულ სხვა რამ არის, ვიდრე სახელმწიფოს დანიშვნა ხალხის აღმზრდელად! პირიქით, მთავრობისა და ეკლესიის ყოველგვარი გავლენა სკოლაზე თანაბრად გამოსარიცხავია. პრუსია-გერმანიის იმპერიაში (და ამაოა თავის მართლება იმით, რომ "მომავლის სახელმწიფოზეა" ლაპარაკიო; ჩვენ დავინახეთ, თუ როგორაა ამ მხრივ საქმე) სახელმწიფო, პირიქით, საჭიროებს მეტად მკაცრ აღზრდას ხალხის მიერ.

მთელი პროგრამა, მიუხედავად დემოკრატიული ჟღარუნისა, სრულიად დასნეულებულია ლასალური სექტის ქვეშევრდომული რწმენით სახელმწიფოს მიმართ, ანუ, რაც სრულიადაც არაა უკეთესი, დემოკრატიული სასწაულრწმენით, ანდა, უფრო უკეთ, ის წარმოადგენს კომპრომისს, ამ ორ, სოციალიზმისაგან თანაბრად დაშორებულ, სასწაულრწმენას შორის.

პრუსიის კონსტიტუციის ერთი პარაგრაფი მოითხოვს "მეცნიერების თავისუფლებას". რისთვის არის ეს აქ შეტანილი?

"სინდისის თავისუფლება"! თუ ახლა, "კულტურკამპფის"[7] პერიოდში სურდათ ლიბერალიზმისათვის მისი ძველი დევიზები გაეხსენებინათ, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ამ ფორმით: "თვითეულს უნდა შეეძლოს თავისი რელიგიური, ისევე როგორც თავისი ხორციელი საჭიროებანი დაიკმაყოფილოს, ისე, რომ პოლიციამ იქ ცხვირი არ ჩაჰყოს". მაგრამ მუშათა პარტიას უნდა ესარგებლნა ამ შემთხვევით და გამოეთქვა თავისი რწმენა იმის შესახებ, რომ ბურჟუაზიული "სინდისის თავისუფლება" სხვა არაფერია, თუ არ ყველა ჯურის რელიგიური სინდისის თავისუფლების მოთმენა, ხოლო იგი, მუშათა პარტია, პირიქით, ცდილობს სინდისი რელიგიური მოჩვენებიდან გაანთავისუფლოს. მაგრამ სურვილი არა აქვთ "ბურჟუაზიულ" დონეს გასცდნენ.

ახლა მე დასასრულს მივაღწიე, ვინაიდან პროგრამის შემდგომი დანართი მის დამახასიათებელ შემადგენელ ნაწილს არ შეადგენს. ამიტომ აქ მოკლე შენიშვნებით დავკმაყოფილდები.

2. "ნორმალური სამუშაო დღე".

არც ერთი სხვა ქვეყნის მუშათა პარტია არ კმაყოფილდებოდა ასეთი გაურკვეველი მოთხოვნით, არამედ ყოველთვის ზუსტად აღნიშნავდა სამუშაო დღის ხანგრძლივობას, რომელსაც ის არსებულ პირობებში ნორმალურად თვლის.

3. "ქალთა შრომის შეზღუდვა და ბავშვთა შრომის აკრძალვა".

ნორმალური სამუშაო დღის დაწესება უკვე უნდა შეიცავდეს ქალთა შრომის შეზღუდვას, რამდენადაც ის ეხება სამუშაო დღის ხანგრძლივობას, შესვენებას და სხვ.; გარდა ამისა, ის შეიძლება ნიშნავდეს ქალთა შრომის აკრძალვას შრომის იმ დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მავნებელია ქალის ორგანიზმისათვის ანდა ზნეობრივად უარსაყოფელია მდედრობითი სქესისათვის. თუ ამის თქმას ფიქრობდნენ, ეს უნდა ეთქვათ კიდევაც.

"ბავშვთა შრომის აკრძალვა". აქ აბსოლუტურად საჭირო იყო ასაკობრივი საზღვრის აღნიშვნა.

ბავშვთა შრომის საყოველთაო აკრძალვა შეუთავსებელია მსხვილი მრეწველობის არსებობასთან და, ამიტომ, ფუყე კეთილ სურვილს წარმოადგენს.

მისი განხორციელება — შესაძლებელიც რომ ყოფილიყო — რეაქციული იქნებოდა, ვინაიდან, სამუშაო დროის მკაცრი მოწესრიგებისას სხვადასხვა ასაკობრივი საფეხურების მიხედვით და ბავშვთა დასაცავად მიღებულ სხვა საზედამხედველო ღონისძიებებით, პროდუქტიული შრომის ადრიანი დაკავშირება სწავლა-განათლებასთან თანამედროვე საზოგადოების გარდაქმნის ერთ-ერთ უძლიერეს საშუალებას წარმოადგენს.

4. "სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაბრიკულ, ხელოსნურ და ოჯახურ მრეწველობაზე".

პრუსია-გერმანიის სახელმწიფოს მიმართ გარკვევით უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი: რომ ინსპექტორების შეცვლა მხოლოდ სასამართლოს საშუალებით ხდებოდეს, რომ ყოველ მუშას შეეძლოს სასამართლოში უჩივლოს მათ სამსახურებრივ ვალდებულებათა დარღვევის გამო, რომ ინსპექტორი განათლებით უეჭველად ექიმი უნდა იყოს.

5. "პატიმართა შრომის მოწესრიგება".

წვრილმანი მოთხოვნაა საყოველთაო მუშათა პროგრამაში. ყოველ შემთხვევაში, ნათლად უნდა ეთქვათ, რომ მუშებს სრულიადაც არ სურთ კონკურენციის შიშით ჩვეულებრივი დამნაშავენი პირუტყვად მიიჩნიონ და, განსაკუთრებით, წაართვან მათ გამოსწორების ერთადერთი საშუალება — პროდუქტიული შრომა. ეს მინიმუმია იმისა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონოდა სოციალისტებისაგან.

6. "მომქმედი კანონი პასუხისმგებლობის შესახებ".

საჭირო იყო ეთქვათ, თუ რას გულისხმობენ "მომქმედ" კანონად პასუხისმგებლობის შესახებ.

გაკვრით აღვნიშნავ, რომ სადაც ნორმალური სამუშაო დღის შესახებ არის ლაპარაკი, იქ გამოტოვებულია საფაბრიკო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის დასაცავ ღონისძიებებს, უბედური შემთხვევებისაგან დასაცავ საშუალებებს და სხვ. კანონი პასუხისმგებლობის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს წესები დაირღვევა.

მოკლედ ეს დანართიც უხეირო რედაქციით ხასიათდება.

Dixi et salvavi animam meam[8].


[1] ბერლინელ მარატს უწოდებს მარქსი აქ ირონიულად, უთუოდ, ჰასელმანს, "Neuer Social-Demokratie"-ის ("ახალი სოციალ-დემოკრატი"), ლასალელთა ცენტრალური ორგანოს, მთავარ რედაქტორს. [რედაქცია].

[2] მშვიდობიანობისა და თავისუფლების საერთაშორისო ლიგა — 1867 წ. ჟენევაში დაფუძნებული ბურჟუაზიული დემოკრატებისა და პაციფისტების ორგანიზაცია. პირველი ინტერნაციონალი, მარქსის დაჟინებითი მოთხოვნით და ხელმძღვანელობით, გადამჭრელ ბრძოლას აწარმოებდა ლიგის დემაგოგიური ლოზუნგების წინააღმდეგ, რომლებიც პროლეტარიატს კლასობრივი ბრძოლისაგან აშორებდნენ. [რედაქცია].

[3] მარქსს მხედველობაში აქვს მოწინავე წერილი, გამოქვეყნებული 1875 წლ. 20 მარტის "Nord-deutsche Allgemeine Zeitung"-ის ("ჩრდილო-გერმანული საყოველთაო გაზეთი") N67-ში. სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის 5 პუნქტის გამო მოწინავე წერილი აღნიშნავდა, რომ "სოციალ-დემოკრატიული აგიტაცია მრავალმხრივ უფრო ფრთხილი გახდა" და რომ მან "ხელი აიღო ინტერნაციონალზე". [რედაქცია].

[4] "Atelier" ("სახელოსნო") — მუშათა ყოველთვიური ორგანო, გამოდიოდა პარიზში 1840-1850 წლებში; განიცდიდა ბუშეს კათოლიკური სოციალიზმის იდეის გავლენას. [რედაქცია].

[5] სახალხო პარტია დაარსდა 1865 წ. სექტემბერში დარმშტადტში და ორგანიზაციულად გაფორმდა შტუტგარტის ყრილობაზე 1868 წ. სექტემბერში. ეს იყო უმთავრესად სამხრეთ გერმანიის წვრილი ბურჟუაზიის პარტია, რომელიც ფედერალიზმის წვრილბურჟუაზიულ პრინციპებს უპირისპირებდა იუნკრული პრუსიის ჰეგემონიით გერმანიის გაერთიანების ბისმარკულ პოლიტიკას. [რედაქცია].

[6] პატიოსანს უწოდებდნენ აიზენახელებს. მარქსს აქ სიტყვების თამაში აქვს. [რედაქცია].

[7] "კულტურკამპფ" ("ბრძოლა კულტურისათვის") — ბრძოლა, რომელსაც ბისმარკი აწარმოებდა 1870-იან წლებში კათოლიკეთა გერმანული პარტიის, "ცენტრის" პარტიის, წინააღმდეგ კათოლიციზმის პოლიციური დევნით. [რედაქცია].

[8] ვთქვი და შვება მივეც სულსა ჩემსა. [რედაქცია].