დაწერილი: ენგელსის მიერ 1891 წ. 6 იანვარი.
გამოქვეყნებული: დაბეჭდილია ჟურნალში "Neue Zeit" 1891 წ.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება ჟურნალის ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
აქ დაბეჭდილი ხელნაწერი — პროგრამის პროექტის კრიტიკა თანდართული წერილით ბრაკესადმი, — 1875 წელს, გოთას გამაერთიანებელი ყრილობის წინ[2], გაეგზავნა ბრაკეს თხოვნით, გაეცნო ის გაიბის, აუერის, ბებელისა და ლიბკნეხტისათვის, ხოლო შემდეგ უკანვე დაებრუნებინა მარქსისთვის. ვინაიდან ჰალეს პარტიულმა ყრილობამ დღის წესრიგში შეიტანა დისკუსია გოთას პროგრამის გამო, ვფიქრობ, დანაშაულს ჩავიდენდი, თუ ამ დისკუსიისათვის ასეთი მნიშვნელოვანი — ან იქნებ უმნიშვნელოვანესი — საბუთის გამოქვეყნებას კიდევ დავაყოვნებდი.
მაგრამ ამ ხელნაწერს სხვა, კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს. აქ პირველად არის ნათლად და მკაფიოდ ნაჩვენები მარქსის დამოკიდებულება ლასალის იმ მიმართულებისადმი, რომელიც მან აირჩია სააგიტაციო საქმიანობის დაწყებიდან, თანაც დამოკიდებულება, როგორც ლასალის ეკონომიური პრინციპებისადმი, ასევე მისი ტაქტიკისადმი.
დაუნდობელი სიმკაცრე, რომლითაც მარქსს პროგრამის პროექტი აქვს განხილული, პირდაპირობა, რომლითაც იგი დასკვნებს აკეთებს და პროექტის სუსტ ადგილებს ააშკარავებს, — ყოველივე ეს ახლა, თხუთმეტი წლის შემდეგ, უკვე აღარ შეიძლება ვინმესათვის შეურაცხმყოფი იყოს. სპეციფიკურ ლასალელთაგან მხოლოდ ცალკეული ნამსხვრევები დარჩა უცხოეთში, ხოლო გოთას პროგრამაზე, როგორც სრულიად არადამაკმაყოფილებელზე, ჰალეში ხელი აიღეს თვით მისმა შემქმნელებმა[3].
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პირადი ხასიათის მკაცრი გამოთქმა და მსჯავრი, სადაც ამას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოვტოვე და წერტილებით შევცვალე. მარქსი თვით მოიქცეოდა ასე, მას რომ ეს ხელნაწერი ახლა გამოექვეყნებინა. მისი ადგილ-ადგილ მკვახე კილო ორი გარემოებით იყო გამოწვეული. ჯერ ერთი, მარქსი და მე გერმანულ მოძრაობას უფრო მჭიდროდ შევეზარდეთ, ვიდრე რომელიმე სხვას; ამიტომ გადამწყვეტ უკუსვლას, რაც ამ პროგრამის პროექტში გამოჩნდა, ჩვენ განსაკუთრებით ძლიერ უნდა ავეღელვებინეთ. მეორეც, მაშინ (თითქმის ორი წელიწადი არც კი იყო გასული ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესს შემდეგ[4]) ჩვენ ცხარედ ვებრძოდით ბაკუნინსა და მის ანარქისტებს, რომელნიც ჩვენ ყოველივე იმის პასუხისმგებლად გვთვლიდნენ, რაც გერმანიის მუშათა მოძრაობაში ხდებოდა: მაშასადამე, იმის მოლოდინიც უნდა გვქონოდა, რომ ამ პროგრამის საიდუმლო მამობასაც ჩვენ მოგვაწერდნენ. ეს მოსაზრებანი ახლა უკვე აღარ არსებობენ, მათთან ერთად აღარ არსებობს სათანადო ადგილების საჭიროებაც.
ცენზურულ მოსაზრებათა გამოც ზოგიერთი წინადადების ნაცვლად წერტილებია დასმული. სადაც მე შერბილებული გამოთქმა ვარჩიე, იქ ეს სწორ ფრჩხილებში მაქვს ჩასმული. სხვა მხრივ ხელნაწერი სიტყვასიტყვით არის გადმობეჭდილი.
ლონდონი, 1891 წ. 6 იანვარი.
[1] მარქსის "გოთას პროგრამის კრიტიკა" გამოაქვეყნა ენგელსმა მიუხედავად გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ოპორტუნისტული ხელმძღვანელობის წინააღმდეგობისა. კ. კაუცკისადმი ენგელსის წერილი გვიჩვენებს, რომ ენგელსს უნდა დაეძლია აგრეთვე კ. კაუცკის წინააღმდეგობა და უნდა შეერბილებინა "გოთას პროგრამის კრიტიკის" ზოგიერთი მეტად მძაფრი ადგილი. წინამდებარე გამოცემაში მთლიანად აღდგენილია თავდაპირველი ტექსტი დაცული ხელნაწერის მიხედვით. [რედაქცია].
[2] ყრილობაზე გოთაში (1875 წ. 22-27 მაისი) გაერთიანდა იმ დროს არსებული ორი გერმანული მუშათა პარტია — ლიბკნეხტის და ბებელის ხელმძღვანელობით არსებული სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ეგრეთწოდებული აიზენახელები) და ჰაზენკლევერის, ჰასელმანისა და ტელკეს მეთაურობით არსებული ლასალური ორგანიზაცია (საყოველთაო გერმანული მუშათა კავშირი) — გერმანიის ერთიან სოციალისტურ მუშათა პარტიად. [რედაქცია].
[3] გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ყრილობამ ჰალეში — პირველმა ყრილობამ სოციალისტების წინააღმდეგ საგანგებო კანონის გაუქმების შემდეგ — 1890 წ. 16 ოქტომბერს, კ. ლიბკნეხტის, გოთას პროგრამის მთავარი ავტორის, წინადადებით გადაწყვიტა მომზადებულიყო შემდეგი პარტიული ყრილობისათვის ახალი პროგრამის პროექტი, ახალი პროგრამა მიღებულ იქნა 1891 წ. ოქტომბერში ერფურტის ყრილობაზე (ერფურტის პროგრამა). [რედაქცია].
[4] I ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესი ჩატარდა 1872 წ. სექტემბერში ბაკუნისტებთან ბრძოლის ნიშნით. კონგრესის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალურ საბჭოს, რომელსაც მარქსი ხელმძღვანელობდა. ბაკუნინი გაირიცხა ინტერნაციონალიდან. [რედაქცია].