ფრიდრიხ ენგელსი

მარქსი და "ახალი რაინის გაზეთი"


დაწერილი: 1884 წლის, თებერვალ-მარტის დამდეგს.
გამოქვეყნებული: გაზეთ "Socialdemokrat"-ში 1884 წლის, 13 მარტს.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


როდესაც თებერვლის რევოლუციამ იფეთქა, გერმანული კომუნისტური პარტია, როგორც ჩვენ მას ვუწოდებდით, შედგებოდა პატარა ბირთვისაგან, ფარულ საპროპაგანდისტო საზოგადოებად ჩამოყალიბებულ კომუნისტთა კავშირისაგან. კავშირი ფარული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროს გერმანიაში კავშირების და კრებების თავისუფლება არ არსებობდა. გარდა საზღვარგარეთ არსებულ მუშათა საზოგადოებებისა, რომლებიდანაც ჰკრებავდა კავშირი თავის ძალებს, თვით გერმანიაში მას ჰყავდა დაახლოებით ოცდაათი თემი, ანუ სექცია, და, გარდა ამისა, ცალკეული წევრები მრავალ ადგილას. მაგრამ ამ მცირერიცხოვან მებრძოლ რაზმს ჰყავდა, მარქსის სახით, პირველხარისხოვანი ბელადი, რომელსაც ყველა ხალისით ემორჩილებოდა, და, მისი მეოხებით, ჰქონდა პრინციპული და ტაქტიკური პროგრამა, რომელსაც დღესაც შენარჩუნებული აქვს მთელი თავისი მნიშვნელობა: „კომუნისტური მანიფესტი”.

აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში პროგრამის ტაქტიკური ნაწილი. მისი ზოგადი დებულებანი შემდეგი იყო:

“კომუნისტები არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებულ პარტიას, სხვა მუშათა პარტიების მოპირისპირეს.

მათ არ აქვთ არავითარი ისეთი ინტერესები, რომლებიც განცალკევებული იყოს მთელი პროლეტარიატის ინტერესებისაგან.

ისინი არ აყენებენ არავითარ განსაკუთრებულ პრინციპებს, რომელთა თანახმადაც მათ პროლეტარული მოძრაობას ჩამოყალიბება სურდეთ.

კომუნისტები მხოლოდ იმით განირჩევიან დანარჩენი პროლეტარული პარტიებისაგან, რომ, ერთი მხრივ, პროლეტარების სხვადასხვა ეროვნულ ბოძოლებში ისინი წინ აყენებენ და იცავენ მთელი პროლეტარიატის საერთო, ეროვნებისაგან დამოუკიდებელ, ინტერესებს: და, მეორე მხრივ, იმით, რომ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, რომლებსაც გაივლის ბრძოლა პროლეტარიატსა და ბუოჟუაზიას შორის, ისინი მუდამ ერთობლივი მოძრაობას ინტერესებს იცავენ.

მაშასადამე, კომუნისტები პრაქტიკულად წარმოადგენენ ყველა ქვეყნის მუშათა პარტიების ყველაზე უფრო შეუპოვარ, მუდამ წინ მისწრაფებულ ნაწილს; თეორიულად კი მათ ის უპირატესობა აქვთ პოოლეტარიატის დანარჩენ მასასთან შედარებით, რომ შეგნებული აქვთ პროლეტარული მოძრაობის პირობები, მსვლელობა და საერთო შედეგები”.[1]

კერძოდ გერმანული პარტიის შესახებ კი პროგრამაში ნათქვამი იყო:

“გერმანიაში, რამდენადაც ბურჟუაზია რევოლუციურად გამოდის, კომუნისტური პარტია იბრძვის ბურჟუაზიასთან ერთად აბსოლუტური მონარქიის, ფეოდალური მიწის საკუთრებისა და წვრილი ბურჟუაზიის წინააღმდეგ.

მაგრამ ეს პარტია ერთი წუთითაც არ უგულებელჰყოფს მუშებში რაც შეიძლება ნათელი შეგნების გამომუშავებას ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის არსებული მტრული დაპირისპირების შესახებ, რათა გერმანიის მუშებს შეეძლოთ მაშინვე ბურჟუაზიის საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენონ ის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პირობები, რომლებიც უნდა მოჰყვეს თან ბურჟუაზიის გაბატონებას, რათა, გერმანიაში რეაქციული კლასების დამხობისთანავე, დაწყებულ იქნეს ბრძოლა თვით ბურჟუაზიის წინააღმდეგ.

გერმანიას კომუნისტები თავის მთავარ ყურადღებას აქცევენ იმიტომ, რომ გერმანიაში ბურეუაზიული რევოლუციის წინადღეა და ა. შ.[2]

არასოდეს არც ერთი ტაქტიკური პროგრამა ისე არ გამართლებულა, როგორც ეს. მან, რევოლუციის წინადღეს წამოყენებულმა, გაუძლო გამოცდას ამ რევოლუციის მხრივ; და მას შემდეგ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მუშათა პარტია თავის მოქმედებაში, მისგან გადაუხვევდა, იგი ისჯებოდა თვითეული გადახისათვის. და დღეს, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, იგი წარმოადგენს გზისმაჩვენებელ ძაფს ევროპის ყველა შეუპოვარი და შეგნებული მუშათა პარტიისთვის — მადრიდიდან დაწყებული პეტერბურგამდე.

თებერვლის მოვლენებმა პარიზში დააჩქარა მოახლოებული გერმანული რევოლუცია და ამით გამოცვალა მისი ხასიათიც. გერმანიის ბურჟუაზიამ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ძალით გაემარჯვა, გაიმარჯვა საფრანგეთის მუშათა რევოლუციის ბუქსირზე. მას ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ დაეძლია თავისი ძველი მოწინააღმდეგეები — აბსოლუტური მონარქია, ფეოდალური მიწათმფლობელობა, ბიუროკრატია, მშიშარა წვრილი ბურჟუაზია, რომ უკვე ბოძოლა უნდა ეწარმოებინა ახალი მტრის — პროლეტარიატის — წინააღმდეგ. მაგრამ აქ დაუყონებლივ გამოაშკარავდა, ინგლისსა და საფრანგეთთან შედარებით, მეტისმეტად ჩამორჩენილი ეკონომიური ურთიერთობისა და, ამის გამო. ასევე ძალიან ჩამორჩენილი კლასობრივი მდგომარეობის გავლენა გერმანიაში.

გერმანიის ბურჟუაზიას, რომელმაც ეს იყო დაიწყო თავისი მსხვილი მრეწველობის შექმნა, არ ჰქონდა არც ძალა, არც გამბედაობა იმისათვის, რომ დაეპყრო თავისთვის აბსოლუტური ბატონობა სახელმწიფოში; მას არც ამ ბატონობის არსებითი მოთხოვნილება ჰქონდა; პროლეტარიატი, ამავე ზომით განუვითარებელი, სრულს გონებრივ მონობაში აღზრდილი, უორგანიზაციო, რომელსაც ჯერ უნარიც კი არ ჰქონდა დამოუკიდებელი ოოგანიზაციისთვის, მხოლოდ ბუნდოვანად გოძნობდა ღრმა წინააღმდეგეობას თავისი ინტერესებისა ბურჟუაზიის ინტერესების მიმართ. ამიტომ, პროლეტარიატი თუმცა არსებითად საშიში მოწინააღმდეგე იყო ბურჟუაზიისა, მაგრამ იგი, მაინც მის პოლიტიკურ მაჩანჩალად რჩებოდა. ბურჟუაზია, დაშინებულია არა იმით, რაც იყო გერმანიის პროლეტარიატი, არამედ იმით, რადაც გახდომას იგი იმუქრებოდა და რაც უკვე იყო საფრანგეთის პროლეტარიატი, თავის ხსნას ხედავდა ყოველ, სრულიად მხდლურ კომპრომისშიაც კი მონარქიასთან და თავადაზნაურობასთან; პროლეტარიატს კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავისი ისტორიული როლი შეგნებული, თავისი დიდი მასის სახით პირველ ხანებში უნდა დაეჭირა ბურჟუაზიის მოწინავე, უკიდურესი მარცხენა ფრთის ადგილი. გერმანიის მუშებს ჯერ უნდა მოეპოვებინათ ბრძოლით ის უფლებები, რომლებიც აუცილებელი იყო მათთვის, რათა დამოუკიდებლად ჩამოყალიბებულიყვნენ როგორც კლასობრივი პარტია; მათ უნდა მოეპოვნებინათ ბეჭდვის, კავშირებისა და კრებების თავი სუფლება, — უფლებები, რომლებიც თვითონ ბურჟუაზიას უნდა მოეპოვებინა თავისი საკუთარი ბატონობის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რომლებსაც იგი, მუშების შიშით, ახლა სადავოდ უხდიდა მუშებს. კომუნისტთა კავშირის რამდენიმე ასეული დაქსაქსული წევრი დაიფანტა მოძრაობაში მოყვანილ იმ უამრავ მასაში. აი, ამიტომ იყო, რომ გერმანიის პროლეტარიატი პირველად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა როგორც უკიდურესი დემოკრატიული პარტია.

ამან განსაზღვრა ჩვენი დროშა, როდესაც ჩვენ შევუდექით დიდი გაზეთის დაარსებას გერპანიაში. ეს დროშა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დროშა დემოკრატიისა, მაგრამ, ისეთი დემოკრატიის, რომელიც წინ წამოაყენებდა ყველგან, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, სპეციფიკურ პროლეტარულ ხასიათს, რაც მას ჯერ კიდევ არ შეეძლო ერთხელ და სამუდამოდ დაეწერა თავის დროშაზე. თუ ჩვენ ამას არ ვინდომებდით, თუ არ ვისურვებდით მივმხრობოდით მოძრაობას მის არსებულ, უაღრესად პროგრესულ, ფაქტიურაღ პროლეტარულ ფლანგზე და წინ წაგვეწია იგი, მაშინ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩებოდა, რომ კომუნიზმი გვექადაგა რომელიმე მივარდნილი კუთხის ფურცელში და, მოქმედების დიდი პარტიის ნაცვლად, დაგვეარსებინა პატარა სექტა. მაგრამ უდაბნოში მქადაგებლების როლისათვის ჩვენ უკვე აღარ ვვარგოდით: ამისათვის როდი შეგვისწავლია საკმაოდ კარგად უტოპისტები, ამისათვის როდი შეგვიდგენია ჩვენი პროგრამა.

როდესაც ჩვენ კელნში მოვედით, იქ უკვე წარმოებდა მზადება დემოკრატების მხრივ და ნაწილობრივ კომუნისტების მხრივაც დიდი გაზეთის შესაქმნელად. უნდოდათ იგი ვიწრო-ადგილობრივ, კელნის გაზეთად ექციათ, ხოლო ჩვენ ბერლინში გადავესახლებინეთ. მაგრამ არ გასულა 24 საათი, რომ ჩვენ, განსაკუთრებით მარქსის წყალობით, დავიპყარით პოზიციები: გაზეთი გახდა ჩვენი, მაგრამ იმ პირობით, რომ რედაქციაში შევიყვანდით ჰაინრიხ ბიურგერსს. ამ უკანასკნელმა ერთი სტატია კი დაწერა (N2-ში), მაგრამ მას მეორე აღარ მოჰყოლია.

ჩვენ სწორედ კელნი გვჭირდებოდა და არა ბერლინი. ჯერ ერთი, კელნი ცენტრი იყო რაინის ოლქისა, რომელმაც საფრანგეთის რევოლუცია გაიარა, რომელმაც ნაპოლეონის კოდექსის მეოხებით თანამედროვე სამართლის გაგება შეითვისა, რომელშიაც ყველაზე უფრო განვითარებული იყო მსხვილი მრეწველობა და რომელიც მაშინ საზოგადოდ ყოველმხრივ გერმანიის ყველაზე უფრო მოწინავე ნაწილს შეადგენდა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად ვიცნობდით მაშინდელ ბერლინს მისი ახლად წარმოშობილი ბურჟუაზიით, მის ენამკვახე, მაგრამ მშიშარა, მუცელზე მხოხავი წვრილი ბურჟუაზიით, მისი ჯერ კიდევ სრულიად განუვითარებელი მუშებით, მისი უამრავი ბიუროკრატებით, მისი აზნაურებით და კარისკაცებით, მისი ყველა თავისებურებებით, როგორც ქალაქს, რომელიც მარტოოდენ “რეზიდენციას” წარმოადგენს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ ბერლინში მოქმედებდა უბადრუკი პრუსიული საერობო სამართალი და პოლიტიკური პროცესები, ირჩეოდა პროფესიონალური მოსამართლეების მიერ; რაინზე კი მოქმედებდა ნაპოლეონის კოდექსი, რომელიც არ იცნობს პრესის საქმეების გამო წარმომდგარ პროცესებს, ვინაიდან იგი წინასწარ ცენზურას აწესებს, და თუ კაცი არ ჩაიდენდა პოლიტიკურ დანაშაულს და მარტოოდენ სამართლის ნორმას დაარღვევდა, იგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ექვემდებარებოდა. ბერლინში რევოლუციის შემდეგ ახალგაზრდა შლეფელს სულ უმნიშვნელო რამისთვის ერთი წელიწადი მიუსაჯეს, რაინზე კი ჩვენ პრესის უცილობელი თავისუფლებით ვსარგებლობდით, და უკანასკნელ შესაძლებლობამდე გამოვიყენეთ იგი.

და ასე, ჩვენ გაზეთის გამოცემას შევუდექით 1848 წლის 1 ივნისს ძალიან შეზღუდული სააქციო კაპიტალით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემოტანილი; და თვით აქციონერებიც არ იყვნენ საიმედონი: პირველი ნომრის შემდეგ აქციონეოთა ნახევარმა დაგვანება თავი, ხოლო თვის ბოლოს აღარავინ არ დარჩენილა.

რედაქციის კონსტიტუცია უბრალოდ მარქსის დიქტატურას წარმოადგენდა. დიდი ყოველდღიური გაზეთისთვის, რომელიც განსაზღვრულ საათზე უნდა გამოდიოდეს და რომელსაც განსაზღვრულ შეხედულებათა გატარება სწადია, სხვაგვარი კონსტიტუცია შეუძლებელიც არის. ამასთან ჩვენთვის მარქსის დიქტატურა ამ საკითხში თავისთავად იგულისხმებოდა და უცილობელი რამ იყო, და ჩვენც ყველანი ხალისით ვღებულობდით მას. განსაკუთრებით მისი გამჭრიახობისა და მტკიცე პოზიციის წყალობით იყო ის, რომ გაზეთი რევოლუციური წლების ყველაზე სახელგანთქმულ გერმანულ ორგანოდ იქცა.

“ახალი რაინის გაზეთის” პოლიტიკური პროგრამა ორი მთავარი პუნქტისაგან შედგებოდა: გერმანიის ერთიანი, განუყოფელი, დემოკრატიული რესპუბლიკა და რუსეთთან ომი, რომელსაც პოლონეთის აღდგენა უნდა მოეტანა.

წვრილბურჟუაზიული დემოკრატია მაშინ ორ ფრაქციად იყოფოდა: ჩოდილო-გერმანიისა, რომელსაც დემოკრატიული პრუსიის იმპერატორი სურდა, და სამხრეთ-გერმანიისა, რომელიც მაშინ თითქმის სავსებით სპეციფიკურ ბადენურ დემოკრატიას წარმოადგენდა და რომელსაც სურდა შვეიცარიის ნიმუშის მიხედვით გერმანიის გადაქცევა ფადერატიულ რესპუბლიკად. ჩვენ ორივე ფრაქციასთან დაგვპირდა ბრძოლა. პროლეტარიატის ინტერესს ერთნაირად ეწინააღმდეგებოდა როგორც გერმანიის გაპრუსიელება, ისე მისი მრავალ წვრილ სახელმწიფოდ დაქუცმაცება. ეს ინტერესი მოითხოვდა გერმანიის ერთ ერად გაერთიანებას, რასაც მარტოოდენ შეეძლო გაეწმინდა ძველთაგან გადმოცემული ყოველგვარი დაბრკოლებებისაგან ბრძოლის ველი, სადაც პროლეტარიატს და ბურჟუაზიას ერთზანეთთან შეჭიდებაში უნდა გაეზომა თავიანთი ძალა. მაგრამ ამავე დროს პროლეტარიატის ინტერესებს გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაერთიანება პრუსიის მეთაურობით, პრუსიის სახელწიფო მთელი მისი წყობილებით, მისი ტრადიციებით და მისი დინასტიით წარმოადგენდა სწორედ რევოლუციის ერთადერთ სერიოზულ შინაგან მოწინააღმდეგეს, რომელიც უნდა დაემხო რევოლუციას გერმანიაში; გარდა ამისა, პრუსიას შეეძლო გერმანიის გაერთიანება მხოლოდ მისი დაგლეჯის გზით, გერმანული ავსტრიის გამორიცხვის გზით. პრუსიის სახელმწიფოს დაშლა, ავსტრიის სახელმწიფოს დანგრევა, გერმანიის ნამდვილი გაერთიანება რესპუბლიკის სახით, — აი, მხოლოდ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი რევოლუციური პროგრამა უახლოეს დროში. ამის განხორციელება შეიძლებოდა რუსეთთან ომის გზით, და მხოლოდ ასეთი გზით. ამ უკანასკნელ პუნქტს მე კიდევ დავუბრუნდები.

ისე კი გაზეთის ტონი სრულიადაც არ იყო საზეიმო, სერიოზული ან აღტაცებული. ჩვენ მარტოოდენ უბადრუკი მოწინააღმდეგეები გვყავდნენ, და ჩვენ მათ ყველას, გამოუკლებლივ, უაღრესი ზიზღით ვეპყრობოდით. შეთქმულების მომწყობ მონარქიას, კამარილიას, თავადაზნაურობას, “Kreuzzeitung-ს”, — ერთი სიტყვით, მთელ გაერთიანებულ “რეაქციას”, რომელიც ფილისტერის ესოდენ ზნეობრივ აღშფოთებას იწვევდა, ჩვენ მხოლოდ დავცინოდით და მასხარად ვიგდებდით. მაგრამ უკეთ არ ვექცეოდით იმ ახალ კერპებსაც, რომელნიც რევოლუციასთან ერთად წარმოდგნენ; მარტის მინისტრებს, ფრანკფურტისა და ბერლინის კრებებს, როგორც მათ მარჯვენა, ისე მარცხენა ფრთას. გაზეთის პირველივე ნომერი იწყებოდა სტატიით, რომელიც სასაცილოდ იღებდა ფრანკფურტის პარლამენტის არარაობას, მასში წარმოთქმული გრძელ-გრძელი სიტყვების უმიზნობას, მისი მხდალი რეზოლუციების გამოუსადეგობას. ეს სტატია ჩვენ ნახევარ აქციონერებად დაგვიჯდა. ფრანკფურტის პარლამენტი სადისკუსიო კლუბიც კი არ იყო; იქ თითქმის სრულიად არ იყო დებატები, არამედ ჩაარაკრაკებდნენ ხოლმე წინასწარ დამზადებულ აკადემიურ მოსაზრებებს და იღებდნენ რეზოლუციებს, რომლებსაც უნდა აღეფრთოვანებინა გერმანელი ფილისტერი, მაგრამ რომელიც არავის არ აინტერესებდა.

ბერლინის კრებას უკვე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი დაპირისპირებული იყო რეალურ ძალას, დებატებს აწარმოებდა და დადგენილებებს იღებდა არა ფუჭს და ყოველგვარ ნიადაგს მოკლებულს, როგორც ამას ფრანკფურტის კრება ჩადიოდა. ამიტომ მას გაზეთში მეტი ყურადღება ჰქონდა მიქცეული. მაგრამ მარცხენა ფრთის ბერლინელ კერპებსაც — შულცე-დელიჩს, ბერენდს, ელსნერს, შტაინს და სხვ. — ნაკლებ მწვავედ არ ვკიდებდით ხელს, ვიდრე ფრანკფურტელებს. ჩვენ დაუზოგავად ვამხელდით მათ გაუბედაობას, სიმხდალეს და წვრილმან ანგარიშიანობას, და ვუმტკიცებდით, თუ როგორ თანდათან ღალატობდნენ ისინი თავიანთი კომპროომისებით რევოლუციას. ეს, რა თქმა უნდა, შეძრწუნებას იწვევდა დემოკრატიულ წვრილ ბურჟუებში, რომელთაც ეს კერპები საკუთარი მოხმარებისთვის შეიქმნეს. მაგრამ ეს შეძრწუნება იმის მაჩვენებელი იყო, რომ ჩვენ სწორად ვურტყამდით მიზანში.

ასევე გამოვდიოდით ჩვენ წვრილი ბურჟუაზიის მიერ გულმოდგინედ გავრცელებული ილუზიის წინააღმდეგ, რომ თითქოს რევოლუცია მარტის დღეებით დასრულდა და ახლა მისი ნაყოფიღა იყო მოსაკრეფი. ჩვენთვის თებერვალს და მარტს შეიძლებოდა ნამდვილი რევოლუციის მნიშვნელობა ჰქონოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებოდნენ არა დასრულება, არამედ, პირიქით, გამოსავალი წერტილი ხანგრძლივი რევოლუციური მოძრაობისათვის, რომელშიაც — როგორც საფრანგეთის დიდი გადატრიალების დროს — ხალხი, თავისი ბრძოლის მსვლელობაში, უფრო და უფრო მეტად განვითარდებოდა, პარტიები უფრო და უფრო მკვეთრად განცალკევდებოდნენ ერთმანეთისაგან, ვიდრე ისინი სავსებით არ დაემთხვევოდნენ დიდ კლასებს: ბურჟუაზიას, წვრილ ბურჟუაზიას, პროლეტარიატს, ხოლო პროლეტარიატი მთელ რიგ ბრძოლებში თანდათან პოზიციას პოზიციაზე არ დაიპყრობდა. ამიტომ ჩვენ აგრეთვე დემოკრატიული წვრილი ბურჟუაზიის წინააღმდეგ გამოვდიოდით ყველგან, როცა კი მას სურდა მიეჩქმალა თავისი კლასობოივი წინააღმდეგობა პროლეტარიატთან ამ საყვარელი ფრაზით: “ჩვენ ხომ ყველას ერთი და იგიეე გვსურს, ყველა უთანხმოება გაუგებრობის შედეგია”. მაგრამ რაც უფრო ნაკლებ ვაძლევდით წვრილ ბურჟუაზიას შესაძლებლობას ყალბი აზრი ჰქონოდა ჩვენი პროლეტარული დემოკრატიის შესახებ, მით უფრო მშვიდი და თავდაბალი ხდებოდა იგი ჩვენს მიმართ. და საზოგადოდ, რაც უფრო მკვეთრად და გაბედულად გამოდიან წვრილი ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მით უფრო მორჩილად იხრის იგი ქედს, მით უფრო მიდის იგი დათმობებზე მუშათა პარტიის მიმართ. ამაში ჩვენ დავრწმუნდით.

დასასრულ, ჩვენ ვამხელდით სხვადასხვა ეგრეთწოდებული ეროვნული კრებების პარლამენტურ კრეტინიზმს (როგორც ამას მარქსი უწოდებდა). ამ ვაჟბატონებმა ხელიდან გაუშვეს ძალაუფლების ყველა საშუალება, ეს საშუალებები ნაწილობრივ ნებაყოფლობით გადასცეს ისევ მთავრობებს. ახლად მოღონიერებული რეაქციური მთავრობების გვერდით ბერლინშიც და ფრანკფურტშიც არსებობდნენ უილაჯო კრებები, რომელთაც, მიუხედავად ამისა წარმოედგინათ, რომ მათი უძლური რეზოლუციები ქვეყნიერებას გადააბრუნებდა. ამ იდიოტური თავმოტყუების მსხვერპლნი იყვნენ ყველანი, უკიდურესი მარცხენა ფრთის გამოუკლებლივ. ჩვენ კი მათ შევძახოდით ხოლმე: თქვენი პარლამენტური გამარჯვება თან დაემთხვივა თქვენს ნამდვილ დამარცხებასო.

ასეც მოხდა როგორც ბერლინში, ისე ფრანკფურტში. როცა “მარცხენა” ფრთამ უმრავლესობა მიიღო, მთავრობამ გარეკა მთელი კრება; მთავრობას შეეძლო გაეკეთებინა ეს, რადგან კრებამ ხალხის თვალში მთელი თავისი ნდობა დაჰკარგა.

როდესაც შემდეგში მე წავიკითხე ბუჟარის წიგნი მარატის[3] შესახებ, დავინახე, რომ ჩვენ ბევრ რამეში შეუგნებლად ვბაძავდით ნამდვილ (როიალისტების მიერ გაუყალბებელ) “ხალხის მეგობრის” დიად მაგალითს და ყველა ის შმაგიანი გოდება და ისტორიის გაყალბება, რამაც მთელი ასი წლის მანძილზე დაამახინჯა მარატის გამოსახულება, აიხსნება მხოლოდ ამით, რომ მარატი შეუბრალებლად ხდიდა ნიღაბს მაშინდელ კერპებს — ლაფაიეტს, ბაიის და სხვებს და ააშკარავებდა მათ, როგორც რევოლუციის უკვე ჩამოყალიბებულ მოღალატეებს, და კიდევ იმით, რომ ის, ჩვენსავით, რევოლუციას დამთავრებულად არ თვლიდა და უნდოდა იგი პერმანენტულად ექცია.

ჩვენ აშკარად ვაცხადებდით, რომ ის მიმართულება, რომლის წარმომადგენლებიც ჩვენ ვიყავით, მხოლოდ მაშინ შეძლებდა ბრძოლის დაწყებას ჩვენი ნამდვილი პარტიული მიზნების მისაღწევად, როდესაც სახელმწიფო მართვა-გამგეობას ხელთ იგდებდა უკიდურესი პარტია გერმანიაში არსებულ ოფიციალურ პარტიათაგან: მაშინ ჩვენ მის მიმართ ოპოზიციას შევადგენდით.

მაგრამ მოვლენებმა იზრუნა იმისათვის, რომ გერმანელ მოწინააღმდეგეებზე დაცინვის გვერდით ადგილი დაეჭირა აღგზნებულ ვნებიანობასაც. პარიზის მუშების 1848 წლის ივნისის აჯანყებამ ჩვენ მოგვისწრო პოზიციებზე მდგომთ. პირველი გასროლისთანავე ჩვენ გადაჭრით აჯანყებულთა მხარეზე დავდექით. მათი დამარცხების შემდეგ მარქსმა დამარცხებულებს უძღვნა ერთ-ერთი თავისი უძლიერესი სტატია[4].

აქ ჩვენ მიგვატოვეს უკანასკნელმა აქციონერებმა. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რომ გერმანიაში და თითქმის მთელ ევროპაში ჩვენი გახეთი იყო ერთადერთი გაზეთი, რომელსაც მაღლა ეჭირა დამარცხებული პროლეტარიატის დროშა იმ მომენტში, როდესაც ყველა ქვეყნის ბურჟუაზია და მეშჩანები ცილისწამების ლაფს ასხამდნენ დამარცხებულებს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა მარტივი იყო: მხარისდაჭერა ყველა რევოლუციური ხალხისათვის, მოწოდება რევოლუციური ევროპისადმი საყოველთაო ომი ეწარმოებინა ევროპული რეაქციის უდიდესი დასაყრდენის — რუსეთის — წინააღმდეგ. 24 თებერვლიდან ჩვენთვის ნათელი იყო, რომ რევოლუციას ჰყავს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტად საშინელი მტერი, — რუსეთი, და რომ ეს მტერი მით უფრო იძულებული იქნება ჩაერიოს ბრძოლაში, რაც უფრო საერთო ევროპული გახდება რევოლუცია. ვენის, მილანის, ბერლინის მოვლენებს უნდა შეეკავებინა თავდასხმა რუსეთის მხრივ, მაგრამ ამ თავდასხმის აუცილებლობა მით უფრო უეჭველი ხდებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდა რევოლუცია რუსეთს. თუ მოხერხდებოდა, რომ გერმანიას ომი დაეწყო რუსეთის წინააღმდეგ, — ჰაბსბურგებს და ჰოჰენცოლერნებს აღსასრული დაუდგებოდათ, და რევოლუცია გაიმარჯვებდა მთელ ხაზზე.

ეს პოლიტიკა გატარებულია გაზეთის ყველა ნომერში იმ მომენტამდე, როდესაც რუსები ნამდვილად შევიდნენ უნგრეთში, რამაც სავსებით დაადასტურა ჩვენი წინასწარმეტყველება და გამოიწვია რევოლოციის დამარცხება.

როდესაც, 1849 წლის გაზაფხულზე, გადამჭრელი ბრძოლა მოახლოვდა, გაზეთის ტონი ყოველ ნომერში სულ უფრო და უფრო მწვავე და მძაფრი ხდებოდა. სილეზიის გლეხებს ვილჰელმ ვოლფმა “სილეზიის მილიარდში” (რვა სტატია) მოაგონა, თუ როგორ მოატყუეს ისინი, ფეოდალური დამოკიდებულებისაგან განთავისუფლების დროს, მთავრობის დახმარებით, მებატონეებმა როგორც ფულის მხოივ, ისე მამულებში, და მოითხოვა ერთი მილიარდი ტალერის ანაზღაულება.

ამავე დროს აპრილში მთელი რიგი მოწინავე სტატიების სახით გამოვიდა მარქსის მონოგოაფია “დაქირავებული შრომა და კაპიტალი”, რომელშიაც გარკვევით იყო მითითებული ჩვენი პოლიტიკის სოციალურ მიზანზე. თვითეული ნომერი, გაზეთის თვითეული ექსტრა გამოცემა მიუთითებდა დიად ბრძოლაზე, რომელიც მზადდებოდა, წინააღმდეგობათა გამწვავებაზე საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და უნგრეთში. განსაკუთრებით აპრილის და მაისის ექსტრა გამოცემები სავსე იყო მოწოდებით ხალხის მიმართ: მზად იყავით ბრძოლისათვისო.

მთელ გერნანიაში უკვირდათ, თუ როგორ ვწერდით ჩვენ ყველა ამას ასე მოურიდებლად, და ამასთან პრუსიის პირველხარისხოვან ციხე-სიმაგრეში მისი 8 000 კაცზე მეტი შემცველი გარნიზონისა და მთავარი სადარაჯოს წინაშე. მაგრამ 8 თოფი და 250 ვაზნა რედაქციის ოთახში და ასოთამწყობთა წითელი იაკობინური არახჩინები ჩვენს სადგომს აფიცრობის თვალში ისეთი ციხის სახეს აძლევდა, რომელიც ახირებულად ვერ აიღებოდა.

დაბოლოს, 1849 წლის 18 მაისს დადგა აღსასრული.

აჯანყება დრეზდენსა და ელბერფელდში ჩაახშვეს, აჯანყებას იზერლონში ალყა შემოარტყეს. რაინის პროვინცია და ვესტფალია ჯარისკაცებით იყო სავსე, რომელნიც, რაინის მხარის პრუსიის ოლქების დაძლევის შემდეგ პფალცის და ბადენის წინააღმდეგ უნდა დაძრულიყვნენ. მაშინ მთავრობამ, როგორც იქნა, გაბედა ჩვენთვის ხელის წავლება. რედაქციის წევრების ერთი ნაწილი სამართალში მისცეს, სხვანი როგორც არაპრუსიელები განდევნილი უნდა ყოფილიყენენ. ჩვენ უღონონი ვიყავით ამის წინააღმდეგ, ვინაიდან მთავრობის უკან არმიის მთელი კორპუსი იდგა. იძულებული ვიყავით ჩვენი ციხე გადაგვეცა, მაგრამ იგი ჩვენ ისე დავტოვეთ, რომ თან წავიღეთ იარაღი და ბარგი, წავედით დაფ-დაფის ცემით და უკანასკნელი წითელი ნომრის გაშლილი დროშით, სადაც ჩვენ ვაფრთხილებდით კელნის მუშებს უიმედო აჯანყებისაგან და ვეუბნებოდით: “ახალი რაინის გაზეთის” რედაქტორები გეთხოვებიან და მადლობას გიძღვნიან თქვენ მათ მიმართ გამოცხადებული თანაგრძნობისათვის. მათი უკანასკნელი სიტყვა იქნება ყველგან და ყოველთვის: “მუშათა კლასის განთავისუფლება”.

ასე დაასრულა თავისი არსებობა “ახალი რაინის გაზეთმა”, — ცოტათი ადრე, მისი დაარსებიდან ერთი წლის გასვლამდე. მისი, თითქმის უსახსრებოდ დაწყებულის, — ის მცირეოდენი ფულადი თანხა, რომელიც მას შეჰპირდნენ, არ ყოფილა, როგორც აღვნიშნე, შემოტანილი, — ტირაჟი სექტემბერში უჯვე თითქმის 5000 აღწევდა. საალყო წესების შემოღებისას კელნში იგი დახურეს; ოქტომბრის შუაში მას ისევ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. მაგრამ 1849 წლის მაისში, როდესაც იგი აკრძალეს, მას ისევ ჰყავდა 6000 ხელმომწერი, მაშინ როდესაც “Kölnische Zeitung”-ს იმ დროს, მისივე სიტყვით, ჰყავდა არა უმეტეს 9000-სა. არც ერთ გერმანულ გაზეთს, — არც მანამდე, არც შემდეგ, — არ ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, არ მოუხერხებია პროლეტარული მასების ესე ელექტრონისებურად აღგზნება, როგორც “ახალი რაინის გაზეთს”.

და ეს უმთავრესად მარქსის მეოხებით იყო.

როდესაც გაზეთს დაარტყეს, რედაქცია გაიფანტა. მარქსი გაემგზავრა პარიზს, სადაც მზადდებოდა დასასრული, რომელიც 1849 წლის 13 ივნისს დადგა; ვილჰელმ ვოლფმა ახლა თავისი ადგილი დაიკავა ფრანკფურტის პარლამენტში. — იმ მომენტში როდესაც ამ კრებას ეს არჩევანი ჰქონდა: ან ზემოდან უნდა გარეკილიყო, ან და მიჰკედლებოდა რევოლუციას, მე პფალცში წავედი და ადიუტანტი გავხდი ვილიხის მოხალისეთა რაზმში.


[1] "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", თავი II. ხაზგასმა ენგელსის. რედაქცია.

[2] "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", თავი IV. რედაქცია.

[3] მხედველობაშია ალფრედ ბუჟარის წიგნი: “მარატი — ხალხის მეგობარი”, რომელიც გამოვიდა პარიზში 1865 წ. რედაქცია.

[4] "ივნისის რევოლუცია", კ. მარქსი, 1848 წლის, ივნისი. რედაქცია.