დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ როგორც შესავალი კარლ მარქსის წიგნისა “მხილებანი კომუნისტთა კელნის პროცესის შესახებ” მეორე გამოცემისათვის, რომელიც გამოვიდა ციურიხში 1885 წელს.
გამოქვეყნებული: პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “Sozialdemokrat”-ში 1885 წელს.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება გაზეთის ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
კელნის კომუნისტების გასამართლებით 1852 წელს დასრულდა დამოუკიდებელი გერმანული მუშათა მოძრაობის პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ამჟამად თითქმის დავიწყებულია. ამავე დროს კი იგი 1836 წლიდან 1852 წლამდე გრძელდებოდა და ეს მოძრაობა გაიშალა თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ყველგან ბევრი გერმანელი მუშა მოიპოვებოდა. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. თანამედროვე საერთაშორისო მუშათა მოძრაობა არსებითად წარმოადგენს უშუალო გაგრძელებას მაშინდელი გერმანული მუშათა მოძოაობისა, რომელიც საზოგადოდ პირველი საერთაშორისო მუშათა მოძრაობა იყო და საიდანაც გამოვიდა ბევრი იმ პირთაგან, რომელნიც შემდგომ ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ მუშათა საერთაშორისო ასოციაციაში, ხოლო “კომუნისტური მანიფესტის” თეორიული პრინციპები, რომლებიც კომუნისტთა კავშირმა 1847 წელს თავის დროშას დააწერა, ამჟამად ევროპის და ამერიკის მთელი პროლეტარული მოძრაობის უძლიერეს ინტერნაციონალურ შემაკავშირებელ საშუალებას შეადგენს.
დღემდე ამ მოძრაობის დალაგებული ისტორიისათვის არსებობს მხოლოდ ერთი მთავარი წყარო. ესაა ვერმუტისა და შტიბერის ეგრეთწოდებული შავი წიგნი — “XIX საუკუნის კომუნისტური შეთქმულებანი” — ბერლინი, 2 ნაწილი, 1853 და 1854 წ. წ. ეს სრულიად ცრუ, ჩვენი საუკუნის ორი ყოვლად საზიზღარი პოლიციელი არამზადას განზრახი სიყალბეებით სავსე ნათითხნი დღესაც არსებით წყაროს წარმოადგენს ყველა არაკომუნისტური თხზულებისათვის იმ დროის შესახებ.
ის, რის მოცემაც მე აქ შემიძლია, მხოლოდ მონასახია და ისიც, რამდენადაც საქმე შეეხება თვით კავშირს; მე ვიძლევი მხოლოდ იმას, რაც აბსოლუტურად საჭიროა “მხილებათა”[1] გასაგებად. მე კიდევ იმედი მაქვს მოვახერხო დამუშავება მარქსის და ჩემ მიერ შეკრებილი მდიდარი მასალისა, რომელიც საერთაშორისო მუშათა მოძრაობის სიჭაბუკის სახელოვანი პერიოდის ისტორიას შეეხება.
გერმანელი ემიგრანტების მიერ 1834 წელს პარიზში დაარსებულ დემოკრატიულ-რესპუბლიკურ განწირულთა კავშირს, რომელიც ფარულად არსებობდა, 1836 წელს გამოეყვნენ უკიდურესი, მეტწილად პროლეტარული ელემენტები და შეადგინეს ახალი ფარული კავშირი — “სამართლიანთა კავშირი”. თავდაპირველმა კავშირმა, რომელშიაც მხოლოდ იაკობ ვენედეის მსგავსი ყველაზე უფრო უქნარა ელემენტები დარჩნენ, მალე სულ მიიძინა: 1840 წელს, როდესაც პოლიციამ მისი რამდენიმე სექციის კვალს მიაგნო გერმანიაში, მისი აჩრდილიღა თუ იყო დარჩენილი. პირიქით, ახალი კავშირი შედარებით სწრაფად ვითარდებოდა. თავდაპირველად იგი შეადგენდა გერმანულ ყლორტს ბაბუვისტური[2] ტრადიციების მომხრე ფრანგული მუშური კომუნიზმისა, რომელიც იმ დროს პარიზში ყალიბდებოდა; ახალი კავშირი აყენებდა ქონების ერთობის მოთხოვნას, როგორც “თანასწორობის” აუცილებელ შედეგს. სამართლიანთა კავშირს იგივე მიზნები ჰქონდა, რაც მის თანამედროვე პარიზის ფარულ საზოგადოებებს. ეს იყო ნახევრად პროპაგანდისტული, ნახევრად შეთქმულების საზოგადოება, ამასთან, პარიზი მიჩნეული იყო ყოველთვის რევოლუციური მოქმედების ცენტრად, თუმცა ამავე დროს სრულიადაც არ იყო გამორიცხული შემთხვევის მიხედვით აჯანყების მომზადება გერმანიაშიც. მაგრამ რადგან პარიზი გადამწყვეტი ბრძოლების ასპარეზად რჩებოდა, ამიტომ კავშირი მაშინ ფაქტიურად მარტოოდენ გერმანული შტო იყო საფრანგეთის ფარულ საზოგადოებათა, სახელდობრ, ბლანკის და ბარბესის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი წლის დროთა საზოგადოებისა, რომელთანაც იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. ფრანგებმა დაიწყეს აჯანყება 1839 წლის 12 მაისს; მათთან ერთად გამოვიდნენ კავშირის სექციებიც, და ამრიგად, მათთან ერთად განიცადეს საერთო დამარცხება.
გერმანელთაგან დააპატიმრეს სახელდობრ, კარლ შაპერი და ჰენრიხ ბაუერი. ლუი ფილიპეს მთავრობა დაკმაყოფილდა იმით, რომ ისინი ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ გააძევა, და შაპერი და ბაუერი ლონდონს გაემგზავრნენ. შაპერი იყო ვაილბურგელი (ნასაუში); იგი, გისენის მეტყეობის ინსტიტუტის სტუდენტი, 1832 წელს, მონაწილეობდა გეორგ ბიუხნერის მიერ მოწყობილ შეთქმულებაში, 1833 წლის 3 აპრილს მონაწილეობდა ფრანკფურტის პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმაში, 1834 წლის თებერვალში გაიქცა საზღვარგარეთ და მონაწილეობას იღებდა მაძინის გალაშქრებაში სავოიაზე. გოლიათის აგებულებისა, გაბედული და ენერგიული, ყოველთვის მზად მყოფი გაეწირა ცხოვრების სიტკბოებანი და სიცოცხლეც კი, იგი წარმოადგენდა პროფესიული რევოლუციონერის სამაგალითო ნიმუშს იმ როლის შესაბამისად, რომელსაც ასრლებდა ოცდათიან წლებში. როგორც გვიჩვენებს მისი განვითარება “დემაგოგიდან”[3] კომუნისტად, მისთვის, თუმცა ერთგვარი თუმცა აზროვნების პატრონი იყო, სრულიადაც არ იყო მიუწვდომელი თეორიულ საკითხების უფრო ღრმა გაგება და იგი მით უფრო მტკიცედ ადგა იმას, რასაც ერთხელ აღიარებდა. სწორედ ამიტომ მისი რევოლუციური სიფიცხე ზოგჯერ ეწინააღმღეგებოდა მის გონებას, მაგრამ შემდეგ თვითონ იგი ამჩნევდა ყოველთვის თავის შეცდომებს და აშკარად აღიარებდა ამას. იგი მთლიანი ადამიანი იყო, და ის, რაც მან გერმანიის მუშათა მოძრაობის საძირკველის ჩასაყრელად გააკეთა, არასოდეს არ იქნება დავიწყებული.
ჰენრიხ ბაუერი, ფრანკონიიდან, მეჩექმე იყო; ის იყო ცოცხალი, რიხიანი და სიტყვამოსწრებული მომცრო კაცი, რომლის პატარა სხეულში აგრეთვე ბევრი მოხერხებულობა და გაბედულობა იმალებოდა.
ლონდონში მისი მოსვლის შემდეგ, სადაც შაპერი, რომელიც პარიზში ასოთამწყობად იყო, ენებს ასწავლიდა და ამით პოულობდა საარსებო საშუალებას, მათ ორივემ ხელახლა განასკვეს კავშირის გაწყვეტილი ძაფები და ლონდონი კავშირის ცენტრად აქციეს. აქ, და შეიძლება უფრო ადრეც პარიზში, მათ შეუერთდა იოსებ მოლი, მესაათე კელნიდან; ეს იყო საშუალო ტანის ჰერკულესი, — რამდენჯერ მას შაპერთან ერთად ძლევამოსილად დაუცავს დარბაზის კარი ასეული მოწინააღმდეგის პირისპირ, რომელნიც მის შემტვრევას ლამობდნენ, — ეს იყო კაცი, რომელიც ენერგიით და გაბედულობით ყოველ შემთხვევაში არ ჩამოუვარდებოდა თავის ორ ამხანაგს, ხოლო გონებით ორივეს სჯობდა. იგი არა მარტო დაბადებით დიპლომატი იყო, რასაც ამტკიცებს რწმუნებულის სახით მისი მრავალი გამგზავრების შედეგები, მისთვის თეორიული საკითხებიც უფრო მისაწვდომი იყო. სამივეს მე გავეცანი ლონდონში 1843 წელს. ესენი იყვნენ პირველი რევოლუციონერი პროლეტარები, რომელნიც მე მენახა. და როგორ დაცილებულიც არ იყო ჩვენი მაშინდელი შეხედულებანი, — მათ შეზღუდულ გამათანაბრებელ კომუნიზმს[4] მე მაშინ ვუპირისპირებდი არა მცირე ოდენობის ასევე შეზღუდულ ფილოსოფიურ ქედმაღლობას, — მე მაინც არასოდეს არ დამავიწყდება ის ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე ამ სამმა ნამდვილმა ადამიანმა მოახდინა, იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ მსურდა მხოლოდ, რომ კაცი გავმხდარიყავი.
ლონდონში, ისე როგორც ნაკლები ზომით შვეიცარიაშიც, კავშირების და კრებების თავისუფლებამ კარგი სამსახური გაუწია მათ. უკვე 1840 წლის 7 თებერვალს დაარსებულ იქნა ლეგალური გერმანული საგანმანათლებლო მუშათა საზოგადოება, რომელიც დღემდე არსებობს. ეს საზოგადოება შეადგენდა კავშირისთვის ახალი წევრების მოპოების ადგილს, და რადგან კომუნისტები, როგორც ყოველთვის, საზოგადოების ყველაზე უფრო მოქმედი და გონებაგახსნილი წევრები იყვნენ, ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა მთლიანად კავშირის ხელში იყო მოქცეული. მალე კავშირმა უკვე რამდენიმე თემი ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ “ლოჟა” გაიჩინა ლონდონში. იგივე სავსებით მიზანშეწონილი ტაქტიკა იყო გამოყენებული შვეიცარიაში და სხვა ადგილებში. ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა მუშათა საზოგადოებების დაარსება, ამგვარადვე ხდებოდა მათი გამოყენება. იქ, სადაც ეს კანონით აკრძალული იყო, კავშირის წევრები მომღერლების, გიმნასტების და სხვა მსგავს საზოგადოებაში შედიოდნენ. ურთიერთკავშირს ინარჩუნებდნენ მეტწილად კავშირის მუდამ წამსვლელ-მომსვლელი წევრების საშუალებით, რომელნიც, როცა ეს საჭირო იყო, ემისარებადაც გამოდიოდნენ. ორივე შემთხვევაში კავშირს დიდ დახმარებას უწევდა მთავრობათა სიბრძნე, რომელნიც ყოველ მათთვის არასასურველ მუშას — და ასეთებში ათიდან ცხრა კავშირის წევრი იყო — განდევნის გზით ემისარად აქცევდნენ.
კავშირი, ოომელიც კვლავ აღორძინდა, მნიშვნელოვნად გავრცელდა. კერძოდ შვეიცარიაში ვაიტლინგმა, ავგუსტ ბეკერმა (რომელიც ფრიად თვალსაჩინო ჭკუის პატრონი იყო, მაგრამ, ბევრ გერმანელსავით, შინაგანი თავდაუჭერლობის გამო დაიღუპა) და სხვებმა შეჰქმნეს ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც მეტნაკლებ ვაიტლინგის კომუნისტური სისტემისადმი ჰქონდა მიდრეკილება. აქ არაა ადგილი ვაიტლინგის კომუნიზმის საკრიტიკოდ. ხოლო, რაც შეეხება იმ მნიშვნელობას, რომელიც ამ კომუნიზმს ჰქონდა როგორც გერმანიის პროლეტარიატის პირველ დამოუკიდებელ თეორიულ მოძრაობას, — მე დღესაც ხელს ვაწერ 1844 წელს პარიზის “Vorwärts”-ში დაბეჭდილ მარქსის შემდეგ სიტყვებს: “აბა სად მოეძებნება (გერმანიის) ბურჟუაზიას, მისი ფილოსოფოსების და მწიგნობრების ჩათვლით, ისეთი ნაწარმოები ბურჟუაზიის განთავისუფლების — პოლიტიკური განთავისუფლების — შესახებს, რომელნიც შეედრებოდეს ვაიტლინგის “ჰარმონიისა და თავისუფლების გარანტიებს”? საკმარისია შეადაროთ გერმანიის პოლიტიკური ლიტერატურის ბანალური და მხდლური საშუალობა გერმანელი მუშების ამ უმაგალითო და ბრწყინვალე დებიუტს, საკმარისია შეადაროთ პროლეტარიატის ეს გიგანტური ბავშვის ფეხსაცმელი ბურჟუაზიის ქონდრისკაცურ გახეხილ პოლიტიკურ ფეხსაცმელს, რომ ამ თხუპნიას ატლეტის ფიგურა უწინასწარმეტყველოთ”. ეს ატლეტის ფიგურა ამჟამად ჩვენ წინ დგას, თუმცა მას ჯერ სრულიადაც არ დაუსრულებია თავისი ზრდა.
გერმანიაშიც, აგრეთვე, მრავალი სექცია არსებობდა. არსებულ გარემოებათა გამო ეს სექციები წარმავალ ხასიათს ატარებდნენ, მაგრამ წარმოშობილი სექციების რიცხვი გაცილებით ჭარბობდა მოსპობილთა რიცხვს. პოლიციამ მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, 1846 წლის ბოლოს, აღმოაჩინა ბერლინში (მენტელი) და მაგდებურგში (ბეკი) კავშირის კვალი, მაგრამ ვერ შესძლო მას უფრო შორს მიჰყოლოდა.
1848 წელს ჯერ კიდევ პარიზში მყოფმა ვაიტლინგმა, შვეიცარიაში წასვლამდე თავი მოუყარა გაფანტულ ელემენტებს.
კავშირის ძირითად ბირთვს თერძები შეადგენდნენ. გერმანელი თერძები ყველგან იყვნენ, შვეიცარიაში, ლონდონში, პარიზში. პარიზში თერძებს შორის გერმანული ენა ისე იყო გაბატონებული, რომ მე ვიცნობდი იქ 1846 წელს ერთ ნორვეგიელ თერძს, რომელიც საფრანგეთში მოვიდა ზღვით პირდაპირ დრონტჰაიმიდან და რომელმაც წლინახევრის განმავლობაში თითქმის ერთი ფრანგული სიტყვაც ვერ შეითვისა, მაგრამ ჩინებულად ისწავლა გერმანული. პარიზის თემებიდან 1847 წელს ორი თემი უმთავრესად თერძებისაგან შედგებოდა, ერთი — მეავეჯე დურგლებისაგან.
მას შემდეგ, რაც სიმძიმის ცენტრი პარიზიდან ლონდონში იქნა გადატანილი, პირველ რიგში წარმოდგა ახალი მომენტი: კავშირი გერმანულიდან თანდათან გახდა ინტერნაციონალური. მუშათა საზოგადოებაში შედიოდნენ, გერმანელების და შვეიცარიელების გარდა, იმ ეროვნებათა წევრებიც, რომლებსაც გერმანული ენა უცხოელებთან გაგებინების საშუალებად ემსახურებოდა. ესენი იყვნენ სკანდინავიელები, ჰოლანდიელები, უნგრელები, ჩეხები, სამხრეთის სლავიანები, აგრეთვე რუსები და ელზასელები. 1847 წელს მუდმივი სტუმარი იყო, სხვათა შორის, ერთი ინგლისელი გვარდიის გრენადერი ფორმაში. საზოგადოებამ მალე თავის თავს “კომუნისტური მუშათა გამანათლებელი საზოგადოება” უწოდა და საწევრო ბარათებზე დევიზი: “ადამიანები ყველანი ძმები არიან”, სულ ცოტა რომ ვთქვათ, ოც ენაზე მაინც იყო დაწერილი, თუმცა, მართალია, აქა-იქ არა უშეცდომოდ. ისევე, როგორც ლეგალურმა საზოგადოებამ, ფარულმა კავშირმაც მალე მიიღო უფრო ინტერნაციონალური ხასიათი; თავდაპირველად, მართალია, მხოლოდ შეზღუდული აზრით: პრაქტიკულად, — მისი წევრების ეროვნული სხვადასხვაობის გამო, თეორიულად, — იმ რწმენის გამო, რომ ყოველი რევოლუცია, რათა იგი ძლევამოსილი იქნეს, ევროპული უნდა იყოს. ამაზე უფრო შორს არ მიდიოდნენ, მაგრამ საფუძველი ჩაყრილი იყო.
საფრანგეთის რევოლუციონერებთან საზოგადოებას მჭიდრო კავშირი ჰქონდა გაბმული ლონდონელი ემიგრანტების — 1839 წლის 12 მაისის ბრძოლის მონაწილეების — მეშვეობით. ასევე პოლონელ რადიკალებთან. ოფიციალური პოლონური ემიგრაცია, ისე, როგორც მაძინი, რასაკვირველია, უფრო მოწინააღმდეგეები იყენენ, ვიდრე მოკავშირეები. ინგლისელი ჩარტისტები, მათი მოძრაობის სპეციფიკურად ინგლისური ხასიათის გამო, განზე იყვნენ დარჩენილი როგორც არარევოლუციონერები. კავშირის ლონდონელი ხელმძღვანელები მხოლოდ შემდეგში დაუკავშირდნენ მათ ჩემი მეშვეობით.
მოვლენათა მსვლელობის ცვლილებასთან ერთად კავშირის ხასიათი ასევე სხვა მხრივაც იცვლებოდა. თუმცა პარიზს ჯერ ისევ უცქერდნენ — და იმ დროს სრული საფუძვლით — როგორც რევოლუციის სამშობლოს, მაგრამ მაინც უკვე განთავისუფლებული იყვნენ პარიზელ შეთქმულებზე დამოკიდებულებისაგან. კავშირის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი თვითშეგნებაც. გრძნობდნენ, რომ მოძრაობა უფრო და უფრო ფესვს იდგამდა გერმანიის მუშათა კლასში და რომ ეს გერმანელი მუშები ისტორიულად მოწოდებული იყვნენ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის მუშების მედროშენი ყოფილიყვნენ. ვაიტლინგის სახით მათ ჰყავდათ კომუნიზმის თეორეტიკოსი, რომელიც შეიძლებოდა თამამად დამდგარიყო მისი მაშინდელი ფრანგი კონკურენტების გვერდით. დაბოლოს, 12 მაისის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ უკვე დრო იყო ხელი აეღოთ აჯანყებათა მოხდენის ცდებისაგან. და თუ მაინც ყოველ მოვლენას ჯერ კიდევ ისე ხსნიდნენ, როგორც მოახლოებული ქარიშხალის მაჩვენებელს, თუ ძველ ნახევრად კონსპირატორულ წესდებას იცავდნენ, ამის მიზეზი იყო უმთავრესად ძველ რევოლუციონერთა ჯიუტობა, რომელიც კონფლიქტში მოდიოდა უფრო სწორ შეხედულებასთან, რაც უკვე გზას იკვალავდა.
პირიქით, კავშირის სოციალურ დოქტრინას, მთელ მის საერთო გაურკვევლობასთან ერთად, ერთი ძალიან დიდი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ ეს ნაკლი დამყარებული იყო საზოგადოებრივ ურთიერთობაზე. კავშირის წევრები, რამდენადაც ისინი საერთოდ მუშები იყვნენ, არსებითად თითქმის მხოლოდ და მხოლოდ ხელოსნებს წარმოადგენდნენ. კაცი, რომელიც მათ ექსპლოატაციას ეწეოდა, მსხვილ მსოფლიო ქალაქებშიც კი მეტწილად მხოლოდ წვრილი ოსტატი იყო. თვით მეთერძეობის სარეწაოში ექსპლოატაცია დიდი მასშტაბით, ამჟამად ეგრეთწოდებული საკონფექციო მრეწველობაში, რომელიც სათერძო ხელოსნობის შინამრეწეელობად გადაქცევის გზით შეიქმნა და რომელიც მსხვილი კაპიტალისტისათვის მუშაობს, მაშინ, ლონდონშიც კი, მხოლოდ წარმოშობის პროცესში იყო. ერთი მხრივ, ამ ხელოსნების ექსპლოატატორი იყო წვრილი ოსტატი; მეორე მხრივ, თვით ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს წვრილი ოსტატები გახდებოდნენ. ამასთან მაშინდელი გერმანელი ხელოსანი გახვეული იყო მემკვიდრეობით მიღებულ მრავალ ამქრულ წარმოდგენებში. ეს ხელოსნები ჯერ კიდევ არ იყვნენ ნამდვილი პროლეტარები: ისინი წარმოადგენდნენ თანამედროვე პროლეტარიატში გარდამავალ ნაწილს წვრილი ბურჟუაზიისა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში ბურჟუაზიასთან, ე. ი. მსხვილ კაპიტალთან, და ამ ხელოსნებისათვის დიდად სასახელოა ის გარემოება, რომ მათ ინსტინქტურად შესძლეს წინასწარ განეჭვრიტათ შემდგომი განვითარება და ჩამოყალიბებულიყვნენ, თუმცა არა სრული შეგნებით, პროლეტარიატის პარტიად. მაგრამ აუცილებელი იყო, რომ მათი ძველი ხელოსნური ცრურწმენა მათ ფეხს გამოსდებდა ხოლმე ყოველთვის, როდესაც საქმე არსებული საზოგადოების კონკრეტულ კრიტიკას, ე. ი. ეკონომიური ფაქტების ანალიზს შეეხებოდა. მე არ მგონია, რომ მთელ კავშირში მაშინ ყოფილიყოს ერთი კაციც კი, რომელსა ოდესმე წაეკითხოს პოლიტიკური ეკონომიის თუნდ ერთი წიგნი. მაგრამ ეს ბევრს არაფერს უშლიდა: “თანასწორობა”, “ძმობა” და “სამართლიანობა” შველოდა მათ ყოველი თეორიული დაბრკოლების დაძლევაში.
ამასობაში კავშირის და ვაიტლინგის კომუნიზმის გვერდით შეიქმნა ახალი კომუნიზმი, პირველისაკან არსებითად განსხვავებული. მანჩესტერში რომ ვცხოვრობდი, მე პირდაპირ ცხვირით დავეჯახე იმას, რომ ეკონომიური ფაქტები, რომლებიც დღემდე ისტორიულ თხზულებებში სრულიად არავითარ ან მხოლოდ საცოდავ როლს თამაშობს, წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე მსოფლიოსათვის, გადამწყეტ ისტორიულ ძალას; რომ ეკონომიური ფაქტები შეადგენს საფუძველს, რომელზედაც წარმოიშობიან თანამედროვე კლასობრივი წინააღმდეგოაანი; რომ ეს კლასობრივი წინააღმდეგობანი ყველა ქვეყანაში, სადაც მათ, მსხვილი მრეწველობის მეოხებით, სრულ განვითარებას მიაღწიეს, — მაშასადამე განსაკუთრებით ინგლისში, — წარმოადგენენ, თავის მხრივ საფუძველს პოლიტიკური პარტიების შექმნისათვის, პარტიული ბრძოლისათვის, და ამით — მთელი პოლიტიკური ისტორიისათვის. მარქსი არა მარტო მივიდა იმავე შეხედულებამდე, არამედ მან იგი უკვე განაზოგადა კიდეც “გერმანულ-ფრანგულ ყოველწლიურ ჟურნალში” (1844 წ.) [5]იმ აზრით, რომ საერთოდ არა სახელმწიფო განსაზღვრავს და აწესრიგებს სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ სამოქალაქო საზოგადოება — სახელმწიფოს, რომ, მაშასადამე, პოლიტიკა და მისი ისტორია უნდა აიხსნას ეკონომიური ურთიერთობით და მათი განვითარებით და არა პირიქით. როდესაც მე 1844 წლის ზაფხულში მარქსი ვინახულე პარიზში, გამოირკვა ჩვენი სრული თანხმობა ყველა თეორიულ დარგში. იმ დროიდან იწყება ჩვენი ერთად მუშაობა. როდესაც ჩვენ 1845 წლის გაზაფხულზე ისევ შევხვდით ბრიუსელში ერთმანეთს, მარქსს, ზემოაღნიშნული ძირითადი დებულებებიდან გამომდინარე, უკვე დასრულებული ჰქონდა მთავარ ხაზებში ისტორიის თავისი მატერიალისტური თეორიის განვითარება და ჩვენ შევუდექით ამ ახლად აღმოჩენილ შეხედულებათა დეტალურ დამუშავებას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით.
მაგრამ ამ აღმოჩენას, რომელმაც ისტორიულ მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა, რომელიც, როგორც ვხედავთ, არსებითად მარქსის საქმეს შეადგენდა და რომელშიაც მე მხოლოდ ძალიან მცირეოდენი მონაწილეობა შემიძლია მივაწერო ჩემ თავს, უშუალო მნიშვნელობა ჰქონდა იმდროინდელი მუშათა მოძრაობისათვის. კომუნიზმი, ფრანგებსა და გერმანელებში არსებული, ჩარტიზმი, ინგლისელებში არსებული, უკვე აღარ ჩანდა რაღაც შემთხვევითობად, რომელიც ასევე შეიძლებოდა არც არსებულიყო. ეს მოძრაობანი ახლა წარმოადგენდნენ თანამედროვე დაჩაგრული კლასის — პროლეტარიატის — ერთიან მოძრაობას, როგორც გაბატონებული კლასის — ბურჟუაზიის — წინააღმდეგ მისი ისტორიულად აუცილებელი ბრძოლის მეტნაკლებ განვითარებულ ფორმებს, კლასობრივი ბრძოლის ფორმებს, რომლებიც ყველა წინანდელი კლასობრივი ბრძოლისაგან იმით განსხვავდებიან, რომ დღევანდელ დაჩაგრულ კლასს, პროლეტარიატს, არ შეუძლია თავისი განთავისუფლების განხორციელება უიმისოდ, თუ ამავე დროს მთელი საზოგადოება არ გაანთავისუფლა კლასებად დაყოფისაგან და ამით კლასობრივი ბრძოლისაგანაც. და კომუნიზმი ამიერიდან ნიშნავდა არა რაც შეიძლება სრულყოფილი საზოგადოებრივი იდეალის შეთხზვას ფანტაზიის გზით, არამედ პროლეტარიატის ბრძოლის ბუნების, პირობების და იქიდან გამომდინარე საერთო მიზნების გაგებას.
ჩვენ სრულიადაც არ გვქონდა აზრად ახალი მეცნიერული შედეგები სქელტანიანი წიგნებით მიგვერთმია მხოლოდ და მხოლოდ “სწავლულთა” საზოგადოებისათვის. პირიქით, ჩვენ ორივენი უკვე ღრმად ვიყავით ჩაფლული პოლიტიკურ მოძრაობაში; უკვე გვყავდა მომხრეები ინტელიგენციაში, განსაკუთრებით დასავლეთ გერმანიაში, და საკმაო კავშირი გვქონდა ორგანიზებულ პროლეტარიატთან. ჩვენ მოვალეობად გვაწვა მეცნიერულად დაგვესაბუთებინა ჩვენი შეხედულებანი, მაგრამ აგრეთვე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ იყო ჩვენთვის ჩვენს შეხედულებათა სისწორეში დაგვერწმუნებინა ევროპის პროლეტარიატი და პირველ ყოვლისა გერმანიის პროლეტარიატი. როდესაც თვით ჩვენთვის ყველაფერი ნათელი შეიქნა, ჩვენ შევუდექით მუშაობას. ბრიუსელში ჩვენ დავაარსეთ გერმანული მუშათა საზოგადოება და ხელში ჩავიგდეთ “ბრიუსელის გერმანული გაზეთი”, რომელიც თებერვლის რევოლუციამდე ჩვენს ორგანოდ დარჩა. ინგლისის ჩარტისტების რევოლუციურ ნაწილთან ჩვენ კავშირი გვქონდა დაჭერილი ჯულიან ჰარნის მეშვეობით, რომელიც რედაქტორი იყო ამ მოძრაობის ცენტრალური ორგანო — “Northern Star”-ისა, რომლის თანამშრომელი მეც ვიყავი. ჩვენ ერთგვარ კოალიციაში ვიყავით აგრეთვე ბრიუსელის დემოკრატებთან (მარქსი “დემოკრატიული ასოციაციის”[6] ვიცეპრეზიდენტი იყო) და ფრანგ სოციალ-დემოკრატებთან “Reforme”-დან[7], რომელსაც მე ვუგზავნიდი ცნობებს ინგლისური და გერმანული მოძრაობის შესახებ. ერთი სიტყვით, ჩვენი კავშირი რადიკალურ და პროლეტარულ ორგანიზაციებთან და პრესის ორგანოებთან სავსებით შეესაბამებოდა ჩვენს სურვილს.
სამართლიანთა კავშირთან ჩვენი დამოკიდებულება ასეთი იყო: კავშირის არსებობა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით; 1843 წელს შაპერმა წინადადება მომცა შევსულიყავი კავშირში, მაგრამ მაშინ მე, რასაკვირველია, უარი ვთქვი. მაგრამ ჩვენ მაშინ არა მარტო მუდმივი მიწერ-მოწერა გვქონდა ლონდონელებთან, არამედ უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაშიც ვიყავით დ-რ ევერბეკთან, პარიზის თემების მაშინდელ ხელმძღვანელთან. კავშირის შინაგან საქმეებში არ ვიყავით ჩახედული, მაგრამ მაინც ყველა მნიშვნელოვან ამბავს ვტყობილობდით. მეორე მხრივ, ჩვენ სიტყვიერად, წერილობით და პრესის საშუალებით ზემოქმედებას ვახდენდით კავშირის ყველაზე უფრო გავლენიანი წევრების თეორიულ შეხედულებებზე. იმავე მიზანს ემსახურებოდა სხვადასხვა ლითოგრაფიული ცირკულარები, რომლებსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საკითხი წარმოშობის სტადიაში მყოფი კომუნისტური პარტიის შინაგან საქმეებს შეეხებოდა, ჩვენ ვუგზავნიდით ჩვენს მეგობრებს და კორესპონდენტებს მთელს მსოფლიოში. ამ ცირკულარებში ზოგჯერ საქმე კავშირსაც შეეხებოდა. ასე, მაგალითად, ერთი ახალგაზრდა ვესტფალელი სტუდენტი ჰერმან კრიგე, რომელიც ამერიკაში გაემგზავრა და იქ გამოდიოდა როგორც კავშირის ემისარი, დაუახლოვდა გადარეულ ჰარო ჰარინგს იმ მიზნით, რომ კავშირის მეშვეობით გადატრიალება გამოეწვია სამხრეთ ამერიკაში; მან დააარსა გაზეთი, რომელშიაც კავშირის სახელით “სიყვარულზე” დაფუძნებულ, სიყვარულით აღსავსე, უზომოდ სენტიმენტალუო კომუნიზმს ქადაგებდა. ჩვენ გამოვედით მის წინააღმდეგ ერთ ცირკულარში, რომელმაც დაუყონებლივ მოახდინა გავლენა: კრიგე გაჰქრა კავშირის ასპარეზიდან.
უფრო გვიან ბრიუსელში ვაიტლინგი მოვიდა. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ის გულუბრყვილო, ახალგაზრდა ქარგალი-თერძი, რომელიც, გაოცებული თავისი საკუთარი ნიჭით, ცდილობს ნათლად წარნოიდგინოს, რა სახე ექნება კომუნისტურ საზოგადოებას, ეს იყო დიდი ადამიანი, რომელსაც სდევნიდნენ მოშურნეები მისი უპირატესობის გამო, რომელსაც ყველგან მეტოქეები, ფარული მტრები და ხაფანგი ეჩვენებოდა; ქვეყნიდან ქვეყნად დევნილი წინასწარმეტყველი, ვაიტლინგი ჯიბით ატარებდა ქვეყნად ციური სასუფეველის დამყარების მზა რეცეპტს და თავში ის აზრი ჰქონდა გამოსახული, რომ ყველა ამ მისი რეცეპტის მოპარვას ცდილობდა. ვაიტლინგი უკვე ლონდონში წაეჩხუბა კავშირის ყველა წევრს, ის ვერავის ვერ შეეგუა ბრიუსელშიც, სადაც მას მარქსი და მისი ცოლი არაჩვეულებრივი ზეადამიანური მოთმინებით ეპყრობოდნენ. ამიტომ იგი მალე ამერიკაში წავიდა, რათა იქ ეცადა წინასწარმეტყველის როლში გამოსვლა.
ყველა ეს გარემოება ხელს უწყობდა იმ გადატრიალებას, რომელიც შეუმჩნევლად ხდებოდა კავშირში და განსაკუთრებით ლონდონელ ხელმძღვანელებს შორის. არასაკმარისობა მანამდე არსებულ კომუნისტურ შეხედულებებისა, როგორც ფრანგული პრიმიტიული გამათანაბრებელი კომუნიზმისა, ისე ვაიტლინგური კომუნიზმისა, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა მათვის. იმ გარემოებამ, რომ ვაიტლინგს კომუნიზმი გამოჰყავდა ადრინდელი ქრისტიანობიდან, რაგინდ გენიალურიც არ უნდა ყოფილიყო ცალკეული დებულებები “ღარიბ ცოდვილის სახარებაში”, იქამდე მიიყვანა საქმე შვეიცარიაში, რომ მოძრაობა უმთავრესად ხელში უვარდებოდა ჯერ ისეთ ბრიყვებს, როგორიც ალბრეხტი იყო, და შემდეგ კი ისეთ ანგარებიან წინასწარმეტყველ-შარლატანებს, როგორიც იყო კულმანი. რამდენიმე ბელეტრისტის მიერ გავრცელებულ “ჭეშმარიტ სოციალიზმს”, — ფრანგული სოციალისტური თეორიების თარგმანს გაფუჭებულ ჰეგელიანურ-გერმანულ ენაზე და სენტიმენტალურ-ოცნებურ კაცთმოყვარეობაზე (იხ. განყოფილება გერმანული ანუ “ჭეშმარიტი” სოციალიზმის შესახებ “კომუნისტურ მანიფესტში”), — ამ სოციალიზმს რომელიც ჰერმან კრიგეს მიერ იყო შეტანილი კავშირში, და შესატყვისი ლიტერატურული ვარჯიშით იკვებებოდა, უკვე ამ თავისი ნერწყვიანი უილაჯობის გამო, ზიზღი უნდა გამოეწვია კავშირის ძველ რევოლუციონერებში. მანამდე არსებულ თეორიულ წარმოდგენათა უმწეობისა და იქიდან გამომდინარე პრაქტიკულ შეცდომათა გამო — ლონდონში უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ ჩვენი, მარქსისა და ჩემი, ახალი თეორიის სისწორეში, ამ შეხედულების გავრცელებას უეჭველად ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ლონდონელ ბელადებს შორის იყო ორი კაცი, რომელნიც თავიანთი თეორიული შემეცნების უნარით მნიშვნელოვანად სჯობნიდნენ ზემოთ დასახელებულთ; ესენი იყვნენ მხატვარი-მინიატურისტი კარლ პფენდერი ჰაილბრონიდან და თერძი გეორგ ეკარიუსი ტიურინგიიდან.[8]
დაბოლოს, 1847 წლის გაზაფხულზე მოლი გამოცხადდა ბრიუსელში მარქსთან და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩემთან პარიზში, რათა თავისი ამხანაგების სახელით ჩვენ განმეორებით მივეწვიეთ კავშირში შესასვლელად. ისინი, — როგორც იგი ამბობდა, — დარწმუნებული იყვნენ როგორც ჩვენ შეხედულებათა საერთო სისწორეში, ისე კავშირის ძველი შეთქმულებითი ტრადიციებისა და ფორმებისგან განთავისუფლების აუცილებლობაში. თუ ჩვენ ვისურვებდით კავშირში შესვლას, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა კავშირის ყრილობაზე გაგვევითარებინა ჩვენი კრიტიკული კომუნიზმი მანიფესტის სახით, რომელიც შემდეგ გამოქვეყნებული იქნებოდა როგორც კავშირის მანიფესტი; ამასთან ჩვენ შეგვეძლებოდა ხელი შეგვეწყო იმისათვის, რომ კავშირის დაძველებული ორგანიზაცია შეგვეცვალა ახალი, უფრო მიზანშეწონილი და დროის პირობების შესაფერი ორგანიზაციით.
რომ გერმანიის მუშათა კლასისათვის ორგანიზაცია აუცილებელი იყო თუნდაც პროპაგანდის მიზნებისათვის და რომ ეს ორგანიზაცია, რამდენადაც მას არა მხოლოდ ადგილობრივი ხასიათი ექნებოდა, გერმანიის გარეთაც კი შეიძლებოდა მარტოოდენ ფარული ორგავიზაცია ყოფილიყო, ამაში ჩვენ ეჭვიც არ გვეპარებოღა. მაგრამ ასეთი ორგანიზაცია უკვე არსებობდა სწორედ კავშირის სახით. ის, რაც ჩვენ აქანდე კავშირის ნაკლოვანებად მიგვაჩნდა, დღეს ნაკლოვანებად მიაჩნდათ თვით კავშირის წარმომადგენლებსაც. თვით ჩვენ გვიწვევდნენ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიგვეღო მისი რეორგანიზაციის საქმეში. განა შეგვეძლო ამაზე უარი გვეთქვა? რასაკვირველია, არა. ამრიგად, ჩვენ შევედით კავშირში. მარქსმა მოაწყო ბრიუსელში კავშირის თემი ჩვენი უახლოესი მეგობრებისაგან, მაშინ როდესაც მე პარიზის სამ თემში ვმუშაობდი.
1847 წლის ზაფხულში ლონდონში შედგა კავშირის პირველი კონგრესი, რომელზედაც ვ. ვოლფი ბრიუსელის თემების წარმომადგენელი იყო, ხოლო მე — პარიზისა. აქ უწინარეს ყოვლისა გატარდა კავშირის რეორგანიზაცია. ყველაფერი, რაც კი მასში დარჩენილი იყო ძველი მისტიკური სახელწოდებისა შეთქმულობითი დროიდან, მოსპობილ იქნა; კავშირი ახლა შედგებოდა თემებისა, ოლქებისა, ხელმძღვანელი ოლქებისა, ცენტრალური კომიტეტისა და კონგრესისაგან; სწორედ ამ დროიდან ეწოდა კავშირს კომუნისტთა კავშირი. “კავშირის მიზანია: ბურჟუაზიის დამხობა, პროლეტარიატის გაბატონება, ძველ კლასთა ანტაგონიზმზე დამყარებული ბურჟუაზიული საზოგადოების მოსპობა და ახალი საზოგადოების დაფუძნება უკლასებოდ და კერძო საკუთრების გარეშე”. — ასე მეტყველებს პირველი პარაგრაფი. თვით ორგანიზაცია სავსებით დემოკრატიული იყო, არჩევითი კომიტეტებით, რომელთა გამოცვლა ყოველთვის შეიძლებოდა; უკვე მარტო ეს გზას ტოვებდა ყოველ მისწრაფებას შეთემულობისადმი, რომელიც დიქტატურას მოითხოვდა, და კავშირი — ყოველ შემთხევევაში ჩვეულებრივი მშვიდობიანი დროისათვის — წმინდა საპროპაგანდო საზოგადოებად გადაიქცა. ეს ახალი წესდება გადაეცა — ასე დემოკრატიულად იქცეოდნენ ახლა — თემებს განსახილველად, რის შემდეგ იგი ერთხელ კიდევ განხილულ და საბოლოოდ მიღებულ იქნა 1847 წლის 8 დეკემბერს მეორე კონგრესის მიერ. იგი დაბეჭდილია ვერმუტთან და შტიბერთან. ტ. I, გვ. 239, დამატება X.
მეორე კონგრესი შედგა იმავე წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. მას დაესწრო მარქსიც, რომელიც ხანგრძლივ დისკუსიებში — კონგრესი გაგრძელდა, სულ ცოტა, ათი დღე — ახალ თეორიას იცავდა. ყველა აზრთა წინააღმდეგობა და ეჭვი, ბოლოს, დაძლეულ იქნა, და ახალი პრინციპები ერთხმად იქნა მიღებული. მარქსს და მე დაგვავალეს მანიფესტის გამომუშავება. ეს დავალება უახლოეს დროში იქნა შესრულებული, და მანიფესტი, თებერვლის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიგზავნა ლონდონს დასაბეჭდად. მას შემდეგ მან მოიარა მთელი მსოფლიო, გადაითარგმნა თითქმის ყვილა ენაზე და დღესაც წარმოადგენს სახელმძღვანელოს სხვადასხვა ქვეყნების პროლეტარული მოძრაობისათვის. კავშირის ძველი ლოზუნგის ნაცვლად: “ადამიანები ყველანი ძმები არიან”, ადგილი დაიჭირა ახალმა საბრძოლო ლოზუნგმა: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!", რომელმაც აშკარად გამოაცხადა ბრძოლის საერთაშორისო ხასიათი. ჩვიდმეტი წლის შემდეგ ეს ლოზუნგი, როგორც მუშათა საერთაშორისო ასოციაციის საბრძოლო მოწოდება, გრგვინვად გაისმა მთელ მსოფლიოში, და ამჟამად, ყველა ქვეყნის მებრძოლ პროლეტარიატს დაწერილი აქვს იგი თავის დროშაზე.
იფეთქა თებერვლის რევოლუციამ. ლონდონის ცენტრალურმა კომიტეტმა მყისვე გადასცა თავისი უფლებები ბრიუსელის ხელმძღვანელ ოლქს. მაგრამ ეს დადგენილება ბრიუსელში მიღებულ იქნა იმ დროს, როდესაც იქ უკვე ფაქტიურად საალყო მდგომარეობა ბატონობდა და გერმანელებს აღარსად შეეძლოთ კრებების გამართვა. ჩვენ უკვე ყველანი მზად ვიყავით პარიზში გადასასელელად, და ახალმა ცენტრალურმა კომიტეტმა ამიტომ დაადგინა აგრეთვე დაშლილიყო, ყველა თავისი უფლებამოსილება მარქსისათვის გადაეცა და რწმუნებულება მიეცა მისთვის, რომ მას დაუყოვნებლივ შეექმნა პარიზში ახალი ცენტრალური კომიტეტი. ვერც კი მოასწრო იმ ხუთმა კაცმა, რომელთაც ეს დადგენილება მიიღეს (1848 წლის 3 მარტს), ერთმანეთისგან განშორება, რომ მარქსის ბინაში შეიჭრა პოლიცია, დაატუსაღა იგი და აიძულა მეორე დღესვე საფრანგეთში წასულიყო, სადაც იგი თვითონაც აპირებდა წასვლას.
მალე ჩვენ ყველანი კვლავ შევხვდით ერთმანეთს პარიზში. იქ შედგენილ იქნა შემდეგი, ახალი ცენტრალური კომიტეტის წევრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც გავრცელებულ იქნა მთელ გერმანიაში და საიდანაც ბევრმა ახლაც შეიძლება ზოგი რამ ისწავლოს:
1. მთელი გერმანია ცხადდება ერთიან, განუყოფელ რესპუბლიკად.
3. ხალხის წარმომადგენლებს ჯამაგირი ეძლევათ, რათა მუშასაც შეეძლოს გერმანელი ხალხის პარლამენტში მონაწილეობა.
4. ხალხის საყოველთაო შეიარაღება.
7. სამეფო და სხვა ფეოდალური მამულები, ყველა სამადნე, მაღარო და სხვა სახალმწიფოს საკუთრებად იქცევა. ამ მიწებზე იწარმოება მეურნეობა მთელი საზოგადოების სასარგებლოდ, დიდი მასშტაბით და უახლესი დამხმარე საშუალებების შემწეობით, რომლებსაც მეცნიერება იძლევა.
8. გლეხთა მიწებზე არსებული იპოტეკები ცხადდება სახელმწიფო საკუთრებად. ამ იპოტეკების სარგებელს გლეხები სახელმწიფოს უხდიან.
9. იმ ოლქებში, სადაც იჯარაა გავრცელებული, საადგილმამულო რენტა ანუ საიჯარო გადასახდელი სახელმწიფოს ეძლევა გადასახადის სახით.
11. სახელმწიფო იღებს თავის ხელში ტრანსპორტის ყველა საშუალებას: რკინიგზებს, არხებს, ორთქლის გემებს, გზებს, ფოსტას და სხვ. ესენი იქცევიან სახელმწიფოს საკუთრებად და გაიცემიან არამქონებელი კლასის განკარგულებაში.
14. მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვა.
15. მაღალი პროგრესიული გადასახადების შემოღება და მოხმარების საგნებზე გადასახადის მოსპობა.
16. ნაციონალური სახელოსნოების მოწყობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა მუშის არსებობის პირობებს და თავის თავზე იღებს შრომის უნარმოკლებულთა მიმართ მზრუნველობას.
17. საყოველთაო და უსასყიდლო სახალხო განათლება.
გერმანიის პროლეტარიატის, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხთა წოდების ინტერესი მოითხოვს მთელი ენერგიით ხელის შეწყობას ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარებისათვის; ვინაიდან მხოლოდ მათი განხორციელების გზით მრავალმილიონ ადამიანებს, რომელნიც დღემდე გერმანიაში ექსპლოატაციას განიცდიდნენ ერთ მუჭა პირთა მიერ და რომელთა ჩაგვრასაც მომავალშიც შეეცდებიან, შეუძლიათ მიაღწიონ იმ უფლებას და ძალას, რაც მათ, როგორც ყველა სიმდიდრის მწარმოებელთ, შეჰფერით.
კომიტეტი: კარლ მარქსი, კარლ შაპერი, გ. ბაუერი, ფ. ენგელსი, ი. მოლი, ვ. ვოლფი.
პარიზში იმ დროს რევოლუციური ლეგიონების მანია იყო მოდებული. ესპანელები, იტალიელები, ბელგიელები, ჰოლანდიელები, პოლონელები, გერმანელები ერთიანდებოდნენ რაზმებად, რათა თავთავიანთი სამშობლო გაენთავისუფლებინათ. გერმანელთა ლეგიონს წინამძლოლობდნენ ჰერვეგი, ბორნშტედტი, ბერნშტეინი. რადგან ყველა უცხოელი მუშა უშუალოდ რევოლუციის შემდეგ არა მარტო უმუშევარი დარჩა, არამედ მათ აგრეთვე თავს ესხმოდა მოსახლეობა, ამიტომ ბევრი ხალხი მიაწყდა ლეგიონებს. ახალი მთავრობა ლეგიონებში ხედავდა საშუალებას უცხო მუშების თავიდან მოსაცილებლად და ამიტომ მათ აძლებდა l'etape du soldat ე. ი. ბინებს მოგზაურობის მიმართულებით და სამგზავრო ულუფას 50 სანტიმის რაოდენობით დღეში, საზღვრამდე, სადაც მჭერმეტყველი საგარეო საქმეთა მინისტრი გულაჩუყებული ლამარტინი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ცრემლი გადმოეფრქვია, უკვე პოულობდა შემთხვევას იმისათვის, რათა ისინი სათანადო მთავრობების ხელში ჩაეგდო.
ჩვენ სრულიად გადაჭრით წინააღმდეგი ვიყავით ამ რევოლუციობანას თამაშობისა. გერმანიის მაშინდელ გამძაფრებულ დუღილში შეჭრა და ამით რევოლუციის შეტანა გარედან ძალდატანებით ნიშნავდა ძირის გამოთხრას რევოლუციისათვის თვით გერმანიაში, მთავრობის გაძლიერებას და თვით ლეგიონერების — ამის თავმდები იყო ლამარტინი — უიარაღოდ გადაცემას გერმანიის ჯარების ხელში. ხოლო ვენასა და ბერლინში რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლეგიონის ორგანიზაცია უკვე სულ მთლად უმიზნო შეიქნა; მაგრამ, რადგან ერთხელ დაიწყეს თამაში, მას განაგრძობდნენ.
ჩვენ დავაარსეთ გერმანული კომუნისტური კლუბი, სადაც მუშებს ვურჩევდით, რომ ისინი ლეგიონში არ შესულიყვნენ, თითო-თითოდ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და იქ ემოქმედათ მოძრაობის ინტერესებისათვის. ჩვენმა ძველმა მეგობარმა ფლოკონმა, რომელის დროებითი მთავრობის წევრი იყო, ჩვენ მიერ გასაგზავნი მუშებისათვის ისეთივე საგზაო შეღავათები მოგვიხერხა, როგორიც ლეგიონერებს ჰქონდათ დაპირებული. ამგვარად, ჩვენ უკან გავგზავნეთ გერმანიაში სამასიდან ოთხასაძდე მუშა, რომელთა შორის კავშირის წევრები დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ,
როგორც შეიძლებოდა ეს წინასწარ დაგვენახა, კავშირი მეტისმეტად სუსტი ბერკეტი აღმოჩნდა ახლა ხალხის მასების ამოხეთქილი მოძრაობის პირისპირ. კავშირის იმ წევრთა სამმა მეოთხედმა, რომელნიც წინათ საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, სამშობლოში დაბრუნებისას შეიცვალა თავისი საცხოვრებელი ადგილი; მათი წინანდელი თემები ამის გამო მეტწილად დაიშალა, და მათ კავშირთან ყოველი ურთიერთობა დაჰკარგეს. მათ შორის უფრო პატივმოყვარე ნაწილი არც კი შეეცადა კავშირთან კვლავ გაება ურთიერთობა, არამედ თვითეული თავის სამყოფელ ადგილას თავისი რისკით აწყობდა პატარა სეპარატულ მოძრაობას. დასასრულ, პირობები იმდენად სხვადასხვა იყო თვითეულ ცალკე პატარა სახელმწიფოში, თვითეულ პროვინციაში, თვითეულ ქალაქში, რომ კავშირს მარტოოდენ სრულიად ზოგადი დირექტივების მიცემა შეეძლო; მაგრამ ამ დირექტივების გავრცელება ბევრად უკეთესად შეიძლებოდა პრესის საშუალებით. ერთი სიტყვით, იმ მიზეზების მოსპობის მომენტიდან, რომელნიც აუცილებელს ხდიდნენ ფარულ კავშირს, თვით ფარულმა კავშირმაც, როგორც ასეთმა, დაჰკარგა ყოველი მნიშვნელობა. და ამას ყველაზე ნაკლებ იმ ადამიანების გაკვირვება შეეძლო, რომლებმაც ეს იყო შეთქმულებითი ხასიათის უკანასკნელი ნაშთი მოაცილეს ამ ფარულ კავშირს.
მაგრამ ახლა დამტკიცდა, რომ კავშირი ჩინებული სკოლა იყო რევოლუციური მოქმედებისათვის. რაინზე, სადაც “ახალი რაინის გაზეთი” მტკიცე ცენტრს წარმოადგენდა, ნასაუში, რაინის ჰესენში და ა. შ. — ყველგან კავშირის წევრები ედგნენ სათავეში უკიდურეს დემოკრატიულ მოძრაობას. იგივე იყო ჰამბურგშიაც. სამხრეთ გერმანიაში ამას ხელს უშლიდა წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის ბატონობა. ბრესლავლში დიდი წარმატებით მოქმედებდა 1848 წ. ზაფხულამდე ვილჰელმ ვოლფი; მან მიიღო აგრეთვე სილეზიაში ფრანკფურტის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მანდატი. დასასრულ, ასოთამწყობმა სტეფანე ბორნმა, რომელიც ბრიუსელსა და პარიზში მუშაობდა როგორც კავშირის აქტიური წევრი, ბერლინში დაარსა მუშათა ძმობა, რომელიც მნიშვნელოვნად გავრცელდა და 1850 წლამდე არსებობდა. ბორნი, ძალიან ნიჭიერი ყმაწვილი კაცი იყო, მაგრამ ძალიან ჩქარობდა დიდ პოლიტიკურ პიროვნებად გახდომას. იგი “უძმობილდებოდა” ყოველგვარ ნაყარ-ნუყარა ხალხს, ოღონდ თავის ირგვლივ ბრბო შემოეკრიბა და სრულიად არც წარმოადგენდა ისეთ კაცს, რომელსაც შეეძლო ერთიანობის შეტანა მოწინააღმდეგე ტენდენციებში და სინათლისა — ქაოსში. მის მიერ დაარსებული ძმობის ოფიციალურ გამოცემებში უაღრესად აჭრელებულადაა შერეული “კომუნისტური მანიფესტის” შეხედულებები ამქრულ მოგონებებთან და ამქრულ მისწრაფებებთან, ლუი ბლანისა და პრუდონის შეხედულებათა ნაფლეთებთან, პროტექციონიზმთან და ა. შ., — ერთი სიტყვით, ამ ხალხს სურდა ყველას გული მოეგო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ გაფიცვებს, პროფესიულ კავშირებს, საწარმოო ამხანაგობების ორგანიზაციას. და სრულიად ივიწყებდნენ, რომ საქმე შეეხებოდა უწინარეს ყოვლისა პოლიტიკური გამარჯვებებით მოპოებას ისეთი პირობებისა, რომლებშიაც მარტოოდენ შესაძლებელია ყველა ამის მტკიცედ განხორციელება. შემდეგში, როცა რეაქციის გამარჯვებამ “ძმობის” ხელმძღვანელებს აგოძნობინა რექოლუციურ ბრძოლაში ჩაბმის აუცილებლობა, მათ ირგვლივ თავმოყრილი, გზადაბნეული მასა, რა თქმა უნდა ჩამოცილდა მათ. ბორნი მონაწილეობდა დრეზდენის 1849 წლის მაისის ამბოხებაში, და ბედნიერად გადარჩა. პროლეტარიატის დიად რევოლუციურ ბრძოლაში კი მუშათა ძმობას თავი ისე ეჭირა, როგორც სრულიად განცალკევებულ კავშირს, რომელიც უფრო მეტად ქაღალდზე არსებობდა და იმდენად მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა, რომ რეაქციამ მხოლოდ 1850 წელს ჩათვალა საჭიროდ მისი დაშლა, ხოლო მისი გადარჩენილი შტოებისა — კიდევ რამდენიმე წლით უფრო გვიან. ბორნი, რომლის ნამდვილი გვარი ბუტერმილსია, არ გამხდარა დიდი პოლიტიკური ფიგურა, არამედ პატარა შვეიცარიელი პროფესორია, რომელიც მარქსს კი აღარ თარგმნის ხელოსნურ-ამქრულ ენაზე, არამედ უწყინარ რენანს თავის საკუთარ მოტკბილო გერმანულ ენაზე.
1849 წლის 13 ივნისით პარიზში, მაისის ამბოხების დამარცხებით გერმანიაში და რუსების მიერ უნგრეთის რევოლუციის გასრესით დასრულდა 1848 წლის რევოლუციის ფრიად მნიშენელოვანი პერიოდი. მაგრამ რეაქციის გამარჯვება ჯერ კიდევ სრულიადაც არ იყო საბოლოო. საჭარო იყო რეორგანიზაცია გაფანტული რევოლუციური ძალებისა და მასთან ერთად კავშირის ძალებისაც. შექმნილი პირობები ისევე როგორც 1848 წლამდე, შეუძლებელს ხდიდა პროლეტარიატის ყოველგვარ აშკარა ორგანიზაციას; მაშასადამე, საჭირო შეიქნა ორგანიზაციის მოწყობა ისევ ფარულად.
1849 წლის შემოდგომაზე წინანდელი ცენტრალური კომიტეტების და კონგრესების წევრთა უმრავლესობა ისევ ლონდონში აღმოჩდნენ. აკლდნენ მხოლოდ შაპერი და მოლი. შაპერი ვისბადენში იყო დატუსაღებული და ლონდონში მოვიდა მისი გამართლების შემდეგ 1850 წლის გაზაფხულზე. მოლი კი, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე ფრიად სახიფათო პარტიული დავალება და სააგიტაცო მგზავრობა შეასრულა, — დაბოლოს იგი პრუსიის არმიაში, რაინის პროვინციაში ცხენოსან თოფჩებს აგროვებდა პფალცის არტილერიისთვის,[10] — ვილიხის კორპუსის ბეზანსონის მუშათა რაზმში შევიდა და ბრძოლაში მურგთან, როტენფელსის ხიდის წინ, ტყვია თავში მოხვდა და მოკვდა. სამაგიეროდ ვილიხი გამოვიდა ასპარეზზე. ვილხი ერთი იმ გრძნობით კომუნისტთაგანი იყო, რომლებსაც 1845 წლიდან დაწყებული, ასე ძალიან ხშირად შეხვდებოდა ადამიანი დასავლეთ გერმანიაში და უკვე მარტო ამიტომ იგი ინსტინქტულ, ფარულ ოპოზიციაში იდგა ჩვენი კრიტიკული მიმართულებისადმი. მაგრამ ეს ცოტაა. ვილიხი ნამდვილი წინასწარმეტყველი იყო, იგი დარწმუნებული იმაში, რომ მას ბედად ეწერა გამხდარიყო გერმანიის პროლეტარიატის განმათავისუფლებელი, როგორც ასეთი, პირდაპირ პრეტენდენტობდა როგორც პოლიტიკურ დიქტატურაზე, ისე სამხედრო დიქტატურაზეც. ადრინდელი ქრისტიანული კომუნიზმის გვერდით, რომელსაც ადრე ვაიტლინგი ქადაგებდა, შეიქმნა, ამრიგად, ერთგვარი კომუნისტური ისლამი. თუმცა ესეცკია, რომ ამ ახალი რელიგიის პროპაგანდა ჯერჯერობით არ სცილდებოდა იმ ემიგრანტულ ყაზარმას, რომელსაც ვილიხი მეთაურობდა.
ამრიგად, მოხდა კავშირის ხელახლა ორგანიზება, გამოიცა “მიმართვა” 1850 წლის მარტისა, და ჰაინრიხ ბაუერი გაიგზავნა გერმანიაში ემისარად. ეს მიმართვა, რომელიც მარქსის და ჩემ მიერ იყო რედაქტირებული, დღესაც საინტერესოა, იმიტომ რომ წვრილბურჟუაზიული დემოკრატია ახლაც ის პარტიაა, რომელიც ევროპის უახლოეს შერყევისას — და ეს მალე იქნება (ინტერვალები ევროპულ რევოლუციებს შორის: 1815, 1830, 1848 — 1852, 1870, ჩვენს საუკუნეში 15-იდან 18 წლამდე გრძელდება) — გერმანიაში უეჭველად პირველი უნდა ჩაუდგეს სათავეში ხელისუფლებას, როგორც საზოგადოების მხსნელი კომუნისტური მუშებისაგან. მაშასადამე, ზოგი რამ, რაც იქ ნათქვამია, ეგუება დღევანდელ მომენტსაც. ჰაინრიხ ბაუერის გამგზავრება სრული წარმატებით დაგვირგვინდა. ეს პატარა მხიარული მეჩექმე ბუნებით დიპლომატი იყო. მან ისევ მოუყარა თავი აქტიურ ორგანიზაციაში კავშირის ყოფილ წევრებს, რომელნიც ნაწილობრივ მოსწყდნენ, ნაწილობრივ კი თავისი საკუთარი შეხედულებისამებრ ეწეოდნენ მუშაობას; მან, სახელდობრ, მიიზიდა აგრეთვე მუშათა ძმობის მაშინდელი ბელადებიც. კავშირმა იწყო ხელმძღვანელი როლის შესრულება მუშების, გლეხების და გიმნასტურ საზოგადოებებში გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე 1848 წლამდე, ასე რომ შემდეგ მორიგ (სამ თეეში ერთხელ) მიმართვას თემებისადმი, 1850 წლის ივნისში დაბეჭდილს, შეეძლო აღენიშნა, რომ სტუდენტმა შურცმა ბონიდან (შემდეგში ამერიკის ექს-მინისტრმა), რომელიც წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის ინტერესებისთვის მოგზაურობდა გერმანიაში, “ნახა, რომ ყველა ვარგისი ელემენტი უკვე კავშირის ხელში იმყოფება”. კავშირი უეჭველად ერთადერთი რევოლუციური ორგანიზაცია იყო, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიაში.
მაგრამ ის, თუ საით უნდა წარემართა ამ ორგანიზაციას თავისი საქმიანობა, დამოკიდებული იყო უმთავრესად იმაზე, გამართლდებოდა თუ არა იმედი რევოლუციის ახალი აზვირთების შესახებ. ეს კი 1850 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებ მოსალოდნელი ხდებოდა და შეუძლებელიც კი. 1847 წლის სამრეწველო კრიზისი, რომელმაც 1848 წლის რევოლუცია მოამზადა, დაძლეული იყო; დაიწყო სამრეწველო აყვავების ახალი, მანამდე გაუგონარი პერიოდი. ყველასათვის, ვისაც მხედველობა ჰქონდა და თვალებს განგებ არ ხუჭავდა, ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ 1848 წლის რევოლუციური გრიგალი თანდათან ქრებოდა.
“ასეთ საყოველთაო აყვავებისას, როდესაც ბურჟუაზიული საზოგადოების საწარმოო ძალები იმდენად ლაღად ვითარდებიან, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩარჩოებში, ჭეშმარიტ რევოლუციაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია. ასეთი რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ იმ პერიოდებში, როდესაც ორივე ეს ფაქტორი, თანამედროვე საწარმოო ძალები და წარმოების ბურჟუაზიული ფორმები, ერთიმეორის მიმართ წინააღმდეგობაში ვარდებიან. გაუთავებელ შეხლა-შემოხლას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კონტინენტალური წესრიგის პარტიის ცალკეული ფრაქციების წარმომადგენლებს შორის და ერთმანეთის შერცხვენას, სრულიადაც არ მივყევართ ახალ რევოლუციებისაკენ; პირიქით, ეს შეხლა-შემოხლა მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ საზოგადოებრივ ურთიერთობათა საფუძველი ამ მომენტში მეტად მტკიცეა და, რაც რეაქცია არ იცის, მეტად ბურჟუაზიულია. ბურჟუაზიული განვითარების შეფერხების ყველა რეაქციული ცდა ისევე უეჭველად დაიმსხვრევა ამ საფუძველზე, როგორც დემოკრატების მთელი ზნეობრივი აღშფოთება და მგზნებარე პროკლამაციები”. ასე ვწერდით მარქსი და მე 1850 წლის მაის-ოქტომბრის მიმოხილვაში, რომელიც დაბეჭდილია “ახალი რაინის გაზეთში, პოლიტიკურ-ეკონომიურ მიმოხილვაში”, რვეული V და VI, ჰამბურგი 1850, გვ. 153.[11]
მაგრამ მდგომარეობის ასეთი საღი გაგება ბევრს მწვალებლობად ეჩვენებოდა იმ წლებში, როდესაც ლედრიუ-როლენი, ლუი ბლანი, მაძინი, კოშუტი, და ნაკლებ მნიშვნელოვან გერმანელ მნათობთაგან — რუგე, კინკელი, გეგი და სხვა მისთანანი, ათეულობით ირაზმებოდნენ ლონდონში მომავალ დროებით მთავრობებად არა მარტო თავთავიანთი სამშობლოსათვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც და ყველაფერი მხოლოდ იმაზე დაყავდათ, რომ რევოლუციური სესხის სახით ამერიკაში საჭირო სახსრები ეშოვნათ ევროპის რევოლუციის განსახორციელებლად და, თავისთავად იგულისხმება, მასთან ერთად თვალის ერთ დახამხამებაში სხვადასხვა რესპუბლიკების დასაარსებლად. ვინღა შეიძლება გააკვირვოს იმ ფაქტმა, რომ აქ ანკესზე წამოეგო ისეთი კაცი, როგორიც ვილიხი იყო, რომ თვით შაპერმაც კი თავისი ძველი რევოლუციური აგზნებულობის გამო თავი გააბრიყვებინა, და რომ ლონდონის მუშების უმრავლესობა, მეტწილად თვით ემიგრანტები, მათ გაჰყვნენ რევოლუციის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ მკეთებელთა ბანაკში? მოკლედ, — თავდაჭერილობა, რომელსაც ჩვენ ვიცავდით, არ უდგებოდა ამ ადამიანების გულს; მათ უნდოდათ ხელი მიეყოთ რევოლუციის კეთებისთვის. ჩვენ სრულიად გადაჭრით უარი ვთქვით ამაზე. მოხდა განხეთქილება. შემდგომ ამბებზე “მხილებანი” მოგვითხრობენ. შემდეგ ამას მოჰყვა ჯერ ნოტიუნგის დაპატიმრება, მერე ჰაუპტისა (ჰამბურგში), რომელიც მოღალატე გახდა და რომელმაც კელნის ცენტრალური კომიტეტის წევრები გასცა; იგი უნდა გამოსულიყო პროცესში მთავარ მოწმედ, მაგრამ მის ნათესავებს არ უნდოდათ ასეთი სირცხვილი გადახდენოდათ თავს და იგი გაამგზავრეს რიო-დე-ჟანეიროში, სადაც შემდეგში მოეწყო როგორც ვაჭარი და, თავისი დამსახურების სანაცვლოდ, მიიღო ჯერ პრუსიის და შემდეგ გერმანიის გენერალური კონსულის თანამდებობა. ჰაუპტი ახლა ისევ ევროპაში არის.[12]
“მხილებათა” უკეთ გასაგებად მე ვიძლევი კელნის ბრალდებულთა სიას: 1) პ. გ. რეზერი, სიგარის წარმოების მუშა; 2) ჰაინრიხ ბიურგერსი, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა, როგორც ლანდტაგის პროგრესისტული დეპუტატი; 3)პეტერ ნოტიუნგი, თერძი, — გარდაიცვალა ამ რამდენიმე წლის წინათ, როგორც ფოტოგრაფი ბრესლავლში; 4) ვ. ი. რეიფი; 5) დ-რი ჰერმან ბეკერი, ამჟამად ობერ-ბურგომისტრი კელნში და ზედა პალატის წევრი; 6) დ-რი როლანდ დანიელსი, ექიმი, — გარდაიცვალა პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჭლექით, რომლითაც საპყრობილეში დაავადდა; 7) კარლ ოტო, ქიმიკოსი; 8) დ-რი აბრამ იაკობი, — ამჟამად ექიმი ნიუ-იორკში; 9) დ-რი ი. ი. კლაინი, ამჟამად ექიმი და ქ. კელნის ხმოსანი; 10) ფერდინანდ ფრაილიგრატი, თუმცა იგი მაშინ უკვე ლონდონში იყო; 11) ი. ლ. ერჰარტი, ნოქარი; 12) ფრიდრიხ ლესნერი, თერძი, ახლა ლონდონში ცხოვრობს. მათგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომლის საჯარო სხდომები გრძელდებოდა 1852 წლის 4 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე, სახელმწიფო ღალატის ცდისათვის რეზერს, ბიურგერსს და ნოტიუნგს ექვს-ექვსი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს, რეიფს, ოტოს და ბეკერს — ხუთ-ხუთი წლით; ლესნერს — სამი წლით; დანიელსი, კლაინი, იაკობი და ერჰარტი გამართლებულ იქნენ.
კელნის პროცესით მთავრდება გერმანული კომუნისტური მუშათა მოძოაობის ეს პირველი პერიოდი. უშუალოდ განაჩენის შემდეგ ჩვენ დავშალეთ ჩვენი კავშირი; რამდენიმე თვის შემდეგ ვილიხ — შაპერს განცალკევებულმა კავშირმაც სამუდამოდ განისვენა.
იმ დროებას ადღეს მთელი თაობით ვართ დაცილებული. მაშინ გერმანია ხელოსნებისა და ხელით მუშაობაზე დამყარებული შინამრეშველობის ქვეყანა იყო; ახლა კი იგი დიდი სამრეწველო ქვეყანაა, რომელიც განუწყვეტელი სამრეწველო გადატრიალების მდგომარეობაში იმყოფება. მაშინ ცალ-ცალკე უნდა გეძებნათ ისეთი მუშები, რომლებსაც შეგნებული ჰქონდათ თავისი მდგომარეობა როგორც მუშებისა და თავისი ისტორიულ-ეკონომიური წინააღმდეგობა კაპიტალის მიმართ, იმიტომ რომ თვით ეს წინააღმდეგობა მაშინ მხოლოდ ისახებოდა. ახლა კი გერმანიის მთელ პოოლეტარიატს განსაკუთრებულ კანონებს უქვემდებარებენ მარტოოდენ იმისათვის, რომ რამდენადმე მაინც შენელდეს მისი განვითარების პროცესი, რომელსაც იგი მიჰყავს მისი, როგორც დაჩაგრული კლასის, მდგომარეობის სრულ შეგნებამდე. მაშინ იმ მცირეოდენ ადამიანებს, რომლებმაც პროლეტარიატის ისტორიული როლის შეგნებას მიაღწიეს, ფარულად უნდა ემუშავნათ, მალულად უნდა შეკრებილიყვნენ პატარ-პატარა ჯგუფებად 3-იდან 20 კაცამდე. ახლა კი გერმანიის პროლეტარიატს აღარ ესაჭიროება არავითარი ოფიციალური ორგანიზაცია, არც აშკარა, არც ფარული;[13] უბრალო, თავისთავად გასაგები შეკავშირება ერთნაირად მოაზროვნე კლასობრივ ამხანაგებისა საკმარისია იმისათვის, რომ ყოველგვარი წესდებების, კომიტეტების, გადაწყეეტილებების და სხვა ხელშესახები ფორმების გარეშე, შერყეულ იქნეს მთელი გერმანიის იმპერია. ბისმარკი მედიატორული მოსამართლეა ევროპაში, გერმანიის საზღვრებს იქით; მაგრამ ქვეყნის შიგნით დღითიდღე იზრდება უფრო და უფრო საშიშრად გერმანიის პროლეტარიატის მრისხანე ატლეტური ფიგურა, რომელსაც მარქსი უკვე 1844 წელს წინასწარ ხედავდა, ის ბუმბერაზი, რომელიც ვეღარ ეტევა ვიწრო, ფილისტერზე გამოჭრილ სახელმწიფოებრივ შენობაში და რომლის ძალუმი აგებულება და ფართო ბეჭები მაგრდება და უცდის იმ მომენტს, როდესაც მისთვის საკმარისი იქნება მარტოოდენ წამოდგომა, რათა ნანგრევებად აქციოს საიმპერიო კონსტიტუციის მთელი შენობა. კიდევ მეტიც. ევროპის და ამერიკის პროლეტარიატის საერთაშორისო მოძრაობა ახლა ისე მომაგრდა, რომ არათუ მისი პირველი ვიწრო ფორმა, — ფარული კავშირი, — არამედ მეორე, გაცილებით უფრო ფართო ფორმაც, — აშკარა საერთაშორისო მუშათა ასოციაციაც, — შემბორკველი შეიქნა მისთვის; საკმარისია სოლიდარობის უბრალო გრძნობა, თავისი კლასობრივი მდგომარეობის შესახებ შეხედულების ერთნაირობაზე დამყარებული, რომ შეიქმნას ყველა ქვეყნის და ენის მუშებში პროლეტარიატის ერთი დიადი პარტია და მხარი დაუჭირონ მას. მოძღვრებას, რომლის წარმომადგენლად 1847 წლიდან 1852 წლამდე კავშირი იყო და რომელსაც მაშინ ბრძენი ფილისტერები მხრების აჩეჩვით უცქერდნენ და დამთხვეულთა ბოდვად, რამდენიმე ცალკეული სექტანტის ფარულ მოძღვრებად თვლიდნენ, ახლა უამრავი მომხრეები ჰყავს მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორც ციმბირის სამადნეების ტუსაღებს შორის, ისე კალიფორნიის ოქროსმთხრელთა შორის; ხოლო ამ მოძღვრების დამაარსებელი, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად სძულდათ და რომელსაც ყველაზე მეტ ცილს სწამებდნენ მისი თანამედროვენი, კარლ მარქსი, იმ დროს, როდესაც იგი გარდაიცვალა, ძველი და ახალი ქვეყნის პროლეტარიატის მრჩეველი იყო; მას მიმართავდნენ მუდამ და იგი ყოველთვის მზად იყო დახმარების გასაწევად.
ლონდონი, 1885 წ. 8 ოქტომბერი.
[1] ენგელსის ეს ნაშრომი დაწერილია, როგორც შესავალი მარქსის წიგნის “მხილებანი კომუნისტთა კელნის პროცესის” მესამე გამოცემისა.
[2] ბაბუვიზმი — გრაკხ ბაბეფის მოძღვრება. ბაბეფი XVIII საუკუნის დამლევის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდის ფრანგი უტოპისტ-კომუნისტი. [რედაქცია].
[3] ასე უწოდებენ გერმანიის ხელისუფალნი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების წარმომადგენლებს XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებში. 1819 წელს გერმანიის ყველა სახელმწიფოში შეიქმნა სპეციალური კომისია “დემაგოგების ვერაგობათა” გამოსაძიებლად. [რედაქცია].
[4] გამათანაბრებელ კომუნიზმად მე მესმის, როგორც უკვე ზემოთაა ნათქვამი, კომუნიზმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ან უპირატესად, თანასწორობის მოთხოვნას ეყრდნობა. [ენგელსის შენიშვნა].
[5] “Deutsch-Franzosische Jahrbücher" — რადიკალური ჟურნალი, რომელსაც მარქსი ა. რუგესთან, მემარცხენე ჰეგელიანელთან, ერთად სცემდა პარიზში 1844 წელს. [რედაქცია].
[6] “დემოკრატიული ასოციაცია” — საზოგადოება, რომელიც საერთაშორისო ხასიათს ატარებდა და ბელგიის დემოკრატებს აერთიანებდა ბრიუსელში მცხოვრებ პოლიტიკურ ემიგრანტებთან, დაარსებულ იქნა 1847 წლის სექტემბერში. [რედაქცია].
[7] “Reforme” (“რეფორმა”) — ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა პარიზში 1843 წლიდან 1850 წლის იანვრამდე. [რედაქცია].
[8] პფენდერი დაახლოებით ამ რვა წლის წინათ გარდაიცვალა ლონდონში. ეს იყო მახვილი, ორიგინალური გონების ადამიანი, დაჯილდოებული ენამახვილობით, ირონიით, დიალექტიკით. ეკარიუსი, როგორც ცნობილია, შემდეგში მრავალი წლის განმავლობაში გენერალური მდივანი იყო მუშათა საერთაშორისო ასოციაციისა, რომლის წევრები იყვნენ, სხვათა შორის, კომუნისტთა კავშირის შემდეგი ძველი წევრები: ეკარიუსი, პფენდერი, ლესნერი, ლოხნერი, მარქსი და მე. შემდეგში ეკარიუსმა მთელი თავისი მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ ინგლისის პროფესიულ მოძრაობას შესწირა. [ენგელსის შენიშვნა].
[9] ენგელსს აქ ციტირებული აქვს “მოთხოვნების” უმნიშვნელოვანესი პუნქტები. [რედაქცია].
[10] იგულისხმება იმ რევოლუციური არმიის არტილერია, რომელიც ბადენპფლაცის აჯანყების დროს 1849 წლის მაის-ივნისში პრუსიის მთავრობის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა. [რედაქცია].
[11] იხ. მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი I, 1950 წ. გვ. 248 [კლასთა ბრძოლა საფრანგეთში 1848 წლიდან 1850 წლამდე], [რედაქცია].
[12] შაპერი გარდაიცვალა სამოციანი წლების ბოლოს ლონდონში. ვილიხი მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ომში ამერიკაში და წარჩინება მიიღო; მერფრისბოროსთან (ტენესი) ბრძოლაში, სადაც ბრიგადის გენერალი იყო. დაიჭრა მკერდში, მაგრამ განიკურნა; იგი დაახლოებით ამ ათი წლის წინათ გარდაიცვალა ამერიკაში. სხვა მოხსენებულ პიროვნებათაგან აღვნიშნავ კიდევ, რომ ჰაინრიხ ბაუერი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ავსტრალიაში, ვაიტლინგი და ევერბეკი გარდაიცვალნენ ამერიკაში. [ენგელსის შენიშვნა].
[13] ენგელსის ეს სიტყვები წარმოადგენს ირონიულ გამოწვევას ბისმარკის პოლიტიკისა, რომელიც მიმართული იყო პროლეტარული პარტიის აკრძალვისა და მუშათა მოძრაობის ჩახშობისაკენ. [რედაქცია].