დაწერილი: 5 მაისი, 1885 წ.
გამოქვეყნებული: 1885 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: კაპიტალის მეორე ტომის წინასიტყვაობიდან, ჰამბურგში, 1885
გაციფრულება: ჟერმინალი.
HTML: ჟერმინალი.
რა თქვა ახალი მარქსმა ზედმეტი ღირებულების შესახებ? როგორ მოხდა ეს, რომ მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც მოწმენდილი ციდან მეხის გავარდნამ, და ეს — ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ყველა მის სოციალისტურ წინამორბედთა თეორიებს, მათ შორის როდბერტუსის თეორიასაც, არავითარი გავლენა არ მოუხდენია?
ქიმიის ისტორიას შეუძლია გაგვიმარტოს ეს ერთ მაგალითზე.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს გაბატონებული იყო ფლოგისტური თეორია, რომლის თანახმად ყოველი წვის არსება იმაში მდგმარეობდა, რომ იმ სხეულიდან, რომელიც იწვოდა, გამოცალკევდებოდა მეორე, ჰიპოთეტური სხეული, აბსოლუტური საწვავი მასალა რომელსაც ფლოგისტონის სახელწოდებით აღნიშნავდნენ. ეს თეორია საკმარისი იყო მაშინ ცნობილ ქიმიურ მოვლენათა უდიდესი ნაწილის ასახსნელად, თუმცა არა უიმისოდ, რომ ეს ახსნა ზოგ შემთხვევაში ნაძალადევი არ ყოფილიყო. მაგრამ, აი, 1774 წელს პრისტლიმ აღმოაჩინა ერთგვარი ჰაერი, "რომელიც მან ჰპოვა იმდენად წმინდა ანუ იმდენად თავისუფალი ფლოგისტონისაგან, რომ მასთან შედარებით ჩვეულებრივი ჰაერი უკვე გაფუჭებული ჩანდა". მას მან დეფლოგისტებული ჰაერი უწოდა. მალე ამის შემდეგ ამგვარივე ჰაერი აღმოაჩინა შელემ შვეციაში და დაამტკიცა, რომ იგი მოიპოვება ატმოსფეროში. მან ჰპოკვა აგრეთვე, რომ იგი ჰქრება, როდესაც მასში ან ჩვეულებრივ ჰაერში რომელსამე სხეულს დავწვავთ, და ამიტომ მას ცეცხლის ჰაერი (Feuerluft) უწოდა. "ამ შედეგებიდან მან ის დასკვნა გამოიყვანა, რომ ის შეერთება, რომელიც წარმოსდგება, როდესაც ფლოგისტონი ჰაერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს შეუერთდება" (მაშასადამე, წვის დროს), "სხვა არა არის რა, თუ არა ცეცხლი ანუ სითბო, რომელიც შუშაში გავლის გზით აქროლდება"[1].
პრისტლიმ და აგრეთვე შელემ აღმოაჩინეს ჟანგბადი, მაგრამ არ იცოდნენ, რა ჰქონდათ მათ ხელში. ისინი "დარჩენილი იყვნენ" ფლოგისტური "კატეგორიების ტყვეობაში, რომლებიც მათ ჰპოვეს თავიანთ წინამორბედებთან". ის ელემენტი: რომელსაც მთელი ფლოგისტური შეხედულება უნდა გადაეყირავებინა და ქიმიაში რევოლუცია მოეხდინა, უნაყოფოდ იყო მათ ხელში დარჩენილი. მაგრამ პრისტლიმ თავისი აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პარიზში ლავუაზიეს, ხოლო ლავუაზიემ, იხელმძღვანელა რა ამ ახალი ფაქტით, ხელახლა განიხილა მთელი ფლოგისტური ქიმია და პირველად აღმოაჩინა, რომ ახალი სახის ჰაერი ახალი ქიმიური ელემნტი იყო, რომ წვის დროს ამ სხეულიდან, რომელიც იწვის, იდუმალებით აღსავსე ფლოგისტონი კი არ გამოცალკევდება, არამედ ეს ახალი ელემენტი შეუერთდება სხეულს, და ამგვარად მან პირველად დააყენა ფეხზე მთელი ქიმია, რომელიც თავის ფლოგისტურ ფორმაში ყირამალა იყო დაყენებული. და თუმცა მას ჟანგბადი არ აღმოუჩენია იმავდროულად სხვებთან და სხვებისგან დამოუკიდებლად, როგორც იგი შემდეგში ამტკიცებდა, მაგრამ მაინც ჟანგბადის ნამდვილი აღმომჩენი ლავუაზიე არის და არა ის ორი ადამიანი, რომლებმაც მხოლოდ აღწერეს იგი და რომლებსაც გუმანიც კი არ ჰქონიათ იმისი, თუ რა აღწერეს.
ზედმეტი, ღირებულების თეორიაში მარქსი იმასვე წარმოადგენს თავის წინამორბედთა მიმართ, რასაც ლავუაზიე — პრისტლისა და შელეს მიმართ. პროდუქტის ღირებულების იმ ნაწილის არსებობა, რომელსაც ჩვენ ახლა ზედმეტ ღირებულებას ვუწოდებთ, მარქსზე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი; აგრეთვე მეტნაკლები სიცხადით იყო გამოთქმული, რისგან შედგება იგი, სახელდობრ: იმ შრომის პროდუქტისაგან, რომლისათვის მის მიმთვისებელს არავითარი ეკვივალენტი არ გადაუხდია. მაგრამ ამაზე შორს არ წასულან. ერთნი –– კლასიკური ბურჟუაზიული ეკონომისტები — იკგლევდნენ — დიდი-დიდი — რაოდენობრივ შეფარდებას, რომლის მიხედვით შრომის პროდუქტი ნაწილდება მუშასა და საწარმოო საშუალებების მფლობელს შორის. სხვები — სოციალისტები — ჰპოვებდნენ, რომ ეს განაწილება უსამართლოა, და უტოპიურ საშუალებებს ეძებდნენ ამ უსამართლობის მოსასპობად. ერთნიც და მეორენიც იმ ეკონომიური კატეგორიების ტყვეობაში იყვნენ დარჩენილი, რომლებიც მათ პოვეს თავიანთ წინამორბედებთან.
მაგრამ, აი, გამოვიდა მარქსი. და გამოვიდა პირდაპირ საწინააღმდეგო სახით თავისი წინამორბედების მიმართ. სადაც ესენი ახსნას ხედავდნენ, იქ იგი მხოლოდ პრობლემას ხედავდა. იგი ხედავდა, რომ აქ მის წინ იყო არა დეფლოგისტებული ჰაერი და არა ცეცხლის ჰაერი, არამედ ჟანგბადი, რომ აქ საქმე შეეხებოდა არა მხოლოდ ეკონომიური ფაქტის აღნუსხვას, არა ამ ფაქტის წინააღმდეგობას მარადიული სამართლიანობისა და ჭეშმარიტი მორალის მიმართ, არამედ ისეთ ფაქტს, რომლის მოწოდება იყო მთელი პოლიტიკური ეკონომიის გადატრიალება და რომელიც გასაღებს იძლეოდა მთელი კაპიტალისტური წარმოების გასაგებად, –– იმისთვის, ვინც მით სარგებლობას მოახერხებდა. ჰქონდა რა ხელთ ეს ფაქტი, მან გამოიკვლია ყველა წინანდელი კატეგორიები, ისე როგორც ლავუაზიემ, იხელმძღვანელა რა უკვე ნაპოვნი ჟანგბადით, გამოიკვლია ფლოგისტური ქიმიის წინანდელი კატეგორიები. იმისათვის, რომ ცოდნოდა, რა არის ზედმეტი ღირებულება, მას უნდა ცოდნოდა, რა არის ღირებულება. უწინარეს ყოვლისა რიკარდოს თვით ღირებულების თეორიის კრიტიკაში გატარება იყო საჭირო. ამრიგად მარქსმა გამოიკვლია შრომა ღირებულების შემქმნელი მისი თვისების მხრივ და პირველად დაამყარა, როგორი შრომა, რატომ და როგორ ქმნის ღირებულებას, დაამყარა, რომ ღირებულება სხვა არა არის რა, თუ არა ამ სახის კრისტალიზებული შრომა, პუნქტი, რომელიც უკანასკნელ წუთამდე არ გაუგია როდბერტუსს. მარქსმა შემდეგ გამოიკვლია საქონლისა და ფულის დამოკიდებულება და დაგვანახვა, როგორ და რატომ — იმის ძალით, რომ მასში, მოთავსებულია ღირებულების თვისება –– საქონელმა და საქონელთა გაცვლამ უნდა წარმოშვას საქონლისა და ფულის წინააღმდეგობა. მისი ამაზე დამყარებული თეორია ფულისა წარმოადგენს პირველ ამომწურველ და ახლა მდუმარედ საყოველთაოდ მიღებულ თეორიას. მან გამოიკვლია ფულის გარდაქმნა კაპიტალად და დაამტკიცა, რომ იგი სამუშაო ძალის ყიდვასა და გაყიდვაზეა დამყარებული. დააყენა რა შრომის ადგილას სამუშაო ძალა, ღირებულების შემქმნელი თვისება, მან ერთი დაკვრით ახსნა ერთ-ერთი ის სიძნელე, რომელზედაც დაიმსხვრა რიკარდოს სკოლა: შეუძლებლობა კაპიტალის და შრომის ურთიერთ გაცვლის შეთანხმებისას რიკარდოს კანონთან, რომ ღირებულება შრომით განისაზღვრება. დაამყარა რა კაპიტალის დანაწილება მუდმივ და ცვალებად კაპიტალად, მან პირველმა მიაღწია იმას, რომ დეტალურად გამოსახა ზედმეტი ღირებულების შექმნის ნამდვილი პროცესი და ამგვარად ახსნა იგი, რაც არ გაუკეთებია არც ერთ მის წინამორბედს; მაშასადამე, მან დაამყარა განსხვავება თვით კაპიტალში, განსხვავება, რომლის გამოყენებისა არა იცოდნენ რა არც როდბერტუსმა და არც ბურჟუაზიულმა ეკონომისტებმა, მაგრამ რომელიც იძლევა გასაღებს ყოვლად დახლართული ეკონომიური პრობლემების ასახსნელად, რის, უცხადეს დამტკიცებას წარმოადგენს აქ კვლავ წიგნი II და კიდევ უფრო წიგნი III, როგორც ეს შემდეგში გამოაშკარავდება. შემდეგ მან გამოიკვლია თვით ზედმეტი ღირებულება, ჰპოვა მისი ორივე ფორმა: აბსოლუტური და შეფარდებითი ზედმეტი ღირებულება, და დაგვანახვა, როგორ სხვადასხვა, მაგრამ ორსავე შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ორივე ეს ფორმა კაპიტალისტური წარმოების ისტორიულ განვითარებაში. ზედმეტი ღირებულების საფუძველზე მან განავითარა შრომის ხელფასის პირველი რაციონალური თეორია, რომელიც კი ჩვენ გვაქვს, და პირველად მოგვცა კაპიტალისტური დაგროვების ისტორიის ძირითადი მოხაზულობა და მისი ისტორიული ტენდენციის გამოსახვა.
[1] როსკო-მორლემერი, "ქიმიის სრული სახელმძღვანელო", ტ. I. გვ. 13, 18, ბრაუნშვაიგი 1877 წ. (ენგელსის შენიშვნა).
| თხზულებათა ინდექსი | | | ქართული სექცია |