პ. ლაფარგი

ისტორიული იდეალიზმი და მატერიალიზმი


წარმოთქმული: პასუხი ჟორესისთვის, წარმოთქმული 1895 წლის იანვარში, პარიზის კოლექტივისტი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
თარგმანი: მ. ნინიძისა. თფილისი.
წყარო: გამოცემა მუშისა. მსწ. მბეჭ. „ლამპარი“ სემენ. ქუჩა, № 4. 1906.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


I

კამათს ისე ნუ დაიწყებთ, თუ სადავო საგანი ნათლათ და მკაფიოთ გარკვეული არ არისო, — გვირჩევდენ კარტეზიანულ სკოლის ფილოსოფოსები. მართალიცაა. ამიტომ თავდაპირველათ ჩვენ რიგიანათ უნდა დავაყენოთ ის კითხვა, რომლის გარჩევასაც ვაპირებთ.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ყველა ხალხებს, განათლების რომელ საფეხურზეც უნდა იდგენ, ერთი და იგივე ისტორიული დასაწყისი ქონიათ: მათი წინაპრები ველურები ყოფილან.

როგორ მოხდა, რომ ის ველურები, რომლებიც ხეებზე ცხოვრობდენ, მიწისა და წყლის ბუნებრივი ნაყოფებით იკვებებოდენ, ველურ ცხენებივით პატარ-პატარა ჯგუფებათ ერთდებოდენ, რომ უფრო ადვილათ მოეპოვებიათ საზდო, — გადაიქცენ განათლებულ ერებათ, შექმნეს უზარმაზარი ქალაქები, სადაც მილიონობით ხალხი ცხოვრობს, სადაც გაზით ან ელექტრონით განათება თვალებს გჭრის, სადაც აუარებელი რკინის გზებია გაყვანილი, სადაც სხვა და სხვა მოწინააღმდეგე კლასებათ დაყოფილ მცხოვრებლებს უთვალავ ხელობებსა და პროფესიებში შეუფარებიათ თავი?

ამ პირველ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს მეორე, რომელზეც ჟორესმა მიაქცია ჩვენი ყურადღება, როცა სთქვა, რომ ყველა ენები, რა რიგადაც უნდა განსხვავდებოდენ ერთმანეთისგან, ერთ და იმავე გრამატიკულ ფორმებს შეიცავენო. რაკი ჩვენ ენების საკითხს შევეხეთ, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ მოვლენაზე, რომელიც მჭიდროთ შეკავშირებულია ჩვენს საკითხთან: ყოველი სიტყვა, რომელიც ეხლა რაიმე აბსტრაქტულ (განყენებულ) ცნებას გამოხატავს, გამოგონილია ველურების მიერ რაიმე კონკრეტულ (თვალსაჩინო) მოვლენის აღსანიშნავათ. მაგალითად, ბერძნული სიტყვა Nomos, რომელიც გამოხატავს განყენებულ ცნებას — კანონს, — წინად ნიშნავდა საძოვარს ან საცხოვრებელ ადგილს; ფრანგული სიტყვა Droit (უფლება) ნიშნავს იმას, რაც სიმართლეს ეთანხმება, წინათ კი აღნიშნავდა ძალიან სწორე საგანს. შეიძლება ამ ლინგვისტურ მოვლენიდან ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ კონკრეტულს ადამიანის თავში აბსტრაქტული (განყენებული) წარმოუშვია?

მსგავსება, რომელიც ჟორესმა ენებში დაგვანახვა, ადამიანის გონების ყოველგვარ მოქმედებაში არსებობს — როგორც რელიგიაში (სარწმუნოებაში), ისე ფილოსოფიაში და ლიტერატურაში. მაგალითად, ის ზღაპრები, რომლებიც თვითეულ ჩვენგანს აკვანშიც კი მოუსმენია, და რომელთა წარმოშობა ველურ ან ბარბაროსულ დროს ეკუთვნის, ყველა ხალხებს აქვს მთელ დედამიწაზე; ნატურალიზმი მწერლობაში — ეს ბოლონდელი, მაგრამ სრულიადაც არა უკანასკნელი ლიტერატურული ფორმა — ყველა კაპიტალისტურ ხალხების ლიტერატურაში ყვავის.

ხალხების შედარებითი ისტორია გვასწავლის, რომ ყველა ერებს ერთი და იგივე ოჯახური და სახელმწიფოებრივი ფორმები გაუვლიათ. ვიკო, რომელსაც სამართლიანათ ფილოსოფიის ისტორიის მამათმთავარს ეძახდენ, ამბობს, რომ „არსებობდა იდეალური სამუდამო ისტორია, რომელსაც ქმნიდენ ყველა ერების ისტორიები, რანაირიც უნდა ყოფილიყო ის სიველურე, სიმხეცე და სიმკაცრე, რომლიდანაც ხალხები გამოდიოდენ, რომ თავი „მოეშინაურებიათ“. მაგრამ, რადგანაც „მოშინაურების“ ხარისხი, რომელსაც სხვა და სხვა ხალხებმა მიაღწიეს, ერთნაირი არ არის, მარქსი უმატებს: „მრეწველურათ უფრო განვითარებული ქვეყანა ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს მათ მომავალ სურათს უჩვენებსო". ჩვენი გენიოსი ლამარკის მოწაფე, ჟოფრუა სენტ-ილერი, გვარწმუნებდა, რომ მცენარეების და ცხოველების განვითარება „ერთნაირ გეგმაზე“ სწარმოებსო.

მაგრამ სად უნდა ვეძიოთ ადამიანის, ცხოველების და მცენარეების ერთნაირ გეგმაზე განვითარების მიზეზი? თითონ ქვეყნიერებაში თუ მის გარეშე?

დეისტები, ვოლტერთან ერთათ, დაუფიქრებლათ გვიპასუხებენ, რომ როგორც საათის არსებობა აუცილებლათ მესაათის არსებობასაც გულისხმობს, აგრეთვე მსოფლიოს არსებობა თავისთავათ ნათელ ყოფს მისი შემოქმედის არსებობასაო. მაგრამ კითხვის ასე ადვილათ გადაჭრა, რაც ველურებსაც კი შეეძლო, ოდნავაც ვერ სწყვეტს ჩვენს პრობლემას. საქმე იმაშია, რომ თუ მსოფლიოს რაღაც ზებუნებრივი მიზეზი აქვს, ამ უკანასკნელს კიდევ სხვა ასეთი მიზეზი უნდა ქონდეს და სხვა. ამიტომ დეისტების ასეთი შეხედულება არც კი ეკადრება მეცნიერულ ჭკუას. გადაშალეთ რომელი სამეცნიერო წიგნიც გნებავთ: თქვენ ერთ სიტყვასაც ვერ იპოვნით რაღაც ზებუნებრივ არსებებზე. ქიმიკოსი, ფიზიოლოგი, გეოლოგი, ვარსკვლავთ მრიცხველი და სხვ., იმის მაგიერ, რომ ასეთ ადვილ საშვალებას მიმართონ — ზებუნებრივ მიზეზებში ეძებონ მოვლენების ახსნა — მარტო ნივთიერების თვისებებით ხსნიან სხვა და სხვა მოვლენებს. დღეს ყველა მეცნიერი იმას ცდილობს, რომ თავის მეცნიერებიდან ყოველივე არა ბუნებრივი განდევნის, და ამას ის შვრება მაშინაც კი, როცა ის მას მართლა სჭირდება ისეთ მოვლენების ასახსნელათ, რომლებიც მის გამოკვლევის სპეციალურ საგანს არ შეადგეს. ისტორიკოსი კი, იმის გამო, რომ მისი საგანი ჯერ მეცნიერებას კიდევ არ წარმოადგენს, ძალიან ხშირათ ეძებს ზებუნებრივში იმ მოვლენების ახსნას, რომელთა მიზეზებიც ვერ გაუგია. მარქსმა კი ზებუნებრივი მის უკანასკნელ თავშესაფარიდან, ისტორიიდანაც, განდევნა. ისტორიულ მეცნიერების შექმნას ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ამ სოციალისტურ მოაზრის მატერიალისტურ მეთოდით ვისარგებლებთ.

გეგელის აზრით იდეა, რომელიც ყველაფერზე ადრე ჩნდება, თავს იჩენს ატომებში, თავის მოწინააღმდეგეთ ხდება, უკავშირდება თავის წინააღმდეგს და შობს პირველ სინტეზს, რომელიც, თავის მხრივ, იქცევა ტეზისათ და ანტიტეზისათ, შემდეგ კი — ისევ სინტეზათ. ეს მეორე სინტეზი წარმოადგენს იმ წერტილს, საიდანაც ახალი სერია გამომდინარეობს (ე. ი. ისევ სინტეზი — ტეზისი — ანტიტეზისი) და სხვ. იდეა, რომელიც ავტომატიურათ ვითარდება, უარყოფს თავის თავს და ქმნის ქვეყანას მსგავსათ თავის არსებისა.

ჟორესი ასე შორს უკან არ მიდის; ის სარგებლობს პლატონის მეთოდით, რომელმაც გამოიკვლია იდეები, დააწყო ისინი იერარქიულად და ამ გზით აბსოლიუტურ სიკეთის იდეამდე მივიდა. ჟორესმა გაარჩია და დაანაწილა ძმობისა და სამართლიანობის იდეები, რომლებიც ჩვენ, განათლებულ ადამიანებს, თავში გვაქვს და მივიდა სამართლიანობის და ძმობის აბსოლიუტურ იდეასთან კი არა, არამედ მის მინიმალურ გამოხატულებასთან, რომელიც ველურების თავში შეუგნებლათ არსებობს. ეს იდეა, როცა თავის თავს სცნობს, წინააღმდეგობას უწევს გარეშე ქვეყნიერებას და ებრძვის მას, სანამ ამ წინააღმდეგობას არ დაანგრევს. ამ გვარათ, ისტორია წარმოადგენს ასეთ ბრძოლათა განუწყვეტელ რიგს, რომლებიც ყოველთვის სამართლიანობის იდეის გამარჯვებით თავდებიან.

პირველი, რაშიც ჩვენ ჟორესს ვერ ვეთანხმებით, ის არის, რომ მისი თეორია ვერ ხსნის მთელ ქვეყნიერებას, რადგანაც მცენარეთა და ცხოველთა სამეფოების ევოლიუცია სამართლიანობის იდეიდან არ გამომდინარეობს; დღეს კი ფილოსოფიამ მთელი მსოფლიო უნდა მოათავსოს თავის ფარგლებში.

შემდეგ ჟორესს უნდა ვკითხოთ: რისთვის ჩერდება ის ველური ადამიანის თავზე? რისთვის ის ამაზე ქვევით არ მიდის და იდეებს ცხოველების თავშიაც არ ეძებს? მწყემსის ან ყარაულის ძაღლს მშვენიერათ აქვს განვითარებული მოვალეობის გრძნობა და თავის დანაშაულობას ყოველთვის გრძნობს. თქვენ იტყვით, რომ ეს იდეები ცხოველების თავში ბუნებით თანდაყოლი არაა, რომ ის ადამიანმა ჩაუნერგა მათო. ძალიან კარგი, მაგრამ მოვალეობის იდეა ხომ გარეულ ცხოველებსაც აქვს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ჯგუფებათ ცხოვრობენ, მაგალითად, კამეჩებს და ყვავებს. მამალი კამეჩი თავგანწირულათ იცავს ხიფათის დროს დედლებს, ყვავები კი, როცა „პოსტებზე“ საყარაულოთ დგანან, გარშემო იხედებიან და, გამოჩნდება თუ არა მუხანათი ვინმე, მაშინვე ჩხავილს ასტეხენ, რომ თავის ყლაპია ამხანაგებს ხიფათის მოსახლოება აცნობონ.

ამგვარათ, ცხოველების თავში ჩვენ ვხედავთ იმავე იდეებს შეგნებულს, რასაც ჟორესი ველურების თავში შეუგნებლათ ათავსებს. მაგრამ რისთვის გავჩერდეთ ცხოველებზე? რისთვის არ შეიძლება, რომ იდეა ატომურათ (თუ შეიძლება ასე ითქვას) იყოს იმ სითხეში (პროტოპლაზმაში), რომლიდანაც უჯრედები ჩნდებიან, ის უჯრედები, რომლებიც ორგანიულ სამეფოს საფუძველს შეადგენენ?

კიდევ ერთ კითხვას მივცემ ჟორესს: რატომ კმაყოფილდება ის მარტო ზნეობრივ იდეებით და მეცნიერულ იდეების წარმოშობას არ იკვლევს? რატომ ის არაფერს ამბობს იმ ატომისტურ თეორიის შესახებ, რომელსაც რამდენიმე ათს ქიმიკოსის თავში დაუბუდნია: შეიძლება ის შეუგნებლათ იმ ლოკოკინაშიც იყვეს, რომელსაც სრულიათაც არ აბია არავითარი თავი? რატომ ის არ ამბობს, მატერიალისტებთან ერთათ, რომ ყველაფერი უნდა არსებობდეს ყველაფერში, რადგანაც აზრი, ბოლოს და ბოლოს, არა სხვა რამე, არამედ ფსიხო-ქიმიური მოვლენა, მოძრაობის გარდაქმნაა? მაგრამ ასეთი მსჯელობა იმას მაინც არ გვიხსნის, თუ როგორ გაჩნდა იდეა ადამიანის თავში?

ჟორესი გვარწმუნებს, რომ მხედველობის და სმენის გრძნობა სხვა გრძნობებზე მაღლა დგანან, რადგანაც ის ადამიანი, ვისაც ეს გრძნობები საღი აქვს, უფრო სტკბება ბუნების ჰარმონიით და მზის ბრწყინვალებითო; ის თვალს და ყურს აყენებს ხელზე მაღლა, რომელიც, სხვა თითების პირთაპირ მდებარე დიდ თითით, ადამიანის და მაიმუნის დამახასიათებელ თვისებას შეადგენს. ხელმა შექმნა ადამიანი. აქ ჩვენ შეგვეძლო გვეპასუხნა, რომ მხედველობის და სმენის გრძნობა წარმოადგენს არა სხვა რამეს, არამედ შეხებითი გრძნობების ერთათ თავის მოყრას და სპეციალიზაციას, რომ ის ადამიანი, რომელსაც თვალები აკლია, სინათლეს მთელი თავისი ტყავით გრძნობს, რომ თვით მცენარის უჯრედებიც კი მზის ზემოქმედობით ერთგვარ მწვანე ნივთიერებას იმუშავებენ; მაგრამ ასეთი პასუხი ჩვენ ვერ აგვიხსნის გრძნობათა ორგანოების წარმოშობას.

თქვენ ხედავთ, რომ ჟორესსა და ჩვენ, მარქსისტებს, შორის ატეხილი კამათი იდეების წარმოშობის და გაჩენის გარშემო ტრიალებს. ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა ფილოსოფიურ აზრს დღემდე, ასე იქნება შემდეგაც.

დეკარტი ფიქრობდა, რომ ჩვენ თანდაყოლილი გვაქვს იდეები საზოგადოზე, მიზეზებზე, შედეგებზე... ლოკი, მას შემდეგ კონდილიაკი და სხვა სენსუალისტები, პირიქით, ამტკიცებდენ, რომ ყველაფერი, რაც ეხლა ჭკუაში არის, წინათ გრძნობებში იყო. ჭკუაო — ამბობდა დიდრო — არის tabula rasa (წმინდა ფიცარი), რომელზეც ბუნების მოვლენები თავის კვალს აღბეჭდავენ. იდეების წარმოშობის საკითხი არ ასვენებდა ბერძნებსაც, იმ ბერძნებს, რომლებსაც ჩვენ ყველა მეცნიერების კარებთან ვხედავთ. პლატონი ამბობდა, რომ ჩვენი იდეები აბსოლუტურ სიკეთის იდეის მოგონება არისო; იმავე დროს არქელაოსი, სოკრატის მასწავლებელი, გვარწმუნებდა, რომ ადამიანის ზნეობრივ იდეების წყაროს შეადგენენ იმ ქვეყნის კანონები, რომელშიც ხსენებული ადამიანი ცხოვრობსო. და მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ თვით უსათუთესი სინიდისიც კი ურიგდებოდა მონობას იქ, სადაც ის კანონით იყო დადასტურებული.

ჩვენ, მარქსისტები, ზოგიერთი დამატებით ვღებულობთ არქელაოსის და ლოკის შეხედულებებს და ვამბობთ, რომ თუმცა განათლებულ კაცს არ შეუძლია მოიგონოს ის მომენტი, როცა მის თავში განსაზღვრული იდეები გაჩნდა, მიუხედავათ ამისა, ისინი ზეციდან არ ჩამოფრენილან, არამედ გამოცდილებით შეძენილ იქმნენ ჩვენი წინაპრების მიერ, რომლებმაც ჩვენ გადმოგვცეს მრავალ საუკუნოების განმავლობაში სხვა და სხვა იდეებთან შეთვისებული ტვინი, და, ამის გამო, დღეს ისე ადვილათ და „თავისთავათ" ვითვისებთ სხვა და სხვა იდეებს, რომ ისინი თანდაყოლილი გვგონია.

II

ადამიანი და ცხოველები მხოლოდ იმიტომ აზროვნობენ, რომ მათ ტვინი აქვთ; ტვინი აქცევს ნაგრძნობს იდეათ სწორეთ ისე, როგორც დინამომაშინა ელექტრონათ აქცევს მიღებულ მოძრაობას. მხოლოდ ბუნება ან, უკეთ რომ ვთქვათ, (უნდა ვერიდოთ ისეთ სიტყვის ხმარებას, რომელიც ბუნებას მეტაფიზიკურათ გამოხატავს, როგორც ამას XVIII საუკუნის ფილოსოფოსები შვრებოდენ) ბუნებრივი წრე ქმნის ტვინს და სხვა ორგანოებს. მე განგებ ვამბობ სხვა ორგანოებს მეთქი იმიტომ, რომ, როგორც სპირიტუალისტები ყოფდენ ადამიანებს ცხოველებისგან, რომ სასწაულ მოქმედ არსებათ გამომცხადებიათ, რომელთა გულისთვის ღმერთმა ადამიანის ხორცი შეისხა და ჯვარს ეცვა, სწორედ ისე იდეალისტებიც აცალკევებენ ტვინს სხვა ორგანოებისაგან, და ამას შვრებიან იმ განზრახვით, რომ მისი ფუნქცია — აზრი — ისეთ მიზეზებით ახსნან, რომლებსაც ბუნების გარეშე აქვს სათავე. —

ბუნებრივმა წრემ, რომელმაც ადამიანის ტვინი და სხვა ორგანოები შექმნა, განვითარების ისეთ მაღალ საფეხურამდე მიიყვანა ისინი, რომ მათ გასაკვირველი შეგუება, საოცარი შეთვისება ეხერხებათ. მაგალითად, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქრისტიანებს დ, განათლებულ ხალხებს აფრიკის ნაპირებიდან ზანგები გაჰყავდათ, რომ კოლონიებში მონებათ გაეყიდათ. ეს წითელ-კანიანები ბარბაროსები და ველურები იყვენ, მათ განათლებულ ხალხებისაგან ათასი წლები აშორებდა, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, ისინი მალე შეეჩვიენ სხვა და სხვა ხელობებს.

იეზუიტებმა პარაგვაიში მოახდინეს სოციალური ცდა, რომელსაც ჩვენთვის, მარქსისტებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის გვიჩვენებს, თუ როგორი საოცარი სისწრაფით შეუძლიათ გადაგვარება სხვა სოციალურ ნიადაგზე გადასახლებულ ხალხებს. იზუიტებმა, ამ შეუდარებელმა აღმზრდელებმა და მოხერხებულმა ექსპლოატატორებმა, ველურებიდან შექმნეს განათლებული ხალხი, რომელიც 150 000 კაცს ითვლიდა.

გვარანები, რომლებიც მათ პარაგვაის სხვა ხალხებს შორის ჩაასახლეს, ტიტვლები დაეხეტებოდენ ტყეში; მათ არ ქონდათ სხვა იარაღი, გარდა ისრისა და ხის კომბლისა; ისინი მხოლოდ პირველყოფილ მეურნეობას იცნობდენ და მარტო სიმინდი მოყავდათ. გონებრივათ ისე განუვითარებელი იყვენ, რომ თვლა მხოლოდ ოცამდე შეეძლოთ და ისიც თითებზე: ხელის ერთი თითი ნიშნავდა ერთს, ორი თითი — ორს, მთელი ხელი ხუთს, ერთი ხელი და მეორე ხელის ერთი თითი — ექვსს, ორივე ხელი ათს, ორივე ხელი და ფეხის ერთი თითი — თერთმეტს, ორი ხელი და ერთი ფეხი — თხუთმეტს, ორი ხელი და ორი ფეხი — ოცს; ოცს იქით იყო განუსაზღვრელი რიცხვი „ბევრი“. ხელის და ფეხის თითებზე ითვლიან მხოლოდ ის ველურები, რომლებიც განვითარების უდაბლეს საფეხურზე დგანან. ამნაირათ, რიცხვი, ეს სხვებზე უფრო განყენებული (აბსტრაქტული) იდეა, რომელიც განათლებულ ადამიანის თავში არსებობს, პირველათ ველურის თავში გაჩნდა, როგორც ნივთიერ საგნის გამოხატულება. როდესაც ჩვენ წარმოვსთქვამთ ან გავიფიქრებთ: 1, 2, 5, 10, ჩვენ არავითარი საგანი არ წარმოგვიდგება თვალწინ, ველური კი ხედავს ერთ თითს, ერთს ხელს, ორ ხელს და სხვ.[1] ეს იმდენათ მართულია, რომ რომაული ციფრები, რომლებსაც განათლებული ხალხები არაბულ ციფრების შემოღებამდე ხმარობდნენ, ხელის სახეს გამოხატავენ: I ხატავს ერთ თითს, II — ორ თითს, V — ხელს, რომელსაც შუა თითები მოღუნული აქვს, ცერი და ნეკი ზევით აშვერილი; X — ხატავს ორ V-ს ან ორს ერთმანეთის წინააღმდეგ დაწყობილ ხელს.

ამ ველურებიდან იეზუიტებმა შექმნეს დახელოვნებული მუშაკები, რომელთაც უძნელესი სამუშაოს ასრულებაც კი შეუძლიათ. აი რას ამბობს შარლვუა მათ შესახებ:

„მისსიის ინდიელებს უმაღლეს წერტილამდე განვითარებული მიბაძვის ნიჭი აქვთ. საკმარისია მხოლოდ ერთხელ ნახონ, მაგალითად, ჯვარი, სასანთლე, საცეცხლური, რომ დაუყონებლივ გააკეთონ მათი მსგავსება და მასთან ისე ხელოვნურათ, რომ ნამდვილიდან ვერც კი გაარჩევთ. ისინი მუსიკალურ იარაღებს და რთულ არღნებს აკეთებენ ამ საგნების ერთხელ ნახვის შემდეგ. ესევე ითქმის ასტრონომიულ სფეროს, სპარსულ ნოხების და ყველა იმის შესახებ, რაც მანუფაქტურაში უძნელესია“.

ნატურალისტი დ. ორბინი, რომელმაც 1832 წელს, იეზუიტების განდევნის შემდეგ, აოხრებული პარაგვაის ხალხები ინახულა, განცვიფრებული დარჩა იმ ეკლესიებით, რომლებიც ველურებს აეგოთ და მხატვრობის და ჩუქურთმის ნაწარმოებით საშუალო საუკუნის გემოზე მოერთოთ.

მაგრამ ველურ გვარანებს ხელობა დახელოვნება ბუნებიდან თან არ დაყოლიათ, ისინი აგრეთვე მზამზარეულ იდეებით თავში არ დაბადებულან. ერთიცა და მეორეც, თუ შეიძლება ისე ითქვას, შათ შემდეგ შეუვიდა თავში და ხელებში, სწორეთ ისე, როგორც ვერდის რომელიმე არიას ველურის არღანზე გადაიღებენ ხოლმე. ეს ხელობები და ეს მრავალგვარი აზრები მათ შეითვისეს იეზუიტების მიერ მიცემულ აღზრდის წყალობით. აქ ჩვენ თვალწინ გვიდგია იმის მაგალითი, თუ როგორი მოქმედება შეიძლება ადამიანმა ადამიანზე იქონიოს. მაგრამ განა ეს ერთათ ერთი გზაა ადამიანის ორგანოების და ტვინის გასავითარებლათ? განა ბუნებრივ და სოციალურ წრის პირობები, ან კიდევ გამოცდილება არ ავითარებს მისი ორგანოების ტეხნიკურ ნიჭს და არ სცვლის მის აზრებს?

სამართლიანობის იდეა, რომელიც ჟორესის სიტყვით, ველურის თავში შაუგნებლათ იდო, ადამიანის ტვინში შეიჭრა მხოლოდ კერძო საკუთრების გაჩენის შემდეგ.

ველურებს არავითარი წარმოდგენა არა აქვთ სამართლიანობაზე, მათ სიტყვაც კი არ მოეძებნებათ ამ ცნების გამოსახატავათ. სამაგიეროთ, მათ მშვენივრათ ესმით სამაგიეროს გადახდის კანონი — გარტყმა გარტყმის მაგიერ, თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ; ეს იგივეა, რაც რეფლექტორული (უნებლიე) მოძრაობა: როცა რაიმე ხიფათი მოელის, მაგალითად, თვალს, ის თითონ იხუჭება და სხვა. იმ ბარბაროსებსაც კი, რომლებიც კომუნისტურ თებებში ცხოვრობდენ და, მაშასადამე, ძალიან განვითარებულ სოციალურ წრესთან ქონდათ საქმე, სადაც კერძო საკუთრება ოდნავ იდგამდა ფეხს, იმ ბარბაროსებსაც კი ბუნდოვანათ ქონდათ წარმოდგენილი სამართლიანობის იდეა. მე მოგიყვან თქვენ ამ საგნის შესახებ სომნერ მენის აზრს, რომლის ფილოსოფიურ მნიშვნელობას ჟორესიც არ უარყოფს:

„იურიდიულათ ინდიელ სოფელში არ არსებობს არც უფლებები, არც მოვალეობანი. თუ ვინმემ მეორეს რაიმე ვნება მიაყენა, დაჩაგრული იმას კი არ ჩივის, რომ მის წინაშე დანაშაულობა ჩაიდინეს, არამედ იმას, რომ პატარა საზოგადოების წესრიგი დაარღვიეს. კიდევ მეტი. ჩვეულებრივ უფლებას აქ არავითარი სანქცია არა აქვს. თუ ვინმე, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, სასოფლო საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მისი ერთათ ერთი სასჯელი ისაა, რომ მას ასეთ საქციელს ერთხმათ არ მოუწონებენ“.

ლოკი, რომელიც, როგორც მე XVII და XVIII საუკუნის ყველა ფილოსოფოსები, გეომეტრიის დედუქტიურ მეთოდით სარგებლობდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამართლიანობის იდეა კერძო საკუთრებამ წარმოშობაო. თავის ,,ადამიანის ჭკუა“-ში ის ამბობს, რომ სადაც საკუთრება არ არსებობს, იქ არც უსამართლობა არისო. ეს ისეთივე სწორე შეხედულებაა, როგორც ევკლიდის რომელიმე გეომეტრიული დებულება: იმიტომ რომ საკუთრების იდეა არის უფლება რამეზე; ის იდეა კი, რომელსაც შეეფერება სიტყვა „უსამართლობა“, არის ამ უფლებაში შეჭრა და მისი ფეხქვეშ გათელვა“.

თუ რომ სამართლიანობის იდეა, როგორც ლოკი ამბობს, გაჩნდა მას შემდეგ რაც კერძო საკუთრება წარმოიშვა, და როგორც მისი შედეგი, ქურდობის იდეა, ან სხვის სასურველ ნივთის ხელში ჩაგდების ლტოლვილება ძალიან განვითარებული იყო კერძო საკუთრების დამკვიდრებამდე. კომუნებში მცხოვრები ველურები და ბარბაროსები ისე ექცევიან ნივთიერ სიკეთეს, როგორც ჩვენი მწერლები გონებრივ სიმდიდრეს ეპყრობიან: იმათ მიაქვთ ის ყოველგან, სადაც კი ხვდებიან, როგორც მოლიერი ამბობს. მაგრამ ეს ბუნებრივი ჩვეულება — ქურდობა — დანაშაულობა ხდება მას შემდეგ, რაც საზოგადო საკუთრება კერძო საკუთრებას უთმობს ადგილს.

საზოგადო საკუთრებამ ისეთი იდეები და გრძნობები ჩაუნერგა ველურებს თავსა და გულში, რომლებსაც განცვიფრებაში მოყავთ ქრისტიანი ბურჟუები, კერძო საკუთრების ეს სამწუხარო ნაყოფები.

აი რას ამბობს ამის შესახებ მორაველი მისიონერი, გეკეველდერი, რომელმაც 16 წელიწადი ჩრდილო ამერიკის ველურებში გაატარა, იმ ველურებში, რომლებიც ჯერ ვერ გაერყვნა ბურჟუაზიულ „ქრისტიანობას“ და ცივილიზაციას.

„ინდიელებს სწამთ, რომ ქვეყანა და ყველაფერი ის, რაც ქვეყანაზე არის, დიდმა სულმა ყველა ადამიანების საკეთილდღეოთ შექმნა; როდესაც მან მიწა დაასახლა და ტყეები ნადირით გაავსო, მას სახეში ყავდა ყველა ადამიანები და არა კერძო პირები. ყოველი ნივთი საერთოთ ეკუთვნის ადამიანის ყველა შვილებს. ყველაფერი, რაც მინდვრათ იზრდება, ყველაფერი რაც მდინარეში და წყლებში სცხოვრობს — ყველაფერი ეს ყველას ეკუთვნის, და თვითეულ ადამიანს მხოლოდ თავის წილზე აქვს საკუთარი უფლება“.

„სტუმრის პატივისცემა აქ სათნოებით კი არ ითვლება, არამეთ სავალდებულო მოვალეობათ. მასპინძლები უმალ თითონ მშიერი დაიძინებენ, და სტუმარს კი მოვლას არ მოაკლებენ. საქმე იმაშია, რომ სტუმარს — ავათმყოფს, ღარიბს და სხვას — უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება საზოგადო ფონდიდან, რადგანაც ის ნადირი, რომელსაც მას აქ დაუკლავენ, სანამ მონადირე დაიჭერდა, საზოგადო კუთვნილებას შეადგენდა; ის სიმინდი და წვანილი კი, რომელსაც მას მიართმევენ, საზოგადო მინდვრებში ხარობდენ და სხვა.“

აი რას ამბობს, თავის მხრივ, იეზუიტი შარლვუა, რომელიც დიდხანს სცხოვრობდა იმ ველურთა შორის, რომლებიც მესაკუთრეების ბურჟუაზიულ მორალით და სათნოებით არ იყვენ გარყვნილი.

„ძმობის სული წითელკანიანებში რამდენიმეთ მაინც, უეჭველათ, იმიტომაა დაცული, რომ „ჩემი“ და „შენი“, ეს გრძნობის გამყინავი სიტყვები, როგორც მათ იოანე ოქროპირი უწოდებს, სულაც არ იციან ველურებმა. ზრუნვა, რომლითაც ისინი ობლებს და საწყლებს უვლიან, სტუმრის პატივის ცემა, რომელსაც ისინი ასე საოცრათ იჩენენ, გამომდინარეობს მათი რწმენიდან, რომ ყველაფერი დედამიწაზე საერთოთ ყველას ეკუთვნის.“

კერძო საკუთრებამ, რომელმაც „ჩემსა“ და „შენს“ შორის განსხვავებას საძირკველი ჩაუყარა, არა თუ სამართლიანობის იდეა ჩააქსოვა ადამიანის თავში, არამედ გულსაც კი ისეთი გრძნობები ჩაუნერგა და ისე გაუდგა მათ ფესვები, რომ ჩვენ ისინი თანდაყოლილი გვგონია. მათი დასახელებით მე თქვენს წყრომას გამოვიწვევ, მაგრამ დამტკიცებულია, რომ სანამ ადამიანი კომუნისტურ წრეში ცხოვრობდა, მან არ იცოდა იჭვიანობა და მამობრივი სიყვარული; ქალები და კაცები პოლიგამიაში ცხოვრობენ; ქალს აყავს იმდენი ქმარი, რამდენიც სურს, კაცს კი იმდენი ცოლი, რამდენიც შეუძლია; იმავე დროსო, მოგვითხრობენ მოგზაურები, ეს მშვენიერი ადამიანები უფრო მშვიდობიანათ და თანხმობით ცხოვრობდენ, ვინემ მოსაწყენ და ეგოისტურ მონოგამიურ ოჯახის წევრებიო. მაგრამ, როგორც კი იკიდებს ფეხს კერძო საკუთრება, მამაკაცი „თავისთვის“ ყიდულობს ცოლს, და ამ მოსაშენებელ საქონლით სარგებლობის უფლებას მარტო თავისთვის იტოვებს. აი აქ ჩნდება იჭვიანობა: ის არის საკუთრების ცოტა გადაგვარებული გრძნობა. მამა არც ზრუნავს თავის შვილზე, როცა მას არა აქვს კერძო საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობათ უნდა დაუტოვოს.

სამართლიანობის იდეები, რომლებიც განათლებულ თავებში „ჩემზე“ და „შენზეა“ აშენებული, გაქრება, ვით საპნის ბუშტი, როცა კერძო საკუთრებას კოლექტიური საკუთრება შესცვლის. ჟორესი გვარწმუნებს, რომ ძმობის და სამართლიანობის იდეები, როცა სოციალურ წრეს ეჯახებიან, ადამიანის განვითარებას იწვევენო. ეს რომ მართალი იყოს, მაშინ ჩვენ არ გვექნებოდა არავითარი ისტორიული ევოლიუცია; ადამიანი ვერასოდეს ვერ გამოვიდოდა პირველ-ყოფილ კომუნისტურ წრიდან, სადაც არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო სამართლიანობის იდეები, სადაც ძმობის გრძნობა უფრო თავისუფლათ იფუჩქნებოდა, ვინემ რომელ სიციალურ წრეშიც გინდა.

სამართლიანობის იდეა ძალიან შორს არის იმაზე, რომ სოციალურ წრის პირობებს ეწინააღმდეგოს, პირიქით, ის ეთვისება და ეგუება მას.

იდეალისტები გვარწმუნებენ, რომ სამართლიანობის და ზნეობის იდეები უფრო და უფრო ვითარდებიან, — თანდათან უმჯობესდებიანო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორეთ ასეთი თეორია უნდა მოსწონდეთ კაპიტალისტებს, რომლებიც თავის სამრეწველო და სავაჭრო პრაქტიკას სათნოებათ სთვლიან. მაგრამ ძნელი დასაშვებია ეს სამართლიანობის და მორალის ევოლიუცია, რომელიც ოგიუსტ კონტს, ჰერბერტ სპენსერს და სხოლასტიკურ სიბეცის სხვა ბურჟუაზიულ ფილოსოფოსებს ძვირფასათ მიაჩნდათ.

აუარებელი ფაქტები უარს ყოფენ ამ სასიამოვნო თეორიას. იმ საზოგადოებებში, სადაც საქონლის წარმოება არაა გამეფებული, სადაც საზოგადოების წევრები ან მათი მონები საგნებს ამზადებენ არა გასაყიდათ, არამედ შინ მოსახმარათ, ვაჭრობას ზიზღით უცქერიან. „რა პატიოსნება უნდა გამოვიდეს დუქნიდანო?“ გაიძახის ციცერონი. მხოლოდ საზიზღარ ხალხს აქვს ფულებთან საქმე. ასეთ საზოგადოებაში პროცენტის აღება ქურდობაა, რომელსაც გმობს მორალიც და რელიგიაც. თითონ ეგოვამ (ღმერთმა) აუკრძალა ებრაელებს ფულის „გასაზარდათ“ გაცემა; მან ნება დართო — მხოლოდ სხვა ქვეყნის ხალხებს, თქვენს მტრებს, გადაახდევინეთ პროცენტებიო. კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელიც დღეს კაპიტალისტთა კლასის მოახლე გამხდარა, წინათ ანაფემა (წყევლა) შეუთვალა დიდ პროცენტების ამღებთ. მაგრამ აი ბურჟუაზია გაბატონდა, და მორალიც შეიცვალა; მევახშეობა წმიდათა წმიდათ გადაიქცა; 1789 წლის ერთი დადგენილება აკანონებს პროცენტს, როცა ის წინათ მას მხოლოდ ითმენდა; ვალების ჩასაწერი მთავარი წიგნი ბურჟუაზიის სახარება გახდა. იმ პირების „მოღვაწეობა“, რომლებიც ფულს „გასაზარდათ“ იძლევიან (ბანკირები და სხვა), საპატიო და ყველასაგან პატივსაცემ ხელობათ გადაიქცა. ფულების მიერ მოცემულ შემოსავლით, ე. ი. პროცენტებით ცხოვრება, — აი ბურჟუაზიულ საზოგადოების წევრთა ოცნება და პატივის მოყვარეობა. კონტის, სპენსერის და მორალის და სამართლიანობის სხვა მოყვარულთა აზრით, ფულების სარგებლით გაცემა მორალის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს. გასაკვირველი არაა, რომ კაპიტალისტები, რომლებიც ამ პროცენტებით ცხოვრობენ, თავის საკვირველ ფილოსოფოსების აზრს იმეორებენ. ეს ხომ ჩვეულებრივია. მაგრამ ჩვენ, რომლებიც სულ სხვა იდეალებს ვეტრფით, უნდა აღვიაროთ, რომ ფეოდალურ ბარონებს ან ძველი დროის პატრიციებს უფრო მაღალი წარმოდგენა ქონდათ ზნეობაზე, როცა მევახშეებს ქურდებათ თვლიდენ.

ყოველ ახალ ისტორიულ ეპოქაში სამართლიანობა და მორალი იცვლება, იცვლება იმ მხრით, რომ გაბატონებული კლასების ინტერესებს და შეხედულებებს შეეგუოს, შეეთანხმოს. „რას ამტკიცებს იდეათა ისტორია“ — ამბობენ მარქსი და ენგელსი კომუნისტურ მანიფესტში — „თუ არ იმას, რომ გონებრივი მოქმედება იცვლება მატერიალურ ცვლილებებთან ერთათ? გაბატონებულ იდეებათ ყოველთვის გაბატონებულ კლასთა იდეები ყოფილან“.

სამართლიანობას და მორალს, რომლებიც გაბატონებულ კლასთა ინტერესების თანახმათ იცვლებიან, ეს უკანასკნელნი თავზე ახვევენ დაჩაგრულ კლასებსაც, რომლებიც იძულებით ღებულობენ მათ, იმის მიუხედავათ, ეწინააღმდეგებიან ისინი მათ ინტერესებს თუ არა.

ჩაგრული კლასებიც თავიანთ მოთხოვნილებებს არა უმაღლესი სამართლიანობის და მორალის სახელით ადგენენ, არამედ იმ მორალის სახელით, რომელიც დღეს „მოდაშია“. მათი უფლებები გაბატონებულ კლასთა ინტერესების ნაკარნახევი უფლებებია. აი მაგალითიც ისტორიიდან:

გაიძახიან, რომ მეომარ საზოგადოებებში შრომას ზიზღით უცქეროდენო. ეს არაა სრული სიმართლე. ილიადას გმირები თითონ მწყესდენ თავის ჯოგებს და მიწასაც თითონ ამუშავებდენ. ხშირათ ისინი ტრაბახობდენ კიდეც, როცა სწორ კვალს გაიყვანდენ. რომაელი პატრიციები და ბერძნების ევპატრიდები ხშირათ ჩამოიხსნიდენ ხოლმე ფარ-ხმალს, რომ სახნისისთვის მოეკიდათ ხელი. საშუალო საუკუნის ფეოდალები იმით იწყებდენ თავის რაინდულ მოწაფობას, რომ რომელიმე კეთილშობილ ოჯახში პაჟებათ ან მოსამსახურეებათ დგებოდენ. რასაც ამ ეპოქაში ზიზღით უყურებდენ — ეს იყო შრომის გაყიდვა. ადამიანი, რომელიც თავის შრომას ყიდდა და ამაში ქირას იღებდა, მონების რაზმში გადადიოდა. თავის, როგორც მონის, გაყიდვით ის თავისუფალ ადამიანის ღირსებას კარგავდა. მაგრამ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ამ დამამცირებელ საქციელს თითონ თავისუფალი ადამიანი სჩადის ყოველდღე. როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ შრომის პროლეტარებს ერთი-ღა დარჩენიათ: ყიდონ თავისი თავი, ყიდონ ფიზიკური შრომა, ყიდონ თავისი გონებრივი სამუშაო, ყიდონ თავიანთი აზრები, ეს ადამიანის წმიდათა წმიდა. კსეიკსი უფასოთ იძლეოდა თავის სურათებს, რადგანაც, როგორც თითონ ამბობდა, სპარსეთის შაჰის მთელი სიმდიდრეც კი ცოტაა იმათ ფასათო; ჩვენი მესსონიები კი თავის სურათებს ხუთ ფრანკათ აძლევენ ვიღაც ჩიკაგოელ ან მასკაუელ ღორის ვაჭრებს, რომლებიც ამ სურათებით თავის cabinets daisance-საც კი ხშირათ რთავენ ხოლმე.

III

ბუნებრივმა წრემ ადამიანი ისეთი შექმნა, რომ მას შეუძლია ცხოვრება როგორც ეკვატორზე, 40-45 გრადუს სითბოს ქვეშ, ისე პოლიუსებზე, სადაც ვერცხლის წყალიც კი იყინება. მართალია, ეს შესანიშნავი თვისება ვირთხასაც აქვს. ბუნებრივ წრის სხვა-და-სხვაობამ დაყო ადამიანთა ტომი სხვა-და-სხვა რასებათ.

მაგრამ ადამიანი, როგორც ჭიანჭველები და სხვა ცხოველები, შეკავშირდა და შექმნა ხელოვნური წრე, ე. ი. წრე, ადამიანის ხელოვნებით წარმოშობილი. ეს ხელოვნური წრე განაგრძობს ბუნების საქმეს, ასხვაფერებს ადამიანს, აუმჯობესებს ზოგიერთ მის მხარეებს, სხვებს სრულიათ სპობს და, ბოლოს, ქმნის საზოგადოებრივ ადამიანს. ის წინააღმდეგობას უწევს ბუნებრივ წრის დამანაწილებელ გავლენას და ადამიანის ტომში ერთ-გვარობას ამკვიდრებს.

იმ ბუნებრივ წრეებში, რომლებიც ეკვატორიდან ერთ და იმავე მანძილზე არიან დაშორებული, ერთნაირი ცხოველები ცხოვრობენ, ერთნაირი მცენარეები ხარობენ. სწორეთ ამგვარათვე, იმ ქვეყნების ხელოვნურ წრეებს, რომლებიც ეკონომიურ წარმოების მხრივ ერთმანეთს ძალიან წააგავენ, დიდი მსგავსება აქვთ ზნეში, ჩვეულებებში, პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ოჯახურ განწყობილებაში, რელიგიაში და ფილოსოფიაში. მაგალითად, სადაც კი არსებობს წარმოების კაპიტალისტური ფორმა, ცივ კანადაში არის ეს თუ ცხელ იტალიაში, ან კიდევ ავსტრალიის ახალ ქვეყნებში, ჩვენ ყველგან ვხედავთ პარლამენტარიზმს პირველათ შეზღუდულ, შემდეგ კი სრულ საარჩევნო უფლებით, ვხედავთ მრუშობით და პროსტიტუციით შეზავებულ მონოგამიურ ოჯახს და, ბოლოს, დეისტურ და იდეალისტურ ფილოსოფიას. ეს მსგავსება ემჩნევა არა მარტო იმ ხალხებს, რომელთაც საუკუნოების განმავლობაში საზოგადოებრივ განვითარების ერთი და იგივე გზა გაუვლიათ, არამედ სხვა და სხვა რასების ნაციებს, რომლებიც ევროპიულ მოძრაობის გავლენის გარეშე ვითარდებოდენ და სწრაფადაც იცვლებოდენ. მაგალითად, იაპონლებმა, შემოიღეს თუ არა თავის ქვეყანაში მექანიკური მრეწველობა, ფეოდალურ წრიდან უცებ კაპიტალისტურ წრეში ამოყვეს თავი. ისინი იძულებული გახდენ შეეცვალათ თავისი პოლიტიკური წყობილება, თავისი კანონები, თვით ტანისამოსიც კი; დღეს ისინი ჩვენს საშინელ ქუდებს ატარებენ. კიდევ ცოტა და — ამაში თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ — მათ თავიანთი პანამა და რუვიეც გაუჩნდებათ.

ამგვარათ, ადამიანი, მის მიერ შექმნილ ხელოვნურ წრის წყალობით, თითონ გახდა თავის თავის შემოქმედი და თავის საზოგადოებრივ ხვედრის ბატონი, მაგრამ მისი მოქმედება შეუგნებელია და ხშირათ მისი სურვილების წინაღმდეგ მიდის, ასე რომ, როგორც გეგელი ამბობს, ადამიანი ხშირათ ისეთ შედეგებს ადგება, რაც მის განზრახვებს ეწინააღმდეგება, რაც მას გათვალისწინებული არ ქონებია. მაგალდითად, კაპიტალისტებმა, რომ თავის კლასის სიმდიდრე გაემრავლებიათ, შემოიღეს და განავითარეს სხვილი მექანიკური მრეწველობა; მათ არ უფიქრიათ, რომ ამით ისინი სპობდენ იმ საშვალო კლასს, რომელიც მათსა და პროლეტარიატს შორის არსებულ გამწვავებულ წინააღმდეგობას ამსუბუქებდა. 1848 წელს ნაციონალურ გვარდიის წევრებმა ბევრ პარიჟის მოსაზღვრე ქალაქებში მოიყარეს თავი იმ მიზნით, რომ ივნისის დღეების მონაწილენი დაეხოცათ და დაეცოთ პერეირები და ფულდები, რომლებიც მათ ფინანსიურ მხრივ ანადგურებდენ. 1841 წელს კი, ტიერის მრავალჯერ მოწოდების მიუხედავათ, არც ერთი გვარდიელი არ დაიძრა ადგილიდან, რომ კომუნას დასცემოდა. მათ რიცხვში გამოჩნდა მხოლოდ ერთი, ფელიქს ფორი, რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი, რომელმაც მოწოდებას პასუხი გასცა: მან გავრიდან მოიტინა ცეცხლის საქრობი მილები, რომ ვერსალელების მიერ დანთებული „პაჟარი“ ჩაექრო. ფინანსისტებმა, სხვილმა მრეწველებმა და სხვილმა ვაჭრებმა წვრილ ბურჟუაზიის შთანთქმით თავისი საუკეთესო დამცველები შთანთქეს. ხალხის სიბრძნემ შეიგნო ეს ისტორიული კანონი და შემდეგ სიტყვებში გამოხატა: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. არა სამართლიანობის შეგნებული ან შეუგნებელი იდეა ამოძრავებს კაცობრიობას, არამედ წარმოების ისტორიული აუცილებლობა. არაფერი არაა მონობის ისტორიაზე უფრო სარწმუნო, რომელიც ამას ნათლათ გვიმტკიცებს.

თუ იდეალისტებს დავუჯერებთ, მონობას ორგვარი ბედნიერება ხვდა წილათ: ის შემოღებულ იქმნა კაცთმოყვარეობით და კაცთმოყვარეობამვე გააუქმა იგი. ადამიანმა თავისი მსგავსის ჭამა იმ დროიდან შესწყვიტა, როცა მის გულში სიყვარულის ნაპერწკალი აპრიალდა. იმავე დროს ამ ჭამითაც ადამიანი თავის მოყვასს თავის უზომო სიყვარულუს უმტკიცებდაო.

ნამდვილათ კი, საკაცთმჭამლო ტრაპეზების მოსპობა ეკონომიურ მიზეზებით და ქალების გავლენით მოხდა. წინათ ასეთ ტრაპეზს მთელი ტომი შემოუსხდებოდა ხოლმე, — როგორც მოზრდილები და ბავშები, ისე ქალებიც. შესჭამდენ რომელიმე მოხუც ნათესავს, რომ ამით ის გაენთავისუფლებიათ იმ ტანჯვა-წვალებისგან, რომელიც მოხუცებულთა ხვედრია. მაგრამ, როდესაც ნადირებით მდიდარ ადგილებში ცხოვრებამ და შინაურ საქონლის მოშენებამ გააადვილა მოხუცების კვება, მაშინ მოხუცებს ნება მისცეს საკუთარი სიკვდილით გარდაცვლილიყვენ. იმავე დროს მაინც სჭამდენ ბრძოლის ველზე დახოცილთა სხეულებს და სამხედრო ტყვეებს. ამ უკანასკნელ მეჯლისებში მარტო მხედრები იღებდენ მონაწილეობას; ქალებს არ ქონდათ ამისი ნება. ყოველივე ეჭვს გარეშეა, რომ ქალებმა, შურის გამო, შეიზიზღეს ასეთი მეჯლისები და უკმაყოფილება გამოუცხადეს იმ მამაკაცებს, რომლებიც ამ კანიბალურ ტრაპეზებში მონაწილეობას იღებდენ. ქალების აზრის ზეგავლენით, კაცებმა თანდათან მიანებეს თავი კაცთ-მჭამლობას და დასტოვეს ის მხოლოდ, როგორც სარწმუნოებრივი ცერემონია.

მონობა შემოღებულ იქმნა მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმოებამ მეურნეობაში და მრეწველობაში განვითარების მაღალ საფეხურს მიახწია, და ადამიანს საშუალება მიეცა ემუშავნა მეტი, ვინემ მის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო და დაემზადებია ის ზედმეტი საგნები, რომლების მითვისებაც სხვებს შეეძლო.

როდესაც, შინაური ომების წყალობით, ველურ და ბარბაროსულ ტომების რიცხვი ძალიან შემცირდა, მათ იწყეს ტყვეების შვილებათ აყვანა, რომ მხედართა დაცლილი რაზმები შეევსოთ. ისინი იშვილებდენ იმ მიზნით, რომ მათგან მუშები შეექმნათ. მონის შვილათ აყვანის ჩვეულება განათლებულ ხალხებშიც კი დაცულა: რომაელები და ბერძნებიც ღებულობდენ მონებს თავის ოჯახის წევრებათ ერთგვარ ცერემონიის შემდეგ, რომელსაც საკურთხევლის წინ ახდენდენ. ასე წარმოიდგინეთ, მონამ თავისი სახელით ოჯახიც კი მონათლა, ასე რომ სიტყვა familia (ოჯახი) წარმოსდგება ძველ ოსკინურ სიტყვისგან famili, რომელიც მონას ნიშნავს. და მართლაც, პარტრიარქალური ოჯახი ქალთა მონობაზეა დამყარებული.

წინათ მონობას რბილი ხასიათი ქონდა: მონა კონპანიონათ, თითქმის სახლის პატრონის ამხანაგათ ითვლებოდა. აი რას ამბობს ამის შესახებ აზარა, რომელმაც XVIII საუკუნეში ბრაზილიის და პარაგვაის ველურ ტომთა შორის ათეული წლები გაატარა და გაიცნო მონობა, როცა ის ისიყო იწყებოდა:

„მ’ბეები [sic] (ყველაზე უფრო მეომარი ტომია პარაგვაიში) იმსახურებენ გვარანებს და მიწას ამუშავებინებენ. ამ მონობას რბილი ხასიათი აქვს, და გვარანებიც ხალისით ემორჩილებიან მას. ბატონი ცოტა ბრძანებას იძლევა, მის კილოს არა აქვს ბრძანების ან ვალდებულების ხასიათი; ის ყველაფერს თავის მონას უყოფს, თვით სხეულის კმაყოფილებასაც კი. მე ვნახე ერთი მ,ბე,ა[sic], რომელიც თითონ სიცივისაგან კანკალებდა, მაგრამ მაინც არ ისარგებლა თავის გვარანის საბნით; ისიც კი არ აფიქრებინა, რომ ის მას ეჭივრებოდა.

მონობას იმ საფეხურზე, რომელსაც ოდისეია აგვიწერს, უკვე დაუკარგავს თავისი პირველყოფილი ადამიანური რბილი ხასიათი, თუმცა აქაც შეხვდებით მეგობრულ გაწყობილებას ბატონსა და მონებს შორის. მაგრამ თანდათან, რაც ცივილიზაცია წინ მიდის, და ფილოსოფია ადამიანის ჭკუას შუქს ფენს, რაც სამართლიანობა თავისუფალ მოქალაქეთა უფლებებს აწესრიგებს, და მორალი კი ადამიანის ნაკლულევანებებს ასწორებს, — მონობა უფრო და უფრო სასტიკ ხასიათს ღებულობს; ათინის და რომ ის ბრწყინვალე ხანებში ის პირდაპირ აუტანელი შეიქნა.

მიუხედავათ ამისა, თვით იდეალისტურ ფილოსოფოსებსაც კი სწამდათ ეს სასტიკი და აუტანელი მონობა. პლატონმა თავის უტოპიურ რესპუბლიკაშიც კი შემოიღო იგი; არისტოტელს ეგონა, რომ ზოგიერთ ადამიანებს თვით ბუნებამ უბრძანა — თქვენ მონებათ დარჩითო. ებრაელების წერილების სიტყვით, თითონ ღმერთმა დაავალა ქამის შთამომავლობას, — მონები აძლიეთ კაცობრიობასო. მაგრამ ბერძენმა მოაზრემ გაითვალისწინა ის, რის გათვალისწინება თვით „ღმერთმაც“ ვერ შესძლო. მან სთქვა, რომ მოვა დრო, როცა მანქანები ამუშავდებიან და თავის წმინდა სამუშაოს თავისთავათ შეასრულებენო. აი, მაშინ მონობასაც ბოლო მოეღებაო.

მონობა, რომლის არა თუ გაუქმებას, უბრალო შეხებასაც კი არ ფიქრობდენ ფილოსოფოსები და ქრისტიანები, გაქრა მაშინ, როცა საწარმოო საშუალებები იმდენათ განვითარდენ, რომ მონობა ექსპლოატაციის უსარგებლო და საეჭვო თვისების საშუალებათ გახდა. შეადარეთ დაქირავებული შრომა მონობას. მონათ-მფლობელმა ჯერ მონა უნდა იყიდოს და თავის თავზე მიიღოს ყველა ის ხარჯები, რომლებიც უბედურ შემთხვევებისაგან და ხშირად, მონის სიკდილისგანაც, მოსალოდნელია; შემდეგ, მან უნდა კვებოს მონა, კვებოს თვით ავათმყოფობის, უმუშევრობის და სიბერის დროსაც, რადგანაც ხომ ვერ დაახრჩობს მას, როგორც ძაღლს[2].

ეს საზრუნავი არ აწუხებს კაპიტალის პატრონს. მას ყოველთვის შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი მუშა იშოვოს; იმავე დროს მუშის შესანახი ხარჯი დღეს დაახლოებით ძველებურ მონის გამოსაკვებ ხარჯს უდრის. კაპიტალისტს თავისუფალი დაქირავებული მუშა სჭირია, და მხოლოდ ეკონომიურ მიზეზებით შეიძლება იმ მოვლენის ახსნა, რომ კაპიტალისტები, რომლებიც თავისუფალ ქალებს და კაცებს ტყავს აძრობენ, იმავე დროს მონობის სასტიკ მოწინააღმდეგებათ გამოდიან.

ანტიკურ სამართლიანობის და მორალის მიერ მოწონებული მონობა არა მარტო მონათმფლობელებს სწამდათ, არამედ თითონ მონებსაც ძვალსა და რბილში ქონდათ გამჯდარი. ძველ დროის მონას ვერ წარმოედგინა მონობის მოსპობა. მონურმა მდგომარეობამ მათში უკმაყოფილების ყოველივე გრძნობა დაახშო, ჩაკლა, სწორეთ ისევე, როგორც ის ხელს უშლიდა, რომ მონათმფლობელის თავში ზნეობის იდეა შეპარულიყო; როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში მონობის საწინააღმდეგო ომმა იფეთქა, გასაჭირი შეიქნა იმდენი მონების თავის მოყრა, რომ მათგან ერთი თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლკი შეედგინათ.

საშუალო საუკუნოებში ფეოდალები თავის ბატონობას მხოლოდ ომების საშუალებით ავრცელებდენ მთელს ქვეყანაზე. იმ გლეხებში, რომლებიც სოფლებში კოლექტიურ საფუძველზე ცხოვრობდენ, მათ ომებით უნდა ჩაეკლათ თანასწორობისა და დამოუკიდებლობის გრძნობები.

გლეხებს არ დასჭირებიათ 1789 წლის ბურჟუაზიის ლოდინი, რომ თანასწორობის გრძნობებით გამსჭვალულიყვენ. მაგრამ რას უნდა გამხდარიყვენ ნადირთა ქურქებში და ცხვრის ტყავებში გახვეული გლეხები ფეოდალურ ბარონების წინააღმდეგ, რომლებიც რკინის აბჯარში იყვენ ჩამჯდარი. ყოველგან, როგორც საფრანგეთში, ისე ინგლისში და გერმანიაში, ისინი დამარცხებულ იქნენ და მეტ გაჭირვებაში, უფრო აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდენ კლერიკალების და ბურჟუების წყალობით.

მაგრამ ალქიმიკოსების ლაბორატორიაში დამზადებულმა თოფის წამალმა, რომ მრეწველობას ხელში ჩავარდნოდა, ბრძოლის ველზე თანასწორობა გამოაცხადა და ფეოდალიზმის სასიკვდილო „პრიგოვორს“ ხელი მოაწერა. მაგრამ, თუ ამ წამალმა ევროპა ფეოდალ სენიორებისაგან გაანთავისუფლა, სამაგიეროთ თან ახალი წელკავი მოიტანა.

ბურჟუაზიას, როგორც ცეცხლის, ისე ეშინია მილიტარიზმის; მას სძაგს ყველა, ვინც ხმალს ატარებს; და რადგანაც ის გამსჭვალულია კეთილშობილურ პატივის მოყვარეობით — ყვლიფოს ყველა, ეროვნების განურჩევლათ, ამიტომ მან ყველა ხალხების ძმობა-ერთობა გამოაცხადა და გვაუწყა, რომ მის ბატონობის დროს მშვიდობიანობა და ვაჭრობა იმეფებსო.

მშვიდობიანობის ლიგის დამაარსებლებს, ამ სამართლიანობის და ძმობის მოციქულებს, გული გაუტყდათ, როცა დაინახეს, რომ მუდმივი ჯარი თან და თან ედებოდა ევროპას, მისი ძალა ძლიერდებოდა, და ომები უფრო და უფრო გამანადგურებელი ხდებოდენ. ეხლა მათ პატრიოტობის ნიღაბი აიფარეს, და თუ წინანდელ ძმობის ქადაგების შემდეგ დღეს აშკარა ხოცვა-ჟლეტას არ გაჰკივიან, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შიშია. ჩვენს დროში ბურჟუა ხომ საზარბაზნე ხორცათ გამხდარა.

გულდამშვიდებით მისცემ ხმას რომელიმე შორეულ კოლონიალურ ექსპედიციას დაგომელების ან მადაგასკარლების წინააღმდეგ, რადგანაც იქ მხოლოდ გლეხები და მუშები იგზავნებიან ტყავის დასახევათ. სულ სხვაა ევროპიული ომი. აქ თითონ ბატონი ბურჟუაც უნდა გამობრძანდეს ბრძოლის ველზე და ხშირათ მსხვერპლათ საკუთარი პერსონა შესწიროს. ეს კი მისთვის სახეირო აღარ არის მას შემდეგ, რაც გაუმჯობესებული თოფები და ასაფეთქი მასალები შემოიღეს, რომ ბრძოლის ველი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე საყასბოთ გადაექციათ, სადაც ათასობით ხალხი უსახელოთ იღუპება.

ხოცვა-ჟლეტას შიმშილი უნდა მოყვეს. მართლაც დღეს ევროპიულმა ომმა ყველა ჯანმრთელი მოქალაქენი საომარ ბაირაღის ქვეშ უნდა დააყენოს. სახელოსნოები უნდა დაცარიელდენ და დაიკეტონ, პური მინდვრად დალპეს, აუარებელი ადგილები დაუხნავი და დაუმუშავებელი დარჩეს, მოსავალი მოისპოს და ორივე მხარე, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული, განადგურდეს და შიმშილის მსხვერპლი შეიქნეს.

მხოლოდ შეშლილები ან ავაზაკები ისურვებენ დღეს ევროპიულ ომს. ამაოხრებელი იარაღების განვითარებამ და გაუმჯობესებამ და მთელი ხალხის მილიტარიზაციამ შეუძლებელი გახადეს ასეთი ომი; მაშასადამე, დადგა დრო, როცა ბურჟუაზიას შეუძლია გულის წადილი აისრულოს: დაითხოვოს მუდმივი ჯარი.

მაგრამ ეკონომიურ პირობებს, რომლებიც უფრო ძლიერია, ვინემ ბურჟუაზიის სურვილები, არ სურთ ამ უკანასკნელთა იდეალის ასრულება.

IV

ათას წლების განმავლობაში ადამიანის თავში ერთი იდეალი ცხოვრობს, — ეს იდეალია არა სამართლიანობის, არამედ მშვიდობიანობის და ბედნიერების, იდეალია ისეთი საზოგადოების, სადაც არ იქნება ჩემი ან შენი, სადაც ყველაფერი ყველას საკუთრება იქნება, სადაც თანასწორობა და ძმობა ადამიანების ერთად ერთ შემაერთებელ კავშირათ გადაიქცევა. ბურუსით მოცულ ისტორიულ ეპოქებში ისეთი გაბედული მეცნიერები, როგორიც არიან პლატონი, მორი და კამპანელლა, მომხიბლველ სურათებში გვიხატავდენ ამ საზოგადოებას, მათი გმირები თავს სწირავდენ ამ იდეალის განრხორციელებას.

ეს იდეალი არ არის ადამიანის ტვინის თვითნებური ნაყოფი; ის იმ ოქროს საუკუნის, იმ ქვეყნიურ სამოთხის მოგონებაა, რომლის შესახებაც რელიგია მოგვითხრობს; ეს არის პირველ-ყოფილ კომუნიზმის იმ შორეულ ეპოქის მოგონება, რომელიც ადამიანს უნდა განევლო, სანამ კერძო საკუთრებას მიადგებოდა, და რომლის არსებობას ამტკიცებს გეკველდერის და შარლვუას ზემოთ მოყვანილი ციტატები.

თუ რომ საბერძნეთის ქალაქებში პლებეების და ღატაკების უთვალავი აჯანყებები, რომელთაც ქონების გასაზოგადოებრიობა ქონდათ სახეში, სასურველათ ვერ დაბოლავდენ, თუ რომ ქრისტიანულ სექტებმა თავის ძმობა-თანასწორობის ქადაგებით ვერაფერს ვერ მიახწირეს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძენ-ლათინთა ქვეყნების დაცემის დროს, როგორც საშუალო ხანის უკანასკელ საუკუნოებში, ეკონომიური პირობები ეწინააღმდეგებოდენ საზოგადო ქონების დაბრუნებას; ამის მაგიერ ისინი სპობდენ პირველ-ყოფილ კომუნიზმის უკანასკნელ ნაშთებს და ბურჟუაზიულ კერძო საკუთრების ელემენტს ჩეკდენ.

ახალი ცხოვრების იდეალი ახალ ალივით აინთო ჩვენს ჭკუაში, მაგრამ ეს ძველის მოგონება კი არ არის, ის თვითონ სინამდვილისგან გამომდინარეობს და ეკონომიურ ცხოვრების სარკეს წარმოადგენს. ჩვენ, ინგლისელ „ლოლარდებივით“ ან ბერძნების პლებეებივით, უტოპისტები, მეოცნებეები არა ვართ; ჩვენ მეცნიერულ ნიადაგზე ვდგევართ და საზოგადოებებს კი არ ვიგონებთ, არამედ კაპიტალისტურ წყობილებიდან გამოგვყავს.

თუ ჩვენ ახალი ცხოვრების მომხრე ვართ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ღრმათ გვწამს, — კაპიტალისტურ წარმოების ეკონომიური ძალები შეუჩერებლათ მიაქანებს საზოგადოებას ამ ახალ ცხოვრებისაკენ.

თუ რომ ჩვენ, რომლებსაც კლასების გაჩენას გვაბრალებენ, პირიქით, მათ მოსპობას მოვითხოვთ — ეს იმიტომ, რომ ეხლა ქრება წარმოების ის პირობები, რომლებიც აუცილებლათ ხდიდენ ხალხის დაყოფვას გაყვლეფილ და გამყვლეფელ კლასებათ.

არისტოტელმა, ამ აზრის დევ-გმირმა, იწინასწარმეტყველა, რომ, როცა მანქანები თითონ შეასრულებენ თავის სამუშაოს, მაშინ თავისუფალ მოქალაქეებს მონები აღარ დასჭირდებათო, და თუ დღეს ჩვენ დაქირავებულ შრომის, მონობის ამ უკანასკნელ ფორმის, დასასრულს ვხედავთ, ეს იმიტომ, რომ ადამიანს თავის განკარგულებაში რკინის მონა, თვითმოძრავი მანქანა, ყავს.

არსად, არასოდეს, არც ერთ ეპოქაში არც ერთ თავისუფალ მოქალაქეს ამდენი მონა არ ყოლია.

აი რამდენიმე ციფრი „სტატისტიკურ კალენდრიდან", რომელიც 1890 წელს იქნა გამოქვეყნებული.

1887 წელს საფრანგეთში 135 748 ორთქლის მანქანა იყო; ისინი მუშაობდენ მრეწველობაში, მეურნეობაში, რკინის გზებზე, წყლებში და ექვს მილიონ ცხენის ორთქლის ძალას უდრიდენ.

უმაღლეს სამთო ადმინისტრაციის აზრით, ერთი ცხენის ორთქლის ძალა 21 კაცის ძალას უდრის; ამგვარათ, 9 მილიონ ცხენის ძალა 189 მილიონ მონას ეთანასწორება.

1886 წლის აღწერით, საფრანგეთში 39 მილიონი მცხოვრებია. ამგვარათ, თვითეულ მცხოვრებზე 4.8 მონა მოდის ანუ ყოველ ისეთ ოჯახს, რომელსაც ხუთი წევრი ყავს, 24 რკინის მონა ხვდება.

ის გარემოება, რომ ამ 189 მილიონ რკინის მონის შრომა ისეთ კლასის მონოპოლიას შეადგენს, რომელსაც მათი არც გაძღოლა და არც შემოწმება შეუძლია, სიღატაკეში აგდებს მწარმოებელს ასეთ კმაყოფილების დროს.

მაგრამ, როდესაც საწარმოო საშუალებები ნაციის საკუთრებათ გახდებიან, ამ ქვეყნათ კვლავ აყვავდება მშვიდობა და ბედნიერება, რადგანაც მაშინ საზოგადოება ეკონომიურ ძალებსაც ისე დაიმორჩილებს, როგორც მან ბუნების ძალები დაიმორჩილა. მაშინ და მხოლოდ მაშინ გახდება ადამიანი თავისუფალი, რადგანაც მხოლოდ მაშინ შეიქნება ის თავის ბედის ბატონ-პატრონი.


[1] ყოველ ეჭვს გარეშე უნდა იყოს ისიც, რომ განათლებული ხალხის ბავშვებიც, ველურებივით, ნივთიერ საგნებს წარმოიდგენენ, როცა ითვლიან.

[2] აი, რა აზრისაა ამის შესახებ იეზუიტი გიური, რომელიც ამ ოცდა ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. თავის კლასიკურ წიგნში „Teologie morale“, რომელიც სემინარიელების მთავარ წიგნათ ითვლება, და რომელმაც პარიზის არქი-ეპისკოპოზის, ყოვლათ უსამღვდელოესის გიბერის სიტყვით, „უკნასკნელ ოცდა ათი წლის განმავლობაში ბედნიერათ შესცვალა საფრანგეთის სასულიერო წოდების სული“. მას მოყავს შემდეგი კითხვა-პასუხი.
კითხვა: „შეუძლია ადამიანს სხვა ადამიანზე საკუთრების უფლება ქონდეს?“
პასუხი: ჯერ ერთი რომ, ბუნებრივ უფლების ძალით, ადამიანს შეუძლია თავის თავი სხვას მიყიდოს, როგორც სასარგებლო საკუთრება. საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანს უფლება აქვს თავის თავი სხვას დროებით გადასცეს, მას ეს სამუდამოთაც შეუძლია, რადგანაც ადამიანს უფლება აქვს სხვას დაუთმოს ის, რასაც თითონ ფლობს. მეორე: მონობა ანუ სამუდამო ქვეშევრდომობა, როცა ადამიანი საზრდოში სხვას თავის შრომას აძლევს, სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ბუნებრივ უფლებას.
იეზუიტ გიურეს, როგორც დახელოვნებულ ლოღიკოსს, მონობა დაქირავებულ შრომიდან და ბუნებრივ უფლებიდან გამოყავს: მის დებულებას ვერ უარყოფს ის, ვინც კაპიტალისტთა კლასს იცავს, და ვისაც ბუნებრივ უფლების არსებობა სწამს.