დაწერილი: ენგელსის მიერ 1876 წ.
გამოქვეყნებული: პირველად დაიბეჭდა ჟურნალ “Neue Zeit”-ში 1896 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქსენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [ხელნაწერის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
შრომა არის წყარო ყოველი სიმდიდრისა, — ამბობენ პოლიტიკური ეკონომისტები. ის მართლაც ასეთია — ბუნებასთან ერთად, რომელიც მას მასალას აწვდის, ხოლო შრომა ამ მასალას სიმდიდრედ აქცევს. მაგრამ ის კიდევ უფრო უსაზღვროდ მეტია, ვიდრე სიმდიდრის წყარო. შრომა ადამიანის მთელი სიცოცხლის პირველი ძირითადი პირობაა და მასთან იმდენად, რომ ჩვენ გარკვეული აზრით უნდა ვთქვათ: შრომამ შეჰქმნა თვით ადამიანი.
მრავალი ასი ათასი წლის წინათ, დედამიწის განვითარების იმ პერიოდის ჯერ კიდევ მტკიცედ დაუდგენელ მონაკვეთში, რომელსაც გეოლოგები მესამეულ პერიოდს უწოდებენ, საფიქრებელია, ამ პერიოდის დამლევს, სადღაც დედამიწის ცხელ ზონაში — ალბათ, რომელიღაც დიდ, ამჟამად ინდოეთის ოკეანეში ჩაძირულ ხმელეთზე — ცხოვრობდა განსაკუთრებით მაღალგანვითარებული ჯიში ადამიანისმსგავსი მაიმუნებისა. დარვინმა მოგვცა ამ ჩვენი წინაპრების დაახლოებითი აღწერილობა. ისინი მთლად ბალნით იყვნენ დაფარული, წვერები და წვეტიანი ყურები ჰქონდათ, და ხეებზე ჯოგებად ცხოვრობდნენ.
საფიქრებელია, რომ უწინარეს ყოვლისა თავიანთი ცხოვრების წესის გამო, რაც ცოცვის დროს ხელებს სხვა ფუნქციებს აკისრებს, ვიდრე ფეხებს, ამ მაიმუნებმა დაიწყეს ვაკე მიწაზე სიარულის დროს ხელების დახმარების გადაჩვევა და სულ უფრო და უფრო ამართული სიარულის შეთვისება. ამით გადამწყვეტი ნაბიჯი იქნა გადადგმული მაიმუნიდან ადამიანზე გადასასვლელად.
ამჟამადაც არსებულ ადამიანისმსგავს ყველა მაიმუნს შეუძლია ამართული დგომა და მხოლოდ ორ ფეხზე სიარული. მაგრამ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში და ისიც მეტისმეტად უმწეოდ. მათი ბუნებრივი სიარული ნახევრადამართულ მდგომარეობაში ხდება და ხელების გამოყენებას შეიცავს. მათი უმეტესობა სიარულის დროს დამუჭული ხელის თითების შუა ფალანგებს მიწას აბრჯენს და ყავარჯნებით მოსიარულე კოჭლი კაცივით ტანს მოკეცილი ფეხებით გრძელ ხელებს შორის წინ გადასწევს. საერთოდ ჩვენ ახლაც შეგვიძლია დავაკვირდეთ მაიმუნებში ყველა გარდამავალ საფეხურს ოთხით სიარულიდან ორ ფეხზე სიარულამდე. მაგრამ არც ერთი მათგანისათვის ორ ფეხზე სიარული მეტ არაფრად ქცეულა, თუ არა იძულებით ხერხად, რომელსაც ისინი უკიდურესი საჭიროების დროს მიმართავენ.
თუ ამართული სიარული ჩვენი ბალნიანი წინაპრებისათვის ჯერ წესად, ხოლო დროთა განმავლობაში კი აუცილებლობად უნდა ქცეულიყო, მაშინ ეს იმას გულისხმობს, რომ ამასობაში ხელებს სულ უფრო და უფრო მეტი სხვაგვარი საქმიანობა ხვდებოდა წილად. თვით მაიმუნებშიაც კი უკვე ხელისა და ფეხის გამოყენების გარკვეული დანაწილებაა გაბატონებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცოცვის დროს ხელი სხვაგვარად გამოიყენება, ვიდრე ფეხი. ხელს უმთავრესად საზრდოს მოსაგროვებლად და დასაჭერად იყენებენ, როგორც ამას უკვე ზოგიერთი დაბალი ძუძუმწოვარი ცხოველი აკეთებს წინა თათებით. ხელით ზოგიერთი მაიმუნი ხეზე ბუდეს იშენებს ანდა, როგორც შიმპანზე, ტოტებს შუა სახურავსაც კი იკეთებს ავდარში თავის შესაფარებლად. მტრებისაგან თავის დასაცავად ისინი ხელს ჰკიდებენ კეტს ანდა ნაყოფებსა და ქვებს უშენენ მათ. ისინი ტყვეობაში უამრავ მარტივ, ადამიანებისაგან გადმოღებულ ოპერაციებს ხელით ასრულებენ. მაგრამ სწორედ აქ მჟღავნდება, თუ რა დიდია მანძილი თვით ყველაზე უფრო ადამიანისმსგაგსი მაიმუნის განუვითარებელ ხელსა და ადამიანის ასი ათას წლობით შრომით უაღრესად გაწაფულ ხელს შორის. ძვლებისა და კუნთების რიცხვი და საერთო განლაგება ორივეს ერთნაირი აქვთ; მაგრამ მაინც თვით ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ველურის ხელს ასობით ისეთი ოპერაციების შესრულება შეუძლია, რომელთაც ვერც ერთი მაიმუნის ხელი ვერ წაბაძავს. არც ერთ მაიმუნის ხელს არასოდეს არ გაუკეთებია თუნდაც სულ უხეში ქვის დანაც კი.
ამიტომ ის ოპერაციები, რომელთაც ჩვენი წინაპრები მაიმუნიდან ადამიანზე გადასვლის ეპოქაში მრავალი ათასი წლის მანძილზე თანდათან აჩვევდნენ თავის ხელს, თავიდან მხოლოდ ძალიან მარტივი შეიძლებოდა ყოფილიყო. სულ უდაბლეს საფეხურზე მყოფი ველურები, თვით ისინიც კი, რომელთა მიმართ შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი უფრო მეტად, ერთდროულ ფიზიკურ გადაგვარებასთან ერთად, ცხოველის მაგვარ მდგომარეობას უბრუნდებიანო, მაინც გაცილებით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ის გარდამავალი ქმნილებანი. ვიდრე ადამიანის ხელი პირველ კაჟს დანად გადააქცევდა, ალბათ, დროის ისეთი გრძელი პერიოდი უნდა გასულიყო, რომელთან შედარებით ჩვენთვის ცნობილი ისტორიული ხანა უმნიშვნელო პერიოდად მოჩანს. მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმული იყო: ხელი განთავისუფლდა და ახლა უკვე შეეძლო სულ ახალ-ახალი ხერხიანობა შეეთვისებინა, ხოლო ამ გზით შეძენილი უფრო მეტი მოქნილობა მემკვიდრეობით გადადიოდა და თაობიდან თაობამდე იზრდებოდა.
ამრიგად, ხელი არის არა მარტო შრომის ორგანო, იგი მისი პროდუქტიცაა. მხოლოდ შრომის წყალობით, სულ ახალ-ახალი ოპერაციებისადმი შეგუებით, კუნთების, იოგებისა და, დროის ხანგრძლივ პერიოდებში, აგრეთვე ძვლების, ამ გზით შეძენილი განსაკუთრებული განვითარების მემკვიდრეობით გადაცემის წყალობით, და ამ მემკვიდრეობით მიღებულ დახვეწილობათა ახალ, სულ უფრო და უფრო გართულებულ ოპერაციებზე მუდამ განახლებული გამოყენებით, ადამიანის ხელმა სრულქმნილობის იმ მაღალ საფეხურს მიაღწია, რომელზედაც მან შესძლო ჯადოსნური ძალით შეექმნა რაფაელის ნახატები, თორვალდსენის ქანდაკებანი, პაგანინის მუსიკა.
მაგრამ ხელი განმარტოებით როდი იდგა. იგი მთლიანის, უაღრესად რთული ორგანიზმის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი იყო. და ის, რაც ხელისათვის სასარგებლო იყო, სასარგებლო იყო აგრეთვე მთელი სხეულისათვის, რომელსაც ის ემსახურებოდა, და თანაც სასარგებლო ორმხრივ.
უპირველეს ყოვლისა, ზრდის თანაფარდობის კანონის გამო, როგორც მას დარვინმა უწოდა. ამ კანონის თანახმად ორგანული არსების ცალკეული ნაწილების გარკვეული ფორმები მუდამ დაკავშირებული არიან სხვა ნაწილების გარკვეულ ფორმებთან, რომელთაც, ასე ჩანს თითქოს არავითარი კავშირი არ აქვთ მათთან. ასე, მაგალითად, ყველა ცხოველს, რომელსაც სისხლის წითელი უჯრედები ბირთვის გარეშე გააჩნია და რომელსაც კეფა ხერხემლის პირველ მალთან ორი სასახსრე ბორცვით აქვს შეერთებული, ჩვილთა ძუძუს საწოვებლად გამოუკლებლივ სარძევე ჯირკვლებიც მოეპოვება. ასევე ძუძუმწოვარ ცხოველებში გაყოფილი ჩლიქი, როგორც წესი, ცოხნისთვის საჭირო რთულ კუჭთანაა დაკავშირებული. გარკვეული ფორმების ცვლილებანი სხეულის სხვა ნაწილთა ფორმების ცვლილებებს იწვევენ, თუმცა ამ კავშირის ახსნა ჩვენ არ შეგვიძლია. მთლად თეთრი, ლურჯთვალებიანი კატები მუდამ ან თითქმის ყოველთვის, ყრუები არიან. ადამიანის ხელის თანდათანობით გაფაქიზება-დახვეწილობამ და მასთან ერთად ამართული სიარულისათვის ფეხის განვითარებამ იმავე თანაფარდობის კანონის ძალით უეჭველად უკუზეგავლენა მოახდინა ორგანიზმის სხვა ნაწილებზეც. მაგრამ ამგვარი ზემოქმედება ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებად არის გამოკვლეული და ამიტომ ჩვენ აქ მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ იგი ზოგადად დავადასტუროთ.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დანარჩენ ორგანიზმზე ხელის განვითარების პირდაპირი უკუზემოქმედება, რაც უფრო ადვილდასამტკიცებელია. როგორც უკვე ვთქვით, მაიმუნის მსგავსი ჩვენი წინაპრები საზოგადოებრივი, ცხოველები იყვნენ; ცხადია, რომ შეუძლებელია ადამიანის, ამ ყველაზე უფრო საზოგადოებრივი ცხოველის, არასაზოგადოებრივი უახლოესი წინაპრებისაგან გამოყვანა. ხელის განვითარებასთან, შრომასთან ერთად დაწყებული ბუნებაზე ბატონობა ყოველ ახალ წინსვლასთან ერთად აფართოებდა ადამიანის თვალთახედვის არეს. ბუნებოივ საგნებში იგი განუწყვეტლივ აღმოაჩენდა ახალ, მანამდე უცნობ თვისებებს. მეორე მხრივ, შრომის განვითარება აუცილებლად ხელს უწყობდა იმას, რომ საზოგადოების წევრები უფრო მჭიდროდ შეკავშირებულიყენენ, ვინაიდან იგი ურთიერთ მხარდაჭერის, საერთო მოქმედების შემთხვევებს ამრავლებდა და ამ ერთად მოქმედების სარგებლობის შეგნებას თვითეული ცალკე ინდივიდუუმისათვის ნათელს ხდიდა. მოკლედ როპ ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანები იქამდე მივიდნენ, რომ მათ ერთმანეთისათვის რაღაც უნდა ეთქვათ. მოთხოვნილებამ თავის ორგანო შეჰქმნა: მაიმუნის განუვითარებელი ხორხი ნელ-ნელა, მაგრამ ურყევად განიცდიდა გარდაქმნას მოდულაციის გზით სულ უფრო და უფრო განვითარებული მოდულაციისათვის, ხოლო პირის ორგანოები თანდათან ეჩვეოდნენ დანაწევრებული ბგერების ერთიმეორეზე გამოთქმას.
შრომიდან და შრომასთან ერთად ენის წარმოშობის ეს ახსნა რომ ერთადერთი სწორი ახსნაა, ამას ამტკიცებს ცხოველებთან შედარება. ის მცირეოდენი რამ, რაც ამ უკანასკნელებმა, მათ შორის თვით ყველაზე უფრო განვითარებულებმაც კი, ერთმანეთს უნდა შეატყობინონ, შეუძლიათ ერთმანეთს დანაწევრებული მეტყველების გარეშეც გაუზიარონ. ბუნებრივ მდგომარეობაში არც ერთი ცხოველი არ გრძნობს ნაკლოვანებას იმის გამო, რომ არ შეუძლია ილაპარაკოს ანდა ადამიანის ენა გაიგოს. სულ სხვაა, როდესაც ცხოვილი ადამიანის მიერ არის მოშინაურებული. ძაღლმა და ცხენმა ადამიანებთან ურთიერთობაში დანაწევრებული მეტყველების მიმართ ისეთი მახვილი სმენა განივითარეს, რომ ისინი ყოველი ენის გაგებას იმდენად ადვილად სწავლობენ, რამდენადაც მათი წარმოდგენების არე სწვდება. შემდეგ მათ შეიძინეს ისეთი გრძნობების უნარი, როგორიცაა ადამიანისადმი ერთგულების გრძნობა, მადლობის გრძნობა და ა. შ., რაც ადრე მათთვის უცხო იყო; ვისაც კი ასეთ ცხოველებთან ბევრჯერ ჰქონია საქმე, ძნელად თუ შეუძლია დაფაროს ის რწმენა, რომ საკმაო შემთხვევები არსებობს, როცა ეს ცხოველები თავიანთ ლაპარაკის უნარის უქონლობას ახლა შეიგრძნობენ როგორც ნაკლს, რასაც, რა თქმა უნდა, მათი ხმის ორგანოების გარკვეული მიმართულებით მეტისმეტი სპეციალიზაციის პირობებში, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება. მაგრამ სადაც სათანადო ორგანო არსებობს, იქ ეს უუნარობაც ჰქრება გარკვეულ ფარგლებში. ფრინველთა პირის ორგანოები, რასაკვირველია, რამდენადაც კი შეიძლება, უდავოდ განსხვავდება ადამიანის პირის ორგანოებისაგან, მაგრამ ფრინველები მაინც ერთადერთი ცხოველები არიან, რომელნიც ლაპარაკს სწავლობენ; და ყველაზე საზარელი ხმის პატრონი ფრინველი,, თუთიყუში, ყველაზე უკეთესად ლაპარაკობს. ნუ ვიტყვით, რომ თუთიყუშს არ ესმის ის, რასაც ლაპარაკობს. რასაკვირველია, თუთიყუში მხოლოდ იმ სიამოვნების გამო, რომელსაც მას ლაპარაკი და ადამიანთა საზოგადოება ჰგვრის, საათობით განუწყვეტლივ იმეორებს ლაქლაქით სიტყვების მთელ თავის მარაგს. მაგრამ რამდენსაც მისი წარმოდგენათა წრე გასწვდება, იმდენად შეუძლია კიდევაც იმის გაგებაც ისწავლოს, რასაც ლაპარაკობს. ასწავლეთ თუთიყუშს სალანძღავი სიტყვები ისე, რომ მან მათს მნიშვნელობაზე წარმოდგენა მიიღოს (ერთ-ერთი მთავარი გასართობი ცხელი ქვეყნებიდან შინ მიმავალი მეზღვაურებისა), შემდეგ გააჯავრეთ, და მალე აღმოაჩენთ, რომ მან თავისი სალანძღავი სიტყვების ისევე სწორად გამოყენება იცის, როგორც ბერლინელმა მემწვანილე ქალმა. ასევე იქცევა ის ტკბილეულობის გამოსაცინცლავად.
ჯერ შრომა, ხოლო მის შემდეგ და მერე კი მასთან ერთად ენა — აი ის ორი ყველაზე უფრო არსებითი სტიმული, რომელთა ზეგავლენითაც მაიმუნის ტვინი თანდათან იქცა ადამიანის ტვინად, რომელიც, მაიმუნის ტვინთან მთელი მსგავსების მიუხედავად, გაცილებით უფრო დიდია და უფრო სრულქმნილი. მაგრამ ტვინის შემდგომ განვითარებასთან ხელიხელჩაკიდებული ხდებოდა მისი უახლოესი იარაღების, გრძნობათა ორგანოების შემდგომი განვითარებაც. ისე, როგორც მეტყველების თანდათანობით განვითარებას აუცილებლად თან სდევს სმენის ორგანოს სათანადო დახვეწა-გაფაქიზება, ასევე ტვინის განვითარებას საერთოდ თან ახლავს ერთობლივ ყველა გრძნობის გაუმჯობესება. არწივი ბევრად უფრო შორს ხედავს, ვიდრე ადამიანი, მაგრამ ადამიანის თვალი ნივთებში გაცილებით მეტს ამჩნევს, ვიდრე არწივის თვალი. ძაღლს გაცილებით უფრო ფაქიზი ყნოსვა აქვს, ვიდრე ადამიანს, მაგრამ იგი ვერ არჩევს იმ სუნთა მეასედ ნაწილსაც კი, რომლებიც ადამიანისათვის სხვადასხვა ნივთის გარკვეულ ნიშნებს წარმოადგენენ. ხოლო შეხების გრძნობა, რომელიც მაიმუნს ძლივს მოეპოვება ყველაზე უფრო უხეში, ჩანასახოვანი ფორმით, მხოლოდ თვით ადამიანის ხელის განვითარებასთან ერთად, შრომის წყალობით, გამომუშავდა.
ტვინისა და მისდამი დაქვემდებარებული გრძნობების განვითარების, სულ უფრო და უფრო ნათელქმნილი ცნობიერების, აბსტრაქციისა და დასკვნის უნარის განვითარების უკუზეგავლენა შრომასა და ენაზე, ორივეს სულ ახალ-ახალ ბიძგს აძლევდა შემდგომი განვითარებისათვის, რომელიც არამც თუ არ დასრულდა მას შემდეგ, რაც ადამიანი საბოლოოდ მაიმუნს გამოეყო, არამედ მას შემდეგ საერთოდ და მთლიანად მძლავრი ნაბიჯით წავიდა წინ სხვადასხვა ხალხებსა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ხარისხითა და მიმართულებით, თუმცა შიგადაშიგ ზოგჯერ წყდებოდა ხოლმე ეს შემდგომი განვითარება ადგილობრივ და დროებით უკუსვლათა გამო; ერთი მხრივ, ამ განვითარებამ მიიღო ახალი მძლავრი ბიძგი, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო გარკვეული მიმართულებით წარიმართა იმის მეოხებით, რომ უკვე დასრულებული ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა კიდევ ახალი ელემენტი — საზოგადოება.
უთუოდ ასი ათასმა წლებმა განვლო — ეს დედამიწის ისტორიაში იმაზე მეტი როდია, რაც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში[1], — ვიდრე ხეებზე მცოცავი მაიმუნების ჯოგიდან ადამიანთა საზოგადოება წარმოსდგებოდა. მაგრამ საბოლოოდ საზოგადოება მაინც გაჩნდა. ხოლო კვლავ რა დამახასიათებელ განსხვავებას ვხედავთ მაიმუნთა ჯოგსა და ადამიანთა საზოგადოებას შორის? შრომას. მაიმუნთა ჯოგი იმით კმაკოფილდებოდა ხოლმე, რომ სულ ერთიანად გადასჭამდა საზრდოს იმ რაიონს, რომელიც მას წილად ხვდებოდა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ან მეზობელი ჯოგების წინააღმდეგობის შედეგად; იგი იწყებდა ხეტიალსა და ბრძოლებს საზრდოს ახალი რაიონის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ მას არ ჰქონდა იმის უნარი, რომ საზრდოს ამა თუ იმ რაიონიდან იმაზე მეტი მიეღო, რასაც ეს რაიონი ბუნებით იძლეოდა, გარდა იმისა, რომ ჯოგი შეუგნებლად აპოხიერებდა ნიადაგს თავისი ეკსკრემენტებით. როგორც კი საზრდოს მომცემ ყველა შესაძლო რაიონს დაიკავებდნენ, მაიმუნთა მოსახლეობის გამრავლება შეუძლებელი ხდებოდა; უკეთეს შემთხვევაში, ცხოველთა რიცხვი ერთი და იგივე შეიძლებოდა დარჩენილიყო. მაგრამ ყველა ცხოველებში ადგილი აქვს საზრდოს უკიდურეს გაფლანგვას და ამასთან საზრდოს ნამატის ჩანასახშივე ჩაკვლას. მგელი, მონადიროსაგან განსხვავებით, არ ზოგავს შველს, რომელიც მომავალ წელს მას ნუკრებს მისცემდა. საბერძნეთში თხებმა, რომლებიც წვრილი ბუჩქნარის ნორჩ ყლორტებს ჰკორტნიან და გაზრდას არ აცლიან, ამ ქვეყნის ყველა მთა გადასძოვეს და გაატიტვლეს. ცხოველთა ეს “მტაცებლური მეურნეობა” მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახეთა თანდათანობით გარდაქმნაში, აიძულებს მათ სხვა, მათთვის უჩვევ საზრდოს შეეგუონ, რითაც მათი სისხლი სხვა ქიმიურ შემადგენლობას იძენს, და მთელი სხეულის კონსტიტუცია თანდათანობით სხვანაირდება, მაშინ როდესაც ერთხელ უკვე დადგენილი სახეები თანდათანობით გადაშენდებიან. უეჭველია, რომ ამ მტაცებლურმა მეურნეობამ ძლიერ შეუწყო ხელი ჩვენი წინაპრების ადამიანად გადაქცევას. მაიმუნების ის რასა, რომელიც გონიერებითა და შეგუების უნარით ყველა დანარჩენებს ბევრად წინ უსწრებდა, ამ მტაცებლურ მეურნეობას იქამდე უნდა მიევანა, რომ საკვები მცენარეების რიცხვი სულ უფრო და უფრო გაედიდებინა, რომ ამ საკვებ მცენარეთაგან სულ უფრო და უფრო მეტი საჭმელად ვარგისი ნაწილების მოხმარება ხდებოდა, მოკლედ, საზრდო სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანდებოდა და მასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა აგრეთვე სხეულში შემავალი მასალა, ადამიანად ქცევის ქიმიური პირობები. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი შრომა. შრომა იარაღების დამზადებით იწყება. და რას წარმოადგენენ უძველესი იარაღები, რომელთაც ჩვენ ვპოულობთ? — უძველესი იარაღები, თუ ვიმსჯელებთ წინაისტორიულ ადამიანთა მიერ მემკვიდრეობით დატოვებული და ჩვენს მიერ ნახული ნივთების მიხედვით და ყველაზე უფრო ადრინდელი ისტორიული ხალხების, ისევე როგორც ახლანდელი ყველაზე პრიმიტიული ველურების ცხოვრების წესის მიხედვით? ესენი ნადირობისა და მეთევზეობის იარაღებია; პირველნი ამავე დროს საომარი იარაღიცაა. მაგრამ ნადირობა და თევზის ჭერა მარტოოდენ მცენარეულით საზრდოობიდან ხორცის ჭამაზე გადასვლასაც გულისხმობს; ეს კი კვლავ არსებითი ნაბიჯია ადამიანად გარდაქმნისაკენ. ხორცეულის საჭმელი თითქმის მზა სახით შეიცავდა ყველაზე არსებით მასალას, რომელსაც სხეული საჭიროებს, თავის ნივთიერებათა ცვლისათვის; ხორცეულის საჭმელმა მონელებასთან ერთად შეამოკლა სხვა ვეგეტატური, მცენარეული ცხოვრების შესაბამი პროცესების ხანგრძლივობა სხეულში და ამით უფრო მეტი დრო, მეტი მასალა და ხალისი შეიძინა საკოთრივ ცხოველური (ანიმალური) ცხოვრების აქტიური გამოვლენისათვის. და რამდენადაც უფრო შორდებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანი მცენარეს, იმდენად უფრო მეტად მაღლდებოდა იგი ცხოველზედაც. ისე, როგორც ხორცთან ერთად მცენარეულ საჭმელზე მიჩვევამ გარეული კატები და ძაღლები ადამიანის მსახურებად აქცია, ასევე მცენარეულ საჭმელთან ერთად ხორცეულის საჭმელზე მიჩვევამ არსებითად ხელი შეუწყო იმას, რომ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანს ფიზიკური ძალა და დამოუკიდებლობა მისცემოდა. მაგრამ ყველაზე უფრო არსებითი იყო ხორცეულის საჭმელის გავლენა ტვინზე, რომელმაც ამის გამო ახლა თავის გამოკვებისა და განვითარებისათვის საჭირო მასალა ბევრად უფრო უხვად მიიღო, ვიდრე უწინ იღებდა, და რომელსაც ამიტომ შეეძლო თაობიდან თაობამდე უფრო ჩქარა და უფრო სრულქმნილად განვითარებულიყო. ნება გვიბოძონ ბატონ ვეგეტარიანელებმა განვაცხადოთ, რომ ადამიანი ადამიანად ვერ იქცეოდა ხორცეულის საჭმელის გარეშე, და თუ ხორცის ჭამას ჩვენთვის ცნობილ ყველა ხალხებში ამა თუ იმ პერიოდში ერთხანს კაციჭამიობაც კი მოჰყვა (ბერლინელების წინაპრები, ველეტაბები ანუ ვილცები, ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში თავიანთ მშობლებს სჭამდნენ), დღეს ამას ჩვენთვის უკვე აღარ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.
ხორცეულის საკვებს მოჰყვა ორი ახალი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე წინსვლა: ცეცხლის გამოყენება და ცხოველთა მოშინაურება. პირველმა კიდევ უფრო შეამოკლა საჭმლის მონელების პროცესი, ვინაიდან იგი საჭმელს, ასე ვთქვათ, ნახევრად მონელებული სახით აწვდიდა პირს; მეორემ კი ხორცეულის საჭმლის მარაგი კიდევ უფრო გაამდიდრა, ვინაიდან ნადირობის გვერდით მან აღმოაჩინა ახალი წყარო, საიდანაც ამ საჭმლის მიღება უფრო რეგულარულად შეიძლებოდა, და, გარდა ამისა, რძისა და მისი ნაწარმების სახით ნივთიერებათა შემადგენლობით ყოველ შემთხვევაში ხორცის ტოლფასი საზრდოსაშუალება მისცა. ამრიგად, ორივე უშუალოდ, პირდაპირ გადაიქცა ადამიანისათვის ემანსიპაციის ახალ საშუალებად; მათი არაპირდაპირი შედეგების დაწვრილებით განხილვა აქ ძალიან შორს წაგვიყვანდა და მათზე ვერ შევჩერდებით, რაგინდ დიდად მნიშვნელოვანი ყოფილიყვნენ ისინი ადამიანისა და საზოგადოების განვითარებისათვის.
ისევე როგორც ადამიანმა ყოველივე საჭმელად ვარგისი საკვების ჭამა ისწავლა, ასევე ისწავლა და შეეჩვია იგი ყოველგვარ ჰავაში ცხოვრებასაც. იგი მოედო საცხოვრებლად გამოსადეგ მთელ დედამიწას; ის ერთადერთი ცხოველი იყო, რომელსაც საამისოდ თვით შესწევდა სრული ძალა. სხვა ცხოველებმა, რომლებიც ყოველნაირ ჰავას შეეჩვივნენ, ეს თვითონ კი არ შეითვისეს დამოუკიდებლად, არამედ მხოლოდ ადამიანთან თანხლებით: ასეთები არიან შინაური ცხოველები და პარაზიტი მწერები. ხოლო თავდაპირველი სამშობლოს თანაბრად ცხელი ჰავიდან უფრო ცივ მხარეებში გადასვლამ, სადაც წელიწადი ზამთრად და ზაფხულად იყოფოდა, ახალი საჭიროებანი წარმოშვა: — ბინისა და ტანსაცმლისა სიცივისა და სინესტისაგან დასაფარავად, მაშასადამე, წარმოიშვა შრომის ახალი დარგები და ამით საქმიანობის ახალი სახეები, რაც კიდევ უფრო აშორებდა ადამიანს ცხოველისაგან.
ხელის, მეტყველების ორგანოებისა და ტვინის ერთობლივი მოქმედებით არა მარტო ცალკ-ცალკე, არამედ საზოგადოებაშიც, ადამიანებმა შეიძინეს სულ უფრო და უფრო რთული ოპერაციების შესრულების, უფრო მაღალი მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის უნარი. თვით შრომა თაობიდან თაობამდე სხვანაირი, უფრო სრულქმნილი, უფრო მრავალმხრივი ხდებოდა. ნადირობასა და მესაქონლეობას მიემატა მიწათმოქმედება, ამ უკანასკნელს რთვა და ქსოვა, ლითონის დამუშავება, მეთუნეობა, ნაოსნობა. ვაჭრობისა და ხელოსნობის გვერდით გაჩნდა ბოლოს ხელოვნება და მეცნიერება, ტომებიდან განვითარდნენ ერები და სახელმწიფოები. განვითარდა სამართალი და პოლიტიკა და მათთან ერთად ადამიანური ყოფის ფანტასტიკური ასახვა ადამიანის თავში: რელიგია. ყველა ამ წარმონაქმნის წინაშე, რომელნიც უპირველეს ყოვლისა ადამიანის თავის პროდუქტებს წარმოადგენენ და რომელნიც თითქოს ადამიანთა საზოგადოებებზე გაბატონებულად მოჩანდნენ, მომუშავე ხელის უფრო სადა ნაწარმოებნი უკანა რიგში დადგნენ; და სახელდობრ უფრო იმიტომ, რომ შრომის დამგეგმავ თავს საზოგადოების განვითარების ჯერ კიდევ ძალიან ადრინდელ საფეხურზე (მაგალითად, უკვე პირველყოფილ ოჯახში) შეეძლო სხვისი ხელები და არა თავისი აეძულებინა მის მიერ დაგეგმილი სამუშაო შეესრულებინათ. თავს, ტვინის განვითარებასა და მოღვაწეობას მიაწერდნენ სწრაფად წინმავალი ცივილიზაციის ყველა დამსახურებას; ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ თავიანთი მოქმედება თავიანთი აზროვნებით აეხსნათ, ნაცვლად იმისა, რომ აეხსნათ ის თავიანთი მოთხოვნილებებით (რომლებიც ამასთანავე, რასაკვირველია, თავში აისახებიან, შეიცნობიან) — და ამრიგად წარმოიშვა დროთა განმავლობაში ის იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც სახელდობრ ანტიკური ქვეყნის დაღუპვის დღიდან დაეუფლა ადამიანთა გონებას. ის ჯერ კიდევ იმდენად ბატონობს, რომ დარვინის სკოლის თვით ყველაზე უფრო მატერიალისტ ბუნებისმკვლევართაც ჯერ კიდევ ვერ შეუდგენიათ ნათელი წარმოდგენა ადამიანის წარმოშობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული იდეალისტური ზეგავლენის გამო ვერ გაუგიათ ის როლი, რომელსაც მასში შრომა ასრულებდა.
ცხოველები, როგორც გაკვრით უკვე აღვნიშნეთ, თავიანთი მოქმედებით ისევე სცვლიან გარე ბუნებას, თუმცა არა იმდენად, როგორც ადამიანი, და მათ მიერვე მოხდენილი ეს ცვლილებანი გარემოსი, როგორც დავინახეთ, თავის მხრივ უკუზეგავლენას ახდენენ თავიანთ გამომწვევებზე და სცვლიან მათ. ბუნებაში ხომ განკერძოებულად არაფერი არ ხდება. თვითეული მოქმედებს მეორეზე და პირიქით, და აი უმეტესად ამ ყოველმხრივი მოძრაობისა და ურთიერთმოქმედების დავიწყებაა, რომ ხელს უშლის ჩვენს ბუნებისმკვლევართ უმარტივეს საგნებში ნათლად ჩაიხედონ. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ აბრკოლებენ თხები ტყეების აღდგენას საბერძნეთში; წმინდა ელენეს კუნძულზე პირველ მეზღვაურთა მიერ ამ მიწაზე გადმოყვანილმა თხებმა და ღორებმა თითქმის ძირფესვიანად გაანადგურეს კუნძულის მთელი ქველი მცენარეულობა და ამრიგად მოამზადეს ის ნიადაგი, რომელზეც შემდგომი მეზღვაურებისა და კოლონისტების მიერ შემოტანილმა მცენარეებმა შესძლეს გავრცელება. მაგრამ როდესაც ცხოველები თავიანთ გარემოზე ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენენ, ეს განუზრახველად ხდება, და თვითონ ამ ცხოველებისათვის რაღაც შემთხვევითია. მაგრამ რაც უფრო მეტად შორდებიან ადამიანები ცხოველებს, მით უფრო მათი ზეგავლენა ბუნებაზე წინასწარ განზრახული, გეგმაზომიერი, გარკვეული, წინასწარ ცნობილი მიზნისაკენ მიმართული მოქმედების ხასიათს იღებს. ცხოველი ანადგურებს რომელიმე კუთხის მცენარეულობას და არ იცის რას სჩადის. ადამიანი კი მას იმისათვის ანადგურებს, რომ განთავისუფლებულ ნიადაგზე მარცვლეული დათესოს ან ხეები და ვაზები დარგოს, რადგან იცის, რომ ისინი მას ბევრად მეტ მოსავალს მისცემენ. მას სასარგებლო მცენარეები და შინაური ცხოველები ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაჰყავს, და ამრიგად სცვლის ქვეყნის მთელი მხარეების მცენარეულობასა და ცხოველთა ყოფაცხოვრებას. კიდევ მეტი. ხელოვნური მოშენების წყალობით როგორც მცენარეები ისე ცხოველები იმგვარად იცვლებიან ადამიანის ხელში, რომ მათი გამოცნობა შეუძლებელი ხდება. დღემდე ამაოდ ვეძებთ იმ გარეულ მცენარეებს, რომელთაგან ჩვენი მარცვლეულის სახები წარმოსდგებიან. ჯერ კიდევ მაინც სადავოა, თუ რომელი გარეული ცხოველისაგან წარმოსდგებიან ჩვენი ძაღლები, რომელნიც თვით ერთმანეთისაგანაც ესოდენ განსხვავდებიან, ანდა ცხენების ჩვენი ასევე მრავალრიცხოვანი ჯიშები.
თუმცა თავის თავად გასაგებია, რომ ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ცხოველთა გეგმაზომიერი, წინასწარმოფიქრებული მოქმედების უნარი უარვყოთ. პირიქით. გეგმაზომიერი მოქმედების წესი ჩანასახოვანი ფორმით უკვე ყველგან არსებობს, სადაც კი პროტოპლაზმაა, სადაც ცოცხალი ცილა არსებობს და რეაგირებას ახდენს, ე. ი. ასრულებს გარკვეულ, თუმცა ჯერ კიდევ სულ მარტივ მოძრაობებს როგორც გარედან გამოწვეული გარკვეული გაღიზიანების შედეგს. ასეთ რეაქციას ადგილი აქვს იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს არავითარი უჯრედი, ნერვის უჯრედზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის ხერხი, რომლითაც მწერიჭამია მცენარეები თავიანთ მსხვერპლს იჭერენ, ასევე გეგმაზომიერია გარკვეული მიმართებით, თუმცა სრულიად არაცნობიერად. ცხოველებს ცნობიერი, გეგმაზომიერი მოქმედების უნარი უვითარდებათ ნერვიული სისტემის განვითარების შესაბამისად, და ძუძუმწოვარ ცხოველებში ეს უნარი უკვე მაღალ საფეხურს აღწევს. ინგლისში მელიებზე ძაღლებით ნადირობის დროს ყოველდღიურად შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ ზედმიწევნით იცის მელიამ ადგილმდებარეობის თავისი დიდი ცოდნის გამოყენება, რათა თავი დააღწიოს თავის მდევრებს, რა კარგად იცნობს და იყენებს იგი ნიადაგის იმ მისთვის ხელსაყრელ თვისებებს, რომელნიც ხელს უწყობენ მისი კვალის დამალვას. ადამიანებთან ურთიერთობის გამო უფრო მაღალი განვითარების ჩვენს შინაურ ცხოველებში ყოველ დღე შეგვიძლია დავაკვირდეთ ეშმაკობის ისეთ საქციელს, რომელიც ადამიანის ბავშვების ასეთივე საქციელის სრულიად თანაბარ დონეზე დგას. რადგანაც ისე როგორც დედის საშოში ადამიანის ჩანასახის განვითარების ისტორია წარმოადგენს, ჭიიდან დაწყებული, ჩვენი ცხოველი წინაპრების სხეულებრივი განვითარების მილიონ წლიანი ისტორიის მხოლოდ შემოკლებულ განმეორებას, ასევე ადამიანის ბავშვის სულიერი განვითარებაც წარმოადგენს იმავე წინაპრების, ყოველ შემთხვევაში უფრო გვიანდელი წინაპრების, გონებრივი განვითარების მხოლოდ კიდევ უფრო შემოკლებულ განმეორებას. მაგრამ ვერავითარი ცხოველის ვერავითარმა გეგმაზომიერმა მოქმედებამ ვერ შესძლო დედამიწისათვის თავისი ნების დაღი დაეჩნია. ეს მხოლოდ ადამიანმა შესძლო.
მოკლედ, ცხოველი მარტო უბრალოდ სარგებლობს გარე ბუნებით, და მასში ცვლილებები მოლოდ თავისი არსებობით შეაქვს; ადამიანი კი მის მიერ შეტანილი ცვლილებებით ბუნებას აიძულებს მის მიზნებს ემსახუროს, მასზე ბატონობს. და აი ეს არის სწორედ ადამიანის ის საბოლოო, არსებითი განსხვავება დანარჩენი ცხოველებისაგან, და აქაც კვლავ შრომაა, რომელიც ამ განსხვავებას იწვევს.
მაგრამ ძალიანაც ნუ მოვიტყუებთ თავს ბუნებაზე ჩვენი ადამიანური გამარჯვებებით მოხიბლულნი. ყოველი ასეთი გამარჯვებისათვის ბუნება შურს იძიებს ჩვენზე. მართალია, ყოველ ამ გამარჯეებას პირველ რიგში სწორედ ის შედეგები აქვს, რომელთაც ჩვენ ვითვალისწინებდით, მაგრამ მეორე და მესამე რიგში მას აქვს სრულიად სხვა, გაუთვალისწინებელი შედეგები, რომელნიც ძალიან ხშირად იმ პირველ შედეგებს კვლავ აქარწყლებენ. იმ ადამიანებს, რომელთაც მესოპოტამიაში, საბერძნეთში, მცირე აზიასა და სხვაგან ტყეები ძირფესვიანად ამოაგდეს, რათა ამ გზით სახნავი მიწა ეშოვნათ, არც კი დასიზმრებიათ, რომ ამით საფუძველი ჩაუყარეს ამ ქვეყნების ახლანდელ გაუდაბნოებას და ტყეებთან ერთად ამ ქვეყნებს ტენიანობის შეგროვებისა და დაცვის ცენტრები გამოაცალეს. როცა ალპელი იტალიელები მთების ჩრდილოეთ კალთებზე ესოდენ მზრუნველობით დაცულ ნაძვის ტყეებს სამხრეთ კალთებზე სჩეხდნენ, მათ გუმანიც კი არ ჰქონდათ, რომ ამით ძირს უთხრიდნენ ალპიური მთის მეცხოველეობას თავიანთ მხარეში; კიდევ უფრო სულ ნაკლებად გრძნობდნენ, რომ ისინი ამით თავიანთ მთის წყაროებს წლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში წყალს აცლიდნენ და ამრიგად წვიმების პერიოდში ეს წყაროები მით უფრო გაშმაგებული ნიაღვრებით ვაკეებს გადარეცხავდნენ. ევროპაში კარტოფილის გამავრცელებლებმა არ იცოდნენ, რომ ისინი ფაშარ ბოლქვებთან ერთად საყმაწვილო სენსაც ავრცელებდნენ. და ამრიგად ყოველ ნაბიჯზე ფაქტები მოგვაგონებენ, რომ ჩვენ სრულიადაც არ ვბატონობთ ბუნებაზე ისე, როგორც დამპყრობელი ბატონობს უცხო ხალხზე, როგორც ბუნების გარეშე მდგომი ვინმე, არამედ ჩვენ ხორცით, სისხლითა და ტვინით ბუნებას ვეკუთვნით და მის შიგნით ვიმყოფებით, და რომ მთელი ჩვენი ბატონობა მასზე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველა სხვა ქმნილებასთან შედარებით უპირატესობის გამო შეგვიძლია ბუნების კანონები შევიცნოთ და სწორად გამოვიყენოთ.
და მართლაც, ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ ბუნების კანონების სულ უფრო და უფრო სწორ გაგებას და ბუნების ჩვეულებრივ მსვლელობაში ჩვენი აქტიური ჩარევის როგორც უახლოესი, ისე უფრო შორეული შედეგების შემეცნებას. განსაკუთრებით ამ საუკუნეში ბუნებისმტყველების უდიდეს წარმატებათა დღიდან სულ უფრო და უფრო მეტი საშუალება გვეძლევა, რომ ვისწავლოთ აგრეთვე ყოველ შემთხვევაში ჩვენი ყველაზე ჩვეულებრივი საწარმოო მოქმედებების უფრო შორეული ბუნებრივი შედეგების გაგება და ამით მათი დაუფლებაც. მაგრამ რაც უფრო მეტად მოხდება ეს, მით უფრო ადამიანები არამც თუ მეტად იგრძნობენ კვლავ ბუნებასთან ერთიანობას, არამედ შეიგნებენ და ეცოდინებათ ეს თავიანთი ერთიანობა ბუნებასთან, და მით უფრო შეუძლებელი გახდება ის უაზრო და ბუნების საწინააღმდეგო წარმოდგენა რაღაც დაპირისპირებაზე გონსა და მატერიას, ადამიანსა და ბუნებას, სულსა და სხეულს შორის, რომელიც ევროპაში კლასიკური ანტიკურობის დაცემის დღიდან გაჩნდა და რომელმაც ქრისტეანობაში უმაღლეს განვითარებას მიაღწია.
მაგრამ თუ ათასეული წლების შრომა დასჭირდა იმას, რომ რამდენადმე შეგვესწავლა წარმოებისკენ მიმართული ჩვენი მოქმედებების უფრო შორეული ბუნებრივი შედეგების წინასწარ გათვალისწინება, გაცილებით უფრო ძნელი იყო ამ მოქმედებათა უფრო შორეულ საზოგადოებრივ შედეგთა მიმართ ამ წინასწარი გათვალისწინების დაუფლება. ჩვენ გავიხსენეთ კარტოფილი და მისი თანმხლები შედეგის, საყმაწვილო სენის გავრცელება. მაგრამ რაა საყმაწვილო სენი იმ შედეგებთან შედარებით, რაც მთელი ქვეყნების ხალხთა მასების სასიცოცხლო მდგომარეობისათვის ჰქონდა მუშათა მარტოოდენ კარტოფილით კვებაზე გადასვლას? რაა საყმაწვილო სენი იმ შიმშილსა და დუხჭირთან შედარებით, რომელიც 1847 წელს ირლანდიას დაატყდა თავს კარტოფილის ავადმყოფობის შედეგად და რომელმაც კარტოფილით ან თითქმის მარტო კარტოფილით ნასაზრდოები ერთი მილიონი ირლანდიელი სამარეში ჩააწვინა, ხოლო ორი მილიონი ზღვას გაღმა გადატყორცნა? როცა არაბებმა ალკოჰოლის გამოხდა ისწავლეს, მათ ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, რომ მათ ამით ერთ-ერთი მთავარი იარაღი შეჰქმნეს, რომლითაც მაშინ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამერიკის თავდაპირველი მკვიდრი ბინადარნი უნდა გაწყვეტილიყვნენ. ხოლო როდესაც შემდეგ კოლუმბმა ეს ამერიკა აღმოაჩინა, მან არ იცოდა, რომ ამით ევროპაში დიდი ხნის გადავარდნილი მონობა მკვდრეთით აღადგინა და ზანგებით ვაჭრობას ჩაუყარა საფუძველი. იმ ადამიანებს, რომლებიც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეში ორთქლის მანქანის შექმნაზე მუშაობდნენ, გუმანიც კი არ ჰქონდათ იმისა, რომ ისინი ამით იმ იარაღს ამზადებდნენ, რომელიც სხვა ყველაფერზე უფრო მეტად გაარევოლუციურებდა მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივ მდგომარეობებს და რომელიც, განსაკუთრებით ევროპაში, უმცირესობის მხარეზე სიმდიდრის კონცენტრაციითა და მეორე მხარეზე უდიდესი უმრავლესობის პროლეტარიზაციით. ჯერ სოციალურ და პოლიტიკურ ბატონობას მიანიჭებდა ბურჟუაზიას, ხოლო შემდეგ გამოიწვევდა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის კლასობრივ ბრძოლას, რომელიც მზოლოდ ბურჟუაზიის დამხობითა და ყოველგვარი კლასობოივი დაპირისპირების მოსპობით შეიძლება დამთავრდეს. — მაგრამ ამ სფეროშიც ჩვენ თანდათან ვსწავლობთ ხანგრძლივი, ხშირად მკაცრი გამოცდილებით და ისტორიული მასალის შედარებითა და გამოკვლევით ჩვენი პროდუქტიული მოღვაწეობის შუალობითი, უშორეულესი საზოგადოებრივი შედეგების ნათელყოფას, ამით კი შესაძლებლობა გვეძლევა ეს შედეგებიც ჩვენს ბატონობას და რეგულირებას დავუმორჩილოთ.
მაგრამ იმისათვის, რომ ეს რეგულირება განვახორციელოთ, საჭიროა უფრო მეტი რამ, ვიდრე უბრალო შემეცნება. ამისათვის საჭიროა ჩვენი დღემდე არსებული წარმოების წესისა და მასთან ერთად მთელი ჩვენი ახლანდელი საზოგადოებრივი წყობილების სრული გადატრიალება.
წარმოების ყველა დღემდე არსებული წესი მიზნად ისახავდა მხოლოდ შრომის უახლოესი, ყველაზე უშუალო სასარგებლო ეფექტების მიღწევას. შემდგომი შორეული შედეგები კი, რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით იჩენდნენ თავს და მოქმედებას თანდათანი განმეორებისა და დაგროვების წყალობით იწყებდნენ, სრულიად უყურადღებოდ რჩებოდნენ. მიწის თავდაპირველი თემური საკუთრება შეესატყვისებოდა, ერთი მხრივ, ადამიანთა განვითარების ისეთ მდგომარეობას, რომელიც მათ თვალთახედვის არეს ყველაზე უახლოესით ზღუდავდა, მეორე მხრივ კი, იგი გულისხმობდა განკარგულებაში მყოფი თავისუფალი მიწების გარკვეულ ნაჭარბს, რაც ამ პრიმიტიული მეურნეობის შესაძლებელი ცუდი შედეგების წინააღმდეგ ერთგვარ გასაქანს იძლეოდა. როდესაც მიწების ეს ნაჭარბი ამოიწურა, თემური საკუთრებაც დაეცა. ხოლო წარმოების ყველა მომდევნო უფრო მაღალმა ფორმამ გამოიწვია მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა კლასებად და ამით კი — წინააღმდეგობა გაბატონებულ და დაჩაგრულ კლასებს შორის; მაგრამ ამის გამო გაბატონებული კლასის ინტერესი წარმოების მამოძრავებელ ელემენტად იქცა, რამდენადაც ეს წარმოება არ კმაყოფილდებოდა ჩაგრულთა ვაივაგლახით ცხოვრების შენარჩუნებით. ყველაზე სრულყოფილად ეს გატარებულია ამჟამად დასავლეთ ევროპაში გაბატონებულ წარმოების კაპიტალისტურ წესში. ცალკეულ, წარმოებასა და გაცვლა-გამოცვლაზე გაბატონებულ კაპიტალისტებს თავიანთი მოქმედებების მხოლოდ ყველაზე უფრო უშუალო სასარგებლო ეფექტებზე შეუძლიათ იზრუნონ. კიდევ მეტი, თვით ეს სასარგებლო ეფექტიც კი — რამდენადაც ლაპარაკია დამზადებული ან გასაცვლელი საქონლის სარგებლიანობაზე — სავსებით უკანა რიგში დგება; გაყიდვის დროს მისაღები მოგება ერთადერთ მამოძრავებელ ზამბარად ხდება.
ბურჟუაზიის საზოგადოებრივ მეცნიერებას, კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიას, უმთავრესად აინტერესებს მხოლოდ უშუალოდ გათვალისწინებული საზოგადოებრივი შედეგები ადამიანთა იმ მოქმედებებისა, რომლებიც წარმოებასა და გაცვლა-გამოცვლაზეა მიმართული. ეს სავსებით შეესატყვისება იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლის თეორიულ გამოხატულებას ის წარმოადგენს. ვინაიდან ცალკეული კაპიტალისტები უშუალო მოგების გულისთვის მისდევენ წარმოებასა და გაცვლა-გამოცვლას, პირველ რიგში მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ უახლოესი, ყველაზე უშუალო შედეგები. როდესაც ცალკეული მეფაბრიკე ან ვაჭარი ნაწარმოებ ან ნაყიდ საქონელს ჩვეულებრივი მოგებით ჰყიდის, მაშინ ის კმაყოფილია და აღარ ნაღვლობს იმას, თუ რა მოუვა შემდგომ ამ საქონელს ან მის მყიდველს. ასეთივეა საქმის ვითარება იმავე მოქმედებათა ბუნებრივი შედეგების მიმართ. აბა რა ენაღვლებოდათ კუბაში ესპანელ პლანტატორებს, რომლებიც მთების კალთებზე ტყეებს სწვავდნენ და ნაცრის სახით საკმაო სასუქს იღებდნენ უაღრესად შემოსავლიანი ყავის ხეების ერთი თაობისათვის, თუ შემდეგ ტროპიკული კოკისპირული წვიმები ამიერიდან დაუცველ შავნიადაგებს რეცხდნენ და მხოლოდ ტიტველ კლდეებსღა სტოვებდნენ! როგორც ბუნების, ისე საზოგადოების მიმართ წარმოების დღევანდელი წესის დროს მხედველობაში იღებენ უმთავრესად მხოლოდ პირველ, ყველაზე ხელშესახებ შედეგს; და ამის შემდეგ კიდევ უკვირთ ის, რომ აქეთკენ მიმართული მოქმედებების უშორეულესი შედეგები სულ სხვა, უმეტესად სრულიად საპირისპირონი არიან ხოლმე, რომ ჰარმონია მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორიის პოლარულ წინააღმდეგობად იქცევა, როგორც ამას ყოველი ათწლიანი სამრეწველო ციკლის მსვლელობა გვიჩვენებს და როგორც ეს გერმანიამაც “კრახის” დროს პატარა პრელუდიის სახით განიცადა[2]; რომ საკუთარ შრომაზე დამყარებული კერძო საკუთრება მუშებისათვის აუცილებლად საკუთრების უქონლობამდე ვითარდება, მაშინ როდესაც მთელი ქონება სულ უფრო და უფრო არამშრომელთა ხელში გროვდება: რომ [...][3]
[1] ამ საქმის ისეთმა დიდმა ავტორიტეტმა, როგორიცაა სერ უ. ტომსონი, გამოიანგარიშა, რომ შეიძლება ას მილიონ წელიწადზე ცოტა მეტ დროს გაევლო იმ ხნიდან, რაც დედამიწა იმდენად გაცივდა, რომ მასზე მცენარეებმა და ცხოველებმა შესძლეს ცხოვრება. [ენგელსის შენიწვნა]
[2] ენგელსს მხედველობაში აქვს 1873 — 1874 წ.წ. ეკონომიური კრიზისი. [რედაქცია]
[3] აქ ხელნაწერი წყდება. [რედაქცია]